Facebook Twitter

17 თებერვალი 2025 წელი №ას-1440-2024 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - თ.მ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე - შ.პ.ს. „ტ.კ–ი“

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 06 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე ნაწილობრივ უარის თქმა

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ს.ს. ,,თ.ბ–მა“ (რომლის უფლებამონაცვლე მოგვიანებით შ.პ.ს. „ტ.კ–ი“ გახდა) ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა მოპასუხე - თ.მ–ძის მიმართ და მოითხოვა:

1.1. 2016 წლის 06 აპრილის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის - 1364.2 ლარის, პროცენტის -1309.57 ლარის და ჯარიმის - 454 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.

1.2. 2022 წლის 21 იანვრიდან, 2016 წლის 06 აპრილის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე, 1364.2 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 36% სარგებლის მოპასუხისათვის დაკისრება, რაც ყოველთვიურად 40.92 ლარია.

1.3. 2015 წლის 02 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის - 463.93 ლარის, პროცენტის - 75.35 ლარის, ჯარიმის - 155 ლარის და დაზღვევის 0.58 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება;

1.4. 2022 წლის 21 იანვრიდან 2015 წლის 2 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე - 463.93 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 18.5% სარგებლის მოპასუხისათვის დაკისრება, რაც ყოველთვიურად 7.15 ლარია.

1.5. 2016 წლის 03 თებერვლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხის - 855.06 ლარის, პროცენტის - 477.27 ლარის, ჯარიმის - 375 ლარის და დაზღვევის 2.79 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.

1.6. 2019 წლის 22 ოქტომბრიდან 2016 წლის 03 თებერვლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე 855.06 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 16.5% სარგებლის მოპასუხისათვის დაკისრება, რაც ყოველთვიურად 15.43 ლარია.

1.7. 2015 წლის 24 აპრილის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხის - 2472.50 ლარის, პროცენტის - 2189.61 ლარის და ჯარიმის 825 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.

2. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ, სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის ნაწილში ცნო. მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის ნაწილში სარჩელი არ ცნო, ხოლო პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად მიიჩნია და მისი გონივრულ ოდენობამდე შემცირება მოითხოვა.

3. 2022 წლის 21 იანვარს ს.ს. „თ.ბ–სა“ და შ.პ.ს. „ტ.კ–ს“ (ს/კ ........) შორის გაფორმდა მოთხოვნის დათმობის (ცესიის) ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ს.ს. „თ.ბ–სა“ და მოპასუხეს შორის გაფორმებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება შეიძინა შ.პ.ს. „ტ.კ–მა“.

4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 06 დეკემბრის გადაწყვეტილებით - სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ შემდეგი თანხების გადახდა დაეკისრა:

4.1. 2016 წლის 06 აპრილის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხა - 1364.2 ლარი, პროცენტი - 1309.57 ლარი და ჯარიმა - 454 ლარი.

4.2. 2022 წლის 21 იანვრიდან, 2016 წლის 06 აპრილის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე, 1364.2 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად 40.92 ლარია.

4.3. 2015 წლის 02 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხა - 463.93 ლარი, პროცენტი - 75.35 ლარი, ჯარიმა - 155 ლარი და დაზღვევა - 0.58 ლარი.

4.4. 2022 წლის 21 იანვრიდან 2015 წლის 02 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე, 463.93 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 18.5% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად 7.15 ლარია.

4.5. 2016 წლის 03 თებერვლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხა - 855.06 ლარი, პროცენტი - 477.27 ლარი, ჯარიმა - 375 ლარი და დაზღვევა - 2.79 ლარი.

4.6. 2019 წლის 22 ოქტომბრიდან 2016 წლის 03 თებერვლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე, 855.06 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 16.5% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად15.43 ლარია.

4.7. 2015 წლის 24 აპრილის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხა - 2472.50 ლარი, პროცენტი - 2189.61 ლარი და ჯარიმა - 825 ლარი.

5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება პროცენტისა და წლიური საპროცენტო განაკვეთის ყოველთვიურად ვალდებულების შესრულებამდე დაკისრების ნაწილში.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 06 სექტემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, შემდეგი ფაქტობრივსამართლებრივი საფუძვლებით:

6.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2016 წლის 06 აპრილს გაფორმდა საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება და მოპასუხის სახელზე გაიცა საკრედიტო ბარათი TBC Prime Card 1500-ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისებისა და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 33%-ით კრედიტის ს.ს. „თ.ბ–ის“ ბანკომატით ათვისებისა და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5% დამატებული ათვისების დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის პირგასამტეხლოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, დამატებული 0.5%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

6.2. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2015 წლის 02 ნოემბერს დაიდო საბანკო კრედიტის №2555187-81320 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მსესხებლის სახელზე გაიცა კრედიტი - 5 000 ლარი. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 18.59%-ით, ხოლო კრედიტის ვადა 2019 წლის 27 ოქტომბრამდე. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, დამატებული 0.5%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით.

