Facebook Twitter

¹ბს-1089-1038(კ-06) 10 მაისი, 2007 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ი. ს-ი (მოსარჩელე)

მოპასუხე სარჩელში _ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ახალქალაქის რაიონული ფილიალი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება

სარჩელის საგანი _ სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა; სამუშაოზე აღდგენა; იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 17 თებერვალს ი. ს-მა სარჩელი აღძრა ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ახალქალაქის ფილიალის მიმართ და მოითხოვა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ახალქალაქის რაიონული ფილიალის 2005 წლის 9 თებერვლის ¹4 ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურება.

მოსარჩელის განმარტებით, იგი მუშაობდა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ახალქალაქის ფილიალში .......... თანამდებობაზე. 2004 წლის 7 დეკემბერს სამსახურში ყოფნისას ფილიალის უფროსმა მ. თ-მა მოსარჩელეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც მან მიიღო ტვინის შერყევა, მკურნალობდა ჯერ ახალციხის საავადმყოფო-პოლიკლინიკურ გაერთიანებაში, შემდეგ _ ქ. თბილისის ცენტრალურ კლინიკაში. მიუხედავად იმისა, რომ მკურნალობის თაობაზე მოსარჩელემ ცნობები წარადგინა სამსახურში, იგი 2005 წლის 9 თებერვლის ბრძანებით გათავისუფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან.

მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ახალქალაქის ფილიალის უფროსმა მ. თ-მა რაიონულ სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

შესაგებლის ავტორის განმარტებით, საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სისტემაში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით, განხორციელდა რეორგანიზაცია, რომელსაც თან სდევდა სისტემაში მომუშავე მუშაკთა შტატების რაოდენობის შემცირება, ხოლო სისტემა დაკომპლექტდა უმაღლესი ეკონომიკური და იურიდიული განათლების მქონე პირებით. აღნიშნულის გამო, საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ახალქალაქის ფილიალის მუშაკები, ფონდის გენერალური დირექტორის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, გარდა ი. ს-ისა, 2004 წლის 17 დეკემბერს პერსონალურად, ხელმოწერით გაფრთხილებულ იქნენ სამსახურიდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ. იმ დროისათვის ი. ს-ი იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე და ამ მიზეზით 2004 წლის 17 დეკემბერს ვერ მოხერხდა მისი გაფრთხილება. მოსარჩელე სამსახურში უნდა გამოცხადებულიყო 18 დეკემბერს, მაგრამ იგი 2005 წლის 5 იანვრამდე, საპატიო მიზეზის გარეშე, არ გამოცხადდა სამსახურში. 2005 წლის 5 იანვარს, როდესაც იგი გამოცხადდა სამსახურში, გაფრთხილებულ იქნა მოსალოდნელი შემცირების შესახებ, მაგრამ მან უარი განაცხადა ხელმოწერაზე. ამის გამო, მოპასუხე ფილიალის უფროსმა, იმავე ფილიალის ერთ-ერთი თანამშრომლის თანდასწრებით, შეადგინა ოქმი. 2005 წლის 20 იანვარს, გაფრთხილებიდან ერთთვიანი ვადის გასვლის შემდეგ, ახალქალაქის ფილიალის ყველა თანამშრომელი, ხსენებული ფილიალის უფროსის ბრძანებით, გათავისუფლდა თანამდებობიდან და იმავე დღეს, მათივე წერილობითი განცხადებების საფუძველზე, შრომითი კონტრაქტის საფუძველზე მიიღეს სამსახურში სამი თვის ვადით. 2005 წლის 9 თებერვალს, ასევე გაფრთხილებიდან ერთთვიანი ვადის გასვლის შემდეგ, ი. ს-ი გათავისუფლდა სამსახურიდან საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო იმის გამო, რომ ი. ს-მა აღნიშნულის შემდეგ არ მიმართა აღნიშნული ფილიალის უფროსს მისი სამსახურში მიღების შესახებ შესაბამისი განცხადებით, იგი აღარ იქნა თანამდებობაზე ხელახლა დანიშნული.

