16 იანვარი, 2025 წელი,
საქმე №ას-580-2024 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები - მ.ჯ-ლ–ვა (მოსარჩელე), მ. ლ–ვა (შეგებებული სარჩელის მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ი.ჩ–ძე (ძირითადი სარჩელის მოპასუხე, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება და, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - უძრავი ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა (სარჩელში); სამკვიდრო მოწმობისა და ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მესაკუთრედ აღრიცხვა (შეგებებულ სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ქ.ბათუმში, ........... მდებარე უძრავი ქონების ცნობა-დახასიათების შესაბამისად, 1995 წლის 8 თებერვლის ექსპლუატაციაში მიღების აქტში დაფიქსირებულია 70.30კვ.მ საერთო ფართის (მათ შორის: 47.80კვ.მ საცხოვრებელი ფართი და 22.50კვ.მ დამხმარე ფართი) მქონე ერთსართულიანი სახლი (შემდეგში - უძრავი ნივთი, უძრავი ქონება ან სადავო ქონება).
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მიხედვით: ა. ლ–ვას სარჩელი დაკმაყოფილდა; ქ.ბათუმში, ......... მდებარე სახლთმფლობელობა გაიყო, საიდანაც 16.80კვ.მ და 14.70კვ.მ ფართობის ორი ოთახი გამოეყო მოსარჩელე ა. ლ–ვას, 16.3კვ.მ ოთახი გამოეყოთ - რ. და ნ. ლ–ვებს, ხოლო - 7.8კვ.მ ოთახი - ი.ჩ–ძეს (შემდეგში - მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე).
ამდენად, 70.30კვ.მ უძრავი ქონებიდან გაიყო მხოლოდ ნაწილი - 55.6კვ.მ.
3. სასამართლოს გადაწყვეტილებამდეც და, მის შემდეგაც, სადავო ქონების ნაწილის მოპასუხე უწყვეტად ფლობდა და სარგებლობდა.
4. 2007 წლის 13 ივლისის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ქონება ა. ლ–ვამ შვილს, რ.ლ–ვას აჩუქა, რის შემდეგაც ხსენებული ქონება რ. ლ–ვას საკუთრებად დარეგისტრირდა.
5. 2012 წლის 29 თებერვალს რევაზ ლ–ვა გარდაიცვალა, ხოლო 2012 წლის 31 აგვისტოს სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე სამკვიდრო ქონება მისმა პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ, მეუღლემ - მ.ჯ-ლ–ვამ (შემდეგში - მოსარჩელე, პირველი კასატორი ან მესაკუთრე) მიიღო და ამ უკანასკნელის საკუთრებად დარეგისტრირდა.
6. 2018 წლის 13 სექტემბრის ჩუქების ხელშეკრულებით უძრავი ნივთი პირველმა მოსარჩელემ მ. ლ–ვას (შემდეგში - მეორე კასატორი) აჩუქა და ეს ქონება ამ უკანასკნელის საკუთრებად დარეგისტრირდა, 2019 წლის 3 ივლისის ჩუქების ხელშეკრულებით კი, მეორე კასატორმა სადავო ქონება კვლავ პირველ მოსარჩელეზე გაასხვისა, რის შემდეგაც ხსენებული ქონება პირველი მოსარჩელის საკუთრებადაა დარეგისტრირებული.
7. სადავო ქონების მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის მოთხოვნით მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
8. სამკვიდრო მოწმობის და ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და უძრავი ნივთის ნაწილის მესაკუთრედ აღრიცხვის მოთხოვნით კასატორთა წინააღმდეგ სასამართლოში შეგებებული სარჩელი წარადგინა მოპასუხემ.
9. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
10. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით:
- მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
- გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილება იქნა მიღებული;
- სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
- შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
- ბათილად იქნა ცნობილი უძრავ ქონებაზე 70.3კვ.მ ფართიდან 11.4კვ.მ ფართის ნაწილში 2007 წლის 13 ივლისს, 2018 წლის 13 სექტემბერსა და 2019 წლის 3 ივლისს დადებული ჩუქების ხელშეკრულებები;
- უძრავ ქონებაზე 70.3კვ.მ ფართიდან 11.4კვ.მ ფართის ნაწილში ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი 2012 წლის 31 აგვისტოს გაცემული სამკვიდრო მოწმობა;
- მოპასუხე ცნობილ იქნა უძრავი ქონების 11.4კვ.მ ფართის თანამესაკუთრედ;
- დანარჩენ ნაწილში შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
11.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნია ის გარემოება, რომ სადავო ქონების 7.8კვ.მ ფართი მოპასუხეს გამოეყო, რა გზითაც მან აღნიშნულ ფართზე საკუთრების უფლება მოიპოვა.
11.2. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო საქმის მასალებით გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მართალია, მისთვის გამოყოფილ 7.8კვ.მ.-ზე საკუთრების უფლება მოპასუხეს საჯარო რეესტრში არ დაურეგისტრირებია, თუმცა, იგი უწყვეტად ფლობდა, თავისუფლად სარგებლობდა და დღემდე ფლობს სადავო უძრავი ქონების ნაწილს, რაზეც აქამდე პრეტენზია არავის განუცხადებია. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში უძრავ ქონებას, რომელზეც მან საკუთრების უფლება მოიპოვა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, მოპასუხე ფლობდა, როგორც საკუთარს.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ფაქტობრივად აღსრულდა. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების 10 წლიანი ვადის გასვლაზე მითითება, ვერ იქნებოდა გაზიარებული.
11.3. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სააპელაციო სასამართოლომ დაადგინა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 2000 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილების მიღებისას მხარეთა შორის გაიყო სადავო უძრავი ქონების მხოლოდ ნაწილი - 55.6 კვ.მ, თუმცა, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებამდეც, და, ამჟამადაც, ნივთის პარამეტრები 70.30კვ.მ-ს შეადგენდა. აქედან გამომდინარე, მესაკუთრეთა შორის გასაყოფი დარჩა - 14.7კვ.მ ფართი. რაკი სასამართლო გადაწყვეტილების მიღების დროისთვის, ე.ი. 2000 წლის მდგომარეობით, უძრავი ქონება ოთხი პირის, მათ შორის, მოპასუხის საკუთრებას წარმოადგენდა, რომლებიც სადავო უძრავ ქონებას ფლობდნენ და რომელთა შორისაც უძრავი ქონების მხოლოდ 55.6კვ.მ გაიყო. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ერთ-ერთი მესაკუთრის, მოპასუხის წილი გაუნაწილებელი დამატებითი ფართიდან 3.6კვ.მ-ს (14.74:4=3.6) შეადგენდა, რაც აღნიშნული ფართზე მოპასუხის საკუთრების უფლების წარმოშობისა და აღრიცხვის საფუძველს ქმნიდა, რადგან მოპასუხემ საკუთრების უფლება არამხოლოდ მის წილზე (7.8კვ.მ), არამედ უძრავი ქონების არსებით შემადგენელ ნაწილზეც მოიპოვა, რომელსაც თავადაც სხვა თანამესაკუთრეებთან ერთად ფლობდა და რომლის ნაწილის ცალკე უფლების ობიექტად გამოყოფა დაუშვებელი იყო.
12. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კასატორებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება და, შეგებებული სარჩელის უარყოფა შემდეგი დასაბუთებით მოითხოვეს:
- პრეიუდიციულად მიჩნევისთვის აუცილებელია, რომ სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში იყოს შესული, ეს საკითხი სასამართლოს არ გამოურკვევია (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში - სსსკ-ის 266-ე მუხლი).
