საქმე №ას-900-2024
14 აპრილი 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
I კასატორი/მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური
I კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, შპს „ი.ჯ–ის“ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
II კასატორი/მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ი.ჯ–ი“
II კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, დაკისრებული პირგასამტეხლოს სრულად გაუქმება და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 08 თებერვლის განჩინება
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება, დაკისრებული პირგასამტეხლოს უკანონოდ აღიარება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
შპს „ი.ჯ–მა“ (შემდეგში ტექსტში „მოსარჩელე", „აპელანტი“ „II კასატორი“, „მიმწოდებელი“,) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდეგში ტექსტში „მოპასუხე", „აპელანტი“, „I კასატორი“, „შემსყიდველი“) მიმართ, დაკისრებული პირგასამტეხლოს უკანონოდ აღიარების მოთხოვნით.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - შპს „ი.ჯ–ის“ მიმართ, პირგასამტეხლოს - 58 461.82 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
4. მოპასუხე შპს „ი.ჯ–მა“ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 05 მაისის განჩინებით, საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად.
5. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 04 ნოემბრის გადაწყვეტილებით, შპს ,,ი.ჯ–ის’’ სარჩელი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიმართ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გაერთიანებული სარჩელი, შპს „ი.ჯ–ის“ მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
5.2 შპს ,,ი.ჯ–ს’’, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს ანაზღაურება 14 615.50 ლარის ოდენობით;
5.3 პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა და შპს „ი.ჯ–მა“. შპს „ი.ჯ–მა“, სააპელაციო საჩივრით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, თავდაპირველი სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო გაერთიანებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციურმა სამსახურმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, გაერთიანებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება და თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
6.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 08 თებერვლის განჩინებით, შპს „ი.ჯ–ისა“ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 04 ნოემბრის გადაწყვეტილება.
6.2 სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი გარემოებები:
6.2.1 2019 წლის 27 ნოემბერს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, როგორც შემსყიდველს და შპს ,,ი.ჯ–ს’’, როგორც მიმწოდებელს შორის დაიდო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, რომლის 1.1 პუნქტით ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებულ ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა კვებითი მომსახურების შესყიდვა წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
6.2.2 ხელშეკრულების 1.2 პუნქტის თანახმად, ამ ხელშეკრულების 1.1 მუხლით განსაზღვრულ ძირითად ნაწილთან ერთად მისი არსებითი პირობაა, ასევე მიმწოდებლისთვის ამ ხელშეკრულების თანახმად სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართების - მიწის ნაკვეთების ან/და შენობა-ნაგებობის ნაწილების სარგებლობაში გადაცემა.
6.2.3 ხელშეკრულების მე-2 მუხლის თანახმად, შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს დაწესებულებებში მოთავსებული ბრალდებულების/მსჯავრდებულების, ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარო სამმართველოს მოსამსახურეების გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეების და პენიტენციური დაწესებულებების მოსამსახურეების კვებითი მომსახურება.
6.2.4 ხელშეკრულების 3.7 პუნქტით ხელშეკრულების საერთო სავარაუდო ღირებულება
შეადგენს 73 077 497.50 ლარს.
6.2.5 ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი იძლევა გარანტიას, რომ შესყიდვის ობიექტის (მომსახურების) და მის მიერ მიწოდებული ყველა პროდუქტის ხარისხი უპასუხებს ხელშეკრულების პირობებს და დააკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს. ამავე ხელშეკრულების 4.2 პუნქტით განისაზღვრა მიმწოდებლის ვალდებულება კვებითი მომსახურების გაწევისას გამოიყენოს მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტი, ხოლო წარმოებული პროდუქციის უვნებლობამ და ხარისხმა დააკმაყოფილოს, როგორც საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები და მოქმედი სტანდარტები, ისე დანართი 1-ით გათვალისწინებული ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლები.
6.2.6 ხელშეკრულების 4.4 პუნქტის თანახმად, ამ მუხლით დადგენილი ნორმების დარღვევისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება ხელშეკრულების მე-9 მუხლის შესაბამისად. ამავე ხელშეკრულების 4.5 პუნქტის თანახმად, მხარეები აცხადებენ და ადასტურებენ, რომ ამ ხელშეკრულებით, ასევე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მომსახურების ხარისხი (მათ შორის მიწოდებული პროდუქტების, ასევე მისი მიწოდების ხარისხი, ნორმები და სხვა) არის ხელშეკრულების არსებითი პირობა და მიმწოდებლის ვალდებულების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლის დარღვევის (შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების) შემთხვევაშიც მიმწოდებელს არ აქვს უფლება მიუთითოს/დაეყრდნოს ამ ვალდებულების დარღვევის უმნიშვნელობაზე.
6.2.7 ხელშეკრულების 8.1.11 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მომსახურების გაწევა ამისთვის საჭირო რაოდენობის აუცილებელი წვრილმანი ინვენტარით (დანები, კოვზები, ჩამჩები, ჯამები, პატარა ქვაბები და პენიტენციურ დაწესებულებაში ნებადართული ინვენტარი), გაუფრთხილდეს მიღება- ჩაბარების აქტით გადაცემულ უძრავ-მოძრავ ქონებას, დაიცვას ინვენტარის სწორი ექსპლუატაციის და უსაფრთხო მოპყრობის წესები. არ გამოიყენოს მოძველებული გაცვეთილი, დაზიანებული ან სხვა რაიმე არსებითი მიზეზის გამო უხარისხო ინვენტარი.