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილებით ი. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ს-მა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით ი. ს-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ახალქალაქის რაიონული ფილიალის 2005 წლის 9 თებერვლის ბრძანება ი. ს-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და ი. ს-ი აღდგენილ იქნა ტოლფას თანამდებობაზე იძულებითი გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურებით.

ხსენებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში საკასაციო პრეტენზია იყო დასაბუთებელი, რადგან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არსებითად არ უმსჯელია იმ გარემოებაზე, რეორგანიზაციის შემდეგ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ახალქალაქის ფილიალში არსებობდა თუ არა ის თანამდებობა, კერძოდ, .........-ის, რომელიც ი. ს-ს ეკავა სამსახურიდან გათავისუფლებამდე.

საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ შრომის კანონთა კოდექსის 109-ე მუხლით გათვალისწინებული წინანდელ ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ გარანტიები ვრცელდებოდა მხოლოდ არჩევით თანამდებობაზე არჩეულ მუშაკებზე, ხოლო სააპელაციო სასამართლომ ი. ს-ი ისე აღადგინა ტოლფას თანამდებობაზე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ახალქალაქის ფილიალში, რომ არ იმსჯელა, თუ რამდენად წარმოადგენდა ი. ს-ი მითითებული ნორმის სუბიექტს და, შესაბამისად, სასამართლომ არ გამოიკვლია, გავრცელდებოდა თუ არა კონკრეტულ შემთხვევაში ი. ს-ზე ხსენებული ნორმით დადგენილი გარანტიები, ხოლო ი. ს-ის აღდგენა ტოლფას თანამდებობაზე ეწინააღმდეგებოდა შრომის კანონთა კოდექსის 206-ე მუხლით გათვალისწინებულ წინანდელ სამუშაოზე აღდგენის შესაძლებლობას.

საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის ხელახლა განხილვისას უნდა ემსჯელა იმ გარემოებაზე, რეორგანიზაციის შემდეგ არსებობდა თუ არა ის თანამდებობა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ახალქალაქის ფილიალში, რომელიც ი. ს-ს ეკავა სამსახურიდან გათავისუფლებამდე და, შესაბამისად, ი. ს-ის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მისი აღდგენა განეხორციელებინა მითითებული გარემოების გამოკვლევა-დადგენის შემდეგ.

საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ შრომის კანონთა კოდექსის 422-ე მუხლით განსაზღვრული იყო მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი და წესი. მითითებული მუხლის პირველი ნაწილით იმპერატიულად იყო დადგენილი, რომ მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ მუშაკისთვის პერსონალურად უნდა ეცნობებინათ ერთი თვით ადრე მაინც, ამასთან, აღნიშნული შეტყობინება მუშაკს უნდა დაედასტურებინა ხელმოწერით, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც მუშაკი უარს აცხადებდა ხელის მოწერაზე, გაფრთხილებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებული იყო შეედგინა ოქმი, რომელშიც მითითებული იქნებოდა, რომ მუშაკი გაფრთხილებულ იქნა მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ და იგი უარს აცხადებდა ხელის მოწერაზე. ამ შემთხვევაში ოქმში აგრეთვე მიეთითებოდა მისი შედგენის თარიღი და მხოლოდ გაფრთხილებაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერა, რაც სააპელაციო სასამართლოს მიერ არ ყოფილა გათვალისწინებული და რაზეც სასამართლოს არ უმსჯელია _ სააპელაციო სასამართლომ შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ ი. ს-მა უარი განაცხადა სამსახურიდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ გაფრთხილების ხელმოწერაზე, რაზედაც შედგენილ იქნა აქტი.

საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის ხელახლა განხილვისას შეფასება უნდა მიეცა საქმეში არსებული მტკიცებულებებისათვის _ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ახალქალაქის ფილიალის სამართლებრივი აქტებისთვის და გამოეკვლია, ჰქონდა თუ არა ფონდის ადმინისტრაციას შესაძლებლობა, შრომის კანონთა კოდექსის 421-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შეეთავაზებინა ი. ს-თვის სხვა თანამდებობა, რამდენადაც მითითებული ნორმით განსაზღვრული იყო გათავისუფლებული მუშაკის შრომის უფლებები და გარანტიები, კერძოდ, გათავისუფლებული მუშაკის შრომითი უფლებების ერთ-ერთ გარანტიას წარმოადგენდა სხვა სამუშაოს შეთავაზება იმავე საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით ი. ს-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ახალქალაქის რაიონული ფილიალის უფროსის 2005 წლის 9 თებერვლის ¹4 ბრძანება და მასვე დაევალა გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; ი. ს-ს აუნაზღაურდა განაცდური ხელფასი მისი სამსახურიდან გათავისუფლების მომენტიდან ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემამდე პერიოდში.

სააპელაციო პალატა დაეთანხმა რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დადგენილად მიიჩნია, რომ ი. ს-ი მუშაობდა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ახალქალაქის ფილიალში ............-ის თანამდებობაზე და აღნიშნული ფილიალის უფროსის 2005 წლის 9 თებერვლის ¹4 ბრძანებით ი. ს-ი – ზონის .........-ი, საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის შესაბამისად, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2005 წლის 9 თებერვლიდან.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ახალქალაქის ფილიალის უფროსმა სასამართლოს მოთხოვნის შესაბამისად, მიაწოდა ინფორმაცია ხსენებულ ფილიალში დასაქმებული პირების შესახებ, რომლის თანახმად, მათ საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლით გათვალისწინებული სამსახურში დარჩენის უპირატესი უფლება გააჩნდათ. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ზოგიერთი მათგანი სწავლობდა უმაღლეს სასწავლებელში და ჯერ არ ჰქონდა მინიჭებული კვალიფიკაცია. რაც შეეხებოდა ი. ს-ის განათლებას, 1970 წლის 30 ივნისის ¹...... დიპლომის თანახმად, მას მიეცა დიპლომი მასზედ, რომ 1965 წელს შევიდა ერევნის კომიტასის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში, 1970 წელს დაამთავრა დასახელებული კონსერვატორიის სრული კურსი დირიჟორის სპეციალობით და მიენიჭა გუნდის დირიჟორისა და მასწავლებლის კვალიფიკაცია, 1990 წლის 6 მარტიდან 30 მარტამდე კი, წარმოებისაგან მოწყვეტით, აიმაღლა კვალიფიკაცია სოციალური უზრუნველყოფის ორგანიზების სრულყოფის განხრით.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი შრომის წიგნაკიდან ამონაწერის თანახმად, ი. ს-ი 1989 წლის 1 ივნისიდან 1999 წლის 31 მარტამდე მუშაობდა სოციალური უზრუნველყოფის ახალქალაქის რაიგანყოფილების გამგედ, ხოლო 1999 წლიდან 2001 წლამდე _ ახალქალაქის ფილიალის სამედიცინო დაზღვევის განყოფილების უფროსის მოადგილისა და ........-ის თანამდებობაზე. 2001 წლის 21 ივნისიდან, საშტატო ერთეულების შემცირებასთან დაკავშირებით, იგი გათავისუფლდა განყოფილების გამგის უფროსის მოადგილის თანამდებობიდან და გააგრძელა მუშაობა ...........-ის თანამდებობაზე.

