Facebook Twitter

საქმე №ას-435-2025 16 ივნისი, 2025 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - შპს „დ.ტ–ის ს. ს. უ.ს. ს.კ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ე. უ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 18 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება

კერძო საჩივრის დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით:

1.1. ე.უ–ძის (შემდეგში - მოსარჩელე) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

1.2. უვადო შრომით ურთიერთობად იქნა აღიარებული მოსარჩელესა და შპს „დ.ტ. ს. ს.უ.ს. ს. კ–ს“ (შემდეგში - მოპასუხე ან კერძო საჩივრის ავტორი) შორის 2023 წლის 1 აპრილის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა;

1.3. ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ მოპასუხის გადაწყვეტილება;

1.4. კომპენსაციის სახით მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს დაეკისრა 2 000 ლარის (ხელზე მისაღები) გადახდა;

1.5. 2023 წლის 1 ივლისიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად იძულებითი განაცდურის სახით მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს დაეკისრა 400 ლარის (ხელზე მისაღები) გადახდა;

1.6. ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების სახით მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს დაეკისრა 450 ლარის (ხელზე მისაღები) გადახდა;

1.7. დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 18 თებერვლის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.

4. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების მოთხოვნით მოპასუხემ კერძო საჩივარი შემოიტანა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 4 აპრილის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 414-416-ე მუხლების საფუძველზე კერძო საჩივარი განსახილველად იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.

6. გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივრზე დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობა.

7. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ, ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული 7-დღიანი ვადის ათვლა, მოცემულ შემთხვევაში, 2025 წლის 7 თებერვალს დაიწყო და იმავე წლის 13 თებერვალს დასრულდა, ხოლო ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება/დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი ფოსტას სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, კერძოდ, 2025 წლის 14 თებერვალს ჩაბარდა.

8. კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის მითითებული საფუძვლით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლიანობას და განმარტავს, რომ ხარვეზის თაობაზე ზემოხსენებული განჩინება მოპასუხეს რეალურად ჩაბარდა 2025 წლის 7 თებერვალს, რაც კორესპონდენციის მიღების რეგისტრაციის მასალით დასტურდება; რის შემდეგაც სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტის გამოყენებით განჩინების ასლი მ.გ–ამ გადაწყვეტილების მიმღებ უფლებამოსილ პირებთან გააგზავნა. ამდენად, ხარვეზის შევსების ვადა 2025 წლის 13 თებერვლის ნაცვლად, 2025 წლის 14 თებერვალს იწურებოდა, დასახელებული გარემოების გათვალისწინებითაც მოპასუხის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი არ არსებობდა.

9. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნულ მოსაზრებას ვერ გაიზიარებს, რასაც შემდეგი არგუმენტით ასაბუთებს:

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 102-ე მუხლზე და განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესში მოქმედი მტკიცების სტანდარტის შესაბამისად, მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით, კერძოდ, საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით დასტურდება, რომ სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 29 იანვრის განჩინება მხარეს 2025 წლის 6 თებერვალს ჩაბარდა (ტომი 2, ს.ფ. 155).

დასახელებული მტკიცებულების საპირწონედ ვერ გამოდგება კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი სასამართლო გზავნილის ასლი, სადაც მოპასუხე საზოგადოების მისაღების შტამპზე დასმულია თარიღი: 2025 წლის 7 თებერვალი და იქვე მითითებულია, რომ 2025 წლის 7 თებერვლის მდგომარეობით შემდგომი რეაგირებისათვის ხსენებული კორესპონდენციის უფლებამოსილი თანამშრომლისთვის გადაცემა გადაწყდა.

ზემომითითებული მტკიცებულება ვერ აქარწყლებს საქმეში არსებული გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათის (ტომი 2, ს.ფ. 155) ნამდვილობას. აღნიშნული გზავნილი წარმოადგენს ოფიციალურ დოკუმენტს, მასში მითითებულია, რომ კორესპონდენცია გაიგზავნა საკუთრივ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე, სადაც ადრესატს 2025 წლის 6 თებერვალს ჩაბარდა.

ამასთან, გზავნილის ქსეროასლს, რომელიც კერძო საჩივარს ერთვის, საკასაციო სასამართლო სარწმუნო მტკიცებულებად იმ თვალსაზრისითაც ვერ მიიჩნევს, რომ აღნიშნულ მტკიცებულებაში კორესპონდენციის რეგისტრაციის თარიღად მითითებული რიცხვი არ გულისხმობს, რომ, იგი, საფოსტო კურიერის მიერ ადრესატი საწარმოსთვის ჩაბარების იდენტურს უნდა წარმოადგენდეს. დასაშვებია, რომ გზავნილი კურიერს საწარმოსთვის წინა დღეს ჩაებარებინა, ხოლო თავად საწარმოს ის რეგისტრაციაში მომდევნო დღეს გაეტარებინა.

10. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „დ.ტ.ს.ს.უ.ს.ს.კ–ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 18 თებერვლის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

გიზო უბილავა