6.2.8 ამავე ხელშეკრულების 8.1.16 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით დროულად (ხოლო შემსყიდველის მოთხოვნით - დაუყოვნებლივ, ბრალეული გაჭიანურების გარეშე) აწარმოოს მასზე გადაცემული ინვენტარისა და ტექნიკის პერიოდული პროფილაქტიკური შემოწმება/შეკეთება, მიმდინარე/კაპიტალური შეკეთების სარემონტო სამუშაოები, ხოლო ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ დაუბრუნოს შემსყიდველს მიღება-ჩაბარების აქტით გადაცემული ქონება გამართულ მდგომარეობაში. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ტექნიკა-დანადგარი მიმწოდებლის მიერ ექსპლუატაციის პროცესში დაზიანდა და არ ექვემდებარება შეკეთებას, ჩაანაცვლოს, სულ მცირე, ანალოგიური ტექნიკური პარამეტრების მქონე ტექნიკა-დანადგარით, ხოლო ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ შემსყიდველის ჩანაცვლებული ქონება გადასცეს გამართულ მდგომარეობაში. ინვენტარისა და ტექნიკის მდგომარეობის შესახებ გეგმიური შემოწმება ჩაატაროს კვარტალში ერთხელ მაინც, შემსყიდველის უფლებამოსილი პირების თანდასწრებით სათანადო ოქმის შედგენით.
6.2.9 ხელშეკრულების 9.7 პუნქტის თანახმად, უხარისხო ან ვადაგასული პროდუქტების აღმოჩენის შემთხვევაში მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.01%-ის ოდენობით უხარისხო ან ვადაგასული პროდუქტის თითოეულ სახეობაზე.
6.2.10 ხელშეკრულების 9.11 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების 8.1.1-8.1.34 მუხლების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მიმწოდებელს პირგასამტეხლო ეკისრება ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.03%-ის ოდენობით. ამავე ხელშეკრულების 9.13 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის მიერ არ შესრულდა/არაჯეროვნად შესრულდა ხელშეკრულებითა და სატენდერო წინადადებით გათვალისწინებული რომელიმე ვალდებულება და აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის/არაჯეროვნად შესრულებისთვის არ არის გათვალისწინებული ამ ხელშეკრულების მე-9 მუხლით, შემსყიდველს უფლება აქვს მოსთხოვოს მიმწოდებელს პირგასამტეხლოს გადახდა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.03%-ის ოდენობით.
6.2.11 ხელშეკრულების დანართი 1-ით განისაზღვრა მომსახურების გაწევისას გამოსაყენებელი პროდუქტების მიმართ დადგენილი მოთხოვნები. აღნიშნული დანართის მე-6 პუნქტით (ხილი, ბოსტნეული) განსაზღვრულია, შემდეგი - ,,სტაფილო - თითოეული მიწოდებული პარტია უნდა იყოს მშრალი, მკვრივი, საღი, სუფთა, მოყინვის გარეშე, არ უნდა აღენიშნებოდეს მექანიკური, ბაქტერიოლოგიური, სოკოვანი და სხვადასხვა მავნებლებისგან მიყენებული დაზიანებები, თითოეულის მინიმალური სიგრძე არანაკლებ 13-20 სმ’’. მე-7 პუნქტის თანახმად, ,,ჭარხალი - თითოეული მიწოდებული პარტია უნდა იყოს საღი, სუფთა, მშრალი, მკვრივი, პრიალა ზედაპირით, ნაკლებად ძარღვიანი. მუქი წითელი ფერის. არ უნდა აღენიშნებოდეს მექანიკური ბაქტერიოლოგიური, სოკოვანი და სხვადასხვა მავნებლებისგან მიყენებული დაზიანებები, ნეკროზული ლაქების გარეშე. ბოლქვის დიამეტრი 8-12 სმ-მდე. მიწის შემცველობა არ უნდა იყოს საერთო წონის 05%- ზე მეტი’’.
6.2.12 აღნიშნული დანართის მე-3 პუნქტის თანახმად (ცხოველური წარმოშობის პროდუქტები) - მიმწოდებელი ვალდებულია მიწოდების დაწყების წინ და შემდეგ თვეში ერთხელ წარმოადგინოს თევზის ფილეს მიკრობიოლოგიური კვლევის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია (აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული გამოცდის ოქმი); მიმწოდებელი ვალდებულია მიწოდების დაწყების წინ და შემდეგ სამ თვეში ერთხელ წარმოადგინოს თევზის ფილეს ქიმიურ მაჩვენებლებზე (ტყვია, კადმიუმი, ვერცხლისწყალი) კვლევის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია (აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული გამოცდის ოქმი); თითოეულ მიწოდებულ პარტიას თან უნდა ახლდეს შესაბამისობის სერტიფიკატი; სურსათი უნდა შეესაბამებოდეს შესაბამისობის სერტიფიკატით განსაზღვრულ მოთხოვნებს; თითოეულ მიწოდებულ პარტიას თან უნდა ახლდეს შესაბამისობის დეკლარაცია; სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს’’.
6.2.13 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის
2021 წლის 15 ივლისის №165739/01 წერილით, 2019 წლის 27 ნოემბრის ხელშეკრულების 9.7, 9.11 და 9.13 პუნქტების საფუძველზე, შპს ,,ი.ჯ–ს’’ დაეკისრა პირგასამტეხლო ჯამში 58 461.82 ლარის ოდენობით და განესაზღვრა ვალდებულების შესასრულებლად ორი სამუშაო დღე. აღნიშნული წერილის თანახმად, პირგასამტეხლოს დაკისრების ფაქტობრივ საფუძვლად განისაზღვრა №6 პენიტენციური დაწესებულების სასადილოში განხორციელებული ინსპექტირებისას გამოვლენილი შემდეგი გარემოებები: 1) სამზარეულოში იყო მწყობრიდან გამოსული სახარში ქვაბი (ამ ნაწილში ხელშეკრულების 9.11 პუნქტის საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა - 21 923.18 ლარი);
2) სტაფილოს ხარისხი არ აკმაყოფილებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს (ამ ნაწილში ხელშეკრულების 9.7 პუნქტის საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა - 7 307.73 ლარი);
3) ჭარხლის ხარისხი არ აკმაყოფილებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს (ამ ნაწილში ხელშეკრულების 9.7 პუნქტის საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა - 7 307.73 ლარი);
4) 25 ივნისს შემოტანილია თევზის სტეიკი, რომელსაც არ ახლავს შესაბამისობის დეკლარაცია, შესაბამისობის სერტიფიკატი და გამოცდის ოქმი (ამ ნაწილში ხელშეკრულების 9.13 პუნქტის საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა - 21 923.18 ლარი).
6.3 სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო გარემოება იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელემ დაარღვია ხელშეკრულების 9.7, 9.11 და 9.13 პუნქტების პირობა და განმარტა, რომ მართალია მიმწოდებელმა დაარღვია ვალდებულება, რაც ხელშეკრულების გათვალისწინებით პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველია, თუმცა დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა 58 461.82 ლარი, შეუსაბამოდ მაღალია და ექვემდებარებოდა შემცირებას.
6.4 ამასთან, პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ მოსარჩელემ ვერ დაძლია მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი. შესაბამისად, პალატამ ამ ნაწილში, შპს „ი.ჯ–ის“ სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებლად მიიჩნია და აღნიშნა, რომ გაერთიანებული სარჩელით მოპასუხის/მოწინააღმდეგე მხარის მიერ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება დაირღვა (აპელანტმა - შპს „ი.ჯ–მა“ ვერ დაადასტურა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების მის მიერ ჯეროვნად შესრულების ფაქტი).
6.5 რაც შეეხება, შპს „ი.ჯ–ის“ სააპელაციო საჩივრის პრეტენზიას გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის თაობაზე (აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ შემცირებული პირგასამტეხლო კიდევ უფრო უნდა შემცირდეს, ვინაიდან შეუსაბამოდ მაღალია) და ასევე სპეციალური პენიტენციური დაწესებულების სააპელაციო საჩივარს - გასაჩივრებული გადაწყვეტილებით შპს „ი.ჯ–ისთვის“ დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირებასთან დაკავშირებით (აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლოს არ უნდა შეემცირებინა პირგასამტეხლო და სრულად უნდა დაეკისრებინა), პალატამ განმარტა, მიუხედავად იმისა, რომ მიმწოდებელმა დაარღვია ვალდებულება (ხელშეკრულების 9.7, 9.11 და 9.13 პუნქტები), რაც ხელშეკრულების გათვალისწინებით პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველია, თუმცა დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა 58 461.82 ლარი, შეუსაბამოდ მაღალია და ექვემდებარებოდა შემცირებას.
6.6 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. შესაბამისად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის პარალელურად ვალდებულების შესრულების მოთხოვნა დაუშვებელია, თუ, რა თქმა უნდა, როგორც ეს განსახილველ შემთხვევაშია, დარღვევა ვადაგადაცილებაში არ მდგომარეობს.
6.7 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კერძოდ, სასამართლო უფლებამოსილია შეამციროს მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ანუ ფულადი თანხის ოდენობა, თუმცა, იმ პირობებში, როდესაც მხარეთა მიერ პირგასამტეხლოს გამოთვლის პრინციპი ხელშეკრულებითაა შეთანხმებული, სასამართლო თავისუფალი ნების ავტონომიის პირობებში, მოკლებულია შესაძლებლობას პირგასამტეხლოს გამოთვლის პრინციპი შეცვალოს. რაც შეეხება იმ გარემოებას, პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს.
6.8 სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და მიიჩნია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო უნდა შემცირებულიყო, რადგან პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პალატამ მხედველობაში მიიღო შესრულების ღირებულება, ვალდებულების მოცულობა, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის ხასიათი, ასევე, გაითვალისწინა პირგასამტეხლოს ფუნქცია, და მივიდა დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული/შემცირებული პირგასამტეხლო - 14 615.50 ლარის ოდენობით, გონივრულია და სრულად შეესაბამება მოვალის მიერ ხელშეკრულების დარღვევის ხასიათს და დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებს იძლეოდა.
6.9 რაც შეეხება აპელანტ - შპს „ი.ჯ–ის“ მოთხოვნას - გასაჩივრებული გადაწყვეტილებით შემცირებული პირგასამტეხლოს კიდევ უფრო შემცირების თაობაზე, პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია და განმარტა, რომ აპელანტს პირგასამტეხლოს შემცირებასთან დაკავშირებით სააპელაციო საჩივარში აღნიშნული აქვს მხოლოდ ის, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, პირგასამტეხლოს ოდენობა არ არის შესაბამისობაში დარღვევის ხასიათთან და დარღვეული ვალდებულების სავარაუდო ღირებულებასთან, რაც, რა თქმა უნდა, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების მიზნისთვის საკმარისი არ არის. აპელანტი ვალდებული იყო, სააპელაციო საჩივარში სრულყოფილად აესახა და დაესაბუთებინა თავისი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ მიიჩნევს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ/შემცირებულ პირგასამტეხლოს ოდენობას შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად, რაც მას არ განუხორციელებია. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული/შემცირებული პირგასამტეხლოს ოდენობის დამატებით შემცირების საფუძველი.
7. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
7.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 08 თებერვლის განჩინება, საკასაციო წესით გაასაჩივრეს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა და შპს „ი.ჯ–მა“.
