19 ივნისი, 2025 წელი,
საქმე №ას-318-2025 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ნ.თ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ი.კ–ძე, ლ.ბ–ძე, ლ.ნ–ი (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2021 წლის 29 ივნისს, ექვსი თვის ვადით (2021 წლის 29 დეკემბრის ჩათვლით) გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (შემდეგში - ნასყიდობის ხელშეკრულება ან ხელშეკრულება) გაფორმდა, ერთის მხრივ, ი.კ–ძეს (შემდეგში - პირველი მოსარჩელე), ლ.ბ–ძესა (შემდეგში - მეორე მოსარჩელე) და ლ.ნ–ს (შემდეგში - მესამე მოსარჩელე) და, მეორეს მხრივ, ნ.თ–ძეს (შემდეგში - მოპასუხე ან კასატორი) შორის.
2. ნასყიდობის ხელშეკრულების საგანი იყო, მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, ხოლო ნასყიდობის საფასური 6 900 აშშ დოლარს (გარიგების დადების დროისთვის ეროვნულ ვალუტაში - 21 735 ლარი) შეადგენდა. გამოსყიდვის თანხის დაბრუნება, ხელშეკრულებით, ეტაპობრივად, ნაწილ-ნაწილ ან/და სრულად იყო შესაძლებელი. 2021 წლის 20 დეკემბერს, ხელშეკრულების მოქმედების ვადა მხარეთა შეთანხმებით 2022 წლის 29 ივნისის ჩათვლით გაგრძელდა. დადგენილ ვადაში გამოსყიდვის უფლებით მოპასუხეს არ უსარგებლია.
3. ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში, ......, N...... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონებაზე (შემდეგში - უძრავი ნივთი, უძრავი ქონება ან სადავო ქონება) მოპასუხეთა საკუთრების უფლებაა დარეგისტრირებული, რომლის საფუძვლად ზემოაღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულებაა მითითებული.
4. სამართლებრივი საფუძვლის გარეშე უძრავ ნივთს მოპასუხე ფლობს.
5. სადავო ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის მოთხოვნით მოპასუხის წინააღმდეგ მოსარჩელეებმა სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.
6. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით: სარჩელი დაკმაყოფილდა; უძრავი ქონება გამოთხოვილ იქნა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელეებს გადაეცათ.
7. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
8.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილებულიყო.
8.2. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, მოპასუხის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები ვერ შექმნიდა ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს იმ ვითარებაში, როდესაც დადგენილი იყო, რომ მოსარჩელეები სადავო ქონების მესაკუთრეები იყვნენ, ხოლო, მის მიერ ამ ქონების ფაქტობრივი ფლობის მართლზომიერების დასადასტურებლად რაიმე მტკიცებულება მოპასუხეს არ წარუდგენია.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, შესაძლოა, მოსარჩელეთა მიმართ გადახდილ თანხებთან ან გარიგების ნამდვილობასთან მიმართებით რაიმე სამართლებრივი მოთხოვნა მოპასუხეს გააჩნდეს, თუმცა, შეგებებული ან დამოუკიდებელი სარჩელით სასამართლოსთვის მას არ მიუმართავს, სამომავლო დავის დაწყებისა და განხილვის პერსპექტივა კი ვერ გახდებოდა საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო კონვენციებით აღიარებული ისეთი უფლების ხელყოფის საფუძველი, როგორიცაა საკუთრების უფლება. უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა უნდა ხორციელდებოდეს კანონიერების ფარგლებში და არა კანონმდებლობის მოთხოვნათა, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის ხარჯზე.
9. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი მოპასუხემ შემდეგი დასაბუთებით შემოიტანა:
9.1. სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია, თუ რატომ იყო აუცილებელი ფორმალური მხარის დაკმაყოფილება, სახელდობრ, ხელშეკრულების თვალთმაქცურად აღიარებასთან დაკავშირებით სასამართლოსთვის ახალი სასარჩელო მოთხოვნით მიმართვა. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლოს მიერ მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ გამოსყიდვის უფლებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების თვალთმაქცურად ცნობასთან დაკავშირებით არც შეგებებული და არც დამოუკიდებელი სარჩელი მოპასუხეს არ წარუდგენია, სააპელაციო საჩივრის უარსაყოფად არასაკმარისი არგუმენტია. ნასყიდობის ხელშეკრულება შესაგებელში მოპასუხემ სადავოდ გახადა და მიუთითა, რომ ხსენებული გარიგება თვალთმაქცური იყო, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებებიც წარადგინა. აქედან გამომდინარე, ფაქტობრივად ახალი სასარჩელო მოთხოვნა ჩამოყალიბდა.
9.2. ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ განმარტა, რომ მხარეთა ორმხრივი ნების გამოვლენის პირობებში, საქმეში არსებულ სხვა გარემოებებთან და მტკიცებულებებთან ურთიერთშეჯერების გარეშე სადავო გარიგების ბათილობის კანონიერი საფუძველი ვერ გახდება საბაზრო ღირებულებასთან ნასყიდობის ფასის შეუსაბამობა. გასაჩივრებულ განჩინებაში სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ გარიგების თვალთმაქცურად აღიარების პროცესში ფასთაშორის სხვაობა ცალკე აღებული მტკიცებულება ვერ იქნება, ხოლო სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში იგი არ შეაფასა.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 2 აპრილის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
11. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
12. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება განაპირობა.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ საკასაციო სასამართლოსთვის ისინი სავალდებულოა.
13. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისთვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
14. განსახილველ შემთხვევაში, უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებისა და გადაცემის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 172.1 მუხლი. ამ ნორმის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ უკანასკნელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
მოსარჩელეები უძრავი ქონების მესაკუთრები არიან, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები მიიჩნევა სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
რაც შეეხება უძრავ ქონებაზე მოპასუხის მფლობელობის საკითხს, გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო სასამართლომ დამტკიცებულად ცნო, რომ სადავო ქონებას იგი არამართლზომიერად ფლობს, ხოლო აღნიშნული გარემოების გამომრიცხველი სათანადო არგუმენტები მას არ წარმოუდგენია.
15. ზემოთ მოყვანილი მსჯელობის საპირწონედ ვერ გამოდგება მოპასუხის მიერ იმ გარემოებაზე მითითებაც, რომ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც უძრავი ნივთი მოსარჩელეთა საკუთრებად დარეგისტრირდა, თვალთმაქცური გარიგებაა.
მოცემული საკითხის გაანალიზებისას, საყურადღებოა, სსკ-ის 312.1 მუხლის დანაწესი, ამ ნორმის მიხედვით, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. საკასაციო პალატამ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიმართ მოქმედი უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის მიზანია სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების დაცვა და სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველყოფა.
სანამ უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული უფლება კანონიერად ითვლება, მანამდე უფლებამოსილ პირს შეუძლია, თავისუფლად განკარგოს ეს ქონება, ვიდრე რეგისტრაციის საფუძველი (სამოქალაქოსამართლებრივი გარიგება, ადმინისტრაციული აქტი, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და სხვა) არ გაუქმდება. ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
საჯარო რეესტრის ჩანაწერების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია მოქმედებს იმ დრომდე, ვიდრე პრეზუმირებული ფაქტის უსწორობა არ დამტკიცდება, ეს კი მიიღწევა უფლების საფუძვლად არსებული გარიგების ბათილობით. უფლების ნამდვილობის გამომრიცხველი გარემოებების არსებობის ფაქტი სასამართლომ უნდა დაადგინოს (იხ. სუსგ. Nას-320-2020, 18.02.2021წ.; Nას-1542-1462-2017, 30.01.2018წ.).
გარდა ამისა, საკასაციო პალატამ განმარტა, რომ მარტოოდენ გასაჩივრების ფაქტი არ აჩერებს საჯარო რეესტრის ჩანაწერების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის მოქმედებას, თუ არ დადასტურდა უფლების ნამდვილობის ხარვეზი თავად გარიგების მხარეთა მიერ ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით. მანამდე ივარაუდება, რომ რეგისტრაციის შედეგად განხორციელებული ჩანაწერი სწორია და, შესაბამისად, უფლება ნამდვილი (იხ. სუსგ. Nას-1542-1462-2017, 30.01.2018წ.; Nას-1719-2019, 22.01.2020წ.).
კანონის ზემომითითებული ნორმის შინაარსი, ასევე, დასახელებულ განჩინებებში ასახული საქართველოს უზენაესი სასამართლოს მსჯელობა, საფუძველს ქმნის დასკვნისათვის, რომ მოცემულ შემთხვევაში, უნდა დავეყრდნოთ სწორედ საჯარო რეესტრის ჩანაწერების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციას. ეს პრეზუმფცია იმაში მდგომარეობს, რომ სადავო ქონების მესაკუთრე მოსარჩელე მხარეა, რაც სათანადო წესით ამ ფაქტის უსწორობის დამტკიცებამდე პრეზუმირებული და დამტკიცებულია.
16. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად ვერც მოპასუხის მიერ საქმეზე წარმოდგენილი საბანკო ამონაწერები ვერ გამოდგება, რადგან, როგორც საქმის მასალებით დადგინდა, ნასყიდობის ხელშეკრულებით ნასყიდობის საგნის გამოსყიდვის წესი დადგინდა, კერძოდ, მოპასუხეს უფლება ჰქონდა გამოსყიდვის თანხა ეტაპობრივად, ნაწილ-ნაწილ, ან/და სრულად, მაგრამ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში დაებრუნებინა.
17. ამდენად, სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად მოპასუხემ ვერ შეძლო საკუთარი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსთვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც სადავო ქონებაზე მისი მფლობელობის მართლზომიერება დადგინდებოდა. ეს გარემოება ადასტურებს, რომ არსებობს უკანონო მფლობელობიდან მესაკუთრეთა მიერ ნივთის გამოთხოვისთვის კანონით დადგენილი წინაპირობები, კერძოდ: სადავო ქონების მესაკუთრეები მოსარჩელეები არიან, ხოლო მოპასუხეს არ აქვს მისი ფლობის უფლება.
18. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ვინაიდან არსებობს სსკ-ის 172.1 მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება აქვს, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს.
19. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.თ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ნ.თ–ძეს (პ/ნ .....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის (საგადახდო დავალება 26597301330, გადახდის თარიღი - 31.03.2025) 70% - 105 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
გიზო უბილავა