საქმე №ას-178-2024 13 ივნისი, 2025 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი, გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ქ.“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. შპს „ქ“-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხისთვის 22 049,34 ლარის (საიდანაც 2018 წლის 26 აგვისტოს შესრულებული საექსპერტო დასკვნიდან გამომდინარე დავალიანება არის 14 982, 55 ლარი, 2018 წლის 10 ივნისს შესრულებული საექსპერტო დასკვნიდან გამომდინარე დავალიანება - 1 171.15 ლარი, 2019 წლის 6 სექტემბერს შესრულებული საექსპერტო დასკვნიდან გამომდინარე დავალიანება - 4 395,51 ლარი, ხოლო 2018 წლის 12 დეკემბერს შესრულებული საექსპერტო დასკვნიდან გამომდინარე დავალიანება - 1500,13 ლარი) დაკისრება.
2. სარჩელის საფუძვლები:
2.1. მოდავე მხარეთა შორის 2017 წლის 22 აგვისტოს დაიდო No160/82 მომსახურების ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის საჭირო პროექტების საპროექტო და სამშენებლო მომსახურება, ზედამხედველობა (საექსპერტო მომზადება). ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2020 წლის 31 იანვრამდე. ხელშეკრულების თანახმად, მომსახურების საფასური შეადგენდა შესრულებული სამუშაოს ღირებულების 5.19%.
2.2. 2018 წლის ივნისს, No123/13 მიმართვის საფუძველზე, შპს „ქ“-ს დაევალა მონიტორინგისა და ინსპექტირების ჩატარება პროექტ „ქ. ახალქალაქის ქუჩების დაზიანებული ა/ბეტონის საფარის შეკეთება“. შპს „ქ“-მა დაკვეთა შეასრულა და 2018 წლის 26 დეკემბერს მომზადდა საექსპერტო დასკვნა, სადაც განისაზღვრა შესრულებული სამუშაოს ღირებულება - 288 681.22 ლარი, დასკვნა გადაეცა შემკვეთს. მოპასუხემ, მოსარჩელის მიერ შესრულებული დასკვნის საფუძველზე, სამშენებლო სამუშაოების შემსრულებელ პირს გადაუხადა მომსახურების ღირებულება, მაგრამ მოსარჩელისათვის არ გადაუხდია ხელშეკრულებით დადგენილი 288 681,22 ლარის 5,19%, რაც 14 982,55 ლარს შეადგენდა.
2.3. 2018 წლის 23 აპრილს, No2241/13 წერილით, შპს „ქ“-ს დაევალა სოფელ ..... ადმინისტრაციული შენობისა და ვარევანის კლუბის რეაბილიტაციის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების ინსპექტირება. შპს „ქ“-მა შეასრულა დაკვეთა და 2018 წლის 10 ივნისის საექსპერტო დასკვნით განისაზღვრა შესრულებული სამუშაოს ღირებულება 22 565,56 ლარი, დასკვნა გადაეცა შემკვეთს. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხემ, მოსარჩელის მიერ შესრულებული დასკვნის საფუძველზე, სამშენებლო სამუშაოების შემსრულებელ პირს გადაუხადა მომსახურების ღირებულება, მოსარჩელისათვის დღემდე არ გადაუხდია თანხა, რომელიც, ხელშეკრულების მიხედვით, შეადგენს 22565,56 ლარის 5.19%-ს, 1 171,15 ლარს.
2.4. 2019 წლის 16 ივლისს, No3311/13 წერილით, შპს „ქ“-ს დაევალა ქ. ახალქალაქის ქუჩების დაზიანებული ა/ბეტონის საფარის შეკეთების სამუშაოების ინსპექტირება. შპს „ქ“-მა შეასრულა დაკვეთა და 2019 წლის 6 სექტემბრის საექსპერტო დასკვნით განისაზღვრა შესრულებული სამუშაოს ღირებულება 84 691,99 ლარი. სამუშაოების შემსრულებელი პირისთვის მომსახურების საფასურის გადახდის შემდეგ, მოპასუხემ ხელშეკრულებით დადგენილი თანხის 84 691,99 ლარის 5,19% - 4395,51 ლარი არ გადაიხადა.