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 183.1 მუხლის თანახმად, ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების შემძენზე საჯარო რესტრში რეგისტრაცია. მიუხედავად იმისა, რომ ნორმა გარიგების საფუძველზე უძრავი ნივთის შეძენას შეეხება, მისი მოქმედება სასამართლო გადაწყვეტილებით საკუთრების უფლების შეძენაზეც უნდა გავრცელდეს, რადგან უძრავი ნივთის მესაკუთრე საჯარო რეესტრიდან ვლინდება. ამდენად, იმისთვის, რომ მოპასუხეს საკუთრების უფლება მოეპოვებინა, მას 2000 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილება (თუკი იგი კანონიერ ძალაში შევიდა და მის აღსრულებას არაფერი აბრკოლებდა) საჯარო რეესტრში აღსასრულებლად უნდა წარედგინდა. მოსარჩელემ სადავო ქონება სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მიიღო და იგი ამ ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერია.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 სექტემბრის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
2024 წლის 14 ნოემბრის განჩინებით, სსსკ-ის 391.5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საკასაციო პალატამ მითითებული საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნო და დაადგინა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
14. პირველ რიგში, პალატა მიუთითებს სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველ წინადადებაზე, რომლის შინაარსით: საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
ზემოაღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შემდეგია: წარმატებულია თუ არა, ერთი მხრივ, უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ მოსარჩელის, ხოლო, მეორე მხრივ, სამკვიდრო მოწმობისა და ჩუქების ხელშეკრულებების ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და უძრავი ნივთის 13.5კვ.მ ფართის მესაკუთრედ აღრიცხვის თაობაზე შეგებებული მოსარჩელის მოთხოვნები.
15. საკასაციო პალატის დასკვნით, განსახილველი დავის ფარგლებში სააპელაციო სასამართლომ სწორად განსაზღვრა მოცემული დავის ძირითადი კვლევის საგანი, კერძოდ, არსებობს თუ არა სადავო უძრავ ქონებაზე მხარეთა საკუთრების უფლება.
ზემომითითებული საკითხის განხილვისას, შემდეგი გარემოებებია საყურადღებო:
1). ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 9 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესაბამისად:
- ა.ლ–ვას სარჩელი დაკმაყოფილდა;
- ქ.ბათუმში, ........ მდებარე სახლთმფლობელობა გაიყო რეალურ წილებად, საიდანაც 16.80კვ.მ და 14.70კვ.მ. ფართობის ორი ოთახი გამოეყო მოსარჩელე ა. ლ–ვას, 16.3კვ.მ ფართობის ოთახი გამოეყოთ მოპასუხეებს - რ. და ნ. ლ–ვებს, ხოლო, 7.8კვ.მ ფართობის ოთახი - წინამდებარე დავის მოპასუხეს.
1995 წლის 8 თებერვლის ექსპლუატაციაში მიღების აქტის მიხედვით, 2000 წლის მდგომარეობით (ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილების მიღების დროს არსებული მდგომარეობა) უძრავი ქონების ფართი 70.30კვ.მ-ს შეადგენდა.
ამდენად, დასახელებული გადაწყვეტილებით უძრავი ნივთის ნაწილი, კერძოდ, 55.6კვ.მ ფართი გაიყო, ხოლო, 14.7კვ.მ ფართი დარჩა გასანაწილებელი.
2). სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილია რიგი გარემოებანი, კერძოდ:
- 2007 წლის 13 ივლისის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე ზემომითითებული უძრავი ქონება ა. ლ–ვამ შვილს, რ.ლ–ვას აჩუქა, რის შემდეგაც ხსენებული ქონება რ.ლ–ვას საკუთრებად დარეგისტრირდა. 2012 წლის 29 თებერვალს რევაზ ლ–ვა გარდაიცვალა, ხოლო 2012 წლის 31 აგვისტოს სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე სამკვიდრო ქონება მოსარჩელემ (პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე, მეუღლე) მიიღო და ამ უკანასკნელის საკუთრებად დარეგისტრირდა. 2018 წლის 13 სექტემბრის ჩუქების ხელშეკრულებით უძრავი ნივთი პირველმა მოსარჩელემ მეორე კასატორს აჩუქა და ეს ქონება ამ უკანასკნელის საკუთრებად დარეგისტრირდა, 2019 წლის 3 ივლისის ჩუქების ხელშეკრულებით კი, მეორე კასატორმა სადავო ქონება კვლავ პირველ მოსარჩელეზე გაასხვისა, რის შემდეგაც ხსენებული ქონება მოსარჩელის საკუთრებადაა დარეგისტრირებული.
