Facebook Twitter

21 იანვარი 2025 წელი

№ას-685-2024 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ი.გ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე - შ.პ.ს. „ქ.ს.ს - წ.დ.ა.ს.ქ–ი“

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა ან კომპენსაციის დაკისრება, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ი.გ–ძემ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე - შ.პ.ს. „ქ.ს.ს - წ.დ.ა.ს.ქ–ი“-ს მიმართ შემდეგი მოთხოვნებით:

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი, ი.გ–ძის სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ, შ.პ.ს. „ქ.ს.ს - წ.დ.ა.ს.ქ–ი“-ს მმართველის 2023 წლის 26 იანვრის #14/კ ბრძანება;

1.2. ი.გ–ძე აღდგენილ იქნას შ.პ.ს. „ქ.ს.ს - წ.დ.ა.ს.ქ–ი“-ში გათავისუფლებამდე არსებულ თანამდებობაზე ან მოპასუხე მხარემ გადაუხადოს კომპენსაცია, 65 000 ლარი (იხ. 2023 წლის 14 სექტემბრის განცხადება მე-2 სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შესახებ);

1.3. მოპასუხე შ.პ.ს. „ქ.ს.ს - წ.დ.ა.ს.ქ–ს“, მოსარჩელე ი.გ–ძის სასარგებლოდ დაეკისროს, იძულებითი განაცდურის, თვეში 900 ლარის, ანაზღაურება, გათავისუფლების დღიდან სამუშაოზე ფაქტობრივად აღდგენამდე, 2023 წლის იანვრიდან სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

2. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 02 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 აპრილის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 02 ნოემბრის გადაწყვეტილება შემდეგ ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით:

5.1. მოსარჩელე ი.გ–ძე 1991 წლიდან 2017 წლის 03 ივლისამდე დასაქმებული იყო ქ.ს.ს–ში რიგით ბუღალტრად (ტ.1, ს.ფ. 268-278).

5.2. 2017 წლის 03 ივლისის შრომითი ხელშეკრულებითა და მისი დანართი „კონფიდენციალური ნაწილით“ დგინდება, რომ ამ ხელშეკრულებით ი.გ–ძე დაინიშნა შ.პ.ს. „ქ.ს.ს-წ.დ.ა.ს.ქ–ი“-ს უფროსი ბუღალტრის თანამდებობაზე და მისი ხელფასი განისაზღვრა 900 ლარით. ამასთან, შრომითი ხელშეკრულების კონფიდენციალური ნაწილის მე-3 მუხლის „გ.ა“ ქვეპუნქტით განისაზღვრა, რომ დასაქმებული ვალდებული იყო, არ დაეშვა უკანონო შემოსავლის, პირდაპირ ან არაპირდაპირ ფინანსური ან სხვა მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღება (ტ.2, ს.ფ. 29-31).

5.3. შ.პ.ს. „ქ.ს.ს-წ.დ.ა.ს.ქ“-ს დირექტორის 2017 წლის 20 მარტის მინდობილობით, ი.გ–ძეს, ერთი წლის ვადით მიენიჭა უფლებამოსილება წარმოედგინა ს.ს. „თ.ბ“-ში გახსნილი საავადმყოფოს საბანკო ანგარიშებიდან თანხების გადარიცხვის საბუთები, შეესრულებინა შესაბამისი საბანკო ოპერაცია და მიეღო ნებისმიერი პერიოდის საბანკო ამონაწერი (ტ.1, ს.ფ.33). ანალოგიური შინაარსის მინდობილობა, ასევე გაცემული იქნა 2021 წლის 23 მარტს, ერთი წლის ვადით (ტ.1, ს.ფ.34)

5.4. შ.პ.ს. „ქ.ს.ს-წ.დ.ა.ს.ქ–ი“-ს მმართველის 2019 წლის 29 იანვრის ბრძანებით დადგენილი იქნა, ამავე საავადმყოფოში „ფინანსური ანგარიშგებისას მომხდარი დარღვევის გამო, შ.პ.ს. „ქ.ს.ს-წ.დ.ა.ს.ქ–ი“-ს მატერიალური პასუხისმგებელი პირის, მოლარის - მ.ჭ–ძის მოვალეობის შესრულებისას, კონტროლი მის საქმიანობაზე, მკურნალობის სტანდარტებით გათვალისწინებული თანხის მიღებაზე და მომსახურე ბანკში ანგარიშზე შეტანაზე (შესაბამისი სალარო და საბანკო ოპერაცია-დაწესებულების სალაროში და ბანკში გახსნილი საბანკო ანგარიშებზე თანხების გადარიცხვის საბუთებზე) დაეკისრა უფროს ბუღალტერს - ი.გ–ძეს“ (ტ.1, ს.ფ.32).

5.5. 2016 წელს, შ.პ.ს. „ქ.ს.ს-წ.დ.ა.ს.ქ–ი“-ს 185-მა თანამშრომელმა წერილობით, ხელმოწერით გამოავლინა ნება, 2016 წლის 01 ივნისიდან საავადმყოფოში არსებული პროფესიული ორგანიზაციის წევრობიდან გასვლაზე და თანხმობა განაცხადა შექმნილიყო, ამავე საავადმყოფოს დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი და ხელფასის 1% ჩარიცხულიყო, მხოლოდ ამ პროფკავშირული ორგანიზაციის ანგარიშზე (ტ.1, ს.ფ.50-56).

5.6. ქ.ს.სს დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის დამფუძნებელთა სხდომის 2016 წლის (თვე და რიცხვი ოქმში დაფიქსირებული არ არის) ოქმის თანახმად, 6-მა ფიზიკურმა პირმა (ოქმში მოხსენიებულია, როგორც დამფუძნებლები) განიხილა და გადაწყვიტა საავადმყოფოს დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის წესდების მიღებისა და თავმჯდომარის დანიშვნის საკითხი. კრებაზე დამტკიცდა წესდება, ხოლო პროფესიული კავშირის თავმჯდომარედ, 1 წლით არჩეულ იქნა ი.გ–ძე (ტ.1, ს.ფ. 209-210).

5.7. 2016 წელს შედგენილი, ა.(ა.)ი.პ. ქ.ს.სს დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის წესდებით (ტ.1, ს.ფ. 203-208) განისაზღვრა, რომ პროფესიული კავშირი აერთიანებდა საავადმყოფოს თანამშრომლებს, მედიკოსებსა და არამედიკოსებს და მოქმედებდა მათი მიზნებიდან გამომდინარე (2.1. მუხლი). კავშირის წევრობა ნებაყოფლობითი იყო ( 2.2. მუხლი). პროფესიული კავშირის წევრი ვალდებული იყო, შეესრულებინა საწესდებო მოვალეობანი, გადაეხადა საწევრო, შეესრულებინა კავშირის გადაწყვეტილებები (2.8. მუხლი). კავშირის საქმიანობის მიზანია: ა) კავშირის წევრთა შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური, პროფესიული და სამართლებრივი უფლებების და ინტერესების დაცვა; ბ) კავშირის წევრთა ინტერესებიდან გამომდინარე მედიცინის მუშაკთა ადგილობრივი და ცენტრალური სახელმწიფო ორგანოს უმაღლესი ხელისუფლების წინაშე საკითხის დასმა და მათი რეალიზების მოთხოვნა; გ) სისტემატური ბრძოლა წევრთა ცხოვრების დონისა და შრომის ანაზღაურების ამაღლების, ჯანმრთელობის დაცვის, დასაქმების მდგომარეობის, საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მისაღწევად (3.1. მუხლი).