7.2 I კასატორის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის განმარტებით, შპს „ი.ჯ–ის“ მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დარღვევის გამო სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, 2021 წლის 15 ივლისს გაუგზავნა N165739/01 წერილი, რომლითაც აცნობა, რომ, მან დაარღვია ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები და უნდა გადაეხადა პირგასამტეხლო თითოეულ დარღვევაზე ცალ-ცალკე კერძოდ: 1. სამზარეულოში მწყობრიდან გამოსული სახარში ქვაბის გამოყენების გამო, დარღვეულ იქნა ხელშეკრულების 8.1.11 პუნქტი და შესაბამისად სამსახურმა, შპს „ი.ჯ–ს“, მოსთხოვა პირგასამტეხლოს გადახდა ხელშეკრულების 9.11 პუნქტის თანახმად, სადაც განსაზღვრულია, რომ „ხელშეკრულების 8.1.11 პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში, მიმწოდებელს პირგასამტეხლო ეკისრება ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.03%-ის ოდენობით, რომელიც თანხობრივად შეადგენს 21 923,25 ლარს; 2. მე-6 დაწესებულების სასადილოში ხელშეკრულების დანართი N1-ის (ხილ,ბოსტნეული) მე-6 პუნქტი დარღვეულ იქნა შესაბამისად სამსახურმა, შპს „ი.ჯ–ს“, მოსთხოვა პირგასამტეხლოს გადახდა ხელშეკრულების 9.7 პუნქტის თანახმად, სადაც განსაზღვრულია, რომ „უხარისხო ან ვადაგასული პროდუქტების აღმოჩენის შემთხვევაში, მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.01%-ის ოდენობით, რომელიც თანხობრივად შეადგენს 7307.73 ლარს; 3. მე-6 დაწესებულების სასადილოში ხელშეკრულების დანართი N1-ის (ხილ,ბოსტნეული) მე-7 პუნქტი დარღვეულ იქნა შესაბამისად, სამსახურმა, შპს „ი.ჯ–ს“, მოსთხოვა პირგასამტეხლოს გადახდა ხელშეკრულების 9.7 პუნქტის თანახმად, სადაც განსაზღვრულია, რომ „უხარისხო ან ვადაგასული პროდუქტების აღმოჩენის შემთხვევაში, მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.01%-ის ოდენობით, რომელიც თანხობრივად შეადგენს 7307.73 ლარს; 4. მე-6 დაწესებულების სასადილოში, შესაბამისობის დეკლარაციის, შესაბამისობის სერთიფიკატის და გამოცდის ოქმის გარეშე შეტანილ იქნა თევზის სტეიკი, აღნიშნული დოკუმენტაციის გარეშე თევზის სტეიკის შეტანამ გამოიწვია ხელშეკრულების დანართი N1-ის (ცხოველური წარმოშობის პროდუქტი) მე-3 პუნქტის დარღვევა, შესაბამისად სამსახურმა, შპს „ი.ჯ–ს“, მოსთხოვა პირგასამტეხლოს გადახდა ხელშეკრულების 9.13. პუნქტის თანახმად, სადაც განსაზღვრულია, რომ „იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის მიერ არ შესრულდა/არაჯეროვნად შესრულდა ხელშეკრულებითა და სატენდერო წინადადებით გათვალისწინებული რომელიმე ვალდებულება და აღნიშნული ვალდებულებების შეუსრულებლობის/არაჯეროვნად შესრულებისათვის არ არის გათვალისწინებული პირგასამტეხლო ამ ხელშეკრულების მე-9 მუხლით, შემსყიდველს უფლება აქვს, მოსთხოვოს მიმწოდებელს პირგასამტეხლოს გადახდა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.03%-ის ოდენობით, რომელიც თანხობრივად შეადგენს 21 923,25 ლარს.
7.2.1 შპს „ი.ჯ–ისათვის“ ზემო აღნიშნული ოთხივე დარღვევაზე მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ჯამი შეადგენს სულ 58461,82 ლარს. აღნიშნული პირგასამტეხლო - შპს „ი.ჯ–მა“ არ გადაიხადა. აღნიშნული დარღვევა უდავოდ დადგენილია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ, თუმცა სასამართლომ მიუხედავად დარღვევების არსებობისა პირგასამტეხლო მაინც შეამცირა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გამოყენებით, რისი გამოყენების საფუძველი არ ჰქონდა, მართალია სასამართლოს შეუძლია გამოიყენოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი, თუმცა აუცილებელია არსებობდეს აღნიშნული მუხლის გამოყენების საფუძველი.
7.3 II კასატორის, შპს „ი.ჯ–ის“ განმარტებით, შპს „ი.ჯ–ს“ პირგასამტეხლო დაეკისრა ისეთი ქმედებისათვის, რომელიც ხელშეკრულების დარღვევას არ წარმადგენდა.
7.3.1 სპეციალურ პენიტენციურ სამსახურსა და შპს ი.ჯ–ს შორის გაფორმებული N11/66 სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება წარმოადგენს ნარდობის ხელშეკრულებას, რომლის საგანია კვებითი მომსახურების გაწევა. განსახილველ შემთხვევაში, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა შპს ი.ჯ–ს პირგასამტეხლოს გადახდა მოსთხოვა იმ საფუძვლით, რომ სტაფილოს და ჭარხლის ხარისხი არ აკმაყოფილებდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობებს. მნიშვნელოვანია, რომ შემოწმება განხორციელდა არა საკვების დამზადებისას, არამედ მაშინ, როდესაც პროდუქტი იყო დასაწყობებული. ამასთან, საუბარია არა კვებით მომსახურებაში გამოსაყენებლად გამზადებულ ბოსტნეულზე, არამედ დასაწყობებულ ბოსტნეულზე, რომელიც იმ სახით იყო დასაწყობებული, როგორი სახითაც შპს „ი.ჯ–ს“ მიაწოდა მისმა მიმწოდებელმა. როგორც პირველი, ასევე მეორე ინსტანციის სასამართლოს მიერ, აღნიშნული ქმედება შეფასებულ იქნა დარღვევად იმის გამო, რომ დასაწყობებული ბოსტნეული ჩათვალეს სპეციალური პენიტენციური სამსახურისათვის "მიწოდებულ" პროდუქტად.
7.3.2 II კასატორი განმარტავს, რომ არ ეთანხმება სასამართლოს მსჯელობას დარღვევის არსებითობასთან დაკავშირებით. სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს კვებითი მომსახურების გაწევა. განსახილველ შემთხვევაში, სპეციალური პენიტენციური სამსახური პირგასამტეხლოს დაკისრებას ითხოვს ისეთი ქმედებებისათვის, რომელიც გავლენას ვერ ახდენს კვებითი მომსახურების ხარისხზე. კვებითი მომსახურების ჯეროვნად შესრულებასთან დაკავშირებით მხარეთა შორის დავა საერთოდ არ არის, შესაბამისად, ბრალდებულებს და მსჯავრდებულებს მიეწოდათ ისეთი მზა კერძები, რომელიც ხელშეკრულებასთან შესაბამისი იყო. საქმეში წარმოდგენილია მიღება-ჩაბარების აქტიც, რომელიც აღნიშნულ გარემოებას ადასტურებს. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ დარღვევა იმდენად უმნიშვნელოა, რომ სამოქალაქო სამართალში დამკვიდრებული კეთილსინდისიერების პრინციპის გათვალისწინებით, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს არ აქვს უფლება მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდა.
