19 ივნისი, 2025 წელი,
საქმე №ას-407-2023 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „ს.მ.ტ.ე.ც–ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ს.გ.ჯ–ია“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შპს „ს.მ.ტ.ე.ც–ის“ (შემდეგში - მოსარჩელე ან კასატორი) 100% წილის მფლობელია შპს „ს.მ.ბ–ო“, რომლის 100% წილის მფლობელად სამეწარმეო რეესტრში სახელმწიფოა დარეგისტრირებული.
2. შპს „ს.გ.ჯ–ია“ (შემდეგში - მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) და მოსარჩელე წლების განმავლობაში საქმიან ურთიერთობაში იმყოფებოდნენ.
3. მის მიერ წარმოებულ პროდუქციას მოსარჩელეს მოპასუხე ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე აწვდიდა. განვლილ პერიოდში მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულებები წერილობითი ფორმით იდებოდა.
4. მოსარჩელეს ჰქონდა წინა პერიოდში ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხისგან მიწოდებული პროდუქციის საფასურის დავალიანება, რომლის გადახდის ვადებთან დაკავშირებით მხარეთა უფლებამოსილ წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობდა.
5. 2017 წლის 29 დეკემბრით დათარიღებული საგარანტიო წერილით მოპასუხემ ვალდებულება იკისრა, რომ 2018 წელს გამოშვებულ პროდუქციას (კილოგრამზე დღგ-ს ჩათვლით ფასით 240 აშშ დოლარი) მოსარჩელეს წინასწარ შეასყიდინებდა.
6. ნაკისრი ვალდებულების შესრულების მოთხოვნით მოპასუხის წინააღმდეგ მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, კერძოდ, მოსარჩელემ მოითხოვა, რომ, მოპასუხეს დავალებოდა, ყოველ კილოგრამზე 240 აშშ დოლარის (დღგ-ს ჩათვლით) გადახდის სანაცვლოდ 2018 წელს გამოშვებული პროდუქციის (1142კგ. ბორის სამფტორდი, გამდიდრებული იზოტოპ ბორ-10-ით) მხარისთვის გადაცემა.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
8. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 25 იანვრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
9.1. სააპელაციო სასამართლოს დასკვნებით, მოცემულ საქმეზე პირველ რიგში უნდა დადგენილიყო მხარეთა შორის მთავარი სადავო გარემოება - ნასყიდობის ხელშეკრულების დადების ფაქტი. მოცემული საკითხის გაანალიზებისას, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია საქმეზე წარმოდგენილ 2017 წლის 29 დეკემბრის საგარანტიო წერილზე, რომელიც მოპასუხე საწარმოს აღმასრულებელი დირექტორის მიერ არის ხელმოწერილი და მითითებულია შემდეგი: ,,წინამდებარე საგარანტიო წერილით ხელმომწერი მხარე ადასტურებს მას, რომ იგი იღებს ვალდებულებას, რომ 2018 წლის ბოლოს შპს ,,მ.ტ.ე.ც–ს‘’ ერთიანი წინასწარი გადახდით მთლიანად შეასყიდინებს 2018 წელს გამოშვებულ პროდუქციას... (ბორის სამფტორდი, გამდიდრებული იზოტოპ ბორ-10-ით)...“ ფასით 240 აშშ დოლარი დღგ-ს ჩათვლით კგ-ზე“.
9.2. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ წარდგენილი დოკუმენტის ტექსტის მიხედვით, ნასყიდობის საგანი, დოკუმენტის შედგენის მომენტისთვის ფიზიკურად არ არსებობდა. შესაბამისად, მხარეთათვის უცნობი იყო ნაწარმოები პროდუქციის/ნასყიდობის საგნის ზუსტი ოდენობა. მართალია, საგარანტიო წერილში 1კგ. პროდუქციის ღირებულებაზე მიეთითა, თუმცა ნასყიდობის ხელშეკრულების დადების ფაქტს არც აღნიშნული გარემოება არ ადასტურებდა.
9.3. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ზემოაღნიშნული საგარანტიო წერილი ვერც წინარე ხელშეკრულებად ვერ განიხილებოდა, რადგან წინარე ხელშეკრულების ნამდვილობისთვის აუცილებელია, რომ მხარეებმა ნათლად განსაზღვრონ, თუ რა არსებითი პირობებით აპირებენ მომავალში ძირითადი ხელშეკრულების დადებას.
9.4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი 2017 წლის 29 დეკემბრით დათარიღებული საგარანტიო წერილი ვერ მიიჩნეოდა მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულების ზეპირი ფორმით დადების დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებად.
იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელესთან ნასყიდობის ხელშეკრულების დადებას მოპასუხე უარყოფდა, ხოლო სადავო გარემოების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება მოსარჩელეს არ წარუდგენია, მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულების დადების ფაქტი დადასტურებულად ვერ ჩაითვლებოდა და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობდა.
8. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ საკასაციო საჩივარი შემდეგი დასაბუთებით წარმოადგინა:
8.1. სასამართლოს უნდა გამოეკვლია და შეეფასებინა, საქმეზე მოსარჩელის მიერ სასამართლოსთვის წარმოდგენილი ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება, მოპასუხის მიერ 2017 წლის 29 დეკემბერს გაცემული საგარანტიო წერილი და, ხსენებული წერილისთვის სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია უნდა მიეცა. დასახელებული მტკიცებულებით მოპასუხემ პირდაპირ აღიარა და დაადასტურა მოსარჩელისთვის ნედლეულის გადაცემის ვალდებულება. საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და თავად საგარანტიო წერილის შინაარსის საფუძველზე, გონივრული განსჯის შედეგად სასამართლოს უნდა დაედგინა მხარეთა რეალური ნება. საგარანტიო წერილის ფორმულირებიდანაც იკვეთება ის გარემოება, რომ მოპასუხე ადასტურებს უკვე არსებულ ვალდებულებას. საგულისხმოა, რომ იდენტური საგარანტიო წერილი მოპასუხემაც გასცა, რომელიც არსებული ფულადი ვალდებულების შესრულებას შეეხებოდა. ამდენად, ორივე დოკუმენტით მხარეებმა წერილობით დაადასტურეს არსებული ვალდებულება და მისი შესრულება იკისრეს. სასამართლოს არ უმსჯელია, თუ სხვა რა მიზანი შეიძლება ჰქონოდათ მხარეებს მითითებული საგარანტიო წერილის გაცემისას, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში სასამართლო აღნიშნავს, რომ ის არ შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც წინარე ხელშეკრულება. ვინაიდან სასამართლომ მიიჩნია, რომ საგარანტიო წერილი ვერ ადასტურებს მხარეთა შორის მანამდე გარიგების ზეპირი ფორმით დადების ფაქტს, ასეთ შემთხვევაში, მას უნდა დაედგინა, თუ რას წარმოადგენდა ეს წერილი. შეუძლებელია, რომ აღნიშნული შინაარსის დოკუმენტი მოპასუხეს უმიზნოდ გაეცა.
8.2. სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა გარიგების ფორმის მნიშვნელობაზე და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ) 68-ე და 69-ე მუხლები არ გამოიყენა, რომლის ანალიზის საფუძველზეც უნდა დაედგინა, რომ პროდუქციის მიწოდების თაობაზე მხარეთა შორის დადებული გარიგება არ წარმოადგენს ფორმასავალდებულო გარიგებას. ამდენად, აღნიშნული გარიგების დადება მხარეებს ზეპირი ფორმით შეეძლოთ.
8.3. სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა სამოქალაქო სამართლის ისეთ უზოგადეს პრინციპებზე, როგორებიცაა, კეთილსინდისიერების პრინციპი და უფლების ბოროტად გამოყენების დაუშვებლობა. სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ გაჟღერებული პოზიციების ანალიზის საფუძველზე, აშკარაა, რომ მოპასუხეს არ აქვს რაიმე რეალური მიზეზი, რომელიც საკუთარი ბიზნესინტერესითაა გამოწვეული და რის გამოც იგი მოსარჩელისთვის ნედლეულის მიწოდებაზე უარს აცხადებს.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 27 აპრილის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
2024 წლის 20 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი სასამართლომ დასაშვებად ცნო და საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა დაადგინა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
10. საკასაციო პალატის მიერ განსახილველი ძირითადი საკითხი შემდეგია: წარმოშობილია თუ არა კასატორის წინაშე მოწინააღმდეგე მხარის ვალდებულება, ყოველ კილოგრამზე 240 აშშ დოლარის (დღგ-ს ჩათვლით) გადახდის სანაცვლოდ, გადასცეს მას 2018 წელს გამოშვებული პროდუქცია - 1142კგ. ბორის სამფტორიდი, გამდიდრებული იზოტოპ ბორ-10-ით.
11. განსახილველი მოთხოვნის წარუმატებლობის შესახებ სააპელაციო სასამართლოს დასკვნა სრულადაა გასაზიარებელი.
ზემომითითებული საკითხის გაანალიზებისას, შემდეგი გარემოებებია საყურადღებოა, სახელდობრ:
11.1. მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი სსკ-ის 477.1 (ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი), 316.1 (ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება), 317.1 (ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან) მუხლებშია წარმოდგენილი.
