Facebook Twitter

13 ივნისი, 2025 წელი

Nა-2123-შ-53-2025 ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი, გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი - თ.ბ–ი

მოწინააღმდეგე მხარე - რ.თ.

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს შუამდგომლობის ავტორი – თურქეთის რესპუბლიკის, ბურსას მეოთხე საოჯახო სასამართლოს 2025 წლის 31 იანვრის N2025/113 გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თურქეთის რესპუბლიკის, ბურსას მეოთხე საოჯახო სასამართლოს 2025 წლის 31 იანვრის N2025/113 გადაწყვეტილებით გაუქმდა მხარეთა შორის 2024 წელს რეგისტრირებული ქორწინება. თ.ბ–მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა წარმოდგენილი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა, განქორწინების ნაწილში.

2. თურქეთის რესპუბლიკის, ბურსას მეოთხე საოჯახო სასამართლოს 2025 წლის 31 იანვრის N2025/113 გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ განქორწინების შესახებ სასამართლოს რ.თ.მა მიმართა მხარეთა შორის რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტის შესახებ, რასაც დაეთანხმა მოპასუხე თ.ბ–იც. ასევე დგინდება, რომ სასამართლო გადაწყვეტილება საბოლოო გახდა 2025 წლის 11 მარტს.

3. წარმოდგენილი გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ ქმარი არის თურქეთის მოქალაქე, ხოლო, საქმეში წარმოდგენილი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 08 მაისის განჩინებით წარმოდგენილი შუამდგომლობა, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულია წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

5. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლითა და თანდართული მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ თ.ბ–ის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის, ბურსას მეოთხე საოჯახო სასამართლოს 2025 წლის 31 იანვრის N2025/113 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე, განქორწინების ნაწილში ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ წესებს აქვთ უპირატესი იურიდიული ძალა ამ კანონით განსაზღვრულ წესებთან შედარებით.

7. საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ ხელშეკრულების 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლო ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებას არ განიხილავს არსებითად, არამედ ამოწმებს მხოლოდ მის საერთაშორისო ხელშეკრულებასთან შესაბამისობის საკითხს.

8. საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ ხელშეკრულების მე-20 მუხლით გათვალისწინებულია იმ პირობების ჩამონათვალი, რომელთა არსებობისას შესაძლებელია მოცემული ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის მიერ მეორე მხარის სასამართლოს გადაწყვეტილებების ცნობა (გადაწყვეტილებათა ცნობა მეორე მხარის მიერ შესაძლებელია მხოლოდ შემდეგი პირობების არსებობისას: ა) თუ გადაწყვეტილება, გამოტანილი ერთ–ერთი მხარის მიერ, საბოლოოა და ექვემდებარება აღსრულებას მის ტერიტორიაზე; ბ) თუ გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო ხელშეკრულების მონაწილე შემსრულებელი მხარის კანონმდებლობით ჩაითვლება კომპეტენტურად აღნიშნული საკითხის გადაწყვეტაში; გ) თუ პირი, რომელიც გამოძახებულია სასამართლოში, ხელშეკრულების მონაწილე გადაწყვეტილების გამომტანი მხარის კანონმდებლობის შესაბამისად სათანადო წესით გაფრთხილებული იყო ამის შესახებ უწყების ჩაბარების გზით; დ) თუ პროცესის მხარეები სარგებლობდნენ დაცვის უფლებით, აგრეთვე შესაბამისი წესით ეცნობათ სასამართლოში გამოცხადების აუცილებლობის შესახებ და შესაძლებლობა ჰქონდათ ჰყოლოდათ წარმომადგენლები იმ შემთხვევაში, თუ თავად მოკლებულ იყვნენ თავის დაცვის ან სარჩელის წაყენების შესაძლებლობას; ე) თუ იმავე სამართლებრივ დავაზე, იმავე მხარეებს შორის ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის ტერიტორიაზე, სადაც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება, არ არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება; ვ) თუ იმავე მხარეებს შორის, იმავე საკითხზე და იმავე მიზეზებით შემსრულებელ მხარის ტერიტორიაზე არ მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილების აღსრულება ხორციელდება ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კანონმდებლობით, რომელიც ცნობს და აღასრულებს მას. ასეთი გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება მოხდება შემდეგ შემთხვევებში: 1. ასეთი კანონი გამოყენებულ იქნა მართებულად; 2. იმ მონაწილე მხარის კანონმდებლობა, რომელიც ცნობს და აღასრულებს გადაწყვეტილებას პრინციპულად არ განსხვავდება მეორე მხარის კანონმდებლობისაგან. 3. ასეთი გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება იმ მხარის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპებს და საჯარო წესრიგს, სადაც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება).

9. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმებში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამდენად, თურქეთის რესპუბლიკის, ბურსას მეოთხე საოჯახო სასამართლოს 2025 წლის 31 იანვრის N2025/113 გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა მხარეთა შორის 2024 წელს რეგისტრირებული ქორწინება, ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე, განქორწინების ნაწილში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ“ ხელშეკრულების 20-ე მუხლით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ.ბ–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს თურქეთის რესპუბლიკის, ბურსას მეოთხე საოჯახო სასამართლოს 2025 წლის 31 იანვრის N2025/113 გადაწყვეტილება განქორწინების ნაწილში, რომლითაც გაუქმდა მხარეთა შორის 2024 წლის 25 იანვარს რეგისტრირებული ქორწინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

გოჩა ჯეირანაშვილი