Facebook Twitter

საქმე №ა-2443-ბ-7-2025 5 ივნისი, 2025 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი - ჯ.ძ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „მ–ე“ (მოპასუხე)

თავდაპირველი მოპასუხე - შპს „პ.ფ–ი“ , პ.ფ–ძე

გასაჩივრებული განჩინება - ქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 თებერვლის განჩინება

განმცხადებლის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმისწარმოების განახლება

დავის საგანი - ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, ხელშეკრულების დადებულად ცნობა, მესაკუთრედ აღიარება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ჯ.ძ–მა (შემდგომ - მოსარჩელე, კასატორი, განმცხადებელი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „მ–ეს“ (შემდგომ - პირველი მოპასუხე, აპელანტი, მოწინააღმდეგე მხარე, შემძენი), შპს „პ.ფ–ისა“ (შემდგომ – მეორე მოპასუხე) და პ.ფ–ძის (შემდგომ - მესამე მოპასუხე) მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის, ხელშეკრულების დადებულად ცნობისა და მესაკუთრედ აღიარების მოთხოვნით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით – სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი მეორე და მესამე მოპასუხეს შორის 2010 წლის 22 ოქტომბერს სადავო უძრავ ქონებაზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება და პირველ და მესამე მოპასუხეს შორის 2011 წლის 4 ივლისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება; დადებულად იქნა ცნობილი მოსარჩელესა და მეორე მოპასუხეს შორის სადავო უძრავ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულება და ამ უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობილ იქნა მოსარჩელე; დადებულად იქნა ცნობილი მოსარჩელესა და მესამე მოპასუხეს შორის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება სადავო უძრავ ქონებაზე; მოსარჩელის მოთხოვნა სესხის ხელშეკრულების 36 000 აშშ დოლარზე, 2 თვის ვადით, თვეში 5% სარგებლის დარიცხვით დადების დადგენის ნაწილში – არ დაკმაყოფილდა.

3. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით პირველმა მოპასუხემ გაასაჩივრა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებით – სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 თებერვლის განჩინებით, მოსარჩელის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

7. 2025 წლის 27 მაისს, უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა მოსარჩელემ და მიუთითა, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის პერიოდში - 2022 წელს შეიცვალა სადავო უძრავი ქონების (მდებარე თბილისში, ........, ს/კ ......) მესაკუთრე და ნაცვლად შპს „მ–ესი“ გადახდისუუნარობის იძულებითი აღსრულების შედეგად საქმისწარმოების საფუძვლებით მესაკუთრე გახდა სს „ს.ბ–ი“, რომლის შესახებ განმცხადებელმა რამდენიმე დღის წინ შეიტყო, შესაბამისად, ნაცვლად შპს „მ–ესი“ სასამართლოში მოწვეულ უნდა ყოფილიყო სს „ს.ბ–ი“ ანდა ორივე ერთად.

8. თუკი მოწინააღმდეგე მხარე სს „ს.ბ–ი“ იქნებოდა, განმცხადებლისათვის აუცილებლობას წარმოადგენდა შეეტყო ბანკის შესაგებელი, თუ რა საშუალებით დაეუფლა ის სადავო უძრავ ქონებას და რა პოზიცია გააჩნდა მოსარჩელის სარჩელსა და საკასაციო საჩივარზე, რისი გათვალისწინებითაც, განმცხადებელი ითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი მისი საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 2024 წლის 29 თებერვლის განჩინება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი განცხადება დაუშვებელია შემდეგი გარემოებების გამო:

10. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების, როგორც მართლმსაჯულების აქტის დანიშნულებაა მატერიალურ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა შორის დავების გადაწყვეტა. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, იგი იძენს საბოლოო, სავალდებულო და შეუქცევად ხასიათს. სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა უკავშირდება ორ პრინციპს: პირველი - „დავა გადაწყვეტილია“ (Res Juticata) და მეორე - ფაქტების პრეიუდიციას (იხ.: პაატა ქათამაძე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის რჩეული მუხლების კომენტარი, მუხლი 266, თბილისი, 2020). სასამართლო გადაწყვეტილება ესაა კანონით დადგენილი წესით საქმის განხილვის შედეგად სასამართლოს მიერ მიღებული მართლმსაჯულების აქტი, რომელიც პასუხობს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და რომლითაც საქმე არსებითად წყდება. „ნებისმიერი სასამართლო გადაწყვეტილება არის მართლმსაჯულების აქტი, რომლის მეშვეობითაც წესრიგდება მოდავე მხარეებს შორის სამართლებრივი ურთირთობები. გადაწყვეტილება სასამართლო საქმიანობის საბოლოო პროდუქტად მიიჩნევა“ (იხ.: მ. სულხანიშვილი, სასამართლო გადაწყვეტილება, როგორც საპროცესო დოკუმენტი და მისი გასაჩივრების ფორმები მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიხედვით, „მართლმსაჯულება და კანონი“ , № 4(47), 2015, გვ.19.).

