Facebook Twitter

საქმე №ას-862-2024

27 ივნისი, 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

გიზო უბილავა (მომხსენებელი), ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ნ–ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ხ-პ–სი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან მოძრავი ნივთების გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სს „ნ–მა“ (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ხ-პ–სა“ (შემდგომში - „მოპასუხე“) და სს „ხ–ის“ მიმართ უკანონო მფლობელობიდან მოძრავი ნივთების გამოთხოვის თაობაზე.

2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 3 მაისის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელის ნაწილობრივ გამოხმობის თაობაზე დაკმაყოფილდა. სარჩელი უკანონო მფლობელობიდან მოძრავი ნივთების გამოთხოვის თაობაზე დარჩა განუხილველი სს „ხ–ის“ მიმართ წარდგენილი სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.

5. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 3 მაისის გადაწყვეტილება და მოსამზადებელ ეტაპზე საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

8. მხარეთა მორიგების მიზნით, 2024 წლის 22 ოქტომბერს გაიმართა ზეპირი მოსმენა. მხარეთა მორიგების ხელშეწყობის მიზნით საქმის განხილვა გადაიდო და მხარეებს მიეცათ დამატებითი დრო მოსარიგებლად.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას 2025 წლის 18 ივნისს ერთობლივი განცხადებით მომართეს მხარეებმა, ასევე, სს „ხ–მა“ და იშუამდგომლეს მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების თაობაზე.

10. 2025 წლის 26 ივნისს მხარეებმა ერთობლივი განცხადებით მომართეს საკასაციო პალატას და მოითხოვეს წინამდებარე საქმის ფარგლებში გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

11. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და წარმოდგენილი მორიგების აქტის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და მოცემულ საქმეზე უნდა შეწყდეს წარმოება.

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც სსსკ-ის XLIX თავი შეიცავს. იმავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, სსსკ-ის XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით რეგლამენტირებულია დისპოზიციურობის პრინციპი, რომელიც უზრუნველყოფს სამოქალაქო სამართალწარმოების მხარეთა საპროცესო უფლებების ავტონომიურად განკარგვის შესაძლებლობას. აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. იმავე კოდექსის 83-ე მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებულია მხარეთა უფლება დავა მორიგებით საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე დაასრულონ. ამრიგად, დასახელებული სამართლებრივი ნორმები მხარეებს აძლევს შესაძლებლობას ურთიერთშეთანხმების გზით, ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით თავად განსაზღვრონ დავის საბოლოო შედეგი.

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ.

15. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს, რის გამოც მათ მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქმის წარმოება უნდა შეწყდეს. ამავე დროს, უნდა გაუქმდეს ამ საქმეზე ქვემდგომი სასამართლოების მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება.

16. მხარეებს უნდა განემარტოთ, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის მე-2 წინადადების თანახმად, მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

18. აღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 25 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, ვინაიდან მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან. ამასთან, მხარეებმა 2025 წლის 26 ივნისს წარმოდგენილი ერთობლივი განცხადებით გამოხატეს ნება წინამდებარე საქმეზე გამოყენებული უზრუნველყოფის გაუქმების შესახებ.

19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად კი, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.

20. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მხარეები მორიგდნენ საქმის მთავარ სხდომამდე, კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 49-ე, 272-273-ე, 284-285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სს „ნ–ის“, შპს „ხ–ი-პ–სა“ და სს „ხ–ის“ შუამდგომლობა დავის მორიგებით დასრულების თაობაზე დაკმაყოფილდეს და დამტკიცდეს წარმოდგენილი მორიგების აქტი შემდეგი პირობებით:

1.1. მხარეები უდავო ფაქტობრივ გარემოებებად მიიჩნევენ შემდეგს:

1.1.1. სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (შემდგომში ბიურო) 2025 წლის 5 თებერვლის #5000609725 დასკვნის შესაბამისად, სს ნ–ის ქონება (ხიდის კოჭები) განლაგებულია შპს ხ–ი-პ–ის საწყობში (ქ. გორი, ს/კ ........) 505,55 მ2-ზე (თან ვურთავთ დასკვნას);

1.1.2. ბიუროს #008212018 დასკვნის შესაბამისად, რომელიც თანდართულია სარჩელზე (გვ 57, დანართი #12), 1 კვადრატულ მეტრზე 1 თვის მიბარების ღირებულება შეადგენს 2,5 ლარს - 2,118 ლარს (დღგ-ს გარეშე);

1.1.3. ზ/ა საწყობში განლაგებული იყო, ასევე, ფოლადის ფურცლების გადანაჭრელები, ტონაჟი - 16,799, რომელიც დღეისათვის დაკარგულია გაურკვეველი მიზეზებიდან გამომდინარე (რის შესახებაც ინფორმაცია სს ნ–ს მიაწოდა სს ხ–მა). საბაზრო ღირებულება ასეთი გადანაჭრელებისა 2025 წლის 4 თებერვლის #5000591925 ბიუროს დასკვნის (თან ვურთავთ) შესაბამისად, არის 1 ტონაზე 3 700 ლარი, ჯამში 62 156,3 ლარი (16,799 X 3700) (შემდგომში „დანაკლისი“);

1.1.4. სს ნ–სა და შპს ხ–ი-პლიუსს შორის საწყობში მიბარების პერიოდს წარმოადგენს 77 კალენდარული თვე;

1.1.5. 77 თვის სასაწყობო მიბარების ღირებულებამ შეადგინა 82 448,12 ლარი (1 კვ.მ ფასი 2,118 ლარი X დასაწყობების ფართი - 505,55 მ2 X 77 თვე = 82 448,12 ლარს);

