8 მაისი, 2025 წელი,
საქმე №ას-179-2024 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სს „თ.ბ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - მ.ვ–ა (მოსარჩელე)
მოპასუხეები - ნ. და გ. ვ–ბი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილება
ა წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 14 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც კანონიერ ძალაში შესული განაჩენი) ნ.ვ–ა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოპასუხე) ცნობილ იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 362.2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გასაღების მიზნით და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.
2. კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგინდა შემდეგი:
2.1. 2008 წლის 23 და 28 ივლისს მ.ვ–ას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი ან მოწინააღმდეგე მხარე) ძმისშვილმა გ.ვ–ამ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მესამე მოპასუხე ან მსესხებელი) სს „თ.ბ–თან“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოპასუხე ან ბანკი“) საბანკო კრედიტის ხელშეკრულება გააფორმა, რომლის საფუძველზე გაცემული - 15 000 ლარი სამ ეტაპად და შემდეგი მიზნობრიობით უნდა წარმართულიყო: კერძოდ, პირველი ტრანში - 6 000 ლარი შპს „მ.თ.კ–ში“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი რიგის იპოთეკარი) მეორე მოპასუხის სესხის დასაფარად, მეორე - 6000 ლარი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ფ–ში“ სესხის დასაფარად, ხოლო მესამე - 3000 ლარი საბრუნავი საშუალებების შესაძენად.
2.2. სესხის მისაღებად მესამე მოპასუხეს გარანტად უძრავი ქონება სჭირდებოდა, რის გამოც მეორე მოპასუხემ გააყალბა დოკუმენტი, კერძოდ, მივიდა თბილისში, ......... მდებარე ბანკის ფილიალში და 2008 წლის 23 ივლისის თავდებობის განცხადებაზე და ხელშეკრულებაზე მოსარჩელის სახელით შეასრულა ხელმოწერა, სადაც აღნიშნული იყო რომ მოსარჩელე პასუხისმგებელია მესამე მოპასუხის მიერ 2008 წლის 23 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულებისა და მის საფუძველზე გაცემული ნებისმიერი დამატებითი შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. დოკუმენტი მხარემ ბანკში გამოიყენა.
2.3. მეორე მოპასუხემ 2008 წლის 25 ივლისის იპოთეკის ხელშეკრულებაზეც გააყალბა მოსარჩელის ხელმოწერა, რომელიც 2008 წლის 23 ივლისის შეთანხმების დანართია.
2.4. 2008 წლის 25 ივლისს ბანკსა და მოსარჩელეს შორის, მეორე მოპასუხის ყალბი ხელმოწერის საფუძველზე (მესაკუთრის ნამდვილი ნების არარსებობის პირობებში) გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულების საგანია მოსარჩელის კუთვნილი „მთელი უძრავი ქონება“ მდებარე თბილისში, ........., 28 კვ.ბინა ს/კ-ით #........(შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც უძრავი ნივთი ან იპოთეკის საგანი).
2.5. ქონების ბანკის სასარგებლოდ მეორე რიგის იპოთეკით დატვირთვის თაობაზე მოსარჩელემ 2010 წელს, იპოთეკის საგნის აუქციონზე სარეალიზაციოდ გატანისას შეიტყო.
3. იპოთეკის საგანი - 25 000 ლარად შეფასდა, ხოლო რეალიზდა - 23 500 ლარად.
4. უძრავი ნივთი საქმეში არსებული იპოთეკის ხელშეკრულებით მოპასუხე ბანკის სასარგებლოდ მეორე რიგის იპოთეკით დატვირთვამდე, სს „მ.თ.კ–ში“ უკვე დატვირთული იყო იპოთეკით მეორე მოპასუხის სესხის უზრუნველსაყოფად, იპოთეკა უფლებამოსილი პირის/მოსარჩელის ნების საფუძველზე გაფორმდა.
5. იპოთეკის საგნი იძულებით აუქციონზე სხვა კრედიტორის წინაშე არსებული ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო გასხვისდა, ამონაგები თანხიდან ბანკიდან/პირველი მოპასუხისგან აღებული სესხის მხოლოდ ნაწილი - 2764.96 ლარი დაიფარა.
6. ზემოღნიშნულ ფაქტებზე დაყრდნობით მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხეების წინააღმდეგ თანხის დაკისრების მოთხოვნით.
