Facebook Twitter
ბს-1090-1042(2კ-07) 28 მაისი, 2008 წ.
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე
კასატორი _ კ. გ-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სამხარეო სამმართველო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – საიჯარო ქირის გადახდევინება და ფართიდან გამოსახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 14 აგვისტოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველომ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე კ. გ-ის მიმართ, საიჯარო ქირის გადახდევინებისა და არასაცხოვრებელი ფართიდან გამოსახლების თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ ქ. ქუთაისში, ....... და ...... ქუჩის გადაკვეთასთან არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელს იჯარის უფლებით ფლობდა მოქალაქე კ. გ-ი, რაზედაც გაფორმებული იყო შესაბამისი საიჯარო ხელშეკრულება ¹..... . ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2000 წლის 26 სექტემბრიდან 2005 წლის სექტემბრის ბოლომდე. საიჯარო ხელშეკრულების თანახმად, წლიური საიჯარო ქირა განისაზღვრა 2006,83 დოლარის ეკვივალენტი ლარში. ხელშეკრულების 2.2. მუხლის შესაბამისად, ქონებით სარგებლობისათვის მოიჯარეს ყოველთვიურად საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 5 რიცხვამდე სამმართველოს სპეცანგარიშზე უნდა შეეტანა საიჯარო ქირის გადასახადი 167,24 აშშ დოლარის ოდენობით, ანგარიშსწორებისათვის არსებული კურსით ეროვნულ ვალუტაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელშეკრულების 2.3 მუხლის თანახმად, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის მას დაერიცხებოდა საურავი 0,5%. მოიჯარის მოთხოვნის შესაბამისად, სამმართველოს 2002 წლის 31 ოქტომბრის ¹289 ბრძანების საფუძველზე, გაუქმებულ იქნა კ. გ-თან გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულება. მოიჯარემ, მიუხედავად იმისა, რომ ნებაყოფლობით იკისრა საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, რაც დადასტურებულია მისი ხელმოწერით, მისი მხრიდან სისტემატურად ირღვეოდა ხელშეკრულების პირობები, რის გამოც საიჯარო ქირის დავალიანებამ შეადგინა 7389,23 აშშ დოლარი, ხოლო საურავმა _ 25 020,13 აშშ დოლარი.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხე კ. გ-ს დაკისრებოდა საიჯარო ქირის დავალიანების _ 32 400,36 აშშ დოლარის შესაბამისი ლარის გადახდა და მის გამოსახლებას არასაცხოვრებელი ფართიდან.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა, მოპასუხე კ. გ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 32 400,36 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა და მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ქონება _ ქ. ქუთაისში, ....... გამზირისა და ...... ქუჩის გადაკვეთასთან მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელი.
საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მესაკუთრის, მეიჯარის, უზუფრუქტუარისა და სხვათა უფლებები განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით.
ამავე კოდექსის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იჯარით აღებული სახელმწიფო მიწითა და სხვა ქონებით სარგებლობისთვის მოიჯარე მეიჯარის სასარგებლოდ იხდის იჯარის ქირას.
განსახილველ შემთხვევაში დასტურდება, რომ მოიჯარეს მეიჯარის სასარგებლოდ გადახდილი აქვს მხოლოდ 6 თვის საიჯარო ქირა.
მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის ფაქტი, რომ იჯარით აღებული ქონება მოიჯარეს მეიჯარისათვის არ დაუბრუნებია.
სამოქალაქო კოდექსის 591-ე მუხლის თანახმად, თუ მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის დამთავრების შემდეგ არ დააბრუნებს იჯარით აღებულ ქონებას, მაშინ მეიჯარეს შეუძლია მოითხოვოს დათქმული საიჯარო ქირის გადახდა ქონების დაბრუნების დაყოვნებისთვის; მეიჯარეს შეუძლია მოითხოვოს სხვა ზიანის ანაზღაურებაც.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის მოთხოვნა საიჯარო ქირის დავალიანებისა და მასზე დარიცხული საურავების ანაზღაურების შესახებ მართებულია და ექვემდებარება დაკმაყოფილებას.