კავშირის საქმიანობის ამოცანებია: ა) წევრების სასამართლოში წარმოდგენა და მათი უფლებების დაცვა; ბ) დამსაქმებელთან კოლექტიურ მოლაპარაკებებში მონაწილეობა; გ) შრომითი ურთიერთობა და შრომით დავაში მონაწილეობა; დ) წევრთა უფლებების დასაცავად საპროტესტო აქციების უზრუნველყოფა (3.2. მუხლი). წესდების თანახმად, დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის დამფუძნებლებს წარმოადგენდნენ: ნ.ზ–ძე, გ.ჩ–ძე, თ.დ–ა, ი.გ–ძე და ნ.გ–ია (მუხლი მე-4). კავშირის ფინანსურ საფუძველს წარმოადგენდა საწევრო შენატანი. წევრის ყოველთვიური გამომუშავების დარიცხული ანაზღაურების 1%, რომელიც შეტანილი იქნებოდა ბანკში, კავშირის წევრთა მიერ კავშირის ანგარიშზე ან წევრის განცხადების საფუძველზე გადაირიცხებოდა კავშირის ანგარიშზე ყოველთვიურად (5.1. მუხლი). კავშირის სახსრებისა და ქონების შექმნის წყაროს წარმოადგენდა ყოველთვიური საწევრო შენატანი; იურიდიული და ფიზიკური პირების ქონებრივი შენატანი და შემოწირულობები; თავისუფალი საფინანსო სახსრების ბანკებში განთავსებით მიღებული შემოსავლები (მუხლი 5.2).

5.8. 2017 წლის 27 იანვარს, ი.გ–ძის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილ იქნა განაცხადი ა.(ა.)ი.პ. ქ.ს.სს დამოუკიდებელი პროფკავშირის რეგისტრაციის მოთხოვნით (ტ.1, ს.ფ.177). განაცხადს თან ერთვოდა მომსახურების საფასურის 110 ლარის გადახდის დამადასტურებელი საგადახდო დავალება, რომლის მიხედვითაც, 2017 წლის 18 იანვარს, სახელმწიფო ხაზინაში მოსაკრებელი გადარიცხული იქნა შ.პ.ს. „ქ.ს.ს-წ.დ.ა.ს.ქ–ი“-ს ანგარიშიდან (ტ.1, ს.ფ.217).

5.9. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით, ა.(ა.)ი.პ. ქ.ს.სს დამოუკიდებელი პროფკავშირის რეგისტრაციის მოთხოვნით განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა ხარვეზის გამო, ვინაიდან წარდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებდა რეგისტრაციის პირობებს. სარეგისტრაციო წარმოების პროცესში დადგინდა, რომ დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილი იყო ა.(ა).ი.პ. ქ.ს.სს დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის რეგისტრაცია. წარდგენილი წესდებით დგინდებოდა, რომ კავშირის დაფუძნებასა და საქმიანობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე გადაწყვეტილებას იღებდნენ და ხელმძღვანელობდნენ დამფუძნებლები, რაც შეუსაბამო იყო მოქმედ კანონმდებლობასთან, კერძოდ: პროფესიული კავშირი არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული წესით შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის შექმნის სამართლებრივ საფუძვლებს, უფლებებსა და საქმიანობას არეგულირებს „პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონი. პროფესიული კავშირის დაფუძნება შეიძლება სულ ცოტა 50 პირის ინიციატივით, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს სათანადო წესით…“(ტ.1, ს.ფ.178-180).

5.10. 2017 წლის 15 და 16 თებერვალს, საჯარო რეესტრში წარდგენილი იქნა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - კავშირის 2016 წლის 09 დეკემბრის დამფუძნებელთა სხდომის ოქმი შემდეგი დასახელებით, ა.(ა.)ი.პ. „მედიკოსთა კავშირი უფლებები და სამართლიანობა“, რომლის მიხედვითაც, კავშირის გამგეობის თავმჯდომარედ, ასევე კავშირის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად არჩეული იქნა ი.გ–ძე (ტ.1, ს.ფ.211-216).

5.11. 2017 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი შემდეგი დასახელებით - ა.(ა).ი.პ. „მედიკოსთა კავშირი უფლებები და სამართლიანობა“, რომლის მმართველობის ორგანოს წესდების მიხედვით წარმოადგენდა წევრთა საერთო კრება, გამგეობა. გამგეობის წევრები იყვნენ: თავმჯდომარე/წევრი ი.გ–ძე, წევრები: ნ.ზ–ძე, გ.ჩ–ძე, თ.დ–ა და ნ.კ–ძე. ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი, გამგეობის თავმჯდომარე - ი.გ–ძე (ტ.1, ს.ფ.35, 39-49).

5.12. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - „მედიკოსთა კავშირი უფლებები და სამართლიანობა“-ს 2016 წლის წესდების 1.8. მუხლის თანახმად, კავშირის საქმიანობის მიზნებს წარმოადგენს: ა) მედიკოსთა შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური, პროფესიული და სამართლებრივი უფლებები და ინტერესების დაცვა; ბ) მედიცინის მუშაკთა ინტერესების დასმა ადგილობრივი და ცენტრალური სახელმწიფო ორგანოს წინაშე; გ) მედიცინის მუშაკთა ცხოვრების დონის, შრომის ანაზღაურების, დასვენების, ჯანმრთელობის დაცვის, დასაქმების, საყოფაცხოვრებო პირობების და მატერიალური დახმარებისთვის ღონისძიებების გატარება; დ) იმ დავებში და ხელშეკრულებებში მონაწილეობის მიღება, რომელიც ეხება მედიკოსთა უფლებებს; ე) ჯანდაცვის სისტემის რეფორმის ხელშეწყობა; ვ) კავშირი უფლებამოსილია ეწეოდეს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას, რომლისგანაც მიღებული მოგება უნდა მოხმარდეს კავშირის მიზნების რეალიზებას; ზ) კავშირის ფინანსური სახსრები იქმნება საწევრო ანარიცხების, ნებაყოფლობით შეტყობინების, შემოწირულობის, კულტურულ-საგანმანათლებლო, სპორტულ-გამაჯანსაღებელი და სხვა კანონიერი შემოსავლებიდან; თ) ასეთი საქმიანობის შედეგად მიღებული მოგების განაწილება აიპის დამფუძნებლებს, წევრებს, შემომწირველებს, ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობითი უფლებების მქონე პირებს შორის დაუშვებელია; ი) კავშირის ქონების გასხვისება შესაძლებელია, თუ ხელს უწყობს მისი მიზნების განხორციელებას ან საქველმოქმედო მიზნებს.

5.13. საქმეში არსებული მასალების თანახმად, შ.პ.ს. „ქ.ს.ს - წ.დ.ა.ს.ქ–ი“-ს თანამშრომლები, რომლებმაც გამოხატეს ნება დამოუკიდებელი პროფკავშირის დაარსებაზე, ა.(ა.)ი.პ. „მედიკოსთა კავშირი უფლებები და სამართლიანობა“-ს დაფუძნებისა და საჯარო რეესტრში მისი დარეგისტრირების თაობაზე ინფორმირებული არ ყოფილან.

