Facebook Twitter

19 ივნისი, 2025 წელი,

საქმე №ას-429-2025 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – ნ.ა–ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სს „R. C.“ (სს „ა.ჯ.კ–ი“)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისა და სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2006 წლიდან ნ.ა–ი (შემდეგში - მოსარჩელე, დასაქმებული ან კასატორი) სს „R. C.“ - ში (შემდეგში - მოპასუხე, დამსაქმებელი ან საწარმო) სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. 2014 წლის 25 მარტის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელე მარკშრეიდერის დამხმარე მუშის თანამდებობაზე იყო დასაქმებული, 2021 წლის 1 აგვისტოდან იგი მუშაობას შეუდგა, როგორც საპროექტო ჯგუფის ინჟინერ-დამპროექტებელი და მისი ხელფასი ტარიფით 0.0056 ლარის დარიცხვით განისაზღვრა.

2. საწარმოს ბურღვა-აფეთქების სამსახურის საპროექტო ჯგუფის თანამშრომლები, მათ შორის, მოსარჩელე, ამავე ჯგუფის უფროსის 2022 წლის 3 თებერვლის სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, 2022 წლის 18 თებერვლის ბრძანებით გადაიყვანეს 4-ცვლიან 12-საათიან სამუშაო გრაფიკზე, ერთსაათიანი შესვენების უფლებით.

3. 2023 წლის 4-7 სექტემბრის პერიოდში, როცა მოსარჩელეს უნდა ემუშავა 12-საათიანი ცვლით, რეალურად იმუშავა ნაკლები, კერძოდ: 04.09-ში 8 საათი, 05.09-ში 7 საათი და 20 წუთი, 06.09-ში 3 საათი და 20 წუთი, 07.09-ში 8 საათი.

4. საპროექტო ჯგუფის უფროსის, ა.ო–ის 2023 წლის 10 ოქტომბრის სამსახურებრივი ბარათის თანახმად, 2023 წლის 7-8 ოქტომბერს (შაბათ-კვირას) ცვლაში მუშაობისას დასაქმებულს უნდა მოემზადებინა „მუშევანის კარიერზე“ საამფეთქებლო სამუშაოების შესასრულებლად საჭირო აფეთქების პასპორტი. პასპორტის მომზადებაზე დასაქმებულმა უარი განაცხადა იმაზე მითითებით, რომ აღნიშნული ტერიტორია სცდებოდა შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრულ შრომითი საქმიანობის ადგილს და, გარდა ამისა, პირველი აფეთქების პასპორტის მომზადება ხელმძღვანელობას ევალებოდა. მოსარჩელეს დამსაქმებელთან არ წარუდგენია დასახელებულ ქმედებასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტება.

5. 2023 წლის 24-25 ოქტომბერს საწარმოს ტერიტორიაზე არსებული კვების ობიექტი არ ფუნქციონირებდა, რის გამოც გამოინახა ალტერნატიული გზა: საწვავისა და სატრანსპორტო საშუალების გამოყოფა, რათა საწარმოს ტერიტორიის გარეთ არსებული ობიექტებიდან დასაქმებულებს საკვები მოეტანათ, თუმცა საწვავის რეალურად გამოყოფაც ვერ მოხერხდა. ამდენად, 2023 წლის 24 ოქტომბერს საკვების მიღების უფლებით მოსარჩელემ ვერ ისარგებლა. მეორე დღეს, 25 ოქტომბერს ანალოგიური სიტუაცია განმეორდა, რის გამოც საწარმოს ტერიტორიიდან მოსარჩელე შესვენებაზე ფეხით გავიდა. დასაქმებული სახლში იმყოფებოდა, როცა მას ჯგუფის უფროსმა ა.ოქრიაშვილმა დაურეკა, შესვენების შემდეგ სამსახურში დაბრუნება მოსთხოვა და თან შესთავაზა, რომ მანქანის აახლებდა. მოსარჩელეს დაპირებული მანქანა არ გაუგზავნეს, რის გამოც დასაქმებული სამსახურში ვეღარ დაბრუნდა.

6. მოსარჩელე დაავადებულია ქრონიკულად „C“ ჰეპატიტით. თანამდებობა, რომელზეც მოსარჩელე შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტამდე საწარმოში იყო დასაქმებული, ვაკანტური აღარ არის, რადგან თანამდებობაზე გადაყვანილ იქნა ინჟინერ-დამპროექტებელი ვ.ფ–ძე, ხოლო ამ უკანაკნელის პოზიციაზე - მარკშრეიდერი ი.მ–ძე. ამასთან, წარმოდგენილი ცნობის მიხედვით, ბურღვა-აფეთქების სამსახურში ვაკანტური თანამდებობა არ არსებობს.

7. დამსაქმებლის წინააღმდეგ დასაქმებულმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომლითაც მოითხოვა:

7.1. დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ 2023 წლის 18 სექტემბრის ბრძანების ბათილად ცნობა;

7.2. სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ 2023 წლის 1 ნოემბრის ბრძანების ბათილად ცნობა;

7.3. ბურღვა-აფეთქების სამსახურის ინჟინერ-დამპროექტებლის თანამდებობაზე აღდგენა;

7.4. 2023 წლის 3 ნოემბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად მოსარჩელისთვის 4000 ლარის (ხელზე ასაღები თანხა) ოდენობით განაცდური ხელფასის ანაზღაურება.

8. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით:

8.1. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

8.2. სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ 2023 წლის 1 ნოემბრის ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი 2023 წლის 25 ოქტომბრის ეპიზოდის (სამუშაო ადგილის დროზე ადრე მიტოვება) ნაწილში;

8.3. დანარჩენ მოთხოვნებთან მიმართებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

9. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც ამ გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 24 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

10.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და შემდეგი დასკვნა ჩამოაყალიბა:

- დასაქმებულის მიერ ჩადენილი ორი დარღვევა ქმნიდა საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში - სშკ) 47.1 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შემადგენლობას და ამ უკანასკნელის სამსახურიდან განთავისუფლების საფუძველს წარმოშობდა. შესაბამისად, სამუშაოდან მოსარჩელის განთავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, რაც სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნათა უარყოფასაც განაპირობებდა.

11. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი მოსარჩელემ შემდეგი დასაბუთებით შემოიტანა:

- სამუშაოდან მოსარჩელის განთავისუფლების საფუძველი ის გარემოება შეიქმნა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობა იქნა გამოყენებული. აღნიშნული სახდელის შესახებ დასაქმებულისთვის ცნობილი არ ყოფილა, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი მის კანონიერებაზე იდავებდა.

- მოპასუხეს არ ჰქონდა მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების მოშლისთვის საკმარისი საფუძველი.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 აპრილის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

13. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

14. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

კონკრეტულ საქმეზე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.

15. მოცემული დავის საკვანძო საკითხია, დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ სადავო ბრძანების კანონიერების განსაზღვრა, ე.ი. შესამოწმებელია, თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას.

ზემოაღნიშნული საკითხის დადგენა, შესაძლებელია, მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად. მუშაკის სამუშაოდან დათხოვნის შესახებ ყოველ კონკრეტულ ბრძანებას თავისი საფუძველი გააჩნია, რაც ამართლებს ან არ ამართლებს მის გამოცემას. ასეთ დროს, სასამართლოს როლი სწორედ ბრძანების საფუძვლის მართლზომიერების საკითხის გამორკვევაა, რაც დასაქმებულის სარჩელის იურიდიული ბედის განმსაზღვრელია (შდრ. იხ. სუსგ: №ას-1304-2020, 11.06.2021; №ას-151-147-2016,1 9.04.2016).

16. სადავო ბრძანების კანონიერების შემოწმებისას, შემდეგი საკითხია საყურადღებო: სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მოქმედებს მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესი, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სსსკ-ის 102-ე მუხლი).

შრომითსამართლებრივ დავებში კი, მტკიცების ტვირთის განაწილების წესი განსხვავებული და თავისებურია. ამ წესის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია, ადასტუროს დასაქმებულის სამსახურიდან განთავისუფლების კანონიერი და საკმარისი საფუძვლის არსებობა. ეს იმითაა გამოწვეული, რომ მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებელსა და დასაქმებულს არათანაბარი შესაძლებლობები აქვთ, დამსაქმებელს მტკიცებითი უპირატესობა აქვს, სასამართლოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები წარუდგინოს. ამდენად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს, მტკიცების ტვირთს დამსაქმებლის მხარეს აბრუნებს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას (შდრ. იხ. სუსგ: №ას-151-147-2016, 19.04.2016; №ას-483-457-2015, 7.10.2015; №ას-1276-1216-2014, 18.03.2015).

17. განსახილველ შემთხვევაში, სადავო ბრძანების სამართლებრივი საფუძველია სშკ-ის 47.1 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი. ამ მუხლის მიხედვით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია, დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა, თუ მის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე გამოყენებული იყო ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა.

მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნის ფაქტობრივ საფუძვლად გასაჩივრებულ ბრძანებაში მოპასუხემ შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:

სამუშაო დღეებში სამსახურის ადრე დატოვების გამო დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ 2023 წლის 18 სექტემბრის ბრძანებით დასაქმებულს საყვედური გამოეცხადა.

