Facebook Twitter

საქმე №ას-219-2024

14 აპრილი 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - შპს „ტ.კ–ი“ (მოსარჩელე სს „თ.ბ–ის“ უფლებამონაცვლე)

მოწინააღმდეგე მხარე - ლ.კ–ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1 სს „თ.ბ–მა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე", „აპელანტი“, „კასატორი“) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, ლ.კ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე", „მოწინააღმდეგე მხარე“), მიმართ, შემდეგი სასარჩელო მოთხოვნებით:

1.2 მოპასუხე, ლ.კ–ძეს, სს „თ.ბ–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს - 2022 წლის 25 იანვრის N6931151-11822041 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების - 24 829,72 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 20 261,4 ლარი, პროცენტი -3280,96 ლარი, პირგასამტეხლო - 1239,49 ლარი და დაზღვევის თანხა 47,87 ლარი;

1.3 მოპასუხე, ლ.კ–ძეს, სს „თ.ბ–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს - 2022 წლის 5 დეკემბრიდან, 2022 წლის 25 იანვრის N6931151-11822041 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირ თანხაზე - 20 261,4 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე დასარიცხი წლიური 23,4% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 395,09 ლარს;

1.4 მოპასუხე, ლ.კ–ძეს, სს „თ.ბ–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს, 2022 წლის 9 მარტის N6931151-11891563 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების - 3734,2 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 3304,6 ლარი, პროცენტი - 169,63 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 260,51 ლარი.

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო, კერძოდ, ძირითადი მოთხოვნისა და სადაზღვევო დავალიანების არსებობის ნაწილში სარჩელი ცნო (იხ. სხდომის ოქმი, 10:06:53), ხოლო რაც შეეხება პროცენტსა და დარიცხულ ჯარიმებს, მოპასუხე ამ ნაწილში მიუთითებს, რომ მას არ აქვს თანხის გადახდის ვალდებულება, ვინაიდან სს „თ.ბ–ის“ მიერ სესხი გაიცა ისე, რომ არ იქნა გათვალისწინებული სესხის გაცემის კოეფიციენტი, შესაბამისად, ბანკი არ იყო უფლებამოსილი მოპასუხის სახელზე გაეცა სესხი.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

3.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე სს „თ.ბ–ის“ სარჩელი, მოპასუხე ლ.კ–ძის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე ლ.კ–ძეს სს „თ.ბ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 2020 წლის 25 იანვრის N6931151-11822041 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 23 714,18 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 20 261,4 ლარი, 3280,96 ლარი - პროცენტი, 123, 95 ლარი - პირგასამტეხლო და 47,87 ლარი დაზღვევის თანხა; 2022 წლის 9 მარტის 6931151-11891563 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 3604,49 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 3304,6 ლარი, პროცენტი - 169,63 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 130,26 ლარი. 2022 წლის 5 დეკემბრიდან 2022 წლის 25 იანვრის 6931151-11822041 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 20261,4 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე დასარიცხი წლიური 23,4% სარგებლის გადახდის შესახებ მოთხოვნის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3.2 ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება

4.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 სექტემბრის განჩინებით, შპს „ტ.კ–ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება.

4.2 სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი გარემოებები:

4.2.1 სს „თ.ბ–სა“ და ლ.კ–ძეს შორის 2022 წლის 25 იანვარს გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N6931151-11822041 შემდეგი პირობებით: სესხის თანხა - 20 500 ლარი, მოქმედების ვადა: 2026 წლის 27 იანვრამდე; გადახდა უნდა მომხდარიყო ყოველთვიურად, შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულია ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე - 20 ლარის ოდენობით, ხოლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,5%. ხელშეკრულების დამატებით პირობად მხარეებმა გაითვალისწინეს მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით. კერძოდ, მსესხებელი ვალდებულია სესხის მოქმედების განმავლობაში გადახდის გრაფიკის შესაბამისად გადაიხადოს სადაზღვევო პრემია.

4.2.2 2022 წლის 22 აპრილის შემდეგ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდის ვალდებულება, ზედიზედ ორჯერ. 2022 წლის 5 დეკემბრის მდგომარეობით ლ.კ–ძის დავალიანება შეადგენდა 26 960,16 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა - 20 261,40 ლარი, პროცენტი - 3280,96 ლარი, ჯარიმა - 3369,93 ლარი, ხოლო დაზღვევის თანხა - 47,87 ლარი.

4.2.3. სს „თ.ბ–სა“ და ლ.კ–ძეს შორის 2022 წლის 9 მარტს გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N6931151-11891563 შემდეგი პირობებით: სესხის თანხა - 3412 ლარი, მოქმედების ვადა: 2026 წლის 19 მარტამდე; გადახდა უნდა მომხდარიყო ყოველთვიურად, შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად, ყოველი თვის 19 რიცხვში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულია ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე - 20 ლარის ოდენობით, ხოლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,5%. ხელშეკრულების დამატებით პირობად მხარეებმა გაითვალისწინეს მსესხებლის

სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით. კერძოდ, მსესხებელი

ვალდებულია სესხის მოქმედების განმავლობაში გადახდის გრაფიკის შესაბამისად გადაიხადოს სადაზღვევო პრემია.

4.2.4 მოპასუხე ლ.კ–ძემ დაარღვია 2022 წლის 9 მარტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდის ვალდებულება ზედიზედ ორჯერ. მას 2022 წლის 26 აგვისტოს შემდეგ თანხა არ გადაუხდია. 2022 წლის 5 დეკემბრის მდგომარეობით ლ.კ–ძის დავალიანება შეადგენდა 3734,20 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა - 3304,06 ლარი, პროცენტი - 169,63 ლარი, ხოლო ჯარიმა - 260,51 ლარი.

4.3 სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ 2022 წლის 25 იანვრის N6931151-11822041 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაში მითითებული პირობებით ხელშეკრულების დადებისას, მსესხებლისათვის წინასწარ იყო ცნობილი როგორც ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების მოცულობა, ისევე, ამ ვალდებულებათა დარღვევის შედეგად ბანკისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის მოცულობა და, რომ საბანკო საკრედიტო დაწესებულებებთან მიმართებით, არსებობს პრეზუმფცია იმისა, რომ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკრედიტო დაწესებულება ვერ მიიღებდა იმ შემოსავალს, რომელიც მას უნდა მიეღო და ამიტომ, გამართლებულია მიუღებელ ზიანად იმ შემოსავლის მიჩნევა, რომელსაც საკრედიტო დაწესებულება მსესხებლის მიერ სესხით გათვალისწინებულ თანხაზე დარიცხული სარგებლის სახით მიიღებდა; თუმცა, ამავე დროს, პალატამ ნაწილობრივ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია, სადავო მოთხოვნის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებასთან მიმართებაში და მიიჩნია, რომ გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში არ შეიცავს დამაჯერებელ, ლოგიკურ დასაბუთებას; გასაჩივრებული გადაწყვეტილების 6.4 პუნქტში განვითარებული მსჯელობიდან არ გამომდინარეობს სასამართლოს დასკვნის მართებულობა, მიუღებელი შემოსავლის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობის თაობაზე.

4.4 სააპელაციო პალატის შეფასებით, იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულება მხარეებს შორის დაიდო, 2022 წლის 25 იანვარს და მოქმედებდა 2026 წლის 27 იანვრამდე (ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისათვის ეს ვადა არ იყო ამოწურული), ცალსახაა რომ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების ნაწილში, მოპასუხის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დადგენის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლით გათვალისწინებული ყველა აუცილებელი წინაპირობა, რაც ამ ნაწილში, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას განაპირობებდა, რომ არა მოპასუხე მხარის მიერ განხორციელებული შედავება, კრედიტის გაცემის დროს ბანკის მხრიდან დაშვებული შეცდომის თაობაზე;

