Facebook Twitter

19 ივნისი, 2025 წელი,

საქმე №ას-455-2025 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ა.ა–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრის 2022 წლის 13 დეკემბრის ბრძანებით შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე-ქვემო ხევის საავტომობილო გზის კმ 0+000 - კმ 5+537 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი ჩაითვალა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების პროექტად და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს (შემდეგში - მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან დეპარტამენტი) ექსპროპრიაციის უფლება მიენიჭა პროექტის არეალში მოქცეულ მიწის ნაკვეთებზე; მათ შორის, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ .......... მდებარე ა.ა–ის (შემდეგში - მოსარჩელე, კასატორი ან მესაკუთრე) საკუთრებაში არსებული 1 000 კვმ მიწის ნაკვეთის ნაწილზე 195კვმ-ზე განთავსებულ ნაგებობაზე (ღობე), მრავალწლიან ნარგავებსა (შემდეგში - პირველი უძრავი ნივთი ან პირველი უძრავი ქონება) და 993კვ.მ მიწის ნაკვეთიდან 710კვ.მ მიწის ნაკვეთზე, მასზე განთავსებულ ნაგებობასა (ღობე) და მრავალწლიან ნარგავებზე (შემდეგში - მეორე უძრავი ნივთი ან მეორე უძრავი ქონება).

2. 2022 წლის 8 ივნისის წერილით მოპასუხემ მოსარჩელეს აცნობა, რომ დეპარტამენტის დაკვეთით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე-ქვემო ხევის საავტომობილო გზის კმ 0+000 - კმ 5+537 მონაკვეთზე პროექტით გათვალისწინებული იყო მშენებლობა - რეკონსტრუქციის სამუშაოების განხორციელება. საპროექტო გზის ზემოქმედების ფარგლებში ექცეოდა მის საკუთრებაში არსებული ზემომითითებული უძრავი ნივთები.

სამშენებლო სამუშაოების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით აუცილებელი იყო სახელმწიფოს მიერ აღნიშნული მიწის ნაკვეთების გამოსყიდვის პროცედურების დასრულება. აქედან გამომდინარე, დეპარტამენტი, როგორც პროექტის განმახორციელებელი დაწესებულება, მიწის ნაკვეთების ნაწილის და მათზე განთავსებული აქტივების სანაცვლოდ, სათანადო ხელშეკრულების გაფორმების საფუძველზე მოპასუხეს სთავაზობდა შესაბამისი ღირებულების ანაზღაურებას, კერძოდ: 195კვ.მ მიწის ნაკვეთის ღირებულებას - 975 ლარი; შენობა-ნაგებობების (ღობე) ღირებულებას - 1 542 ლარი; მრავალწლიანი ნარგავების ღირებულებას - 510 ლარი; ერთწლიანი კულტურების საკომპენსაციო თანხას - 156 ლარი; 710კვ.მ მიწის ღირებულებას – 3 550 ლარი; შენობა-ნაგებობების (ღობე) ღირებულებას - 1 306 ლარი; მრავალწლიანი ნარგავების ღირებულებას - 925 ლარი; ერთწლიანი კულტურების საკომპენსაციო თანხას - 568 ლარი. სრულ საკომპენსაციო თანხად შეთავაზებული იყო 9 532 ლარი.

მოსარჩელეს ეთხოვა, რომ შეთავაზებული თანხის სანაცვლოდ ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით პოზიცია (თანხმობა ან უარი) შეეტყობინებინა, რაზეც ის არ დათანხმდა.

3. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე-ქვემო ხევის საავტომობილო გზის კმ 0+000 - კმ 5+537 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტის ფარგლებში აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის ქონების ჩამორთმევისა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ამ საკუთრების სახელმწიფოს სახელზე დარეგისტრირების მიზნით, მოპასუხეს, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების ექსპროპრიაციის უფლება მიენიჭა.

4. მოსარჩელის თანხმობით, 9 532 ლარის ოდენობით საკომპენსაციო თანხა მის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე ჩაირიცხა.

5. 5 991.10 ლარის ანაზღაურების მიზნით მოპასუხის წინააღმდეგ მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს 984.10 ლარის გადახდა დაეკისრა.

7. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეებმა სააპელაციო და შეგებებული სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით:

- მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;

- მოპასუხის შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილება იქნა მიღებული;

- მესაკუთრის სარჩელი დაკმაყოფილდა;

- მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს 5 991.10 ლარის გადახდა დაეკისრა.