2.5. შპს „ქ“-ს დაევალა სოფელ ........ სასმელი წყლის ახალი წყალსადენის გაყვანისა და სოფელ კოთელიას საბავშვო ბაღისთვის ანტიეპტიკის მოწყობის სამუშაოების ინსპექტირება. შპს „ქ“-მა შეასრულა დაკვეთა და 2018 წლის 12 დეკემბრის საექსპერტო დასკვნით განსაზღვრა შესრულებული სამუშაოს ღირებულება. ი.მ. გ. ზ–თვის მომსახურების საფასურის გადახდის შემდეგ, მოპასუხემ ხელშეკრულებით დადგენილი 28 904,24 ლარის 5.19%, 1500,34 ლარი არ გადაიხადა.
2.6. ჯამში, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 2017 წლის 22 აგვისტოდან, No160/82 მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ერიცხებოდა დავალიანება 22 049.34 ლარის ოდენობით.
3. მოპასუხის პოზიცია:
3.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელემ სამუშაოთა გარკვეული ნაწილი შეასრულა პროექტთან შეუსაბამოდ/არაჯეროვნად, რაც მომსახურების საფასურის გადახდის ვალდებულებას არ წარმოშობდა.
3.2. მხარის მტკიცებით, 22.08.2017 წლის 160/82 ხელშეკრულების თანახმად, მომსახურება მიღებულად ჩაითვლებოდა მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდგომ. მოცემულ შემთხვევაში ახალქალაქის მერიასა და შპს „ქ“-ს შორის მიღება-ჩაბარების აქტი არ გაფორმებულა, შესაბამისად მის მიერ გაწეული მომსახურება მიღებულად ვერ ჩაითვლებოდა.
3.3. შესაგებლის თანახმად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „ა–ას“ შორის დადებული 03.06.2019 წლის N89 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მიღება ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოხდა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ინსპექტირების დასკვნის მიხედვით და არა მოსარჩელის შპს „ქ“-ის დასკვნის მიხედვით, რაც სარჩელს დაუსაბუთებელს ხდიდა.
3.4. სასარჩელო მოთხოვნის ერთი ნაწილის მიმართ, მოპასუხემ ასევე, წარადგინა მოთხოვნის შემაფერხებელი შესაგებელი და მისი ხანდაზმულობის თაობაზე მიუთითა.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4.1. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე შპს „ქ“-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
4.2. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიას, შპს „ქ“-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2018 წლის 26 აგვისტოს შესრულებული საექსპერტო დასკვნიდან გამომდინარე დავალიანება - 14 982,55 ლარი, 2019 წლის 6 სექტემბერს შესრულებული საექსპერტო დასკვნიდან გამომდინარე დავალიანება - 4 395,51 ლარი, 2018 წლის 12 დეკემბერს შესრულებული საექსპერტო დასკვნიდან გამომდინარე დავალიანება - 1 500,13 ლარი. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიას, შპს „ქ“-ის სასარგებლოდ ჯამში დაეკისრა 20,878.19 ლარის გადახდის ვალდებულება. მოსარჩელის მოთხოვნა, მოპასუხისათვის 2018 წლის 10 ივნისის შესრულებული საექსპერტო დასკვნიდან გამომდინარე დავალიანების - 1 171,15 ლარის დაკისრების ნაწილში, ხანდაზმულობის გამო, არ დაკმაყოფილდა (სარჩელის თანახმად მე-2 მოთხოვნა).
4.3. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, სააპელაციო საჩივარი წარადგინა, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 ივნისის განჩინებით ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
5.2. სააპელაციო პალატამ, დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხემ მოსარჩელის მიერ შესრულებული დასკვნის საფუძველზე, სამშენებლო სამუშაოების შემსრულებელ პირებს, გადაუხადა მომსახურების ღირებულება, მაგრამ მოსარჩელისათვის ხელშეკრულებით დადგენილი 288 681,22 ლარის 5,19% (14 982,55 ლარი) არ გადაუხდია. კერძოდ, პალატამ დასძინა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები (მომსახურების ხელშეკრულება, მერის წერილები, საექსპერტო დასკვნები, მიღება-ჩაბარების აქტები) საფუძველს ქმნიდა იმ დასკვნისთვის, რომ მოსარჩელემ სრულად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. საქმეში წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტებით დასტურდებოდა, რომ მოპასუხემ მოსარჩელის მიერ შესრულებული დასკვნები გამოიყენა მშენებლებთან და მათ შესაბამისი მომსახურების თანხები გადაუხადა, თუმცა, მოსარჩელისათვის ხელშეკრულებით შეთანხმებული საზღაური არ გადაუხდია.
