20 თებერვალი, 2025 წელი,
საქმე №ას-494-2023 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
I კასატორი - შპს „აკად. ო. ღ.სახ. ე.ს.ც–ი“
II კასატორი - ნ.ქ–ძე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება
I კასატორის მოთხოვნა - დასაქმებულის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, მითითებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა
II კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით, დასაქმებულის სარჩელის დაკმაყოფილება და, დამსაქმებლის სარჩელის უარყოფა
დავის საგანი - სახელფასო დავალიანების, პირგასამტეხლოსა და ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შპს „აკად. ო. ღ.სახ. ე.ს.ც–ში“ (შემდეგში - მოპასუხე, დამსაქმებელი ან სამედიცინო ცენტრი) ნ.ქ–ძე (შემდეგში - მოსარჩელე ან დასაქმებული) 2003 წლიდან - 2018 წლის 9 ნოემბრამდე პერიოდში მუშაობდა. 2012 წლიდან მოსარჩელეს ანესთეზიოლოგისა და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის უფროსის პოზიცია ეკავა, ხოლო 2013 წლის 1 ოქტომბრის შრომითი ხელშეკრულებით (შემდეგში - შრომითი ხელშეკრულება ან ხელშეკრულება) დასაქმებული კრიტიკული მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე გადაიყვანეს.
2. ხელშეკრულების მე-4 პუნქტის თანახმად, დასაქმებულს უფლება მიენიჭა, წელიწადში 24 სამუშაო დღე ანაზღაურებადი შვებულებით, წელიწადში 15 დღე კი - ანაზღაურების გარეშე შვებულებით ესარგებლა. შვებულებით სარგებლობის უფლება დასაქმებულს 11 თვის ვადის გასვლის შემდეგ წარმოეშობოდა. გამონაკლის შემთხვევებში, გენერალურ დირექტორთან შეთანხმებით, შესაძლებელი იყო, დასაქმებულს შვებულება აღნიშნული ვადის გასვლამდეც მისცემოდა. ამავე ხელშეკრულების შესაბამისად, მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე ყოველწლიური შვებულება შეიძლება დაყოფილიყო და დასაქმებულს წლის სხვადასხვა პერიოდში მისცემოდა ან შემდეგი წლისთვის გადატანილიყო.
ხელშეკრულების კონფიდენციალურ ნაწილში დასაქმებულს, თავისივე ნების წერილობით გამოვლენის შემთხვევაში, ყოველწლიური საშვებულებო ანაზღაურება თორმეტ თვეზე გადაუნაწილდებოდა, რა შემთხვევაშიც კონფიდენციალურ ნაწილში მითითებული ხელფასი საშვებულებო ანაზღაურებასაც მოიცავდა.
3. ხელშეკრულების 10.2 პუნქტის მიხედვით, შრომითი მოვალეობის შესრულებისას მისი ბრალით საწარმოსთვის ან პაციენტისთვის მიყენებული სამედიცინო/მატერიალური ზიანის გამო დასაქმებულს სრული მატერიალური პასუხისმგებლობა დაეკისრებოდა.
ხელშეკრულების 10.3 პუნქტით, დასაქმებულის სრული მატერიალური პასუხისმგებლობა საწარმოსთვის მიყენებული პირდაპირი ზიანის ოდენობით განისაზღვრებოდა. მატერიალურ პასუხისმგებლობასთან ერთად, დასაქმებულის მიმართ შესაძლებელია დისციპლინური სასჯელი გამოყენებულიყო, სამსახურიდან დათხოვნის ჩათვლით.
4. ხელშეკრულების 12.1 პუნქტის შესაბამისად, სამედიცინო ცენტრსა და დასაქმებულს შორის ურთიერთობები, რომელიც ამ ხელშეკრულებით არ მოწესრიგებულა, საწარმოს შინაგანაწესით და მოქმედი კანონმდებლობით წესრიგდებოდა.
5. სამედიცინო ცენტრში მოქმედი შინაგანაწესის შესაბამისად, განყოფილების
უფროსის ფუნქცია - მოვალეობებში შედიოდა:
(1). პერსონალის განვითარებასთან დაკავშირებით წინადადებების ფორმირება და ხელმძღვანელთან წარდგენა, პროგრამების მოძიება, კონფერენციებში მონაწილეობა და სხვა ღონისძიებების ორგანიზება;
(2). სტანდარტების/გაიდლაინების განვითარებასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფების ორგანიზება და მართვა, შექმნილი გაიდლაინის საბჭოზე წარდგენა;
(3). განყოფილების ექიმების კოორდინაცია, მკურნალი ექიმების განსაზღვრის უზრუნველყოფა;
(4). განყოფილების პერსონალთან დილის შეხვედრები, მიმდინარე შემთხვევების განხილვები, მკურნალობის პროცესების ერთობლივად სტრატეგიული და ტაქტიკური დაგეგმვა;
(5). რთული შემთხვევების დროს კონსილიუმის ორგანიზება, სხვა სპეციალისტის მოწვევა და ჩართვა საჭიროებისას;
(6). განყოფილების პერსონალის შეფასებაში მონაწილეობა, პერიოდული უკუკავშირის განხორციელება;
(7). მკურნალობის პროცესების მიმდინარე დაკვირვება, მართვა, ისტორიების შევსების მონიტორინგი, გადაწყვეტილებების შემოწმება;
(8). ექიმების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გაცნობა, არასწორ გადაწყვეტილებებზე ან გადახრებზე რეაგირება.
6. შინაგანაწესის თანახმად, განყოფილების უფროსს შესაძლოა დაკისრებოდა პასუხისმგებლობა:
(1). განყოფილების სამედიცინო პერსონალის მიერ დაშვებულ ხშირ, უხეშ, გაუმართლებელ კლინიკურ შეცდომებზე და გაიდლაინების დაუცველობაზე; (2). განყოფილებაში სამედიცინო პერსონალის მიერ დაშვებული შეცდომების უგულებელყოფაზე;
(3). სამედიცინო პერსონალის მიერ უხარისხო, წესებთან და სტანდარტებთან შეუსაბამო დოკუმენტაციის წარმოებაზე;
(4). რთული და განსაკუთრებული შემთხვევების არასათანადო ყურადღების მიქცევაზე და ამით პაციენტის ჯანმრთელობის დაზიანებაზე;
(5). არაკვალიფიციური, შემთხვევასთან შეუსაბამო მკურნალი ექიმის დანიშვნაზე;
(6). გაიდლაინებისა და პროტოკოლების მსოფლიო სტანდარტებთან შეუსაბამობაზე ან არქონაზე.
7. შინაგანაწესის მე-11 პუნქტით განისაზღვრა ანაზღაურებადი და ანაზღაურების გარეშე შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი. აღნიშნული პუნქტის თანახმად, საწარმოს ყველა თანამშრომელს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობოდა მუშაობის დაწყებიდან 11 თვის შემდეგ და ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება მიეცემოდა არანაკლებ 24 სამუშაო დღით, სამუშაო ადგილის და ხელფასის გათვალისწინებით.