1.2. ზ/ა ფაქტებზე დაყრდნობით, მხარეები თანხმდებიან შემდეგზე:

1.2.1. მხარეები წინამდებარე აქტის სასამართლოს მიერ დამტკიცებისთანავე, ქვითავენ ურთიერთმოთხოვნებს, კერძოდ, მიბარების ჯამურ ღირებულებას 82 448,12 ლარს გამოაკლდება დანაკლისის ღირებულება - 62 156,3 ლარი და დარჩენილი თანხა - 20 291,82 ლარი (მიბარების ღირებულება), იქნება სს ნ–ის მიერ შპს ხ–ი-პ–თვის გადასახდელი მიბარების ღირებულება (შემდგომში „მიბარების ღირებულება“);

1.2.2. სს ნ–ი ვალდებულია გადაუხადოს მიბარების ღირებულება შპს ხ–ი-პ–სს (ან სს ხ–ს თუ ამას მიუთითებს შპს ხ–ი-პ–სი, რაც ჩაითვლება გადახდილად ჯეროვნად), არაუგვიანეს წინამდებარე აქტის სასამართლოს მიერ დამტკიცების, გორის რაიონულ სასამართლოში სს ნ–ის წინააღმდეგ შეტანილ სასარჩელო მოთხოვნების გამოხმობის და მიბარებულ ქონებაზე გორის რაიონული სასამართლოს ყადაღის მოხსნიდან 6 თვის განმავლობაში;

1.2.3. სს ხ–ი გამოიხმობს გორის რაიონულ სასამართლოში სს ნ–ის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს (საქმის ნომერი 2/1570-23) და ამ მორიგების აქტის დამტკიცებიდან 1 თვის განმავლობაში უზრუნველყოფს მიბარების საგნებზე ყადაღის მოხსნას;

1.2.4. სს ხ–ი და შპს ხ–ი-პ–სი გარანტიას იძლევიან, რომ ხელს შეუწყობენ სს ნ–ს, როდესაც ის დააპირებს მისი ქონების საწყობიდან გატანას, როდესაც საჭირო იქნება ტექნიკის მობილიზება და სხვა ქმედებების განხორციელება საწყობის დასაცლელად; მხარეები ადასტურებენ, რომ სს ნ–სა და შპს ხ–ს შორის ფასიან სასაწყობო მიბარებას ან იჯარას ან სხვა სახის ურთიერთობას მასალის შენახვა დასაწყობებიდან გამომდინარე არ ჰქონია;

1.2.5. ყოველი ვალდებულება, მათ შორის ქონების გადაცემის ვალდებულება და თანხების გადახდის ვალდებულება უნდა დაექვემდებაროს იძულებით აღსრულებას ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში;

1.2.6. სს ხ–ი და შპს ხ–ი-პ–სი მორიგების და ამ შეთანხმების შესრულების მიზნებისთვის წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს და სოლიდარულ კრედიტორებს. სს ნ–ი მიბარების ღირებულებას გადაუხდის რომელიმე მათგანს მათივე მითითებით), რაც ჩაითვლება შესრულებად კანონისა და გარიგებების საფუძველზე მოთხოვნის მფლობელის მიმართ და არც ერთ მხარეს არ ექნება უფლება რაიმე სახით სადავო გახადოს ასეთი შესრულება;

1.2.7. სს ხ–ი და შპს ხ–ი-პ–სი აცხადებენ რომ არ აქვთ არანაირი მოთხოვნა, პრეტენზია მატერიალური თუ მორალური სს ნ–ის, მისი დამფუძნებლების, მისი შვილობილების ან მათი ფილიალების და მათი დირექტორების პარტნიორების მიმართ, რაც გამომდინარეობს ან დაკავშირებულია ამ აქტში აღნიშნულ რომელიმე დავასთან, ამ დავაში დასახელებულ გარიგებებთან წერილებთან, დავის საგანთან (გარდა ამ აქტში მითითებული მიბარების ღირებულების მოთხოვნისა). ისინი აცხადებენ, რომ არ მიმართავენ სასამართლოს, არბიტრაჟს, მედიაციას და სხვა ნებისმიერ საშუალებას რაიმე პრეტენზიით რაც გამომდინარეობს სს ნ–ის ქონების მიბარებიდან შპს ხ–ი პ–ის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე (ან მანამდე სს ხ–ის ტერიტორიაზე);

1.2.8. სამივე მხარე უარს ამბობს გაასაჩივრონ ან სადავო გახადონ რაიმე ფორმით წინამდებარე მორიგების აქტი.

2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 აპრილის განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 3 მაისის გადაწყვეტილება;

3. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 25 დეკემბრის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სს „ხ–სა“ (ს/კ ......) და შპს „ხ–ი-პ–სს“ (ს/კ ......) აეკრძალათ მათ მფლობელობაში არსებული მოძრავი ნივთების, მეტალის კონსტრუქციების 50,054 ტონა (ფასი 182,771) და მეტალის ფურცლების 16,799 ტონა (ფასი 39,923 ლარი) ნებისმიერი პირისთვის საკუთრებაში, მფლობელობაში, სარგებლობაში გადაცემა ან სხვა გზით განკარგვა, გასხვისება, უზრუნველყოფის სახით ნებისმიერი მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენება ან/და გადაადგილება, მესამე პირისთვის საწყობის გარეთ გადატანის უფლების მიცემა;

4. მხარეთა მორიგების გამო მოცემულ საქმეზე შეწყდეს წარმოება;

5. განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება;

6. სს „ნ–ს“ (ს/ნ ........) დაუბრუნდეს მის მიერ 2024 წლის 24 ივნისს #1719216592 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;

7. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: გიზო უბილავა

ლევან მიქაბერიძე