11.2. სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპს ემყარება და მხარის პოზიციის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად უტყუარად შეძლებს იგი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადასტურებას (სსსკ-ის მე-4 (მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ) და 102-ე (თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებაები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მუხლები). შესაბამისად, სასამართლოში წარმატების მომტანია არა მხოლოდ მოთხოვნის დამასაბუთებელ არგუმენტზე (არგუმენტებზე) მითითება, არამედ მისი ნამდვილობის სათანადო მტკიცებულებით (მტკიცებულებებით) დადასტურება. საქმის გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ სწორი დასკვნა სასამართლოს მიერ სწორედ მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას შეიძლება დაეფუძნოს (სსსკ-ის 105.2 მუხლი (სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ).
12. ამავდროულად, საგულისხმოა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილად ცნობილი შემდეგი გარემოებები:
1). მოსარჩელესა და მოპასუხეს წლების განმავლობაში ჰქონდათ საქმიანი ურთიერთობა. მოპასუხე მოსარჩელეს ყოველწლიურად, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე აწვდიდა მის მიერ წარმოებულ პროდუქციას და, შეთანხმებული ანაზღაურების სანაცვლოდ, მოსარჩელე მოპასუხეს ლაბორატორიულ მომსახურებას უწევდა.
2). მოპასუხეს, ჰქონდა, წინა პერიოდში ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხისგან მიწოდებული პროდუქციის საფასურის დავალიანება და აღნიშნული დავალიანების გადახდის ვადებთან დაკავშირებით მხარეთა უფლებამოსილ წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობდა.
3). 2017 წლის 29 დეკემბრით დათარიღებული საგარანტიო წერილით მოპასუხემ ვალდებულება იკისრა, რომ 2018 წელს გამოშვებულ პროდუქციას (კილოგრამზე დღგ-ს ჩათვლით ფასით 240 აშშ დოლარი) მოსარჩელეს შეასყიდინებდა.
ხაზგასასმელია, რომ საგარანტიო წერილის გაცემის მომენტისთვის ნასყიდობის საგანი ფიზიკურად არ არსებობდა, შესაბამისად, მხარეთათვის უცნობი იყო ნაწარმოები პროდუქციის/ნასყიდობის საგნის ზუსტი რაოდენობა.
13. სსკ-ის 186-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. ნივთის გადაცემად ითვლება: შემძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში; არაპირდაპირი მფლობელობის გადაცემა ხელშეკრულებით, რომლის დროსაც წინა მესაკუთრე შეიძლება დარჩეს პირდაპირ მფლობელად; მესაკუთრის მიერ შემძენისათვის მესამე პირისაგან მფლობელობის მოთხოვნის უფლების მინიჭება.
ამდენად, სსკ-ის 186-ე მუხლის საფუძველზე საკუთრების უფლების გადაცემისთვის აუცილებელია: (1) ნამდვილი უფლების საფუძველზე (2) ნივთის გადაცემა. ამასთან, როდესაც საკუთრების შეძენა მოძრავ ნივთზე ხორციელდება, აუცილებელია, რომ საქმე შეეხებოდეს კონკრეტულ ნივთს (განსაზღვრულობის პრინციპი). განსაზღვრულობა უნდა ჩანდეს შეთანხმების მომენტისთვის და იმგვარად უნდა იყოს ჩამოყალიბებული, რომ ნებისმიერ მესამე პირს, როგორც ობიექტურ დამკვირვებელს, უნდა შეეძლოს, დაბრკოლებების გარეშე გადაცემული ნივთის სხვა ნივთებისგან განსხვავება (იხ.: თამარ ზარანდია, სანივთო სამართალი, გამომცემლობა „მერიდიანი“, მეორე გამოცემა, 2019წ., გვ. 321-322).
მოცემულ შემთხვევაში, ნამდვილი უფლების საფუძველზე მოსარჩელისთვის ნივთის გადაცემის ფაქტი, ასევე სსკ-ის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით გათვალისწინებულ არსებით პირობებზე, სათანადო ფორმით მხარეთა შეთანხმება მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა.
14. ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება მხარეთა შორის დადებულად ვერ მიიჩნევა, რაც იმის მაუწყებელია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა წარუმატებელია და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა უცვლელად.
15. სსსკ-ის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორებმა ვერ გააქარწყლეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, ამასთან, გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, რის გამოც საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3, 408.3, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ს.მ.ტ.ე.ც–ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 იანვრის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
გიზო უბილავა