5.3. მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოების დადასტურებულად ცნობის პირობებში, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოების ხარვეზიანობისა და არაჯეროვნად შესრულების ფაქტის დადასტურება მოპასუხის ვალდებულებას წარმოადგენდა, რაც საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ იკვეთებოდა.
5.4. გარდა ამისა, სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ სამუშაოს არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო შემსრულებლის (შპს „ქ-ის“) პასუხისმგებლობა (გაფრთხილების, ნაკლის გამოსასწორებლად ვადის მიცემის, ჯარიმის სახით). შესაბამისად, ნაკლოვანი შესრულების არსებობის შემთხვევაში, მოპასუხეს უნდა განეხორციელებინა ზემოაღნიშნული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ღონისძიება მაინც, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა - ასეთი მტკიცებულება მოპასუხეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია. აღნიშნული გარემოება კი, პალატის აზრით, საფუძველს ქმნიდა მოსარჩელის იმ მტკიცების გაზიარებისთვის, რომ არაჯეროვან შესრულებას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაჰკისრებოდა მოსარჩელის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება.
5.5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 ივნისის განჩინება, საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ.
6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
6.1. კასატორი არ იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომლითაც მოსარჩელის მიერ სამუშაოების ჯეროვნად შესრულების და შესაბამისად, მოსარჩელისთვის შეთანხმებული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება დადგინდა.
6.2. კასატორი აცხადებს, რომ მენარდემ სამუშაოები შეასრულა არაჯეროვნად. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით სავალდებულო იყო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება, რაც თავის მხრივ, წარმოშობდა მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვალდებულებას, თუმცა მხარეთა შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტები არ გაფორმებულა, რაც სადავო თანხის დაკისრების მართლზომიერებას გამორიცხავდა.
6.3. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად შეაფასა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება, ვინაიდან რიგ შემთხვევებში მოსარჩელის მიერ ინსპექტირების აქტის შედგენა საერთოდ არ იყო საჭირო, რადგან სამუშაოების ვალდებულება იკისრა მუნიციპალიტეტის ინსპექტირების ჯგუფმა.
6.5. კასატორი არ იზიარებს სააპელაციო პალატის მიერ გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს და აცხადებს, რომ შპს „ა–ას“ მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების მიზნებისთვის, მოპასუხეს არ გამოუყენებია მოსარჩელის მიერ შედგენილი დასკვნა, არამედ იხელმძღვანელა სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით. ხოლო ი/მ „გ.ზ–ის“ მიერ შესრულებული სამუშაოებიდან შემკვეთმა მხოლოდ ერთი ნაწილი მიიღო. რაც შეეხება შპს „ი–ის“ მიერ შესრულებული სამუშაოების ინსპექტირების აქტს, კასატორის აზრით, მოსარჩელეს ევალებოდა სოფ. ..... ადმინისტრაციული შენობისა და სოფ. ...... კლუბის რეაბილიტაციის სამუშაოების ინსპექტირება, თუმცა მან მხოლოდ სოფ. ....... ადმინისტრაციული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების ინსპექტირება მოახდინა, რაც სრულიად დაუსაბუთებელს ხდის შემკვეთისთვის მომსახურების თანხის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრებას.
