საქმე№ას-1083-2024
23 ივნისი, 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - გ.მ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - თ.ო–ძე (ო.პ–ის უფლებამონაცვლე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, გ.მ–ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო ო.პ–ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ო.პ–მა 2019 წლის 05 აპრილს სარჩელი აღძრა გორის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე, კ.მ–ის მიმართ და მოითხოვა: კ.მ–ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს თანხის - 2000 ლარისა და მიუღებელი შემოსავლის სახით 2000 ლარის 3% -ის დაკისრება ყოველთვიურად, 2017 წლის მაისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ო.პ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გ.მ–ს, ო.პ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 2 000 ლარის გადახდა. გ.მ–ს ო.პ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 2 000 ლარის წლიური 10 %-ის გადახდა 2017 წლის მაისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე. გ.მ–ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა. ო.პ–ს გ.მ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 3113.60 ლარის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით, გ.მ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ო.პ–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება; ო.პ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა. გ.მ–ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გ.მ–ს ო.პ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 2 000 ლარის და ყოველწლიურად 2 000 ლარის 15% გადახდა 2017 წლის მაისის თვიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა, გ.მ–მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, გ.მ–ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო ო.პ–ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 სექტემბრის განჩინებით გ.მ–ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 08 ნოემბრის განჩინებით, შეჩერდა საქმის წარმოება გ.მ–ის საკასაციო საჩივარზე, მოწინააღმდეგე მხარის ო.პ–ის უფლებამონაცვლის დადგენამდე 8 (რვა) თვის ვადით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 10 ივნისის განჩინებით, სამოქალაქო საქმეში №ას-1083-2024 მოწინააღმდეგე მხარის - ო.პ–ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა თ.ო–ძე. განახლდა საქმის წარმოება სამოქალაქო საქმეზე №ას-1083-2024 და საქმის განხილვა გაგრძელდა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან.
2025 წლის 18 ივნისს, კასატორმა გ.მ–მა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და უარი განაცხადა წარმოდგენილ საკასაციო საჩივარზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და გ.მ–ის შუამდგომლობის საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და მოცემულ საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 სექტემბრის განჩინებით გ.მ–ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ასევე დადგენილია, რომ კასატორი - გ.მ–ი უარს აცხადებს საკასაციო საჩივარზე და ითხოვს საქმის წარმოების შეწყვეტას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რასაც სსსკ-ის XLIX თავი შეიცავს.
სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, სსსკ-ის XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამავე კოდექსის 378-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.
სსსკ-ის მე-2 მუხლით განსაზღვრულია პირის უფლება მიმართოს სასამართლოს თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მიზნით, ხოლო, ამავე კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს სამოქალაქო საპროცესო სამართალში, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული, ცხადია, გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას, გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები) ან უარი თქვან მათ გასაჩივრებაზე (იხ.: სუსგ საქმეზე №ას-1573-2018, 26 სექტემბერი, 2019 წელი; №ას-1793-2019, 12 მარტი, 2020 წელი; №ას-712-2020, 4 მარტი, 2021 წელი).
კასატორმა - გ.მ–მა განაცხადა, რომ საკასაციო საჩივარზე ამბობს უარს, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, ამდენად, მან განახორციელა სსსკ-ის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია, რაც საკასაციო საჩივარზე წარმოების შეწყვეტის საფუძველია, ვინაიდან სსსკ-ის 409-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) შეცვლისადმი განისაზღვრება მხარეთა მოთხოვნის ფარგლებით.
სსსკ-ის 399-ე მუხლიდან გამომდინარე, ამავე კოდექსის 378-ე და 272-ე მუხლების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმით, გ.მ–ის საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.
საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 399-ე და 378-ე მუხლების საფუძველზე, კასატორს განუმარტავს, რომ საკასაციო საჩივარზე უარის თქმით მას უფლება ერთმევა კვლავ გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) საკასაციო წესით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
კასატორი სსსკ-ის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 272-ე, 273-ე, 372-ე, 378-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. კასატორ - გ.მ–ის შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის თაობაზე დაკმაყოფილდეს და გ.მ–ის საკასაციო საჩივარზე შეწყდეს წარმოება;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;
3. განემარტოთ მხარეებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილების საკასაციო საჩივრით კვლავ გასაჩივრება დაუშვებელია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
არჩილ კოჭლამაზაშვილი