მხარეთა შეთანხმებით, შვებულება მიეცემოდა ცენტრის თანამშრომელს შრომითი ხელშეკრულების დადებიდან 11 თვის გასვლამდეც, ხოლო, მეორე წლიდან დასაქმებულს შეიძლება შვებულება მისცემოდა ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, სამუშაო წლის ნებისმიერ დროს, ასევე, შესაძლებელი იყო ადმინისტრაციასთან შეთანხმებით შვებულების ნაწილ-ნაწილ გამოყენება.
საწარმოს თანამშრომელს შეეძლო ესარგებლა ანაზღაურების გარეშე შვებულებით არანაკლებ წელიწადში 15 კალენდარული დღით. ცენტრის თანამშრომელს ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, მისი სურვილისამებრ შეეძლო არ ესარგებლა ანაზღაურებადი შვებულებით. სამედიცინო ცენტრის დასაქმებულს საშვებულებო ანაზღაურების თანხა 12 თვეზე გადაუნაწილდებოდა, შესაბამისად გასაცემი სახელფასო ანაზღაურება საშვებულებო ანაზღაურებასაც მოიცავდა. შვებულებაში გასვლისა და მისი გადატანის წესი საქართველოს შრომის კოდექსით წესრიგდებოდა. დეპარტამენტის თანამშრომელთა შვებულებაში გასვლის გეგმაგრაფიკს დირექტორთან შეთანხმებით გენერალური დირექტორი ამტკიცებდა.
8. შინაგანაწესის 13.3 პუნქტის თანახმად, კლინიკური ნაწილის დეპარტამენტის ხელმძღვანელები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფდნენ კონტროლს:
(ა) ისტორიის წარმოებაზე;
(ბ)სამედიცინო ჩარევამდე პაციენტისაგან (ან მისი ახლობლისაგან) ინფორმირებული თანხმობის მიღებაზე;
(გ) მედიკამენტის ხარჯვაზე;
(დ)პაციენტსა და ექიმს შორის, აგრეთვე განყოფილების თანამშრომლებს შორის ურთიერთობების (ეთიკური ნორმების გათვალისწინებით) საკითხებზე;
(ე)დეპარტამენტში პაციენტთა კონსულტაციაზე, დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე, რათა პროცედურები განხორციელებულიყო მხოლოდ შესაბამისი პროგრამებისა და ცენტრის ადმინისტრაციის მიერ განსაზღვრული საფასურის დადგენილი წესით გადახდის შემდეგ.
9. შინაგანაწესის 19.1 პუნქტის თანახმად, ყველა თანამშრომლისთვის შინაგანაწესი შესასრულებლად სავალდებულო იყო.
10. დამსაქმებლის სახელზე მოსარჩელის 2018 წლის 23 აპრილის მოხსენებითი ბარათით დგინდება, რომ 2017 წლის 22 ოქტომბრიდან 2017 წლის 17 ნოემბრამდე პაციენტი ნ.მ–ვა კლინიკაში ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობდა. ორი საწოლდღის დაუფინანსებლობასთან დაკავშირებით, ზარალის ანაზღაურების ადრესატის გარკვევამდე მოსარჩელემ ითხოვა, რომ აღნიშნული თანხა კლინიკას მისთვის ხელფასიდან დაეკავებინა.
11. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ნ.გ–ძე - სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარი იყო, რომელიც 2017 წლის 5 აპრილიდან - 2017 წლის 12 აპრილამდე - მოპასუხე სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა. პაციენტს სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. გაწერისას მას 37 გრადუსი ცელსიუსი ტემპერატურა ჰქონდა, გაწერიდან 14 საათში კი, კლინიკაში შემდეგი დიაგნოზით გადაიყვანეს: ,,სუნთქვის მწვავე უკმარისობა: მწვავე პნევმონია“, ტემპერატურა 39 გრადუსი ცელსიუსი.
პაციენტის მკურნალი ექიმი იყო ი.კ–ძე, რომელმაც განყოფილების უფროს მოსარჩელეს აცნობა, რომ პაციენტის გაწერას აპირებდა, რაზეც ეს უკანასკნელი დასთანხმდა, თუმცა მიუთითა, რომ გაწერისათვის პაციენტის ოჯახის წევრის წერილობითი თანხმობა იყო აუცილებელი.
ნ.გ–ძისთვის 2017 წლის 5 აპრილიდან - 2017 წლის 12 აპრილამდე გაწეული სამედიცინო მომსახურეობა არ ანაზღაურდა, კერძოდ, 2018 წლის 19 ოქტომბრის რევიზიის აქტის შესაბამისად არ ანაზღაურდა მომსახურების საფასური - 3 562.50 ლარი, ხოლო კლინიკა მომსახურების ღირებულების სამმაგი ოდენობით (10 687.50 ლარით) დაჯარიმდა.
ხსენებული რევიზიის აქტის საფუძველზე იმავე სამედიცინო ცენტრის შესრულებული სამუშაოს დაფინანსებისა და დაწუნებული ეპიზოდების განხილვის კომისია მოიწვიეს, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ანაზღაურებული და დაჯარიმებული თანხის კომპენსირება კრიტიკული მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელ მოსარჩელეს დაკისრებოდა, რადგან სამედიცინო ცენტრის მიმართ ფინანსურ ზარალში მის მიერ პასუხისმგებლობის უგულებელყოფა და ნაკისრი ვალდებულებებისადმი გულგრილი დამოკიდებულება იკვეთებოდა. საწარმოსთვის მიყენებულმა ზიანმა ჯამურად 14 250 ლარი შეადგინა.
სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2018 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით საწარმოს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სააგენტოს 2018 წლის 19 ოქტომბრის რევიზიის აქტი დარჩა უცვლელად. კანონით დადგენილ 1-თვიან ვადაში დასახელებული გადაწყვეტილება დამსაქმებელს არ გაუსაჩივრებია და კანონიერ ძალაშია შესული.
სამედიცინო ცენტრის შესრულებული სამუშაოს დაფინანსებისა და დაწუნებული ეპიზოდების განხილვის კომისიამ 2018 წლის 22 ოქტომბერს მიიღო გადაწყვეტილება ზარალის დასაქმებულისთვის დაკისრების შესახებ, რომელსაც კრიტიკული მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელის პოზიცია ეკავა, ხოლო, პაციენტის მკურნალი ექიმი, იყო ი.კ–ძე.
მიყენებული ზიანის საფუძველზე ასანაზღაურებელი 11 550 ლარიდან, 2 700 ლარი მოსარჩელის ხელფასიდან დაიქვითა, კერძოდ, 2018 წლის ოქტომბრის ხელფასიდან - 2 000 ლარი, ხოლო 1-9 ნოემბრის ხელფასიდან - 700 ლარი.
2019 წლის ოქტომბერში - ი.კ–ძემ გადაცდომა წერილობით აღიარა და მოსარჩელისთვის ზიანის ნახევრის, 7 125 ლარის ანაზღაურება იკისრა.