6.6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 19 თებერვლის განჩინებით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
7. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
11. საკასაციო პალატის განსჯით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რის გამოც დადგენილად მიიჩნევა შემდეგი:
- 2017 წლის 22 აგვისტოს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა No160/82 მომსახურების ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის საჭირო პროექტების საპროექტო და სამშენებლო მომსახურება, ზედამხედველობა (საექსპერტო მომზადება). ხელშეკრულების 2.3 პუნქტის თანახმად, საზედამხედველო მომსახურების ღირებულება განისაზღვრა ყოველ საზედამხედველოდ გადაცემულ ობიექტზე დადასტურებული (ზედამხედველის მიერ ხელმოწერილი შესრულებული სამუშაოების აქტი - ფორმა #2) ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულების 5.19%-ით. ხელშეკრულების 2.5 პუნქტის მიხედვით, ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო მიმწოდებლისათვის საზედამხედველოდ გადაცემულ ყოველ ობიექტზე მიღება-ჩაბარების აქტის და დამატებითი ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე, მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისი წესით გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში. ხელშეკრულების 3.2 პუნქტის შესაბამისად, მომსახურება მიღებულად ჩაითვლებოდა მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდგომ;
- 2018 წლის ივნისის No123/13 მომართვის საფუძველზე შპს „ქ“-ს დაევალა მონიტორინგისა და ინსპექტირების ჩატარება პროექტ „ქ. ახალქალაქის ქუჩების დაზიანებული ა/ბეტონის საფარის შეკეთება“. შპს „ქ“-ის მიერ დაკვეთა შესრულდა და 2018 წლის 26 დეკემბერს მომზადდა საექსპერტო დასკვნა, სადაც განისაზღვრა შესრულებული სამუშაოს ღირებულება 288 681.22 ლარი, რომელიც გადაეცა მხარეს. 2019 წლის 5 მარტის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, გადახდას დაექვემდებარა 238 600,39 ლარი, რომელიც ხელმოწერით დაადასტურა სამუშაოს შემსრულებლის შპს „ჯ–ას“ დირექტორმა. მოპასუხემ სამშენებლო სამუშაოების შემსრულებელ პირს გადაუხადა მომსახურების ღირებულება 238 600,39 ლარის ოდენობით, თუმცა მოსარჩელისათვის არ გადაუხდია ხელშეკრულებით დადგენილი 288 681,22 ლარის 5,19%, რაც 14 982,55 ლარს შეადგენს;
- 2019 წლის 16 ივლისის მუნიციპალიტეტის მერიის No3311/13 წერილით შპს „ქ“-ს დაევალა ქ. ახალქალაქის ქუჩების დაზიანებული ა/ბეტონის საფარის შეკეთება. შპს „ქ“-მა შეასრულა დაკვეთა და 2019 წლის 6 სექტემბრის საექსპერტო დასკვნით განისაზღვრა შესრულებული სამუშაოს ღირებულება - 84691,99 ლარი. სამუშაოების შემსრულებელი პირისთვის მომსახურების საფასურის გადახდის შემდეგ, მოპასუხეს მოსარჩელისათვის არ გადაუხდია ხელშეკრულებით დადგენილი ამ თანხის 5,19%, რაც 4 395,51 ლარს შეადგენს;
- შპს „ქ“-ს დაევალა სოფელ ...... სასმელი წყლის ახალი წყალსადენის გაყვანა და სოფელ კ–ას საბავშვო ბაღისთვის ანტიეპტიკის მოწყობის სამუშაოების ინსპექტირება. შპს „ქ“-მა შეასრულა დაკვეთა და 2018 წლის 12 დეკემბრის საექსპერტო დასკვნით განისაზღვრა შესრულებული სამუშაოს ღირებულება - 28 904,24 ლარი. ი/მ გარიკ ზარმარიანისთვის მომსახურების საფასურის გადახდის შემდეგ, მოპასუხემ ხელშეკრულებით დადგენილი 28 904,24 ლარის 5.19%, 1500,34 ლარი არ გადაიხადა;
- 2018 წლის 23 აპრილის მუნიციპალიტეტის მერიის No2241/13 წერილით შპს „ქ“-ს დაევალა სოფელ ს–ის ადმინისტრაციული შენობისა და ვარევანის კლუბის რეაბილიტაცია. შპს „ქ“-მა შეასრულა დაკვეთა და 2018 წლის 10 ივნისის საექსპერტო დასკვნით განისაზღვრა შესრულებული სამუშაოს ღირებულება 22 565,56 ლარი, რომელიც გადაეცა მხარეს. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხემ, მოსარჩელის მიერ შესრულებული დასკვნის საფუძველზე, სამშენებლო სამუშაოების შემსრულებელ პირს გადაუხადა მომსახურების ღირებულება, მოსარჩელისათვის დღემდე არ გადაუხდია თანხა, რომელიც ხელშეკრულების მიხედვით შეადგენს 22 565,56 ლარის 5.19 % - 1171,15 ლარს;
12. განსახილველი დავის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია მენარდისთვის, შესრულებული ვალდებულების ღირებულების ანაზღაურების მართლზომიერება. იმ შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მხარეს სურს, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დავის მომწესრიგებელ დამფუძნებელ ნორმას წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილი (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური) და ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი (ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას).
13. ვინაიდან, საკასაციო პრეტენზია მიმართულია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებების არასწორ შეფასებაზე და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია მიიჩნევს, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზი (მიღება-ჩაბარების აქტის არარსებობა, შემსრულებლისთვის თანხის გადარიცხვა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის საფუძველზე) ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულების არაჯეროვან შესრულებაზე, საკასაციო პალატა იმსჯელებს მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხზე.
14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა.
15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა – სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ სამართლებრივი ნორმა. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადასტუროს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადასტურების მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64).
16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასება სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს. მტკიცებულებათა შეფასება ეფუძნება შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას და არა - სასამართლოს სუბიექტურ მოსაზრებებს. სასამართლო ობიექტურ საწყისებზე მტკიცებულებათა ყოველმხრივი და სრული გამოკვლევის შედეგად ადგენს მათ იურიდიულ ძალას, კერძოდ, განსაზღვრავს თუ რა გარემოების დადგენა ან პირიქით, უარყოფაა შესაძლებელი. აქ, უპირველეს ყოვლისა, იგულისხმება მტკიცებულებათა შეფასება მათი უტყუარობის თვალსაზრისით, რისთვისაც საჭიროა ამ მტკიცებულებათა ყოველმხრივი შემოწმება, მათი დაპირისპირება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. მტკიცებულებათა შეფასებას კი პროცედურულად მოჰყვება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა.
17. კასატორი, მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებაზე უარს მისი არაჯეროვნად შესრულების მოტივით უარყოფდა. კერძოდ, კასატორი ამტკიცებს, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით სავალდებულო იყო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება, რაც თავის მხრივ, წარმოშობდა მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვალდებულებას, თუმცა მხარეთა შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტები არ გაფორმებულა, რაც სადავო თანხის დაკისრების მართლზომიერებას გამორიცხავდა. კასატორი ასევე, მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად შეაფასა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება, ვინაიდან რიგ შემთხვევებში მოსარჩელის მიერ ინსპექტირების აქტის შედგენა საერთოდ არ იყო საჭირო, რადგან სამუშაოების შესრულების ვალდებულება იკისრა მუნიციპალიტეტის ინსპექტირების ჯგუფმა. კასატორი დასძენს, რომ შპს „ა–ას“ მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების მიზნებისთვის, მოპასუხეს არ გამოუყენებია მოსარჩელის მიერ შედგენილი დასკვნა, არამედ იხელმძღვანელა სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით. ხოლო ი/მ „გ.ზ–ის“ მიერ შესრულებული სამუშაოებიდან შემკვეთმა მხოლოდ ერთი ნაწილი მიიღო, დანარჩენი შესრულების მიღებაზე კი, უარი განაცხადა. რაც შეეხება შპს „ი–ის“ მიერ შესრულებული სამუშაოების ინსპექტირების აქტს, კასატორი ამ მიმართებითაც უარყოფს ჯეროვანი შესრულების ფაქტს და აცხადებს, რომ მოსარჩელეს ევალებოდა სოფ. ს–ის ადმინისტრაციული შენობისა და სოფ. ვ–ის კლუბის რეაბილიტაციის სამუშაოების ინსპექტირება, თუმცა მან მხოლოდ სოფ. ს–ის ადმინისტრაციული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების ინსპექტირება მოახდინა, რაც სრულიად დაუსაბუთებელს ხდიდა შემკვეთისთვის მომსახურების თანხის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრებას.
