Facebook Twitter

საქმე №ას-1238-2024

28 თებერვალი 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ა.ბ.ჯ.პ–სი“ (მოსარჩელე)

დავის საგანი - თანხის დაკისრება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი განჩინების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

შპს „ა.ბ.ჯ.პ–სმა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე", „მოწინააღმდეგე მხარე“), სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე", „აპელანტი“, „კასატორი“) მიმართ, თანხის დაკისრების მოთხოვნით.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

3.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 05 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „ა.ბ.ჯ.პ–სი“-ს სარჩელი მოპასუხე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ დაკმაყოფილდა.

მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 3605 ლარის ანაზღაურება.

3.2 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 05 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ.

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

4.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ივნისის განჩინებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 05 თებერვლის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

4.2 სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ იურიდიულ ფაქტები:

4.2.1 2018 წლის 25 აპრილს ქალაქ თბილისის მერიასა და შპს „ა.ბ.ჯ.პ–სს“ შორის გაფორმდა N03.01/30/199 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც შპს „ა.ბ.ჯ.პ–სმა“ იკისრა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდ. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე არსებული გამწვანებული ტერიტორიების აღდგენა-მოწყობის სამუშაოები, რომელიც განსაზღვრულია მიმწოდებლის სამუშაოების ხარჯთაღრიცხვაში, რაც დანართის სახით ერთვის ხელშეკრულებას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს. ხელშეკრულების 2.5 პუნქტით, ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 192 158.38 ლარს, ყველა გადასახადის ჩათვლით. ამავე ხელშეკრულების 3.1. პუნქტის მიხედვით, სამუშაოების დასრულების ვადა განისაზღვრა ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2018 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით.

4.2.2 მხარეები შეთანხმდნენ, რომ საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 2 წელი იქნებოდა სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა (ხელშეკრულების 4.1 პუნქტი). სამუშაოს ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად, 4.3 პუნქტით მხარეებმა განსაზღვრეს, რომ მიწოდებული სამუშაოს ღირებულებიდან დაკავებული იქნებოდა 5%. ხელშეკრულების მიხედვით, დაკავებული 5%-დან 2,5%-ის გადახდა მოხდებოდა სამუშაოს სრულად დასრულებისა და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ხოლო დარჩენილი 2,5%-ის გადახდაზე მხარეები შეთანხმდნენ შესაბამისი ოდენობის სავალდებულო, უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის წარდგენის შემდგომ. აღნიშნული გარანტია მიმწოდებელს - შპს „ა.ბ.ჯ.პ–სს“ უნდა წარედგინა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების მერე, საფინანსო წლის დასრულებამდე არა უგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღისა, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის“ მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში, რომლის მოქმედების ვადაც არანაკლებ 60 კალენდარული დღით მეტი უნდა ყოფილიყო სამუშაოების საგარანტიო ვადაზე.

4.2.3 „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ ხელშეკრულების 4.4. პუნქტის თანახმად, მიმწოდებელს მისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე ხარვეზების აღმოფხვრის და საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ დაუბრუნდებოდა აღნიშნული საბანკო გარანტია. 4.5 პუნქტის თანახმად, თუ მიმწოდებელი არ შეასრულებდა ხელშეკრულების 4.2 პუნქტის მოთხოვნებს, მაშინ 4.3 პუნქტით განსაზღვრული გარანტია (ხელშეკრულების ღირებულების 2,5%) არ დაუბრუნდებოდა.

4.2.4 ხელშეკრულების 6.1 პუნქტით დადგენილია, რომ შესყიდვის ობიექტი და მისი ნაწილი მიღებულად ჩაითვლებოდა მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. ამასთან, შესრულებული სამუშაოების (ან მისი ნაწილის) დასრულების თარიღად მხარეებმა მიიჩნიეს დადასტურებული ფორმა N2-ით (შესრულებული სამუშაოების აქტი) განსაზღვრული სამუშაოს დასრულების თარიღი.