11. სსსკ-ის 265-ე მუხლის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ წესით, რაც დადგენილია ამ კოდექსით. ამავე კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმისწარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმისწარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. ამდენად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებისა თუ განჩინების გაუქმების ან ბათილად ცნობის შესახებ განცხადება შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ კანონით - სსსკ-ის 422-ე და 423-ე მუხლებით ზუსტად განსაზღვრულ წანამძღვრებს. აღდნიშნულ დათქმაში კანონმდებელი გულისხმობს, რომ საქმისწარმოების განახლება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მორიგ ეტაპს არ წარმოადგენს, არამედ დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას (იხ.: სუსგ №ას-1455-2019, 15.11.2019წ; №ას-1531-2024, 21.02.2025წ.).

12. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთი გადაწყვეტილებით ხაზგასმულია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შეუქცევადობის მნიშვნელობა და განმარტებულია, რომ დაუსრულებელი დავის შესაძლებლობა დააფრთხობს პირებს, გაართულებს სამართლებრივი უსაფრთხოების დამყარებას - უფლების მუდმივი საეჭვოობის დაშვება მოსპობს თავად უფლების სიცოცხლისუნარიანობას, რადგან ის ვერ იქნება გამოყენებული მომავალი ურთიერთობების დასამყარებლად, უფლებების შესაძენად (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის №3/1/531 გადაწყვეტილება საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-27).

13. სსსკ-ის 425-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც LII თავშია დადგენილი.

14. საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დასაშვებობის საკითხი მოწმდება სასამართლოს ინიციატივით. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს (429-ე მუხლი).

15. განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელი საქმის წარმოების განახლების საფუძვლად მიუთითებს სსსკ-ის 422.1 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებზე (ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას ასეთი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე; პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე). მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძვლად კი მიუთითებს, რომ სადავო უძრავი ქონების მესაკუთრე საქმისწარმოების დროს შეიცვალა და ნაცვლად შპს „მ–ესი“ გახდა სს „ს.ბ–ი“, რომელიც საქმის განხილვაზე მოწვეული არ ყოფილა, რაც მისი საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 29 თებერვლის განჩინების ბათილად ცნობის საფუძველია.

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად წარდგენილი განცხადების შესამოწმებლად მნიშვნელოვანია განიმარტოს ვინ არის ამ ნორმით გათვალისწინებული საფუძვლით გადაწყვეტილების ბათილად ცნობის უფლების მქონე სუბიექტი, სხვაგვარად, ვინ არის მხარე ან/და ვის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს „ეხება უშუალოდ“ გასაჩივრებული გადაწყვეტილება, და შესაბამისად, ვისი მოწვევა იყო აუცილებელი საქმის განხილვაზე.

17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართლის მიხედვით, სამოქალაქო დავაში მხარეებს წარმოადგენენ მოსარჩელე (განმცხადებელი), რომელიც მიმართავს სასამართლოს თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესის დასაცავად და მოპასუხე, რომლის მიმართაც არის აღძრული სარჩელი (განცხადება) (იხ.: სუსგ №ას-878-2022, 09.11.2022წ.; №ას-911-2023, 11.12.2023წ.).

18. რაც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლების მქონე სუბიექტს, ის შეიძლება იყოს მხოლოდ ის პირი, რომლიც სასამართლო დავაში არ მონაწილეობდა, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილებამ მხარედ აქცია, რადგან გადაწყვეტილება უშუალოდ შეეხო მის რეალურ, ფაქტობრივად არსებულ და კანონით დაცულ ინტერესს. ასეთი პირები არიან პოტენციური მოსარჩელე, მოპასუხე ან დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირი. რაც შეეხება მესამე პირებს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე, მათ დავის საგანთან მიმართებაში დამოუკიდებელი მოთხოვნა არ გააჩნიათ და არც პასუხისმგებლობა ეკისრებათ, ამიტომ ასეთ პირებს სასამართლოს გადაწყვეტილება „უშუალოდ“ ვერ შეეხება (იხ.: სუსგ №ას-878-2022, 09.11.2022წ.; №ას-911-2023, 11.12.2023წ.).

