Facebook Twitter

საქმე №ას-422-2025 20 ივნისი, 2025 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვლადიმერ კაკაბაძე, გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები: მ.ს–ძე, გ. და ბ–ები (მოსარჩელე), მ. და ბ.ბ–ები (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (მოსარჩელე მხარის საკასაციო საჩივარში) სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (მოპასუხე მხარის საკასაციო საჩივარში)

დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავი ქონების თანამესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. მ.ს–ძემ (შემდგომ – პირველი მოსარჩელე) და ლ.ბ–ძემ (შემდგომ – მეორე მოსარჩელე) სარჩელი აღძრეს სასამართლოში მ. (შემდგომ – პირველი მოპასუხე) და ბ.ბ–ების (შემდგომ – მეორე მოპასუხე) მიმართ და მოითხოვეს, ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი 2003 წლის 19 მაისს მოპასუხეებს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულება თელავის რაიონის სოფელ .... მდებარე, ს/კ №......., მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ საცხოვრებელ სახლზე, ზედდების ფარგლებში, განაცხადის რეგისტრაციის №882012410157, 882012410178 და 882012410222; მოსარჩელეები ცნობილ იქნენ ზემოაღნიშნული უძრავი ნივთის თანამესაკუთრეებად, თანაბარწილად.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სასოფლო-სამეურნეო რეფორმის შედეგად მათ მამას, აწ გარდაცვლილ ვ., იგივე ვ.ბ–ძეს (შემდგომ - მოსარჩელეთა მამა) 1997 წლის 16 ივნისის №424 მიღება-ჩაბარების აქტით საკუთრებაში გადაეცა მიწის რეფორმამდე არსებული, თელავის რაიონის სოფელ ....... მდებარე 0.23 ჰა მიწის ნაკვეთი სახლთან ერთად, 153.5 მეტრი სიგრძით და 15 მეტრი სიგანით. აღნიშნულის საფუძველზე 2000 წლის 12 სექტემბერს თელავის სარეგისტრაციო სამსახურმა გასცა მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობები. მოსარჩელეთა მამის კომლის კუთვნილ მიწის ნაკვეთებს მიენიჭათ სარეგისტრაციო ნომრები №......(განაცხადის რეგისტრაციის №17975/00), 536 კვ.მ დაზუსტებული ფართით, სადაც დგას სახლი; ს/კ №........ (განაცხადის რეგისტრაციის №17976/00), დაზუსტებული 800.90 კვ.მ და 851.27 კვ.მ, ს/კ №........, ფართით (განაცხადის რეგისტრაციის №317977......).

3. 2010 წლის 2 მაისს მოსარჩელეთა მამა გარდაიცვალა, ხოლო 2011 წლის 8 სექტემბერს - დედა, ა.ბ–ძე, რის შემდეგაც მოსარჩელეებმა მიმართეს ნოტარიუსს სამკვიდრო მოწმობის მისაღებად. ამ პერიოდში შეიტყეს, რომ 2003 წლის 2 მაისს სადავო ქონება მათი მამის ძმის ცოლს - პირველ მოპასუხეს თელავის ტექინვენტარიზაციის ბიუროში დაურეგისტრირებია საკუთარ სახელზე, ხოლო 14 მაისს საჯარო რეესტრში აღურიცხავს მოსარჩელეების მშობლების სახლის ნაწილი მიწის ნაკვეთების ნაწილებთან ერთად, 3099 კვ.მ-ის მოცულობით. 2003 წლის 19 მაისს კი პირველმა მოპასუხე სადავო ქონება აჩუქა თავის შვილს - მეორე მოპასუხეს, რაც თელავის სარეგისტრაციო სამსახურში აღირიცხა ჯერ №53/02/05/01 სარეგისტრაციო კოდით, ხოლო ამჟამად ირიცხება №......... საკადასტრო კოდით.

4. მოსარჩელეებმა ზემოაღნიშნული ჩუქება სადავოდ გადახდეს, თუმცა თელავის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

5. პირველმა მოსარჩელემ წარადგინა სამკვიდრო მოწმობა, საკუთრების მოწმობები, შესრულებული ელექტრონული ნახაზები და 2012 წლის 31 ივლისს რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართა თელავის სარგისტრაციო სამსახურს, რათა სამკვიდრო ქონება თანაბარწილად დარეგისტრირებულიყო მოსარჩელეთა სახელზე, მაგრამ 2012 წლის 6 აგვისტოს მიიღო №018822410222-03, 882012410178-03 და № 882012410157-03 გადაწყვეტილებები, სარეგისტრაციო წარმოებათა შეჩერების შესახებ, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, კერძოდ, განცხადებას თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამებოდა მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის (ს/კ ......) საზღვრებში, შესაბამისად, მოთხოვნილ იქნა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენა.

6. 2012 წლის 30 აგვისტოს მოსარჩელეებმა საჩივრით მიმართეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვეს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საზღვრებისა და ფართის დაზუსტება წარდგენილი კადასტრით.

7. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2012 წლის 5 სექტემბრის №147223 გადაწყვეტილებით მათ უარი ეთქვათ საჩივრის დაკმაყოფილებაზე, რაც გაასაჩივრეს თელავის რაიონულ სასამართლოში.

8. თელავის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი თელავის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2012 წლის 6 აგვისტოს მიღებული №882012410222-03, 882012410178-03 და №882012410157-03 გადაწყვეტილებები სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული საგენტოს მიერ 2012 წლის 5 სექტემბერს მიღებული 139088 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, თელავის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2012 წლის 6 სექტემბერს მიღებული 882012410222-03, №882012410178-03 და 882012410157-03 გადაწყვეტილებები სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2012 წლის 18 სექტემბერს მიღებული №147223 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თელავის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა სადავო უძრავ ქონებასთან მიმართებით, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა წინამდებარე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, რომელიც მიღებული იქნებოდა საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შესწავლის საფუძველზე.

9. არ დაკმაყოფილდა სარჩელი თელავის სარეგისტრაციო სამსახურისათვის მოპასუხეების სააღრიცხვო ბარათებსა და საკადასტრო მონაცემებში (დღეის მონაცემებით უძრავ ნივთზე სარეგისტრაციო კოდით №53........) ცვლილებების შეტანის დავალდებულებისა და წარდგენილი კადასტრით მემკვიდრეობით მიღებულ უძრავ ნივთებზე მ.ს–ძის და ლ.ბ–ძის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ აქტის გამოცემის დავალების თაობაზე.

10. თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი თელავის სარეგისტრაციო სამსახურის ჩანაწერი პირველი მოპასუხის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, უძრავ ნივთზე მდებარე თელავის რაიონის სოფელ ......, საკადასტრო კოდით №......... (წინა საკადასტრო კოდი №.......). არ დაკმაყოფილდა სარჩელი მეორე მოპასუხის სახელზე განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერის უძრავ ნივთზე, მდებარე თელავის რაიონის სოფელ ........, საკადასტრო კოდით №....... (წინა საკადასტრო კოდი №.........) ბათილად ცნობის თაობაზე იმ მოტივით, რომ მოპასუხეებს შორის 2003 წლის 19 მაისს დადებული ჩუქების ხელშეკრულება სადავო უძრავ ნივთზე ძალაში იყო.

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებაზე მოსარჩელეთა საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის განჩინებით (საქმე №ბს-859-848(2კ-16) დაუშვებლად იქნა ცნობილი. საკასაციო პალატამ განმარტა, რომ სამოქალაქო დავის ფარგლებში ჩუქების ხელშეკრულება მართლზომიერად იქნა მიჩნეული, რადგან პირველი მოპასუხის სახელზე განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერი სადავოდ არ იყო გამხდარი და, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 312-ე მუხლიდან გამომდინარე, სარეგისტრაციო ჩანაწერის გათვალისწინებით, პირველი მოპასუხე მიიჩნეოდა გაჩუქებული ნივთის მესაკუთრედ, შესაბამისად, ჩუქება განხორციელებული იყო უფლებამოსილი პირის მიერ. განსახილველი ადმინისტრაციული დავის შედეგის გათვალისწინებით იცვლება ფაქტობრივი მდგომარეობა, რადგან ჩუქების ხელშეკრულების საფუძვლად არსებული, პირველი მოპასუხის სახელზე განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერი ბათილად არის ცნობილი, ამდენად, წარმოიშობა ახალი საფუძვლით დავის დაწყების შესაძლებლობა.

13. მოსარჩელე მხარის მითითებით, სასამართლო აქტებით დადგენილია, რომ მოპასუხეთა შორის ჩუქების ხელშეკრულებით გასხვისდა მოსარჩელეთა მამის კუთვნილი ქონების ნაწილი, კერძოდ, 2300 კვ.მ-დან 1999.6 კვ.მ და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლის მოსარჩელეთა მამის კუთვნილი წილი.

14. მეორე მოპასუხისათვის ცნობილი იყო, რომ სადავო უძრავი ნივთი პირველ მოპასუხეს არ ეკუთვნოდა, რადგან ჯერ კიდევ ჩუქებამდე მას ფლობდნენ მისი ბიძა და ბიცოლა (მოსარჩელეთა მშობლები). ორივე მათგანი გარდაიცვალა სადავო სამკვიდრო სახლში, საიდანაც ორივე დაკრძალეს. დღემდე სადავო უძრავი ნივთის კუთვნილ ნაწილს ფლობენ მოსარჩელეები, რაც ადასტურებს, რომ მეორე მოპასუხე არაკეთილლსინდისიერი შემძენია, ხოლო მოსარჩელეები, სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, სადავო უძრავი ნივთის კანონიერი მფლობელები და მესაკუთრეები არიან.

მოპასუხე მხარის პოზიცია:

15. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ მოსარჩელეთა მამამ მიღებული მიწის ნაკვეთები მალევე გაასხვისა, ხოლო მოსარჩელეები ცდილობენ სასამართლოს შეცდომაში შეყვანას. კანონის თანახმად, არსებობს საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობის პრეზუმფცია. მოცემულ ქონებაზე რეესტრის ჩანაწერი სადავოდ არასდროს გამხდარა, არავის არ გაუპროტესტებია არც მიწის ნაკვეთის კონფიგურაცია, არც ფართი და არც ინფორმაცია მომიჯნავე მესაკუთრეთა წრის შესახებ. ამგვარად, მოპასუხე მხარის საკუთრების კონსტიტუციური უფლება არ უნდა დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ. მოსარჩელეთა მიერ წარდგენილი არცერთი ნახაზი, რომლებიც დატანილია მიწის სარეგისტრაციო მოწმობებზე, არ ემთხვევა პირველი მოპასუხის თავდაპირველ საკუთრებაში (ასევე, ამჟამინდელი კონფიგურაცით მოცემულ საკუთრების დოკუმენტებში და ნახაზებში) არსებული მიწის ნაკვეთის პარამეტრებს, სიგრძეს, სიგანეს, სივრცობრივ განლაგებას, მომიჯნავე ნაკვეთების მესაკუთრეთა ვინაობას. არსებული მიწის ნაკვეთი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ იმ ადგილზე ირგვლივ არსებული ტყის მასივის და მეზობლების საკარმიდამო ნაკვეთების გათვალისწინებით, სადავო წარმოდგენილი (მოსარჩელეების ვერსიით) ნაკვეთის ფართმა შეადგინოს 4568.09 კვ.მეტრი. საკარმიდამო ნაკვეთი არის იმ ფართის, რაც აღრიცხულია საჯარო რეესტრის ამონაწერში, ს/კ ......., და მისი ფართია 3128.00 კვ.მ. შესაბამისად, ნაკვეთის გადაფარვა ანდა სხვაგვარი გაიგივება კანონის და ზუსტ მეცნიერებათა პრინციპებზე დაყრდნობით შეუძლებელია.

16. სადავო უძრავი ქონება საკუთრების უფლებით ეკუთვნოდა მოსარჩელეებისა და მეორე მოპასუხის ბაბუას, რომლის გარდაცვალების შემდეგ ანდერძით მემკვიდრეობა მიიღო მისმა გერმა მეორე ქორწინებიდან. 1981 წლის 12 თებერვალს სანოტარო წესით გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით მან საცხოვრებელი სახლი მიჰყიდა ა.ბ–ძეს - პირველი მოპასუხის მეუღლეს. ამავე სახლთან მამისეული ნაკვეთიდან მას გამოეყო 0.06 ჰა მიწის ნაკვეთი. ამდენად, ძმებს მამისგან მემკვიდრეობა არ მიუღიათ. შესაბამისად, მოსარჩელეების მამას აღნიშნულ ქონებაზე საკუთრების უფლება ვერ წარმოეშობოდა.

17. 1986 წლიდან სადავო საცხოვრებელ სახლში კომლის ერთადერთ წევრად ირიცხეობდა პირველი მოპასუხე, შესაბამისად, მოსარჩელეთა მამა ამ კომლის ქონების თანამესაკუთრე ვერ იქნებოდა. პირველმა მოპასუხემ სადავო უძრავი ნივთი 1987 წლის 12 თებერვალს საკუთრებაში მიიღო მეუღლისაგან.