4.2.5 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა და შპს „ა.ბ.ჯ.პ–სმა“ 2018 წლის 25 დეკემბერს შეადგინეს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი მასზედ, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ჩაიბარა, ხოლო - შპს „ა.ბ.ჯ.პ–სმა“ ჩააბარა, ქ. თბილისში, ......... გამზირზე გამწვანებულ თარგებში სარწყავი სისტემის აღდგენის სამუშაოები, რომლის საერთო ღირებულებამ, 2018 წლის 25 დეკემბრის დადასტურებული სამუშაოების აქტი N33-ის (ფორმა N2) შესაბამისად, შეადგინა 2670.55 ლარი დ.ღ.გ.-ს ჩათვლით. სახელშეკრულებო ღირებულება - 192 142.27 ლარი. სულ ფაქტობრივად შესრულდა -144238.28 ლარი.

4.2.6 მხარეთა შორის 25.04.2018 წელს დადებული „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ N03.01/30/199 ხელშეკრულების საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან (25.12.2018 წელი) შესრულებული სამუშაოს საგარანტიო ვადა ამოიწურა 25.12.2020 წელს.

4.2.7 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის 2021 წლის 17 თებერვლის წერილის თანახმად დადგენილია, რომ 2018 წლის 25 აპრილს გაფორმებული #03.01/30/199 ხელშეკრულების ფარგლებში შპს „ა.ბ.ჯ.პ–სი“-ს მიერ განხორციელებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდ. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე არსებული გამწვანებული ტერიტორიების აღდგენა-მოწყობის სამუშაოების ინსპექტირებისას ვიზუალური დათვალიერების შედეგად, უხარისხო ან არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული რაიმე სახის წუნი არ ფიქსირდება.

4.2.8 2022 წლის 10 მარტს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა უარი განაცხადა შპს ,,ა.ბ.ჯ.პ–სისათვის” დაკავებული 2.5%-ს ანაზღაურებაზე იმ მოტივით, რომ აღნიშნულ ხელშეკრულებაზე №03.01/30/199 სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მინიჭებული აქვს დასრულებულის სტატუსი. აღნიშნული თანხის ანაზღაურებაზე შპს „ა.ბ.ჯ.პ–სის“ წარმომადგენელმა დამატებით მიმართა 2023 წელს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, საიდანაც 22/05/2023 წლის N18-01231423355 წერილით კვლავ უარი ეთქვა დაკავებული თანხის ანაზღაურებაზე, იმავე მიზეზებზე მითითებით („აღნიშნულ ხელშეკრულებაზე №03.01/30/199 სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მინიჭებული აქვს დასრულებულის სტატუსი“).

4.3 სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა, რომელიც მიმართულია მოპასუხისთვის შეთანხმებული საზღაურის გადახდის დაკისრებისკენ, მიღწევადი იქნება იმ შემთხვევაში, თუ მენარდემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო შეასრულა.

4.4 სააპელაციო პალატამ მიუთითა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის 2021 წლის 17 თებერვლის წერილზე, რომლის თანახმად დადგენილია, რომ 2018 წლის 25 აპრილს გაფორმებული N03.01/30/199 ხელშეკრულების ფარგლებში შპს „ა.ბ.ჯ.პ–სი“-ს მიერ განხორციელებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდ. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე არსებული გამწვანებული ტერიტორიების აღდგენა-მოწყობის სამუშაოების ინსპექტირებისას ვიზუალური დათვალიერების შედეგად, უხარისხო ან არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული რაიმე სახის წუნი არ ფიქსირდება. უდავოა, რომ აპელანტს შესრულებული სამუშაოს ხარისხთან დაკავშირებით პრეტენზია არ გამოუთქვამს. მხარეთა შეთანხმების შესაბამისად, ხარისხის უზრუნველყოფის ვადა ამოიწურა 2020 წლის 25 დეკემბერს. აღნიშნული კი უსაფუძვლოს ხდის აპელანტის პრეტენზიას 25.12.2018 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 3605 ლარის გადარიცხვაზე უარის თქმის თაობაზე.

5. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები

5.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

5.2 კასატორის განმარტებით, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დაკავებული თანხა იყო ლეგიტიმური და გამომდინარეობდა ხელშეკრულების 4.3 პუნქტიდან, რომლის თანახმად სამუშაოს ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად მიწოდებული სამუშაოს ღირებულებიდან დაკავებული იქნება 5%. დაკავებული 5%-დან 2,5%-ის გადახდა განხორციელდება სამუშაოს სრულად დასრულებისა და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ხოლო დარჩენილი 2,5%-ის გადახდა მოხდება შესაბამისი ოდენობით, სავალდებულო უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემდგომ.

5.3 კასატორის განმარტებით, შპს ,,ა.ბ.ჯ.პ–სს” აუნაზღაურდა შესრულებული სამუშაოების ღირებულების 97,5% დარჩენილი 2,5%-ის ანაზღაურება ვერ მოხერხდა, ვინაიდან ხელშეკრულების პირობების თანახმად, საფინანსო წლის დასრულებამდე კომპანიას არ წარმოუდგენია სავალდებულო უპირობო საბანკო გარანტია. შესაბამისად, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს ხელშეკრულების 4.3 პუნქტის შეუსრულებლობის გამო.

6. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 04 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნას წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

7. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

9. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

10. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს, პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების მიერ, ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების მართლზომიერება.

11. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია და საკასაციო სასამართლოსთვის სავალდებულო ძალის მქონეა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

11.1 2018 წლის 25 აპრილს ქალაქ თბილისის მერიასა და შპს „ა.ბ.ჯ.პ–სს“ შორის გაფორმდა N03.01/30/199 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც შპს „ა.ბ.ჯ.პ–სმა“ იკისრა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდ. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე არსებული გამწვანებული ტერიტორიების აღდგენა-მოწყობის სამუშაოები, რომელიც განსაზღვრულია მიმწოდებლის სამუშაოების ხარჯთაღრიცხვაში, რაც დანართის სახით ერთვის ხელშეკრულებას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს. ხელშეკრულების 2.5 პუნქტით, ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 192 158.38 ლარს, ყველა გადასახადის ჩათვლით. ამავე ხელშეკრულების 3.1. პუნქტის მიხედვით, სამუშაოების დასრულების ვადა განისაზღვრა ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2018 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით.

11.2 მხარეები შეთანხმდნენ, რომ საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 2 წელი იქნებოდა სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა (ხელშეკრულების 4.1 პუნქტი). სამუშაოს ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად, 4.3 პუნქტით მხარეებმა განსაზღვრეს, რომ მიწოდებული სამუშაოს ღირებულებიდან დაკავებული იქნებოდა 5%. ხელშეკრულების მიხედვით, დაკავებული 5%-დან 2,5%-ის გადახდა მოხდებოდა სამუშაოს სრულად დასრულებისა და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ხოლო დარჩენილი 2,5%-ის გადახდაზე მხარეები შეთანხმდნენ შესაბამისი ოდენობის სავალდებულო, უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის წარდგენის შემდგომ. აღნიშნული გარანტია მიმწოდებელს - შპს „ა.ბ.ჯ.პ–სს“ უნდა წარედგინა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების მერე, საფინანსო წლის დასრულებამდე არა უგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღისა, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის“ მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში, რომლის მოქმედების ვადაც არანაკლებ 60 კალენდარული დღით მეტი უნდა ყოფილიყო სამუშაოების საგარანტიო ვადაზე.

11.3 „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ ხელშეკრულების 4.4. პუნქტის თანახმად, მიმწოდებელს მისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე ხარვეზების აღმოფხვრის და საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ დაუბრუნდებოდა აღნიშნული საბანკო გარანტია. 4.5 პუნქტის თანახმად, თუ მიმწოდებელი არ შეასრულებდა ხელშეკრულების 4.2 პუნქტის მოთხოვნებს, მაშინ 4.3 პუნქტით განსაზღვრული გარანტია (ხელშეკრულების ღირებულების 2,5%) არ დაუბრუნდებოდა.

11.4 ხელშეკრულების 6.1 პუნქტით დადგენილია, რომ შესყიდვის ობიექტი და მისი ნაწილი მიღებულად ჩაითვლებოდა მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. ამასთან, შესრულებული სამუშაოების (ან მისი ნაწილის) დასრულების თარიღად მხარეებმა მიიჩნიეს დადასტურებული ფორმა N2-ით (შესრულებული სამუშაოების აქტი) განსაზღვრული სამუშაოს დასრულების თარიღი.

