საქმე №ას-1240-2023
29 ოქტომბერი 2024 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სს ,,ს.ს.ე–მა’’ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები – დ.ც–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – საკომპენსაციო თანხის გადახდის სანაცვლოდ, უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
სს ,,ს.ს.ე–მა’’-ს წარმომადგენელმა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე", „აპელანტი“, „კასატორი“, სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, დ.ც–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე", „მოწინააღმდეგე მხარე“) მიმართ, საკომპენსაციო თანხის გადახდის სანაცვლოდ, უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3.1 ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით, სს ,,ს.ს.ე–მის’’ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3.2 აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს ,,ს.ს.ე–მა“-მ.
4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
4.1 ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ივნისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება.
4.2 სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა აპელანტის შუამდგომლობა მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე, იმ მოტივით, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად არ ამართლებს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას.
4.3 რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას, საკომპენსაციო თანხის გადახდის სანაცვლოდ, უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობას, კერძოდ - გადახდილი უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების - 44 000 ლარის სანაცვლოდ, სს ,,ს.ს.ე–მა’’-ს საკუთრებაში გადაეცეს დ.ც–ძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - ს.კ ........, მდებარე, ქობულეთი, სოფ. ......., ნაკვეთის ფუნქცია - სასოფლო - სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი - 2650 კვ.მ., შენობა-ნაგებობა (მშენებარე) N01-274.9 კვ. მეტრი.
4.4 სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს 26.02.2019წ. გადაწყვეტილებით დგინდება და არც მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ დ.ც–ძის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი მოქცეულია სს „ს.ს.ე–მა“-ს საკუთრებაში არსებული 220 კილოვატი ძაბვის საჰაერო ელექტრო გადამცემი ხაზი (სეგხ) პალიასტომი II დაცვის ზონაში N508-N509 ანძების შუალედში. ამდენად, სს „ს.ს.ე–მა“-ს კუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზი კვეთს დ.ც–ძის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, ანუ სს „ს.ს.ე–მა“ დ.ც–ძის მიწის ნაკვეთს იყენებს ამ ნაკვეთზე გატარებული საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზებით საკუთარი აბონენტებისათვის ელექტროენერგიის მისაწოდებლად.
4.5 სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. მიუხედავად საკუთრების უფლების აღიარებისა და ხელშეუვალობისა, საქართველოს კონსტიტუცია არ გამორიცხავს საკუთრების უფლების შეზღუდვას და საკუთრების ჩამორთმევას.
4.6 პალატამ განმარტა, რომ საკუთრების უფლება აბსოლუტური არ არის. მესაკუთრის უფლებები შეზღუდულია კანონით ან ხელშეკრულებით. საკუთრების უფლების შეზღუდვის ერთ-ერთი ფორმას წარმოადგენს აუცილებელი გზის უფლება.
4.7 სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლში საკუთრების უფლების კანონისმიერი შებოჭვის პირობებია მოცემული. თუ არსებობს ამ მუხლით გათვალისწინებული პირობები, მაშინ მეზობელმა უნდა ითმინოს თავისი მიწის ნაკვეთის დატვირთვები. მეზობელი ნაკვეთის დატვირთვა ობიექტური გარემოებებით უნდა იყოს გამოწვეული, რომლის არსებობის შემთხვევაში, პრაქტიკულად შეუძლებელია მესაკუთრის მიერ, თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება, მეზობელი მიწის ნაკვეთით სარგებლობის გარეშე. მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება ნიშნავს საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან აუცილებელი კავშირის არსებობას. აღსანიშნავია, რომ ამ კავშირის არსებობა არ არის დამოკიდებული სუბიექტური მიზანშეწონილობასა და არჩევანზე, არამედ, დაკავშირებულია ობიექტურად არსებულ ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც უთითებენ აუცილებელ, უალტერნატივო კავშირზე საჯარო გზებთან და ა.შ.