რაც შეეხება მოპასუხე მხარის წარმომადგენლის მითითებას სარემონტო სამუშაოებისთვის დახარჯული თანხის შესახებ, საქალაქო სასამართლოს განმარტებით, აღნიშნულზე მას მოთხოვნა არ დაუყენებია და ამდენად, საიჯარო დავალიანების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი არ არსებობს.
ასევე უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის თაობაზე, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება განსახილველ შემთხვევაში კი, მფლობელს ნივთის ფლობის უფლება აღარ აქვს, ვინაიდან მხარეთა შორის საიჯარო ურთიერთობა დამთავრებულია.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 27 სექტემბრის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება ქ. ქუთაისის მერია.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით კ. გ-ის წარმომადგენლის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სამხარეო სამმართველოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სასარჩელო მოთხოვნაზე, საიჯარო ქირისა და საურავის დაკისრების შესახებ 2000 წლის 26 სექტემბრიდან 2001 წლის 28 ნოემბრის ჩათვლით, შეწყდა საქმის წარმოება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “ბ” პუნქტით; კ. გ-ს დაეკისრა საიჯარო ქირა ძირითადი _1856,35 აშშ დოლარის და საურავი _ 1652,8 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარში გადახდა და აგრეთვე, გამოსახლებულ იქნა დაკავებული ფართიდან.
სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ 2003 წლის 13 მარტს მხარეებს შორის გაფორმებული დამატებითი ხელშეკრულებითY არ იყო განსაზღვრული ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები, რის გამოც აღნიშნული სახის ურთიერთობა უნდა მოწესრიგდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით. ამ კოდექსის 581-ე მუხლის მე-2 ნაწილით საიჯარო ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები თუ 581-606-ე მუხლებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. აღნიშნული კოდექსის 561-ე მუხლით ქირავნობის ხელშეკრულების მოშლის ვადა შეადგენს სამ თვეს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა საქმის გარემოებებიდან ან მხარეთა შეთანხმებიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შეთანხმება ხელშეკრულების მოშლასთან დაკავშირებით არ არსებობს. დადგენილია მხოლოდ, რომ კ. გ-მა განცხადებით მიმართა სამმართველოს ხელშეკრულების მოშლის შესახებ 2002 წლის მარტში. მართალია, საქმეში მოიპოვება სამმართველოს სპეციალური კომისიის დასკვნა ხელშეკრულების 2002 წლის მარტიდან შეწყვეტის შესახებ, მაგრამ აღნიშნული არ ადასტურებს ხელშეკრულების შეწყვეტის ფაქტს, ვინაიდან ხელშეკრულების მხარე _ სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველო ამ შემთხვევაში, ისევე როგორც საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებისას, მოქმედებს სამმართველოს უფროსის სახელით, რომელსაც ჰქონდა უფლება გაეზიარებინა ან არ გაეზიარებინა კომისიის მოსაზრება და მიეღო გადაწყვეტილება, რასაც ხელშეკრულების მონაწილე მხარეებისათვის სამართლებრივი შედეგი მოჰყვებოდა. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, კომისიის პოზიცია ამ შემთხვევაში სარეკომენდაციო ხასიათს ატარებდა და მას იურიდიული მნიშვნელობის შედეგი, რაც დაკავშირებულია მხარეთა შორის ხელშეკრულების შეწყვეტასთან, არ შეიძლებოდა მოჰყოლოდა. აღნიშნულს ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი სამმართველოს უფროსის 2002 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, რომლითაც მეიჯარემ გამოხატა ნება, მიეღო მოიჯარის შეთავაზება საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ. აღნიშნულ ბრძანებაში არ არის მითითებული ხელშეკრულების შეწყვეტის ზუსტი თარიღი. სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შეფასებით.
