საქმე ას-999-2023 23 იანვარი, 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - სს „ნ.ვ.დ–ა“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სარჩელის მოთხოვნა
1.1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სს „ნ.ვ.დ–ის“ წინააღმდეგ მოითხოვა ზიანის ანაზღაურება 23 032 ლარის ოდენობით, ასევე ავტომანქანის საჯარიმო ავტოსადგომზე გადაყვანის და განთავსების ხარჯი - 99 ლარი.
2. მოპასუხის შესაგებელი
2.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, და საგამონაკლისო პირობაზე მითითებით სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისრა 23 032 ლარის გადახდა და ავტომანქანის საჯარიმო ავტოსადგომზე გადაყვანის და განთავსებისთვის გაღებული ხარჯის - 99 ლარის ანაზღაურება.
4. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი
4.1. მოპასუხემ სააპელაციო საჩივარი წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, ამ გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
5.2. მხარეთა შორის 2020 წლის 31 დეკემბერს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №270107/8 (კონსოლიდირებული ტენდერი CON200000300) ხელშეკრულება;
5.3. ხელშეკრულების №2 დანართის მიხედვით, სააგენტოს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალება „SSANGYONG TIVOLI“ სახ. ნომრით - ........ დაზღვეულ იქნა მოპასუხე კომპანიაში.
5.4. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის მომსახურების 2021 წლის კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის პირველი ნაწილის, პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერით განსაზღვრული სადაზღვევო რისკია - საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა (არ აქვს მნიშვნელობა ვისი მიზეზით ხდება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა), მიუხედავად იმისა დაზღვეული სატრანსპორტო საშუალება მოძრაობდა თუ იმყოფებოდა გაჩერებულ მდგომარეობაში; - პირველი ნაწილის, მე-2 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მზღვეველი თავისუფლდება ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან, თუ დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა დადგა უხეში გაუფრთხილებლობით; - პირველი ნაწილის, მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თუ სადაზღვევო შემთხვევა დადასტურდა, სატრანსპორტო საშუალებების გადაყვანის ხარჯებს გაიღებს მზღვეველი, სადაზღვევო თანხის ფარგლებში, თუმცა დამზღვევს რჩება ვალდებულება უზრუნველყოს დაზიანებული ქონების შენარჩუნება ისეთ მდგომარეობაში, რომ თავიდან აცილებულ იქნას ზიანის ოდენობის შემდგომი ზრდა. - მე-2 ნაწილის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, იმ სატრანსპორტო საშუალების შეფასება/შეკეთება, რომლებზეც სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მომენტისათვის ვრცელდება საგარანტიო პირობები, განხორციელდება შესაბამისი მარკის სერვის-ცენტრში, ხოლო იმ სატრანსპორტო საშუალებების შეფასება/შეკეთება, რომლებზეც არ ვრცელდება საგარანტიო პირობები, განხორციელდება მხარეთა მიერ შეთანხმებულ შემკეთებელ სერვის ცენტრებში.
5.5. 2021 წლის 15 მარტს, დაახლოებით 19:50 სთ-ზე, ქ. თბილისში, ........ მხრიდან ფარნავაზ მეფის ქუჩის მიმართულებით დაახლოებით 80 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა დაზღვეული ავტომანქანა, რომელსაც მართავდა მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი - ნ.ნ–ძე. მსვლელობისას დაზღვეული ავტომობილის მძღოლმა დაახლოებით 50 მეტრში შენიშნა ი.ბ–ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი „HONDA FIT“ სახელმწიფო ნომრით ......., რომელიც გამოვიდა გზის მარჯვენა მხარეს არსებული მეორე ხარისხოვანი გზიდან (......... ქ. №... და №.. კორპუსებს შორის გამოსასვლელი) და მოძრაობდა თავდადებულის ქუჩაზე. აღნიშნულის დანახვაზე ნ.ნ–ძემ დაამუხრუჭა, საჭე მიმართა მარცხნივ, გადავიდა საპირისპირო სამოძრაო ზოლში, სადაც შეეჯახა ზემოხსენებულ ავტომობილს;
5.6. ქ. თბილისში, ........., №.. და №.. კორპუსებს შორის გამოსასვლელთან განთავსებულია საგზაო ნიშანი „მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა“ 40 კმ/სთ-მდე;
5.7. 2021 წლის 31 მაისის წერილით მოპასუხემ უარი განაცხადა სადაზღვევო ზიანის ანაზღაურებაზე იმ საფუძვლით, რომ დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა დადგა მოსარჩელის მხრიდან უხეში გაუფრთხილებლობის შედეგად.
5.8. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით დაზღვეული ავტომობილის მძღოლის ქმედება, რომელმაც ავარია გამოიწვია, უხეშ გაუფრთხილებლობას წარმოადგენდა.
5.9. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, ექსპერტიზის კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის დროს მძღოლ ი.ბ–ის მოქმედება არ შეესაბამებოდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის დანართ N1, პრიორიტეტის ნიშანი 2.3 „დაუთმე გზა“ (გზა, რომელზე მოძრავი მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს გადასაკვეთ გზაზე მოძრავ მძღოლს) მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაშიც მომხდარ საგზაო სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა.
5.10. ამავე დასკვნით დასტურდება რომ საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის დროს მძღოლ ნ.ნ–ძის მოქმედება არ შეესაბამებოდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს (მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა ამ კანონით განსაზღვრული სიჩქარის შეზღუდვის გადაჭარბებით. შერჩეული სიჩქარე მძღოლს საშუალებას უნდა აძლევდეს მუდმივად აკონტროლოს სატრანსპორტო საშუალება ისე, რომ დაცულ იქნეს მოძრაობის უსაფრთხოება), რომელთა დაცვის შემთხვევაშიც მომხდარ საგზაო სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა.
5.11. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველ დავაში გადამწყვეტი მნიშვნელობისაა მართებულად შეფასდეს, მძღოლის ქმედება, კერძოდ, მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა უხეშ გაუფრთხილებლობას, თუ ვლინდება მარტივი გაუფრთხილებლობისთვის დამახასიათებელი ნიშნები. ავტოსატრანსპორტო საშუალება მომეტებული საფრთხის წყაროს წარმოადგენს. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფოს მიერ დადგენილია მთელი რიგი რეგულაციები ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელთა მიმართ და მათ ევალებათ იცოდნენ თავიანთი ვალდებულებები, დაიცვან ისინი ზედმიწევნით და ავტოსატრანსპორტო საშუალება გონივრული და სათანადო წინდახედულობის ფარგლებში მართონ. შესაბამისად, თუ დადგინდება, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის მიერ არ ჰქონდა ადგილი კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევას და იგი ავტომანქანას მართავდა სათანადო წინდახედულობის ფარგლებში, მისი ქმედება არ შეიძლება შეფასდეს განზრახ ან უხეშ გაუფრთხილებლობად. ამასთან, სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, მოძრაობის წესებს შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დადგენილი სიჩქარის ფარგლებში, დაწესებულ ზოლებში, მოძრაობა, რისი დარღვევაც უპირატესად მძიმე შედეგს იწვევს. შესაბამისად, ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლს ევალება აღნიშნული წესები, განსაკუთრებული გულისხმიერებით და ზედმიწევნით, დაიცვას.
5.12. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ დარღვევა, რომელიც განსახილველ დავაში სასამართლოს მიერ უნდა შეფასდეს, ობიექტურად მომხდარი გარემოებების, ქმედების სუბიექტის (მისი ნების) და მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შინაარსისა და დადგენილი სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით, უხეშ გაუფრთხილებლობად უნდა იქნეს მიჩნეული. მიუხედავად იმისა, რომ საქმის მასალებში არსებული ექსპერტიზის დასკვნით ავტომობილის სიჩქარის განსაზღვრა ვერ მოხერხდა, დადგენილი გარემოებაა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა საცხოვრებელ ზონაში, რასაც ადასტურებს წარმოდგენილი ფაქტების კონსტანტაცია. დადგენილია, რომ 2021 წლის 15 მარტს, დაახლოებით 19:50 სთ-ზე, ქ. თბილისში, .......... მხრიდან ფარნავაზ მეფის ქუჩის მიმართულებით დაახლოებით 80 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა დაზღვეული ავტომანქანა იმ ზოლში, სადაც მაქსიმალური სიჩქარე იყო 40 კმ/სთ. ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული 60 კმ/სთ მოძრაობა დასაშვები იყო საპირისპირო ზოლში მოძრავი ავტომობილებისათვის და არა ნ.ნ–ძის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილის სამოძრაო ზოლისათვის. ასევე უდაოა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილი წარმოადგენდა დასახლებულ პუნქტს და ამიტომაც იყო მოძრაობა შეზღუდული 40 კმ/სთ სიჩქარით.