11.5 დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა და შპს „ა.ბ.ჯ.პ–სმა“ 2018 წლის 25 დეკემბერს შეადგინეს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი მასზედ, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ჩაიბარა, ხოლო - შპს „ა.ბ.ჯ.პ–სმა“ ჩააბარა, ქ. თბილისში, ......... გამზირზე გამწვანებულ თარგებში სარწყავი სისტემის აღდგენის სამუშაოები, რომლის საერთო ღირებულებამ, 2018 წლის 25 დეკემბრის დადასტურებული სამუშაოების აქტი N33-ის (ფორმა N2) შესაბამისად, შეადგინა 2670.55 ლარი დ.ღ.გ.-ს ჩათვლით. სახელშეკრულებო ღირებულება - 192 142.27 ლარი. სულ ფაქტობრივად შესრულდა -144238.28 ლარი.

11.6 მხარეთა შორის 25.04.2018 წელს დადებული „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ N03.01/30/199 ხელშეკრულების საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან (25.12.2018 წელი) შესრულებული სამუშაოს საგარანტიო ვადა ამოიწურა 25.12.2020 წელს.

11.6 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის 2021 წლის 17 თებერვლის წერილის თანახმად დადგენილია, რომ 2018 წლის 25 აპრილს გაფორმებული N03.01/30/199 ხელშეკრულების ფარგლებში შპს „ა.ბ.ჯ.პ–სი“-ს მიერ განხორციელებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდ. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე არსებული გამწვანებული ტერიტორიების აღდგენა-მოწყობის სამუშაოების ინსპექტირებისას ვიზუალური დათვალიერების შედეგად, უხარისხო ან არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული რაიმე სახის წუნი არ ფიქსირდება.

11.7 2022 წლის 10 მარტს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა უარი განაცხადა შპს ,,ა.ბ.ჯ.პ–სისათვის” დაკავებული 2.5%-ს ანაზღაურებაზე იმ მოტივით, რომ აღნიშნულ ხელშეკრულებაზე №03.01/30/199 სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მინიჭებული აქვს დასრულებულის სტატუსი. აღნიშნული თანხის ანაზღაურებაზე შპს „ა.ბ.ჯ.პ–სის“ წარმომადგენელმა დამატებით მიმართა 2023 წელს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, საიდანაც 22/05/2023 წლის N18-01231423355 წერილით კვლავ უარი ეთქვა დაკავებული თანხის ანაზღაურებაზე, იმავე მიზეზებზე მითითებით („აღნიშნულ ხელშეკრულებაზე №03.01/30/199 სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მინიჭებული აქვს დასრულებულის სტატუსი“).

12. მოსარჩელის მოთხოვნა, მის მიერ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების თაობაზე, ეფუძნება სსკ-ის 629-ე მუხლის პირველ ნაწილს (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური). 13. ზემოაღნიშნული ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის მისაღებად შესრულებული უნდა იყოს შემდეგი წინაპირობები: ა) მხარეთა შორის დადებული უნდა იყოს ნარდობის ხელშეკრულება; ბ) მენარდეს შესრულებული უნდა ჰქონდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო; გ) შემკვეთს არ უნდა ჰქონდეს ანაზღაურებული შესრულებული სამუშაო.