12. ავადმყოფის სამედიცინო ბარათზე საკუთარი ხელმოწერის არსებობის ფაქტი მოსარჩელემ უარყო, რის გამოც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 13 თებერვლის განჩინებით კალიგრაფიული ექსპერტიზა დაინიშნა.
13. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 8 მაისის დასკვნის თანახმად, დასაქმებულის სახელით (ტექსტის სახით) ხელმოწერა, განლაგებული: ,,სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათზე N4302, 05.04.2017 წლის თარიღით, პირველი გვერდის მეორე მხარეს, გრაფაში: ,,სამსახურის უფროსი (სახელი, გვარი)“, სავარაუდოა რომ მოსარჩელემ შეასრულა.
კატეგორიული ფორმით პასუხის გაცემა ვერ მოხერხდა, ნიმუშების ვარიაციულობისა და საიდენტიფიკაციო ინფორმაციული ნიშნების სიმცირის გამო. ამასთან, გადაწყვეტა საკითხისა, მოსარჩელის სახელით ხელმოწერა, განლაგებული ,,სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათზე N4302, 05.04.17 წლით თარიღით, პირველი გვერდის, მეორე მხარეს, მარჯვენა ქვედა კუთხეში, გრაფაში: ,,ხელმოწერა“, შესრულებულია თუ არა მოსარჩელის მიერ, შეუძლებელია, გამოსაკვლევი ხელმოწერის მარტივი აგებულებისა და საიდენტიფიკაციო ინფორმაციული ნიშნების სიმცირის გამო.
14. დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ ,,ალტერნატივას“ 2020 წლის 10 აგვისტოს ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მოსარჩელის გვარით ხელმოწერები N-4302 სამედიცინო ბარათის პირველი გვერდის მეორე მხარეს, გრაფებში ,,სამსახურის უფროსი (სახელი გვარი)“ და ,,ხელმოწერა“ - შესრულებულია არა მოსარჩელის, არამედ სხვა პირის მიერ მოსარჩელის ხელმოწერასთან მიმსგავსებით.
15. დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის შრომითი ურთიერთობა 2018 წლის 9 ნოემბერს შეწყდა, სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში - სშკ-ის) 37.1 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე (დასაქმებულის მიერ თანამდებობის/სამუშაოს საკუთარი ნებით, წერილობითი განცხადების საფუძველზე დატოვება).
16. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტამდე ბოლო სამი წლის განმავლობაში დასაქმებულს ანაზღაურებადი შვებულებით არ უსარგებლია და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგაც მოპასუხეს იგი ფულადი სახით არ აუნაზღაურებია.
17. უხელფასო შვებულების მოთხოვნით 2016-2018 წლებში სამედიცინო ცენტრს მოსარჩელემ რამდენჯერმე მიმართა, რაც შესაბამისი ბრძანებების საფუძველზე დაკმაყოფილდა, თითოეულ შემთხვევაში მოსარჩელემ უხელფასო შვებულებით ისარგებლა.
18. დასაქმებულმა დამსაქმებლის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომლითაც ამ უკანასკნელისთვის მის სასარგებლოდ შემდეგი თანხების დაკისრება მოითხოვა:
18.1. 2018 წლის ოქტომბრის თვის რეანიმაციის ხელფასი - 3 000 ლარი, 2018 წლის 1 ნოემბრიდან - 2018 წლის 9 ნოემბრის ჩათვლით - 900 ლარი;
18.2. ანესთეზიის თვალსაზრისით 2018 წლის ოქტომბრის თვის გაანგარიშება - 8 000 ლარი, ხოლო 2018 წლის 1 ნოემბრიდან - 9 ნოემბრის ჩათვლით - 2 400 ლარი;
18.3. 2018 წლის ოქტომბრის თვის სარეზიდენტო თანხა - 400 ლარი, ხოლო 1 ნოემბრიდან - 9 ნოემბრამდე - 120 ლარი;
18.4. ბოლო სამი წლის განმავლობაში ასანაზღაურებელი საშვებულებო თანხა - ყოველთვიური საშუალო ხელფასის (10 827.42 ლარის) ჯამურად 3 წელზე გაანგარიშებით - 32 482.26 ლარი;
18.5. 2018 წლის სექტემბრის ხელფასის არასრულად ჩარიცხვის გამო დაკლებული 800 ლარი, 2018 წლის მარტის თვის ხელფასზე დაკლებული 1 292.70 ლარი.
18.6. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან 7 კალენდარულ დღეში საბოლოო ანგარიშსწორების იგნორირებისა და თანხების გადაუხდელობის გამო, 2018 წლის 16 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდში გადაუხდელი ჯამური სახელფასო თანხის, 14 820 ლარის 0.07%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 10.37 ლარი.
19. მოგვიანებით, სამედიცინო ცენტრის სასარგებლოდ მოსარჩელისა და ი.კ–ძისთვის სოლიდარულად 11 550 ლარის დაკისრების მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი მოპასუხემ წარადგინა.
20. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 6 დეკემბრის განჩინებით ზემომითითებული სარჩელებით განსახილველი საქმეები ერთ წარმოებად გაერთიანდა.
21. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით დასაქმებულის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, დამსაქმებლის სარჩელი დაკმაყოფილდა.
22. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ხოლო, ახალი გადაწყვეტილებით - მოპასუხის სარჩელის უარყოფა და მისი სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
23. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით:
- მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
- დასაქმებულის სარჩელის უარყოფის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილება იქნა მიღებული;
- დასაქმებულის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ამ უკანასკნელის სასარგებლოდ დამსაქმებელს 14 820 ლარის ოდენობით მიუღებელი სახელფასო დავალიანების (ხელზე ასაღები თანხა, სავალდებულო გადასახადების დაბეგვრის შემდეგ) ანაზღაურება დაეკისრა;
- დანარჩენ ნაწილში დასაქმებულის სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
- მოთხოვნათა ურთიერთგაქვითვის შედეგად მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს 3 270 (14 820 – 11 500) ლარის გადახდა დაეკისრა;
- 2018 წლის 16 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე მოსარჩელის სასარგებლოდ სამედიცინო ცენტრს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 3 270 ლარის 0.07%-ის ოდენობით პირგასამტეხლოს ანაზღაურება დაეკისრა;
- დანარჩენ ნაწილში მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, დამსაქმებლის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
23.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-17 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და შემდეგი დასკვნები ჩამოაყალიბა:
23.1.1. დასაქმებულის მიერ წარმოდგენილ საბანკო ამონაწერში მითითებული თანხის დაჯამებით 2018 წლის 10 თვეში ჯამურად 97 718.24 ლარი მიიღებოდა, რომელიც სამედიცინო ცენტრმა (დამსაქმებელი) 2018 წელს 10 თვის განმავლობაში დასაქმებულს ჩაურიცხა, ხოლო ამ თანხის ყოველთვიური საშუალო ოდენობის განსაზღვრისთვის, ვინაიდან პირადი განცხადებით დასაქმებულმა 2018 წლის 9 ნოემბერს შეწყვიტა შრომითი ურთიერთობა, ჯამური ოდენობის ისევ 10 თვეზე გაყოფით, დასაქმებულის ხელფასი თვეში საშუალოდ 9 771.82 ლარი გამოდიოდა.
შესაბამისად, მიუღებელი სახელფასო დავალიანების ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა დასაბუთებელი იყო და დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა, მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს 14 820 ლარის ოდენობით სახელფასო დავალიანების (ხელზე ასაღები თანხა, სავალდებულო გადასახადებით დაბეგვრის შემდეგ) გადახდა უნდა დაკისრებოდა.
გარდა ამისა, სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნის განხილვისას, სააპელაციო სასამართლომ შემდეგი გარემოებები მიიღო მხედველობაში:
1). მოპასუხე სამედიცინო ცენტრის მიერ 2018 წლის 5 ნოემბერს გაცემული ცნობის (რომელიც სამედიცინო კლინიკის ადმინისტრაციული დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ არის ხელმოწერილი) მიხედვით, კრიტიკული მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დასაქმებულის ყოველთვიური საშუალო შრომის ანაზღაურება 10 827.42 ლარს (საგადასახადო ვალდებულებების ჩათვლით) შეადგენდა.
2). საბანკო ამონაწერის თანახმად, მოპასუხე სამედიცინო ცენტრმა მოსარჩელეს ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში ხელფასი ჩაურიცხა, კერძოდ: 2018 წლის 22 იანვარს დასაქმებულს ჩარიცხული აქვს 3 000 ლარი; 2018 წლის 25 იანვარს - 6 485.15 ლარი; 2018 წლის 20 თებერვალს - 3 000 ლარი; 2018 წლის 21 თებერვალს - 7 153.19 ლარი; 2018 წლის 20 მარტს - 3 000 ლარი; 2018 წლის 21 მარტს - 7 579.12 ლარი; 2018 წლის 27 მარტს - 84 ლარი; 2018 წლის 23 აპრილს - 7 008.69 ლარი; 2018 წლის 23 აპრილს - 1 707.30 ლარი; 2018 წლის 24 აპრილს - 252 ლარი; 2018 წლის 21 მაისს - 2 950 ლარი; 2018 წლის 23 მაისს - 6 275.17 ლარი; 2018 წლის 29 მაისს - 252 ლარი; 2018 წლის 21 ივნისს - 3 200 ლარი; 2018 წლის 27 ივნისს - 7 314.55 ლარი; 2018 წლის 27 ივნისს - 420 ლარი; 2018 წლის 21 ივლისს - 2 904.76 ლარი; 2018 წლის 24 ივლისს - 7 123.17 ლარი; 2018 წლის 25 ივლისს - 287.28 ლარი; 2018 წლის 2 აგვისტოს - 336 ლარი; 2018 წლის 20 აგვისტოს - 3 000 ლარი; 2018 წლის 21 აგვისტოს - 336 ლარი; 2018 წლის 24 აგვისტოს - 5 799.92 ლარი; 2018 წლის 20 სექტემბერს - 3 000 ლარი; 2018 წლის 24 სექტემბერს - 6 960.03 ლარი; 2018 წლის 19 ოქტომბერს - 2 200 ლარი; 2018 წლის 23 ოქტომბერს - 5 753.91 ლარი; 2018 წლის 25 ოქტომბერს - 336 ლარი.
3). სამედიცინო ცენტრის მიერ მოსარჩელეზე სს „თ.“ ბ–ში წარსადგენად 2015 წლის 17 აპრილს გაცემული ცნობის თანახმად, ხელფასის სახით დარიცხული თანხა 2015 წლის იანვარში - 11 835.68 ლარია, 2015 წლის თებერვალში - 12 358.98 ლარი, 2014 წლის სექტემბერში - 9045.52 ლარი; ოქტომბერში - 9374.07 ლარი; ნოემბერში 10 557 ლარი, დეკემბერში - 9 178.33 ლარი.
სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, მოსარჩელის მიერ მტკიცებულებად წარდგენილი საბანკო ანგარიშის მიხედვით მყარდებოდა სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოება, რომელიც ასახავდა მოსარჩელისთვის ყოველთვიური ხელფასის ცალ-ცალკე ჩარიცხვას და, მისსავე განმარტებას, რომ ანესთეზიის განყოფილებაში მუშაობისას მისი ხელფასი იყო ცვალებადი; ხოლო რეანიმაციის განყოფილების უფროსის ხელფასი ფიქსირებულ 3000 ლარს შეადგენდა, რომელიც დასაქმებულს ფაქტობრივად ნამუშევარი თვის მომდევნო თვეს, დაახლოებით 20 რიცხვამდე პერიოდში ერიცხებოდა. დაახლოებით 25 რიცხვში კი - ანესთეზიის ხელფასი ირიცხებოდა, რომელიც 6 000-დან 8000 ლარის ფარგლებში მერყეობდა, 200-400 ლარის ფარგლებში ექიმისთვის თანხების ჩარიცხვაზე დამსაქმებელი კლინიკა სარეზიდენტო პროგრამიდანაც იყო პასუხისმგებელი.
სააპელაციო პალატის განმარტებით, როდესაც სახეზეა დამსაქმებლის მიერ შესაგებელში მითითებულ ხელფასზე განსხვავებული თანხის დასაქმებულის სასარგებლოდ გადახდები/ჩარიცხვები, გაწეული მომსახურების საფუძველზე დამატებითი ანაზღაურების შეთანხმების არარსებობის მტკიცების ტვირთი მოპასუხე მხარეს ეკისრებოდა.
მას უნდა ემტკიცებინა, რომ ზემოაღნიშნული თანხების მოსარჩელისთვის ჩარიცხვა მხოლოდ მისი კეთილი ნება იყო და/ან პრემიის სახით გაცემულ თანხებს წარმოადგენდა. განსახილველ საქმეზე კი, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები/წარდგენილი მტკიცებულებები მოპასუხემ ვერ გააბათილა და მისი მტკიცების ტვირთი ვერ დაძლია.
23.1.2. საშვებულებო თანხის ანაზღაურებისა და მისი დაყოვნებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებასთან მიმართებით დასაქმებულის პრეტენზია დაუსაბუთებელი იყო, შემდეგი არგუმენტებით:
სშკ-ს 31.1 მუხლის (სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი კოდექსის 21.1 მუხლი) თანახმად, დასაქმებულს უფლება აქვს ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით წელიწადში სულ მცირე 24 სამუშაო დღით. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სშკ-ის 37.1 მუხლის „ა“, „ვ-თ“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულს აუნაზღაუროს გამოუყენებელი შვებულება შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობის პროპორციულად (ამჟამად მოქმედი კოდექსის 31.5 მუხლის თანახმად - შრომითი ხელშეკრულების დამსაქმებლის ინიციატივით შეწყვეტისას იგი ვალდებულია დასაქმებულს აუნაზღაუროს გამოუყენებელი შვებულება შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობის პროპორციულად).
