Facebook Twitter

საქმე №ას-593-2025 13 ივნისი, 2025 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი, გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს ,,გ.ე–ი'' (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,ვ.გ–ი'' (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 25 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. შპს ,,ვ.გ–ი" სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს ,,გ.ე–ის" მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „გ.ე–ს“ მოსარჩელე შპს „ვ.გ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი დავალიანების - 18 580 ევროს ეკვივალენტი ლარის გადახდა. მოპასუხე შპს „გ.ე–ს“ მოსარჩელე შპს „ვ.გ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა 3551.5 ევროს ეკვივალენტი ლარის ოდენობით.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 25 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი, ხოლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოსარჩელემ, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ იშუამდგომლა.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მის მიერ ტელეფონის საშუალებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწეს, პროცესის თარიღამდე ორი დღით ადრე მიაწოდა ინფორმაცია, რომ ვერ შეძლებდა გამოცხადებას და მოითხოვა სასამართლო პროცესის გადადება გონივრული ვადით. სატელეფონო საუბარში მოსამართლის თანაშემწეს განუცხადა, რომ აღნიშნული გამოწვეული იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, იგი ვერ შეძლებდა თბილისში ჩასვლას. საჩივრის ავტორმა, ასევე, მოითხოვა ინტერნეტის საშუალებით ჩართვა სასამართლო პროცესზე, თუ რა თქმა უნდა ამ პერიოდისათვის იქნებოდა სრულად ან ნაწილობრივ გამოჯანმრთელებული. სასამართლოს მიერ დარღვეულ იქნა კანონი, რადგანაც აპელანტის გარეშე ჩატარდა სასამართლოს პროცესი. რითაც ბუნებრივია დაარღვია შპს “გ.ე–ის" კანონიერი ინტერესები და უფლებები, რადგანაც არ მიეცათ თავის დაცვის საშუალება უშუალოდ სასამართლო პროცესზე.

5.1. კერძო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა მისი სატელეფონო შეტყობინება პროცესის გონივრული ვადით გადადების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ მას არ მიუმართავს სამედიცინო დაწესებულებისათვის და არ აუღია სამედიცინო ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მას ნამდვილად ჰქონდა გრიპის გართულებული ფორმა და ვერ შეძლებდა შორ მანძილზე გადაადგილებას, რადგანაც კიდევ უფრო დამძიმდებოდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა (ცხოვრობს ქ. ოზურგეთში). შესაბამისად, საქმის განხილვაზე წარმომადგენელმა საპატიო მიზეზით ვერ შეძლო გამოცხადება.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 მაისის განჩინებით, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად დარჩეს.

7. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის განხილვის საგანია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების მართლზომიერების საკითხი. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობა.

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 387.1 და 387.3 მუხლების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სსსკ-ის 229.2 მუხლის პირველი წინადადების მიხედვით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. ამავე კოდექსის 275.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა, სარჩელი განუხილველად იქნეს დატოვებული.

9. ზემოაღნიშნულ ნორმათა მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ მოწინააღმდეგე მხარე ამის წინააღმდეგი არ არის.

10. გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია და კერძო საჩივრით შედავებული არ არის, რომ აპელანტს სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით 2024 წლის 13 თებერვალს ჩაბარდა სასამართლო უწყება 25.03.2025წ. 11:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის შესახებ (იხ. აქტი ტელეფონით სასამართლო შეტყობინების შესახებ ს.ფ. 258, სადაც განმარტებულია სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის ნეგატიური შედეგები). დადგენილია, რომ დანიშნულ დროს აპელანტი/წარმომადგენელი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა და მოწინააღმდეგე მხარემ, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება მოითხოვა.

11. სსსკ-ის 215.3 მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად. აღნიშნული ნორმის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად მიიჩნევა მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

12. განსახილველი საკითხი ისაა, აპელანტის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება (მის მიერ ტელეფონის საშუალებით გაკეთებული განცხადება სხდომის გადადების შესახებ), ქმნის თუ არა საფუძველს, სასამართლოს მთავარ სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის საპატიოდ მიჩნევისათვის. უნდა აღინიშნოს, რომ საქმის მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება, რაც აპელანტის ჯანმრთელობის მდგომარეობას დაადასტურებდა. მას ამის დამადასტურებელი მტკიცებულება კერძო საჩივრის ფარგლებში არ წარმოუდგენია, მით უფრო, როდესაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებიდან (25.03.2025წ.) დაზუსტებული კერძო საჩივრის სასამართლოში წარმოდგენამდე (23.05.2025 წ.) გასულია თვეზე მეტი და ამ დროის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორს შეეძლო შესაბამისი მტკიცებულების კერძო საჩივრისათვის დართვა, განცხადებაში მოყვანილი გარემოების შეფასების სანდოობისა და სარწმუნოობის თვალსაზრისით, თუმცა მას როგორც უკვე აღინიშნა 2025 წლის 24 აპრილისა და 2025 წლის 23 მაისის განცხადება რაიმე მტკიცებულებით არ გაუმყარებია, მხოლოდ ახსნა-განმარტება კი, იმგვარი გარემოების თაობაზე, რაც შესაბამისი და ხელმისაწვდომი მტკიცებულებებით დადასტურებას ექვემდებარება, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ვერ იქნება მიჩნეული დადასტურებულად.

13. მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელი, მართალია, სასამართლო სხდომის გადადების შესახებ შუამდგომლობაში მიუთითებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე (რაც მისი მოსაზრებით შეუძლებელს ხდის პროცესზე მის გამოცხადებას), თუმცა აღნიშნული შუამდგომლობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, რაიმე მტკიცებულებით გამყარებული არ არის. არც კერძო საჩივარს ერთვის საჩივრის ავტორის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი რაიმე დოკუმენტი, რაც შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს შეეფასებინა მისი სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოობა. საჩივრის ავტორის მხოლოდ მითითება, რომ გრიპის გართულებული ფორმის გამო მან ვერ მოახერხა სხდომაზე გამოცხადება, არ შეიძლება მიჩნეულ იქნას გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლად (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 აპრილის საქმე Nას-18-18-2018 განჩინება).

14. საკასაციო პალატა სამართალწარმოების დისპოზიციურობის, პროცესის ეკონომიურობის პრინციპებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების გათვალისწინებით განმარტავს, რომ ნებისმიერი საპროცესო მოქმედების განხორციელებისას დაცული უნდა იყოს მხარეთა შორის უფლება-მოვალეობათა განაწილების სამართლიანი ბალანსი. ერთი მხარის მიერ თავისი საპროცესო უფლების არამართლზომიერად გამოყენებამ არ უნდა დააბრკოლოს მოდავე მხარის უფლებების რეალიზაცია და უსაფუძვლოდ არ უნდა გააჭიანუროს პროცესი (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 დეკემბრის №ას-1412-2018 განჩინება).

15. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, რადგანაც აპელანტს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით ეცნობა საქმის განხილვის შესახებ, იგი არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა პროცესზე და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი არ აცნობა სასამართლოს, სააპელაციო პალატის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ კანონიერია და უცვლელად უნდა დარჩეს.

16. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს ,,გ.ე–ის" წარმომადგენლის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 25 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

გოჩა ჯეირანაშვილი