7.3.3. II კასატორი განმარტავს, რომ არ ეთანხმება სასამართლოს მსჯელობას პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით. პირგასამტეხლო იმ ოდენობით, რომლის გაუქმებაზეც სასამართლომ უარი თქვა, არ არის შესაბამისობაში დარღვევის ხასიათთან და დარღვეული ვალდებულების სავარაუდო ღირებულებასთან. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ე.წ. "დარღვევა" არის ფორმალური. სახეზე არ არის რაიმე სახის ზიანი. არ არსებობს რაიმე სახის პრეტენზია კვებითი მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით. არც ერთ ბრალდებულის, მსჯავრდებულის ან პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის ჯანმრთელობა არ დაზიანებულა, არც მათი ჯანმრთელობის დაზიანების საფრთხე შექმნილა და არც რაიმე სახის პრეტენზია გამოთქმულა მათი მხრიდან. საქმეში არ არსებობს იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ხელშეკრულებასთან შეუსაბამო პროდუქცია გამოყენებულ იქნა კვებით მომსახურებაში.
8. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 და 31 ივლისის განჩინებებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნას წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
9. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
11. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
12. განსახილველ შემთხვევაში, პირველი კასატორის პრეტენზია ეფუძნება იმ გარემოებას, რომ სასამართლომ არასწორად იმსჯელა ხელშეკრულების პირობებზე და უსაფუძვლოდ შეამცირა დაკისრებული პირგასამტეხლო, ხოლო მეორე კასატორის საკასაციო პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობები არ არსებობდა, ვინაიდან ხელშეკრულება არ დარღვეულა.
13. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიერ შესაფასებელია თუ რამდენად არსებობდა ხელშეკრულების დარღვევის გამო, მოსარჩელისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინამძღვრები, ამასთან, გონივრულია თუ არა სააპელაციო პალატის მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა და ვლინდებოდა თუ არა მისი შემცირების საფუძველი.
14. პირველ რიგში, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაბუთებული/კვალიფიციური შედავება. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილია დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და მართებულია მათი სამართლებრივი შეფასებაც.
15. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებობდა კვებითი მომსახურების შესახებ სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლის საგანი, პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებულ ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა, ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარო სამმართველოს მოსამსახურეების გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეების და პენიტენციური დაწესებულებების მოსამსახურეების კვებითი მომსახურებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეთა შორის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლით გათვალისწინებული ნარდობის ხელშეკრულება დაიდო, რომელიც სინალაგმატურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება, რომლის მონაწილეებიც სამართლებრივ ურთიერთობაში ერთმანეთის მიმართ გამოდიან როგორც ურთიერთკრედიტორები, ისე - ურთიერთმოვალეები. სახელშეკრულებო ვალდებულება კი, მაშინ მიიჩნევა შესრულებულად, როდესაც თითოეული მხარე შეასრულებს თავის წილ ვალდებულებას. მხარეები ხსენებული ხელშეკრულების 8.1.11 პუნქტით შეთანხმდნენ, რომ მიმწოდებელი ვალდებული იყო არ გამოეყენებინა მოძველებული, გაცვეთილი, დაზიანებული ან სხვა რაიმე არსებითი მიზეზის გამო უხარისხო ინვენტარი.
16. ხელშეკრულების 4.2 პუნქტით განისაზღვრა მიმწოდებლის ვალდებულება კვებითი მომსახურების გაწევისას გამოიყენოს მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტი, ხოლო წარმოებული პროდუქციის უვნებლობამ და ხარისხმა დააკმაყოფილოს, როგორც საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები და მოქმედი სტანდარტები, ისე დანართი 1-ით გათვალისწინებული ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლები.
17. ხელშეკრულების 4.4 პუნქტის თანახმად, ამ მუხლით დადგენილი ნორმების დარღვევისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება ხელშეკრულების მე-9 მუხლის შესაბამისად. ამავე ხელშეკრულების 4.5 პუნქტის თანახმად, მხარეები აცხადებენ და ადასტურებენ, რომ ამ ხელშეკრულებით, ასევე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მომსახურების ხარისხი (მათ შორის მიწოდებული პროდუქტების, ასევე მისი მიწოდების ხარისხი, ნორმები და სხვა) არის ხელშეკრულების არსებითი პირობა და მიმწოდებლის ვალდებულების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლის დარღვევის (შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების) შემთხვევაშიც მიმწოდებელს არ აქვს უფლება მიუთითოს/დაეყრდნოს ამ ვალდებულების დარღვევის უმნიშვნელობაზე. ხელშეკრულების 8.1.11 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მომსახურების გაწევა ამისთვის საჭირო რაოდენობის აუცილებელი წვრილმანი ინვენტარით (დანები, კოვზები, ჩამჩები, ჯამები, პატარა ქვაბები და პენიტენციურ დაწესებულებაში ნებადართული ინვენტარი), გაუფრთხილდეს მიღება-ჩაბარების აქტით გადაცემულ უძრავ-მოძრავ ქონებას, დაიცვას ინვენტარის სწორი ექსპლუატაციის და უსაფრთხო მოპყრობის წესები. არ გამოიყენოს მოძველებული გაცვეთილი, დაზიანებული ან სხვა რაიმე არსებითი მიზეზის გამო უხარისხო ინვენტარი.