5.14. საქმეში წარმოდგენილი, შ.პ.ს. „ქ.ს.ს - წ.დ.ა.ს.ქ–ი“-ს თანამშრომლების განცხადებებით დგინდება, რომ სხვადასხვა საჭიროებებისა თუ ღონისძიებების დაფინანსებისათვის თანხის გამოყოფის მოთხოვნით მიმართავდნენ ი.გ–ძეს, როგორც ქ. ქუთაისის საეკლესიო სავადმყოფოს პროფკავშირების თავმჯდომარეს და არა, როგორც ა.(ა.)ი.პ. „მედიკოსთა კავშირი უფლებები და სამართლიანობის“ გამგეობის თავმჯდომარეს.

5.15. დადგენილია, რომ 2020 წლის 01 თებერვალს, შ.პ.ს. „ქ.ს.ს-წ.დ.ა.ს.ქ–ი“-ს 242-მა თანამშრომელმა წერილობით, ხელმოწერით გამოავლინა ნება, საავადმყოფოში არსებულმა დამოუკიდებელმა პროფესიულმა კავშირმა გააგრძელოს ფუნქციონირება (ტ.1, ს.ფ.58-68).

5.16. სადავოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ 2017 წლიდან, შ.პ.ს. „ქ.ს.ს-წ.დ.ა.ს.ქ–ი“-ში დასაქმებულ იმ პირთა სახელფასო შემოსავლებიდან, რომლებმაც გამოხატეს ნება საავადმყოფოში დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის დაარსებაზე, ხელფასის 1% ირიცხებოდა ა.(ა.)ი.პ. „მედიკოსთა კავშირი უფლებები და სამართლიანობა“-ს ანგარიშზე.

5.17. ა.(ა.)ი.პ. „მედიკოსთა კავშირი, უფლებები და სამართლიანობა“-ს ანგარიშიდან ამონაწერით ირკვევა, რომ საავადმყოფოს თანამშრომელთა ხელფასებიდან გადარიცხული საწევრო შენატანებიდან ი.გ–ძეს სხვადასხვა საჭიროებისთვის/აქტივობისთვის (ექსკურსიის თანხა, საქველმოქმედო აქციისთვის, ასევე, პირადი დახმარების მიზნით) ერიცხებოდა თანხები, თუმცა ამ თანხების შესაბამისი მიზნობრიობით გახარჯვის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები არ წარმოუდგენია (ტ.1, ს.ფ. 86-117).

5.18. შ.პ.ს. „ქ.ს.ს - წ.დ.ა.ს.ქ–ი“-ს მმართველმა, 06.12.2022 წლის N498 წერილით მიმართა ა.(ა.)ი.პ. „მედიკოსთა კავშირი, უფლებები და სამართლიანობა“-ს გამგეობის თავმჯდომარე ი.გ–ძეს და მოსთხოვა, გადაეცა შ.პ.ს. „ქ.ს.ს - წ.დ.ა.ს.ქ–ი“-სა და ა(ა)იპ „მედიკოსთა კავშირი, უფლებები და სამართლიანობა“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება/მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებდა დათქმას, რომ დასაქმებულის მომართვის საფუძველზე, სამედიცინო დაწესებულებას უზრუნველეყო მათ დაქვემდებარებაში არსებული ორგანიზაციის წესდებით გათვალისწინებული საწევრო შენატანის დასაქმებულისთვის დაკავება და ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე გადარიცხვა. აღნიშნული წერილის პასუხად, ა.(ა.)ი.პ. „მედიკოსთა კავშირი, უფლებები და სამართლიანობა“-ს გამგეობის თავმჯდომარე ი.გ–ძემ, შ.პ.ს. „ქ.ს.ს - წ.დ.ა.ს.ქ–ი“-ს აცნობა, რომ „მედიკოსთა კავშირი უფლებები და სამართლიანობა“ არის წევრობაზე დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი და, შ.პ.ს. „ქ.ს.ს - წ.დ.ა.ს.ქ–ი“-სა და ა.(ა.)ი.პ. „მედიკოსთა კავშირი, უფლებები და სამართლიანობას“ შორის ხელშეკრულება/მემორანდუმი არ იყო გაფორმებული, რომელიც გაითვალისწინებდა დათქმას, დასაქმებულის მომართვის საფუძველზე, სამედიცინო დაწესებულებას უზრუნველეყო დასაქმებულისთვის საწევრო შენატანის დაკავება და ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე გადარიცხვა, კავშირში საწევრო შენატანი იყო ნებაყოფლობითი (ტ.1, ს.ფ.37-38).

5.19. დადგენილია, რომ შ.პ.ს. „ქ.ს.ს-წ.დ.ა.ს.ქ–ი“-ს დირექტორ გ.გ–ის 2023 წლის 26 იანვრის N14/კ ბრძანებით, საქართველოს ორგანული კანონის, შრომის კოდექსის 47 მუხლის „ზ“ და „ო“ ქვეპუნქტების საფუძველზე, შეწყდა მხარეთა შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება და ი.გ–ძე, 2023 წლის 25 იანვრიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. ბრძანების თანახმად, ი.გ–ძე წლების განმავლობაში სისტემატურად, კანონიერი საფუძვლის გარეშე, დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების 1%-ს აკავებდა და მის მიერვე დაფუძნებული და მართული ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე რიცხავდა. ამასთან, დამსაქმებელი ზეპირსიტყვიერად ან წერილობით არ გაუფრთხილებია სამუშაო დროის განმავლობაში სხვა საქმიანობის შეთავსების შესახებ. ი.გ–ძის მიერ წლების განმავლობაში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების დაკავება და თანხის მის მიერვე დაფუძნებული და მართული ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე გადარიცხვა კანონიერი საფუძვლის გარეშე, მხარეთა შორის 2017 წლის 03 მარტს გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების კონფიდენციალური ნაწილის (შრომითი ხელშეკრულების დანართის) მე-3 პუნქტის გ.ა ქვეპუნქტის დარღვევაა, რომლის თანახმადაც, ი.გ–ძე ვალდებული იყო, არ დაეშვა უკანონო შემოსავლის-პირდაპირ ან არაპირდაპირ ფინანსური, ან სხვა მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღება. ი.გ–ძის სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანებაში მითითებულია, რომ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო შ.პ.ს. „ქ.ს.ს-წ.დ.ა.ს.ქ–ი“-ში ფინანსურ გუნდთან ერთად განხორციელებული შიდა მოკვლევის შედეგები (ტომი 1, ს.ფ.27-28).