- სასამართლოს გადაწყვეტილებამდეც და, მის შემდეგაც, სადავო ქონების ნაწილით მოპასუხე უწყვეტად ფლობდა და სარგებლობდა.
ზემომითითებული გარემოებები კასატორს დასაბუთებული შედავების (პრეტენზია) გზით არ გაუქარწყლებია, ამიტომ საკასაციო სასამართლოსთვის ისინი სავალდებულოა (სსსკ-ის 407.2 მუხლი).
სსსკ-ის 266-ე მუხლის (გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე, მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე, სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობები) დანაწესიდან გამომდინარე, გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ იძენს უდავოობისა და სავალდებულოობის თვისებას და, მხარეებს, აგრეთვე, მათ უფლებამონაცვლეებს, არ აქვთ უფლება, სადავო გახადონ აღნიშნული გადაწყვეტილებით უკვე დადგენილი ფაქტები.
ამრიგად, სასამართლო გადაწყვეტილების „საბოლოობის“, მისი შეუქცევადობის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპი გულისხმობს, რომ ამ გადაწყვეტილების შეცვლა შეუძლებელია და მისი შედეგები შეუქცევადია.
გადაწყვეტილების „საბოლოობის“ პრინციპი კერძო პირის უფლებასა და ინტერესსაც ემსახურება, რადგან ის ამით განმეორებითი სამართალწარმოებისგან დაცული იქნება. სასამართლო გადაწყვეტილებით დადასტურებული უფლების ნამდვილობა გამორიცხავს მომავალში მისი გაქარწყლების შესაძლებლობას, სსსკ-ის 266-ე მუხლიდან გამომდინარე (იხ. სუსგ №ას-675-675-2018, 8.04.2020). სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შედეგი შეუქცევადია. ასეთი გადაწყვეტილების განსაკუთრებულობა ორმხრივად სავალდებულო აკრძალვაა და იგი როგორც საქმეში მონაწილე პირებს, ასევე სასამართლოს ეხება (იხ. სუსგ №ას-675-675-2018, 8.04.2020წ.).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტების სამართლებრივი ბოჭვის ფარგლებშია მოქცეული.
ხსენებული სასამართლო გადაწყვეტილებისა და სსსკ-ის მე-10 მუხლის გათვალისწინებით (კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე, თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს) სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ, მოპასუხეს, სადავო ქონების 7.8კვ.მ გამოეყო, რის შედეგადაც აღნიშნულ ქონებაზე მან საკუთრების უფლება მოიპოვა.
განსახილველი საკითხის გაანალიზებისას, ერთი გარემოებაა საგულისხმო, სახელდობრ:
არსებობს ერთგვაროვანი სამოსამართლო პრაქტიკა, სადაც საკუთრების უფლების დაცვასთან დაკავშირებულ სარჩელებთან მიმართებით არაერთგზის განიმარტა, რომ ხანდაზმულობის საგანი არის ფარდობითი და არა აბსოლუტური უფლება, შესაბამისად, საკუთრების აბსოლუტურ უფლებაზე ხანდაზმულობა არ ვრცელდება. საკუთრების უფლება კონსტიტუციით გარანტირებულ, აბსოლუტურ უფლებათა კატეგორიას მიეკუთვნება და მესაკუთრის დარღვეული უფლების იძულებით დაცვის შესაძლებლობა კანონით განსაზღვრული რაიმე სპეციალური ვადით შეზღუდული არ არის (იხ. სუსგ: №ას-146-140-2012, 12.07.2012; №ას-404-383-2012, 7.05.2012; №ას-1169-1124-2016, 10.03.2017; №ას-373-2020, 20.07.2022 ).
„სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლით განსაზღვრული დანაწესის თანახმად, საკუთრების უფლება ჩნდება კანონის საფუძველზე. ამასთან ერთად გასათვალისწინებელია, რომ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება, როგორც რეგისტრაციასავალდებულო უფლება, მოითხოვს საჯარო რეესტრში რეგისტრაციას. შესაბამისად, მემკვიდრეს წარმოეშობა მიღებული უძრავი ნივთის საკუთრების უფლების რეგისტრაციის უფლება, მაგრამ ამ რეგისტრაციის განუხორციელებლობა არ ნიშნავს იმას, რომ მან არ მიიღო ეს ქონება. სამკვიდროს მიღების ფაქტის არსებობის შემთხვევაში, მას აქვს უფლება, დაიცვას მიღებული სამკვიდრო სხვა დანარჩენი მემკვიდრეებისაგან, მათ შორის, იმ მემკვიდრეებისაგან, რომლებმაც განახორციელეს საკუთრების უფლების რეგისტრაცია. ხანდაზმულობის საგანი არის ფარდობითი უფლება და არა აბსოლუტური უფლება, შესაბამისად, აბსოლუტურ უფლებაზე ხანდაზმულობა არ ვრცელდება“ (სუსგ №ას-146-140-2012, 12.07.2012; №ას-1370-2022, 28.03.2024).
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის შეგებებული სარჩელი მისი საკუთრების უფლების დაცვისკენაა მიმართული, რაც სასარჩელო ხანდაზმულობის ვადით შეზღუდული არ არის (შდრ. იხ. უსგ №ას-674-674-2018, 9.02.2022).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ზემომითითებული მყარად დამკვიდრებული პრაქტიკის და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მართალია, მისთვის გამოყოფილ 7.8კვ.მ ფართზე საკუთრების უფლება მოპასუხეს საჯარო რეესტრში არ დაურეგისტრირებია, მაგრამ, ქონების ნაწილს იგი უწყვეტად ფლობდა და თავისუფლად სარგებლობდა ნივთით (რაზეც აქამდე პრეტენზია არავის განუცხადებია), საკასაციო პალატა დასაბუთებულად მიიჩნევს მოსაზრებას, რომ ირინა ჩხაიძის მხრიდან სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ფაქტობრივი მოქმედების განხორციელებით აღსრულებულია; ამავდროულად საკუთრების უფლებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებზე ხანდაზმულობის ვადების გავრცელების უარყოფის პირობებში მხარეს ნებისმიერ დროს გააჩნდა საკუთარი უფლების განხორციელების და ქონების მესაკუთრედ რეგისტრაციის უფლება.
16. რაც შეეხება უძრავი ქონების იმ ნაწილს, რომელიც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მხარეთა შორის არ განაწილებულა, აღნიშნულ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხის სარჩელი იმგვარად დაკმაყოფილდა, რომ ზემომითითებული ნაწილიდან მოპასუხეს 3.6კვ.მ ფართი მიეკუთვნა, რაც სააპელაციო სასამართლომ შემდეგი მოსაზრებით დაასაბუთა:
- სასამართლო გადაწყვეტილების მიღების დროისთვის (2000 წლისთვის) უძრავი ნივთი ოთხი პირის, მათ შორის, მოპასუხის საკუთრებას წარმოადგენდა, რომლებიც სადავო ქონებას ფლობდნენ და რომელთა შორისაც ამ ქონების მხოლოდ 55.6კვ.მ გაიყო. ამის შესაბამისად, გაუყოფელი დამატებითი ფართიდან მოპასუხის წილი 3.6კვ.მ-ს (14.74:4=3.6) შეადგენდა, რაც დასახელებულ ფართზე მოპასუხის საკუთრების უფლების წარმოშობისა და აღრიცხვის საფუძველს ქმნიდა, ვინაიდან საკუთრების უფლება მან არა მხოლოდ 7.8კვ.მ-ზე, არამედ უძრავი ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილზეც მოიპოვა, რომელსაც სხვა თანამესაკუთრეებთან ერთად თავადაც ფლობდა და რომლის ნაწილის ცალკე უფლების ობიექტად გამოყოფაც დაუშვებელია.