აღნიშნულის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეებს შორის საიჯარო ურთიერთობა არსებობდა 2001 წლის 26 სექტემბრიდან 2002 წლის 31 ოქტომბრამდე.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაცია სამოქალაქო კოდექსის 591-ე მუხლის გამოყენების შესახებ, იმ მოტივით, რომ აღნიშნული ნორმით რეგულირდება საიჯარო ურთიერთობის დამთავრების შემდეგ იჯარით აღებული ქონების დაუბრუნებლობის გამო ზიანის ანაზღაურების წესი. სასამართლოს არ უმსჯელია სამმართველოსა და კ. გ-ს შორის დადებულ დამატებით ხელშეკრულებაზე, ასეთი მტკიცებულება პირველი ინსტანციის სასამართლოს არ გამოუკვლევია, შესაბამისად, მას არ განუსაზღვრავს პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მოიჯარემ დააყოვნა ქონების გადაცემა მეიჯარისათვის. ამასთან, სასარჩელო მოთხოვნა ამ საფუძვლით არ არის აღძრული.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება ფართიდან გამოსახლების ნაწილში სამმართველოს არასათანადო მოსარჩელედ მიჩნევის თაობაზე და ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ საიჯარო ხელშეკრულების 5.1 მუხლით იჯარით აღებული ქონება ამ პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში უბრუნდება მეიჯარეს სათანადო მიღება-ჩაბარების აქტით. სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლით იჯარის ხელშეკრულების მხარეები არიან მეიჯარე და მოიჯარე, შესაბამისად, საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტის ნებისმიერ შემთხვევაში, იქნება ეს ხელშეკრულების შეწყვეტა ვადის ამოწურვის გამო, მისი ვადამდე მოშლა თუ მისი ბათილად ცნობა, ქონება უბრუნდება ხელშეკრულების მხარეს, ამ შემთხვევაში მეიჯარეს. ამდენად, სამმართველო კ. გ-ის ფართიდან გამოსახლების ნაწილში სასამართლომ მიიჩნია სათანადო მოსარჩელედ და მისი მოთხოვნა ჩათვალა საფუძვლიანად.
რაც შეეხება გადასახდელი ქირისა და საურავის ოდენობას, პალატამ აღნიშნა, რომ აპელანტის მოთხოვნა სარჩელის უარყოფის ან მხოლოდ ოთხი თვის ქირისა და საურავის დაკისრების შესახებ, იყო უკანონო, ვინაიდან, როგორც საქმის მასალებით დასტურდებოდა, მხარეებს შორის საიჯარო ურთიერთობა არსებობდა 2001 წლის 26 სექტემბრიდან 2002 წლის 31 ოქტომბრამდე.
სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2001 წლის 11 დეკემბრის გადახდის ბრძანებით კ. გ-ს დაეკისრა საიჯარო ქირის დავალიანების გადახდა მასზე რიცხული საურავით 2001 წლის 28 ნოემბრის მდგომარეობით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ,,ბ” პუნქტით, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლებით მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის მიღების ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ.
გადახდის ბრძანებით დადგენილია, რომ სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველომ მოითხოვა კ. გ-თვის საიჯარო ქირის დავალიანებისა და მისი გადაუხდელობით დარიცხული საურავის დაკისრება, რაც დაკმაყოფილდა.
ამდენად, სააპელაცოს პალატის მოსაზრებით, სასარჩელო მოთხოვნა ქირისა და საურავის დაკისრების შესახებ, 2001 წლის 28 ნოემბრის მდგომარეობით, ერთხელ უკვე გადაწყდა სასამართლოს მიერ და მასზე განმეორებით სასამართლო ვერ იმსჯელებდა. ამ შემთხვევაში საქმის ვითარებას ვერ შეცვლის ის, რომ თანხის დაკისრება მოხდა გამარტივებული წარმოების წესით გადახდის ბრძანების მიღებით.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს კ. გ-ის წარმომადგენელმა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სამხარეო სამმართველომ.
კასატორ კ. გ-ის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება, რომ საიჯარო ხელშეკრულება არ განსაზღვრავდა ხელშეკრულების შეწყვეტის პირობებს, არამართებულია, რამდენადაც სასამართლომ არ გაითვალისწინა ხელშეკრულების 4.1 პუნქტი, რომლის მიხედვითაც მოიჯარეს ცალმხრივად უნდა მოეშალა ხელშეკრულება 2002 წლის 1 მარტისათვის და შესაბამისად, საიჯარო ქირა სააპელაციო პალატას კ. გ-თვის უნდა დაეკისრებინა არა 2002 წლის 31 ოქტომბრის, არამედ ხელშეკრულების შეწყვეტის დრომდე, ანუ 2002 წლის 1 მარტის ჩათვლით, ხოლო, ვინაიდან სამმართველომ არ შეწყვიტა ხელშეკრულება 2002 წლის 1 მარტს, ამის გამო არ უნდა დაზარალებულიყო კ. გ-ი.
ამასთან, კასატორის მოსაზრებით, არასწორი იყო სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება კ. გ-ის გამოსახლებასთან დაკავშირებითაც, ვინაიდან კ. გ-სა და ქონების მართვის სამმართველოს შორის არსებობდა 2003 წლის 13 მარტის დამატებითი ხელშეკრულება, რომლის ფარგლებში კ. გ-ი იცავდა ობიექტს განადგურებისაგან.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებას კ. გ-თვის საიჯარო ქირის _ 1856, 35 აშშ დოლარისა და საურავის – 1652,8 აშშ დოლარის დაკისრებისა და ფართიდან გამოსახლების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
კასატორი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სამხარეო სამმართველო საკასაციო საჩივრით ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 27 თებერვლის განჩინებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სამხარეო სამმართველოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კ. გ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
ქუთაისის მერის 1998 წლის 25 აგვისტოს ¹485 ბრძანებით ....... გამზირისა და ...... ქუჩის გადაკვეთაზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელი უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაეცა ძელქვიანის მუნიციპალიტეტს. სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მიერ აღნიშნული ფართის იჯარის წესით გაცემის შესახებ გამოცხადებულ კონკურსში, გამარჯვებულად გამოცხადდა კ. გ-ი, რომელთანაც გაფორმდა საიჯარო ხელშეკრულება 2000 წლის 6 ოქტომბერს. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2005 წლის 26 სექტემბრამდე. ქონების მართვის სამმართველოს უფროსის 2002 წლის 31 ოქტომბრის ¹289 ბრძანებით, საიჯარო ქირის გადახდის ვადის ათვლა დაიწყო 2001 წლის 10 ივნისიდან.
დადგენილია, რომ კ. გ-ს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 11 დეკემბრის ბრძანებით დაეკისრა საიჯარო ქირისა და მასზე დარიცხული საურავის 2001 წლის 28 ნოემბრის მდგომარეობით გადახდა.
2002 წლის 31 ოქტომბერს ქონების მართვის სამმართველოს უფროსის ბრძანებით კ. გ-თან შეწყდა საიჯარო ხელშეკრულება.
2003 წლის 13 მარტს მხარეთა შორის გაფორმდა დამატებითი ხელშეკრულება, რომლითაც კ. გ-მა იკისრა ვალდებულება, შემდგომ განკარგვამდე უზრუნველეყო ობიექტის მოვლა-პატრონობა მიწისქვეშა გადასასვლელის ფუნქციის შენარჩუნებით. 2005 წლის 17 ნოემბერს მითითებული ხელშეკრულება გაუქმდა.
ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო კანონშესაბამისად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას საიჯარო პერიოდთან დაკავშირებით და ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას ხელშეკრულების შეწყვეტის 3-თვიანი ვადის დაცვის აუცილებლობის თაობაზე. საგულისხმოა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, იჯარის ხელშეკრულების მიმართ ქირავნობის ხელშეკრულების წესები გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ამავე კოდექსის 581-606-ე მუხლებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
საკასაციო სასამართლო ადასტურებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 561-ე მუხლის თანახმად, ქირავნობის ხელშეკრულების მოშლის ვადა შეადგენს სამ თვეს, მაგრამ იმავე კოდექსის 581-ე მუხლის მე-2 ნაწილზე დაყრდონით, კასატორის ყურადღებას მიაქცევს სამოქალაქო კოდექსის 588-ე მუხლის I ნაწილზე, რომელიც ქირავნობის წესებისაგან განსხვავებით, მოიჯარისათვის ადგენს ხელშეკრულების შეწყვეტის განსხვავებულ რეჟიმს. კერძოდ, მითითებული მუხლის შესაბამისად, თუ მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტამდე ქონებას უკან აბრუნებს, იგი საიჯარო ქირის გადახდისაგან მხოლოდ მაშინ თავისუფლდება, თუ სანაცვლოდ შესთავაზებს ახალ გადახდისუნარიან და მეიჯარისათვის მისაღებ მოიჯარეს.
აღნიშნული მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო განმარტავს შემდეგს: განსაზღვრული ვადით დადებული იჯარის ხელშეკრულება შეიძლება მოიშალოს მოიჯარის მოთხოვნით, რასაც ადგილი აქვს წინამდებარე შემთხვევაში, მაგრამ ასეთ ვითარებაში მოიჯარე ვალდებულია, შეარჩიოს თავისი შემცვლელი მოიჯარე, რომელიც თანახმა იქნება, გააგრძელოს საიჯარო ურთიერთობა უკვე არსებული საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, ამასთან მითითებული მოიჯარე მისაღები უნდა იყოს მეიჯარისათვის.
აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო, განსაზღვრული ვადით დადებულ საიჯარო ხელშეკრულებებთან დაკავშირებით, უსაფუძვლოდ მიიჩნევს სამოქალაქო კოდექსის 561-ე მუხლის შეფარდებას და თვლის, რომ კასატორის არგუმენტაცია ამ თვალსაზრისით მოკლებულია სამართლებრივ მოტივაციას.
რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას საურავის დაკისრების ნაწილში, ამ ნაწილში საკასაციო სასამართლო პრეტენზიას მიიჩნევს საფუძვლიანად და სამოქალაქო კოდექსის ნორმებზე დაყრდნობით მიუთითებს შემდეგზე: სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, არის სამი წელი.
სადავო ხელშეკრულების 2.2 პუნქტის შესაბამისად, ყოველთვიური საიჯარო ქირა განისაზღვრა 167,24 აშშ დოლარის ეკვივალენტით ლარებში, რომლის გადახდაც უნდა მომხდარიყო ყოველი მომდევნო თვის 5 რიცხვამდე.
იმავე ხელშეკრულების 2.3 პუნქტის თანახმად, მოიჯარეს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხება საურავი საიჯარო ქირის დავალიანების 0,5 პროცენტის ოდენობით.
როგორც ზემოთ აღინიშნა, მხარეთა შორის დადებული საიჯარო ხელშეკრულების მოქმედება შეწყდა 2002 წლის 31 ოქტომბერს. ამდენად, ბოლო საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულება მოიჯარეს წარმოეშვა 2002 წლის 5 ნოემბრამდე. შესაბამისად, მითითებული თარიღიდან დაიწყო საურავის დარიცხვის უფლება. მეიჯარის მიერ წინამდებარე სარჩელი აღძრულია 2006 წლის 14 აგვისტოს, რა დროისთვისაც გასულია სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა.
სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ხოლო სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია, უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
აღნიშნული ნორმების საფუძველზე საკასაციო სასამართლო მოთხოვნას კ. გ-თვის საურავის დაკისრების ნაწილში მიიჩნევს ხანდაზმულად და თვლის, რომ მოსარჩელეს მითითებული მოტივით უარი უნდა ეთქვას საურავის მოთხოვნაზე.
აქვე საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის I ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს საიჯარო დავალიანების მოთხოვნის ხანდაზმულობაზე და გადაწყვეტილების კანონიერებას მითითებული თვალსაზრისით არ ამოწმებს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის II ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1, კ. გ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება გაუქმდეს კ. გ-თვის საურავის _ 1652,8 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს
უცვლელად;
3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სამხარეო სამმართველოს სარჩელი კ. გ-თვის საურავის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
4. კ. გ-ს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 129 ლარის ოდენობით;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.