Facebook Twitter

საქმე №ას-215-2024

26 დეკემბერი 2024 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,ს.კ.ე.ჯ–ია“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 31 ოქტომბრის განჩინება;

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე", „აპელანტი“, „კასატორი“, „შემსყიდველი“, „დამზღვევი“) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, სს ,,ს.კ.ე.ჯ–იას“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე", „მოწინააღმდეგე მხარე“, „მიმწოდებელი“, „მზღვეველი“) მიმართ, პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, სადავო გახადა პირგასამტეხლოს ოდენობა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

3.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 240 ლარის გადახდა.

3.2 ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

4.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება.

4.2 სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი გარემოებები:

4.2.1 2019 წლის 31 მაისს, შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის, გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N419 ხელშეკრულება. ხელშეკრულების ობიექტად

განისაზღვრა მიმწოდებლის მიერ შემსყიდველი ორგანიზაციის ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის მომსახურების გაწევა CON190000322 სატენდერო დოკუმენტაციით, მიმწოდებლის სატენდერო წინადადებითა და ტარიფებით.

4.2.2 ხელშეკრულების საერთო/საორიენტაციო ღირებულება განისაზღვრა 920 000 ლარით. ხელშეკრულების მოქმედების ვადა - 2020 წლის 31 მარტის ჩათვლით.

4.2.3 ხელშეკრულების 11.4 მუხლით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების (გარდა შესრულების ვადის დარღვევისა) შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმის გადახდა ყოველ ჯერზე 100 ლარის ოდენობით. 11.5 მუხლის თანახმად კი, 5 წლის წლოვანების სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების (მათ შორის, წუნის გამოსწორების) ვადის გადაცილებისთვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 50 ლარის ოდენობით.

4.2.4 ხელშეკრულების N1 დანართის (დაზღვევის პირობები) I ნაწილის, 3.6 მუხლის თანახმად, თუ შემთხვევის შემდეგ სატრანსპორტო საშუალება გადაადგილდება და ამავდროულად გადაადგილება არ გამოიწვევს რაიმე სახის ზიანს, დაზღვეული მზღვეველთან შეთანხმებით უფლებამოსილია გააგრძელოს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია, ხოლო თუ სატრანსპორტო საშუალება ვერ გადაადგილდება ან მისი გადაადგილება გამოიწვევს რაიმე სახის ზიანს, მზღვეველი ვალდებულია, უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალების გადაყვანა სერვისცენტრში ან/და საჯარიმო სადგომზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მზღვეველი უარს აცხადებს შემთხვევის აღიარებაზე/დადასტურებაზე. დაზღვევის პირობების II ნაწილის 2.10 მუხლით, ზარალების რეგულირების აქტის ხელმოწერიდან არაუგვიანეს 20 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო დეფიციტური ნაწილის შემთხვევაში - არაუგვიანეს 45 კალენდარული დღის ვადაში, უნდა განხორციელდეს დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების შეკეთება/აღდგენა. ამავე ნაწილის 2.12 მუხლით, სადაზღვევო კომპანია იღებს ვალდებულებას სერვისცენტრში სატრანსპორტო საშუალების შეკეთების ხარისხზე და ვადებზე, ვადების დარღვევის ან/და არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში დაეკისრება სადაზღვევო კომპანიას ხელშეკრულებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები;

4.2.5 ხელშეკრულებით განსაზღვრულ სადაზღვევო ურთიერთობის ვადაში, 2019 წლის 16 ნოემბერს, დაზიანდა დაზღვეული ავტომანქანა - MITSUBISHI L200, სარეგისტრაციო ნომრით GG124SG, რაც შეფასდა სადაზღვევო შემთხვევად.

4.2.6 მოპასუხის 2020 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით, მოსარგებლისთვის ასანაზღაურებელ თანხად განისაზღვრა - 1 650 ლარი;

4.2.7 მოპასუხემ სადავო ავტომანქანის მომსახურების თანხა 1 650 ლარის ოდენობით შპს „კ.მ–სს“ და შპს „ლ–ეს“ ჩაურიცხა 2020 წლის 11 მარტს;

4.2.8 დაზიანებული ავტომანქანა მომსახურების გამწევ საწარმოში აღსადგენად შევიდა 2020 წლის 27 მარტს. აღდგენა დასრულდა 2020 წლის 30 მარტს;

4.2.9 ხელშეკრულების დანართის - დაზღვევის პირობების II ნაწილის 2.10 მუხლის დებულების თანახმად, ზიანი უნდა გამოსწორებულიყო დარეგულირების აქტის ხელმოწერიდან, არაუგვიანეს 20 კალენდარული დღის ვადაში, რაც, მოსარჩელის მტკიცებით, განხორციელდა 48 დღის დაგვიანებით. აღნიშნულის გამო მოსარჩელემ მოპასუხეს დაარიცხა პირგასამტეხლო ხელშეკრულების მე-11 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, რამაც შეადგინა 2400 (50 × 48) ლარი.