5.20. შ.პ.ს. „ქ.ს.ს-წ.დ.ა.ს.ქ–ი“-ს მმართველისადმი, ამავე საავადმყოფოს კლინიკური და ადმინისტრაციული ხელმძღვანელის წერილში დაფიქსირებულია, რომ საავადმყოფოს ფინანსური გუნდის მიერ, გადარიცხვების ლეგალური საფუძვლების მოკვლევისას მოძიებული იქნა თანამშრომელთა ხელმოწერები, საიდანაც დგინდებოდა, რომ ისინი თანახმა იყვნენ, შექმნილიყო ამავე საავადმყოფოს დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი და ხელფასების ერთი პროცენტი მხოლოდ ამ ანგარიშზე ჩარიცხულიყო. მოკვლევისას იდენტიფიცირდა, რომ არსებულ თანამშრომელთა ხელმოწერების დოკუმენტში მოხსენიებული დაწესებულება-დამოუკიდებელი პროფკავშირი არ შექმნილა და სახელფასო თანხები სხვა ორგანიზაციის ანგარიშზე ირიცხებოდა, რომელიც პროფკავშირს არ წარმოადგენდა. სახელფასო უწყისების შესწავლისას იდენტიფიცირდა, რომ ხორციელდებოდა დაწესებულების დასაქმებულთა დასაბეგრი ხელფასის 1%-ის დაქვითვა და აღნიშნული თანხის ა.(ა.)ი.პ. „მედიკოსთა კავშირი, უფლებები და სამართლიანობა“-ს საბანკო ანგარიშზე გადარიცხვა. ვერ იქნა მოძიებული საწევრო შენატანის ოდენობისა და ფორმის განსაზღვრის შესახებ შეთანხმება, ვერც დასაქმებულთა წერილობითი თანხმობა ა.(ა.)ი.პ. „მედიკოსთა კავშირი, უფლებები და სამართლიანობა“-ს წევრობის შესახებ და თანხმობა მათი დასაბეგრი ხელფასის 1%-ის დაკავების და ა.(ა.)ი.პ.-ის ანგარიშზე გადარიცხვის შესახებ. ასევე, ვერ იქნა მოძიებული ოფიციალური, ხელმოწერით დადასტურებული შეთანხმება/მემორანდუმი მხარეთა შორის, რომელიც განსაზღვრავდა თანამშრომლობის მიზანსა და პირობებს და გააჩენდა ვალდებულებას დასაქმებულთა ხელფასების 1%-ის შესაბამის ანგარიშზე გადარიცხვის შესახებ და ა.შ. მოკვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ დაწესებულებას, 2017 წლიდან დღემდე არ გააჩნდა არანაირი სამართლებრივი საფუძველი დაეწყო და 6 წლის განმავლობაში დაეკავებინა დასაქმებულთა დასაბეგრი ხელფასის 1%, რამაც ჯამურად შეადგინა 99 517 ლარი. იკვეთება, შ.პ.ს. „ქ.ს.ს - წ.დ.ა.ს.ქ–ი“-სა და მასში დასაქმებული ი.გ–ძის (ბუღალტერი) საქმიანობით წარმოშობილი ინტერესთა კონფლიქტი და მის მიერ შექმნილ ორგანიზაციაზე თანხების არამიზნობრივი მიღების ფაქტები. ი.გ–ძემ, 2017 წელს, ყველანაირი კანონიერი საფუძვლის გარეშე დაიწყო დასაქმებულთა ხელფასების 1%-ის გადარიცხვა მისსავე დაფუძნებულ და მართულ ა.(ა.)ი.პ. „მედიკოსთა კავშირი უფლებები და სამართლიანობა“-ს საბანკო ანგარიშზე. შესაძლებელია ეს დაკვალიფიცირდეს, როგორც პირადი სარგებლის მიღების მიზნით, თანამდებობის ბოროტად გამოყენება (ტომი 1, ს.ფ.241-243).

5.21. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე, მოსარჩელის შუამდგომლობით მოწმის სახით დაკითხულმა, საავადმყოფო ქსენონის თანამშრომელმა მ.ბ–ძემ განმარტა, რომ საავადმყოფოში მუშაობდა 2017 წლის მაისამდე. ა(ა.)ი.პ. „მედიკოსთა კავშირი უფლებები და სამართლიანობა“-ს წევრი გახდა ნებაყოფლობით; შესული თანხები ხმარდებოდა, ისევ თანამშრომლებს, ეწყობოდა ექსკურსიები ან ვინმეს ეხმარებოდნენ, ან რაიმე ღონისძიებებში მონაწილეობდნენ. ექიმები ირმას მადლობას ეუბნებოდნენ დაგეგმილი ღონისძიებების გამო. საწინააღმდეგო დამოკიდებულების ან უკმაყოფილების გამოხატვა, რომელიმე თანამშრომლისაგან ამ საკითხებზე, არ სმენია. მთავარი ბუღალტერი ფინანსურ ოპერაციებს ვერ შეასრულებდა მეუფის თანხმობის გარეშე. მისი მუშაობის პერიოდში, თანამშრომლების მხრიდან ხელფასის 1%-ის გადარიცხვა არასოდეს გაპროტესტებულა.

5.22. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე, მოსარჩელის შუამდგომლობით მოწმის სახით დაკითხულმა მარიამ ჭარხალაშვილმა განმარტა, რომ 1981 წლიდან 2020 წლამდე დასაქმებული იყო საავადმყოფო ქსენონში. მედიკოსთა კავშირის დაფუძნების შესახებ ზეპირსიტყვიერად შეატყობინეს დამფუძნებლებმა. მისთვის ეს კავშირი პროფკავშირის ანალოგი იყო; მედიკოსთა კავშირის თანხები ისევ თანამშრომლებს ხმარდებოდათ. როდესაც ქსენონიდან უკვე წამოსული იყო, ახალ სამსახურში საჩუქარი მიიღო. როცა მოიკითხა ვისგან იყო, უთხრეს, რომ მედიკოსთა კავშირში შენატანების გამო, საჩუქარი ეკუთვნოდა, რამაც მასში დიდი ემოციები გამოიწვია. მოწმის განმარტებით, პანდემიის დროს ექსკურსიაზე არ ყოფილან, შემდეგ სამსახური შეიცვალა.

5.23. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე, მოსარჩელის შუამდგომლობით მოწმის სახით დაკითხულმა გ.ჩ–ძემ განმარტა, რომ ი.გ–ძე მის სამსახურეობრივ საქმიანობას ასრულებდა კეთილსინდისიერად, ისევე როგორც თავად მოწმე, რომელიც მოსარჩელესთან ერთად გაათავისუფლეს თანამდებობიდან სრულიად დაუმსახურებლად. მუშაობის პერიოდში ი.გ–ძეს რაიმე შენიშვნა, საყვედური არასოდეს მიუღია. საავადმყოფოში შეიქმნა გაერთიანება კანონმდებლობით დადგენილი წესით, სადაც საწევრო შეჰქონდათ ქსენონში დასაქმებულებს, რომლებიც ინფორმირებული იყვნენ. აღნიშნულთან დაკავშირებით გაიმართა კრება. დასაქმებულებისთვის არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა კავშირი შეიქმნებოდა სამეწარმეო კანონმდებლობის, თუ პროფესიული კავშირების შესახებ კანონმდებლობის საფუძველზე, მთავარი იყო ორგანიზაციას იმ მიზნებზე ემუშავა, რაზეც შეთანხმებულები იყვნენ. ორგანიზაცია საქმიანობდა მოქმედი კანონმდებლობით. პრეტენზიები კავშირის ირგვლივ არასოდეს არავის გამოუთქვამს.