14. ნარდობის სამართალურთიერთობის განმსაზღვრელი ზემოხსენებული ნორმის შინაარსი ცხადყოფს, რომ ნარდობა სინალაგმატურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება, რომლის მონაწილეებიც სამართლებრივ ურთიერთობაში ერთმანეთის მიმართ გამოდიან როგორც ურთიერთკრედიტორები, ისე - ურთიერთმოვალეები. სახელშეკრულებო ვალდებულება კი, მაშინ მიიჩნევა შესრულებულად, როდესაც თითოეული მხარე შეასრულებს თავის წილ ვალდებულებას (იხ.სუსგ. №ას-1646-2019, 30.09.2020წ.). 15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება, პირველ რიგში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შედეგს გულისხმობს. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა და იწვევს მოთხოვნის უფლებას იმ მხარისათვის, რომლის მიმართაც და ინტერესთა საზიანოდ შეთანხმების პირობები დაირღვა (იხ. სუსგ-ებს: Nას-1079-2019, 30.09.2019წ.; Nას-672-2021 23.09.2021წ.; 16. მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ მოსარჩელეს სამუშაოს ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად მიწოდებული სამუშაოს ღირებულებიდან დაკავებული 5%-დან 2.5% აუნაზღაურდა. სადავოა დარჩენილი 2.5%-ის მოწინააღმდეგე მხარისათვის ანაზღაურება, რომელიც, კასატორის მტკიცებით, ანაზღაურებას არ ექვემდებარება, რადგან მოწინააღმდეგე მხარის მიერ არ შესრულებულა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 4.3 პუნქტით გათვალისწინებული პირობა და არ წარდგენილა სავალდებულო, უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია.

17. საკასაციო პალატა კასატორის პრეტენზიას არ იზიარებს და განმარტავს, რომ მხარეებს შორის, 2018 წლის 25 აპრილს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 03.01/30/199 ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა განისაზღვრა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 2 წლით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სამუშაოების დასრულების შემდეგ საგარანტიო ვადის განმავლობაში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტის აღმოჩენის) შემთხვევაში, თუ დადგინდებოდა, რომ აღნიშნული წუნი (ნაკლოვანებები, დეფექტი) გამოწვეული იყო უხარისხო ან/და არაჯეროვანი შესრულებით, მიმწოდებელი ვალდებული იყო, აღმოეფხვრა უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით. ამავე ხელშეკრულების 4.3 პუნქტით განისაზღვრა, რომ სამუშაოს ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად მიწოდებული სამუშაოს ღირებულებიდან დაკავებული იქნებოდა 5%. დაკავებული 5%-დან 2.5% გადაიხდებოდა სამუშაოს სრულად დასრულებისა და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ხოლო, დარჩენილი 2.5% - შესაბამისი ოდენობის სავალდებულო, უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემდეგ. აღნიშნული გარანტია წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდგომ, საფინანსო წლის დასრულებამდე არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ ,,საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის“ მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნული ვალუტით - ლარით, რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების საგარანტიო ვადას. მიმწოდებელს წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე დაუბრუნდებოდა აღნიშნული საბანკო გარანტია ხარვეზის აღმოფხვრის და საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ (4.4 პუნქტი). თუ მიმწოდებელი არ შეასრულებდა ხელშეკრულების 4.2 პუნქტის მოთხოვნებს, მაშინ 4.3 პუნქტით განსაზღვრული დარჩენილი 2.5% არ ანაზღაურდებოდა.

18. სამოქალაქო კოდექსი საბანკო გარანტიას განიხილავს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთ საშუალებას, რომელიც სხვა უზრუნველყოფის საშუალებებისაგან განსხვავდება თავისი დამოუკიდებლობით - არააქცესორულობით. საბანკო გარანტიის დამოუკიდებელი ბუნების პრაქტიკული ახსნა კი, მის ეკონომიკურ დანიშნულებაშია. სამოქალაქო ბრუნვის სისწრაფისა და სიმარტივის ხელშესაწყობად, კანონმდებელმა საბანკო გარანტიის სახით შექმნა მოთხოვნის უზრუნველყოფის იმგვარი მექანიზმი, რომელიც კრედიტორის რისკებს მინიმუმამდე დაიყვანს და დავის წარმოების გარეშე უზრუნველყოფს მის მყისიერ დაკმაყოფილებას მაღალი რეპუტაციის, გადამხდელუნარიანი მეწარმე სუბიექტის (ბანკის ან სადაზღვევო კომპანიის) უშუალო ჩართულობით (იხ.სუსგ. საქმე N19-2025, 28.02.2025წ).