18. მოსარჩელეების მშობლები ჩაწერილი არიან სოფელ ....... საკომლო დავთრებში, მაგრამ ეს ჩანაწერი არ ადასტურებს, რომ მათი რეგისტრაცია მოპასუხეთა სახლზეც ვრცელდება.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

19. თელავის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი 2003 წლის 19 მაისს მოპასუხეებს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულება უძრავ ნივთზე, მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდით №......., რომელიც მოიცავს მოსარჩელეთა მამის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს საკადასტრო კოდებით №........ (დაზუსტებული ფართით 800.90 კვ.მ. და №......... (დაზუსტებული ფართით 851.27 კვ.მ), №........., №......... საკადასტრო კოდების მქონე მიწის ნაკვეთებზე მოსარჩელეები თანაბარწილად ცნობილ იქნენ თანამესაკუთრეებად. მოსარჩელეებს სარჩელის დანარჩენ მოთხოვნაზე ეთქვათ უარი, რაც ორივე მხარემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

20. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეთა სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ნაწილობრივ გაუქმდა და სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი 2003 წლის 19 მაისს მოპასუხეებს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულება უძრავ ნივთზე, მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდით №.........., რომელიც მოიცავს მოსარჩელეთა მამის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს, საკადასტრო კოდებით №......... (დაზუსტებული ფართით 800.90 კვ.მ), №.......... (დაზუსტებული ფართით 851.27 კვ.მ), №......... (დაზუსტებული ფართით 536 კვ.მ), საკადასტრო კოდებით №......., №.........., №......... მიწის ნაკვეთებზე მოსარჩელეები თანაბარწილად ცნობილ იქნენ თანამესაკუთრეებად, გარდა №......... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე მდგარი საცხოვრებელი სახლისა და მის ქვეშ არსებული მიწის ფართისა, სხვა ნაწილში მოსარჩელეების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ასევე, უარი ეთქვა მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარს შემდეგ გარემოებათა გამო:

21. მოსარჩელე ლ.ბ–ძის უფლებამონაცვლეებად მოცემულ საქმეში ჩაებნენ გ. და ბ–ები.

22. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2014 წლის 25 აპრილის დასკვნით დგინდება, რომ თელავის რაიონის სოფელ ......., საქართველოს მიწის მართვის დეპარტამენტის მიერ მოსარჩელეთა მამის სახელზე №........., №......... და №......... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების, ასევე, ამავე დეპარტამენტის მიერ, პირველი მოპასუხის სახელზე №........., №......... და №......... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების მდგომარეობა, აღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე ფაქტობრივად განთავსებული შენობა-ნაგებობის არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, განისაზღვრა საქართველოში მოქმედი გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში. თელავის რაიონის სოფელ ........., საქართველოს მიწის მართვის დეპარტამენტის მიერ მოსარჩელეთა მამის სახელზე №........., №......... და №......... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები, ასევე, ამავე დეპარტამენტის მიერ, პირველი მოპასუხის სახელზე №........., №......... და №......... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები (გაორიენტირებული), რომელთა ფართი ერთობლიობაში შეადგენს 4 568.09 კვ.მ-ს, ფარავს დღევანდელი მდგომარეობით საჯარო რეესტრში მეორე მოპასუხის სახელზე №......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს. გადაფარვის ფართი შეადგენს 2737.7 კვ.მ-ს. საქართველოს მიწის მართვის დეპარტამენტის მიერ მოსარჩელეთა მამისა და პირველი მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები ერთობლიობაში კონფიგურაციით და საერთო ფართით მნიშვნელოვნად განსხვავდება საჯარო რეესტრში მეორე მოპასუხის სახელზე №......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისაგან. თელავის რაიონის სოფელ ........., საქართველოს მიწის მართვის დეპარტამენტის მიერ მოსარჩელეთა მამისა და პირველი მოპასუხის სახელზე №......... და №......... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობა, რომელიც, ამავდროულად, წარმოადგენს თელავის რაიონის რეესტრის მიერ 2002 წლის 2 მაისს პირველი მოპასუხის სახელზე შედგენილ ტექნიკურ პასპორტში თანდართულ მიწის ნაკვეთის გეგმაზე განთავსებულ შენობა-ნაგებობას, მისი ფაქტობრივი მდგომარეობით მთლიანად ხვდება საჯარო რეესტრში მეორე მოპასუხის სახელზე №......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე. თელავის რაიონის სოფელ ........., თელავის რაიონის რეესტრის მიერ 2002 წლის 2 მაისს პირველი მოპასუხის სახელზე შედგენილ ტექნიკურ პასპორტში თანდართულ გეგმაზე მოხაზული მიწის ნაკვეთი, რომლის ფართი შეადგენს 3099 კვ.მ-ს და საჯარო რეესტრში მეორე მოპასუხის სახელზე №......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი, რომლის ფართი შეადგენს 3128.0 კვ.მ-ს, ფარავს ერთმანეთს. გადაფარვის ფართი შეადგენს 1999.6 კვ.მ-ს. აღნიშნული მიწის ნაკვეთები კონფიგურაციითა და საერთო ფართით მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან.

23. სადავო უძრავი ქონება ეკუთვნოდა მოსარჩელეთა და მეორე მოპასუხის ბაბუას. მოსარჩელეების მამა და მეორე მოპასუხის მამა არიან მისი შვილები. მეორე მოპასუხის ბაბუა გარდაიცვალა 1981 წელს.

24. მოსარჩელეთა მამა გარდაიცვალა 2010 წლის 2 მაისს, დედა კი - 2011 წლის 24 სექტემბერს.

25. მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობებით, მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათებით, 1997 წლის 16 ივნისის №424 მიღება-ჩაბარების აქტით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის პირველ და 6 დეკემბერს გაცემული №181538 და №184027 ცნობებით დასტურდება, რომ სასოფლო-სამეურნეო რეფორმის შედეგად მოსარჩელეების აწ გარდაცვლილ მამას 1997 წლის 16 ივნისის №424 მიღება-ჩაბარების აქტით საკუთრებაში გადაეცა მიწის რეფორმამდე არსებული მიწის ნაკვეთი თელავის რაიონის სოფელ ........., სახლთან, 0.23 ჰა-ს ოდენობით, 153.5 მეტრის სიგრძით, 15 მეტრი სიგანით. აღნიშნულის საფუძველზე 2000 წლის 12 სექტემბერს თელავის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაიცა მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობები. მოსარჩელეთა მამის კომლის კუთვნილ მიწის ნაკვეთებს მიენიჭათ სარეგისტრაციო ნომრები №......... (განაცხადის რეგისტრაციის №17975/00), 536,30 კვ.მ დაზუსტებული ფართით, სადაც დგას სახლი; №......... (განაცხადის რეგისტრაციის №17976/00), 800.90 კვ.მ დაზუსტებული ფართით და №........., 851.27 დაზუსტებული ფართით (განაცხადის რეგისტრაციის 317977/00). თელავის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ საქმეზე წარმოდგენილი მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათების თანახმად, ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთების მოსარჩელეთა მამის კომლის საკუთრებად აღრიცხვის საფუძვლად მითითებულია სასოფლო-სამეურნეო მიწის მიღება-ჩაბარების აქტი №424 .

26. მოსარჩელეების მამის სახელზე აღრიცხული მიწის ნაკვეთები საკადასტრო კოდებით - №......... (800.90 კვ.მ დაზუსტებული ფართი) და №......... (851.27კვ.მ დაზუსტებული ფართით) მოქცეულია მიწის ნაკვეთში, საკადასტრო კოდით №........., რომელიც აღრიცხულია მეორე მოპასუხის სახელზე და ამ უკანასკნელს მიღებული აქვს საჩუქრად პირველი მოპასუხისაგან. აღნიშნულის გამო, ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი 2003 წლის 19 მაისს მოპასუხეებს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულება უძრავ ნივთზე - მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდით №........., რომელიც მოიცავს მოსარჩელეთა მამის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს საკადასტრო კოდებით №......... (800.90 კვ.მ დაზუსტებული ფართით), №......... (851.27 კვ.მ დაზუსტებული ფართით) და №5302.332 (536 კვ.მ დაზუსტებული ფართით), ასევე, საკადასტრო კოდებით №........., №......... და №......... მიწის ნაკვეთებზე მოსარჩელეები თანაბარწილად ცნობილ იქნენ თანამესაკუთრეებად, გარდა №......... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე მდგარი საცხოვრებელი სახლისა და მის ქვეშ არსებული მიწის ფართისა.

27. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მოსარჩელეთა და მეორე მოპასუხის მამებს სადავო სახლი (მამის დანაშთი ქონება) მემკვიდრეობით არ მიუღიათ.

28. 1981 წლის 12 თებერვალს სანოტარო წესით დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, ს.ხ–გან სადავო (მამისეული) სახლი იყიდა მეორე მოპასუხის მამამ, რომლის სახელზე შედგენილი 1986 წლის საცხოვრებელი სახლის პროექტის თანახმად, ნაკვეთის ფართი შეადგენს 1268 კვ.მ-ს, ხოლო განაშენიანების ფართი - 105 კვ.მ დამტკიცებულია სასოფლო საბჭოს აღმასკომის 1986 წლის №10 ოქმის საფუძველზე. საკარმიდამო მიწის ნაკვეთის ფართი, რომელზედაც განთავსებულია სადავო საცხოვრებელი სახლი, შეადგენს 1268 კვ.მ ფართს, სანოტარო წესით დამოწმებული ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, მეორე მოპასუხის მამამ თელავის რაიონის სოფელ ......... მდებარე 100 კვ.მ საცხოვრებელი სახლი აჩუქა პირველ მოპასუხეს, ხოლო ამ უკანასკნელმა, 2003 წლის 19 მაისის ჩუქების ხელშეკრულების თანახმად, აჩუქა მეორე მოპასუხეს.

29. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ სადავო საცხოვრებელი სახლის მოსარჩელეთა ან მათი მამის სახელზე რეგისტრაცია საქმის მასალებით არ დასტურდება, თუმცა, პალატის მოსაზრებით, იგი არ გამორიცხავს, რომ მიწის ნაკვეთის, ს/კ ........., ჯერ პირველი, შემდეგ კი მეორე მოპასუხის საკუთრებაში მოქცევით შეილახა მოსარჩელეთა ინტერესები.

30. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მიწის ნაკვეთი, ს/კ ........., სასოფლო-სამეურნეო მიწის რეფორმის შედეგად 1997 წელს საკუთრებაში გადაეცა მოსარჩელეთა აწ გარდაცვლილ მამას, რომლის ნაწილზეც განთავსებულია დღეის მდგომარეობით მეორე მოპასუხის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის ნაწილი, ხოლო მიწის ნაკვეთი, ს/კ ........., ასევე, სასოფლო-სამეურნეო მიწის რეფორმის შედეგად საკუთრებაში გადაეცა პირველ მოპასუხეს, რომლის ნაწილზეც განთავსებულია დღეის მდგომარეობით მეორე მოპასუხის საკუთრებაში არსებული ზემოხსენებული საცხოვრებელი სახლის მეორე ნაწილი.

31. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო საცხოვრებელი სახლი არც მემკვიდრეობით და არც სხვა სამართლებრივი ფორმით მოსარჩელეების ან მათი მამის სახელზე არასოდეს ყოფილა აღრიცხული, საწინააღმდეგოდ ამისა იგი ჯერ მემკვიდრეობით (ა.ბ–ძის მეორე მეუღლემ ანდერძით გადასცა შვილს - ს.ხ–ს), შემდეგ ნასყიდობით (ს.ხ–მა მიჰყიდა ა.ბ–ძეს, ხოლო ამ უკანასკნელმა აჩუქა მეუღლეს - მ. ბ–ძეს) და ბოლოს ჩუქებით (მ. ბ–ძემ აჩუქა შვილს - ბ.ბ–ს) აღირიცხა მეორე მოპასუხის საკუთრებაში. ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად არ დასტურდება ის გარემოება, რომ აღნიშნული საცხოვრებელი სახლის განაშენიანების გაზრდა და გაფართოება განხორციელებული იყო მოსარჩელეთა მამის მიერ. ასევე დადგენილია, რომ მიწის ნაკვეთები ს/კ №......... და ს/კ №......... წარმოადგენენ მომიჯნავე მიწის ნაკვეთებს, რომლებზეც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი. აღნიშნული მიწის ნაკვეთებიდან კი მიწის ნაკვეთი, ს/კ №........., საკუთრების უფლებით მიღებული აქვს მოსარჩელეთა მამას, ხოლო მიწის ნაკვეთი, ს/კ ........., - პირველ მოპასუხეს. საკადასტრო აზომვითი ნახაზის კონფიგურაცია და ფართები, რაც საფუძვლად დაედო ჯერ პირველი მოპასუხის სახელზე 2003 წლის 2 მაისის რეგისტრაციას, ხოლო შემდეგ მისი შვილის, მეორე მოპასუხის სახელზე იმავე წლის 19 მაისის რეგისტრაციას, არ შეესაბამება და აცდენილია როგორც მოსარჩელეთა მამის, ასევე პირველი მოპასუხის სახელზე მიწის რეფორმის დროს შედგენილი იგივე მიწის ნაკვეთების კონფიგურაციას და ზომებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ის გარემოებაც, რომ არა თუ მოსარჩელეთა მამის სახელზე საკუთრების უფლებით გადაცემული №......... და №......... საკადასტრო კოდების მქონე მიწის ნაკვეთებია მოქცეული მეორე მოპასუხის სახელზე აღრიცხულ №......... მიწის ნაკვეთში, არამედ №......... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთიც, რომლის ნაწილზე განთავსებულია მეორე მოპასუხის კუთვნილი საცხოვრებელი სახლი. შესაბამისად, ამ ნაწილშიც უნდა იქნას ბათილად ცნობილი მოპასუხეთა შორის 2003 წლის 19 მაისის ჩუქების ხელშეკრულება, ოღონდ იმის გათვალისწინებით, რომ ვინაიდან სადავო საცხოვრებელი სახლის ერთპიროვნულ მესაკუთრეს წარმოადგენს მეორე მოპასუხე, საცხოვრებელი სახლის ქვეშ არსებული მიწის ნაკვეთიც უნდა დარჩეს მის საკუთრებაში.

კასატორების მოთხოვნები და საფუძვლები:

32. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მხარეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივრები.

33. მოპასუხეებმა მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმას შემდეგი საფუძვლებით:

34. მოპასუხე კასატორებმა აღნიშნეს, რომ მოცემული დავის არაერთხელ განხილვისას მოსარჩელემ ვერ დაადასტურა სადავო სახლზე საკუთრების უფლების წარმოშობის წინაპირობების არსებობა. მოსარჩელეთა მამის სახელზე არსებული მიწა მოპასუხეთა კუთვნილ უძრავ ქონებას არ ემიჯნება და სულ სხვა სექტორში მდებარეობდა, რაც მოწინააღმდეგე მხარემ უკვე გაასხვისა. პირველი მოპასუხისათვის უძრავი ქონების გადაცემის შესახებ მიღება-ჩაბარების აქტში მომიჯნავედ მოსარჩელეთა მამის კუთვნილი ნაკვეთი არ ფიქსირდება. სადავო უძრავი ქონების ტექპასპორტში მოპასუხის სახელზე არსებული ტექაღრიცხვის ჩანაწერი მოსარჩელე მხარეს სადავოდ არ გაუხდია. სარჩელი 2003 წლის 19 მაისის ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა ჯერ კიდევ 2012 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით. ქონების საერთო ფართი ორივე მხარისათვის შესაბამისი ფართის გადაცემის შესაძლებლობას არ იძლევა და ირღვევა მოპასუხეთა საკუთრების უფლება. მათ 2300 კვ.მ-ც კი არ რჩებათ.

35. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა სსკ-ის 1513-ე მუხლის დანაწესი.

36. მოპასუხე კასატორის განმარტებით, სახლის გაშენების ადგილი 600 კვ.მ ნაკვეთი პირველი მოპასუხის მეუღლეს გადაეცა ჯერ კიდევ სადავო უძრავ ქონებაზე პირველი მოპასუხის საკუთრების წარმოშობამდე. გაურკვეველია, რატომ მიანიჭა უპირატესობა სასამართლომ 1997 წელს მოსარჩელეთა მამის სახელზე გაცემულ მიღება-ჩაბარების აქტს.

37. მოსარჩელეებმა მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

38. მოსარჩელე კასატორთა მითითებით, სააპელაციო პალატამ არასწორად დაადგინა, რომ სადავო საცხოვრებელი სახლი წარმოადგენდა ერთ მთლიანობას. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ საქმეში წარდგენილია ადგილის დათვალიერების აქტი. მეორე მოპასუხისათვის ცნობილი იყო, რომ შენობა მხოლოდ პირველი მოპასუხის საკუთრებას არ წარმოადგენდა. ჩუქებამდე სადავო ნივთს ფლობდნენ მისი ბიძა - მოსარჩელეთა მამა და ბიცოლა. ორივე მათგანი სადავო სახლში გარდაიცვალა. მოცემულ მომენტამდე სახლის ნაწილს ფლობენ მოსარჩელეები. აღნიშნული ადასტურებს, რომ მეორე მოპასუხე ქონების არაკეთილსინდისიერი შემძენია, ხოლო მოსარჩელეები კანონიერი მფლობელნი და მესაკუთრენი არიან.

39. სააპელაციო პალატას არცერთი მტკიცებულების საფუძველზე არ გამოურიცხავს, რომ მოსარჩელეთა მამის სახელზე 1997 წლის 16 ივნისის №424 მიღება-ჩაბარების აქტის რეფორმამდელ გრაფაში მითითებულ მიწის ნაკვეთთან მიმდებარე სახლად იგულისხმებოდა არა მოსარჩელეთა მამის, არამედ მოპასუხეების საკუთრებად რეგისტრირებული საცხოვრებელი სახლის ნაწილი, რომელიც, ასევე, ფიქსირებულია მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე 2000 წლის 12 სექტემბერს თელავის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაცემულ მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობაში.

40. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მეორე მოპასუხის მამის სახელზე შედგენილი 1986 წლის საცხოვრებელი სახლის პროექტის თანახმად, პირველი მოპასუხის ნაკვეთის ფართია 1268 კვ.მ, ხოლო განაშენიანებისა - 105 კვ.მ. ასევე დადგენილია, რომ პირველ მოპასუხეს მეუღლემ სადავო ჩუქების საფუძველზე საკუთრებაში გადასცა 100 კვ.მ საცხოვრებელი სახლი. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, სადავო სახლის ფართია არა 105, არამედ 178.30 კვ.მ. მოპასუხეებს რაიმე დოკუმენტი ფართის გაზრდის შესახებ არ წარუდგენიათ. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა დაადასტურეს, რომ სადავო საცხოვრებელ სახლზე მიშენება მოსარჩელეთა მამამ აწარმოა.

41. კასატორმა მხარემ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დასტურდება სადავო შენობის მოსარჩელეთა კუთვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსების ფაქტი. ამდენად, სააპელაციო პალატამ დაარღვია საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებული საკუთრების უფლება, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც შენობის სადავო ნაწილზე საკუთრების უფლების უტყუარი დოკუმენტი მოპასუხე მხარეს არ წარუდგენია.

42. მხარემ საკუთარი პოზიციის დასასაბუთებლად მიუთითა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლის „ა“, „კ“ და „ლ“ პუნქტებზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებით დამტკიცებულ „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 39-ე მუხლზე, სსკ-ის 149-ე, 150-ე, 1513-ე-1515-ე მუხლებზე.

43. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის განჩინებებით საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

44. საკასაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე ჩაატარა ზეპირი განხილვა, რა დროსაც მხარეებს შესთავაზა მორიგება, თუმცა სასამართლოს ძალისხმევის მიუხედავად, მორიგების მიღწევა ვერ მოხერხდა. მოგვიანებით კი, საკასაციო საჩივრები ცნობილ იქნა დასაშვებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

45. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, მოცემული საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

46. უპირველესად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ” ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები.

47. აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, კანონმდებელი საქმის განხილვისას საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილებას ორგვარ საპროცესო-სამართლებრივ ფარგლებს უწესებს: 1. საკასაციო პალატა იხილავს დავას საკასაციო საჩივარში ასახულ არგუმენტებთან დაკავშირებით, რაც ეფუძნება სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედ, ფუნდამენტურ დისპოზიციურობის პრინციპს; 2. სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც ასახულია სააპელაციო პალატის გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში. ახალ გარემოებებზე მითითება მოცემულ ინსტანციაში დაუშვებელია.

48. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი:

49. სადავო უძრავი ქონება ეკუთვნოდა მოსარჩელეთა და მეორე მოპასუხის ბაბუას. მოსარჩელეების მამა და მეორე მოპასუხის მამა არიან მისი შვილები. მეორე მოპასუხის ბაბუა გარდაიცვალა 1981 წელს. სახლი სამკვიდროს სახით დარჩა ბაბუის მეუღლეს მეორე ქორწინებიდან, რომლისაგანაც საკუთრების უფლებით გადავიდა შვილზე - ს.ხ–ზე. შესაბამისად, მოსარჩელეთა და მეორე მოპასუხის მამებს სადავო სახლი (მამის დანაშთი ქონება) მემკვიდრეობით არ მიუღიათ.

50. მოსარჩელეთა მამა გარდაიცვალა 2010 წლის 2 მაისს, დედა კი - 2011 წლის 24 სექტემბერს.

51. 1981 წლის 12 თებერვალს სანოტარო წესით დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, ს.ხ–გან სადავო (მამისეული) სახლი იყიდა მეორე მოპასუხის მამამ, რომლის სახელზე შედგენილი 1986 წლის საცხოვრებელი სახლის პროექტის თანახმად, ნაკვეთის ფართი შეადგენს 1268 კვ.მ-ს, ხოლო განაშენიანების ფართი - 105 კვ.მ-ს, რაც დამტკიცებულია სასოფლო საბჭოს აღმასკომის 1986 წლის №10 ოქმის საფუძველზე. საკარმიდამო მიწის ნაკვეთის ფართი, რომელზედაც განთავსებულია სადავო საცხოვრებელი სახლი, შეადგენს 1268 კვ.მ ფართს, სანოტარო წესით დამოწმებული ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, მეორე მოპასუხის მამამ თელავის რაიონის სოფელ ......... მდებარე 100 კვ.მ საცხოვრებელი სახლი აჩუქა პირველ მოპასუხეს, ხოლო ამ უკანასკნელმა, 2003 წლის 19 მაისის სადავო ჩუქების ხელშეკრულების თანახმად, აჩუქა მეორე მოპასუხეს.

52. მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობებით, მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათებით, 1997 წლის 16 ივნისის №424 მიღება-ჩაბარების აქტით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის პირველ და 6 დეკემბერს გაცემული №181538 და №184027 ცნობებით დასტურდება, რომ სასოფლო-სამეურნეო რეფორმის შედეგად მოსარჩელეების აწ გარდაცვლილ მამას 1997 წლის 16 ივნისის №424 მიღება-ჩაბარების აქტით საკუთრებაში გადაეცა მიწის რეფორმამდე არსებული მიწის ნაკვეთი თელავის რაიონის სოფელ ........., სახლთან, 0.23 ჰა-ს ოდენობით, 153.5 მეტრის სიგრძით, 15 მეტრი სიგანით. აღნიშნულის საფუძველზე 2000 წლის 12 სექტემბერს თელავის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაიცა მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობები. მოსარჩელეთა მამის კომლის კუთვნილ მიწის ნაკვეთებს მიენიჭათ სარეგისტრაციო ნომრები №......... (განაცხადის რეგისტრაციის №17975/00), 536,30 კვ.მ დაზუსტებული ფართით, სადაც დგას სახლი; №......... (განაცხადის რეგისტრაციის №17976/00), 800.90 კვ.მ დაზუსტებული ფართით და №........., 851.27 დაზუსტებული ფართით (განაცხადის რეგისტრაციის 317977/00). თელავის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ საქმეზე წარმოდგენილი მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათების თანახმად, ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთების მოსარჩელეთა მამის კომლის საკუთრებად აღრიცხვის საფუძვლად მითითებულია სასოფლო-სამეურნეო მიწის №424 მიღება-ჩაბარების აქტი.

53. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2014 წლის 25 აპრილის დასკვნით დგინდება, რომ თელავის რაიონის სოფელ ........., საქართველოს მიწის მართვის დეპარტამენტის მიერ მოსარჩელეთა მამის სახელზე №........., №......... და №......... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების, ასევე, ამავე დეპარტამენტის მიერ, პირველი მოპასუხის სახელზე №........., №......... და №......... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების მდგომარეობა, აღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე ფაქტობრივად განთავსებული შენობა-ნაგებობის არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, განისაზღვრა საქართველოში მოქმედი გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში. თელავის რაიონის სოფელ ........., საქართველოს მიწის მართვის დეპარტამენტის მიერ მოსარჩელეთა მამის სახელზე №........., №......... და №......... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები, ასევე, ამავე დეპარტამენტის მიერ, პირველი მოპასუხის სახელზე №........., №......... და №......... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები (გაორიენტირებული), რომელთა ფართი ერთობლიობაში შეადგენს 4 568.09 კვ.მ-ს, ფარავს დღევანდელი მდგომარეობით საჯარო რეესტრში მეორე მოპასუხის სახელზე №......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს. გადაფარვის ფართი შეადგენს 2737.7 კვ.მ-ს. საქართველოს მიწის მართვის დეპარტამენტის მიერ მოსარჩელეთა მამისა და პირველი მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები ერთობლიობაში კონფიგურაციით და საერთო ფართით მნიშვნელოვნად განსხვავდება საჯარო რეესტრში მეორე მოპასუხის სახელზე №......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისაგან. თელავის რაიონის სოფელ ........., საქართველოს მიწის მართვის დეპარტამენტის მიერ მოსარჩელეთა მამისა და პირველი მოპასუხის სახელზე №......... და №......... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობა, რომელიც, ამავდროულად, წარმოადგენს თელავის რაიონის რეესტრის მიერ 2002 წლის 2 მაისს პირველი მოპასუხის სახელზე შედგენილ ტექნიკურ პასპორტში თანდართულ მიწის ნაკვეთის გეგმაზე განთავსებულ შენობა-ნაგებობას, მისი ფაქტობრივი მდგომარეობით მთლიანად ხვდება საჯარო რეესტრში მეორე მოპასუხის სახელზე №......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე. თელავის რაიონის სოფელ ........., თელავის რაიონის რეესტრის მიერ 2002 წლის 2 მაისს პირველი მოპასუხის სახელზე შედგენილ ტექნიკურ პასპორტში თანდართულ გეგმაზე მოხაზული მიწის ნაკვეთი, რომლის ფართი შეადგენს 3099 კვ.მ-ს და საჯარო რეესტრში მეორე მოპასუხის სახელზე №......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი, რომლის ფართი შეადგენს 3128.0 კვ.მ-ს, ფარავს ერთმანეთს. გადაფარვის ფართი შეადგენს 1999.6 კვ.მ-ს. აღნიშნული მიწის ნაკვეთები კონფიგურაციითა და საერთო ფართით მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან.