5.24. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე, მოპასუხის შუამდგომლობით მოწმის სახით დაკითხულმა, საავადმყოფო ქსენონის ფინანსურმა მენეჯერმა დ.ნ–მა განმარტა, რომ ფინანსურ ჯგუფში მოიაზრებიან ეკონომისტი და ორი ოპერატორი, პირადად მას მონაწილეობა არ მიუღია დასკვნის შედგენაში, ის აწვდიდა იმ ინფორმაციას, რასაც მოსთხოვდა ხელმძღვანელობა, ინფორმაცია ძირითადად პროფკავშირების საქმიანობას უკავშირდებოდა. ის დასკვნასა და გათავისუფლების ბრძანებაზე პასუხისმგებელი პირი არ არის. ხელფასებზე პასუხის აგებდა ი.გ–ძე კერძოდ, ის ანგარიშობდა და ასრულებდა გადარიცხვებს. ონლაინ-გადარიცხვების დაწყებამდე საგადახდო დავალებები ი.გ–ძეს მიჰქონდა ბანკში, ვინაიდან მას ჰქონდა მინდობილობა და მარტო კურიერი არ ყოფილა. 2021 წლის მეორე ნახევრიდან საავადმყოფოში დაიწყო ონლაინ გადარიცხვები, რომელსაც თვით მოწმე ამზადებდა, მაგრამ დიჯიპასი არა მას, არამედ მეუფეს ჰქონდა, შემდეგ გადასცა მაგდას. მან ირმასგან იცოდა, რომ თანხა პროფკავშირებში ირიცხებოდა და ასეც ეგონათ. მედიკოსთა კავშირზე უწყისში იყო მონაცემები, მაგრამ ეს მონაცემები მის მისვლამდე იყო ჩამოყალიბებული. 6 წლის მერე დაიწყო მან ამ ანგარიშზე გადარიცხვები ამიტომ, ეჭვიც არ შეუტანია. ბევრჯერ მოსთხოვა ირმას თანამშრომელთა წერილობითი თანხმობა, მაგრამ პირადად მისთვის არ მიუწოდებია. აგრეთვე სთხოვა, უწყისში მაინც მოენიშნა ვინ იყო პროფკავშირებში, რადგან თანამშრომლები კითხულობდნენ, თუ რატომ ეჭრებოდათ თანხები, რადგან პროფკავშირებიდან გასული იყვნენ.

5.25. სააპელაციო პალატის მითითებით, მოსარჩელის მოთხოვნები, კერძოდ სადავო ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება გამომდინარეობდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე, საქართველოს შრომის კოდექსის 48.8 და 48.9 მუხლებიდან. დავის სწორად გადაწყვეტისათვის კი, მისი პრეტენზიებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იყო შემდეგი საკითხების გარკვევა:

შ.პ.ს. „ქ.ს.ს-წ.დ.ა.ს.ქ–ი“-ში ბუღალტრის (მათ შორის უფროსი ბუღალტრის) თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში ი.გ–ძე უფლებამოსილებას იყენებდა თუ არა ბოროტად, ხარჯავდა თუ არა დამსაქმებლის თანხებს არამიზნობრივად, პირადი სარგებლობისათვის;

შ.პ.ს. „ქ.ს.ს-წ.დ.ა.ს.ქ–ი“-ს ხელმძღვანელ პირთან შეუთანხმებლად და საავადმყოფოში დასაქმებული პირების ნების საწინააღმდეგოდ, მათი ხელფასებიდან თანხები ირიცხებოდა თუ არა (1%) არამიზნობრივად;

შ.პ.ს. „ქ.ს.ს-წ.დ.ა.ს.ქ–ი“-ში დასაქმებული პირების ხელფასებიდან გადარიცხული თანხები იხარჯებოდა თუ არა პირადი სარგებლობის მიზნით.

5.26. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-4, მე-5, 102-ე და 105-ე მუხლებზე, იმსჯელა შრომის სამართალში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების თავისებურებაზე და განმარტა, რომ მოპასუხე (დამსაქმებელი) ვალდებული იყო, სათანადო მტკიცებულებებით დაედასტურებინა ი.გ–ძის მიერ შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევები.

5.27. სააპელაციო სასამართლომ „პროფესიული კავშირის შესახებ“ საქართველოს კანონზე დაყრდნობით განმარტა პროფესიული კავშირის დაფუძნების მიზნები და უფლებამოსილებები.

5.28. სააპელაციო სასამართლომ, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების დამადატურებელი წერილობითი მტკიცებულებებისა და სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებების ანალიზის საფუძველზე, გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და მოპასუხე მხარის მითითებები იმის თაობაზე, რომ:

1) შ.პ.ს. „ქ.ს.ს-წ.დ.ა.ს.ქ–ი“-ს თანამშრომლებმა 2016 წელს გამოხატეს ნება პროფკავშირული ორგანიზაციის დაფუძნებაზე და მისი წევრობისთვის ხელფასიდან 1%-ის გადარიცხვაზე, თუმცა ი.გ–ძემ, საჯარო რეესტრში დაარეგისტრირა, არა „პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი ორგანიზაცია, რომელსაც დამატებით გაფორმებული წარმომადგენლობის (მინდობილობის) გარეშე, უფლება ექნებოდა ნებისმიერი ინსტანციის სასამართლოში წევრების წარმოდგენისა და მათი უფლებების დაცვისა, დამსაქმებელთან კოლექტიურ მოლაპარაკებებში მონაწილეობისა, შრომით დავაში მონაწილეობისა, წევრთა უფლებების დასაცავად საპროტესტო აქციების უზრუნველყოფისა და სხვა, არამედ დააფუძნა და დაარეგისტრირა სამოქალაქო კოდექსის 27-ე მუხლის შესაბამისი არასამეწარმეო სუბიექტი - ა.(ა.)ი.პ. „მედიკოსთა კავშირი უფლებები და სამართლიანობა“, რომელიც ვერ შეძლებდა იმ მიზნებზე ემუშავა, რაც პროფკავშირულ ორგანიზაციას ეკისრა და რაზეც საავადმყოფოს თანამშრომლები იყვნენ შეთანხმებული. ამასთან, ამ ცვლილების თაობაზე, კერძოდ, 2016 წლის 09 დეკემბერს განსხვავებული ა(ა)იპ-ის დაფუძნებისა და რეგისტრაციის შესახებ დასაქმებულებისთვის არ უცნობებია;

2) ი.გ–ძემ, თავისივე დაფუძნებული, ა.(ა.)ი.პ. „მედიკოსთა კავშირი უფლებები და სამართლიანობა“-ს საჯარო რეესტრში რეგისტრაციისათვის მოსაკრებელი - 110 ლარი, შ.პ.ს. „ქ.ს.ს-წ.დ.ა.ს.ქ–ი“-ს ხელმძღვანელ პირთან შეთანხმების გარეშე, საავადმყოფოს ანგარიშიდან გადარიცხა ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე;

3) ი.გ–ძე, როგორც შ.პ.ს. „ქ.ს.ს-წ.დ.ა.ს.ქ–ი“-ს უფროსი ბუღალტერი, ადგენდა სახელფასო უწყისებს და დამსაქმებელსა და დასაქმებულებთან შეთანხმების გარეშე, დასაქმებულთა ხელფასებიდან 1%-ს, ნაცვლად პროფკავშირული ორგანიზაციისა, რიცხავდა მის მიერვე დაფუძნებულ ა.(ა.)ი.პ. „მედიკოსთა კავშირი უფლებები და სამართლიანობა“-ს ანგარიშზე;

4) ა.(ა.)ი.პ. „მედიკოსთა კავშირი უფლებები და სამართლიანობა“-ს ანგარიშზე ჩარიცხული თანხის ნაწილს მოიხმარდა პირადი საჭიროებისათვის.