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მუშაკთა რიცხოვნობის ან შტატების შემცირებისას სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება ენიჭებოდათ იმ მუშაკებს, რომლებიც უფრო მაღალი კვალიფიკაციითა და შრომის ნაყოფიერებით გამოირჩეოდნენ. ხსენებული მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით კი, თანაბარი პირობების შემთხვევაში სამუშაოზე დარჩენის უპირატესობა ეძლეოდა იმ პირს, რომელსაც იმავე საწარმოში, დაწესებულებაში ან ორგანიზაციაში მუშაობის უფრო ხანგრძლივი სტაჟი ჰქონდა.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ი. ს-ის გათავისუფლებისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული ზემოთ მითითებული მუხლის მოთხოვნები, ვინაიდან უპირატესი დარჩენის უფლება მიენიჭათ იმ თანამშრომლებს, რომელთაც არ ჰქონდათ უმაღლესი განათლება და ამ ორგანიზაციაში მუშაობის (ი. ს-თან შედარებით) უფრო ნაკლები სტაჟი გააჩნდათ. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიაჩნია, რომ ი. ს-ი მუშაობდა რა ..........-ის თანამდებობაზე, რაც დასტურდებოდა საქმეში წარმოდგენილი შრომის წიგნაკიდან ამონაწერით, მისი გაფრთხილების აქტითა და სხვა დოკუმენტებით, ფონდის ახალქალაქის ფილიალის უფროსის 2005 წლის 9 თებერვლის ¹4 ბრძანებით გათავისუფლდა ზონის ..........-ის (და არა ...........-ის) თანამდებობიდან, რაც მიუთითებდა იმაზე, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი გამოცემული იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა საკასაციო წესით იმავე საფუძვლებით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 18 იანვრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 18 იანვრის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2007 წლის 28 მარტამდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 26 მარტის განჩინებით საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა 2007 წლის 10 მაისს მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ი. ს-ი მუშაობდა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ახალქალაქის ფილიალში ..........-ის თანამდებობაზე. ხსენებული ფონდის გენერალური დირექტორის 2004 წლის 3 დეკემბრის ¹01/163-ო ბრძანებით (ს.ფ. 47-49) დამტკიცდა ფონდის აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების ცენტრალურ აპარატში, რეგიონულ, რაიონულ და საქალაქო ფილიალებში დასაქმებულ მუშაკთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები, დასაქმებულ მუშაკთა რიცხოვნობა და თანამდებობრივი კატეგორიები, თანამშრომელთა თანამდებობები და სარგოები. იმავე ბრძანების მე-4 პუნქტის საფუძველზე ფონდის აჭარის და აფხაზეთის ა/რ, რეგიონალური, რაიონული და საქალაქო ფილიალების რეორგანიზაციასთან, საშტატო განრიგის, მუშაკთა თანამდებობებისა და სარგოების დამტკიცებასთან დაკავშირებით, 2005 წლის 1 იანვრიდან უნდა განხორციელებულიყო ფონდში დასაქმებულ მუშაკთა გათავისუფლება დაკავებული თანამდებობებიდან საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის მოთხოვნების სრული დაცვით. აღნიშნული ბრძანების მე-4 და მე-6 პუნქტებში დასახელებული ფონდის გენერალური დირექტორის 2004 წლის 14 დეკემბრის ¹01/168-ო ბრძანებით (ს.ფ. 23) შეტანილ იქნა ცვლილებები, კერძოდ, აღნიშნული ბრძანების მე-4 პუნქტის საფუძველზე, სისტემაში მიმდინარე რეორგანიზაციის გამო, დასახელებული ფილიალის ყველა მუშაკი გაფრთხილებულ იქნა სამუშაოდან შესაძლო გათავისუფლების შესახებ, რაც დადასტურდა მათი ხელმოწერებით. იმავე ბრძანების მე-6 პუნქტის მიხედვით კი, უნდა მომხდარიყო ფონდის ფილიალებში დასაქმებულ მუშაკთა გათავისუფლება დაკავებული თანამდებობებიდან 2005 წლის 20 იანვრიდან საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის მოთხოვნების სრული დაცვით. ფონდის გენერალური დირექტორის 2004 წლის 14 დეკემბრის ¹01/168-ო ბრძანების ¹4 დანართის (საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის აჭარის და აფხაზეთის ა/რ, რეგიონული, რაიონული და საქალაქო ფილიალების მუშაკთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები _ ს.ფ. 27-29) მიხედვით, ფილიალის მთავარი და წამყვანი სპეციალისტი უნდა იყოს უმაღლესი იურიდიული ან ეკონომიკური განათლების მქონე პირი. ხსენებული ფონდის გენერალური დირექტორის 2004 წლის 3 დეკემბრის ¹01/163-ო ბრძანებისა და მასში ცვლილებების შეტანის შესახებ დასახელებული ფონდის გენერალური დირექტორის 2004 წლის 14 დეკემბრის ¹01/168-ო ბრძანების საფუძველზე, ხსენებული ფონდის ახალქალაქის ფილიალის უფროსის მიერ 2004 წლის 17 დეკემბერს მოხდა ახალქალაქის ფილიალის ყველა მუშაკის გაფრთხილება მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ (ს.ფ. 30), გარდა ი. ს-ისა. შპს “ა-ის” მიერ 2004 წლის 13 დეკემბერს გაცემული ¹054434 საავადმყოფო ფურცლის (ს.ფ. 5) თანახმად, ი. ს-ი 2004 წლის 13 დეკემბრამდე მკურნალობდა შპს “ა-ში” და იგი იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე. ი. ს-ი ამბულატორიულ მკურნალობას გადიოდა შპს “ს-ში”. აღნიშნული ცენტრის მიერ 2004 წლის 24 დეკემბერს გაცემული ¹351 ცნობის (ს.ფ. 6) მიხედვით, ი. ს-ი 2004 წლის 20 დეკემბრიდან 24 დეკემბრამდე ამბულატორულ მკურნალობას გადიოდა და მასში აღნიშნულია, რომ იგი საჭიროებდა 10-დღიან წოლით რეჟიმს.