4.8 სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სამეზობლო ურთიერთობები წესრიგდება სამოქალაქო მატერიალური სამართლით. სამეზობლო სამართლის რეგულირების სფეროშია საკუთრებით სარგებლობის მისაწვდომობისათვის აუცილებელი გზის უფლების აღიარება, რითაც იზღუდება მეზობელი მესაკუთრის უფლებები, საკუთრების სარგებლობისათვის სხვა ალტერნატიული მისასვლელის არ არსებობის გამო. ანუ, აუცილებელი გზის უალტერნატივო საჭიროება დადასტურებული უნდა იყოს მიწის ნაკვეთთან სხვა გზით დაკავშირების შესაძლებლობის არ არსებობის ფაქტით. ამიტომაც აუცილებელი გზის უფლების დადგენისას სამეზობლო თმენის ვალდებულების წარმოშობა დამოუკიდებელია გამოსაყენებელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ნებისგან.
4.9 სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საკუთრების უფლების შეზღუდვა თმენის ვალდებულების პირობებში, სამართლიანი კომპენსაციის პირობებში უნდა მოხდეს, რითაც დაუშვებლად არ უნდა იქნეს ხელყოფილი მესაკუთრის უფლებები, ანუ გარკვეული თმენის ვალდებულება სწორედაც, რომ შესატყვისი კომპენსაციით უნდა იქნეს ანაზღაურებული. საკუთრების უფლების შეზღუდვის შესაძლებლობა ლეგიტიმურია მხოლოდ სამართლიანი კომპენსაციის პირობებში. კომპენსაცია სამართლიანია, თუ იგი უზრუნველყოფს საკუთრებაზე დაწესებული შეზღუდვის თმენის ვალდებულებისათვის გონივრული ანაზღაურების მიღებას. თმენის ვალდებულებისათვის კომპენსაციის დაწესების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს შეზღუდვის ფარგლები. ამასთან, ანაზღაურება თმენის ეკვივალენტური უნდა იყოს. თმენა კი ეხება არამხოლოდ მატერიალურ უფლებაში ჩარევას, როგორიცაა, შემოსავლის შემცირება, საკუთრების უფლებით ჩვეულებრივი სარგებლობით უფლების შეზღუდვა, უძრავი ქონების საფასურის შეცვლა საუარესოდ და ა.შ. ასევე არამატერიალურ უფლებებში ჩარევასაც, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
4.10 სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს 26.02.2019წ. გადაწყვეტილებით, დგინდება და მხარეთა შორის სადავოც არ არის ის გარემოება, რომ სწორედ საკუთრებით სარგებლობის შეზღუდვის გამო, ამავე გადაწყვეტილებით, სს ,,ს.ს.ე–მა’’-ს, დ.ც–ძის სასარგებლოდ, დაეკისრა კომპენსაციის - 44 000 ლარის გადახდა, რაც გადახდილი იქნა კიდეც სს ,,ს.ს.ე–მა’’-ს მიერ. ამდენად, აღნიშნული თანხა დ.ც–ძეს აუნაზღაურდა საკუთრებით სარგებლობის შეზღუდვის საკომპენსაციოდ და არა სხვა რაიმე მიზნით, რაც გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილებას.
4.11 სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ დ.ც–ძის მხრიდან ადგილი აქვს უფლების ბოროტად გამოყენებას (სსკ 115-ე მუხლი) და აღნიშნა, რომ განსახილველი სარჩელით მოსარჩელე სს ,,ს.ს.ე–მა’’ ითხოვს კომპენსაციის 44 000 ლარის გადახდის სანაცვლოდ, დ.ც–ძის კუთვნილი უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობას, რაც ფაქტობრივად ნიშნავს კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ უძრავი ქონების ჩამორთმევას - ე.წ. ექსპროპრიაციას, რომლის უფლებაც მოსარჩელეს არ მოუპოვებია.
5. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები
5.1 ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
5.2 კასატორმა განმარტა, რომ სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებლად თქვა უარი ,,ს.ს.ე–მა“-ს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანასთან დაკავშირებით. სარჩელში და სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო და სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, რომლის საფუძველზეც სააპელაციო პალატას უნდა დაეკმაყოფილებინა შუამდგომლობა და გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე.
5.3 კასატორმა განმარტა, რომ შეუსაბამოა სააპელაციო პალატის მსჯელობა იმ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებითაც, რომლითაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 26.02.2019წ. გადაწყვეტილებით, „საკუთრებით სარგებლობის შეზღუდვის გამო სს „ს.ს.ე–მა"-ს დ.ც–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 44 000 ლარის გადახდა". აღსანიშნავია, რომ 44 000 ლარი, რომელიც დაეკისრა სსე-ს დ.ც–ძის სასარგებლოდ, არის არა საკუთრებით სარგებლობის შეზღუდვის შესაბამისი თმენის ვალდებულების კომპენსაცია, არამედ დ.ც–ძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება.
5.4 კასატორი განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სსსკ-ის 230-ე მუხლი, რის გამოც მიიჩნია, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებლად თქვა უარი სსე-ს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანასთან დაკავშირებით. ზემოხსენებული ნორმები უდავოდ ადასტურებენ, რომ სსე-ს სარჩელში და სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო და სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, რომლის საფუძველზეც სააპელაციო პალატას უნდა დაეკმაყოფილებინა სსე-ს შუამდგომლობა და გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სსე-ს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე.
6. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნას წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
7. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
9. საკასაციო პალატა კასატორს განუმარტავს, რომ იგი საქმეს იხილავს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის შესაბამისად, და ამავე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასამართლოს უფლება არ აქვს გასცდეს კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში დაფიქსირებულ პრეტენზიებს.
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
10. მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს საკომპენსაციო თანხის გადახდის სანაცვლოდ, უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო პალატის შეფასების საგანია სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობის შესახებ.
11. ვინაიდან დავის საგანი ეხება საკუთრების უფლებას, საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს მიუთითოს, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის დანაწესზე, რომლის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. საკუთრების უფლება ადამიანის უფლებათა ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა, რაც ნიშნავს ყოველი მესაკუთრე ფიზიკური თუ იურიდიული პირის უფლებას თავისუფლად ფლობდეს და განკარგავდეს ქონებას. დაუშვებელია საკუთრებაში არსებული ქონების თვითნებურად ჩამორთმევა.
12. მიუხედავად საკუთრების უფლების აღიარებისა და ხელშეუვალობისა, საქართველოს კონსტიტუცია არ გამორიცხავს საკუთრების უფლების შეზღუდვას კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი, ხოლო მე-3 ნაწილის მიხედვით, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით.
13. საგულისხმოა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის, პირველი მუხლი, საქართველოს კონსტიტუციის მსგავსად, იცავს საკუთრების უფლებას, კერძოდ, პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს დაუბრკოლებლად ისარგებლოს თავისი ქონებით. არავის არ შეიძლება წაერთვას ქონება, იმ შემთხვევის გარდა, როცა ამას საზოგადოების ინტერესები მოითხოვს და იმ პირობით, რაც გათვალისწინებულია კანონით და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით. აღნიშნული მუხლის პირველი წინადადებიდან ჩანს, რომ საკუთრების უფლება დაცულია როგორც კერძო, ასევე იურიდიული პირებისათვის.
14. კასატორის პრეტენზიაა ისაა, რომ მოპასუხის სასარგებლოდ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაეკისრა არა საკუთრების უფლების შეზღუდვის პროპორციული, არამედ მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება სრულად, რაც კასატორის მოსაზრებით, უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობის საფუძველია.
15. საკასაციო პალატის განმარტებით, საკუთრების უფლების შეზღუდვის ერთ-ერთი შემთხვევა რეგლამენტირებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზედაც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს. შესაბამისად, 180-ე მუხლი წარმოადგენს საკუთრებით თავისუფალი სარგებლობის უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის ლეგიტიმურ საფუძველს და გამართლებულია სხვა მესაკუთრის აუცილებელი საჭიროებით (სხვა გზის არარსებობა, რაც ნივთის ჯეროვანი გამოყენების საშუალებას არ იძლევა და ამით ნივთის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა მცირდება ან საერთოდ იკარგება). ამასთანავე, უფლებათა კონკურენციის საკითხი კანონმდებლობით მოწესრიგებულია იმგვარად, რომ მესაკუთრეს, რომლის ნივთთან კავშირიც სხვა მესაკუთრის ინტერესებიდან გამომდინარე ეზღუდება, მიეცემა კომპენსაცია, რაც უფლებაში ჩარევის ადეკვატური საშუალება უნდა იყოს.