5.29. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ დავაზე ი.გ–ძის მოქმედებებთან დაკავშირებით დადგენილი ფაქტები ადასტურებდა, რომ აშკარა იყო 2017 წლის 03 ივლისის შრომითი ხელშეკრულებითა და მისი დანართი კონფიდენციალური ნაწილის მე-3 მუხლის „გ.ა“ ქვეპუნქტით შეთანხმებული ვალდებულების დარღვევა, არ დაეშვა პირდაპირ ან არაპირდაპირ ფინანსური ან სხვა მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღება. გარდა ამისა, ვლინდებოდა თანამშრომელთა მიმართ არაკეთილსინდისიერი ქმედება (მოტყუება). ეს დარღვევები თავიანთი სიმძიმის გათვალისწინებით, საკმარის პირობას წარმოადგენდა, საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ და „ო“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ისეთი დისციპლინური სახდელის გამოსაყენებლად, როგორიცაა სამუშაოდან გათავისუფლება, რაც გამორიცხავდა ი.გ–ძის სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე სადავო ბრძანების ბათილად ცნობას და აღნიშნული მოთხოვნით სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

5.30. ვინაიდან, მოსარჩელის მოთხოვნები სამუშაოზე აღდგენა ან კომპენსაციის დაკისრება, განაცდურის ანაზღაურება პირდაპირ უკავშირდება სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე მიღებული სადავო ბრძანების კანონიერებას, რომლის გაუქმებაზე სასარჩელო მოთხოვნა სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია, გამოირიცხებოდა სამუშაოზე აღდგენის ან კომპენსაციის დაკისრების, ასევე იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილება. შესაბამისად, სააპელაციო პალატის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ, ი.გ–ძის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმით არსებითად სწორი, დასაბუთებული გადაწყვეტილება მიიღო, აღნიშნული გარემოება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველი იყო.

6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი საფუძვლებით:

6.1. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს ერთი მხრივ უნდა გამოეყენებინა საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი, ხოლო მეორე მხრივ უნდა შეეფასებინა საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლიდან გამომდინარე გათავისუფლების ბრძანებაში სწორად იყო თუ არა მითითებული გათავისუფლების საფუძვლები. ამ კუთხით სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორად იქნა განმარტებული 48-ე მუხლის კონკრეტული პუნქტების მიდგომა.

დამსაქმებელს შეუძლია, სამსახურიდან გაათავისუფლოს თანამშრომელი, თუმცა ეს უფლება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, გამოყენებული უნდა იქნას მართლზომიერად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამავე კოდექსის კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბრძანება მიიჩნევა კანონსაწინააღმდეგოდ და ბათილია. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის განმარტებით, მისი მხრიდან ხელშეკრულებისა და შინაგანაწესის არსებითი დარღვევა არ ვლდინდებოდა. ამდენად, დამსაქმებლის მიერ უფლებამოსილების არამართლზომიერი გამოყენების გამო ბრძანება ბათილია. შესაბამისად, აშკარაა დასაქმებულის სამუშაოზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების საკითხიც.

6.2. კასატორი არ ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების 6.6 პუნქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომლის თანახმად, თითქოს საავადმყოფოს დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის შექმნის, წესდების მიღების, თავმჯდომარის არჩევის საკითხი ექვსმა თანამშრომელმა დააყენა და ამის საწინააღმდეგოდ აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მიმღებ კრებას საავადმყოფოს ყველა თანამშრომელი ესწრებოდა.

6.3. კასატორი არ ეთანხმება არც გასაჩივრებული განჩინების 6.13 პუნქტით დადგენილ გარემოებას, თითქოს თანამშრომლები არ იყვნენ ინფორმირებულები მედიკოსთა კავშირი უფლებებისა და სამართლიანობის შექმნასთან დაკავშირებით. ამასთან დაკავშირებით კასატორი უთითებს, რომ მას შემდეგ, რაც პროფესიული კავშირის შექმნას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დაედო ხარვეზი და მისი გამოსწორება ვერ ხერხდებოდა, იმავე ფუნქციების განსახორციელებლად, რაც პროფესიული კავშირის შექმნით იგეგმებოდა, მედიკოსთა კავშირის შექმნის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ერთობლივად ყველა თანამშრომლის დასწრებით.

6.4. კასატორი არ ეთანხმება იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ თანამშრომლების მიერ შეტანილი თანხები გამოიყენებოდა მისი პირადი საჭიროების მიზნით. ამ მსჯელობის საწინააღმდეგოდ კი უთითებს, რომ შემოსული თანხა ხმარდებოდა კავშირის შექმნის მიზნებს, კერძოდ, ეწყობოდა ექსკურსიები, საქველმოქმედო აქციები თანამშრომლებისთვის, სადღესასწაულო დღეებში ურიგდებოდათ საჩუქრები.

რაც შეეხება ხელფასების თანამშრომლებისთვის გადარიცხვას, და მათი ხელფასიდან თანხის დაკავებას, თავდაპირველად მთავარი ბუღალტერი, ხოლო 2020 წლიდან ფინანსური მენეჯერი წარმართავდა, კასატორს კი ამ ოპერაციებთან რაიმე კავშირი არ ჰქონდა. ხელფასიდან 1% დაკავებაზე თანხმობას ყველა თანამშრომელი თავისი ნებით გასცემდა. ეს ფუნქცია კასატორს არც სამსახურებრივად არ ევალებოდა. სასამართლო კი არასწორად განსაზღვრავს კასატორის უფლება-მოვალეობებს მოწმის ჩვენებაზე დაყრდნობით, მაშინ, როცა ეს უკანასკნელი ბრძანებითა და შინაგანაწესით განისაზღვრება. ამასთან, საქმეში არ მოიპოვება კასატორის მიერ თანხის გადარიცხვათან დაკავშირებული არცერთი დოკუმენტი.

კასატორის მითითებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა, თითქოს 110 ლარი გადარიცხულ იქნა მედიკოსთა კავშირის შექმნისათვის და განმარტავს, რომ ერთი მხრივ, ეს იყო საავადმყოფოს მაშინდელი დირექტორის საჩუქარი, ხოლო მეორე მხრივ, ამ გადაწყვეტილებას ესწრებოდა და ყველა გადაწყვეტილების მიღებაში თავად მონაწილეობდა მაშინდელი დირექტორი მეუფე კალისტრატე.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი ცნობილი იქნა დასაშვებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის არსებითად განხილვის გზით შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

9. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში მიუთითებს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლებიდან გამომდინარე, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან). მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. სამოქალაქო საპროცფესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე, ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64; სუსგ-ები: Nას-1298-2018; 22.03.2019წ.; N ას-1329-2018, 22.02.2019წ.; Nას-804-2019, 19.03.2021წ; 23.12.2022წ.; Nას-1572-2022, 5.05.2023წ.; Nას-1449-2023, 9.02.2024წ.; N ას-852-2024, 22.11.2024წ.; N ას-24-2024, 26.12.20204წ.).

11. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და შესაბამისი უფლებრივი რესტიტუცია. ამ ტიპის სარჩელის წარმატებულობა, ბუნებრივია, უნდა შემოწმდეს მისი დამფუძნებელი ნორმის/ნორმების წინაპირობებთან მიმართებით, რაც იმას ნიშნავს, რომ უპირველესად, სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს მოთხოვნის მარეგულირებელი სამართლებრივი საფუძველი - კანონის ნორმა, გამოარკვიოს სარჩელში მითითებული ფაქტების შესაბამისობა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებთან (ფორმალური გამართულობა), დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პოზიციების ურთიერთშეჯერებით, გამოარკვიოს სადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებები (მტკიცების საგანი) და გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთი (მტკიცების ტვირთი) (სუსგ საქმე №ას-161-2021 4 ივნისი, 2021 წელი).

12. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს, რომ დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომითი დავის განხილვისას მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურობა განპირობებულია მტკიცებულებების წარდგენის თვალსაზრისით დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობების არსებობით. ამ კატეგორიის დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. აღნიშნული დასკვნა იმ ძირითადი პრინციპიდან გამომდინარეობს, რომ დამსაქმებელს დასაქმებულთან შედარებით გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები (სუსგ: N ას-922-884-2014, 16.04.2015 წ; Nას-483-457-2015, 07.10.2015 წ; N ას-182-171-2017, 27.12.2019წ; N ას-1429-2020, 18.03.2022წ; N ას-456-2021, 22.03.2022წ; N ას-57-2022, 13.04.2022წ.; Nას-1438-2022, 2.02.2023წ.; №ას-283-2024 26.04.2024წ.).

13. კასატორი მიუთითებს, რომ მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია შრომითი ხელშეკრულებით ან/და შინაგანაწესით ნაკისრი ვალდებულებების უხეშ დარღვევას და სააპელაციო სასამართლომ არასათანადო მტკიცებულებებზე დაყრდნობით არ დააკმაყოფილა მოთხოვნა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის უკანონობის თაობაზე, თანმდევი სამართლებრივი შედეგებით.

14. საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა.

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებების თანახმად, უმნიშვნელოვანესი პრინციპი, რომელიც გათვალისწინებული უნდა იყოს ზემოაღნიშნული საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერების შეფასებისას, არის პროპორციულობისა და გონივრული საფუძვლის პრინციპი. პროპორციულობის, იგივე თანაზომიერების პრინციპი ნიშნავს, რომ კანონის მიზნის მისაღწევად გამოყენებული ღონისძიება უნდა იყოს დასაშვები, აუცილებელი და პროპორციული. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა დამსაქმებლის მიერ დასაშვები უნდა იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაუმართლებელია ამ უკანასკნელის უფლების დაცვის სხვა საფუძვლების გამოყენება (იხ. სუსგ Nას-106-101-2014, 02.10.2014 წ.; Nას-1183-1125-2014, 13.02.2015 წ.).

16. შრომით დავებთან დაკავშირებულ სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტებულია, რომ სამსახურიდან პირის გათავისუფლების შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების მართლზომიერების შეფასებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შრომის სამართალში მოქმედ ,,Ultima Ratio”-ს პრინციპის დაცვას, რომელიც გულისხმობს, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება გამოყენებული უნდა იყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დასაქმებულის მიმართ, მის მიერ ჩადენილი გადაცდომის (დარღვევის) ხასიათიდან და სიმძიმიდან გამომდინარე, უფრო მსუბუქი სანქციის შეფარდებას აზრი აქვს დაკარგული. შესაბამისად, დასაქმებულის მიერ დარღვევის ჩადენისას დამსაქმებლის მიერ გამოყენებული უნდა იქნას ისეთი ზომები, რომლებიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს უკეთესს გახდის, კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერად მოქცევას აიძულებს (სუსგ-ები: N ას468-2021, 23.09.2022წ.; N ას-881-2022, 22.11.2022წ.; N ას521-2023, 20.10.2023წ.; N ას-1078-2022, 26.10.2023წ.; N ას-291-2023, 8.02.2024წ.; N ას-652-2023, 20.03.2024წ.).

17. მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლების კვლევისას სასამართლო ამოწმებს დამსაქმებლის უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. ამისათვის კი აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერების შეფასების მიზნით, დადგინდეს დასაქმებულის მიერ მასზე დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევის ფაქტი, რაც შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ადმინისტრაციის ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (იხ. სუსგ: N ას-1223-2018, 2.04.2020წ.; N ას-778-2021, 28.12.2021წ.; N ას468-2021, 23.09.2022წ.; N ას-881-2022, 22.11.2022წ.; N ას521-2023, 20.10.2023წ.; N ას-1078-2022, 26.10.2023წ.; N ას-291-2023, 8.02.2024წ.; N ას-652-2023, 20.03.2024წ.).

18. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება. კერძოდ:

18.1 ი.გ–ძე დასაქმებული იყო ქ.ს.სში ბუღალტრად, ხოლო 2017 წლის 03 ივლისის შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დაინიშნა შ.პ.ს. „ქ.ს.ს-წ.დ.ა.ს.ქ–ი“-ს უფროსი ბუღალტრის თანამდებობაზე. ზემოაღნიშნული ხელშეკრულების კონფიდენციალური ნაწილის მე-3 მუხლის „გ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დასაქმებული ვალდებული იყო არ დაეშვა უკანონო შემოსავლის, პირდაპირ ან არაპირდაპირ ფინანსური ან სხვა მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღება.

18.2 შპს „ქ.ს.ს-წ.დ.ა.ს.ქ–ის“ თანამშრომლებმა 2016 წელს გამოხატეს ნება პროფკავშირული ორგანიზაციის დაფუძნებაზე და მისი წევრობისთვის ხელფასიდან 1% თანხის გადარიცხვაზე, თუმცა ი.გ–ძემ, საჯარო რეესტრში დაარეგისტრირა არა „პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი ორგანიზაცია, რომელსაც დამატებით გაფორმებული წარმომადგენლობის (მინდობილობის) გარეშე, უფლება ექნებოდა ნებისმიერი ინსტანციის სასამართლოში წევრების წარმოდგენისა და მათი უფლებების დაცვისა, დამსაქმებელთან კოლექტიურ მოლაპარაკებებში მონაწილეობისა, შრომით დავაში მონაწილეობისა, წევრთა უფლებების დასაცავად საპროტესტო აქციების უზრუნველყოფისა და სხვ., არამედ დააფუძნა და დაარეგისტრირა ააიპ „მედიკოსთა კავშირი უფლებები და სამართლიანობა“, რომელიც ვერ უზრუნველყოფდა იმ მიზნების შესრულებას, რაც პროფკავშირულ ორგანიზაციას გააჩნია და რაზეც საავადმყოფოს თანამშრომლებს ჰქონდათ ნება გამოხატული. ამასთან, ამ ცვლილების თაობაზე, კერძოდ 2016 წლის 09 დეკემბერს განსხვავებული ააიპ-ს დაფუძნებისა და რეგისტრაციის შესახებ დასაქმებულების ინფორმირება არ მოუხდენია. საქმეში წარმოდგენილი, შპს „ქ.ს.ს - წ.დ.ა.ს.ქ–ის“ თანამშრომლების განცხადებებით დგინდება, რომ სხვადასხვა საჭიროებებისა თუ ღონისძიებების დაფინანსებისათვის თანხის გამოყოფის მოთხოვნით მიმართავდნენ ი.გ–ძეს, როგორც ქუთაისის საეკლესიო სავადმყოფოს პროფკავშირების თავმჯდომარეს, საავადმყოფოში დასაქმებულებმა თანხმობა გამოთქვეს შექმნილიყო ამავე საავადმყოფოს პროფესიული კავშირი და ხელფასის 1% ჩარიცხულიყო პროფესიული კავშირის ანგარიშზე.

18.3 ი.გ–ძემ, მისივე დაფუძნებული, ააიპ „მედიკოსთა კავშირი უფლებები და სამართლიანობა“-ს საჯარო რეესტრში რეგისტრაციისათვის მოსაკრებელი - 110 ლარი შპს „ქ.ს.ს-წ.დ.ა.ს.ქ–ის“ ხელმძღვანელ პირთან შეთანხმების გარეშე, საავადმყოფოს ანგარიშიდან გადარიცხა ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე (ტომი 1, ს.ფ. 217);

18.4 2017 წლიდან, შპს „ქ.ს.ს-წ.დ.ა.ს.ქ–ი“-ში დასაქმებულ იმ პირთა სახელფასო შემოსავლებიდან, რომლებმაც გამოხატეს ნება საავადმყოფოში დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის დაარსებაზე, ხელფასის 1% ირიცხებოდა ააიპ მედიკოსთა კავშირი უფლებები და სამართლიანობას ანგარიშზე. საავადმყოფოს თანამშრომელთა ხელფასებიდან გადარიცხული საწევრო შენატანებიდან ი.გ–ძეს სხვადასხვა საჭიროებისთვის/ აქტივობებისთვის (ექსკურსიის თანხა, საქველმოქმედო აქციისთვის, ასევე პირადი დახმარების მიზნით) ერიცხებოდა თანხები, თუმცა ამ თანხების სრულად შესაბამისი მიზნობრიობით გახარჯვის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები მის მიერ წარდგენილი არ ყოფილა (ტ.1 .ს.ფ. 86-117).

19. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების წინააღმდეგ, რომლებიც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა დასაბუთებული შედავება ვერ წარმოადგინა. კასატორი მიუთითებს, რომ საჯარო რეესტრს მიმართა პროფესიული კავშირის რეგისტრაციის მოთხოვნით, დაუდგინდა ხარვეზი, ხარვეზის აღმოფხვრა ვერ ხერხდებოდა და დააფუძნა სანაცვლოდ ააიპ „მედიკოსთა კავშირი უფლებები და სამართლიანობა“. თუმცა, რატომ იყო შეუძლებელი საჯარო რეესტრის მიერ დადგენილი ხარვეზის გამოსწორება და იმ პროფესიული კავშირის დაფუძნება, რაზეც შპს „ქ.ს.ს-წ.დ.ა.ს.ქ–ის“ თანამშრომლებმა გამოხატეს ნება, კასატორი არ მიუთითებს. საქმეში წარმოდგენილ თანხის გადარიცხვის ქვითართან დაკავშირებით, რომლითაც ააიპ „მედიკოსთა კავშირი უფლებები და სამართლიანობა“-ს საჯარო რეესტრში რეგისტრაციისათვის მოსაკრებელი - 110 ლარი მოსარჩელის მიერ გადარიცხა შპს „ქ.ს.ს-წ.დ.ა.ს.ქ–ის“ ანგარიშიდან, კასატორი მიუთითებს, რომ ეს თანხა ყოფილი დირექტორის საჩუქარი იყო, რაც სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით მოსარჩელემ ვერ დაადასტურა.

საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს რა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მიიჩნევს, რომ დასაქმებულის ქმედება შრომითი ხელშეკრულების გათვალისწინებით, ჩადენილი გადაცდომის ხასიათის, დამსაქმებელი ორგანიზაციის ინტერესებისა და იმ პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, რომელიც მითითებულ თანამდებობაზე დასაქმებულ პირს მოეთხოვებოდა, დარღვევასა (გადაცდომასა) და გათავისუფლებას შორის ზომიერ ბალანსს ქმნიდა, რაც საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელის მიმართ უკიდურესი ღონისძიების გამოყენების - შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისა და მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების ლეგიტიმური საფუძველი იყო. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, წარდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის შედეგად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ ჩადენილი ქმედება მართებულად იქნა შეფასებული უხეშ დარღვევად, რაც შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი გახდა. ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დასაქმებულის მიერ ჩადენილი დარღვევის შედეგობრივი თვალსაზრისით შეფასებისას, მატერიალური ზიანის გარდა, არანაკლებ მნიშვნელოვანია დამსაქმებლის მხრიდან ნდობის დაკარგვის ფაქტორი. საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეში განმარტა, რომ დასაქმებულის მიერ ისეთი ქმედების ჩადენა, რაც ერთმნიშვნელოვნად იწვევს მხარეთა შორის ნდობის დაკარგვას, დამსაქმებელს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის მართლზომიერ საფუძველს წარმოუშობს, რაც დასაქმებულის აღდგენას თავისთავად გამორიცხავს (იხ. სუსგ-ები: Nას-557-2021, 24.03.2022წ.; Nას-132-2021, 31.10.2022 წ.).

20. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს სადავო ბრძანებაში შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მეორე საფუძვლად მითითებულ საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტზე (სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას) და განმარტავს: იმისათვის, რომ დადგინდეს „სხვა ობიექტური გარემოების“ არსებობა, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას, აუცილებელია: ა) შრომითი ხელშეკრულების მოშლის საფუძველი იყოს განსხვავებული იმავე მუხლში მითითებული სხვა საფუძვლისაგან; ბ) არ იყოს დამოკიდებული დამსაქმებლის სუბიექტურ ნებაზე; გ) იყოს ფაქტობრივი, ე.ი. იმგვარი, რომლის დამტკიცება და უარყოფა შესაძლებელია; დ) გარეშე, ნეიტრალური დამკვირვებლის თვალში წარმოადგენდეს საკმარის მიზეზს შრომითი ხელშეკრულების მოშლისათვის; ამასთან, ნების გამოხატვის საფუძვლად არსებულ ქმედებასა და ნების გამოვლენას შორის უნდა არსებობდეს შედეგობრივი კავშირი და ე) ხელშეკრულების მოშლით ფაქტობრივ შედეგს ხელშეკრულების შენარჩუნების ფაქტობრივ შედეგთან უპირატესობა ჰქონდეს (იხ. სუსგ №ას-715-2019, 04.07.2019წ.; №ას-660-2020, 11.03.2022წ.; №ას-800-2022, 27.07.2023წ.).

21. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს შორის, ყველაზე ზოგადი ხასიათის ფორმულირება სწორედ განსახილველ შემთხვევაში გამოყენებულ შეწყვეტის მეორე საფუძველს აქვს - „სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას“. შესაბამისად, კანონმდებელი რამდენადაც მეტ თავისუფლებას ანიჭებს დამსაქმებელს, დასახელებული ნორმის ფარგლებში შეწყვიტოს შრომითი ურთიერთობა (იმავე მუხლში ჩამოთვლილ შრომის ხელშეკრულების სხვა, უფრო კონკრეტული და ამომწურავი ხასიათის საფუძვლებთან შედარებით), ამდენადვე, მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს, მაქსიმალურად კონკრეტული, გასაგები და არაორაზროვანი იყოს ინდივიდუალურ შემთხვევაში შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა დასახელებული საფუძვლით (იხ. სუსგ-ები №ას-1155-1086-2015, 02.02.2016წ; №ას-1001-2018, 05.03.2021წ; №ას-1185-2022, 19.10.2022წ; №ას-523-2023, 06.07.2023წ.).

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ იძლევა იმგვარი დასკვნის საფუძველს, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტთან ერთად არსებობდა მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის სხვა საფუძველიც _ ,,სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას“ (შკ-ის 47.1-ე მუხლის ,,ო” ქვეპუნქტი), შესაბამისად შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ სადავო ბრძანებაში საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტთან ერთად ამავე მუხლის „ო“ ქვეპუნქტის მითითება, უსაფუძვლოა. მიუხედავად აღნიშნულისა, ეს გარემოება გავლენას ვერ მოახდენს საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერებაზე და ვერ გახდება გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

23. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

24. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და მართებულად არ დაკმაყოფილდა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ. საჩივრის ფარგლებში კასატორმა ვერ შეძლო შესაბამისი დასაბუთების წარმოდგენა, თუ რატომ უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რაც გამორიცხავს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებას.

25. ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა საკასაციო საჩივარი, საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი არ ანაზღაურდება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი.გ–ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 აპრილის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი