საქმე №ას-193-2025 2 ივნისი, 2025 წელი
თბილისი
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვლადიმერ კაკაბაძე, გიზო უბილავა
სამოქალაქო საქმეთა პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მ.მ–ის წარმომადგენლების ე.გ–ძისა და დ.კ-დ–ძის და განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის თაობაზე
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ა:
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 22 მაისის განჩინებით მ.მ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 19 დეკემბრის განჩინებაზე, საქმეზე – უ.მ–სა და მ.მ–ის სარჩელის გამო, მ.მ–ის მიმართ, სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობის, მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე, მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად. დასაშვებობის საკითხის განხილვა დაინიშნა 2025 წლის 30 მაისს, მხარეთა დასწრების გარეშე.
2025 წლის 21 მაისს, დასაშვებობის საკითხის განხილვამდე, საკასაციო პალატას განცხადებით მომართეს მ.მ–ის წარმომადგენლებმა ე.გ–ძემ და დ.კ-დ–ძემ და მოითხოვეს საჩივრის გახმობა.
სასამართლო მოხელე, მოთხოვნის დაზუსტების მიზნით დაუკავშირდა დ.კ-დ–ძეს, რომელმაც განმარტა, რომ მ.მ–ისთვის ცნობილია საკასაციო საჩივარზე უარის თქმის სამართლებრივი შედეგების შესახებ, ეთანხმება წარმოდგენილ განცხადებას და უარს ამბობს საკასაციო საჩივარზე.
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი განცხადება და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს და ადგენს მოსარჩელის უფლებას, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს მის მიმართ წარდგენილი მოთხოვნა, ანალოგიური უფლებით აღჭურავს მხარეს ამავე კოდექსის 83-ე მუხლი, უფრო მეტიც, 378-ე მუხლის ძალით (სსსკ-ის 399-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, ამ ნორმის გამოყენება დასაშვებია საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის განხილვისას) სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.
ამდენად, აპელანტი უფლებამოსილია, კანონით გათვალისწინებული შედეგების გათვალისწინებით, საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, დაუბრკოლებლად უარი განაცხადოს თავის სააპელაციო საჩივარზე. აღნიშნული წესი ვრცელდება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის უფლებაზეც, შესაბამისად, კასატორი უფლებამოსილია, თანამდევი სამართლებრივი შედეგის გათვალიწინებით, უარი განაცხადოს თავის საკასაციო საჩივარზე.
მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და 378-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მ.მ–ის საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება იმგვარად, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ძალაში იქნას დატოვებული.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ზემოხსენებული ნორმებიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში მ.მ–ს უნდა დაუბრუნდეს დ.კ-დ–ძის მიერ, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1655 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 49-ე, 272-ე, 372-ე, 374-ე, 378-ე, 399-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ.მ–ის წარმომადგენლების ე.გ–ძისა და დ.კ-დ–ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს, შეწყდეს საქმის წარმოება მ.მ–ის საკასაციო საჩივარზე მ.მ–ის მიმართ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 19 დეკემბრის განჩინებაზე.
2. ძალაში დარჩეს ქვემდგომი სასამართლოების მიერ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები.
3. მ.მ–ს (საბერძნეთის მოქალაქე, 3548…) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დ.კ-დ–ძის (პ/ნ ……..) მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 625 ლარი (საგადახდო დავალება №1738573130 / გადახდის თარიღი 03.02.2025) და 1030 ლარი (საგადახდო დავალება №9292 / გადახდის თარიღი 08.04.2025).
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე
გიზო უბილავა