Facebook Twitter

¹ბს-1088-1040(კ-07) 14 თებერვალი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მიხეილ ჩინჩალაძე

ლალი ლაზარაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 1 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 28 აპრილს ბ. ხ-ემ სარჩელი აღძრა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ.

მოსარჩელემ განმარტა, რომ თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს მიერ განხილულ იქნა საქმე ¹2/2718-02 ბ. ხ-ე – მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტისა და ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს წინააღმდეგ, ზიანის ანაზღაურების თაობაზე. აღნიშნულ საქმეზე 2002 წლის 26 დეკემბერს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 15000 აშშ დოლარის გადახდა. შესაბამისად, აღნიშნულ საქმეზე 2005 წლის 15 მარტს გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომელშიც პირებად, რომელთა საწინააღმდეგოდაც უნდა მომხდარიყო აღსრულება, მითითებულ იქნა ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტი და ქ. თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახური. მათ სოლიდარულად უნდა აენაზღაურებინათ 15000 აშშ დოლარი.

მოსარჩელემ განმარტა, რომ სარჩელის აღძვრის მომენტისათვის ზემოხსენებული სამსახურები აღარ არსებობდა. „სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს 2004 წლის 1 ივნისის კანონის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტით, საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 28 სექტემბრის ¹416 ბრძანებულებითა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 9 ივლისის ¹56 დადგენილებით ლიკვიდირებულ იქნა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი და ქ. თბილისის ტექნიკური აღრიცხვის სამსახური. შეიქმნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულიKპირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. აღნიშნულმა გარემოებამ შეუძლებელი გახადა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება, ვინაიდან „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულება შეიძლებოდა დაწყებულიყო მხოლოდ მაშინ, თუ პირები, რომელთა სასარგებლოდ და საწინააღმდეგოდ უნდა მომხდარიყო აღსრულება, კონკრეტულად იყვნენ დასახელებულნი სააღსრულებო ფურცელში. ამის გამო, თბილისის სააღსრულებო ბიურომ უარი განუცხადა სააღსრულებო წარმოების დაწყებაზე და დაუბრუნა მოსარჩელეს სააღსრულებო ფურცელი.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის თანახმად, სააღსრულებო ფურცელი შეიძლებოდა გაცემულიყო გადაწყვეტილებაში დასახელებული კრედიტორის უფლებამონაცვლე პირთა სასარგებლოდ ან მოვალის უფლებამონაცვლე პირთა საწინააღმდეგოდ, თუ უფლებამონაცვლეობა იყო ნათელი, ან ამის დამადასტურებელი დოკუმენტი შეადგინა სათანადოდ უფლებამოსილმა ორგანომ, ან დაამოწმა ნოტარიუსმა. თუ საჭირო დადასტურება ვერ ხერხდებოდა სათანადოდ უფლებამოსილი ორგანოს მიერ შედგენილი ან ნოტარიუსის მიერ დამოწმებული დოკუმენტების საშუალებით, მაშინ კრედიტორს, ან მის უფლებამონაცვლე პირს სარჩელი უნდა შეეტანა გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე.

მოსარჩელის განმარტებით, მან ხსენებული აქტების საფუძველზე ჩათვალა, რომ უფლებამონაცვლეობა იყო ნათელი, ცალსახა და მიმართა განცხადებით სასამართლოს, რომ განესაზღვრა სააღსრულებო ფურცელში მითითებული მოვალეების უფლებამონაცვლე, რომლის საწინააღმდეგოდაც უნდა მომხდარიყო აღსრულება. აღნიშნულ განცხადებაზე სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა განჩინება ხარვეზის შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა უფლებამონაცვლეების განსაზღვრის შედეგად მოვალეთა უფლებამონაცვლე პირთა საწინააღმდეგოდ სააღსრულებო ფურცლის გაცემა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ბ. ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს მიერ 2005 წლის 28 აპრილს გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც აღსასრულებლად უნდა მიქცეულიყო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება. დასახელებული გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტსა და ქ. თბილისის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურს სოლიდარულად დაეკისრათ მიყენებული ზიანის (15000 აშშ დოლარის) ანაზღაურება; თბილისის სააღსრულებო ბიურომ, ზემოაღნიშნული სააღსრულებო ფურცლის აღსრულებასა და სააღსრულებო წარმოების დაწყებაზე მოსარჩელეს უარი უთხრა იმ მოტივით, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის თანახმად ის პირები, რომელთა საწინააღმდეგოდაც უნდა მომხდარიყო აღსრულება, ლიკვიდირებულნი იყვნენ.

საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის თანახმად, სააღსრულებო ფურცელი შეიძლებოდა გაცემულიყო გადაწყვეტილებაში დასახელებული კრედიტორის უფლებამონაცვლე პირთა სასარგებლოდ ან მოვალის უფლებამონაცვლე პირთა საწინააღმდეგოდ, თუ უფლებამონაცვლეობა იყო ნათელი. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 28 აპრილის სააღსრულებო ფურცელში მითითებულ მოვალეთა უფლებამონაცვლე განსაზღვრული იყო 2004 წლის საქართველოს მთავრობის ¹56 დადგენილებით, რომლის თანახმად, “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში გადაეცა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი, კერძოდ კი, მისი მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გადაეცა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, შენობები, მონაცემთა საინფორმაციო ბანკი და სხვა ქონება, აგრეთვე, ამ დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა და შესაბამისი საბიუჯეტო დაფინანსება, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 28 სექტემბრის ¹416 ბრძანებულებით ლიკვიდირებული ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიულ სამსახურებში არსებული მონაცემთა საინფორმაციო ბანკი და არქივი გადაეცა აგრეთვე, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. ამდენად, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი იყო სააღსრულებო ფურცელში მითითებულ პირთა უფლებამონაცვლე.

საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ უფლებამონაცვლის დასადგენად მხარეები სასამართლოს მიმართავდნენ იმ შემთხვევაში, როდესაც პირის უფლებამონაცვლის დადგენა იყო სადავო. მოცემულ შემთხვევაში, ზემოაღნიშნულ მოვალე პირთა უფლებამონაცვლე პირი განსაზღვრული იყო კანონმდებლობით, რის დადასტურებასაც სასამართლო წესით კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა.

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ უფლებამონაცვლეობა იმდენად ნათელი იყო, რომ ამ დავის სასარჩელო წესით განხილვა არ შეიძლებოდა მომხდარიყო მითითებული მუხლის მეორე წინადადების საფუძველზე, რამდენადაც უფლებამონაცვლე დაადგინა კანონმდებლობამ და არ არსებობდა აღნიშნულ საკითხზე სასარჩელო წარმოების წესით საქმის განხილვის სამართლებრივი საფუძვლები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. ხ-ემ, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 თებერვლის საოქმო განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 23 ივნისის საოქმო განჩინებით ბ. ხ-ის შუამდგომლობის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაბმული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საქმეში ჩაბმულ იქნა მოპასუხედ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 3 ნოემბრის განჩინებით ბ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს მიერ 2005 წლის 28 აპრილს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლით ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტსა და თბილისის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურს ბ. ხ-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ მიყენებული ზიანის _ 15000 აშშ დოლარის ანაზღაურება; მოპასუხე თბილისის სააღსრულებო ბიურომ ხსენებული სააღსრულებო ფურცლის მიხედვით აღსრულებასა და სააღსრულებო წარმოების დაწყებაზე ბ. ხ-ეს უარი უთხრა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის თანახმად, ვინაიდან მოპასუხეები, ვის საწინააღმდეგოდაც უნდა მომხდარიყო აღსრულება, ლიკვიდირებული იყვნენ; სასამართლომ სარჩელზე უარის თქმა იმით დაასაბუთა, რომ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი იყო სააღსრულებო ფურცელში მითითებულ პირთა უფლებამონაცვლე, ასეთი გარემოების არსებობის პირობებში კი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა სასამართლო წესით უფლებამონაცვლის განსაზღვრას.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლით რეგლამენტირებული იყო სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესაძლებლობა გადაწყვეტილებაში დასახელებული კრედიტორების უფლებამონაცვლე პირთა სასარგებლოდ ან მოვალის უფლებამონაცვლე პირთა საწინააღმდეგოდ, თუ უფლებამონაცვლეობა იყო ნათელი. ამავე მუხლით განსაზღვრული იყო კრედიტორის ან მისი უფლებამონაცვლე პირის სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის უფლება, თუ სადავო იყო უფლებამონაცვლეობა.