19. პალატის მითითებით, დასახელებული სახელშეკრულებო პირობებიდან გამომდინარე მიწოდებული სამუშაოს დარჩენილი ღირებულების 2.5%-ის შემკვეთის მიერ დაყოვნების (დაკავების) მიზანი შესრულებული სამუშაოს ხარვეზის უზრუნველყოფა იყო და აღნიშნული ემსახურებოდა შემკვეთის ინტერესების ქმედით დაცვას ან წინასწარ წარმოდგენილი საბანკო გარანტიით, ან გადახდილი თანხის კონკრეტული მოცულობის დაკავებით, ხელშეკრულების ჯეროვნად შესრულებისათვის.

20. საკასაციო პალატის განმარტებით, მხარეთა შორის 25.04.2018 წელს დადებული „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ N03.01/30/199 ხელშეკრულების საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმდა 25.12.2018 წელს, ხოლო შესრულებული სამუშაოს საგარანტიო ვადა ამოიწურა 25.12.2020 წელს. უდავოა, რომ შემკვეთს (კასატორს) საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების დღიდან საგარანტიო ვადის განმავლობაში და არც მას შემდგომ, მენარდისათვის შესრულებული სამუშაოების მიმართ (უხარისხო ან არაჯეროვანი შესრულებისათვის) რაიმე სახის პრეტენზია არ განუცხადებია, რისი გათვალისწინებითაც, პალატის მითითებით, საბანკო გარანტიის წარუდგენლობა არ შეიძლება, დაკავებული თანხის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი გახდეს, მით უფრო მაშინ, როდესაც შესრულების ხარისხი, ვადა და სხვა გარემოებები სადავო არ არის (იხ. სუსგ. საქმე №ას-453-2022, 27.12.2022წ.; №ას-968-2021წ, 17.12.2021წ.).

21. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიუთითებს, რომ გადასახდელად დარჩენილი თანხის 2.5%-ის ანაზღაურებაზე უარი უსაფუძვლოა როგორც მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიზნიდან, ასევე - საბანკო გარანტიის სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე (სსკ-ის 879 მუხლი), რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უზრუნველყოფის საშუალებაა და გადაიხდება, როგორც კომპენსაცია, ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისას. შესრულების გარანტიის (საბანკო გარანტიის ერთ-ერთი სახე) მთავარ მიზანს შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის კომპენსირება წარმოადგენს. მსგავსი გარანტია დამკვეთის მხრიდან საკონტრაქტო ფასის შესაბამისი სრული მომსახურების მიღებას და იმ დანაკარგის კომპენსაციას ემსახურება, რაც შეიძლება კონტრაქტის არასათანადო შესრულებით წარმოიშვას, ასევე, ფარავს იმ რისკს, რაც შესრულებულ სამუშაოში დეფექტების აღმოჩენასთან არის დაკავშირებული. მოცემულ შემთხვევაში, რადგან უდავოა მოსარჩელის მხრიდან ვალდებულების ჯეროვანი შესრულება, სააპელაციო პალატამ სავსებით მართებულად დაასკვნა, რომ შესაბამისად, სახეზეა ნარდობის ფასის სრულად გადახდის ვალდებულებას (შედ. სუსგ. საქმე №ას-344-2019, 12.02.2021წ.).

22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კეთილსინდისიერება, როგორც სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპი, გულისხმობს კეთილსინდისიერებას ობიექტური გაგებით. სამოქალაქო ბრუნვის სიმყარე და სტაბილურობა მისი მონაწილეების კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. კეთილსინდისიერება გამოხატავს სამოქალაქო ბრუნვაში, ე.ი. უფლებათა შეძენის, განხორციელების, დაცვის, ვალდებულებათა შესრულებისას, სამართლის სუბიექტის ზნეობრივად მოქმედების შესახებ საზოგადოებაში ჩამოყალიბებულ წარმოდგენებს. ყოველი პირი უფლების განხორციელებისა თუ ვალდებულების შესრულების დროს უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებული არიან, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია სამართლიანი შედეგები და ამავე დროს, აშკარად უსამართლო შედეგების თავიდან აცილებაა, რაც პირდაპირ უკავშირდება სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილურობასა და სიმყარეს (იხ. სუსგ. №ას-1252-2020,29.09.2021წ). 23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება.

24. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

25. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

26. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის. 27. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

29. პროცესის ხარჯები:

კასატორი, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

ეკატერინე გასიტაშვილი