სშკ-ის 36-ე მუხლის (სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი კოდექსის 26-ე მუხლი) შესაბამისად, ყოველთვიური ფიქსირებადი შრომის ანაზღაურების შემთხვევაში, დასაქმებულის საშვებულებო ანაზღაურება განისაზღვრება ბოლო თვის ანაზღაურების მიხედვით.
გამოუყენებელი შვებულება შესაძლოა არსებობდეს მხოლოდ მაშინ, თუ მუშაკს წარმოეშვა შვებულების უფლება შრომითი ურთიერთობის 11 თვის შემდეგ ან მხარეები სხვა რამეზე შეთანხმდნენ, დასაქმებული მოითხოვს შვებულებაში გასვლას, ვინაიდან შვებულების უფლება დასაქმებულის უფლებაა და დასაქმებულს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ საგამონაკლისო შემთხვევებში შეუძლია უარი უთხრას მის გამოყენებაზე; ან უფლების ბოროტად გამოყენებით არამართლზომიერად არ მისცემს საშუალებას დასაქმებულს გამოიყენოს კანონით გარანტირებული დასვენების უფლება, რაც თავისთავად შექმნის „გამოუყენებელი შვებულების“ ცნებას, შვებულების გამოყენება ეს არის დასაქმებულის უფლება და არა ვალდებულება.
შვებულების უფლება წარმოიშობა შრომითსამართლებრივი ურთიერთობის არსებობის პირობებში. განსახილველი ნორმით (სშკ-ის 21.4 მუხლი) გათვალისწინებული წინაპირობების არსებობისას, დასაქმებულს უფლება აქვს მოითხოვოს მუშაობის ბოლო წელს გამოუყენებელი შვებულებისთვის კომპენსაცია, რადგან დამსაქმებლის ინიციატივით შრომის ურთიერთობის შეწყვეტით არ შეიძლება დასაქმებულს წაერთვას შვებულების უფლება, რომელსაც იგი სავარაუდოდ გამოიყენებდა, მასთან შრომითი ურთიერთობა რომ არ შეწყვეტილიყო.
იმ პირობებში, როდესაც სახეზე არ გვაქვს დასაქმებულის მიმართვა (არც წერილობითი, არც ზეპირი) დამსაქმებლისთვის ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების სარგებლობის უფლების მომდევნო წელს გადატანის თაობაზე, სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას, შვებულებით სარგებლობის ან მის ნაცვლად კომპენსაციის მიღების უფლება დასაქმებულისთვის „გაეცოცხლებინა“, რადგან დასაქმებულმა დაკარგა შვებულების უფლება კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფის ან/და სათანადო მტკიცებულებების წარუდგენლობის გამო და, შესაბამისად, - მისგან გამომდინარე თანხის ანაზღაურების უფლებაც.
23.1.3. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლის საფუძველზე დასტურდებოდა ის გარემოება, რომ დასაქმებულისა და ი.კ–ძის არამართლზომიერი ქმედებით სამედიცინო ცენტრს 14 250 ლარის ოდენობით მატერიალური ზიანი მიადგა.
მოხსენებითი ბარათით და შესაგებლით ი.კ–ძემ აღიარა შრომითი ხელშეკრულებით და შინაგანაწესით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის ფაქტი და მისი წილი პასუხისგებლობის პროპორციულად წარმოქმნილი ზიანის ანაზღაურების ვალდებულება იკისრა. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ი.კ–ძეს არ გაუსაჩივრებია.
რაც შეეხებოდა მოსარჩელეს, რაიმე სახის გადაცდომის ფაქტი მან არ აღიარა და აღნიშნა, რომ პაციენტ ნ.გ–ძის შემთხვევასთან დაკავშირებულ არამართლზომიერ ქმედებაში მას ბრალი არ მიუძღვოდა. მოსარჩელემ კალიგრაფიული ექსპერტიზის დასკვნა წარადგინა, რომელშიც აღნიშნულია, რომ პაციენტის სამედიცინო ბარათზე შესრულებული ხელმოწერა მას არ ეკუთვნის, თუმცა მოსარჩელის ბრალეულობის საკითხი მხოლოდ აღნიშნულით არ შემოიფარგლება.
დასაქმებულის მტკიცებით, მკურნალმა ექიმმა ი.კ–ძემ უთხრა, რომ პაციენტის ბინაზე გაწერას აპირებდა, რაზეც დასაქმებული არ დაეთანხმა და განუმარტა, რომ გაწერა მხოლოდ ოჯახის წევრის წერილობითი თანხმობით იყო შესაძლებელი. მიუხედავად ამისა, პაციენტის გაწერა წერილობითი თანხმობის გარეშე მოხდა.
მოსარჩელის ჩვენება სარწმუნოც რომ ყოფილიყო, აღნიშნული მაინც ვერ გაათავისუფლებდა მას, როგორც განყოფილების უფროსს, პასუხისმგებლობისგან, რადგან შინაგანაწესის შესაბამისად, განყოფილების უფროსის ფუნქცია-მოვალეობებში შედიოდა: მკურნალობის პროცესების მიმდინარე დაკვირვება, მართვა, ისტორიების შევსების მონიტორინგი, გადაწყვეტილებების შემოწმება, ექიმების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გაცნობა, არასწორ გადაწყვეტილებებზე ან გადახრებზე რეაგირება. პასუხისმგებლობად კი, განსაზღვრული იყო განყოფილების სამედიცინო პერსონალის მიერ დაშვებულ ხშირ, უხეშ, გაუმართლებელ კლინიკურ შეცდომებზე და გაიდლაინების დაუცველობაზე რეაგირების განუხორციელებლობა. განყოფილების ხელმძღვანელი პასუხს აგებს მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების საქმიანობაზე.
ამდენად, მიუხედავად ექსპერტის დასკვნისა, სახეზე იყო მოსარჩელის მხრიდან უმოქმედობით სამედიცინო დაწესებულებისთვის ზიანის მიყენების ფაქტი, ვინაიდან მოსარჩელეს ჯეროვნად რომ შეესრულებინა მასზედ დაკისრებული ვალდებულებები, ადგილი არ ექნებოდა სამედიცინო მომსახურების ღირებულების აუნაზღურებლობასა და კლინიკის დაჯარიმებას (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში - სსკ-ის 394.1, 408.1 მუხლები).
24. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი ორივე მხარემ შემოიტანა.
24.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას, ახალი გადაწყვეტილებით, მისი სარჩელის სრულად დაკმაყოფილებასა და დამსაქმებლის სარჩელის უარყოფას მოითხოვს დასაქმებული, რასაც შემდეგნაირად ასაბუთებს:
- სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა მოსარჩელის მიერ დამსაქმებლისთვის ზიანის მიყენების შესახებ ფაქტობრივი გარემოება. საქმეზე არ არსებობს მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება, რომ დღის 14:00სთ.-ზე მკურნალ ექიმსა და პაციენტის ოჯახის ახლობელს მოსარჩელემ მითითება მისცა იმის თაობაზე, რომ სათანადო ხელმოწერის შემთხვევაში პაციენტი სახლში გაეწერათ, ხოლო მკურნალმა ექიმმა მითითების დარღვევით პაციენტი კლინიკიდან გაწერა. აქედან გამომდინარე, გაურკვეველია, თუ რატომ არის პაციენტის რეჰოსპიტალიზაცია, დასაქმებულის ქმედების შედეგი. განყოფილების გამგეს არ ჰქონდა მკურნალი ექიმისთვის დისციპლინური სახდელის შეფარდების უფლება, ერთადერთი რისი უფლებაც მას ჰქონდა, ესაა - ავადმყოფობის ისტორიაზე ხელმოწერაზე უარის თქმა, რასაც მოსარჩელის მხრიდან ჰქონდა კიდეც ადგილი.
- მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია, რომ შვებულებით სარგებლობისა და საშვებულებო თანხის ანაზღაურების უფლება მოსარჩელეს კანონით ეკუთვნოდა. შრომითი კანონმდებლობა ყველა თანამშრომლისთვის ერთნაირ სტანდარტს აწესებს და მათთვის 24 სამუშაო დღის ხანგრძლივობით ფასიან შვებულებას ადგენს. უდავოა, რომ მოსარჩელეს ჰქონდა კუთვნილი გამოუყენებელი შვებულებით სარგებლობის ან მომდევნო წლისთვის მისი გადატანის ან ანაზღაურებადი შვებულების შესაბამისი კომპენსაციის მიღების უფლება. მოპასუხემ ვერ დაასაბუთა, თუ როდის, რომელი ხელფასის ჩარიცხვისას და რა ოდენობით მიიღო ანაზღაურებადი შვებულების შესაბამისი კომპენსაცია, რამაც სარჩელის უარყოფისა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებისთვის სასამართლოსთვის ხელი არ შეუშლია (დეტალურად იხ. საკასაციო საჩივარი).
24.2. დასაქმებულის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, მითითებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა არის დამსაქმებლის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა, რაც შემდეგ საფუძველს ემყარება:
- სათანადო მტკიცებულებების არარსებობის პირობებში სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოსარჩელის მიმართ დამსაქმებელს ჰქონდა სახელფასო დავალიანება. გარდა ამისა, ასეთი დავალიანების დადასტურების შემთხვევაშიც სახელფასო დავალიანების ოდენობა სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიანგარიშა და მტკიცებულებებზე მითითების გარეშე დაადგინა, რომ დასაქმებულის სასარგებლოდ მოპასუხეს 14 820 ლარის ანაზღაურება უნდა დაკისრებოდა. საყურადღებოა, რომ სარჩელით მოთხოვნილია 2018 წლის ოქტომბრის და, 1 ნოემბრიდან 9 ნოემბრის ჩათვლით თანხის ანაზღაურება. საქმეზე წარმოდგენილი სახელფასო უწყისების თანახმად, მოსარჩელის, როგორც რეანიმაციის განყოფილების უფროსის ფიქსირებული ყოველთვიური ხელფასი 2 000 ლარს შეადგენდა. დამატებით, პრემია/დანამატის სახით ყოველთვიურად მას 1 000 ლარი ერიცხებოდა. კლინიკისგან დასაქმებულის მიერ მიღებული სხვა ნებისმიერი თანხა, პრემიას წარმოადგენს, რომელსაც ის სამსახურებრივი ფუნქციების კეთილსინდისიერად შესრულების სანაცვლოდ იღებდა. 2018 წლის საბანკო ამონაწერებით დადასტურებულია, რომ მოსარჩელისთვის ჩარიცხული თანხები ყოველთვიურად განსხვავდებოდა, რადგან განსხვავებული იყო თავად შესრულებული სამუშაოს მოცულობა და მისი წახალისების საფუძველი. ოქტომბერ-ნოემბრის თვეში არასათანადო მომსახურების გაწევის გამო სამედიცინო ცენტრი 14 250 ლარით დაჯარიმდა, შესაბამისად, დამსაქმებლისთვის ზიანის მიყენების პირობებში, შეუძლებელია, რომ მოსარჩელის საქმიანობა დადებითად შეფასებულიყო, რამაც შედეგობრივად მისი პრემირება გამორიცხა.
25. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 3 მაისისა და 8 მაისის განჩინებებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით საკასაციო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ისინი დაუშვებელია:
26. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
27. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
28. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორებს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენიათ, ამიტომ ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.
29. საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია, თუ რამდენად კანონიერად დაკმაყოფილდა, ერთის მხრივ, სახელფასო დავალიანებისა და მასზე დარიცხული პირგასამტეხლოს ანაზღაურების შესახებ დასაქმებულის სარჩელი, ხოლო, მეორე მხრივ, ამ უკანასკნელისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების შესახებ დამსაქმებლის სასარჩელო მოთხოვნა. ამავდროულად, საკასაციო პალატის გასაანალიზებელია გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც მხარეებს უარი ეთქვათ თავიანთი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.
30. სახელფასო დავალიანების ანაზღაურების საკითხის განხილვისას სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში კანონშესაბამისად მიიღო შემდეგი გარემოებები:
1). მოპასუხე სამედიცინო ცენტრის მიერ 2018 წლის 5 ნოემბერს გაცემული ცნობის (რომელიც სამედიცინო კლინიკის ადმინისტრაციული დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ არის ხელმოწერილი) მიხედვით, კრიტიკული მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დასაქმებულის ყოველთვიური საშუალო შრომის ანაზღაურება 10 827.42 ლარს (საგადასახადო ვალდებულებების ჩათვლით) შეადგენდა.
2). საბანკო ამონაწერის თანახმად, მოპასუხე სამედიცინო ცენტრმა მოსარჩელეს ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევაში ხელფასის სახით ჩაურიცხა შემდეგი თანხები: 2018 წლის 22 იანვარს დასაქმებულს ჩარიცხული აქვს 3 000 ლარი; 2018 წლის 25 იანვარს - 6 485.15 ლარი; 2018 წლის 20 თებერვალს - 3 000 ლარი; 2018 წლის 21 თებერვალს - 7 153.19 ლარი; 2018 წლის 20 მარტს - 3 000 ლარი; 2018 წლის 21 მარტს - 7 579.12 ლარი; 2018 წლის 27 მარტს - 84 ლარი; 2018 წლის 23 აპრილს - 7 008.69 ლარი; 2018 წლის 23 აპრილს - 1 707.30 ლარი; 2018 წლის 24 აპრილს - 252 ლარი; 2018 წლის 21 მაისს - 2 950 ლარი; 2018 წლის 23 მაისს - 6 275.17 ლარი; 2018 წლის 29 მაისს - 252 ლარი; 2018 წლის 21 ივნისს - 3 200 ლარი; 2018 წლის 27 ივნისს - 7 314.55 ლარი; 2018 წლის 27 ივნისს - 420 ლარი; 2018 წლის 21 ივლისს - 2 904.76 ლარი; 2018 წლის 24 ივლისს - 7 123.17 ლარი; 2018 წლის 25 ივლისს - 287.28 ლარი; 2018 წლის 2 აგვისტოს - 336 ლარი; 2018 წლის 20 აგვისტოს - 3 000 ლარი; 2018 წლის 21 აგვისტოს - 336 ლარი; 2018 წლის 24 აგვისტოს - 5 799.92 ლარი; 2018 წლის 20 სექტემბერს - 3 000 ლარი; 2018 წლის 24 სექტემბერს - 6 960.03 ლარი; 2018 წლის 19 ოქტომბერს - 2 200 ლარი; 2018 წლის 23 ოქტომბერს - 5 753.91 ლარი; 2018 წლის 25 ოქტომბერს - 336 ლარი.