5.13. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის მტკიცება, რომ ადგილი ჰქონდა მარტივ გაუფრთხილებლობას და ის რომ სიჩქარის გადაჭარბება მოხდა 5 კმ/სთ-ით, ვინაიდან საგზაო ნიშანზე მითითებული სიჩქარის 15 კმ/სთ სიჩქარემდე გაზრდის უფლებას კანონმდებელი აძლევს მძღოლს, რომელსაც მხარე ითვლის საპირისპირო ზოლისათვის ნებადართულ 60 კმ/სთ სიჩქარიდან და არა 40 კმ/სთ სიჩქარიდან, რომელშიც მოძრაობდა დაზღვეული ავტომობილის მძღოლი - არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს სიჩქარის გადაჭარბებად. პალატა აღნიშნულთან დაკავშირებით ესევე განმარტავს, რომ საგზაო ნიშანზე მითითებული სიჩქარის 15 კმ/სთ სიჩქარემდე გაზრდის უფლებას კანონმდებელი აძლევს მძღოლს იმ შემთხვევაში, როდესაც წინდახედულების ნორმების და ყველა სხვა ობიექტური გარემოების, მათ შორის ადგილმდებარეობის შეფასების შედეგად მაღალი ალბათობით მძღოლი დარწმუნდება, რომ სიჩქარის მომატებით არ დაირღვევა საგზაო მოძრაობის წესები და არ დადგება რაიმე ზიანი. მოცემულ შემთხვევაში კი დაზღვეული ავტომობილი დასახლებულ პუნქტში მოძრაობდა დაშვებულზე (40 კმ/სთ) ორჯერ მეტი (80 კმ/სთ) სიჩქარით, რაც უკვე სხვა ფაქტორების მხედველობაში არ მიღებითაც უხეშ გაუფრთხილებლობას წარმოადგენს.
5.14. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების გათვალისწინებით მოცემულ შემთხვევაში მზღვეველი თავისუფლდება ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან, თუ დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა დადგა უხეში გაუფრთხილებლობით.
6. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი
6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
6.2. კასატორის განმარტებით სასამართლო მიკერძოებულად, კონტრარგუმენტებით ცდილობდა მისი პოზიციის გაქარწყლებას.
6.3. კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არასწორადაა დადგენილი და შეფასებული სადავო გარემოებები.
6.4. კასატორის განმარტებით დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით უხეშ გაუფრთხილებლობად მიჩნეულია დაშვებულზე 80-100%-ით გადაჭარბება. მოცემულ შემთხვევაში უდავოდაა დადგენილი, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე მოძრაობის დასაშვები სიჩქარე 60 კმ/სთ იყო.
7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 11 სექტემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო, 2024 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებადაა ცნობილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის არსებითად განხილვის გზით შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგ - სსსკ-ი) 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე „საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა“, საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის შედავების საფუძვლიანობა.
9. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
10. სსსკ-ის 393-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ: არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; არასწორად განმარტა კანონი. საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება, გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.
11. სსსკ-ის 410-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესშესაბამის დასაბუთებას. მოცემულ შემთხვევაში „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოება გამოიკვეთა.
12. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, საკასაციო პალატისათვის სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი გარემოებები.
13. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.
14. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, სსკ-ის 799.1-ე „დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება“ მუხლიდან გამომდინარეობს.
15. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელზე დაპირისპირებული შესაგებლის ფარგლებში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, მოძრაობდა თუ არა დაზღვეული ავტომობილის მძღოლი უხეში გაუფრთხილებლობით, რაც მოცემულ შემთხვევაში მზღვეველს სსკ-ის 829-ე „მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით“ მუხლით გათვალისწინებული სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებისგან ათავისუფლებს.
16. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ფაქტების მითითების ტვირთისა და ფაქტების დამტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
17. „სამართლებრივი დავისას სამოქალაქო საქმის განმხილველ მოსამართლეს ორი ამოცანა აქვს დასაძლევი: პირველ რიგში, მან უნდა გამოარკვიოს, თუ რა მოხდა სინამდვილეში. მეორე რიგში კი, მოსამართლემ სამართლებრივად უნდა შეაფასოს ფაქტობრივი გარემოებები და დაადგინოს, არსებობს თუ არა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. მოსარჩელემ სასამართლოს უნდა მიუთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლებიც კანონის მიხედვით ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნას. თუ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნას, მაშინ სარჩელი უკვე ამ საფუძველზევე არ უნდა დაკმაყოფილდეს. ასეთ შემთხვევაში მოსამართლეს არა აქვს უფლება, საკუთარი ინიციატივით მოიძიოს სასარჩელო მოთხოვნის დამადასტურებელი გარემოებები და შეაგროვოს მტკიცებულებები. თუ მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულია ყველა იმ გარემოებაზე, რომლებიც კანონის მიხედვით ადასტურებენ მოთხოვნის არსებობას, მაშინ უკვე მოპასუხეზეა დამოკიდებული, ამ გარემოებების არსებობის უარყოფა“ (იხ. თომას ჰერმანი, მტკიცებულებითი სამართალი, GIZ, თბილისი, 2016 წ., გვ.3-4).
18. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64) - შეად. სუსგ-ებს N ას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ; N ას- 1027-2020, 27.11.2020წ; N ას-634-2021, 4.11.2021წ; N ას-1363-2021, 5.04.2022წ; N ას-1183-2022, 23.12.2022წ; N ას-1572-2022, 5.05.2023წ.; Nას-1449-2023, 9.02.2024წ.; N ას- 1044-2022, 17.10.20204წ.; N ას- 313-2024, 8.11.2024წ.; N ას-852-2024, 22.11.2020წ.; N ას-1038-2024, 11.10.2024წ.; N ას- 1324-2024, 13.12.2024წ.; N ას- 1202-2024, 13.12.2024წ.; N ას-24-2024, 26.12.2024წ.).
19. დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივი, სასყიდლიანი და რეალური ხელშეკრულებაა. ამასთან, დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივ მავალდებულებელი ხელშეკრულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ დამზღვევი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო შენატანი, ხოლო მზღვეველი მოვალეა აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი. დაზღვევის ხელშეკრულების საგანია მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა. დამზღვევისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი გამოწვეულია მხარეთა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სადაზღვევო შემთხვევის დადგომით და არ არსებობს შემთხვევის ანაზღაურების გამომრიცხავი გარემოება.
20. სსკ-ის 829-ე მუხლიდან გამომდინარე, მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით. ამასთანავე, შესაძლებელია, რომ თავად ხელშეკრულება შეიცავდეს საგამონაკლისო დათქმებს, ასეთ დროს, „ხელშეკრულებაში საგამონაკლისო ნორმების იმპლემენტაციის დანიშნულებაა ამომწურავად განისაზღვროს იმ გარემოებათა/ქმედებათა წრე, რაც მზღვეველის პასუხისმგებლობას გამორიცხავს, ყველა სხვა შემთხვევა კი დამზღვევის ინტერესების სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საგამონაკლისო შემთხვევების გაფართოების დაშვება ეწინააღმდეგება ხელშეკრულებაში ამგვარი დათქმების ჩართვის მიზანს. მხარეები თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში დებენ რა ხელშეკრულებას, თავადვე განსაზღვრავენ სახელშეკრულებო ურთიერთობების იმპერატიულ და დისპოზიციურ წესებს, რომელსაც ორივე მხარე განუხრელად უნდა დაემორჩილოს და იცავდეს. საგამონაკლისო დათქმები სადაზღვევო ხელშეკრულების სწორედ იმპერატიულ დანაწესთა იმ წყებას მიეკუთვნება, რომელიც სადაზღვევო თანხის ანაზღაურებისათვის დაუშვებლად მიჩნეულ ქმედებათა სრულ სპექტრს განსაზღვრავს“ (იხ. სუსგ-ები №ას-1147-1067-2017, 29.12.2017 წ.; N ას-462-2022, 24.06.2022წ.; №ას-823-2022 16.01.2024წ.; №ას-838-2024 27.09.2024წ.; №ას-1508-2024, 17.02.2025წ.; №ას-715-2024 28.02.2025წ.).
21. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებულია დაზღვევის ხელშეკრულება; სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დაზიანდა დაზღვეული ავტომანქანა. მზღვეველი სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე უარს აცხადებს იმ საფუძვლით, რომ დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი მოქმედებდა უხეში გაუფრთხილებლობით.
22. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლის თანახმად, მზღვეველი თავისუფლდება საკუთარი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით. ამდენად, განსახილველ დავაში გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, მართებულად შეფასდეს მძღოლის ბრალეულობა, კერძოდ, მისი მხრიდან ვლინდებოდა უხეში გაუფრთხილებლობა თუ მარტივი გაუფრთხილებლობისთვის დამახასიათებელ ნიშნებს ჰქონდა ადგილი. აღნიშნული განაპირობებს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას ან ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. ამასთან, დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე წამოჭრილი დავის დროს მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის შემდეგნაირად ნაწილდება: სადაზღვევო შემთხვევასა და მიღებულ ზიანს შორის causa proxima-ს არსებობა დამზღვევმა უნდა ამტკიცოს, მზღვეველმა კი უნდა დაასაბუთოს, რომ ზიანის გამომწვევი მიზეზი კანონის ან ხელშეკრულების გამონაკლისია და მასზე ვერ გავრცელდება სადაზღვევო დაფარვა (იხ.: №ას-1091-2022, 23.02.2023წ.).
23. სამოქალაქო კანონმდებლობა არ ქმნის უხეში გაუფრთხილებლობის ლეგალურ დეფინიციას. ამდენად, მისი არსებობა უნდა დადგინდეს ყოველი კონკრეტული შემთხვევის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი და ლოგიკური შეფასების შედეგად.
24. საკასაციო პალატის განმარტების თანახმად, მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობა არის მეტისმეტი დაუდევრობა, უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის, ვინც თავისი მოქმედებით აუცილებელ ყურადღებას არ იჩენს უჩვეულოდ მაღალი ხარისხით (იხ.: სუსგ №ას-1306-1226-2015, 01.07.2016წ.; №ას-865-2023, 29.09.2023წ.; №ას-422-2023, 9.11.2023წ.). უხეში გაუფრთხილებლობა გულისხმობს აუცილებელი წინდახედულობის ნორმების განსაკუთრებით მძიმე დარღვევას (იხ.: სუსგ №ას-654-2019, 26.06.2020წ.; №ას-499-2023, 7.06.2023წ.). გამორიცხვის მეთოდით, მარტივ გაუფრთხილებლობად შეფასდება ყველა ის მოქმედება, რომელიც არ წარმოადგენს აუცილებელი წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას, როგორიცაა: დაშვებული სიჩქარის 80-100%-ით გადაჭარბება, უმიზეზოდ საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლა, ქარაფშუტულად, სათანადო გათვლების გარეშე, დაკავებული ზოლიდან გამოსვლით იმავე ზოლში თანხვდენილი მიმართულებით წინ მოძრავი ერთი ან რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების გადასწრება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ასევე, სახანძრო და სხვა სპეციალური ტრანსპორტისათვის გზის დაუთმობლობა, ავტომანქანის სამართავად გადაცემა მართვის უფლების არმქონე ან არაფხიზელი მესამე პირისათვის და ა.შ. (იხ.: სუსგ №ას-1306-1226-2015, 01.07.2016წ.; №ას-1091-2022, 23.02.2023წ.).
25. სადაზღვევო ხელშეკრულებაში/პოლისში საგამონაკლისო ნორმების იმპლემენტაციის დანიშნულებაა ამომწურავად განისაზღვროს იმ გარემოებათა/ქმედებათა წრე, რაც მზღვეველის პასუხისმგებლობას გამორიცხავს, ყველა სხვა შემთხვევა კი, დამზღვევის ინტერესების სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საგამონაკლისო შემთხვევების გაფართოების დაშვება, ეწინააღმდეგება ხელშეკრულებაში ამგვარი დათქმების ჩართვის მიზანს. მხარეები თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში დებენ ხელშეკრულებას და თვითონვე განსაზღვრავენ სახელშეკრულებო ურთიერთობების იმპერატიულ და დისპოზიციურ წესებს, რომელსაც ორივე მხარე განუხრელად უნდა დაემორჩილოს და იცავდეს. საგამონაკლისო დათქმები სადაზღვევო ხელშეკრულების სწორედ იმპერატიულ დანაწესთა იმ წყებას მიეკუთვნება, რომელიც სადაზღვევო თანხის ანაზღაურებისათვის დაუშვებლად მიჩნეულ ქმედებათა სრულ სპექტრს განსაზღვრავს (შეად. სუსგ-ებს: N ას-1147-1067-2017, 29.12.2017წ; N ას-618-618-2018, 16.11.2020წ.). ამდენად, დაზღვევის საგამონაკლისო შემთხვევები ვიწროდ უნდა განიმარტოს, იმგვარად, რომ მზღვეველთა პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლება არ წახალისდეს და ამით საფრთხე არ დაემუქროს სამართლებრივ სივრცეში დაზღვევის სამართლებრივ დანიშნულებასა და მიზანს.
26. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავო არ არის ზიანის არსებობის ფაქტი და ზიანის გამომწვევი სუბიექტი, ასევე სადაზღვევო შემთხვევასა და ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა, მხარეთა შორის სადავოა მხოლოდ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მძღოლის ქმედების კვალიფიკაცია. შესაბამისად, სადავო შემთხვევის სწორად გადაწყვეტისათვის უნდა შეფასდეს მძღოლის ქმედება, კერძოდ, მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა თუ არა „უხეშ გაუფრთხილებლობას“, თუ ვლინდება მარტივი გაუფრთხილებლობისათვის დამახასიათებელი ნიშნები, ვინაიდან, უხეში გაუფრთხილებლობის დადასტურების შემთხვევაში, გამოირიცხება მზღვეველის პასუხისმგებლობა (სსკ-ის 829-ე მუხლი) კანონისა და მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
27. დადგენილია, რომ 2021 წლის 15 მარტს, დაახლოებით 19:50 სთ-ზე, ქ. თბილისში, .......... მხრიდან ფარნავაზ მეფის ქუჩის მიმართულებით დაახლოებით 80 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა დაზღვეული ავტომანქანა, რომელსაც მართავდა მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი - ნ.ნ–ძე. მსვლელობისას დაზღვეული ავტომობილის მძღოლმა დაახლოებით 50 მეტრში შენიშნა ი.ბ–ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი „HONDA FIT“ სახელმწიფო ნომრით ......, რომელიც გამოვიდა გზის მარჯვენა მხარეს არსებული მეორე ხარისხოვანი გზიდან ....... ქ. №.. და №.. კორპუსებს შორის გამოსასვლელი) და მოძრაობდა თავდადებულის ქუჩაზე. აღნიშნულის დანახვაზე ნ.ნ–ძემ დაამუხრუჭა, საჭე მიმართა მარცხნივ, გადავიდა საპირისპირო სამოძრაო ზოლში, სადაც შეეჯახა ზემოხსენებულ ავტომობილს; ქ. თბილისში, ......... ქუჩაზე, №.. და №..კორპუსებს შორის გამოსასვლელთან განთავსებულია საგზაო ნიშანი „მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა“ 40 კმ/სთ-მდე;
28. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, ექსპერტიზის კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის დროს მძღოლ ი.ბ–ის მოქმედება არ შეესაბამებოდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის დანართ N1, პრიორიტეტის ნიშანი 2.3 „დაუთმე გზა“ (გზა, რომელზე მოძრავი მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს გადასაკვეთ გზაზე მოძრავ მძღოლს) მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაშიც მომხდარ საგზაო სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა.
29. ამავე დასკვნით დასტურდება რომ საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის დროს მძღოლ ნ.ნ–ძის მოქმედება არ შეესაბამებოდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს (მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა ამ კანონით განსაზღვრული სიჩქარის შეზღუდვის გადაჭარბებით. შერჩეული სიჩქარე მძღოლს საშუალებას უნდა აძლევდეს მუდმივად აკონტროლოს სატრანსპორტო საშუალება ისე, რომ დაცულ იქნეს მოძრაობის უსაფრთხოება), რომელთა დაცვის შემთხვევაშიც მომხდარ საგზაო სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა.
30. საკასაციო პალატამ სსკ-ის 829-ე მუხლის ნორმატიული შინაარსის კონტექსტში არაერთხელ განმარტა „უხეში გაუფრთხილებლობის“ დეფინიცია. მაგალითად, საქმეში №ას-1479-2019, 21.01.2020წ., სადაც სადაზღვევო კომპანია მიუთითებდა მძღოლის უხეშ გაუფრთხილებლობაზე, როგორც ზარალის ანაზღაურების გამომრიცველ გარემოებაზე, დადგინდა, რომ მძღოლის ბრალეულობა გამოიხატა მარტივ გაუფრთხილებლობაში და არა გაზრახვასა თუ უხეშ გაუფრთხილებლობაში. ამგვარი დასკვნა დაეფუძნა საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტებს: დაზღვეულ ავტომობილს მართავდა უფლებამოსილი მძღოლი; ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას; ავტოსაგზაო შემთხვევისას მძღოლი იმყოფებოდა ფხიზელ მდგომარეობაში; მძღოლი მოძრაობდა დასაშვები სიჩქარით საკუთარ ზოლში; შემთხვევა მოხდა ღამით, უამინდობისას; ავტოსაგზაო შემთხვევისას მძღოლს არ აღენიშნებოდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება. ამ ფაქტების ერთობლიობა, საქმის მასალების გათვალისწინებით, იძლეოდა დამზღვევის მოქმედების მარტივ და არა უხეშ გაუფრთხილებლობად შეფასების საშუალებას. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი შემთხვევის ადგილის სქემის მიხედვით, მძღოლი მოძრაობდა მის სავალ ზოლში. არ იყო წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა შემთხვევის დროს მძღოლის მხრიდან გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობა ან/და მისი ალკოჰოლური თრობის ქვეშ ყოფნა.
31. დასახელებული საქმისგან განსხვავებით სხვა საქმეში (იხ. სუსგ საქმე #ას-943-901-2013, 17 თებერვალი, 2014 წელი), რომლითაც დაუშვებლობის გამო განუხილველად დარჩა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი, სადავო იყო სწორედ სამინისტროს უფლებამოსილი მძღოლის მიერ უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვეული ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურება. აღნიშნულ საქმეში საკასაციო პალატამ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ მძღოლის მიერ შემთხვევის ადგილზე მოქმედი საგზაო ნიშნების უგულებელყოფისა და სიჩქარის გადაჭარბების ფაქტის არსებობის გამო სახეზე იყო უხეში გაუფრთხილებლობა, რის გამოც, მოპასუხე სადაზღვევო კომპანიას არ ეკისრებოდა თანხის ანაზღაურების ვალდებულება.
32. მსგავსი განმარტება გააკეთა საკასაციო სასამართლომ საქმეებში №ას-943-901-2013, №ას-1319-1257-2014 და უხეშ გაუფრთხილებლობად შეაფასა უფლებამოსილი მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების (მანევრირების წესებისა და საგზაო ნიშნების უგულებელყოფა) დარღვევა („ავტომობილის მძღოლმა, რომელიც მოძრაობდა გადაჭარბებული, 70 კმ/სთ სიჩქარით, მაშინ, როდესაც დასაშვები სიჩქარე 40 კმ/სთ იყო, ვერ უზრუნველყო მოძრაობის უსაფრთხოება, გადაკვეთა უწყვეტი ღერძულა ხაზი, გადავიდა საპირისპირო მიმართულებით სამოძრაო ზოლში და შეეჯახა შემხვედრი მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსს“ (იხ. სუსგ საქმე №ას-943-901-2013); „ავტოავარია გამოიწვია მძღოლის უხეშმა გაუფრთხილებლობამ - „ავტოსაგზაო შემთხვევა განაპირობა მძღოლის მიერ მანევრირების წესების უგულვებელყოფამ, რომელთა დაცვის შემთხვევაში, მას შეეძლო საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება. ამასთან, წარმოდგენილი ავტოტექნიკური და ავტოტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა, რომ ავტომობილი „შკოდა ოქტავია“ სახელმწიფო ნომრით .... შეჯახებამდე მოძრაობდა გადაჭარბებული სიჩქარით“ (იხ. სუსგ საქმე Nას-1319-1257-2014).
33. ამდენად, ზემოაღნიშნული განმარტებების, მითითებული პრაქტიკისა და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთების გათვალისწინებით ნათლადაა გამიჯნული თუ რა შემთხვევებში შეიძლება მძღოლის მოქედება შეფასდეს უხეშ გაუფრთხილებლობად და რა შემთხვევებში მარტივ გაუფრთხილებლობად.
34. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის პრეტენზიები დაუსაბუთებელია. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ავტოსაგზაო შემთხვევისას გამოსათვლელი სიჩქარისთვის, საპირისპირო ზოლში დადგენილი სიჩქარის შეზღუდვის მაჩვნებელი ნიშნის შესახებ კასატორის პრეტენზიას და განმარტავს, რომ დაზღვეული ავტომობილი სიჩქარის 100%-იანი გადაჭარბებით მოძრაობდა, რაც მოძრაობის წესების უხეში გაუფრთხილებლობით დარღვევაზე მიუთითებს. ამასთანავე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ნებისმიერი ლიმიტით სიჩქარის დაშვება, ავტომატურად ამავე ნიშნის მაქსიმალური სიჩქარით სიარულის საშუალებას არ იძლევა.
35. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მტკიცებას, რომ ადგილი ჰქონდა მარტივ გაუფრთხილებლობას და სიჩქარის გადაჭარბება მოხდა 5 კმ/სთ-ით, ვინაიდან საგზაო ნიშანზე მითითებული სიჩქარის 15 კმ/სთ სიჩქარემდე გაზრდის უფლებას კანონმდებელი აძლევს მძღოლს, რომელსაც მხარე ითვლის საპირისპირო ზოლისათვის ნებადართულ 60 კმ/სთ სიჩქარიდან და არა 40 კმ/სთ სიჩქარიდან, რომელშიც მოძრაობდა დაზღვეული ავტომობილის მძღოლი - არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს სიჩქარის გადაჭარბებად. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საგზაო ნიშანზე მითითებული სიჩქარის 15 კმ/სთ სიჩქარემდე გაზრდის უფლებას კანონმდებელი აძლევს მძღოლს იმ შემთხვევაში, როდესაც წინდახედულების ნორმების და ყველა სხვა ობიექტური გარემოების, მათ შორის ადგილმდებარეობის შეფასების შედეგად მაღალი ალბათობით მძღოლი დარწმუნდება, რომ სიჩქარის მომატებით არ დაირღვევა საგზა მოძრაობის წესები და არ დადგება რაიმე ზიანი. მოცემულ შემთხვევაში კი დაზღვეული ავტომობილი დასახლებულ პუნქტში მოძრაობდა დაშვებულზე (40 კმ/სთ) ორჯერ მეტი (80 კმ/სთ) სიჩქარით, რაც უკვე სხვა ფაქტორების გათვალისწინების გარეშეც უხეშ გაუფრთხილებლობას წარმოადგენს.
36. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული შედავება და საკმარისი მკტიცებულებები, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობა იქნებოდა, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სწორადაა დადგენილი მძღოლის მოქმედება უხეშ გაუფრთხილებლობად, რაც მოცემულ შემთხვევაში სარჩელით მოთხოვნილი ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი
მირანდა ერემაძე