54. ამდენად, მოსარჩელეების მამის სახელზე აღრიცხული მიწის ნაკვეთები საკადასტრო კოდებით - №......... (800.90 კვ.მ დაზუსტებული ფართი) და №......... (851.27კვ.მ დაზუსტებული ფართით) მოქცეულია მიწის ნაკვეთში, საკადასტრო კოდით №........., რომელიც აღრიცხულია მეორე მოპასუხის სახელზე და ამ უკანასკნელს მიღებული აქვს საჩუქრად პირველი მოპასუხისაგან. აღნიშნულის გამო, ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი 2003 წლის 19 მაისს მოპასუხეებს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულება უძრავ ნივთზე - მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდით №........., რომელიც მოიცავს მოსარჩელეთა მამის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს საკადასტრო კოდებით №......... (800.90 კვ.მ დაზუსტებული ფართით), №......... (851.27 კვ.მ დაზუსტებული ფართით) და №...... (536 კვ.მ დაზუსტებული ფართით), ასევე, მიწის ნაკვეთებზე საკადასტრო კოდებით №........., №......... და №......... მოსარჩელეები თანაბარწილად ცნობილ იქნენ თანამესაკუთრეებად, გარდა №......... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე მდგარი საცხოვრებელი სახლისა და მის ქვეშ არსებული მიწის ფართისა.

55. მიწის ნაკვეთი, ს/კ ........., სასოფლო-სამეურნეო მიწის რეფორმის შედეგად 1997 წელს საკუთრებაში გადაეცა მოსარჩელეთა აწ გარდაცვლილ მამას, რომლის ნაწილზეც განთავსებულია დღეის მდგომარეობით მეორე მოპასუხის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის ნაწილი, ხოლო მიწის ნაკვეთი, ს/კ ........., ასევე, სასოფლო-სამეურნეო მიწის რეფორმის შედეგად საკუთრებაში გადაეცა პირველ მოპასუხეს, რომლის ნაწილზეც განთავსებულია დღეის მდგომარეობით მეორე მოპასუხის საკუთრებაში არსებული ზემოხსენებული საცხოვრებელი სახლის მეორე ნაწილი.

56. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი, ზემოთ მოყვანილი ფაქტების საწინააღმდეგოდ არცერთ კასატორს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია. ამასთან, ზემოაღნიშნული ფაქტები დადგინდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით იმავე მხარეებს შორის მიმდინარე დავაზე, რაც მოცემული საქმის მიმართ პრეიუდიციული ხასიათისაა.

57. ამდენად, წინამდებარე დავის ირგვლივ საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს რა მხარეთა კუთვნილი მიწის ნაკვეთების ურთიერთგადაფარვის შესახებ უტყუარად დადგენილ გარემოებას, მიიჩნევს, რომ ამჟამად მსჯელობის საგანია სადავო საცხოვრებელი სახლისა და იმ მიწის ნაკვეთის მიკუთვნების საკითხი, რომელზეც აღნიშნული ნაგებობა მდებარეობს.

58. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მოსარჩელე მხარემ სადავო საცხოვრებელ სახლზე საკუთრების უფლების წარმოშობა ვერ დაამტკიცა, შესაბამისად, სახლის მოპასუხე მხარის კუთვნილებაში არსებობის პირობებში, ფაქტობრივად, მეორე მოპასუხეს მიაკუთვნა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ის მიწის ნაკვეთიც, რომელზეც სადავო სახლის ნაწილია განთავსებული.

59. საკასაციო სასამართლო სააპელაციო პალატის მითითებულ მსჯელობას ვერ დაეთანხმება და აღნიშნავს, რომ მოცემული სამართლებრივი ურთიერთობის მიმართ გამოყენებული უნდა ყოფილიყო სსკ-ის 150-ე მუხლი.

60. ერთ-ერთ სამოქალაქო საქმეზე (საქმე №ას-1357-2022, 17 ნოემბერი, 2022 წელი) საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ სსკ-ის 150-ე მუხლი ადგენს ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილის ზოგად დეფინიციას, ასევე, განსაზღვრავს, რა მიიჩნევა მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილად: ნივთის შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკევებაც შეუძლებელია მთლიანი ნივთის ან ამ ნაწილის განადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე (ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი), ცალკე უფლების ობიექტად შეიძლება იყოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს განეკუთვნება შენობა-ნაგებობანი და ნივთები, რომლებიც მყარადაა დაკავშირებული მიწასთან და არ არის გამიზნული დროებითი სარგებლობისათვის, რაც ხელშეკრულებითაც შეიძლება განისაზღვროს.

61. ნივთის შემადგენელი ნაწილის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება სამოქალაქო ბრუნვის ტრადიციები, ხოლო თუ ასეთი არ არსებობს, თვით ნივთის სამეურნეო დანიშნულება. ნივთის შემადგენელ ნაწილად უნდა ჩაითვალოს ის, რაც მიზნობრივადაა დაკავშირებული მასთან. ასევე საჭიროა, რომ ამ კავშირის შედეგები განვიხილოთ, როგორც ერთიანი ნივთი. როცა ნივთების კავშირით იქმნება ერთიანი ნივთი, მაშინ არ შეიძლება ვისაუბროთ სხვადასხვა ნივთზე ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი საკუთრების უფლებით (იხ.: სუსგ №ას-263-2020, 6 ნოემბერი, 2020).

62. სსკ-ის 150-ე მუხლის მიზანია, შეინარჩუნოს ნივთების შეერთების შედეგად შექმნილი ერთიანი ნივთის ეკონომიკური ღირებულება და თავიდან აიცილოს ნივთის ეკონომიკური თვალსაზრისით მიზანშეუწონელი განცალკევება მხოლოდ იმ გარემოების გამო, რომ შესაძლებელი იყოს განცალკევებულ ნაწილებზე სხვადასხვა უფლების წარმოშობა (იხ.: ლევან თოთლაძე, სსკ-ის კომენტარი, წიგნი II, 2018, მუხ. 150, ველი 1). შესაბამისად, არსებითი შემადგენელი ნაწილის დახასიათებისას შეიძლება გამოვყოთ ძირითადი ნიშნები. არსებითი შემადგენელი ნაწილები ნივთის ისეთი ნაწილებია, რომლებიც: ა) შეუძლებელია ერთმანეთისაგან იმგვარად იქნეს დაშორებული, გამოცალკევებული, რომ ამით არ განადგურდეს ერთი ან მეორე ნაწილი (ნივთები, რომლებიც სხვა ნივთთან შეერთების შედეგად კარგავენ დამოუკიდებლობას და ერთი მთლიანი ნივთის ნაწილები ხდებიან); ან ბ) არ შეიცვალოს მათი ბუნება და დანიშნულება (გამოცალკევება შესაძლებელია, მაგრამ ეს უარყოფითად აისახება მათ ბუნებასა და დანიშნულებაზე, ასევე მათ ეკონომიკურ ღირებულებაზე). არსებითი შემადგენელი ნაწილის განსაზღვრისას გადამწყვეტია სამოქალაქო ბრუნვაში დამკვიდრებული შეხედულება ან ობიექტური დამკვირვებლის გონივრული განსჯა.

