საქმე №ას-732-2025 16 ივნისი, 2025 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ლ.ა–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა.ფ–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღებულად ცნობა, სამკვიდრო ქონების კანონით გათვალისწინებული წილის მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ.ა–მა სარჩელი აღძრა სასამართლოში, მოპასუხე ა.ფ–ის და ი.ფ–ის მიმართ, სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღებულად ცნობისა და სამკვიდრო ქონების კანონით გათვალისწინებული წილის მიღების თაობაზე.
მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს.
თელავის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 16 იანვრის საოქმო განჩინებით სასარჩელო მოთხოვნა ი.ფ–ის ნაწილში დარჩა განუხილველი.
თელავის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ნოემბრის განჩინებით ლ.ა–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 02 ივნისის განჩინებით ლ.ა–ს დაევალა, მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ა) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი დედნის სახით. ბ) სახელმწიფო ბაჟის - 962.5 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.
აღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელს გაეგზავნა 2025 წლის 09 ივნისს და ჩაბარდა პირადად 2025 წლის 12 ივნისს.
საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის შემოწმების ეტაპზე, კერძოდ 2025 წლის 13 ივნისს კასატორის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო რომ წარმოდგენილი განცხადების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს.
სსსკ-ის 372-ე მუხლით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, სსსკ-ის XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამავე კოდექსის 378-ე მუხლი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში მხარეს ერთმევა უფლება კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. სსსკ-ის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ნოემბრის განჩინებით ლ.ა–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ - ლ.ა–მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება.
საქმე საკასაციო სასამართლოში განაწილდა 2025 წლის 29 მაისს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 02 ივნისის განჩინებით ლ.ა–ს დაევალა, მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ა) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი დედნის სახით. ბ) სახელმწიფო ბაჟის - 962.5 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.
აღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელს გაეგზავნა 2025 წლის 09 ივნისს და ჩაბარდა პირადად 2025 წლის 12 ივნისს.
2025 წლის 13 ივნისს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორის წარმომადგენელმა ზ.რ–მა (იხ.: მინდობილობა, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმომადგენლობის, გასაჩივრების და სარჩელზე ნაწილობრივ ან მთლიანად უარის თქმის უფლებით (იხ. ტომი 1, ს.ფ. 52-54)., რომელმაც უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე (იხ. ტომი 2, ს.ფ. 94).
სსსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა, ხოლო ამავე კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს სამოქალაქო საპროცესო სამართალში, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული, ცხადია, გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას, გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები) ან უარი თქვან მათ გასაჩივრებაზე (იხ.: სუსგ №ას-1573-2018, 26.09.2019 წელი; №ას-1793-2019, 12.03.2020 წელი; №ას-1238-2022, 04.10.2022 წელი).
კასატორმა განაცხადა, რომ საკასაციო საჩივარზე ამბობს უარს, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, ამდენად, მან განახორციელა სსსკ-ის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ რადგან კასატორმა იქამდე განაცხადა უარი საკასაციო საჩივარზე, ვიდრე სასამართლო იმსჯელებდა მის წარმოებაში მიღებაზე, საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად. ამდენად, საკასაციო საჩივარზე უარის თქმა მის წარმოებაში მიღებამდე მისი განუხილველად დატოვების საფუძველია (შდრ. სუსგ Nას-37-36-2014, 17.02.2014). ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის მე-3, 284-ე, 285-ე, 396.4 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ.ა–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ნოემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ამირან ძაბუნიძე