4.5 სააპელაციო პალატამ მიუთითა მოწინააღმდეგე მხარის განმარტებაზე, რომელსაც მხარე ასევე ავითარებდა პირველი ინსტანციის სასამართლოში, კრედიტის გაცემის პირობები წინააღმდეგობაში მოდიოდა ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ საბანკო რეგულაციებთან, რამაც მის მიმართ კრედიტის არასწორი, შეუსაბამო და მაღალი საპროცენტო განაკვეთის დადგენა გამოიწვია. საკუთარი პოზიციის დასადასტურებლად მხარე უთითებს საქმეში წარმოდგენილ 28/02/2023წ. საქართველოს ეროვნული ბანკის შემდეგი შინაარსის მქონე წერილზე, რომლის ადრესატია ლ.კ–ძე: "გაცნობებთ, რომ სს „თ.ბ–ის“ მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2022 წლიდან ბანკში თქვენ სარგებლობთ 2 სასესხო/საკრედიტო ვალდებულებით. ასევე, ბანკის განცხადებით, ბანკის მხრიდან აღნიშნული სესხის/კრედიტის გაცემის დროს, გარკვეული თანხის ოდენობის თქვენ შემოსავალში გათვალისწინება გამოწვეული იყო იმ დროისათვის არსებული ბანკის სისტემური ხარვეზით. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დამატებითი დეტალების დაზუსტებისთვის უფლებამოსილი ხართ მიმართოთ უშუალოდ მომსახურე ბანკს; ასევე გაცნობებთ, რომ სესხის მომსახურების მაქსიმალური კოეფიციენტები დადგენილია "ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 13 მარტის N44/04 ბრძანებით დამტკიცებული დებულების დანართი N1-ის მოთხოვნით; ამასთან, "ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევის, მისი გაცემის წესისა და კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ" საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2021 წლის 1 ნოემბრის N4 დადგენილებით დამტკიცებული წესის მიხედვით, "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებისა და კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მის ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტების მიმართ გამოყენებული საზედამხედველო ზომების ან/და სანქციების (ფულადი ჯარიმების) შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია.

4.6 განსახილველ შემთხვევაში პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე ფიზიკური პირის დაკრედიტებისას, სწორედ სს"თ.ბ–ის" როგორც კვალიფიციური ფინანსური ინსტიტუტის და ხელშეკრულების დომინანტი მხარის პირდაპირ ვალდებულებას წარმოადგენდა, მომხმარებელთან ურთიერთობაში საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულაციებით გათვალისწინებული სტანდარტების ზედმიწევნით დაცვა და მოდავე მხარეთა განმარტებებისა და 28/02/2023წ. საქართველოს ეროვნული ბანკის წერილის შინაარსის გათვალისწინებით, მიიჩნევს: იმ პირობებში, როდესაც საქმის განხილვის შედეგად გამოიკვეთა ფაქტობრივი გარემოება, იმის თაობაზე, რომ ბანკის მხრიდან მოპასუხეზე სესხის გაცემის დროს ადგილი ჰქონდა "სისტემურ ხარვეზს", რომლის არარსებობის პირობებშიც, არსებობს ალბათობა იმისა, რომ მსესხებელზე კრედიტი მხარეთა მიერ შეთანხმებული ოდენობითა და პირობებით არ გაიცემოდა, კრედიტორის მოთხოვნა მსესხებლისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით, ზიანის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებას, რაც გასაჩივრებულ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებას განაპირობებს.

5. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები

5.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,ტ.კ–ის“ წარმომადგენელმა თ.მ–მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

5.2 კასატორის განმარტებით, 2023 წლის 28 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული წერილი, რომელზეც ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო პალატა, არც მოპასუხის შესაგებელს ერთვოდა და არც სასამართლოს ელექტრონულ საქმის წარმოების სისტემაში არ ყოფილა დაფიქსირებული. კონკრეტული მტკიცებულების წარმოდგენის არც თარიღი და არც მიღება არ არის ცნობილი კასატორისთვის. შესაბამისად, კასატორი მოკლებული იყო გასცნობოდა წერილში არსებულ ინფორმაციას და მოეხდინა სამართლებრივი დასაბუთება, მსჯელობა და საპირისპირო აზრის დაფიქსირების შესაძლებლობა.