4.2.10 2021 წლის 16 ივნისის წერილით, მოპასუხეს ეცნობა პირგასამტეხლოს დარიცხვის შესახებ და ეთხოვა პირგასამტეხლოს სახით დარიცხული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე ჩარიცხვა, არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში;

4.2.11 2019 წლის 31 მაისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობა (დაგვიანებით თანხების გადარიცხვა) განპირობებული არ იყო ფორს-მაჟორული ვითარებით - კოვიდ პანდემიის გამო. სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი არ არის სათანადო მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა ფაქტობრივი გარემოება, რომ ვალდებულების დროულად შესრულებაში, მოპასუხეს ხელი პანდემიურმა ვითარებამ შეუშალა. დაზღვეული ავტომანქანის დაზიანება მოხდა 2019 წლის 16 ნოემბერს, მოპასუხემ სადავო ავტომანქანის მომსახურების თანხა 1 650 ლარი შპს „კ.მ–სს“ და შპს „ლ–ეს“ ჩაურიცხა 2020 წლის 11 მარტს, ხოლო ავტოსარემონტო სამუშაოები განხორციელდა, 2020 წლის 30 მარტს, სწორედ იმ დროს, როდესაც ქვეყანაში მოქმედებდა შეზღუდვები. მითითებული თარიღების მიხედვით, დგინდება, რომ მზღვეველისათვის ზიანის გამოსწორებაში ხელი არ შეუშლია პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს. ამასთან, მოპასუხე აპელირებს პანდემიის გამო ვალდებულების შესრულების გართულებაზე და არა შეუძლებლობაზე, რაც იმთავითვე გამორიცხავს დაუძლეველი ძალის მონაწილეობას ვალდებულების დაგვიანებით შესრულებაში. ამდენად, არ დასტურდება ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილება (თანხის დაგვიანებით გადარიცხვა) ფორს-მაჟორით იყო გამოწვეული.

4.3 სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხემ დაარღვია დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, კერძოდ, მოსარჩელე ორგანიზაციის ბალანსზე რიცხულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დაზღვევის მომსახურება გასწია ვადის დარღვევით. შესაბამისად, მოპასუხეს წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, რომელიც წერილობით იყო შეთანხმებული მხარეთა მიერ.

4.4 სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების წარმოშობა, სადავო არ არის, სადავოა მხოლოდ მოპასუხისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა.

4.5 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, დარღვევის ხასიათის, დარღვევით გამოწვეული შესაძლო ზიანის, მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობისა და შეუსრულებელი ვალდებულების მოცულობის გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად შეამცირა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო გონივრულ ოდენობამდე. ამასთან, პალატამ მიუთითა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოვალისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა - 240 ლარი, შეუსრულებელი ვალდებულების მოცულობის (1650 ლარის) 15%-ია, რაც გონივრულია და თანაც შეესაბამება ამ საკითხზე შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციებს.

5. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები

5.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 31 ოქტომბრის განჩინება, საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

5.2 კასატორის განმარტებით, მოპასუხემ დროულად არ შეასრულა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც წარმოიშვა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება. კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს მიერ დარიცხული პირგასამტეხლოს 10-ჯერ შემცირებას, ვინაიდან ასეთი შემცირების შემთხვევაში, ვალდებულების დამრღვევ მხარეს ექმნება მოლოდინი, რომ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების პირობებშიც კი, მოსალოდნელი პასუხისმგებლობის ფარგლები ძალიან მცირე იქნება და პირგასამტეხლოს შემაკავებელი ეფექტი არ იმოქმედებს.

5.3 კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ უგულებელყო პირგასამტეხლოს მიზანი და ზოგადი მსჯელობის გათვალისწინებით დაუსაბუთებლად შეამცირა.

6. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 თებერვლის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნას წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

7. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

9. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

10. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს, პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების მიერ, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს შემცირების მართლზომიერება.

11. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია მოსარჩელესთან 2019 წლის 31 მაისს გაფორმებული N419 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება. კერძოდ, ხელშეკრულებით განსაზღვრულ სადაზღვევო ურთიერთობის ვადაში, 2019 წლის 16 ნოემბერს, დაზიანდა დაზღვეული ავტომანქანა - MITSUBISHI L200, სარეგისტრაციო ნომრით ....., რაც შეფასდა სადაზღვევო შემთხვევად. მოპასუხის 2020 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით, მოსარგებლისთვის ასანაზღაურებელ თანხად განისაზღვრა - 1 650 ლარი; მოპასუხემ სადავო ავტომანქანის მომსახურების თანხა 1 650 ლარის ოდენობით შპს „კ.მ–სს“ და შპს „ლ–ეს“ ჩაურიცხა 2020 წლის 11 მარტს; დაზიანებული ავტომანქანა მომსახურების გამწევ საწარმოში აღსადგენად შევიდა 2020 წლის 27 მარტს. აღდგენა დასრულდა 2020 წლის 30 მარტს; ხელშეკრულების დანართის - დაზღვევის პირობების II ნაწილის 2.10 მუხლის დებულების თანახმად, ზიანი უნდა გამოსწორებულიყო დარეგულირების აქტის ხელმოწერიდან, არაუგვიანეს 20 კალენდარული დღის ვადაში, რაც, მოსარჩელის მტკიცებით, განხორციელდა 48 დღის დაგვიანებით. აღნიშნულის გამო მოსარჩელემ მოპასუხეს დაარიცხა პირგასამტეხლო ხელშეკრულების მე-11 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, რამაც შეადგინა 2400 (50 × 48) ლარი. პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების წარმოშობა, სადავო არ არის, სადავოა მხოლოდ მოპასუხისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა.

12. საკასაციო სასამართლო თავის ერთ-ერთ განჩინებაში მიუთითებს, რომ სამოქალაქო სამართლით განმტკიცებული მხარეთა ავტონომიურობის პრინციპი ყველაზე ნათლად ხელშეკრულების თავისუფლებაში გამოიხატება. ხელშეკრულების თავისუფლება ეფუძნება მხარეთა სურვილს, დაამყარონ კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობა. ხელშეკრულების თავისუფლება ორი ნაწილისაგან შედგება: ა) ხელშეკრულების დადების თავისუფლება; ბ) ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლება. ხელშეკრულების შინაარსის თავისუფალი განსაზღვრა გულისხმობს იმასაც, რომ სსკ-ის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადების მიხედვით, „კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას“.

13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კერძო სამართალში ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის საფუძველზე, სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს შეუძლიათ განახორციელონ კანონით აუკრძალავი, მათ შორის კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ნებისმიერი მოქმედება. იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულების მხარეები სწორედ თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში, საკუთარი შეხედულებისამებრ აყალიბებენ გარიგების პირობებს, კერძო სამართალი მათ მიერ ნაკისრი ვალდებულების განუხრელ დაცვას მოითხოვს. pacta sunt servanda- ს პრინციპის თანახმად, ხელშეკრულება უნდა შესრულდეს, რაც ხელშეკრულებისადმი ერთგულების გამოვლინებას წარმოადგენს. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (შეად. სუსგ-ებს: N ას-1079-2019, 30.09.2019წ.; N ას-672-2021 23.09.2021წ.; Nას-1194.2022, 8.06.2023წ.; N ას-480-2023 20.09.2023წ.; N ას-328-2023, 20.06.2023წ.; N ას-553-2023 28.09.2023წ.).

14. პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. „ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...", “პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შეად. სუსგ-ებს N ას 848-814-2016, 28.12.2016; N ას-816-767-2015, 19.11.2015; N ას-953-918-2016, 22.11.2016).

15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია აქვს: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და „აიძულებს“ ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ-ები: N ას-428-428-2018, 13.07.2018 წ; N ას-400-2023, 10.10.2023წ; N ას-835-2023, 25.10.2023წ; N ას-355-2019, 26.10.2023წ.; N ას-1164-2023, 4.12.2023წ; N ას-1218-2023, 10.01.2024წ; N ას-1210-2023. 18.01.2024წ.).

16. სსკ-ის 420-ე მუხლის (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) მიხედვით, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. მართალია, პირგასამტეხლოს განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა, დასახელებული დანაწესი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, მხარის მოთხოვნის საფუძველზე იმსჯელოს და შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფი ვალდებულება (იხ. სუსგ-ები: Nას-1158-1104-2014, 6.05.2015წ.; N ას-1199-1127-2015, 13.04.2016 წ; Nას-708-678-2016, 27.01.2017 წ; N ას-51-2022, 22.07.2022წ; N ას-941-2022, 31.10.2022წ; N ას-626-2023, 7.07.2023წ; N ას-400-2023, 20.10.2023წ.; Nას-1389-2023, 30.01.2024წ.).

17. რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობას, მისი განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება“ (იხ. სუსგ-ები: N ას-816-767-2015, 19.11.2015წ.; Nას-428-428-2018, 13.07.2018 წ; Nას-603-2023, 20.07.2023წ; Nას-744-2023, 12.09.2023წ; Nას-355-2019, 29.10.2023წ; Nას-1164-2023, 4.12.2023წ; Nას-1218-2023, 10.01.2024წ; Nას-1210-2023. 18.01.2024წ; N ას-504-2024, 4.10.2024წ.).

18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო, მეორე მხრივ კი, პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. ამ კრიტერიუმებში იგულისხმება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს, სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა;

19. საკასაციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების შეფასება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი) არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა.

20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო მხოლოდ კვალიფიციური შედავების არსებობის შემთხვევაშია უფლებამოსილი, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის კვლევას სასამართლო მოვალის კვალიფიციური შესაგებლის არსებობის შემთხვევაში ახორციელებს და მის გარეშე შეუძლებელია დადგინდეს რამდენად შეუსაბამო და არაგონივრულია პირგასამტეხლოს ოდენობა სახელშეკრულებო ინტერესის ხელყოფის მასშტაბთან.

21. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ძირითად აქცენტს აკეთებს მასზედ, რომ შესრულებული სამუშაოს ვადაგადაცილება გამოწვეული იყო ობიექტური გარემოებებით, მათ შორის, პანდემიით გამოწვეული აკრძალვებით. ასევე, მოპასუხემ მიუთითა, რომ ავტომანქანით სარგებლობის შეფერხებას ადგილი არ ჰქონია. მოსარჩელემ ავტომანქანა სადაზღვევო ანაზღაურების გაცემიდან (2020 წლის 11 მარტიდან) თითქმის ორკვირიანი დაგვიანებით მიიყვანა სერვის ცენტრში შესაკეთებლად. მიღება-ჩაბარების აქტით დასტურდება, რომ ავტომანქანა სერვის ცენტრში აღსადგენად შევიდა 2020 წლის 27 მარტს და აღდგენა დასრულდა 2020 წლის 30 მარტს - 3 დღეში.

22. განსახილველ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ მოვალემ ვალდებულება დაარღვია და პირგასამტეხლოს დარიცხვის საფუძველი წარმოიშვა, პალატას მიაჩნია, რომ დარღვევის ხასიათის, მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობისა და შეუსრულებელი ვალდებულების მოცულობის გათვალისწინებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად შეამცირეს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო გონივრულ ოდენობამდე. ამასთან, გასაჩივრებული განჩინებით, მოვალისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა - 240 ლარი, შეუსრულებელი ვალდებულების მოცულობის (1650 ლარის) 15%-ია, რაც გონივრულია.

23. ამდენად, პალატის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე თანხვედრაშია, როგორც სსკ-ის 420-ე მუხლის ნორმატიულ შინაარსთან (პირგასამტეხლოს დანიშნულება და გონივრულობის სტანდარტი), ასევე, დამკვიდრებულ სასამართლო პრაქტიკასთან. შესაბამისად, დაუსაბუთებელია კასატორის პრეტენზია მის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს სრული ოდენობით მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე.

24. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

25. ყველა ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივ დასაბუთებას და მიუთითებს, რომ საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთმიმართება, ასევე მტკიცებულებათა შეპირისპირება და ერთობლივი გაანალიზება, არ ადასტურებს კასატორის მოთხოვნის საფუძვლიანობას.

26. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

27. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის. 28. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

30. პროცესის ხარჯები

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, პირველი პუნქტის, „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

ეკატერინე გასიტაშვილი