Facebook Twitter

ბს-1089-1041(კ-07) 1 მაისი, 2008 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატამ შემადგენლობით:

მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

სხდომის მდივანი – გულნარა ილინა

კასატორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ. მ-ი (მოსარჩელე)

დავის საგანი _ მიუღებელი თანხის ანაზღაურება

გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 19 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თ. მ-მა 2006 წლის 21 დეკემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა დავალიანების ანაზღაურება 1338,51 ლარის ოდენობით. მან თავისი მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინიტროს ცენტრალური სამხედრო კლინიკური ჰოსპიტალის ....... განყოფილებაში მედდად. მუშაობის პერიოდში მის მიმართ თავდაცვის სამინისტროს დავალიანებამ შეადგინა სულ 1338,51 ლარი, კერძოდ, მისაღები ჰქონდა ხელფასის სახით 176,46 ლარი, კვების კომპენსაცია _ 250,68 ლარი, კვარტალური ჯილდო _ 71,99 ლარი და მატერიალური დახმარება _ 32,70 ლარი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა; მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა თ. მ-ის სასარგებლოდ 1338,51 ლარის გადახდა. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ თ. მ-ი მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში და მის მიმართ გაუცემელი სახელფასო დავალიანება შეადგენდა სულ 1338,51 ლარს, კერძოდ, სახელფასო დავალიანება _ 383,28 ლარი, კვების კომპენსაცია _ 670,16 ლარი, ჯილდო _ 220,56 ლარი და მატერიალური დახმარება _ 64,51 ლარი. აღნიშნული დასტურდებოდა საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის 2007 წლის 2 ივლისის ¹3-11/4333 ცნობით.

სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელე შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა ადმინისტრაციულ ორგანოსთან, რადგან იგი მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში და ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახმად წარმოადგენდა საჯარო მოხელეს; ხოლო ამავე კანონის 37-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი).

სასამართლომ გამოყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331მუხლი, რომლითაც თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება, ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა რაიონული სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნით.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინიტროს სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობის და შესაბამისად გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება ხანდაზმულობის ვადის გაშვებასთან დაკავშირებით და განმარტა, რომ სადავო ურთიერთობის მიმართ არ ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის 129-ე და 130-ე მუხლებით დადგენილი სარჩელის ხანდაზმულობის ვადები.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორმა აღნიშნა, რომ მოსარჩელე ითხოვს 1998-2000 წლების მიუღებელი ხელფასის, კვების კომპენსაციის, ჯილდოს და მატერიალური დახმარების თანხის ანაზღაურებას. ,,სამხედრო სამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეს წლის განმავლობაში შეიძლება მიეცეს ფულადი ჯილდო და/ან მატერიალური დახმარება, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფო ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია, სასურსათო ულუფა გაიცემა ყოველთვიურად ფულად სარგოებთან ერთად. კასატორის მისაზრებით, დასახელებული ფულადი გასაცემლები არ შედის ხელფასში; ჯილდოს, მატერიალური დახმარების და კვების ულუფა ან შესაბამისი ფულადი კომპენსაციის გაცემა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებაა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებებზე ვრცელდება სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა, ამავე კოდექსის 130-ე მუხლით ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

კასატორის მითითებით, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად მოხელეს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთი თვის განმავლობაში გაასაჩივროს სასამართლოში სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება, განკარგულება, გადაწყვეტილება, აგრეთვე მოქმედება. მოსარჩელეს ზემოაღნიშნული ნორმით განსაზღვრულ ვადაში არ უდავია მიუღებელ ხელფასზე და ასევე სხვა ფულადი გასაცემლების თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს; მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 19 ოქტომბრის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის თ. მ-ის სასარგებლოდ კვების კომპენსაციის 670,16 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; თ. მ-ის სარჩელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მის სასარგებლოდ კვების კომპენსაციის 670,16 ლარის დაკისრების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 19 ოქტომბრის განჩინება დანარჩენ ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგი გარემოებების გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, თ. მ-ს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსაგან მისაღები აქვს 1998 წლის ხელფასი 105.40 ლარი; კვების კომპენსაცია 188,80 ლარი; ჯილდო 42,10 ლარი; მატერიალური დახმარება 30,70 ლარი; 1999 წლის კი ხელფასი 161,17 ლარი; კვების კომპენსაცია 286,07 ლარი; ჯილდო 110,55 ლარი; მატერიალური დახმარება 33,81 ლარი; მოპასუხე ორგანიზაციის დავალიანება მოსარჩელის მიმართ 2000 წლისათვის კი შეადგენდა: ხელფასი 116,71 ლარი; კვების კომპენსაცია 195,29 ლარი; ჯილდო 55,91 ლარი;

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ თ. მ-ის სარჩელი მიუღებელი სახელფასო დავალიანების, ჯილდოს და მატერიალური დახმარების მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე ხანდაზმულია, რადგან იგი პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას წარმოადგენს და სასამართლოს უნდა გამოეყენებინა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლის პირველი პუნქტი ან უკიდურეს შემთხვევაში სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით განსაზღვრულ სამი წლის ვადაში უნდა ედავა სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე. საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელისათვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნის მიმართ ვერ გავრცელდება "საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლის პირველი პუნქტით და სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით განსაზღვრული სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები; რადგან “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების თანახმად ამ კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). დადგენილია, რომ თ. მ-ის სამუშაოდან დათხოვნილია თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 20 მარტს ¹841 ბრძანებით; მოპასუხე ორგანიზაციისაგან 1998-99-2000 წლებში მიუღებელი ხელფასის ანაზღაურების თაობაზე კი სასამართლოში სარჩელი აღძრა 2006 წლის დეკემბერში, ე.ი. მისი სამუშაოდან დათხოვნის ბრძანების გამოცემამდე.

საკასაციო პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ჯილდო და მატერიალური დახმარება არ შედის ხელფასში და იგი პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებაა. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადებაში მოცემულია მოსამსახურის ხელფასის ცნება, ამ ნორმის თანახმად მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. დანამატის გაცემა უნდა განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულებებისათვის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. ამდენად, თანამდებობრივი სარგოს გარდა, შრომით გასამრჯელოს (ხელფასს) მიეკუთვნება ასევე პრემია და ასევე ის დანამატები, რომლებიც კანონითაა გათვალისწინებული. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმავე კანონის 74-ე მუხლით გათვალისწინებულია მოხელისათვის დანამატის გაცემის ისეთი ფორმა, როგორიცაა ერთდროული ფულადი ჯილდო. ამ მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტში მითითებულია, რომ მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშო შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, განსაკუთებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისათვის წესდება წახალისების ფორმა _ ერთდროული ფულადი ჯილდო. ამდენად, ფულადი ჯილდო წარმოადგენს იმ კანონით გათვალისწინებულ დანამატს, რომელიც თანამდებობრივ სარგოსთან ერთად შეადგენს ხელფასის შინაარსს.

მოხელის ხელფასის განმსაზღვრელ კანონით გათვალისწინებული ერთ-ერთი დანამატის შესახებ მითითებულია ასევე “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მეორე პუნქტში. სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულების, სანიმუშო დისციპლინისა და საბრძოლო მომზადებაში წარჩინებული მაჩვენებლებისათვის სამხედრო მოსამსახურეს წლის განმავლობაში შეიძლება მიეცეს ფულადი ჯილდო და/ან მატერიალური დახმარება, ხოლო სამხედრო სწავლებებში მონაწილეობისას სამოვლინებო ხარჯების გარდა მიეცემა ყოველდღიური ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის მე-12 მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქართველოს კანონმდებლობით სამხედრო მოსამსახურისათვის სასურსათო ულუფის და ფორმის ტანსაცმლის ან შესაბამისი ფულადი კომპენსაციის მიცემის ვალდებულება პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებაა და ამ ვალდებულების შესრულების მოთხოვნის მიმართ ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის II ნაწილით გათვალისწინებული სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.

საკასაციო პალატას დასაბუთებულად მიაჩნია კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ საქმეში არსებული შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის საფინანსო სამსახურის მიერ 2007 წლის 2 ივლისს გაცემული ¹3-11/4333 ცნობა ვერ ჩაითვლება მოპასუხის მხრიდან ვალის აღიარებად, რადგან როგორც აღნიშნული ცნობა, ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2006 წლის 7 ნოემბერის ¹1507/1 და 2007 წლის 17 ოქტომბერს ¹3-11/7922 ცნობები (ს.ფ. 2,72) ინფორმაციული ხასიათისაა და მასში კონკრეტულად არ არის მითითებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანხმობა სადავო თანხის გადახდაზე. ამიტომ საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ კვების კომპენსაციის მოთხოვნის მიმართ არ ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის 129-130-ე მუხლებით დადგენილი სარჩელის ხანდაზმულობის ვადები, რის გამოც სააპელაციო პალატის განჩინება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი. ეს მუხლი განსაზღვრავს პირობას, რომლის არსებობის შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს თვითონ შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, ისე, რომ არ დააბრუნოს იგი ხელახლა განსახილველად უკან. ამგვარი პირობაა საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულად და სწორად დადგენა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მიერ და ამ ფაქტების დადგენა საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე. ეს ისეთი შემთხვევაა, როდესაც საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები დადგენილია სრულად და სწორად, ე.ი. ფაქტობრივი თვალსაზრისით საქმე მზადაა გადასაწყვეტად, მაგრამ არასწორადაა შეფარდებული (გამოყენებული) კანონი.

საკასაციო პალატა თვლის, რომ თ. მ-ის სარჩელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ 1998-99-2000 წლების კვების კომპენსაციის 670,16 (ექვსას სამოცდაათი ლარი და თექვსმეთი თეთრის) ლარის დაკისრების ნაწილში ხანდაზმულია, რადგან მოსარჩელემ სასამართლოს სარჩელით მიმართა 2006 წლის დეკემბერში, ე.წ. სასამართლო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გასვლის შემდეგ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 19 ოქტომბრის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის თ. მ-ის სასარგებლოდ კვების კომპენსაციის 670,16 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. არ დაკმაყოფილდეს თ. მ-ის სარჩელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მის სასარგებლოდ კვების კომპენსაციის 670,16 ლარის დაკისრების ნაწილში.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 19 ოქტომბრის განჩინება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი.

5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.