18. ხელშეკრულების 8.1.16 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით დროულად (ხოლო შემსყიდველის მოთხოვნით - დაუყოვნებლივ, ბრალეული გაჭიანურების გარეშე) აწარმოოს მასზე გადაცემული ინვენტარისა და ტექნიკის პერიოდული პროფილაქტიკური შემოწმება/შეკეთება, მიმდინარე/კაპიტალური შეკეთების სარემონტო სამუშაოები, ხოლო ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ დაუბრუნოს შემსყიდველს მიღება-ჩაბარების აქტით გადაცემული ქონება გამართულ მდგომარეობაში. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ტექნიკა-დანადგარი მიმწოდებლის მიერ ექსპლუატაციის პროცესში დაზიანდა და არ ექვემდებარება შეკეთებას, ჩაანაცვლოს, სულ მცირე, ანალოგიური ტექნიკური პარამეტრების მქონე ტექნიკა-დანადგარით, ხოლო ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ შემსყიდველის ჩანაცვლებული ქონება გადასცეს გამართულ მდგომარეობაში. ინვენტარისა და ტექნიკის მდგომარეობის შესახებ გეგმიური შემოწმება ჩაატაროს კვარტალში ერთხელ მაინც, შემსყიდველის უფლებამოსილი პირების თანდასწრებით სათანადო ოქმის შედგენით.
19. ხელშეკრულების 9.7 პუნქტის თანახმად, უხარისხო ან ვადაგასული პროდუქტების აღმოჩენის შემთხვევაში მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.01%-ის ოდენობით უხარისხო ან ვადაგასული პროდუქტის თითოეულ სახეობაზე.
20. ხელშეკრულების 9.11 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების 8.1.1-8.1.34 მუხლების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მიმწოდებელს პირგასამტეხლო ეკისრება ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.03%-ის ოდენობით.
21. ხელშეკრულების 9.13 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის მიერ არ შესრულდა/არაჯეროვნად შესრულდა ხელშეკრულებითა და სატენდერო წინადადებით გათვალისწინებული რომელიმე ვალდებულება და აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის/არაჯეროვნად შესრულებისთვის არ არის გათვალისწინებული ამ ხელშეკრულების მე-9 მუხლით, შემსყიდველს უფლება აქვს მოსთხოვოს მიმწოდებელს პირგასამტეხლოს გადახდა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.03%-ის ოდენობით.
22. ხელშეკრულების დანართი 1-ით განისაზღვრა მომსახურების გაწევისას გამოსაყენებელი პროდუქტების მიმართ დადგენილი მოთხოვნები. აღნიშნული დანართის მე-6 პუნქტით (ხილი, ბოსტნეული) განსაზღვრულია, შემდეგი - ,,სტაფილო - თითოეული მიწოდებული პარტია უნდა იყოს მშრალი, მკვრივი, საღი, სუფთა, მოყინვის გარეშე, არ უნდა აღენიშნებოდეს მექანიკური, ბაქტერიოლოგიური, სოკოვანი და სხვადასხვა მავნებლებისგან მიყენებული დაზიანებები, თითოეულის მინიმალური სიგრძე არანაკლებ 13-20 სმ’’. მე-7 პუნქტის თანახმად, ,,ჭარხალი - თითოეული მიწოდებული პარტია უნდა იყოს საღი, სუფთა, მშრალი, მკვრივი, პრიალა ზედაპირით, ნაკლებად ძარღვიანი. მუქი წითელი ფერის. არ უნდა აღენიშნებოდეს მექანიკური ბაქტერიოლოგიური, სოკოვანი და სხვადასხვა მავნებლებისგან მიყენებული დაზიანებები, ნეკროზული ლაქების გარეშე. ბოლქვის დიამეტრი 8-12 სმ-მდე. მიწის შემცველობა არ უნდა იყოს საერთო წონის 05%- ზე მეტი’’. აღნიშნული დანართის მე-3 პუნქტის თანახმად (ცხოველური წარმოშობის პროდუქტები) - მიმწოდებელი ვალდებულია მიწოდების დაწყების წინ და შემდეგ თვეში ერთხელ წარმოადგინოს თევზის ფილეს მიკრობიოლოგიური კვლევის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია (აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული გამოცდის ოქმი); მიმწოდებელი ვალდებულია მიწოდების დაწყების წინ და შემდეგ სამ თვეში ერთხელ წარმოადგინოს თევზის ფილეს ქიმიურ მაჩვენებლებზე (ტყვია, კადმიუმი, ვერცხლისწყალი) კვლევის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია (აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული გამოცდის ოქმი); თითოეულ მიწოდებულ პარტიას თან უნდა ახლდეს შესაბამისობის სერტიფიკატი; სურსათი უნდა შეესაბამებოდეს შესაბამისობის სერტიფიკატით განსაზღვრულ მოთხოვნებს; თითოეულ მიწოდებულ პარტიას თან უნდა ახლდეს შესაბამისობის დეკლარაცია; სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს’’.
8. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2021 წლის 15 ივლისის №165739/01 წერილით, 2019 წლის 27 ნოემბრის ხელშეკრულების 9.7, 9.11 და 9.13 პუნქტების საფუძველზე, შპს ,,ი.ჯ–ს’’ დაეკისრა პირგასამტეხლო ჯამში 58 461.82 ლარის ოდენობით და განესაზღვრა ვალდებულების შესასრულებლად ორი სამუშაო დღე. აღნიშნული წერილის თანახმად, პირგასამტეხლოს დაკისრების ფაქტობრივ საფუძვლად განისაზღვრა №6 პენიტენციური დაწესებულების სასადილოში განხორციელებული ინსპექტირებისას გამოვლენილი შემდეგი გარემოებები: 1) სამზარეულოში იყო მწყობრიდან გამოსული სახარში ქვაბი (ამ ნაწილში ხელშეკრულების 9.11 პუნქტის საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა - 21 923.18 ლარი);
2) სტაფილოს ხარისხი არ აკმაყოფილებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს (ამ ნაწილში ხელშეკრულების 9.7 პუნქტის საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა - 7 307.73 ლარი);
3) ჭარხლის ხარისხი არ აკმაყოფილებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს (ამ ნაწილში ხელშეკრულების 9.7 პუნქტის საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა - 7 307.73 ლარი);
4) 25 ივნისს შემოტანილია თევზის სტეიკი, რომელსაც არ ახლავს შესაბამისობის დეკლარაცია, შესაბამისობის სერტიფიკატი და გამოცდის ოქმი (ამ ნაწილში ხელშეკრულების 9.13 პუნქტის საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა - 21 923.18 ლარი).
