Facebook Twitter

19 ივნისი, 2025 წელი,

საქმე №ას - 803 -2023 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - შპს „ს.ჯ.პ–ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები - სს „ს.რ–ა“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 3 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს „ს.ჯ.პ–ი“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, მიმწოდებელი ან კომპანია) ასაჩივრებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 3 მაისის განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, რომლითაც სს „ს.რ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან შემსყიდველი) წინააღმდეგ თანხის დაკისრების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა უარყოფილ იქნა. კასატორის აზრით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, განჩინება არ არის დასაბუთებული, სახელდობრ:

1.1. კასატორის მიერ ვრცლად არის წარდგენილი საკასაციო პრეტენზია, რომელიც მოიცავს მოსაზრებებს როგორც საქმის ფაქტობრივი გარემოებების არასწორად დადგენის, ისე მტკიცების ტვირთის არასწორად გადანაწილების და სამართლებრივი უსწორობის თვალსაზრისით. კასატორის მტკიცებით, საქალაქო სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, რასაც შედეგად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება მოჰყვა, სააპელაციო პალატამ კი, საქმე მხოლოდ ფორმალურად განიხილა (დეტალურად იხ. საკასაციო საჩივარი).

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ივნისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

4.3. მხარეებს შორის 2019 წლის 25 აპრილს #შს/19-109 ხელშეკრულება (სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება) დაიდო, რომლის საგანს 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით საწვავის ეტაპობრივად ან ერთჯერადად მიწოდება წარმოადგენდა.

4.4. შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად მიმწოდებელს, მისი საბითუმო ბაზებიდან (მისამართი, თბილისი, ალექსეევკის დასახლება ან/და თბილისი, ......) (იხ. 2.2. პუნქტი), საწვავი სითხის სახით დანართი 1-ში მითითებულ მისამართებზე (თბილისი, .......; ხაშური, .....; სამტრედია, სოფელი ........, სამტრედიის ........) უნდა მიეწოდებინა და მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმებულიყო.

მიმწოდებელი ვალდებულია: (ა) 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით სარკინიგზო ვაგონცისტერნებით ან დაკალიბრებული საწვავმზიდებით უზრუნველყოს შემსყიდველის საწვავით მიწოდება წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად, დანართი N1-ში მითითებულ მისამართზე, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის დადასტურებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაზე, რაზეც მხარეთა შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი...

(ბ) შემსყიდველის წერილობითი მოთხოვნით განსაზღვრული საწვავის ოდენობის კუთვნილ საბითუმო ბაზაზე ვაგონცისტერნებში ან დაკალიბრებულ საწვავმიზდებში საწვავის ჩასხმის დასრულების შემდგომ (რომელიც არ უნდა აღემატებოდეს წერილობით შეტყობინების მიღების თარიღიდან 10 სამუშაო დღეს), შეატყობინოს შემსყიდელს მოთხოვნილი სრული ოდენობის საწვავზე ექსპერტიზის ჩატარებისთვის მისი მზადყოფნის შესახებ, ხოლო, თავის მხრივ, შემსყიდველი ვალდებულია, წერილობითი შეტყობინების მიღებიდან არაუმეტეს 48 საათის განმავლობაში უზრუნველყოს ექსპერტიზისთვის საჭირო სინჯის აღება ...(5.1. პუნქტი); შემსყიდველი ვალდებულია: (დ) მიმწოდებლის მხრიდან ვაგონების დატვირთვის დასრულებაზე შეტყობინების მიღებიდან, რომელიც განსაზღვრავს შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი სრული ოდენობის საწვავის არსებობის ფაქტს მის კუთვნილ საბითუმო ბაზაზე, არაუმეტეს 48 საათის განმავლობაში უზრუნველყოს ექსპერტიზისთვის საჭირო სინჯების აღება და ხელშეკრულების 6.5 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება.

შემსყიდველის მხრიდან მიმწოდებლისთვის ექსპერტიზის დასკვნის მიწოდებამდე, მიმწოდებელს არ ერიცხება რკინიგზის დირექტორთა საბჭოს 29.11.2016 წლის N30/50 დადგენილებით დამტკიცებული „სატვირთო გადაზიდვების ტარიფების და დამატებითი საფასურების“ მე-8 მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული 24 საათზე მეტი მომსახურების საფასური (სატარიფო პოლიტიკა), გარდა ხელშეკრულების 9.5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა (5.3. პუნქტი); (ე) მიმწოდებლის მხრიდან შემსყიდველისთვის ვაგონების დატვირთვის დასრულებაზე შეტყობინების გაგზავნიდან ჩერდება სატარიფო პოლიტიკით გათვალისწინებული 24 საათიანი ვადის ათვლა.

