Facebook Twitter

საქმე №ა-1807-შ-48-2025

16 ივნისი, 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ლ.ბ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე – გ.ა–ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დარმშტადტის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 4 სექტემბრის N58 А 541 24S გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება/ მეურვეობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დარმშტადტის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 4 სექტემბრის N58 А 541 24S გადაწყვეტილებით, 1. შეწყდა 19.10.2021წ. სახელმწიფო სერვისების განვითარების დეპარტამენტის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის ქუთაისის იუსტიციის სახლში, იმერეთი, საქართველო, მხარეთა შორის რეგისტრირებული ქორწინება. 2016 წლის 31 ოქტომბერს დაბადებული მ.ა–ის მშობლის მზრუნველობის/მეურვეობის უფლება გადაეცა ბავშვის დედას. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2024 წლის 28 დეკემბერს.

2. ლ.ბ–ძემ საქართველოს უზენაეს სასამართლში წარმოადგინა შუამდგომლობა და მოითხოვა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დარმშტადტის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 4 სექტემბრის N58 А 541 24S გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა განქორწინების და მეურვეობის ნაწილში.

3. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დარმშტადტის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 4 სექტემბრის N58 А 541 24S გადაწყვეტილებით დგინდება, რომ მხარეები მონაწილეობდნენ საქმის განხილვაში. შუამდგომლობაზე დართული პასპორტის ასლით ირკვევა, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 25 აპრილის განჩინებით წარმოდგენილი შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

5. საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას თანდართული მასალებით და მიაჩნია, რომ – ლ.ბ–ძის შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დარმშტადტის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 4 სექტემბრის N58 А 541 24S გადაწყვეტილების, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

6. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დარმშტადტის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 4 სექტემბრის N58 А 541 24S გადაწყვეტილებით შეწყდა 19.10.2021წ. სახელმწიფო სერვისების განვითარების დეპარტამენტის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის ქუთაისის იუსტიციის სახლში, იმერეთი, საქართველო, მხარეთა შორის რეგისტრირებული ქორწინება.

7. ამავე სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2016 წლის 31 ოქტომბერს დაბადებული მ.ა–ზე მეურვეობა გადაეცა დედას. სასამართლოს შეფასებით, მშობლების მზრუნველობა ერთად ვერ მოხდებოდა, ამიტომ არასრულწლოვნის კეთილდღეობისთვის ბავშვზე ზრუნვის უფლება გადაეცა მხოლოდ დედას.

8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტში მოცემულია უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობაზე უარის თქმის საფუძვლები, კერძოდ, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.

10. პალატა აქვე განმარტავს, რომ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების მიმართ მოქმედებს თეორია, რომელიც ქართულად შეგვიძლია „გათანაბრების თეორიად“ ვთარგმნოთ. ამის მიხედვით, უცხოური აქტი უნდა აღქმულ იქნას და იურიდიულად გაუთანაბრდეს შიდასახელმწიფოებრივ სასამართლო გადაწყვეტილებას. მაშასადამე, ამ სახის სასამართლო გადაწყვეტილებების საპროცესო შედეგებიც შიდასახელმწიფოებრივი სამართლის მიხედვით უნდა გადაწყდეს. ეს კონცეფცია ნოსტრიფიკაციის სახელით არის ცნობილი. იგი ემყარება ყველა სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემების თანასწორუფლებიანობის პრინციპულ მოსაზრებას. უცხოური სასამართლო აქტის მოქმედების ტერიტორიის გაფართოება არ არის უსაზღვრო. მეორად ქვეყანაში მხოლოდ ის უცხოური საპროცესო შედეგები უნდა იქნას ცნობილი, რომლებსაც იცნობს ცნობის განმახორციელებელი სახელმწიფოს სამართალი (იხ. სუსგ: საქმე №ა-4110-შ-117-2021, 2021 წლის 05 ოქტომბერი, ასევე იხ: ლევან გოთუა, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღსრულება, სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილი დისერტაცია. თბილისი, 2010წ., გვ.14.).

11. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დარმშტადტის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 4 სექტემბრის N58 А 541 24S გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, რაც აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე და 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ.ბ–ძის შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დარმშტადტის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 4 სექტემბრის N58 А 541 24S გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. ცნობილი იქნას საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დარმშტადტის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 4 სექტემბრის N58 А 541 24S გადაწყვეტილება, რომლითაც შეწყდა ქორწინება ლ.ბ–ძესა და გ.ა–ს შორის და ბავშვზე მ.ა–ზე მზრუნველობის უფლება გადაეცა დედას - ლ.ბ–ძეს.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

არჩილ კოჭლამაზაშვილი