2023 წლის 7-8 ოქტომბერს დასაქმებულმა უარი განაცხადა სამუშაოსთან დაკავშირებით გაცემული დავალებისა და უშუალო ხელმძღვანელის მითითების შესრულებაზე.

დასახელებული ბრძანების კანონიერების გაანალიზებისას, საქმის მასალებით გამოვლენილი შემდეგი გარემოებებია საყურადღებო:

1). მოპასუხე საწარმოს ბურღვა-აფეთქების სამსახურის საპროექტო ჯგუფის თანამშრომლები, მათ შორის, მოსარჩელე, ამავე ჯგუფის უფროსის 2022 წლის 3 თებერვლის სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე საწარმოს 2022 წლის 18 თებერვლის ბრძანებით 1-საათიანი შესვენების უფლებით ოთხცვლიან თორმეტსაათიან სამუშაო გრაფიკზე გადაიყვანეს.

2). დამსაქმებლის 2013 წლის 19 დეკემბერს დამტკიცებული შინაგანაწესის 4.1.4 პუნქტის თანახმად, კომპანიის საწარმოო ტერიტორიაზე დაწესებულია უწყვეტი ციკლით ორცვლიან, 12 საათიან რეჟიმში მუშაობის განრიგი, სადაც მუშაობის დრო განისაზღვრება 3-4 დღიანი სამუშაო კვირით, მომდევნო ოთხდღიანი გამოტოვებით. სამუშაო საათებია: პირველი ცვლა - 08:00 ს დან 20:00 სთმდე, მეორე ცვლა - 20:00 სთ-დან მომდევნო დღის 08:00 სთ-მდე.

3). შინაგანაწესის 3.1.1 პუნქტის თანახმად, დასაქმებული იღებს ვალდებულებას, რომ კეთილსინდისიერად, სათანადოდ და კვალიფიციურად სრული მოცულობით შეასრულოს თანამდებობრივი ინსტრუქციით, სამუშაოს აღწერის დანართით, შრომითი ხელშეკრულებითა და წინამდებარე შინაგანაწესით დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობები; 3.1.5 პუნქტის თანახმად, ვალდებულია, დაიცვას შრომითი დისციპლინა, ხოლო 3.1.15 პუნქტის თანახმად კი, დასაქმებულმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს დამსაქმებელს სამუშაოს გაცდენის მიზეზებისა და გაცდენის სავარაუდო ხანგრძლივობის შესახებ.

4). 2023 წლის 4-7 სექტემბრის პერიოდში, როცა მოსარჩელეს უნდა ემუშავა 12-საათიანი ცვლით, რეალურად ნაკლები, კერძოდ: 04.09-ში 8 საათი, 05.09-ში 7 საათი და 20 წუთი, 06.09-ში 3 საათი და 20 წუთი და 07.09-ში 8 საათი იმუშავა.

5). დისციპლინური სახდელის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილება მოსარჩელეს გააცნო მისი ჯგუფის უფროსმა ა.ო–მა, მაგრამ იმის გამო, რომ ბრძანებაში დასაქმებულის პირადი ნომერი შეცდომით იყო მითითებული, ადრესატმა უარი განაცხადა მის ჩაბარებაზე. ამის შესახებ ბრძანებაზე შესაბამისი აღნიშვნა გაკეთდა. 2023 წლის 22 სექტემბრის ბრძანებით პირველ ბრძანებაში (გასწორდა მოსარჩელის პირადი ნომერი) ცვლილება შევიდა. აღნიშნული ბრძანებაც მოსარჩელეს იგივე წესით გაეცნო, თუმცა ბრძანების ჩაბარებაზე მან ამ შემთხვევაშიც უარი თქვა.

6). საპროექტო ჯგუფის უფროსის, ა.ო–ის 2023 წლის 10 ოქტომბრის სამსახურებრივი ბარათის მიხედვით, დასაქმებულს 2023 წლის 7-8 ოქტომბერს (შაბათ-კვირას) ცვლაში მუშაობის დროს უნდა მოემზადებინა „მუშევანის კარიერზე“ საამფეთქებლო სამუშაოების შესასრულებლად საჭირო აფეთქების პასპორტი. დასაქმებულმა უარი განაცხადა პასპორტის მომზადებაზე და განმარტა, რომ აღნიშნული ტერიტორია სცდებოდა შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრულ შრომითი საქმიანობის ადგილს, რის გამოც მას ჰქონდა უარის თქმის უფლება. მითითებულ ქმედებასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტება მოსარჩელეს დამსაქმებელთან არ წარმოუდგენია.