3). სამედიცინო ცენტრის მიერ მოსარჩელეზე სს „თ.“ ბ–ში წარსადგენად 2015 წლის 17 აპრილს გაცემული ცნობის თანახმად, ხელფასის სახით დარიცხული თანხა 2015 წლის იანვარში - 11 835.68 ლარია, 2015 წლის თებერვალში - 12 358.98 ლარი, 2014 წლის სექტემბერში - 9045.52 ლარი; ოქტომბერში - 9374.07 ლარი; ნოემბერში 10 557 ლარი, ხოლო დეკემბერში - 9 178.33 ლარს შეადგენს.
4). მოსარჩელემ მიუთითა მისთვის სარეზიდენტო პროგრამის თანხების ჩარიცხვასთან დაკავშირებით, რაც, მისივე განმარტებით 200-400 ლარის ფარგლებშია. დასაქმებულისთვის რამდენიმე ეტაპად არის ჩარიცხული, მაგალითისთვის: 2018 წლის 27 მარტს - 84 ლარი; 2018 წლის 24 აპრილს - 252 ლარი; 2018 წლის 29 მაისს - 252 ლარი; 2018 წლის 27 ივნისს - 420 ლარი; 2018 წლის 25 ივლისს - 287.28 ლარი; 2018 წლის 2 აგვისტოს- 336 ლარი; 2018 წლის 21 აგვისტოს - 336 ლარი; 2018 წლის 25 ოქტომბერს - 336 ლარი.
5). დასაქმებულის მითითების მიუხედავად, რომ მისი ხელფასის ძირითადი ნაწილი ოპერაციებიდან/ანესთეზიოლოგიიდან მიღებულ ანაზღაურებას შეადგენდა და ანგარიშზე მისთვის ჩარიცხული თანხები არ წარმოადგენდა პრემიას, დამსაქმებელს არ წარუდგენია აღნიშნულის საწინააღმდეგო ოპერაციების კალკულაცია, სადაც კონკრეტულად იქნებოდა მითითებული ჩატარებული ოპერაციების რაოდენობა და გამომუშავებული თანხები, რომელსაც სასამართლო დაეყრდნობოდა და ჩარიცხული თანხების წარმოშობას/საფუძველს დეტალურად გამოიანგარიშებდა.
ზემომითითებული გარემოებების (რომლებიც სსსკ-ის 407.2 მუხლის საფუძველზე საკასაციო პალატისთვის სავალდებულოა) ერთობლიობაში განხილვის შედეგად სრულადაა გასაზიარებელი სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა და დასკვნა იმის თაობაზე, რომ:
დაუსაბუთებელია მოპასუხის ზეპირსიტყვიერი განმარტება მოსარჩელისთვის 2 000 ლარის ოდენობით ხელფასის და 1 000 ლარის ოდენობით (უხელფასო შვებულების კომპენსირების მიზნით) დანამატის დანიშვნის შესახებ. ასევე არაა გასაზიარებელი, რომ ხელფასის სახელწოდებით მოსარჩელის ანგარიშზე ჩარიცხული დანარჩენი თანხები ე.წ. პრემიას მიეკუთვნებოდა, რაც მხარის კეთილსინდისიერად და პასუხისმგებლობით შესრულებულ სამუშაოზე იყო დამოკიდებული.
ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას მოწინააღმდეგე მხარე არ ეთანხმება, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა და საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად.
იმ პირობებში, როდესაც სახეზეა დამსაქმებლის მიერ შესაგებელში მითითებული ხელფასისგან განსხვავებული თანხის დასაქმებულის სასარგებლოდ გადახდები/ჩარიცხვები, გაწეული მომსახურების საფუძველზე დამატებითი ანაზღაურების შეთანხმების არარსებობის მტკიცების ტვირთი მოპასუხე მხარეს ეკისრება. მან უნდა ამტკიცოს რომ ზემოაღნიშნული თანხების ჩარიცხვა მოსარჩელისთვის, მხოლოდ დასაქმებულის კეთილ ნებას წარმოადგენს და პრემიის სახით გაიცემა. განსახილველ საქმეში კი, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები/წარმოდგენილი მტკიცებულებები მოპასუხემ რელევანტური არგუმენტებით ვერ გააბათილა და შესაბამისად მისი მტკიცების ტვირთი ვერ დაძლია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 14 820 ლარის ოდენობით მიუღებელი სახელფასო დავალიანების ნაწილში სააპელაციო სასამართლომ დასაქმებულის სარჩელი კანონიერად დააკმაყოფილა.
31. 11 500 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით დამსაქმებლის სარჩელის საფუძვლიანობაც საქმეზე დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარეობს, რომლებიც სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულადაა ცნობილი, წინამდებარე განჩინების 3-13 პუნქტებშია წარმოდგენილი და, საკასაციო სასამართლოსთვის, ასევე, სავალდებულოა.
გარდა აღნიშნულისა, დამსაქმებლის მიერ ზიანის ანაზღაურების საფუძვლის არსებობის საკითხის გამორკვევისას, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მართებულად მიაქცია შემდეგ გარემოებაზე:
ი.კ–ძის მოხსენებითი ბარათით და მის მიერ შემოტანილი შესაგებლით აღიარებულია შრომითი ხელშეკრულებით და შინაგანაწესით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის ფაქტი, ამ უკანასკნელმა მისი წილი პასუხისგებლობის პროპორციულად წარმოქმნილი ზიანის ანაზღაურების ვალდებულება იკისრა. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ი.კ–ძეს არ გაუსაჩივრებია.
რაც შეეხება მოსარჩელეს, რაიმე სახის გადაცდომის ფაქტს ის არ აღიარებს და აღნიშნავს, რომ, პაციენტ ნ.გ–ძის შემთხვევასთან დაკავშირებულ არამართლზომიერ ქმედებაში მას ბრალი არ მიუძღვის. დასაქმებულის განმარტებით, მკურნალმა ექიმმა ი.კ–ძემ განუმარტა, რომ პაციენტის ბინაზე გაწერას აპირებდა, რაზეც ის არ დაეთანხმა და მიუთითა, რომ გაწერა მხოლოდ ოჯახის წევრის წერილობითი თანხმობით იყო შესაძლებელი. ამის მიუხედავად, პაციენტი წერილობითი თანხმობის გარეშე გაეწერა.