23. საკასაციო პალატა, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობასა და დასკვნებს, იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელემ დაარღვია ხელშეკრულების 9.7, 9.11 და 9.13 პუნქტების პირობა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს”. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, „ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით”. ხოლო მე-3 ნაწილის მიხედვით, „საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით”.
24. განსახილველ შემთხვევაში კასატორმა სათანადოდ ვერ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის რეალიზება და მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა, რომ მას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად აქვს შესრულებული.
25. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კერძო სამართალში ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი მოქმედებს, რაც სსკ-ის მე-10 მუხლითაა რეგლამენტირებული, კერძოდ, სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს შეუძლიათ განახორციელონ კანონით აუკრძალავი, მათ შორის კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ნებისმიერი მოქმედება. იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულების მხარეები სწორედ თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში, საკუთარი შეხედულებისამებრ აყალიბებენ გარიგების პირობებს, კერძო სამართალი მათ მიერ ნაკისრი ვალდებულების განუხრელ დაცვას მოითხოვს. pacta sunt servanda- ს პრინციპის თანახმად, ხელშეკრულება უნდა შესრულდეს, რაც ხელშეკრულებისადმი ერთგულების გამოვლინებას წარმოადგენს. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (შეად. სუსგ-ებს: N ას-1079-2019, 30.09.2019წ.; N ას-672-2021 23.09.2021წ.; Nას-1194.2022, 8.06.2023წ.; N ას-480-2023 20.09.2023წ.; N ას-328-2023, 20.06.2023წ.; N ას-553-2023 28.09.2023წ.).
26. საკასაციო სასამართლო თავის ერთ-ერთ განჩინებაში მიუთითებს, რომ სამოქალაქო სამართლით განმტკიცებული მხარეთა ავტონომიურობის პრინციპი ყველაზე ნათლად ხელშეკრულების თავისუფლებაში გამოიხატება. ხელშეკრულების თავისუფლება ეფუძნება მხარეთა სურვილს, დაამყარონ კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობა. ხელშეკრულების თავისუფლება ორი ნაწილისაგან შედგება: ა) ხელშეკრულების დადების თავისუფლება; ბ) ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლება. ხელშეკრულების შინაარსის თავისუფალი განსაზღვრა გულისხმობს იმასაც, რომ სსკ-ის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადების მიხედვით, „კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას“. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსით განმტკიცებული ხელშეკრულების სახეები არ არის ამომწურავი. ხელშეკრულების მხარეებს, როგორც წესი უფლება აქვთ, დამოუკიდებლად აირჩიონ ხელშეკრულების ტიპიც და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულების შინაარსი. (იხ: სერგი ჯორბენაძე, ხელშეკრულების თავისუფლება სამოქალაქო სამართალში, თბილისი, 2017, გვ. 103; სუსგ Nას-405-2021; 29.06.2021წ.).
28. პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. „ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...", “პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შეად. სუსგ-ებს: N ას 848-814-2016, 28.12.2016; N ას-816-767-2015, 19.11.2015; N ას-953-918-2016, 22.11.2016).
29. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია აქვს: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და „აიძულებს“ ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ-ები: N ას-428-428-2018, 13.07.2018 წ; N ას-400-2023, 10.10.2023წ; N ას-835-2023, 25.10.2023წ; N ას-355-2019, 26.10.2023წ.; N ას-1164-2023, 4.12.2023წ; N ას-1218-2023, 10.01.2024წ; N ას-1210-2023. 18.01.2024წ; N ას-504-2024, 4.10.2024წ.).
30. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ დასკვნას, რომ მიმწოდებელის მიერ ნაკისრი ვალდებულების (ხელშეკრულების 9.7, 9.11 და 9.13 პუნქტები) დარღვევა, პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობას წარმოადგენს. თუმცა სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა, რომ მოპასუხეზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა 58 461.82 ლარი, შეუსაბამოდ მაღალია და ექვემდებარებოდა შემცირებას.
31. მეორე კასატორის პრეტენზია ისაა, რომ პირგასამტეხლო დაეკისრა ისეთი ქმედებისათვის, რომელიც ხელშეკრულების დარღვევას არ წარმოადგენდა და აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, კასატორი აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ შემოწმება (რომლის ფარგლებში დადგენილი იქნა, რომ სტაფილოს და ჭარხლის ხარისხი არ აკმაყოფილებდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობებს) განხორციელდა არა საკვების დამზადებისას, არამედ მაშინ, როდესაც პროდუქტი იყო დასაწყობებული. ამასთან, საუბარია არა კვებით მომსახურებაში გამოსაყენებლად გამზადებულ ბოსტნეულზე, არამედ დასაწყობებულ ბოსტნეულზე, რომელიც იმ სახით იყო დასაწყობებული, როგორი სახითაც შპს „ი.ჯ–ს“ მიაწოდა მისმა მიმწოდებელმა.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ზემოთ აღნიშნულ არგუმენტაციას და მიუთითებს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 9.7 პუნქტზე, რომლის თანახმად, უხარისხო ან ვადაგასული პროდუქტების აღმოჩენის შემთხვევაში მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.01%-ის ოდენობით უხარისხო ან ვადაგასული პროდუქტის თითოეულ სახეობაზე. საკასაციო პალატა, მეორე კასატორის ყურადღებას გაამახვილებს ასევე ხელშეკრულების დანართზე, რომლითაც განსაზღვრულია მომსახურების გაწევისას გამოსაყენებელი პროდუქტების მიმართ დადგენილი მოთხოვნები. ამგვარად, მხარეს, კვებითი მომსახურების გაწევისას, ეკისრებოდა ჯეროვანი მომსახურების ვალდებულება არამარტო საკვების დამზადების ეტაპზე, არამედ პროდუქტების მიღება-შენახვის ეტაპზეც (რაც გამოიხატებოდა ხარისხიანი, უსაფრთხო და დაუზიანებელი პროდუქტის მიწოდება-შენახვის დადგენილი ნორმების დაცვაში).
