ბს-1088-1050 (კ-08) 31 დეკემბერი, 2008წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – რ. ბ.-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური (მოპასუხე)
დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
რ. ბ.-მ 2007 წლის ივლისში სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგეტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მოითხოვა უძრავი ნივთის, ქ. ბათუმში, ...-ის ქ. ¹...-ში მდებარე ¹25 ბინის საკუთრებაში რეგისტრაციისათვის სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ მოპასუხის მიერ 2007 წლის 30 მაისს გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის აღნიშნულ უძრავ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით რ. ბ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2007 წლის 30 მაისს მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქ. ბათუმში ...-ის ქ. ¹...-ში მდებარე ¹2 ბინაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქ. ბათუმში, ...-ის ქ. ¹...-ში მდებარე ¹2 საცხოვრებელ ბინაზე რ. ბ.-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; რ. ბ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. ბათუმის მერიის საბინაო კომისიის 2000 წლის 11 აპრილის ¹3 საოქმო დადგენილების საფუძველზე მოხდა რ. ბ.-ის საკუთრებაში რიცხული, ხელვაჩაურის რაიონი, სოფ. ...-ში მდებარე უძრავი ქონების-/საცხოვრებელი სახლი/, გაცვალა ვ. მ.-ის კუთვნილ, ქ. ბათუმში ...-ის ქ. ¹...-ში მდებარე ¹25 საცხოვრებელ ბინაზე. აღნიშნული დადგენილება არ არის სანოტარო წესით დამოწმებული, რომლითაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის საფუძველზე უნდა განხორციელებულიყო უძრავი ნივთის განკარგვა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა “უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის “დ” ქვეპუნქტზე და მიიჩნია, რომ ქ. ბათუმის მერიის საბინაო კომისიის 2000 წლის 11 აპრილის ¹3 საოქმო დადგენილება წარმოადგენს უძრავი ნივთის შეძენისათვის არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ გამოცემულ საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტს, რომელიც ქ. ბათუმში, ...-ის ქ. ¹...-ში მდებარე ¹25 საცხოვრებელი ბინის რ. ბ.-ის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხვაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა რ. ბ.-მ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა “უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” კანონის მე-13 მუხლი, 33-ე მუხლის მე-5 ნაწილი, სამოქალაქო კოდექსის 312-ე, 170-ე, 1514-ე, 1515-ე მუხლები, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 –ე მუხლის პირველი ნაწილი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლი.
კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა საქართვლოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლი, ვინაიდან ამ მუხლის მთავარი პრინციპია, მომავალი შემძენი დარეგისტრირებული იყოს საჯარო რეესტრში, რაც მოცემულ შემთხვევაში განხორციელდა ადგილობრივი მმართველობის ტექნიკური ინვენტარიზაციის სამსახურში.
კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორად იქნა გამოყენებული ასევე “უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” კანონის 24-ე მუხლის I პუნქტის “დ” ქვეპუნქტი, რამდენადაც მოცემულ შემთხვევაში ქალაქ ბათუმის მერიის საბინაო კომისიის 2000 წლის 11 აპრილის ¹3 ოქმისა და ტექნიკური აღრიცხვის სამსახურში არსებული ჩანაწერის ბათილად ცნობა არავის არ მოუთხოვია.
კასატორი მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 1515-ე მუხლზე, რომლის თანახმად საჯარო რეესტრის ერთიანი სამსახურის ჩამოყალიბებამდე სამოქალაქო კოდექსით ამ სამსახურისათვის დაკისრებული ფუნქციებს ახორციელებს ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროები და შესაბამისად კასატორს გააჩნია ამ ორგანოს მიერ 2000 წლის 18 მაისს გაცემული ტექნიკური პასპორტი. კასატორის განმარტებით, უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმში ...-ის ქუჩა ¹..., ბინა 25 საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია იმ დროს მოქმედი ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში, ხოლო რეესტრის მონაცემების მიმართ კი მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმცია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ რ. ბ.-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დამკვიდრებული პრაქტიკა გაზიარებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლით დასაშვები არ არის.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას რ. ბ.-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან რ. ბ.-ს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი _ 300 (სამასი) ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს აღნიშნული თანხის 70% _ 210 (ორას ათი) ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს მიჩნეული რ. ბ.-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებაზე;
2. რ. ბ.-ს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% _ 210 (ორას ათი) ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.