კონკრეტულ შემთხვევაში, ასევე სრულადაა გასაზიარებელი ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელის ჩვენება სარწმუნოდაც, რომ მივიჩნიოთ, აღნიშნული მას, როგორც განყოფილების უფროსს, სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან მაინც ვერ გაანთავისუფლებს, რადგან შინაგანაწესის შესაბამისად, განყოფილების უფროსის ფუნქცია - მოვალეობებში შედიოდა: მკურნალობის პროცესების მიმდინარე დაკვირვება, მართვა, ისტორიების შევსების მონიტორინგი, გადაწყვეტილებების შემოწმება, ექიმების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გაცნობა, არასწორ გადაწყვეტილებებზე ან გადახრებზე რეაგირება. მხარეს შესაძლოა პასუხისმგებლობა დაკისრებოდა განყოფილების სამედიცინო პერსონალის მიერ დაშვებულ ხშირ, უხეშ, გაუმართლებელ კლინიკურ შეცდომებზე და გაიდლაინების დაუცველობაზე რეაგირების განუხორციელებლობისას. განყოფილების ხელმძღვანელი პასუხს აგებდა მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების საქმიანობაზე.
ამრიგად, განსახილველ საქმეზე შექმნილი ფაქტობრივი მოცემულობა იმის მაუწყებელია, რომ მოსარჩელის ქმედებით სამედიცინო ცენტრს 14 250 ლარის ოდენობით მატერიალური ზიანი მიადგა, რაც სსკ-ის 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება), 998-ე (თუ ზიანის დადგომაში რამდენიმე პირი მონაწილეობს, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები. ზიანისთვის პასუხს აგებს არა მარტო ის, ვინც იგი უშუალოდ მიაყენა, არამედ ისიც, ვინც ის დაიყოლია ან მისი ხელშემწყობი იყო, ასევე ისიც, ვინც შეგნებულად ისარგებლა სხვისთვის მიყენებული ზიანით) და 463-ე (თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს) მუხლებზე დაყრდნობით (რომლებიც სშკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე გამოიყენება შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას) დამსაქმებლის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს ქმნის.
32. ვინაიდან სახელფასო დავალიანების ნაწილში დასაქმებულის სარჩელი დაკმაყოფილდა და სამედიცინო ცენტრს დასაქმებულის სასარგებლოდ 14 820 ლარის გადახდა დაეკისრა, არსებობდა სსკ-ის 442.1 (ორ პირს შორის არსებული ურთიერთმოთხოვნა შეიძლება გაქვითვით შეწყდეს, თუ დამდგარია ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა) და 444-ე (თუ გასაქვითი მოთხოვნები მთლიანად ვერ ფარავენ ერთმანეთს, იქვითება მხოლოდ ის, რომლის მოცულობაც მეორე მოთხოვნის მოცულობაზე ნაკლებია) მუხლებით გათვალისწინებული ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის საფუძველი, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ კანონშესაბამისად გაქვითა დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის ურთიერთმოთხოვნები და დასაქმებულის სასარგებლოდ დამსაქმებელს კანონშესაბამისად დააკისრა 3 270 ლარის (14 820 – 11 550) გადახდა.
33. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში - სშკ-ის) 41.3, 41.4 მუხლიდან (შრომის ანაზღაურება გაიცემა არანაკლებ თვეში ერთხელ. დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურებისა თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისთვის დასაქმებულს გადაუხადოს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი. სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი კოდექსის 31.2 მუხლი) გამომდინარე, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ის ნაწილიც გასაზიარებელია, რომლითაც მოსარჩელის სასარგებლოდ სამედიცინო ცენტრს 2018 წლის 16 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 3 270 ლარის 0.07% ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდა დაეკისრა.
34. რაც შეეხება სარჩელის დაუკმაყოფილებელ მოთხოვნებს, სახელდობრ, საუბარია საშვებულებო თანხის ანაზღაურებისა და მისი დაყოვნებისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დასაქმებულის მოთხოვნაზე, მათი უარყოფის დამასაბუთებელი არგუმენტაცია გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ამომწურავადაა წარმოდგენილი, ხოლო აღნიშნული დასაბუთების გამაქარწყლებელ სათანადო პრეტენზიას დასაქმებულის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს.
მითითებული საკითხის გაანალიზებისას, გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონეა ის გარემოება, რომ, დასაქმებული მოითხოვს უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში ასანაზღაურებელი საშვებულებო თანხის მოპასუხისთვის დაკისრებას, ისე, რომ, ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების სარგებლობის უფლების მომდევნო წელს გადატანის თაობაზე არც წერილობით და არც ზეპირად დამსაქმებლისთვის მას არ მიუმართავს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება წარმოადგენს დასაქმებულის დასვენების დროს ანუ, იმ უფლებას, რომელიც არ შეიძლება შეიცვალოს ფულადი კომპენსაციით. დანაწესის მიზანია დასაქმებულის დასვენების უფლების დაცვა იმგვარად, რომ ფულადი კომპენსაციით ჩანაცვლებით არ მოხდეს საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნის უგულებელყოფა“(იხ. სუსგ. №ას-495-495-2018, 10.04.2019).
„შვებულების უფლების გამოყენება თავისთავადი რეალიზაციით არ ხასიათდება. მას აქვს არჩევითი სახე და მისი გამოყენება დამოკიდებულია დასაქმებულის ნება-სურვილზე. თუ კი დასაქმებული არ გამოიყენებს საშვებულებო პერიოდს და მას განლევს, ისე, რომ ნებას არ გამოავლენს მისი ამ უფლების განკარგვის შესახებ, კონკრეტული წლის შვებულების უფლება გაქარწყლდება და შემდგომ წელს ვეღარ იმოქმედებს“ (იხ. სუსგ. №ას-621-2024, 9.10.2024).
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან დადგენილია, რომ შვებულების გამოუყენებელი პერიოდის შემდეგ წელში გადატანაზე მოსარჩელეს დამსაქმებელთან ნება არ გამოუვლენია, მოსარჩელის მიერ მითითებული წლების ანაზღაურებადი შვებულების უფლება არ რეალიზდა, რამაც მისი გაქარწყლება გამოიწვია. აქედან გამომდინარე, დასაქმებულს ამ ნაწილში აღარ წარმოეშობა ზემოაღნიშნული თანხის მოთხოვნის უფლება.
35. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
36. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივრები დასაშვები იქნებოდა.
37. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორებმა ვერ გააქარწყლეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
38. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „აკად. ო. ღ.სახ. ე.ს.ც–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ნ.ქ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
3. შპს „აკად. ო. ღ.სახ. ე.ს.ც–ს“ (ს/ნ .....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, მთლიანობაში 865.83 ლარის (მათ შორის: 2023 წლის 12 აპრილს #5305145 საგადახდო დავალებით გადახდილი 741 ლარი და 2023 წლის 28 აპრილს #5339209 საგადახდო დავალებით გადახდილი 124.83 ლარი) 70% - 606.08 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
4. ნ.ქ–ძეს (პ/ნ .........) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ხ.გ–ის (პ/ნ .......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 575 ლარის (საგადახდო დავალება #1683203827, გადახდის თარიღი - 4.05.2023წ.) 70% - 402.5 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
გიზო უბილავა