სააპელაციო სასამართლოს ზემოთ მოყვანილ მსჯელობას საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს. განსახილველი საკითხის სწორად გადაწყვეტისთვის, უძრავ ქონებაში მცხოვრებ პირთა რაოდენობა ვერ იქნება მნიშვნელოვანი, რადგან, საცხოვრებელ ფართში თითოეული მაცხოვრებლის წილობრივი უფლება განსხვავებულია.
შესაბამისად, მოპასუხისთვის გადასაცემი ფართის სწორად განსასაზღვრად, ამოსავალია, თუ სადავო ქონებიდან რა ოდენობის წილი მიეკუთვნა მას სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით. ვინაიდან ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 9 თებერვლის კანონიერ ძალაში გადაწყვეტილებით მოპასუხეს უძრავი ქონების 14.18% გამოეყო, შესაბამისად, გაუნაწილებელი 14.7კვ.მ ფართიდან (70.3 - 55.6 = 14.7-ს) მას იგივე პროპორციის ნივთის ნაწილი უნდა მიეკუთვნოს, რომლიც მოცულობაც 2,08 კვ.მ. განისაზღვრება.
ზემოთ მოყვანილი მსჯელობის გათვალისწინებით 9.88 კვ.მ ფართის განკარგვის ნაწილში სადავო ჩუქების ხელშეკრულებები და სამკვიდრო მოწმობა წინამდებარე გადაწყვეტილებით ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და მითითებული ქონება მოპასუხის საკუთრებად უნდა აღირიცხოს.
17. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე.
სსსკ-ის 53.1 მუხლის პირველი და მეორე წინადადების შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ კასატორებს უნდა დაეკისროთ მოწინააღმდეგე მხარისთვის გადავადებული სახელმწიფო ბაჟის პროპორციული ნაწილის - 1 319.43 ლარის გადახდა. ამავდროულად, კასატორების სასარგებლოდ მოპასუხეს უნდა დაეკისროს შეგებებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციული სახელმწიფო ბაჟის, 352.01 ლარის ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3, 404-ე, 408.3, 409-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მ.ჯ-ლ–ვასა და მ. ლ–ვას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. მ.ჯ-ლ–ვას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. ი.ჩ–ძის შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
5. 9,88 კვ.მ ფართის განკარგვის ნაწილში ბათილად იქნეს ცნობილი უძრავ ქონებაზე (მდებარე ქ.ბათუმი, ........, საერთო ფართი 70.3კვ.მ, ს/კ .........) დადებული შემდეგი ჩუქების ხელშკრულებები:
- 2007 წლის 13 ივლისს, ა.ლ–ვასა და რ.ლ–ვას შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულება;
- 2018 წლის 13 სექტემბერს, მ. ლ–ვასა და მ.ჯ-ლ–ვას შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულება;
- 2019 წლის 3 ივლისს მ. ლ–ვასა და მ.ჯ-ლ–ვას შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულება.
6. 9,88კვ.მ ფართის ნაწილში ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი 2012 წლის 31 აგვისტოს გაცემული სამკვიდრო მოწმობა უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ.ბათუმი, ......., საერთო ფართი 70.3კვ.მ, ს/კ ..........;
7. ი.ჩ–ძე ცნობილ იქნეს 9,88კვ.მ ფართის მესაკუთრედ, უძრავი ქონებიდან - მდებარე ქ.ბათუმი, ........., საერთო ფართი 70.30კვ.მ, ს/კ ...........;
8. დანარჩენ ნაწილში შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
9. მ.ჯ-ლ–ვას და მ. ლ–ვას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს ი.ჩ–ძისთვის გადავადებული სახელმწიფო ბაჟის პროპორციული ნაწილი 1319,43 ლარი;
10. ი.ჩ–ძეს მ.ჯ-ლ–ვას და მ. ლ–ვას სასარგებლოდ დაეკისროს დაუკმაყოფილებელი შეგებებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციული სახელმწიფო ბაჟის 352,01 ლარის ანაზღაურება;
11. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ვლადიმერ კაკაბაძე
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
გიზო უბილავ