63. არსებითი შემადგენელი ნაწილის იურიდიული ბედი მთლიანადაა დაკავშირებული მთავარ ნივთთან და, როგორც წესი, იგი არ შეიძლება, იყოს ცალკე უფლების ობიექტი. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია არსებითი შემადგენელი ნაწილის დამოუკიდებლად განკარგვა. იგი განიკარგება მთავარ ნივთთან ერთად და ეს არაა დამოკიდებული ურთიერთობის მონაწილეთა ნებაზე (იხ.: სუსგ №ას-1163-1118-2016, 29 ივნისი, 2017 წელი). მაგალითად, თუ პირი ყიდულობს მიწას, ივარაუდება, რომ იგი ყიდულობს ამ მიწასთან დაკავშირებულ შენობა-ნაგებობებს და სხვა არსებით შემადგენელ ნაწილებს (იხ.: სუსგ №ას-471-2021, 8 ივლისი, 2022 წელი).

64. ნივთსა და არსებით შემადგენელ ნაწილს შორის არსებობს მუდმივი კავშირი. სწორედ ეს განაპირობებს კანონის დანაწესს, რომლის მიხედვითაც მთავარ ნივთზე საკუთრების უფლება ვრცელდება მის არსებით შემადგენელ ნაწილებზეც (სსკ-ის 171-ე მუხლი). ამდენად, თუ მოძრავი ნივთი გახდა უძრავი ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი, უძრავი ნივთის მესაკუთრე მოიპოვებს მასზე საკუთრების უფლებას (იხ.: თამარ შოთაძე, სანივთო სამართალი. სახელმძღვანელო სამართლის სკოლებისთვის, გამომცემლობა „მ.დიანი“, 2014წ., გვ.70). ის გარემოება, რომ ნივთი სხვა ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილია და იზიარებს სხვა ნივთის სამართლებრივ ბედს, უზრუნველყოფს ნივთების უსარგებლო დაზიანების თავიდან აცილებას (იხ.: ლევან თოთლაძე, სსკ-ის კომენტარი, წიგნი II, 2018, მუხ. 171, ველი 1).

65. სხვა შემთხვევაში (საქმე №ას-1777-2019, 20 ოქტომბერი, 2022 წელი) საკასაციო პალატამ მიუთითა სსკ-ის 150-ე მუხლზე და განმარტა, რომ ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილის იურიდიული ბედი მთლიანადაა დაკავშირებული მთავარ ნივთთან და, როგორც წესი, იგი არ შეიძლება, იყოს ცალკე უფლების ობიექტი, მასზე დამოუკიდებელი სანივთო უფლება არ წარმოიშობა. არსებითი შემადგენელი ნაწილი განიკარგება მთავარ ნივთთან ერთად და ეს არაა დამოკიდებული ურთიერთობის მონაწილეთა ნებაზე (იხ.: სუსგ №ას-1081-1110-2011, 10 ნოემბერი, 2011 წელი; №ას-500-476-2013, 21 ოქტომბერი, 2013 წელი). შესაბამისად, სსკ-ის 171-ე მუხლიდან (ნივთზე საკუთრების უფლება ვრცელდება ასევე ამ ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილებზედაც) გამომდინარე მოქმედებს კანონისმიერი პრეზუმფცია, რომ მიწის თანამესაკუთრეები სადავო შენობის თანამესაკუთრეებიც არიან.

66. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უძრავ ნივთზე საკუთრების მოპოვების შესახებ სამართლებრივ დოქტრინასა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილურ პრაქტიკას ეწინააღმდეგება, შესაბამისად, მოპასუხე მხარე ვერ მოიპოვებს საკუთრების უფლებას მოსარჩელეთა კუთვნილ მიწის ნაკვეთზე არსებული საცხოვრებელი სახლის სადავო ნაწილზე - აღნიშნული უძრავი ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილზე, არამედ პირიქით, არსებობს იურიდიული საფუძველი, მოსარჩელემ მოიპოვოს საკუთრების უფლება მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთზე განთავსებულ სახლის ნაწილზე.

67. ამავდროულად, საკასაციო სასამართლო მხარეთა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ამავე მხარეებს შორის, ამავე უძრავი ქონების ირგვლივ მიმდინარე როგორც სამოქალაქო, ისე ადმინისტრაციულ დავაზე მიღებული, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებებით დგინდება, რომ სადავო საცხოვრებელ სახლზე უფლების დამდგენი დოკუმენტი მოსარჩელეებს არ წარუდგენიათ.

68. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 412-ე მუხლი განსაზღვრავს ისეთ შემთხვევებს, როდესაც საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება საკასაციო ინსტანციაში შეუძლებელია. ასეთია დავის სწორად გადაწყვეტისათვის საჭირო მტკიცებულებების კვლევის აუცილებლობა.

69. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამგვარი საჭიროება მოცემულ საქმეზეც არსებობს, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად, კერძოდ:

70. წინამდებარე დავაზე დადგენილია, თუ რა ფართს მოიცავდა მხარეთა მიწის ნაკვეთების ზედდება, ასევე, დგინდება საცხოვრებელი სახლის სრული მოცულობა, თუმცა სასამართლოს არ გამოუკვლევია, სახლის რა ნაწილი მდებარეობს მოსარჩელე მხარის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე. ვინაიდან წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნა შეეხება უძრავი ქონების, მათ შორის, სადავო სახლის თანამესაკუთრედ ცნობას, დასახელებული გარემოების დადგენის გარეშე საქმეზე არსებითი, აღსრულებადი გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია.

71. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ, მის ხელთ არსებული პროცესუალური საშუალებების გამოყენებით, უნდა დაადგინოს სადავო საცხოვრებელი სახლის რა ნაწილი - ნაგებობის კონკრეტულად რამდენი კვადრატული მეტრი მდებარეობს მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე და, ზემოთ მოყვანილი მსჯელობის შესაბამისად, გადაწყვიტოს უძრავი ქონების მითითებული ნაწილის მიკუთვნების საკითხი.

72. სსსკ-ის 53-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლო ხარჯების საკითხზე სასამართლო იმსჯელებს დავის არსებითად გადაწყვეტის ეტაპზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.ს–ძის, გ. და ბ–ების საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. მ. და ბ.ბ–ების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

3. ნაწილობრივ გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელე მხარეს უარი ეთქვა №......... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე მდგარი საცხოვრებელი სახლისა და მის ქვეშ არსებული მიწის ფართის თანამესაკუთრედ ცნობაზე.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე

გიზო უბილავა