Facebook Twitter

საქმე №ა-2812-შ-72-2024

16 ივნისი, 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე - თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – რ.ა–ვა

მოწინააღმდეგე მხარე - რ.ა–ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – ყაზახეთის რესპუბლიკის მანგასტაუს ოლქის ქალაქ აქტაუს სასამართლოს 2023 წლის 24 მაისის N4711-23-00-2/2372 გადაწყვეტილება

დავის საგანი – ალიმენტის გადახდევინება

პალატამ გამოარკვია:

ყაზახეთის რესპუბლიკის მანგასტაუს ოლქის ქალაქ აქტაუს სასამართლოს 2023 წლის 24 მაისის N4711-23-00-2/2372 გადაწყვეტილებით, რ.ა–ს, რ.ა–ვას სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა არასრულწლოვანი შვილის 2017 წლის 02 ოქტომბერს დაბადებული მ.ა–ას სასარგებლოდ, მიღებული შემოსავლიდან ¼ გადახდა, 2023 წლის 23 მაისიდან, მის სრულწლოვანებამდე - 2023 წლის 02 ოქტომბრამდე.

2024 წლის 28 მაისს, რ.ა–ვამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ყაზახეთის რესპუბლიკის მანგასტაუს ოლქის ქალაქ აქტაუს სასამართლოს 2023 წლის 24 მაისის N4711-23-00-2/2372 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 07 ივნისის განჩინებით რ.ა–ვას დაუდგინდა ხარვეზი შუამდგომლობაზე და დაევალა საქართველოს უზენაეს სასამართლოში ამ განჩინების ჩაბარებიდან 30 (ოცდაათი) დღის ვადაში წარმოედგინა ცნობა ყაზახეთის რესპუბლიკის მანგასტაუს ოლქის ქალაქ აქტაუს სასამართლოს 2023 წლის 24 მაისის N4711-23-00-2/2372 გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის თაობაზე და ასევე წარმოედგინა ცნობა იმის შესახებ, რომ მოპასუხე რ.ა–ი, უწყების ჩაბარების გზით იქნა გაფრთხილებული სასამართლოში საქმის განხილვის თაობაზე. ამავე განჩინებით შუამდგომლობის ავტორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, შუამდგომლობა განუხილველი დარჩებოდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტს გაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 07 ივნისის განჩინება შუამდგომლობის ავტორ – რ.ა–ვასათვის ჩასაბარებლად.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან 2025 წლის 5 მაისს საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი იქნა ყაზახეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოდან გამოგზავნილი დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც რ.ა–ვას საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 07 ივნისის განჩინება პირადად ჩაბარდა 2024 წლის 29 ოქტომბერს.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ რ.ა–ვას შუამდგომლობა უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონი) 68-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.

როგორც უკვე აღინიშნა, 2024 წლის 28 მაისს, რ.ა–ვამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ყაზახეთის რესპუბლიკის მანგასტაუს ოლქის ქალაქ აქტაუს სასამართლოს 2023 წლის 24 მაისის N4711-23-00-2/2372 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 07 ივნისის განჩინებით რ.ა–ვას დაუდგინდა ხარვეზი შუამდგომლობაზე და დაევალა საქართველოს უზენაეს სასამართლოში ამ განჩინების ჩაბარებიდან 30 (ოცდაათი) დღის ვადაში წარმოედგინა ცნობა ყაზახეთის რესპუბლიკის მანგასტაუს ოლქის ქალაქ აქტაუს სასამართლოს 2023 წლის 24 მაისის N4711-23-00-2/2372 გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის თაობაზე და ასევე წარმოედგინა ცნობა იმის შესახებ, რომ მოპასუხე რ.ა–ი, უწყების ჩაბარების გზით იქნა გაფრთხილებული სასამართლოში საქმის განხილვის თაობაზე. ამავე განჩინებით შუამდგომლობის ავტორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, შუამდგომლობა განუხილველი დარჩებოდა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებზე, რომლებიც განსაზღვრავს სასამართლო უწყების მხარისათვის ჩაბარების წესს. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით.

დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 07 ივნისის განჩინება შუამდგომლობის ავტორ – რ.ა–ვას პირადად ჩაბარდა 2024 წლის 29 ოქტომბერს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით (იხ. დოკუმენტაცია - ს.ფ.34-38).

საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს, ან დროის მონაკვეთით. უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება შეიძლება შესრულდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში. წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად, წლებით გამოსათვლელი ვადა დამთავრდება ვადის უკანასკნელი წლის შესაბამის თვესა და რიცხვში. თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. თუ თვეებით გამოსათვლელი ვადის უკანასკნელ თვეს სათანადო რიცხვი არა აქვს, მაშინ ვადა დამთავრებულად ჩაითვლება ამ თვის უკანასკნელ დღეს. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის თანახმად, ხარვეზის შესავსებად სასამართლოს განჩინებით განსაზღვრული 30 დღიანი საპროცესო ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2024 წლის 30 ოქტომბერს და ამოიწურა 2024 წლის 28 ნოემბერს. ამ დროის განმავლობაში შუამდგომლობის ავტორს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 07 ივნისის განჩინებით განსაზღვრულ ოცდაათ დღიან ვადაში.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან შუამდგომლობის ავტორს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად.

საკასაციო სასამართლო დამატებით განუმარტავს მხარეს, რომ სსსკ-ის 278-ე მუხლის თანახმად, შუამდგომლობის განუხილველად დატოვება მხარეს არ ართმევს უფლებას, რომ ხარვეზის აღმოფხვრის შემთხვევაში კვლავ მიმართოს სასამართლოს იმავე შუამდგომლობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რ.ა–ვას შუამდგომლობა, ყაზახეთის რესპუბლიკის მანგასტაუს ოლქის ქალაქ აქტაუს სასამართლოს 2023 წლის 24 მაისის N4711-23-00-2/2372 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, დარჩეს განუხილველი.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილი