Facebook Twitter

საქმე №ას-624-2025 13 ივნისი, 2025 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,

არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი – ნ.კ–ძე (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ.დ–ვა (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 31 მარტის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, განცხადებაზე საქმისწარმოების შეწყვეტა

დავის საგანი (ძირითადი სარჩელით) – ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების თანამესაკუთრედ ცნობა, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, გამოთხოვილი ნივთების მესაკუთრედ ცნობა

დავის საგანი (შეგებებული სარჩელით) - თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. გ.დ–ვამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ.კ–ძისა და ი.დ–ვას მიმართ, ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების თანამესაკუთრედ ცნობის, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და გამოთხოვილი ნივთების მესაკუთრედ ცნობის თაობაზე.

2. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს.

3. ნ.კ–ძემ შეგებებული სარჩელი აღძრა სასამართლოში გ.დ–ვას მიმართ, თანხის დაკისრებისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

4. ამავე შეგებებულ სარჩელში ნ.კ–ძის წარმომადგენელმა იშუამდგომლა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე და მოითხოვა ყადაღის დადება მოპასუხის სახელზე რიცხულ შემდეგ უძრავ ქონებებზე: 1. უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, ........., ფართი 162,83 კვ.მ, ს/კ: ..........; 2. უძრავი ქონება მდებარე: ქ. ბათუმი, ......., #4 არსებული მშენებარე ფართი, სადარბაზო 1, სართული 6, ბლოკი “C”, ბინა #517-518, ნიშნული 17.2, ფართით 85,50 კვ.მ , ს/კ: ........;

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 თებერვლის განჩინებით ნ.კ–ძის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა, კერძოდ: - შეგებებული სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო, მოპასუხე: გ.დ–ვას სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას მდებარე: ქ. თბილისი, .........., ფართი 162,83 კვ.მ, ს/კ: .......; - შეგებებული სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედოს, მოპასუხე: გ.დ–ვას (პ/ნ:...........) სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას მდებარე: ქ. ბათუმი, ....., არსებულ მშენებარე ფართი, სადარბაზო 1, სართული 6, ბლოკი “C”, ბინა #517-518, ნიშნული 17.2, ფართით 85,50 კვ.მ , ს/კ: ..........

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით, გ.დ–ვას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გ.დ–ვა ცნობილი იქნა თანამესაკუთრედ ნ.კ–ძის სახელზე რიცხულ სადავო უძრავ ქონებებზე, ხოლო მისი სასარჩელო მოთხოვნა ი.დ–ვასთან ჩუქების ხელშეკრულების 1/2 ნაწილში ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით ნ.კ–ძის შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გ.დ–ვას ნ.კ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა - ბერკლის, „BARCLAYS” /ლონდონი, გაერთიანებული სამეფო, N22 5LA, ბერკლის ლესტერი - LE87 2BB/ - საბანკო ანგარიშიდან გატანილი ფულადი თანხის - 59500 ფუნტი სტერლინგის ეკვივალენტი ლარის ნახევრის - 29750 ფუნტი სტერლინგის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურება. ნ.კ–ძის სხვა სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა.

7. მოცემულ 2/35049-17 საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლის მიერ 14.12.2017 წლის გამოტანილი განჩინება - სარჩელის უზრუნველყოფის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ - გაუქმდა ნაწილობრივ, კერძოდ - ამავე განჩინების მე-7, მე-8, მე-9, მე-10 პუნქტების ნაწილში. ამავე განჩინების 2-6 პუნქტები დარჩა ძალაში. მოცემულ 2/35049-17 საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლის მიერ 26.02.2018 წელს გამოტანილი განჩინება - სარჩელის უზრუნველყოფის დაკმაყოფილების შესახებ - გაუქმდა ნაწილობრივ, კერძოდ, ამავე განჩინების მე-3 პუნქტის ნაწილში. ამავე განჩინების მე-2 პუნქტი დარჩა ძალაში.

8. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გ.დ–ვამ და ნ.კ–ძემ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ნოემბრის განჩინებით გ.დ–ვას და ნ.კ–ძის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილება.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს გ.დ–ვამ და ნ.კ–ძემ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 12 ივნისის განჩინებით გ.დ–ვას საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 1 დეკემბრის განჩინებით ნ.კ–ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 თებერვლის განჩინებით ნ.კ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილების 2.2 ქვეპუნქტი, მოსარჩელე ნ.კ–ძის მიერ აღნიშნულ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის გამოხმობის გამო და ამ ნაწილში სარჩელი დარჩა განუხილველი. დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილება.

12. 2025 წლის 11 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მომართვის საფუძველზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს წარედგინა გ.დ–ვას (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებული სარჩელით) წარმომადგენლის, მ.გ–ძის განცხადება, სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმების მოთხოვნით. წარმოდგენილი განცხადების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის სპეციალისტის მიერ 2024 წლის 19 ნოემბერს გაცემული ცნობის მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის N2/35049 საქმეზე 2021 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 2.1 ქვეპუნქტი (29750 ფუნტი სტერლინგის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურება), ასევე 3.2 ქვეპუნქტი - 2018 წლის 26 თებერვლის განჩინების მე-2 პუნქტის ძალაში დატოვების ნაწილში, შესულია კანონიერ ძალაში.