ვადის ათვლა გრძელდება ექსპერტიზის დასკვნის მიმწოდებლისთვის შეტყობინებისთანავე, გარდა ხელშეკრულების 9.5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა (5.3. პუნქტი); მხარეები თანხმდებიან, რომ ექსპერტიზის დასკვნის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს ექსპერტიზისთვის საჭირო სინჯების აღებიდან 5 სამუშაო დღეს (6.5. პუნქტი); ... საწვავზე უარყოფითი დასკვნის გაცემის შემთხევაში, მიმწოდებელს დაერიცხება 24 საათზე მეტი მომსახურების საფასური, რაც გაიქვითება მიმწოდებლისთვის გადასახდელი თანხიდან (9.5პუნქტი).

4.5. მოსარჩელემ მოპასუხეს ჯამურად (ექვს ეტაპად) - 27 ვაგონი დიზელის საწვავი, ერთხელ მოპასუხის ხოლო ხუთჯერ აზერბაიჯანის რკინიგზის ვაგონებით მიაწოდა.

4.6. ექვსი მიწოდებიდან ხუთ შემთხვევაში, მყიდველმა მიმწოდებელს 24 საათზე მეტი მომსახურების საფასური, ჯამურად - 50150 ლარი დაარიცხა, რომელიც მოსარჩელის სადეპოზიტო ანგარიშიდან ჩამოიჭრა (რკინიგზის დირექტორთა საბჭოს 29.11.2016 წლის N30/50 დადგენილებით დამტკიცებული „სატვირთო გადაზიდვების ტარიფების და დამატებითი საფასურების“ 8.2 მუხლი).

4.7. მომსახურების საფასური ექსპერტიზის ჩატარებისთვის სინჯის აღებიდან, მიმწოდებლისთვის ექსპერტიზის დასკვნის გადაგზავნამდე პერიოდში დაირიცხა.

4.8. სადავო მიწოდებისას ჩატარებული ექსპერტიზის ფარგლებში, საწვავის ხარისხთან მიმართებით უარყოფითი დასკვნა არ გაცემულა.

4.9. მოსარჩელემ კუთვნილ საბითუმო ბაზაზე ვაგონების დატვირთვის დასრულებაზე შეტყობინება, საწვავზე შემდგომი ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, მოპასუხეს გაუგზავნა საბითუმო ბაზაზე საწვავის ვაგონცისტერნებსა ან დაკალიბრებულ საწვავმზიდებში ჩასხმამდე. თითოეული სადავო მიწოდებისას მხარემ საწვავზე ექსპერტიზის ჩატარებისთვის სინჯი იმ ვაგონებიდან აიღო, რომლითაც მიმწოდებელმა საერთაშორისო გადაზიდვების ფარგლებში მოახდინა კუთვნილ საბითუმო ბაზაზე საწვავის ტრანსპორტირება.

5. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც კასატორს სურდა, კერძოდ, მოსარჩელის მოთხოვნები სსკ-ის 668-ე (გადაზიდვის ხელშეკრულებით გადამზიდველი ვალდებულია შეთანხმებული საზღაურის გადახდით გადაიტანოს ტვირთი ან გადაიყვანოს მგზავრი დანიშნულების ადგილზე), 477-ე (ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა, გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება) და 976.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის (პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია, მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში) დანაწესიდან გამომდინარეობდა.

შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს განსჯით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ გამოიკვლია და დაადგინა უმთავრესი გარემოება, რომ მოსარჩელეს სარჩელში დასახელებული თანხის მოთხოვნის უფლება არ გააჩნდა, ვინაიდან სახეზე არ იყო ზემოაღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი წინაპირობები.

6. მოსარჩელე/კასატორი სადავოდ ხდიდა აზერბაიჯანული ვაგონებით ხუთ ტრანშად შესრულებულ გადაზიდვაზე განხორციელებულ დარიცხვას.

7. მოპასუხემ 24 საათზე მეტი პერიოდის განმავლობაში მომსახურების თანხის დარიცხვის საფუძვლად მოსარჩელის მიერ ვაგონ-ცისტერნების გადატვირთვის დაყოვნება და გადაუმისამართებლობა მიუთითა.

8. დადგენილია, რომ შესყიდულ საწვავს შეკვეთიდან საბოლოო დანიშნულების ადგილზე მისვლამდე რამოდენიმე ეტაპი უნდა გაევლო და როგორც შემსყიდველს, ასევე მიმწოდებელს, სხვადასხვა პროცედურა უნდა დაეცვათ, კერძოდ: შეთანხმების მიხედვით, მოპასუხის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, მიმწოდებელს საერთაშორისო სარკინიგზო-სატვირთო მიმოსვლის შეთანხმების შესაბამისად, საერთაშორისო გადაზიდვა უნდა დაეწყო და მოსარჩელის საბითუმო ბაზაზე საწვავის მიტანით დაესრულებინა.

ამასთან, საბითუმო ბაზაზე მიმწოდებელს საწვავი ვაგონცისტერნებში ან დაკალიბრებულ საწვავმზიდებში უნდა განეთავსებინა, დასრულების შემდგომ კი, შემსყიდველისთვის მოთხოვნილი სრული ოდენობის საწვავზე ექსპერტიზის ჩატარებისთვის მისი მზადყოფნის შესახებ ეცნობებინა, რაც საერთაშორისო გადაზიდვის დასრულებას გულისხმობდა.

აღნიშნულის შემდგომ შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, უკვე შიდა გადაზიდვების ფარგლებში, მოსარჩელე უზრუნველყოფდა კუთვნილი საბითუმო ბაზიდან საწვავის მიწოდებას სხვადასხვა მისამართებზე.

8.1. მხარეს, მიმწოდებლის მიერ ვაგონების დატვირთვის დასრულებაზე შეტყობინების მიღებიდან არაუმეტეს 48 საათში ექსპერტიზისთვის საჭირო სინჯები უნდა აეღო და სინჯის აღებიდან 5 სამუშაო დღეში პასუხი მიმწოდებლისთვის ეცნობებინა. შემსყიდველის მიერ დასკვნის მიმწოდებლისთვის გაგზავნამდე კი, მიმწოდებელს სატარიფო პოლიტიკით გათვალისწინებული, 24 საათზე მეტი სარკინიგზო მომსახურების საფასურის გადახდა არ დაერიცხებოდა.

9. რკინიგზის დირექტორთა საბჭოს 29.11.2016 წლის N30/50 დადგენილებით დამტკიცებული „სატვირთო გადაზიდვების ტარიფების და დამატებითი საფასურების“ 8.2 მუხლი როგორც მოსარჩელის კუთვნილ, ისე სხვა ვაგონის მომსახურებაზე ვრცელდებოდა.

10. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე არ უარყოფდა, რომ მის კუთვნილ საბითუმო ბაზაზე საწვავის განთავსებისას საწვავის ჩასხმა ვაგონცისტერნებში ან დაკალიბრებულ საწვავმზიდებში არ მომხდარა და სინჯის აღება იმავე ვაგონცისტერნებში განხორციელდა. რამაც გამოიწვია სარკინიგზო მომსახურების გაგრძელება (მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სარკინიგზო ვაგონის, როგორც რეზერვუარის გამოყენებას). ამასთან, დადგენილია, რომ მოსარჩელის დასახელებული ქმედებით საერთაშორისო გადაზიდვა კი არ დასრულებულა, არამედ მოხდა გადამისამართება და განხორციელდა - ექსპერტიზის დადებითი დასკვნის მიღების შემდგომ ხელშეკრულების დანართ N1-ში მითითებულ მისამართებზე საწვავის გაგზავნა.

შიდა გადაზიდვის ფარგლებში მოსარჩელე რეალურად ახორციელებდა ახალ გადაზიდვას და არა გადამისამართებას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ დარიცხვის საფუძველს ექსპერტიზის დასკვნის დაგვიანება არ წარმოადგენდა.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ იმ პირობებში, როცა მოსარჩელის მიერ არ ვლინდებოდა ვალდებულების ჯეროვნად შესრულება, მისთვის სატარიფო პოლიტიკით გათვალისწინებული საფასურის დარიცხვაც დასაბუთებულია, რაც სარჩელის უარყოფის საფუძველია.

12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ.Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი საკასაციო საჩივრის არაარსებით პრეტენზიაზე.

13. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

14. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 2507.50 ლარის (საგადახდო დავალება #0076, გადახდის თარიღი 15.06.2023წ), 70% - 1755.25 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ს.ჯ.პ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს „ს.ჯ.პ–ს“ (ს/ნ ........) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 2507.50 ლარის (საგადახდო დავალება #0076, გადახდის თარიღი 15.06.2023წ), 70% - 1755.25 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

გიზო უბილავა