Facebook Twitter

საქმე №ა-2950-შ-74-2025 1 ივლისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ამირან ძაბუნიძე, ლაშა ქოჩიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ინდივიდუალური მეწარმე დ.პ.

მოწინააღმდეგე მხარე – ინდივიდუალური მეწარმე ე.ნ.

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს – რუსეთის ფედერაციის ვოლოგდის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 2 ივლისის №A13-3340/2024 გადაწყვეტილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

რუსეთის ფედერაციის ვოლოგდის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 2 ივლისის №A13-3340/2024 გადაწყვეტილებით ინდივიდუალურ მეწარმე ე.ვ. ძე ნ–ს ინდივიდუალურ მეწარმე დ.ი. ძე პ–ის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლო 8000 აშშ დოლარის ოდენობით რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის კურსით გადაწყვეტილების აღსრულების დღისათვის, იურიდიული მომსახურების ხარჯები 4 000 რუბლის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის ხარჯები 27 052 რუბლის ოდენობით.

ინდივიდუალური მეწარმე დ.პ.ის წარმომადგენელმა გ.ჟ–მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა: ა) რუსეთის ფედერაციის ვოლოგდის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 2 ივლისის №A13-3340/2024 საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება; ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან ინფორმაციის გამოთხოვა მოწინააღმდეგე მხარის სახელზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი უფლებრივი მდგომარეობის შესახებ; გ) რუსეთის ფედერაციის ვოლოგდის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 2 ივლისის №A13-3340/2024 გადაწყვეტილების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ კომერციულ ბანკებში ე.ნ–ის სახელზე გახსნილ საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებს გადაწყვეტილებით განსაზღვრული 8000 აშშ დოლარის ფარგლებში ყადაღის დადება.

შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მოწინააღმდეგე მხარე თავს არიდებს ვალდებულების შესრულებას და მისი საბანკო ანაგარიშების დაყადაღება წარმოადგენს ერთადერთ საშუალებას შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 ივნისის განჩინებით განჩინებით, შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან გამოთხოვილ იქნა ინდივიდუალური მეწარმე ე.ნ.ის (ს/კ .......; პ/ნ ......., რუსეთის ფედერაცია) სახელზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათ სამართლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია.

2025 წლის 30 ივნისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2025 წლის 26 ივნისის MIA 1 25 01969121 წერილით ეცნობა, რომ სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ინდივიდუალური მეწარმე ე.ნ.ის (ს/კ .......; პ/ნ ......... სახელზე სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია ვერ იქნა მოძიებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო განცხადების საფუძვლების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს, რუსეთის ფედერაციის ვოლოგდის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 2 ივლისის №A13-3340/2024 გადაწყვეტილების უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ კომერციულ ბანკებში ინდივიდუალური მეწარმე ე.ნ.ის (ს/კ .......; პ/ნ ........ სახელზე სახელზე გახსნილ საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებს 8000 აშშ დოლარის ფარგლებში შემდეგ გარემოებათა გამო:

„სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ კონვენციის (შემდგომში - მინსკის კონვენცია) 53-ე მუხლის თანახმად, შუამდგომლობა გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვის თაობაზე წარედგინება ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ სასამართლოს, სადაც გადაწყვეტილება აღსრულებას ექვემდებარება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, შუამდგომლობას თან უნდა ერთვოდეს: ა) გადაწყვეტილება ან მისი დამოწმებული ასლი, ასევე ოფიციალური დოკუმენტი იმის შესახებ, რომ გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და ექვემდებარება აღსრულებას ან იმის შესახებ, რომ იგი ექვემდებარება აღსრულებას კანონიერ ძალაში შესვლამდე, თუ ეს არ გამომდინარეობს თავად გადაწყვეტილებიდან; ბ) დოკუმენტი, საიდანაც გამომდინარეობს, რომ მხარე, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილ იქნა გადაწყვეტილება, და რომელიც არ მონაწილეობდა პროცესში, სათანადო წესრიგში იმყოფებოდა და დროულად იქნა გამოძახებული სასამართლოში, ხოლო მისი პროცესუალური არაქმედუნარიანობის შემთხვევაში სათანადოდ იქნა წარმოდგენილი; გ) დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს გადაწყვეტილების ნაწილობრივ აღსრულებას მისი გადაგზავნის მომენტისთვის; დ) დოკუმენტი, რომელიც ამტკიცებს მხარეთა შეთანხმებას სახელშეკრულებო განსჯადობის საქმეებზე. შუამდგომლობა გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვის თაობაზე და მისი თანდართული დოკუმენტები აღიჭურვება დამოწმებული თარგმანით თხოვნის გამგზავნი ხელშემკვრელი მხარის ენაზე ანდა რუსულ ენაზე.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების ცალკეული საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამდენად, მითითებული ნორმის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულებისას ხელმძღვანელობს ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი საპროცესო ნორმებით.

სსსკ-ის 399-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებისათვის დადგენილი საქმის განხილვის წესებით, თუ აღნიშნული წესები საკასაციო პალატისათვის განსაზღვრულ სპეციალურ ნორმებს არ ეწინააღმდეგება.

სსსკ-ის კოდექსის 271-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად.

დასახელებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელე მხარეს, საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს ჯერ კიდევ აღუსრულებელი გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ.

აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება მნიშვნელოვანია, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.

ამდენად, საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მართლმსაჯულების სისტემის ეფექტურობა სამართლებრივი წესრიგის განმტკიცებასა და სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფუნდამენტური წინაპირობაა. მართლმსაჯულების ეფექტურობა დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ, სამართლიან და დროულ სამართალწარმოებაში პოვებს გამოხატულებას. (იხ. შ.შმიტი, ჰ.რიჰტერი, მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), 2013, 3.). როგორი სწრაფიც არ უნდა იყოს მართლმსაჯულება, როგორი სამართლიანი და კანონიერიც არ უნდა იყოს სასამართლო გადაწყვეტილება, მართლმსაჯულების მიზნები და ამოცანები განუხორციელებელი რჩება, თუ არ მოხდება გადაწყვეტილების აღსრულება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება თავის თავში გულისხმობს სახელმწიფოს მხრიდან იმგვარი რეგულაციის შექმნის ვალდებულებას, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლოს გადაწყვეტილების ეფექტურ აღსრულებას. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით „საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული სასამართლოსადმი მიმართვის უფლება... უნდა იყოს არა ილუზორული, არამედ ქმნიდეს პირის უფლებებში ჯეროვნად აღდგენის რეალურ შესაძლებლობას და წარმოადგენდეს უფლების დაცვის ეფექტურ საშუალებას.“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის N3/2/577 გადაწყვეტილება, II-30).

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების, თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას, სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ, აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე, ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება. „მიუხედავად სამართლიანი სასამართლოს უფლების უდიდესი მნიშვნელობისა, იგი არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას და შეიძლება შეიზღუდოს გარკვეული პირობებით, რაც გამართლებული იქნება დემოკრატიულ საზოგადოებაში ლეგიტიმური საჯარო ინტერესით“ სსსკ-ის 198-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საკითხს იმის შესახებ, თუ უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება უნდა იქნეს გამოყენებული, წყვეტს სასამართლო მოსარჩელის განცხადების შესაბამისად.

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ რუსეთის ფედერაციის ვოლოგდის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 2 ივლისის №A13-3340/2024 გადაწყვეტილებით ინდივიდუალურ მეწარმე ე.ვ. ძე ნ–ს ინდივიდუალურ მეწარმე დ.ი. ძე პ–ის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლო 8000 აშშ დოლარის ოდენობით რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის კურსით გადაწყვეტილების აღსრულების დღისათვის, იურიდიული მომსახურების ხარჯები 4 000 რუბლის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის ხარჯები 27 052 რუბლის ოდენობით.

ინდივიდუალური მეწარმე დ.პ.ის წარმომადგენელმა გ.ჟ–მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა: აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება, ხოლო გადაწყვეტილების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ კომერციულ ბანკებში ე.ნ.ის სახელზე გახსნილ საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებს გადაწყვეტილებით განსაზღვრული 8000 აშშ დოლარის ფარგლებში ყადაღის დადება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებლის მოთხოვნა უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საჭიროების შესახებ საფუძვლიანია.

შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, ნაკისრი ვალდებულებები მოპასუხის მიერ არ შესრულოებულა, მიუხედავად დამატებითი ვადის მიცემისა, მოპასუხე თავს არიდებს ვალდებულების შესრულებას, ხოლო საბანკო ანაგარიშების დაყადაღება წარმოადგენს ერთადერთ საშუალებას შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შუამდგომლობის ავტორმა მიუთითა იმ კონკრეტული გარემოებების არსებობის თაობაზე, რომლებიც ადასტურებს ვარაუდს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის უცხო ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საქართველოში აღსრულებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ სამართლიანი განხილვის უფლება მოიცავს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. ეს უფლება არარეალური იქნებოდა, თუ კონტრაქტორი სახელმწიფოს ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდა, ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითი დარჩენილიყო. სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე (იხ. საქმე შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ“. ამ თვალსაზრისით აღსანიშნავია, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაც - იხ., სუსგ-ები Nა-1133-შ-29-2020, 6 ივლისი,2020წ.; №ა-704-შ-24-2019, 14 თებერვალი, 2019წ).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დ.პ.ის განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს, რუსეთის ფედერაციის ვოლოგდის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 2 ივლისის №A13-3340/2024 გადაწყვეტილების უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა უნდა დაედოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ კომერციულ ბანკებში ინდივიდუალური მეწარმე ე.ნ.ის (ს/კ .......; პ/ნ ......, რუსეთის ფედერაცია) სახელზე სახელზე გახსნილ საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებს 8000 აშშ დოლარის ფარგლებში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ კონვენციის 53-ე მუხლით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 271-ე, 191-ე, 193-ე, 198-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ.პ–ის განცხადება რუსეთის ფედერაციის ვოლოგდის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 2 ივლისის №A13-3340/2024 გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდეს.

2. ყადაღა დაედოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ კომერციულ ბანკებში ინდივიდუალური მეწარმე ე.ნ–ის (ს/კ .......; პ/ნ ......., რუსეთის ფედერაცია) სახელზე გახსნილ საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებს 8000 აშშ დოლარის ფარგლებში

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე

ლაშა ქოჩიაშვილი