13. 2025 წლის 17 თებერვალს გ.დ–ვამ აღასრულა 2021 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესული ნაწილი. კერძოდ, მასზე დაკისრებული 29750 ფუნტი სტერლინგის ეკვივალენტი ლარში, რომელიც 17.02.2025 წელს მოქმედი კურსით შეადგენდა 106 112.3 ლარს, (17/02/2025 წლის საქართველოს ეროვნული ბანკით დადგენილი კურსი იყო 1 ფუნტი სტერლინგი = 3.5668 ლარის) მისი კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან GE14TB7962545063400003 გადაურიცხა ნ.კ–ძეს (პ/ნ ......) კუთვნილ საბანკო ანგარიშზე GE76TB7024045064400001, რის დამადასტურებლადაც სასამართლოს წარუდგინა საბანკო გადარიცხვის ქვითარი (დედანი).

14. განმცხადებლის განმარტებით, აღარ არსებობდა სარჩელის უზრუნველყოფის ძალაში დატოვების საფუძველი და ითხოვდა გაუქმებულიყო უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო გ.დ–ვას (პ/ნ ......) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: ქ. თბილისი, ........, ფართი 162.83 კვ.მ. ს/კ ..........

15. ზემოაღნიშნულ განცხადებაზე საკუთარი მოსაზრება წარადგინა ნ.კ–ძემ (მოპასუხე, მოსარჩელე შეგებებული სარჩელით). მხარის განმარტებით, გ.დ–ვას წარმომადგენელი ითხოვდა 7 წლის წინ გამოტანილი სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების გაუქმებას, თუმცა განცხადების საფუძველზე მისი გაუქმების პროცედურა კანონმდებლობით არ არსებობდა. თბილისის სააპელაციო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი გაეუქმებინა 2018 წლის 26 თებერვლის სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება, რის გამოც არ უნდა დაკმაყოფილებულიყო გ.დ–ვას განცხადება.

16. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 31 მარტის განჩინებით გ.დ–ვას წარმომადგენლის, მ.გ–ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. შესაბამისად, ყადაღა მოეხსნა გ.დ–ვას (პ/ნ .......) სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას მდებარე: ქ. თბილისი, ......., ფართი 162,83 კვ.მ, ს/კ: .........

17. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 31 მარტის განჩინება საჩივრის წარდგენის გზით გაასაჩივრა ნ.კ–ძემ. საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ განჩინება გამოტანილია კანონდარღვევით, რის გამოც უნდა გაუქმდეს. საჩივრის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 194-ე და 1991-ე მუხლებით დადგენილია სარჩელთან დაკავშირებული უზრუნველყოფის ღონისძიებების განხილვის სპეციფიკა, რომელიც არ მოიცავს სააპელაციო სასამართლოს მიერ განხილული განცხადების შინაარსს. საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ გ.დ–ვას მიერ წარდგენილი განცხადება არ იყო საერთო სასამართლოების განსჯადი. აღნიშნულის დასტურად, საჩივრის ავტორი მოიხმობს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 და 26-ე მუხლებს, და აცხადებს, რომ გ.დ–ვას მიერ წარდგენილი განცხადების განხილვა შედიოდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კომპეტენციაში და მასზე მსჯელობის უფლებამოსილება სააპელაციო სასამართლოს არ გააჩნდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

18. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე.

19. საქმის მასალებში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ.დ–ვას ნ.კ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა - ბერკლის, „BARCLAYS“ /ლონდონი, გაერთიანებული სამეფო, N22 5LA, ბერკლის ლესტერი - LE87 2BB/ - საბანკო ანგარიშიდან გატანილი ფულადი თანხის - 59500 ფუნტი სტერლინგის ეკვივალენტი ლარის ნახევრის - 29750 ფუნტი სტერლინგის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურება. აღსანიშნავია, რომ მოთხოვნა აღნიშნული ფორმით იყო ჩამოყალიბებული შეგებებული სარჩელით და იგი დაკმაყოფილდა სრულად. რაც შეეხება ნ.კ–ძის მეორე სასარჩელო მოთხოვნას, რომლის თანახმადაც იგი ითხოვდა ბინის გაუქირავებლობის 48000 აშშ დოლარის, იძულებით აყვანილი დაცვის სამსახურზე გადახდილი თანხის - 3000 ლარის, ქირის თანხის - 1300 ლარის, ტანსაცმლისა და პირველადი მოხმარების ნივთებისათვის დახარჯული თანხის - 1000 ლარის, სახლში დარჩენილი 1000 ევროს, გატეხილი ნეკნის მკურნალობის თანხის - 5000 ლარის, იტალიაში გამგზავრებისათვის აღებული სესხის თანხის - 20000 ევროს ეკვივალენტი ლარის, მორალური ზიანის - 20000 ლარის, - დაკისრებას გ.დ–ვასთვის. დადგენილია, რომ აღნიშნულ ნაწილში აპელანტმა გაიხმო სასარჩელო მოთხოვნა, რაზეც ასევე დაეთანხმა მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელი. აღნიშნულის გათვალისწინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 თებერვლის განჩინებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილების 2.2 ქვეპუნქტი, მოსარჩელე ნ.კ–ძის მიერ აღნიშნულ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის გამოხმობის გამო და ამ ნაწილში სარჩელი დარჩა განუხილველი.

20. სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი განცხადების თანახმად, 2025 წლის 17 თებერვალს გ.დ–ვამ აღასრულა 2021 წლის 01 დეკემბრის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესული ნაწილი. კერძოდ, მასზე დაკისრებული 29750 ფუნტი სტერლინგის ეკვივალენტი ლარში, რომელიც 17.02.2025 წელს მოქმედი კურსით შეადგენდა 106 112.3 ლარს, (17/02/2025 წლის საქართველოს ეროვნული ბანკით დადგენილი კურსია 1 ფუნტი სტერლინგი = 3.5668 ლარის) მისი კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან GE14TB7962545063400003, გადაურიცხა ნ.კ–ძეს კუთვნილ საბანკო ანგარიშზე GE76TB7024045064400001. ზემოაღნიშნულ განცხადებას თან ერთოდა საბანკო გადარიცხვის ქვითარი (დედანი), რომლის თანახმადაც დგინდებოდა, რომ გ.დ–ვას მიერ, 2025 წლის 17 თებერვალს, სს „თ. ბ–ის“ მეშვეობით, ნ.კ–ძის კუთვნილ საბანკო ანგარიშზე გადარიცხულ იქნა 106 112, 3 ლარი (გადახდის დანიშნულება, თბილისის საქალაქო სასამართლოს 01.12.2021 წ. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით საქმეზე ნ 2/35049-17 დაკისრებული 29750 ფუნტის ექვ.ერ. კურსი 3,5667 ანაზღაურება, საგადახდო დავალება N4139).

21. როგორც წინამდებარე განჩინებაში უკვე აღინიშნა, შეგებებული სარჩელის ნაწილი, რომელზეც არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება, გ.დ–ვამ აღასრულა ნებაყოფლობით, ხოლო შეგებებული სარჩელით დაყენებული მოთხოვნის მეორე ნაწილი, ნ.კ–ძემ სააპელაციო სასამართლოში საქმისწარმოების დროს - გაიხმო, რასაც დაეთანხმა გ.დ–ვას წარმომადგენელიც.

22. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზნებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას, რომ განსახილველ შემთხვევაში, აღარ არსებობდა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი, ვინაიდან დადგენილია და არც საჩივრის ავტორი უარყოფს, რომ გ.დ–ვამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, ნებაყოფლობით აღასრულა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რის გამოც, სახეზე აღარაა ამავე კოდექსის 191-ე მუხლით განსაზღვრული სარჩელის უზრუნველყოფის წინაპირობა, შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ განმცხადებლის მოთხოვნა გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე საფუძვლიანი იყო და მართებულად გაუქმდა, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.

23. საკასაციო პალატა ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნევს საჩივრის ავტორის მითითებას მასზედ, რომ გ.დ–ვას მიერ წარდგენილი განცხადება არ იყო საერთო სასამართლოების განსჯადი, რის დასტურადაც მხარე მოიხმობს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 და 26-ე მუხლებს, და აცხადებს, რომ გ.დ–ვას მიერ წარდგენილი განცხადების განხილვა შედიოდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კომპეტენციაში. ამ მიმართებით პალატა საჩივრის ავტორს განუმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, განცხადების მიღებასა და საქმის განხილვაზე უარის თქმა სასამართლოს შეუძლია მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით, ამავე კოდექსის XXIII თავი კი, სრულად ეძღვნება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებულ საკითხებს, რომლის მიხედვითაც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის თუ გაუქმების ექსკლუზიური უფლებამოსილება საერთო სასამართლოებს გააჩნიათ. მოცემულ შემთხვევაში, განცხადებით მოხთხოვნილი იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება იმ მოტივით, რომ სამართლებრივი სიკეთე, რომლის დასაცავადაც იგი იქნა გამოყენებული აღარ არსებობდა, კერძოდ, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება მხარემ აღასრულა ნებაყოფლობით, შეგებებული სარჩელი კი არ მოიცავდა დამატებით ისეთ მოთხოვნას, რომლის უზრუნველსაყოფადაც იყო გამოყენებული ხსენებული უზრუნველყოფა. იქიდან გამომდინარე, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო არ წარმოადგენს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება/შეცვლა/შეწყვეტაზე უფლებამოსილ ორგანოს და იგი სასამართლოს მიერ გაცემული შესაბამისი აქტის საფუძველზე ახდენს უფლების შეზღუდვის რეგისტრაციას შესაბამის რეესტრში, საჩივრის ავტორის არგუმენტი დაუსაბუთებელი და არარელევანტურია, რაც რა თქმა უნდა, ვერ დაედება საფუძვლად გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას.

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 195-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ.კ–ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 31 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

არჩილ კოჭლამაზაშვილი