7. პირველმა მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი და აღნიშნა, რომ მეორე მოპასუხემ მოსარჩელის პირადობის მოწმობის წარდგენითა და ხელმოწერის გაყალბებით ბანკის თანამშრომელი შეცდომაში შეიყვანა. ამასთან, იპოთეკის ხელშეკრულება მარეგისტრირებელმა ორგანომ დაარეგისტრირა.
7.1. მეორე მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო, სადავოდ გახადა მხოლოდ გაყალბებული თავდებობისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელის კუთვნილი ქონების აუქციონზე რეალიზაციის ფაქტი და აღნიშნა, რომ ქონება აუქციონზე იძულებით რეალიზდა შპს შპს „მ.თ.კ–ის“ მოთხოვნით და განაჩენით დადგენილი მართალსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად, მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა - 2764.96 ლარია.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მეორე და მესამე მოპასუხეებს - 2764.96 ლარის გადახდა დაეკისრათ მოსარჩელის სასარგებლოდ; პირველი მოპასუხის მიმართ მოთხოვნა უარყოფილ იქნა; სასარჩელო მოთხოვნა - 22 235.04 ლარის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
9. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ - 25 000 ლარის სოლიდარულად გადახდა დაეკისრათ.
11. გადაწყვეტილება პირველმა მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის უარყოფა შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ ზიანი ბანკის თანამშრომლის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულმა ქმედებამ გამოიწვია, კანონს და საქმეში დაცულ მტკიცებულებებს ეწინააღმდეგება. გარდა ამისა, კასატორის მითითებით, მოსარჩელის კუთვნილი ბინის რეალიზაცია პირველი რიგის იპოთეკარის მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით მოხდა და კასატორის მიერ მიღებული თანხა დაკისრებულზე გაცილებით ნაკლებს შეადგენს.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 27 თებერვლის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულია განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებელია. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელი პირველი მოპასუხის მიმართ ნაწილობრივ, ხოლო დანარჩენი მოპასუხეების მიმართ სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.
13. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მოცემულ შემთხვევაში, პირველი მოპასუხის/კასატორის პრეტენზიები, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეზე დადგენილი ფაქტები და არასწორად განმარტა კანონი, რასაც შედეგად მოჰყვა სამართლებრივად დაუსაბუთებელი დასკვნები, ნაწილობრივ დასაბუთებულია.
14. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, მოპასუხეების მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლები. თუმცა, პირველი მოპასუხის/კასატორის მიმართ მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების წარუმატებლობას ზემოაღნიშნული ნორმების ფაქტობრივი შემადგენლობის ნაწილობრივ არ არსებობა განაპირობებს.
15. კანონით მინიჭებული უფლების რეალიზაცია დამოკიდებულია ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებების არსებობაზე, კერძოდ, სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებულ შემადგენლობაზე. განსხვავებით სახელშეკრულებო ვალდებულებისგან, რომელიც წარმოიშობა პირის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობიდან, დელიქტური ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება და მისი წარმოშობისათვის უნდა არსებობდეს: ზიანი, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი შედეგსა და ქმედებას შორის. აღნიშნული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, პირს (ზიანის მიმყენებელს) უნდა დაეკისროს, დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურება.
16. განსახილველ შემთხვევაში, დადასტურებულია, რომ მოპასუხე ბანკის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა ვერ მოახდინა პირის იდენტიფიცირება და მოსარჩელის ნების საწინააღმდეგოდ არაუფლებამოსილი პირის/მეორე მოპასუხის მიერ განიკარგა უძრავი ქონება/დაიტვირთა მეორე რიგის იპოთეკით, თუმცა ბანკის ეს მართლსაწინააღმდეგო ქმედება არა არის უაშუალოდ იმ მოცულობის ზიანის გამომწვევი, რომელიც სასარჩელო მოთხოვნაშია ჩამოყალიბებული, სახელდობრ:
16.1. დადგენილია, რომ უძრავი ნივთი კანონსაწინააღმდეგო იპოთეკის ხელშეკრულებით ბანკის სასარგებლოდ მეორე რიგის იპოთეკით დატვირთვამდე სს „მ.თ.კ–ში“ უკვე დატვირთული იყო იპოთეკით მეორე მოპასუხის სესხის უზრუნველსაყოფად და ეს იპოთეკა უფლებამოსილი პირის/მოსარჩელის ნების საფუძველზე გაფორმდა.
ასევე დადგენილია, რომ იპოთეკის საგანი იძულებით აუქციონზე სხვა კრედიტორების წინაშე არსებული ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო გასხვისდა და ამონაგები თანხიდან ბანკიდან/პირველი მოპასუხისგან აღებული სესხის მხოლოდ ნაწილი - 2764.96 ლარი დაიფარა.
17. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქმეში დაცული მტკიცებულებებიდან გამომდინარე აშკარაა, რომ ბანკის მხრიდან ნივთის მესაკუთრე პირის იდენტიფიცირებისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაყალბების აღკვეთის მიუხედავად, პირველი რიგის იპოთეკით უზრუნველყოფილი ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, უძრავი ნივთი იძულებით აუქციონზე მაინც გასხვისდებოდა. ამდენად პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთის აუქციონზე რეალიზაცია ბანკის მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად არ არის გამოწვეული, რაც პირველი მოპასუხის დელიქტურ პასუხისმგებლობას გამორიცხავს, თუმცა, ბანკის პასუხისმგებლობის სამართლებრივი საფუძველი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია, მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში) გამომდინარეობს.
18. დადგენილია, რომ ბანკმა იპოთეკის ხელშეკრულება არაუფლებამოსილ პირთან/მეორე მოპასუხესთან გააფორმა და მესაკუთრეს/მოსარჩელეს აღნიშნულის თაობაზე ნება არ გამოუვლენია (იხ. კანონიერ ძალაში შესული განაჩენი), შესაბამისად, აღნიშნული ვერ გახდება იპოთეკის ხელშეკრულების დადებულად ცნობის საფუძველი, მისი ბათილი ხასიათის გამო (სსკ-ის 54-ე და 59-ე მუხლები). ამდენად, საქმის გარემოებები ცხადყოფს რა სსკ-ის 976.1 მუხლის გამოყენების თანმხვედრი წინაპირობების არსებობას, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი მოპასუხის განკარგვის სფეროში, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მოქცეული თანხის - 2764.96 ლარის მოსარჩელისთვის დაბრუნება მხარეთა შორის სამოქალაქოსამართლებრივი წონასწორობის აღდგენას უზრუნველყოფს.
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო სჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ - 25 000 ლარის გადახდა (ნ.ვ–ას და გ.ვ–ას სააპელაციო სასამართლოს მიერ 25 000 ლარის დაკისრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებიათ), საიდანაც სს თ.ბ–ის პასუხისმგებლობა - 2 764.96 ლარით უნდა განისაზღვროს.
21. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას, ხოლო, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მოითხოვდა მოპასუხეებისთვის 25 000 ლარის დაკისრებას, ე.ი. დავის საგნის (სარჩელის) ფასია 25 000 ლარი. საკასაციო სასამართლოს წინამდებარე გადაწყვეტილებით მოპასუხეებს აღნიშნული თანხა სრულად დაეკისრათ საიდანაც, სს თ.ბ–ის პასუხისმგებლობა განისაზღვრა - 2 764.96 ლარით, რაც დავის საგნის მთლიანი ღირებულების 11,05 პროცენტს შეადგენს და შესაბამისად სს თ.ბ–ს სახელმწიფო ბაჟიც სათანადო პროპორციით უნდა გადახდეს.
სს თ.ბ–მა საკასაციო საჩივრის ფარგლებში -1250 ლარი გადაიხადა და საკასაციო ინსტანციის გადაწყვეტილებით იგი მთლიანი თანხის 88,5 პროცენტის გადახდისგან გათავისუფლდა, აქედან გამომდინარე მოსარჩელე მხარეს კასატორის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 1111,87 ლარის ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 408.3 და 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს „თ.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. მ.ვ–ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
4. სს „თ.ბ–ს“, ნ.ვ–ასა და გ.ვ–ას, მ.ვ–ას სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ - 25 000 ლარის გადახდა, საიდანაც სს „თ.ბ–ის“ პასუხისმგებლობა განისაზღვროს - 2 764.96 ლარით;
5. სს „თ.ბ–ს“, ნ.ვ–ასა და გ.ვ–ას, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის - 1750 ლარის ანაზღაურება, საიდანაც სს „თ.ბ–ის“ პასუხისმგებლობა განისაზღვროს - 110.5 ლარით;
6. ვაყვალა ვეკუას სს “თ.ბ–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1111.87 ლარის ანაზღაურება;
7. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
გიზო უბილავა