სააპელაციო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 9 ივლისის ¹56 დადგენილებით ლიკვიდირებულ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 28 სექტემბრის ¹416 ბრძანებულებით ლიკვიდირებულ იქნენ საჯარო სამართლის იურიდიული პირები _ ადგილობრივი მმართველობის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურები.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება და მიიჩნია, რომ მარტოოდენ ის ფაქტი, რომ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გადაეცა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, შენობები, მონაცემთა საინფორმაციო ბანკი და სხვა მატერიალური ქონება, აგრეთვე, ამ დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა და შესაბამისი საბიუჯეტო დაფინანსება, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 28 სექტემბრის ¹416 ბრძანებულებით ამავე საჯარო სამართლის იურიდიულ პირს გადაეცა ლიკვიდირებული ტექნიკური აღრიცხვის სამსახურებში არსებული მონაცემთა საინფორმაციო ბანკი და არქივი, არ ქმნიდა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის და ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის უფლებამონაცვლედ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განსაზღვრის საფუძველს.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მოთხოვნები, კერძოდ, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენდა.

სააპელაციო პალატამ, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ საქმის ხელახალი განხილვისას საქალაქო სასამართლოს შეფასება უნდა მიეცა აღძრული სარჩელისათვის „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის ბოლო წინადადებასთან მიმართებაში და იგი უნდა გადაეწყვიტა საერთო სასარჩელო წესით, ამასთან, მითითებულ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლოს უნდა ემსჯელა მოპასუხეთა სათანადოობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით ბ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტისა და ქ. თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის უფლებამონაცვლედ განისაზღვრა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და გადაწყდა სააღსრულებო ფურცლის გაცემა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებაში დასახელებული მოვალეების უფლებამონაცვლე პირის _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საწინააღმდეგოდ შემდეგი რეკვიზიტებით: მოვალე _ საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია შემდეგი გარემოებანი: თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს მიერ 2005 წლის 28 აპრილს გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც აღსასრულებლად უნდა მიქცეულიყო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2002 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება; აღნიშნული გადაწყვეტილებით, თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტსა და თბილისის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურს სოლიდარულად დაეკისრათ მიყენებული ზიანის _ 15000 აშშ დოლარის ანაზღაურება ბ. ხ-ის სასარგებლოდ; თბილისის სააღსრულებო ბიურომ დასახელებული სააღსრულებო ფურცლის აღსრულებასა და სააღსრულებო წარმოების დაწყებაზე მოსარჩელეს უარი უთხრა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის თანახმად, იმ მოტივით, რომ ის პირები, რომელთა საწინააღმდეგოდაც უნდა მომხდარიყო აღსრულება, ლიკვიდირებულნი იყვნენ.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ ქ. თბილისის მთავრობის 2000 წლის 23 მარტის ¹06.07.65 დადგენილებით დამტკიცებული „ქ. თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირის დებულების“ მე-5 პუნქტის თანახმად, ამ სამსახურს დაეკისრა შემდეგ ამოცანათა შესრულება: საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ფიზიკური და იურიდიული პირების მოთხოვნით და მათ ხარჯზე მიწასთან მყარად დაკავშირებული შენობა-ნაგებობის ტექნიკური აღრიცხვა-დახასიათების, ძირითადი და მიმდინარე ინვენტარიზაცია-პასპორტიზაციის სამუშაოების განხორციელება, რომლებშიც უნდა ასახულიყო მათი დეტალური ნახაზები, ექსპლუატაციაში მიღების თარიღი, ძირითად კონსტრუქციებში გამოყენებულ სამშენებლო მასალათა სახეობანი, საცხოვრებელი, საერთო, არასაცხოვრებელი და სამეურნეო ფართობი, შენობა-ნაგებობათა აღდგენითი და ნამდვილი ღირებულება, ფიზიკური და მორალური ცვეთა პროცენტებსა და ფულად გამოსახულებაში, მესაკუთრეთა (მფლობელთა) ვინაობა, საკუთრების დამადასტურებელი საბუთების აღრიცხვიანობა და შენახვა, ცნობა-დახასიათების გაცემა და სხვა. საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 17 ივნისის ¹372 ბრძანებულებით (რომელიც ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 7 მაისის ¹255 ბრძანებულებით) დამტკიცებული საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულებისა და „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მიწის ნაკვეთისა და მასთან უძრავად დაკავშირებული ქონების რეგისტრაციას ახორციელებდა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი.

საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს 2004 წლის 11 თებერვლის კანონის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, რეორგანიზებულ იქნა სახელმწიფო დეპარტამენტები, მათ შორის, საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი _ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებად და გადაეცა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროს. „სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების ღონისძიებათა თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 9 ივლისის ¹56 დადგენილების პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიკვიდირებულ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი, ხოლო ლიკვიდაციის შედეგად მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტში არსებული მონაცემთა საინფორმაციო ბანკი, რომელიც მოიცავდა ზონის საკადასტრო რუკებსა და სააღსრულებო (სარეგისტრაციო) ბარათებს, უძრავი ქონების საკუთრების უფლების გადასვლასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებებსა და აქტებს, რომლებიც შეეხებოდა უფლებებს მიწის ნაკვეთისა და მასთან დაკავშირებული უძრავი ქონების მიმართ, უძრავი ქონების რეგისტრაციისათვის აუცილებელ ტოპოგრაფიულ გეგმებს, რეგისტრაციის ინდექსებსა და სხვა ჩანაწერებს, გადაეცა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს _ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.

საქალაქო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ „საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ადგილობრივი მმართველობის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურის ლიკვიდაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 28 სექტემბრის ¹416 ბრძანებულების თანახმად, მმართველობის აღმასრულებელ ორგანოებს, ამ ბრძანებულების ამოქმედებიდან ერთ თვეში უნდა უზრუნველეყოთ საჯარო სამართლის იურიდიული პირების _ ადგილობრივი მმართველობის ორგანოთა ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურების ლიკვიდაცია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და ამ სამსახურებში არსებულ მონაცემთა საინფორმაციო ბანკისა და არქივის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის გადაცემა, ხოლო საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დაევალა საჯარო სამართლის იურიდიული პირების _ ადგილობრივი მმართველობის ორგანოთა ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურების ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის გადაცემის უზრუნველყოფა.

საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ „სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს მთავრობას დაევალა ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შენობების, მონაცემთა საინფორმაციო ბანკისა და სხვა ქონების, აგრეთვე, საშტატო რიცხოვნობისა და შესაბამისი საბიუჯეტო დაფინანსების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის გადაცემის უზრუნველყოფა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1515-ე მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრის ერთიანი სამსახურის ჩამოყალიბებამდე საჯარო რეესტრის ერთიანი სამსახურის ფუნქციების შესრულება დაევალათ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროებს, ხოლო 1514-ე მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრის სამსახურის ჩამოყალიბებამდე მიწის ნაკვეთის გასხვისება უნდა მომხდარიყო ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროებში ან ადგილობრივი მმართველობის ორგანოებში მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტების საფუძველზე. ამასთან, მიწის ნაკვეთის ყოველი ახალი შემძენის რეგისტრაცია 1997 წლის 25 ნოემბრიდან უნდა მომხდარიყო მიწის რეგისტრაციის სამსახურის სისტემაში არსებული საადგილმამულო წიგნის (საჯარო რეესტრის) სამსახურში. „სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ და „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია იყო უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, ხოლო „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, “მიწის რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით, ყოფილი მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ზონის რეგისტრატურებში რეგისტრირებული უფლებები მიიჩნეოდა საჯარო რეესტრში რეგისტრირებულად, ამავე კანონის მე-5 პუნქტის თანახმად კი, ადგილობრივი მმართველობის ტექნიკური ინვენტარიზაციის სამსახურებში ლიკვიდაციამდე რეგისტრირებული უფლებები მიიჩნეოდა საჯარო რეესტრში პირველადი რეგისტრაციის განხორციელების საფუძვლად.

საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტების საფუძველზე მოხდა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტისა და ქ. თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის ლიკვიდაცია და მათი ფუნქცია, რომელიც დაკავშირებული იყო უძრავი ქონების რეგისტრაციასთან, გადაეცა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს _ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ლიკვიდაცია კერძო სამართალში კერძო სამართლის ურთიერთობის სუბიექტების მიმართ ნიშნავდა საწარმოს არსებობის შეწყვეტას იმგვარად, რომ წყდებოდა საწარმოს უფლებაუნარიანობა, საწარმოს უფლება-მოვალეობები ახალ სუბიექტს არ გადაეცემოდა, რაც გულისხმობდა სამართლებრივ ურთიერთობებში უფლებამონაცვლის დაუშვებლობას. საჯაროსამართლებრივ ურთიერთობებში ადმინისტრაციული ორგანოს ლიკვიდაცია, როგორც წესი, დაკავშირებული იყო სახელმწიფო მმართველობის ეფექტური განხორციელების მიზნით, ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე მისი უფლებებისა და მოვალეობების ახლად შექმნილ დაწესებულებაზე _ მის უფლებამონაცვლეზე გადასვლასთან, ანუ საჯაროსამართლებრივ ურთიერთობებში საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციას ყოველთვის თან სდევდა მისი მმართველობით-ფუნქციონალური უფლებამონაცვლით აღჭურვილი ადმინისტრაციული ორგანოთი ჩანაცვლება.

საქალაქო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სახელმწიფოს ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტების საფუძველზე უარი არ უთქვამს იმ საჯარო ფუნქციის განხორციელებაზე, რასაც მანამდე ასრულებდნენ ლიკვიდირებული ადმინისტრაციული ორგანოები. აღნიშნული ფუნქციის განხორციელება, ნორმატიული აქტების საფუძველზე დაევალა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს _ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მის ტერიტორიულ სამსახურებს, რომელთაც, გარდა საჯარო ფუნქციისა, გადაეცათ მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტისა და ქ. თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შენობები და სხვა ქონება, აგრეთვე, საშტატო რიცხოვნობა და შესაბამისი საბიუჯეტო დაფინანსება.

საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ქონება გულისხმობდა როგორც მის აქტივს _ ქონებრივ უფლებებს, ისე მის პასივს _ ქონებრივ ვალდებულებებს და დასკვნის სახით აღნიშნა, ქონებად ითვლებოდა არა მარტო ქონებრივი უფლებების, არამედ ქონებრივი უფლებებისა და ვალდებულებების ერთობლიობა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებაში დასახელებული მოვალეების უფლებამონაცვლედ საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დადგენა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საწინააღმდეგოდ სააღსრულებო ფურცლის გაცემა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 17 სექტემბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მოცემულ საქმეში ჩაბმულ იქნა მესამე პირად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით და მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს. სააპელაციო სასამართლო სრულად დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივ შეფასებებს, მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება იყო კანონიერი და შესაბამისად, არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 1 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა _ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორი აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 1 ოქტომბრის განჩინება კანონის დარღვევითაა გამოტანილი და უნდა გაუქმდეს.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლო სრულად დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივ შეფასებებს, თუმცა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის და ქ. თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის უფლებამონაცვლედ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განსაზღვრის შესახებ სამართლებრივი შეფასება და იმ კანონებზე მითითება, რომელთა საფუძველზეც უნდა მომხდარიყო გადაწყვეტილების გამოტანა, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში საერთოდ არ არსებობს.

კასატორის განმარტებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო შექმნილია „სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს 2004 წლის 1 ივნისის კანონისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 19 ივლისის ¹835 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების” საფუძველზე. ხოლო იმ დროს, როცა საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ჯერ არ არსებობდა, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს 2004 წლის 11 თებერვლის კანონის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში გადაეცა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი. „სახელმწიფო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების ღონისძიებათა თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 9 ივლისის ¹56 დადგენილების პირველ პუნქტში აღნიშნულია, რომ ლიკვიდირებულ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი. აღნიშნული დადგენილების თანახმად, მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ლიკვიდაციის უზრუნველყოფა დაევალა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს. ამავე დადგენილებაში, მართალია, აღნიშნულია, რომ მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, შენობები, მონაცემთა საინფორმაციო ბანკი და სხვა ქონება, აგრეთვე, ამ დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა და შესაბამისი საბიუჯეტო დაფინანსება უნდა გადასცემოდა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს _ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, მაგრამ, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და შენობების მხოლოდ მცირე ნაწილი გადაეცა, თანამშრომლების შერჩევა კი მოხდა საკვალიფიკაციო გამოცდების შედეგად, რომლის ჩატარების წესი და პირობები განისაზღვრა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 10 სექტემბრის ¹1101 ბრძანებით და ხსენებული სააგენტო შეიქმნა ახალი, საკუთარი საშტატო რიცხოვნობით. “სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს 2004 წლის კანონით საბიუჯეტო დაფინანსება განისაზღვრა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტისათვის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის კი საბიუჯეტო დაფინანსება ზემოაღნიშნული კანონით გათვალისწინებული არ ყოფილა და მისი დაფინანსების ძირითად წყაროს დღემდე წარმოადგენს „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად მიღებული შემოსავლები, რაც ხმარდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის ბოლო წინადადების თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია.

კასატორი განმარტავს, რომ ასევე აბსოლუტურად უკანონო და დაუსაბუთებელია ქ. თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის უფლებამონაცვლედ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიჩნევის საკითხი. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 28 სექტემბრის ¹416 ბრძანებულებით ლიკვიდირებულად გამოცხადდა ადგილობრივი მმართველობის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურები და ადგილობრივი მმართველობის აღმასრულებელ ორგანოებს დაევალათ ამ სამსახურებში მონაცემთა საინფორმაციო ბანკისა და არქივის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის გადაცემის უზრუნველყოფა.

კასატორი მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის საინფორმაციო ბანკისა და არქივის გადაცემა არ ნიშნავს ლიკვიდირებული დაწესებულების უფლებამონაცვლეობას. ტექნიკური აღრიცხვის სამსახურებში არსებული ინფორმაცია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გადაეცა საარქივო მასალის სახით და ინახება ტექნიკური აღრიცხვის არქივში. იმ ფუნქციებს, რასაც ადგილობრივი მმართველობის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურები ახორციელებდნენ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო არ ახორციელებს. ქ. თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მიზანი განსაზღვრული იყო ქ. თბილისის მთავრობის 2000 წლის 23 მარტის ¹06.07.65 დადგენილებით და მისი ძირითადი ფუნქცია იყო მიწასთან მყარად დაკავშირებული შენობა-ნაგებობების, კეთილმოწყობის ობიექტების, მიწისზედა და მიწისქვეშა საინჟინრო კომუნიკაციების ტექნიკური აღრიცხვა-დახასიათება, ინვენტარიზაცია, პასპორტიზაცია, საინვენტარიზაციო ნახაზების, ტექნიკური პასპორტების გაცემა და სხვ. საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფუნქციები კი „სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 19 ივლისის ¹835 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულებით, „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა ნორმატიული აქტებით ამომწურავად არის განსაზღვრული და ძირითადად წარმოადგენს უძრავ ნივთზე უფლებების (საკუთრება, იპოთეკა, აღნაგობა, უზუფრუქტი, სერვიტუტი, ქირავნობა, ქვექირავნობა, იჯარა, ქვეიჯარა, თხოვება), ყადაღის და საგადასახადო გირავნობა\იპოთეკის საჯარო რეესტრში რეგისტრაციას.

კასატორის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რასაც დაეთანხმა სააპელაციო სასამართლო, ძირითადად ემყარება ფუნქციების საკითხზე მსჯელობას. სასამართლოს მსჯელობიდან გამომდინარე, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და საქართველოს გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროებიც შესაძლებელია, მიჩნეულ იქნენ მიწის მართვის დეპარტამენტის უფლებამონაცვლეებად, რადგან მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის სხვადასხვა ფუნქციები აღნიშნულ სამინისტროებსაც გადაეცათ, რაც სრულიად ალოგიკურია. სრულიად უსაფუძვლოა ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა ქ. თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის ქონების საჯარო რეესტრისთვის გადაცემის შესახებ, რადგან არ არსებობს ქონების გადაცემის შესახებ არანაირი დოკუმენტი, თუნდაც მიღება-ჩაბარების აქტი.

კასატორის მტკიცებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მსჯელობა არ გამომდინარეობს მოქმედი კანონმდებლობიდან, არსებული ფაქტობრივი საფუძვლებიდან და არ შეესაბამება რეალობას, ხოლო გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება ფაქტობრივად შეუძლებელია. ამასთან, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც ამ საკითხის გადასაწყვეტად უნდა გამოეყენებინა.

კასატორი აღნიშნავს, რომ მოცემული საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 17 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 17 დეკემბრის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2008 წლის 14 თებერვლამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებდა საქმის განხილვის შედეგზე და განაპირობებდა არასწორი განჩინების მიღებას. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 1 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.