18. საკასაციო პალატა მოხმობილი სამართლებრივი მსჯელობის შედეგად განმარტავს, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიას ეკისრებოდა მოპასუხის მიერ ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების ფაქტის მტკიცების ტვირთი. სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის დასადასტურებლად მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილია საგადასახადო ანგარიშფაქტურები, მიღება-ჩაბარების შუალედური აქტი N6, N53, და N7, მიღება-ჩაბარების აქტი, შესრულებული სამუშაოს აქტი N1, შპს „ქ“-ის მინდობილი პირი, ინსპექტირების ორგანოს ხელმძღვანელი მ.ახვლედიანის წერილები (გაგზავნილი სხვადასხვა შემსრულებლების მიმართ), ინსპექტირების ანგარიში/ექსპერტიზის დასკვნები, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის წერილები მონიტორინგის და ინსპექტირების ჩატარების მიზნით შედგენილი სიის გაგზავნის შესახებ (სადაც გაერთიანებულია სამივე სადავო შესრულების დავალების მოთხოვნა) და ხელშეკრულება (იხ. ტომი I, ს.ფ. 16-29). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ამომწურავი და რელევანტური მტკიცებულებების საპირწონედ ვერ იქნება მიჩნეული მოპასუხის ზეპირსიტყვიერი შედავება ინსპექტირების ჩატარების აუცილებლობის არარსებობაზე, რასაც კასატორი მუნიციპალიტეტის ინსპექტირების ჯგუფის მიერ ჩატარებული ექსპერტიზაზე მითითებით ადასტურებს. პალატას აღნიშნული მტკიცება დაუსაბუთებლად მიაჩნია, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის წერილები მონიტორინგისა და ინსპექტირების ჩატარების მიზნით შედგენილი სიის გაგზავნის შესახებ, სადაც გაერთიანებულია სამივე სადავო შესრულების დავალების მოთხოვნა, შესაბამისად იმ პირობებშიც კი, თუ იმავე სამუშაოს ინსპექტირება მუნიციპალიტეტის მერიის ინსპექტირების ჯგუფსაც დაევალა, აღნიშნული ვერ იქნება მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოს არაჯეროვნად მიჩნევის საფუძველი. ამასთან, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის იმ დასკვნას, რომ სამუშაოს არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო შემსრულებლის (შპს „ქ-ის“) პასუხისმგებლობა (გაფრთხილების, ნაკლის გამოსასწორებლად ვადის მიცემის, ჯარიმის სახით), რაც ასევე განმტკიცებულია სამოქალაქო კოდექსის 647-ე მუხლის დანაწესითაც. შესაბამისად, ნაკლოვანი შესრულების არსებობის შემთხვევაში, მოპასუხეს უნდა განეხორციელებინა ზემოაღნიშნული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ღონისძიება მაინც, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა - ასეთი მტკიცებულება მოპასუხეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია, რაც კასატორის შედავებას სრულიად უსაფუძვლოს ხდის.
19. გარდა ზემოაღნიშნულისა, უსაფუძვლოა ასევე, მიღება-ჩაბარების აქტებზე აპელირება და მისი გაუფორმებლობის გამო, შესრულებული სამუშაოს არარსებულად აღიარების თაობაზე მითითებაც რადგან, უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკის მიხედვით, მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაუფორმებლობა არ ცვლის იმ ფაქტს, რომ მენარდის მიერ ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შესრულებულია ჯეროვნად, რაც მას უფლებას აძლევს, სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მოითხოვოს შეთანხმებული საზღაურის გადახდა. ნარდობის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმების არც ერთი დანაწესით კანონმდებელი იმპერატიულად არ აწესებს ვალდებულების შესრულებულად მიჩნევის შესაძლებლობას მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის გზით (იხ. სუსგ საქმე №ას-1522-2019, 12 თებერვალი, 2021 წელი; საქმე №ას-306-293-2015, 30 ივნისი, 2015 წელი)). ასე რომ არც იყოს, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია მიღება-ჩაბარების შუალედური აქტი N6, N53, და N7, მიღება-ჩაბარების აქტი, შესრულებული სამუშაოს აქტი N1, რომელთა ნამდვილობა ან განკუთვნადობაც მოპასუხის მიერ სათანადო შედავების გზით, გაქარწყლებული არ არის.
20. ამრიგად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორმა ვერ შეძლო სარწმუნო და უტყუარი მტკიცებულებების წარმოდგენით სასამართლოს წინაშე დაემტკიცებინა მოპასუხისათვის თანხის დაკისრების სამართლებრივი წინაპირობების არარსებობა, და იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა, რაც სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საქმის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა უცვლელი გასაჩივრებული გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.
21. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
22. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
23. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
24. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
გოჩა ჯეირანაშვილი