5.3 კასატორი განმარტავს, რომ ბანკის საქმიანობას წარმოადგენს მის საკუთრებაში არსებული ფულადი სახსრებიდან შესაბამისი მოგების მიღება. ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად ზიანის მომტანია მხარისათვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. განსახილველ შემთხვევაში კი ბანკი, ვერც მის მიერ გაცემულ ფულად სახსრებს იბრუნებს, შემდგომში მისი დაკრედიტებისთვის და ვერც სარგებელს ვეღარ იღებს. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით განსაზღვრული იქნა წლიური საპროცენტო 23.4%-ის ოდენობით. მხარეებს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის N6931151-11822041 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი და კრედიტის ვადა განისაზღვრა 2026 წლის 27 იანვრამდე. მხარეთა შორის წინასწარ იქნა განსაზღვრული საპროცენტო სარგებელი და ბანკის მხრიდან კრედიტის გაცემა, სწორედ სარგებლის ამ ოდენობით მიღებამ განაპირობა. შესაბამისად, მოპასუხე მხარისათვის ცალსახად სავარაუდო და მოსალოდნელი იყო ყველა ის შედეგი ზიანი, რაც მისი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობას შეიძლებოდა მოჰყოლოდა კრედიტორთან მიმართებით, რომელიც ხელშეკრულების ფარგლებში კონკრეტული სარგებლის მიღებაზეა ორიენტირებული.

5.4 ფაქტი, რომ მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა სარგებელს და ხელშეკრულების შეუსრულებლობით მხარეს ადგება ზიანი, აშკარაა და სააპელაციო სასამართლოს პოზიცია, რომ მოთხოვნა მსესხებლისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით, ზიანის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებას, გაუმართლებელია.

6. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 02 მაისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნას წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

7. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

9. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

10. განსახილველ საქმეში, სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 316-ე (ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება), 361-ე (ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას), 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი), 867-ე (საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით), 868.1-ე (მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი), 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას), 411-ე (ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო) და 412-ე (ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს) მუხლები.

11. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავლის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მართლზომიერება. კერძოდ, კასატორის მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხე, ლ.კ–ძეს, მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისროს - 2022 წლის 5 დეკემბრიდან, 2022 წლის 25 იანვრის N6931151-11822041 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირ თანხაზე - 20 261,4 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე დასარიცხი წლიური 23,4% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 395,09 ლარს;

12. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესზე, რომლის შესაბამისად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის სსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად წარმოშობილი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად მიიჩნევა შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. საკასაციო სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში ასახული განმარტების თანახმად, ზემოაღნიშნული ნორმის მიხედვით, სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, იგულისხმება მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება. ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება (lucrum cessans). მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელიც არ იარსებებდა, ხელშეკრულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირი კავშირი გულისხმობს მოვლენების, მოქმედებისა და შედეგის იმ ლოგიკურ ბმას, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს (იხ.: სუსგ. №ას-754-2021, 02.12.2021წ.).

13. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკა, გააჩნია ფულადი ვალდებულების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის გამო მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით. საბანკო დაწესებულების შემთხვევაში, მიუღებელ შემოსავალზე აპელირება სრულიად ლოგიკურია, ვინაიდან მისი ძირითადი ფუნქცია და დანიშნულება სწორედ ფულადი თანხის სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემაა. შესაბამისად, საკრედიტო დაწესებულებებთან მიმართებით, არსებობს პრეზუმფცია იმისა, რომ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკრედიტო დაწესებულება ვერ იღებს იმ შემოსავალს, რომელიც მას აღნიშნული თანხით უნდა მიეღო. სწორედ ამიტომ, გამართლებულია საკრედიტო დაწესებულების შემთხვევაში მიუღებელ ზიანად იმ შემოსავლის მიჩნევა, რომელსაც საკრედიტო დაწესებულება მსესხებლის მიერ სესხით გათვალისწინებულ თანხაზე დარიცხული სარგებლის სახით მიიღებდა. შესაბამისად, მოვალის მიერ ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად, ბანკმა დაკარგა ის შემოსავალი, რასაც მიიღებდა ხელშეკრულებაში გათვალისწინებული წლიური სარგებლის სახით.(იხ.სუსგ. Nას-577-2021, 02.12.2021წ., №ას-1097-2023 26.07. 2024წ Nას-391-2024 05.07.2024წ.).

14. თუმცა, საკასაციო პალატის მოსაზრებით, სადავო შემთხვევა განსხვავებულია. საქმის განხილვის შედეგად გამოიკვეთა ფაქტობრივი გარემოება, რომ ბანკის მხრიდან მოპასუხეზე კრედიტის გაცემის დროს დაშვებული იქნა შეცდომა, სესხის გაცემის დროს ადგილი ჰქონდა "სისტემურ ხარვეზს", რომლის არარსებობის პირობებშიც, მსესხებელზე კრედიტი მხარეთა მიერ შეთანხმებული ოდენობითა და პირობებით არ გაიცემოდა. სააპელაციო პალატამ მართებულად აღნიშნა, რომ მოპასუხე ფიზიკური პირის დაკრედიტებისას, სწორედ სს"თ.ბ–ის" როგორც კვალიფიციური ფინანსური ინსტიტუტის და ხელშეკრულების დომინანტი მხარის პირდაპირ ვალდებულებას წარმოადგენდა, მომხმარებელთან ურთიერთობაში საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულაციებით გათვალისწინებული სტანდარტების ზედმიწევნით დაცვა. შესაბამისად, საკასაციო პალატა ეთანხმება ქვემდგომი სასამართლოების სამართლებრივ დასკვნას, რომ მოდავე მხარეთა განმარტებებისა და 28/02/2023წ. საქართველოს ეროვნული ბანკის წერილის შინაარსის გათვალისწინებით, კრედიტორის მოთხოვნა მსესხებლისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით, ზიანის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებას, რამაც გასაჩივრებულ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება განაპირობა.

15. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად ვერ შეაფასებს კასატორის განმარტებას, რომ მისთვის ცნობილი არ იყო საქართველოს ეროვნული ბანკის, 2023 წლის 28 თებერვლის N2-18/711 წერილის შინაარსის თაობაზე და ამის გამო, არ მიეცა მას საპირისპირო აზრის დაფიქსირების შესაძლებლობა.

16. საკასაციო პალატა მიუთითებს პირველი ინსტანციის სასამართლოს 2023 წლის 20 აპრილს გამართულ მოსამზადებელ სხდომაზე, რომელიც გადაიზარდა მთავარ სხდომაში და სადაც მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის დროს, მოპასუხემ განმარტა, რომ მან საქართველოს ეროვნული ბანკიდან გამოითხოვა დოკუმენტი, რომლის შინაარსიდან ირკვევა, რომ სს „თ.ბ–მა“ მოპასუხესთან მიმართებით სესხის გაცემის დროს, მის შემოსავალში გარკვეული თანხის ოდენობის გათვალისწინება გამოწვეული იყო იმ დროისთვის არსებული ბანკის სისტემური ხარვეზით (იხ.20.04.2023წ. 10:17:30 სთ. საოქმო ჩანაწერი). აღნიშნული დოკუმენტი საქმის მასალებშიც არის წარმოდგენილი, რომელიც სასამართლოში 24.03.2023წ. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომამდე იქნა წარდგენილი (იხ. ტ. I, ს.ფ.111-112). აღნიშნულთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლოში, მოსარჩელეს მხრიდან რაიმე სახის შედავება არ განხორციელებულა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ შპს „ტ.კ–ის“ წარმომადგენლების მიერ სააპელაციო საჩივარშიც შედავებული არ არის ზემოაღნიშნული წერილის წარმოდგენა/დართვის საკითხი.

17. სსსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. კანონი განსაზღვრავს, თუ რომელმა მხარემ რომელი ფაქტობრივი გარემოებები უნდა დაამტკიცოს. კანონი განსაზღვრავს აგრეთვე, თუ რომელ მხარეს ეკისრება ფაქტების მითითებისა და ამ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელი ფაქტები არ საჭიროებენ დამტკიცებას, მტკიცების რა საშუალებები დაიშვება და რა არ დაიშვება, როგორ და რა წესით ხდება მტკიცებულებათა შეგროვება, შემოწმება და შეფასება და ა.შ.

18. მტკიცების საგანში შედის მხარეთა მიერ მითითებული ფაქტები, რომლებიც სასამართლოს შეხედულებით სამართლებრივად ასაბუთებენ (ამართლებენ) მათ მოთხოვნებს და შესაგებელს. კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა.

19. გამომდინარე იქიდან, რომ მოპასუხის მიერ შესაბამისი მტკიცებულებით გამყარებული შედავება, მტკიცების ტვირთს მოსარჩელეზე აბრუნებს, ეს უკანასკნელი ვალდებული იყო წარმოედგინა შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებდნენ ბანკის მხრიდან მსესხებელზე გაცემულ სესხზე არასწორ, კანონშეუსაბამო საპროცენტო განაკვეთის დაწესების გარემოებას.

20. სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეების ქცევის მასშტაბს - კეთილსინდისიერების ვალდებულებას, ინდივიდის მოქმედებას სამართლიანობის კრიტერიუმთან ურთიერთკავშირში (ლადო ჭანტურია, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, ჭანტურია (რედ.), თბილისი, 2017, მუხლი 8, ველი 1, 10-12). სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებული არიან, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. კოდექსის ეს დანაწესი, რომელსაც ავსებს სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი, მოიცავს მთელ კერძო სამართალს. აღნიშნული მუხლების მოქმედება ცალსახა და იმპერატიულია, ამიტომაც მხარეებს არ აქვთ უფლება, ხელშეკრულებით ან შეთანხმებით გამორიცხონ მათი მოქმედება. სსკ-ის მე-8 მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს კეთილსინდისიერებას, როგორც ვალდებულების ძირითად და აუცილებელ კომპონენტს. კეთილსინდისიერება, როგორც სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპი, გულისხმობს კეთილსინდისიერებას ობიექტური გაგებით. სამოქალაქო ბრუნვის სიმყარე და სტაბილურობა მისი მონაწილეების კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. კეთილსინდისიერება გამოხატავს სამოქალაქო ბრუნვაში, ე.ი. უფლებათა შეძენის, განხორციელების, დაცვის, ასევე ვალდებულებათა შესრულებისას, - სამართლის სუბიექტის ზნეობრივად მოქმედების შესახებ საზოგადოებაში ჩამოყალიბებულ წარმოდგენებს. ყოველი პირი უფლების განხორციელებისა თუ ვალდებულების შესრულების დროს უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერად. სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთ უფლებები და მოვალეობები. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია სამართლიანი შედეგების დადგომა და ამავე დროს, აშკარად უსამართლო შედეგების თავიდან აცილებაა, რაც პირდაპირ უკავშირდება სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილურობას და სიმყარეს (სხვა მრავალთა შორის იხ. სუსგ-ები: N ას-549-521-2015, 18.11.2015წ; N ას-608-2019, 19.03.2021წ; N ას-925-2022, 30.09.2022წ.; N ას-453-2022, 27.12.2022წ.; N ას-627-2023, 20.07.2023წ.; N ას- 372-2023, 6.10.2023წ.; N ას- 999-2024, 29.11.2024წ.; N ას-24-2024, 26.12.2024.).

21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატის შეფასებით, გასაზიარებელია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი გარემოებებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, მოსარჩელემ სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი სადავო გარემოებების მტკიცების სტანდარტის დაცვით, ვერ უზრუნველყო მის მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დადასტურება, შესაბამისად, კასატორმა ვერ დაარწმუნა საკასაციო პალატა, საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძვლების არსებობაში.

22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად, ამდენად, საკასაციო პალატა მიმოიხილავს კასატორის მხოლოდ ძირითად არგუმენტებს (იხ. „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

23. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

24. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის. 25. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

27. პროცესის ხარჯები

სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ტ.კ–ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ, საკასაციო საჩივარზე, სახელმწიფო ბაჟის სახით, სს „თ.ბ–ში“ 2024 წლის 22 აპრილს, N1713791599 საგადასახადო დავალებით გადახდილი 711.17 ლარის 70% 497.81 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

ეკატერინე გასიტაშვილი