16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთ განჩინებაშია განმარტებული, საკუთრების უფლების შეზღუდვის შესაძლებლობა ლეგიტიმურია მხოლოდ სამართლიანი კომპენსაციის პირობებში. კომპენსაცია სამართლიანია, თუ იგი უზრუნველყოფს საკუთრებაზე დაწესებული შეზღუდვის თმენის ვალდებულებისათვის გონივრული ანაზღაურების მიღებას. ამასთან, ანაზღაურება თმენის ეკვივალენტური უნდა იყოს (იხ. სუსგ. საქმე №ას-568-2021, 26.11.2021წ.).
17. კომპენსაციის ოდენობის დადგენისათვის მნიშვნელოვანია, გაირკვეს საკუთრების უფლების შეზღუდვის ფარგლები და ის ინტერესი, რაც მესაკუთრეს ან მფლობელს ექნებოდა შეზღუდვის არარსებობის შემთხვევაში. ამასთან, შეზღუდვის კანონიერება, ევროსასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, მოწმდება ე.წ პროპორციულობის ტესტით: იგი უნდა ემყარებოდეს ლეგიტიმურ საფუძველს, გამართლებული უნდა იყოს საზოგადოების აუცილებელი საჭიროებით და მიზნის მიღწევა ნაკლებად მზღუდავი საშუალებით არ უნდა იყოს შესაძლებელი (იხ. სუსგ. საქმე №ას-965-2019, 10.04.2020წ.).
18. დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 26.02.2019 წ. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, საკუთრებით სარგებლობის შეზღუდვის გამო, სს ,,ს.ს.ე–მას’’, დ.ც–ძის სასარგებლოდ დაეკისრა - 44 000 ლარის გადახდა.
19. აღნიშნული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ დ.ც–ძის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი მოქცეულია სს „ს.ს.ე–მა“-ს საკუთრებაში არსებული 220 კილოვატი ძაბვის საჰაერო ელექტრო გადამცემი ხაზი (სეგხ) პალიასტომი II დაცვის ზონაში N508-N509 ანძების შუალედში. ამდენად, სს „ს.ს.ე–მა“-ს კუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზი კვეთს დ.ც–ძის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, ანუ სს „ს.ს.ე–მა“ დ.ც–ძის მიწის ნაკვეთს იყენებს ამ ნაკვეთზე გატარებული საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზებით საკუთარი აბონენტებისათვის ელექტროენერგიის მისაწოდებლად.
20. ამდენად, საკასაციო პალატა მიუთითებს მართლმსაჯულების აქტზე - კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 26.02.2019 წლის გადაწყვეტილებაზე და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ზემოთ აღნიშნული თანხა დ.ც–ძეს აუნაზღაურდა საკუთრებით სარგებლობის შეზღუდვის საკომპენსაციოდ და არა სხვა რაიმე მიზნით, რაც გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილებას. ამ სამართლებრივ მოცემულობას ვერ შეცვლის კასატორის მიერ მითითებული გარემოება, რომ მას, საკომპენსაციო თანხის სახით, უძრავი ქონების სრული საბაზრო ღირებულების ანაზღაურება დაევალა. საკასაციო პალატა, კვლავ გაამახვილებს ყურადღებას თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 26.02.2019 წ. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, სასამართლომ საკუთრების უფლების შეზღუდვის, საკუთრების ხელყოფის შესაბამისად და პროპორციულად მიიჩნია აღნიშნული თანხა.
21. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ დ.ც–ძის მხრიდან ადგილი აქვს უფლების ბოროტად გამოყენებას (სსკ 115-ე მუხლი) და აღნიშნავს, რომ განსახილველი სარჩელით მოსარჩელე სს ,,ს.ს.ე–მა’’ ითხოვს კომპენსაციის - 44 000 ლარის გადახდის სანაცვლოდ, დ.ც–ძის კუთვნილი უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობას, რაც ფაქტობრივად ნიშნავს, კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ უძრავი ქონების ჩამორთმევას - ე.წ. ექსპროპრიაციას, რომლის უფლებაც მოსარჩელეს, მოპასუხის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე არ მოუპოვებია.
22. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სადავო შემთხვევაში ადგილი არ ქონია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ექსპროპრიაციის გზით, საკუთრების ჩამორთმევას. განსახილველ შემთხვევაში, სს ,,ს.ს.ე–მა’’ არ წარმოადგენს უფლებამოპოვებულ სუბიექტს - ექსპროპრიატორს, ანუ პირს, რომელსაც სასამართლოს გადაწყვეტილებით ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება, რაც ასევე გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
23. კასატორის ერთ-ერთი პრეტენზია შეეხება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის შესახებ, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის 387-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას. ამავე მუხლის, მესამე ნაწილით, ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვაზე მხარეთა გამოუცხადებლობის სამართლებრივ შედეგებს აწესრიგებს მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა. კერძოდ, სსსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად მიიჩნევა, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე. 24. ამდენად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა დადასტურდეს შემდეგი წინაპირობები: 1. მოპასუხეს საქმის განხილვის შესახებ კანონის მოთხოვნათა დაცვით ეცნობა; 2. იგი სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა; 3. სარჩელში მითითებული ფაქტები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. სასამართლო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის დაკმაყოფილებისას, ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებს თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომლებიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენს და ქმნის ამა თუ იმ ურთიერთობის მოწესრიგების აბსტრაქტულ შემადგენლობას. ნორმის მოძიების შემდგომ სასამართლო ადგენს, სარჩელში მითითებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ აღწერილობას აკმაყოფილებს თუ არა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის წარმატების საფუძველია (იხ. სუსგ-ები: №ას-1468-1388-2017, 11.05.2018წ.; Nას-1003-2023, 4.12.2023წ.; Nას-365-2023, 30.11.2023წ.; Nას-183-2023; 31.05.2023წ. სუსგ. №ას-1523-2023 26.01.2024წ.).
25. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს მესაკუთრედ ცნობას მის მიერ საკუთრების უფლების შეზღუდვის გამო, საკომპენსაციოდ გადახდილი თანხის საფუძველზე. ამასთან, დამატებით არგუმენტად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საკომპენსაციო თანხა წარმოადგენდა უძრავი ქონების სრულ საბაზრო ღირებულებას. პალატა მიუთითებს კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 26.02.2019 წლის გადაწყვეტილებაზე, რომლის სარეზოლუციო საწილის თანახმად, დ.ც–ძის სარჩელი მოპასუხე სს ,,ს.ს.ე–მას“ მიმართ, საკუთრებით სარგებლობის შეზღუდვის გამო, კომპენსაციის დაკისრების მოთხოვნით, დაკმაყოფილდა მოპასუხე სს ,,ს.ს.ე–მას“ მოსარჩელე დ.ც–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 44000 ლარის გადახდა; ამდენად, დ.ც–ძის მიმართ ადგილი აქვს საკუთრების უფლების შეზღუდვისათვის კომპენსაციის გადახდას და არა საკუთრების ჩამორთმევას, რაც განსხვავებული წესითა და წინაპირობებით რეგულირდება.
26. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად არ ამართლებს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, რაც გამორიცხავდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
27. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სრულად იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივ დასაბუთებას და მიუთითებს, რომ საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთმიმართება, ასევე მტკიცებულებათა შეპირისპირება და ერთობლივი გაანალიზება, არ ადასტურებს კასატორის მოთხოვნის საფუძვლიანობას.
28. პალატა მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფზე, რომელიც ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
29. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
30. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
31. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
32. პროცესის ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) უნდა დაუბრუნდეს მის მიერ, სს „თიბისი ბანკში“, საკასაციო საჩივარზე, სახელმწიფო ბაჟის სახით, 2023 წლის 17 ივლისს N1689341220 საგადასახადო დავალებით გადახდილი 2200 ლარის 70% 1540 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სს ,,ს.ს.ე–მის’’ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად; კასატორს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს, მის მიერ, სს „თიბისი ბანკში“, საკასაციო საჩივარზე, სახელმწიფო ბაჟის სახით, 2023 წლის 17 ივლისს N1689341220 საგადასახადო დავალებით გადახდილი 2200 ლარის 70% 1540 ლარი; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი
მირანდა ერემაძე