32. რაც შეეხება, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ განსაზღვრულ პირგასამტეხლოს ოდენობას (მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლო 58 461.82 ლარი სასამართლომ შეამცირა 14 615.50 ლარამდე);
30. საკასაციო სასამართლოს განმარტების თანახმად, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ)დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება“ (იხ. სუსგ-ები: N ას-816-767-2015, 19.11.2015წ.; Nას-428-428-2018, 13.07.2018 წ; Nას-603-2023, 20.07.2023წ; Nას-744-2023, 12.09.2023წ; Nას-355-2019, 29.10.2023წ; Nას-1164-2023, 4.12.2023წ; Nას-1218-2023, 10.01.2024წ; Nას-1210-2023. 18.01.2024წ; N ას-504-2024, 4.10.2024წ.).
31. „პირგასამტეხლო, როგორც უპირველესად კრედიტორის სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი მექანიზმი, ძალმოსილი შეიძლება იყოს მხოლოდ მაშინ, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას“. პირგასამტეხლოს მოთხოვნა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარღვევის საკითხი წინასწარაა განსაზღვრული, კერძოდ ვალდებულების დარღვევის როგორც იდენტიფიცირება, ისე მისი დადგენა უნდა იყოს შესაძლებელი, ხოლო ასეთი მოთხოვნის დაყენება კი არ უნდა მოდიოდეს შეუსაბამობაში საკანონმდებლო დანაწესებთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის თვალსაზრისით ყურადსაღებია მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის საკითხი. ვალდებულების დარღვევა შეიძლება გამოიხატოს როგორც ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებაში, ასევე ვალდებულების შეუსრულებლობაში. პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის ვალდებულების დარღვევა (შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება) აუცილებლად მოვალის ბრალეულობით უნდა იქნეს გამოწვეული. თუ არ დადგინდება მოვალის ბრალი, მაშინ მის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნასაც არ ექნება სამართლებრივი საფუძველი (იხ. სუსგ. საქმე N ას-768-2024, 08.02.2024წ).
32. სსკ-ის 420-ე მუხლის (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) მიხედვით, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. მართალია, პირგასამტეხლოს განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა, დასახელებული დანაწესი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, მხარის მოთხოვნის საფუძველზე იმსჯელოს და შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფი ვალდებულება (იხ. სუსგ-ები: Nას-1158-1104-2014, 6.05.2015წ.; N ას-1199-1127-2015, 13.04.2016 წ; Nას-708-678-2016, 27.01.2017 წ; N ას-51-2022, 22.07.2022წ; N ას-941-2022, 31.10.2022წ; N ას-626-2023, 7.07.2023წ; N ას-400-2023, 20.10.2023წ.; Nას-1389-2023, 30.01.2024წ.).
33. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო, მეორე მხრივ კი, პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. ამ კრიტერიუმებში იგულისხმება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს, სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა;
34. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო მხოლოდ კვალიფიციური შედავების არსებობის შემთხვევაშია უფლებამოსილი, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის კვლევას სასამართლო მოვალის კვალიფიციური შესაგებლის არსებობის შემთხვევაში ახორციელებს და მის გარეშე შეუძლებელია დადგინდეს რამდენად შეუსაბამო და არაგონივრულია პირგასამტეხლოს ოდენობა სახელშეკრულებო ინტერესის ხელყოფის მასშტაბთან.
36. განსახილველ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ მოვალემ ვალდებულება დაარღვია და პირგასამტეხლოს დარიცხვის საფუძველი წარმოიშვა, პალატას მიაჩნია, რომ დარღვევის ხასიათის, მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობისა და არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების მოცულობის გათვალისწინებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად შეამცირეს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო გონივრულ ოდენობამდე, ხოლო პირგასამტეხლოს დამატებით შემცირების საფუძველი არ დასტურდება.
37. ამდენად, პალატის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე თანხვედრაშია, როგორც სსკ-ის 420-ე მუხლის ნორმატიულ შინაარსთან (პირგასამტეხლოს დანიშნულება და გონივრულობის სტანდარტი), ასევე, დამკვიდრებულ სასამართლო პრაქტიკასთან. შესაბამისად, დაუსაბუთებელია პირველი კასატორის პრეტენზია მის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს სრული ოდენობით მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე.
38. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად. ამდენად, საკასაციო პალატა მიმოიხილავს კასატორის მხოლოდ ძირითად არგუმენტებს (იხ. „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“(იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
39. ყველა ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივ დასაბუთებას და მიუთითებს, რომ საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთმიმართება, ასევე მტკიცებულებათა შეპირისპირება და ერთობლივი გაანალიზება, არ ადასტურებს კასატორების მოთხოვნის საფუძვლიანობას.
40. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
41. კასატორებმა ვერ დაასაბუთეს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის. 42. ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრების განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
43. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
9. პროცესის ხარჯები:
9.1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლით, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
9.2 „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, პირველი პუნქტის, „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, პირველი კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
9.3 რაც შეეხება მეორე კასატორს, შპს „ი.ჯ–ს“, სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) უნდა დაუბრუნდეს, საკასაციო საჩივარზე, სახელმწიფო ბაჟის სახით, გადახდილი 730,78 ლარის 70 % - 511,54 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის და შპს „ი.ჯ–ის“ საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. კასატორს, შპს „ი.ჯ–ს“, სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს, ბ.ნ–ძის მიერ, საკასაციო საჩივარზე, სახელმწიფო ბაჟის სახით, სს „საქართველოს ბანკში“, 2024 წლის 25 ივლისს, საგადახდო დავალებით N23011872823 გადახდილი 730,78 ლარის 70 % - 511,54 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
ეკატერინე გასიტაშვილი