7). 2021 წლის 1 აგვისტოს შრომითი ხელშეკრულებით, მოსარჩელის სამუშაო ადგილად განსაზღვრული იყო ბოლნისის მუნიციპალიტეტი, დაბა ......., საყდრისის საბადოს ტერიტორია. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მუშევანის ტერიტორიაზე არსებულ საბადოსთან დაკავშირებით მოპასუხემ მოსარჩელეს მოსთხოვა აფეთქების პასპორტის შედგენა, რომელიც ტერიტორიულად სცდება დაბა კაზრეთისა და საყდრისის საბადოს ტერიტორიებს, თუმცა ისიც ბოლნისის მუნიცპალიტეტში მდებარეობს.

8). შინაგანაწესის 3.1.9 პუნქტის თანახმად, დასაქმებული ვალდებულია შეასრულოს სამუშაოსთან დაკავშირებით გაცემული ბრძანებები და განკარგულებები.

ზემომითითებული ფაქტობრივი გარემოებები სააპელაციო სასამართლომ დამტკიცებულად ცნო, ხოლო კასატორს მათ მიმართ დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოსათვის ისინი სავალდებულოა (სსსკ-ის 407.2 მუხლი).

ამასთან, ეს გარემოებები იმას ცხადყოფენ, რომ სადავო ბრძანებით მოსარჩელის სამუშაოდან დათხოვნას საფუძვლად დაედო ამ უკანასკნელის მიერ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევა.

18. განსახილველი საქმის განხილვისას, სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში სწორად მიიღო საწარმოს შინაგანაწესის 6.2 პუნქტი, რომლის თანახმადაც, სამუშაო საათების დროს დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნა ხდება დირექტორის მიერ, შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელის თანხმობით, მუშაკის მიერ წინასწარი გაფრთხილების საფუძველზე; რათა მისი სამსახურში არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის ხელმძღვანელმა დავალებები გადაუნაწილოს სხვა დასაქმებულებს, რომ დასაქმებულის სამსახურში არყოფნამ ხელი არ შეუშალოს საწარმოს, შესაბამისი სამსახურის ნორმალურ საქმიანობას. სააპელაციო სასამართლომ მართებულად აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ ამ წინაპირობების შესრულება არ იკვეთება.

გარდა დასახელებულისა, შინაგანაწესის 12.1 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე (დასაქმებულის სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებით აქტის გაცნობა ხდება „თითოეული დასაქმებულისათვის შესაბამისი აქტის ტექსტის გაცნობით“) მითითებით სააპელაციო სასამართლომ სწორად ჩათვალა, რომ ბრძანების ჩაბარებაზე დასაქმებულის მიერ უარის თქმის მიუხედავად, მისთვის ბრძანების შესახებ ცნობილი იყო.

19. რაც შეეხება გასაჩივრებული ბრძანების საფუძვლად გათვალისწინებულ მეორე სადავო ეპიზოდს, კერძოდ, „აფეთქების პასპორტის“ შედგენაზე დასაქმებულის მხრიდან უარს, მოცემულ ნაწილშიც საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებას და მიიჩნევს, რომ მუშევანის ტერიტორიაზე არსებულ საბადოსთან დაკავშირებით აფეთქების პასპორტის შემუშავების დავალება ექცევა საწარმოს შინაგანაწესის 3.1.9 პუნქტისა და სშკ-ის 20.4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მოქმედების სფეროში და არ სჭირდება დასაქმებულის თანხმობა (როგორც ეს ხელშეკრულების არსებითი პირობების ცვლილების შემთხვევაშია). რადგან აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს შემთხვევას, როცა საწარმოს ინტერესებიდან გამომდინარე, მისი საქმიანობის ნორმალური მსვლელობის შენარჩუნების მიზნით, ობიექტური აუცილებლობიდან გამომდინარე, საჭიროა ცალკეული დავალებების სხვა ადგილას შესრულება. მოსარჩელეს კი, ფაქტობრივად თავისი თანამდებობრივი მოვალეობების ფარგლებში უნდა ემოქმედა და პროფილური (მისი თანამდებობისათვის დამახასიათებელი) მოვალეობა უნდა შესრულებინა. ამ შემთხვევაში იცვლებოდა მხოლოდ გეოგრაფიული პუნქტი.

20. იმის გათვალისწინებით, რომ სამუშაოდან განთავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, თანმდევი მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველიც არ არსებობდა. აქედან გამომდინარე, დასაქმებულის სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის კანონიერების საკითხზე პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს.

21. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისგან.

22. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

24. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.ა–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ნ.ა–ს (პ/ნ ........) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მზია თომაშვილის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება #26930917051, გადახდის თარიღი - 22.04.2025) 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

გიზო უბილავა