8.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ მიწის ნაკვეთის სამართლიან ღირებულებად მოსარჩელის მიერ მითითებული ფასი (1კვმ-ზე - 11.62 ლარი) უნდა განსაზღვრულიყო. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნით 1კვ.მ ფართი 11.62 ლარად შეფასდა, რაც 905კვ.მ მიწის ნაკვეთის შემთხვევაში 10516.10 ლარს უდრიდა.

სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა, რომ მოპასუხეს 9 532 ლარი ჰქონდა გადახდილი, საიდანაც დასკვნის მიხედვით, მიწის ფასმა 4 525 ლარი (195კვ.მ.+710კვ.მ.=905კვ.მ. X 5) შეადგინა, ხოლო დანარჩენი - ღობისა და ნარგავების ღირებულებას წარმოადგენდა. ვინაიდან მოსარჩელემ მხოლოდ მიწის ღირებულება გახადა სადავოდ, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მას სწორედ მიწის ღირებულების სხვაობა უნდა ანაზღაურებოდა.

კერძოდ, რაკი მიწის ღირებულების სახით ანაზღაურდა 975 ლარი (195 X 5), ნაცვლად 195 X 11.62 = 2265.90 ლარისა (195 X 11.62 = 2265.90-ს), მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა სხვაობა - 1 290.90 (2265.9-975) ლარის ოდენობით, ხოლო, რადგან მეორე მიწის ნაკვეთზე ანაზღაურდა 3 550 ლარი (710 X 5), ნაცვლად 8250.20 ლარისა (710X11.62), ამიტომ მოპასუხეს ასევე უნდა დაკისრებოდა სხვაობა - 4 700.20 ლარი. ამდენად, ორივე მიწის ნაკვეთზე (905კვ.მ) ჯამურად მოპასუხეს მოსარჩელისთვის 5991.10 ლარი (905 X 6.62) უნდა აენაზღაურებინა.

9. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმის მოთხოვნით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი მოპასუხემ შემდეგი დასაბუთებით შემოიტანა:

- საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობდა. სააპელაციო პალატის მოსაზრება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დასკვნის გაზიარების ნაწილში არასწორია. მითუმეტეს იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ კასატორის დაკვეთით მომზადებული დასკვნა უფრო მყარ დასაბუთებას შეიცავს (დეტალურად იხილეთ საკასაციო საჩივარი).

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 7 აპრილის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

11. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

12. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება გამოიწვია.

კონკრეტულ საქმეზე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ ისინი საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა.

13. მოცემული დავის საკვანძო საკითხი შემდეგია: რამდენს შეადგენს იმ სადავო მიწის ნაკვეთების საბაზრო ღირებულება, რომლებიც მოსარჩელის საკუთრებაშია და რომელთა ექსპროპრიაციის უფლებაც მოპასუხეს მიენიჭა.

საქმის მასალებით დადგენილია და არც მხარეები არ ხდიან სადავო იმ გარემოებებს, რომ:

- საჩხერის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე-ქვემო ხევის საავტომობილო გზის კმ 0+000 - კმ 5+537 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტის ფარგლებში აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის ქონების ჩამორთმევისა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ამ საკუთრების სახელმწიფოს სახელზე დარეგისტრირების მიზნით, მოპასუხეს, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების ექსპროპრიაციის უფლება მიენიჭა.

- მოსარჩელის თანხმობით, 9 532 ლარის ოდენობით საკომპენსაციო თანხა მის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე ჩაირიცხა.

14. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სრულადაა გასაზიარებელი სააპელაციო სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ სადავო მიწის ნაკვეთების სამართლიან ღირებულებად მოსარჩელის მიერ მითითებული ფასი (1კვმ-ზე - 11.62 ლარი) უნდა განისაზღვროს. მოცემული მსჯელობის ფარგლებში სააპელაციო სასამართლომ მხადველობაში მართებულად მიიღო შემდეგი გარემოებები:

- მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დამოუკიდებელი ექსპერტის, აუდიტორ დ.რ–ძის 2023 წლის 21 თებერვლის ექსპერტიზის დასკვნით, ექსპერტიზის ამოცანად განისაზღვრა: დადგენილიყო სოფელ .......... მოსარჩელის საკუთრებაში რიცხული სადავო ნაკვეთების საბაზრო ღირებულება ექსპერტიზის დასკვნის შედგენის დროისთვის და ამასთან ერთად, დადგენილიყო, შემცირდებოდა თუ არ მიწის ნაკვეთების დარჩენილი ნაწილების 1კვ.მ-ის ღირებულება იმ შემთხვევაში, თუკი მათზე საავტომობილო გზა გატარდებოდა და მესაკუთრეს მცირე მასშტაბის ნაკვეთები დარჩებოდა.

დასკვნის თანახმად, ექსპერტმა გამოიყენა შედარებითი ანალიზის მეთოდი (საბაზრო მიდგომა). მიუთითა დაშვებებზე, რაც გამოყენებულ იქნა შეფასებისას, ასევე, აღნიშნა, რომ შეფასების დასკვნაში აისახებოდა შეფასების თარიღისთვის შემფასებლის პროფესიონალური მოსაზრება, ვარაუდი ქონების ღირებულებასთან მიმართებით, შეფასებული ღირებულება მიიღებოდა ინფორმაციის დამუშავება-ანალიზის შედეგად და იმის გარანტიას არ ქმნიდა, რომ ბაზარზე ქონება ზუსტად იმ ღირებულებით გასხვისდეს.

ადგილზე დათვალიერება-შემოწმების შედეგად, ექსპერტმა აღნიშნა, რომ მიწის ნაკვეთები განთავსებულია ამჟამად არსებული სამანქანო გზის მიმდებარედ, ერთმანეთის მომიჯნავედ. ამიტომ ექსპერტმა ერთად აღებული ორივე ნაკვეთის ღირებულება განსაზღვრა, 1კვ.მ-ის ღირებულების დადგენის საფუძველზე. მიწის ნაკვეთები განთავსებულია ქ.საჩხერის სიახლოვეს, ადვილად მისასვლელ და მოსახერხებელ ადგილზე. გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა დანიშნულებით. შემფასებელმა მოიძია ინფორმაცია ამ რეგიონში სარეალიზაციოდ გამზადებული მიწის ნაკვეთების ფასების შესახებ და განახორციელა მათი ფართის ერთეულის ღირებულებების კორექტირება შესაფასებელი მიწის ნაკვეთის მახასიათებლებთან მიმართებით.

შემფასებელმა მის მიერ შედგენილი ცხრილის ანალიზის შედეგად აღნიშნა, რომ მოსარჩელის საკუთრებაში რიცხული 2 ერთეული მიწის ნაკვეთის, რომელთა საერთო ფართობი 1 993კვ.მ-ს შეადგენს, საერთო ღირებულება შეფასების დღისთვის შეადგენდა 23 100 ლარს. ამასთან, გზის გატარების შემდეგ დარჩენილი ნაკვეთების მცირე ნაწილების ფართის ერთეულის ღირებულება აუცილებლად შემცირდებოდა.

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან წარმოდგენილი 2022 წლის 11 აგვისტოს უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებების თანახმად, საჩხერის რაიონის სოფელ .......... 1 828კვ.მ (ს/კოდი ........) მიწის ნაკვეთი გაყიდულია 51 000 ლარად, 1 260კვ.მ. მიწის ნაკვეთი (ს/კოდი .......) - 35 000 ლარად, ხოლო, 1 401კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კოდი ......) – 39 000 ლარად. შესაბამისად, საჩხერის რაიონის სოფელ .......... 1კვ.მ მიწის ნაკვეთის ღირებულება საორიენტაციოდ 27.8 ლარს შეადგენდა.

15. განსახილველი საკითხის შეფასებისას, საყურადღებოა, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დამოუკიდებელი ექსპერტის, აუდიტორ დ.რ–ძის 2023 წლის 21 თებერვლის ექსპერტიზის დასკვნა უშუალოდ იმ პერიოდისაა, როდესაც ქონების ექსპროპრიაცია განხორციელდა.

ამასთან, სადავო მიწის ნაკვეთები შეფასებულია ინდივიდუალურად მათი საერთო საბაზრო ღირებულებით. ხსენებული დასკვნით, 1კვ.მ მიწის ღირებულება შეფასებულია 11.62 ლარად. მიწის ნაკვეთები განთავსებულია ქ.საჩხერის სიახლოვეს, ადვილად მისასვლელ და მოსახერხებელ ადგილზე, გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა დანიშნულებით. შემფასებელმა მოიძია ინფორმაცია ამ რეგიონში სარეალიზაციოდ გამზადებული მიწის ნაკვეთების ფასების შესახებ და განახორციელა მათი ფართის ერთეულის ღირებულებების კორექტირება შესაფასებელი მიწის ნაკვეთის მახასიათებლებთან მიმართებით.

გარდა ამისა, შემფასებელმა 1კვ.მ. მიწის ნაკვეთის ღირებულების განსაზღვრის მიზნით გამოიყენა პირდაპირი გაყიდვების შედარებითი ანალიზის მეთოდი, რისთვისაც მოახდინა ინფორმაციის მოძიება სარეალიზაციოდ გამზადებული მიწის ნაკვეთების ფასების შესახებ ელ.საიტებზე და განახორციელა შესაფასებელი ქონების ღირებულების კორექტირება, რომლის დროსაც გაითვალისწინა ნივთების ადგილმდებარეობა, მდგომარეობა, სხვა არსებითი პარამეტრები, მოთხოვნა ასეთი სახის მიწის ნაკვეთებზე, საერთო საბაზრო ტენდენციები.

16. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დამოუკიდებელი ექსპერტის, აუდიტორ დ.რ–ძის 2023 წლის 21 თებერვლის ექსპერტიზის დასკვნის მოპასუხის მიერ წარმოდგენილ ანგარიშებთან შეპირისპირებისას სააპელაციო სასამართლომ მართებულად აღნიშნა, რომ ხსენებული დასკვნა უფრო რელევანტურია, რადგან მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ანგარიშები ასახავს მთლიან საექსპროპრიაციო ტერიტორიაზე განთავსებული მიწის ნაკვეთების საბაზრო (ჩანაცვლებით) ღირებულებას და შედარებით ნაკლებად იძლევა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების საკომპენსაციო ფასის დადგენის შესაძლებლობას.

17. შექმნილ ფაქტობრივ მოცემულობაში სარჩელი წარმატებულია, გამომდინარე საქართველოს კონსტიტუციის 19.3 (აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურებით), და „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 6.1 (ექსპროპრიატორი, რომელმაც მიიღო ექსპროპრიაციის უფლება, წინასწარ უთანხმდება ქონების მესაკუთრეს საექსპროპრიაციო ქონების კომპენსაციის წესის შესახებ. ქონების შეძენაზე მოლაპარაკების დაწყებამდე ექსპროპრიატორი თავისი ხარჯით, დამოუკიდებელი ექსპერტის დახმარებით აფასებს ქონებას და განსაზღვრავს კომპენსაციის სახით მესაკუთრისთვის გადასაცემ სავარაუდო საკომპენსაციო თანხას ან სხვა ქონებას საექსპროპრიაციო ქონების საბაზრო ღირებულების შესაბამისად. მესაკუთრე უფლებამოსილია, თავისი ხარჯით ისარგებლოს სხვა დამოუკიდებელი ექსპერტის დახმარებით), 8.1 (თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან საკომპენსაციო თანხაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით. დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნისა და მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, საექსპროპრიაციო ქონების სანაცვლოდ ქონების მესაკუთრისათვის გადასაცემი კომპენსაციის საბოლოო შეფასებას ახორციელებს სასამართლო) მუხლებიდან.

18. არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

20. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს კასატორის მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა, მის მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის კასატორისათვის დაკისრების თაობაზე, შემდეგ გარემოებთა გამო:

სსსკ-ის 53.1 თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს მოწინააღმდეგე მხარისთვის წარმომადგენლის დახმარების გამო გაწეული ხარჯების ანაზღაურების დაკისრების შესაძლებლობას.

მოცემულ შემთხვევაში, კასატორის მოწინააღმდეგე მხარემ მის მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გაღებული ხარჯის დასადასტურებლად წარმოადგინა სათანადო მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც, მეორე მოპასუხემ ადვოკატ გ.ქ–ძეს გადაუხადა იურიდიული მომსახურების საფასური, 1 000 ლარი.

ვინაიდან, საკასაციო ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა ზეპირო მოსმენის გარეშე. საქმის განხილვა არ გასცდენია საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიას და მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლების მიერ მესამე ინსტანციის სასამართლოში ჩატარებული სამუშაო ძირითადად მხოლოდ ერთი საპროცესო დოკუმენტის - საკასაციო შესაგებლის წარდგენით შემოიფარგლა, პალატას მიაჩნია, რომ წარმომადგენლის მომსახურებისთვის ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადექვატური ანაზღაურება 250 ლარით უნდა განისაზღვროს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ა.ა–ის სასარგებლოდ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაეკისროს 250 ლარის გადახდა, ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად;

3. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

გიზო უბილავა