19. პალატა მიუთითებს, რომ განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე განცხადების დასაშვებად ცნობის საფუძველს არ წარმოადგენს, უძრავი ქონების მესაკუთრის შეცვლა შესაძლოა საპროცესო უფლებამონაცვლეობის წარმოშობის საფუძველი გამხდარიყო (სსსკ-ის 92-ე მუხლი), რაც უარყოფითად არ ასახულა საქმის განხილვის შედეგზე (დავას არ ის ფაქტი, რომ განმცხადებელი წარმოადგენდა მოსარჩელეს, რომლის სარჩელიც არ დაკმაყოფილდა, ხოლო სადავო უძრავი ქონების მესაკუთრე - მოპასუხეს). ვრცლად სასამართლო სხვა საკითხებზე აღარ მსჯელობს (სასამართლო აღარ ამოწმებს დასაშვებობის სხვა წინაპირობების არსებობა/არარსებობის საკითხს), რადგან განცხადების განსახილველად დაშვების ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენს უფლებამოსილი პირის მიერ განცხადების წარდგენა. სამოქალაქო სამართალწარმოების ზოგადი პრინციპია, რომ ყოველმა პირმა სასამართლოს მხოლოდ საკუთარი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად უნდა მიმართოს.

20. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მისი ფუნქციური დატვირთვით ქვეყნის სახელით გამოტანილი მართლმსაჯულების აქტია, რომლის უმთავრესი ამოცანა ამ გადაწყვეტილებით დადგენილი მართლწესრიგის რეალურად არსებობაა. სასამართლო გადაწყვეტილება, ობიექტური და სუბიექტური ფარგლების გათვალისწინებით, კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ, სავალდებულოა როგორც მოდავე მხარეთათვის, ისე ნებისმიერი სხვა პირისათვის, რომელთაც ერთმევათ უფლება, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება თუ სამართლებრივი შედეგი კვლავ გახადონ სადავო (სსსკ მე-10 მუხლი, XXVIII თავი), ერთადერთი საგამონაკლისო შემთხვევა, როდესაც დასრულებული საქმის წარმოება შესაძლოა განახლდეს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების გზით, გათვალისწინებულია ამავე კოდექსის მე-11 კარით და აღნიშნული, თავისი მიზნებიდან გამომდინარე, წარმოადგენს არა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა თუ მართლმსაჯულების სხვა აქტის შემდგომი გასაჩივრების შესაძლებლობას, არამედ მიმართულია მხარის უფლებაზე, კანონით ზუსტად განსაზღვრული შემთხვევების არსებობისას, საპროცესო წესების დაცვით მოითხოვოს საქმის წარმოების განახლება, რომელთა დაუცველობა მხარისათვის არახელსაყრელი შედეგის მომტანია.

21. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება უნდა განიმარტოს კონვენციის პრეამბულის კონტექსტით, რომლის თანახმადაც, კანონის უზენაესობა უნდა წარმოადგენდეს მაღალ ხელშემკვრელ მხარეთა საერთო მემკვიდრეობას. კანონის უზენაესობის ერთ-ერთი ფუნდამენტური ასპექტი არის სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპი, რომლის თანახმად, სასამართლო თუ გადაწყვეტს საკითხს, მისი განჩინება არ უნდა დადგეს ეჭვქვეშ (იხ. Brumărescu v. Romania [GC], no. 28342/95, § 61, ECHR 1999-VII). ეს პრინციპი ნიშნავს, რომ არცერთ მხარეს არ უნდა ჰქონდეს საბოლოო და ძალაში შესული გადაწყვეტილების გადახედვის მოთხოვნის უფლება მხოლოდ იმიტომ, რომ მიაღწიოს საქმის ხელახლა მოსმენასა და ახალ გადაწყვეტილებას. უმაღლესი ინსტანციის სასამართლოების მიერ საქმის გადახედვა არ უნდა იქცეს შენიღბულ აპელაციად და საკითხზე ორი შეხედულების არსებობა არ წარმოადგენს საქმის გადასინჯვის საფუძველს. ამ პრინციპიდან გადახვევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის აუცილებლობა გამოწვეულია არსებითი და გარდაუვალი ხასიათის გარემოებების წარმოშობით (იხ. Ryabykh v. Russia, no. 52854/99, § 52, ECHR 2003-IX) (იხ. სუსგ № ას-342-2019, 25.04.2019წ.; №ა-3666-ბ-9-2021, 15.09.2021წ.).

22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებლის განცხადება არ აკმაყოფილებს საქმის წარმოების განახლებისათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, რაც მისი დაუშვებლად მიჩნევის წინაპირობაა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 396-ე, 425-ე, 429-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ჯ.ძის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 თებერვლის განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ლ. მიქაბერიძე