საკასაციო სასამართლოს ასევე დადგენილად მიაჩნია, რომ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გენერალური დირექტორის 2004 წლის 20 დეკემბრის ¹01/171-ო ბრძანების მიხედვით, საავადმყოფო ფურცელზე მყოფი მუშაკები მიმდინარე სტრუქტურული რეორგანიზაციის და საშტატო ერთეულების ოპტიმიზაციის გამო, სამუშაოდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ გაფრთხილებული უნდა ყოფილიყვნენ საავადმყოფო ფურცლის დახურვისა და სამუშაოზე გამოცხადებისთანავე და მათ მიმართ დაცული უნდა ყოფილიყო საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 36-ე და 422-ე მუხლის მოთხოვნები. 2005 წლის 5 იანვარს ი. ს-ი გამოცხადდა სამსახურში და წარადგინა საავადმყოფო ფურცელი. შპს “ს-ის” მიერ 2005 წლის 27 იანვარს გაცემული ¹30 ცნობის მიხედვით, ი. ს-ი კონსულტაციებზე იმყოფებოდა აღნიშნულ ცენტრში, სადაც მას დაენიშნა მკურნალობა და რეკომენდაცია მიეცა, რომ ოცი დღის შემდეგ ისევ მიეკითხა ხსენებული ცენტრისათვის საკონსულტაციოდ. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ახალქალაქის ფილიალის უფროსის 2005 წლის 9 თებერვლის ¹4 ბრძანებით ი. ს-ი საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2005 წლის 9 თებერვლიდან. საქმეში არსებული 2005 წლის 5 იანვრის ოქმის მიხედვით, რომელიც ხელმოწერილია ფონდის ახალქალაქის ფილიალის უფროსისა და თანამშრომლების მიერ, ი. ს-მა უარი განაცხადა სამუშაოდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ მისი გაფრთხილების მიზნით მოწვეულ ფონდის ახალქალაქის ფილიალის თათბირზე დასწრებაზე. აღნიშნულის თაობაზე შედგენილია ფონდის ახალქალაქის ფილიალის მთავარი ბუღალტერის განმარტებითი ბარათიც (ს.ფ. 263). ხელმძღვანელ მუშაკთა და შრომისა და სოციალური საკითხების სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლების საკავშირო ინსტიტუტის მიერ 1990 წლის 31 მარტს ქ. მოსკოვში გაცემული მოწმობის (ს.ფ. 232) მიხედვით, ი. ს-მა 1990 წლის 6 მარტიდან იმავე წლის 31 მარტამდე წარმოებისაგან მოწყვეტით აიმაღლა კვალიფიკაცია სოციალური უზრუნველყოფის ორგანიზების სრულყოფის განხრით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მუშაკთა რიცხოვნობის ან შტატების შემცირებისას სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება ენიჭებოდათ იმ მუშაკებს, რომლებიც უფრო მაღალი კვალიფიკაციითა და შრომის ნაყოფიერებით გამოირჩეოდნენ. ხსენებული მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით კი, თანაბარი პირობების შემთხვევაში სამუშაოზე დარჩენის უპირატესობა ეძლეოდა იმ პირს, რომელსაც იმავე საწარმოში, დაწესებულებაში ან ორგანიზაციაში მუშაობის უფრო ხანგრძლივი სტაჟი ჰქონდა. აღნიშნული კოდექსის 421-ე მუხლის (განთავისუფლებული მუშაკების შრომის უფლების უზრუნველყოფის გარანტიები) პირველი ნაწილისა და მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტის მიხედვით, მუშები და მოსამსახურეები შეიძლება გამონთავისუფლებული ყოფილიყვნენ საწარმოებიდან, დაწესებულებებიდან, ორგანიზაციებიდან მათი საქმიანობის შეწყვეტის, მუშაკთა რაოდენობის ან შტატის შემცირების გამო, ხოლო გამოთავისუფლებული მუშაკების შრომის უფლება გარანტირებული იყო სხვა სამუშაოს მიცემით იმავე საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ი. ს-ი 1989 წლიდან მუშაობდა ფონდის ახალქალაქის ფილიალში სხვადასხვა თანამდებობაზე. ამასთან, საქმეში არსებული შრომის წიგნაკიდან ამონაწერის (ს.ფ. 222-223) მიხედვით, ი. ს-ი გათავისუფლებამდე მუშაობდა .......-ის თანამდებობაზე, ხოლო ფონდის ახალქალაქის ფილიალის უფროსის 2005 წლის 9 თებერვლის ¹4 ბრძანებით გათავისუფლდა ზონის .......-ის და არა .........-ის თანამდებობიდან.

სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 15 მაისის სხდომაზე (სასამართლო სხდომის ოქმი _ ს.ფ. 233-238) საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ი. ს-ი ვერ აკმაყოფილებდა ახალ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს _ არ გააჩნდა უმაღლესი იურიდიული ან ეკონომიკური განათლება, რის გამოც სამუშაოზე მისი უპირატესი დარჩენის საკითხიც არ განხილულა და არც უნდა განხილულიყო, ამასთან, ფონდის ახალქალაქის ფილიალში მოხდა მუშაკთა საშტატო ერთეულების ლიკვიდაცია და ახალი საშტატო განრიგის დამტკიცება, ის თანამდებობა კი, რომელზეც მოსარჩელე მუშაობდა, დღეისათვის აღარ არსებობდა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია ი. ს-ის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ აქტი _ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ახალქალაქის ფილიალის უფროსის 2005 წლის 9 თებერვლის ¹4 ბრძანება ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად და, შესაბამისად, არასწორად გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, ვინაიდან დასახელებული ბრძანება წარმოადგენს შრომის საკითხზე გამოცემულ სამართლებრივ აქტს და არა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტში მოცემულია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიცია, კერძოდ, აღნიშნული ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული ბრძანების მიჩნევას ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად და მიიჩნევს, რომ ხსენებული ბრძანება არ არის გამოცემული ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე, კერძოდ, მასში აღნიშნულია, რომ იგი გამოცემულია საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არ შეასრულა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 20 ოქტომბრის განჩინებაში მოყვანილი, ზემოთ მოხსენიებული მითითებები, რის გამოც საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ შეფასება უნდა მისცეს საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას, მათ შორის, საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ახალქალაქის ფილიალის სამართლებრივ აქტებს და გამოიკვლიოს, ჰქონდა თუ არა ფონდის ადმინისტრაციას შესაძლებლობა, შრომის კანონთა კოდექსის 421-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შეეთავაზებინა ი. ს-თვის სხვა თანამდებობა, ასევე გაითვალისწინოს, რომ გასაჩივრებული ბრძანება არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რადგან არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტი _ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა გნსახილველად დაბრუნების იმავე კოდექსის 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული აბსოლუტური საფუძველი _ აღნიშნული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მოცემული საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით დ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება და მოცემული საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.