6.3. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2016 წლის 03 თებერვალს გაფორმდა საბანკო კრედიტის №255518-8251130 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, მსესხებლის სახელზე გაიცა კრედიტი - 5 200 ლარი. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 16.5%-ით, ხოლო კრედიტის ვადა 2020 წლის 11 თებერვლამდე. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლოც ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ.

6.4. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2015 წლის 24 აპრილს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება და მოპასუხის სახელზე გაიცა საკრედიტო ბარათი TBC Prime Card 3000-ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 33%-ით კრედიტის ს.ს. „თ.ბ–ის” ბანკომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს დაანგარიშების დღემდე ათვისებულ საკრედიტო ლიმიტის 5%-ს დამატებული ათვისების დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლისა და პირგასამტეხლოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, დამატებული 0.5%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

6.5. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ საბანკო კრედიტისა და საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებები მსესხებელმა დაარღვია მინიმუმ ორჯერ, რის შესახებაც შეტყობინება ხელშეკრულების მოსალოდნელი შეწყვეტის შესახებ გაეგზავნა მსესხებელს.

6.6. მსესხებელმა 2016 წლის 06 აპრილის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დაარღვია და 2019 წლის 02 მაისის შემდეგ აღარ განუხორციელებია გადახდა. 2022 წლის 21 იანვრის მდგომარეობით, 2016 წლის 06 აპრილის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებელს ერიცხება დავალიანება, სესხის ძირითადი თანხა - 1364.2 ლარი, პროცენტი - 1309.57 ლარი (ამონაწერები საბანკო ანგარიშებიდან).

6.7. მსესხებელმა 2015 წლის 02 ნოემბრის საბანკო კრედიტის №2555187-8132069 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დაარღვია და 2019 წლის 27 აგვისტოს შემდეგ აღარ განუხორციელებია გადახდა. 2022 წლის 21 იანვრის მდგომარეობით, 2015 წლის 02 ნოემბრის საბანკო კრედიტის №2555187-8132069 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მსესხებელს ერიცხება დავალიანება/ძირითადი - თანხა - 463.93 ლარი, პროცენტი - 75.35 ლარი, დაზღვევა - 0.58 ლარი (ამონაწერები საბანკო ანგარიშებიდან).

6.8. მსესხებელმა 2016 წლის 3 თებრვლის საბანკო კრედიტის №2555187-8251130 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დაარღვია და 2019 წლის 20 ივნისის შემდეგ აღარ განუხორციელებია გადახდა. 2022 წლის 21 იანვრის მდგომარეობით 2016 წლის 3 თებრვლის საბანკო კრედიტის №2555187-8251130 ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებელს ერიცხება დავალიანება, ძირითადი თანხა - 855.06 ლარი, პროცენტი - 477.27ლარი, დაზღვევა - 2.79 ლარი (ამონაწერები საბანკო ანგარიშებიდან).

6.9. მსესხებელმა 2015 წლის 24 აპრილის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დაარღვია და აღარ განუხორციელებია გადახდა. 2022 წლის 21 იანვრის მდგომარეობით, 2015 წლის 24 აპრილის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებელს ერიცხება დავალიანება, ძირითადი თანხა - 2472.50 ლარი, პროცენტი - 2189.61 ლარი (ამონაწერები საბანკო ანგარიშებიდან).

6.10. სარჩელზე თანდართული გრაფიკით გაირკვა, რომ გამსესხებელმა მსესხებელს ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისათვის დაარიცხა შემცირებული პირგასამტეხლო 2016 წლის 06 აპრილის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 454 ლარი, 2015 წლის 02 ნოემბრის საბანკო კრედიტის №2555187-81320 ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 155 ლარი, 2016 წლის 03 თებერვალის საბანკო კრედიტის №255518-8251130 ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 375 ლარი და 2015 წლის 24 აპრილის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 825 ლარი.

6.11. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სესხი არის სასყიდლიანი ურთიერთობა და გამსესხებლის უფლებას უპირისპირდება მოვალის ვალდებულება დააბრუნოს სესხის საგანი. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი იქნა, რომ მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობები მოპასუხემ დაარღვია და არ გადაიხადა სესხი შეთანხმებული ვადის დაცვით. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა მსესხებლისათვის სესხის ძირითადი თანხების დაკისრების თაობაზე საფუძვლიანი იყო და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მართებულად დაკმაყოფილდა.

6.12. სააპელაციო პალატის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი იყო გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოვალეს, კრედიტორის სასარგებლოდ დაეკისრა პროცენტი და პირგასამტეხლო. პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებით არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, გასაჩივრებულ ნაწილში სწორად გამოიყენა სამართლის ნორმები და სწორად დაადგინა, რომ ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, მსესხებელი ვალდებული იყო, კრედიტორისათვის გადაეხადა ყოველთვიურად საპროცენტო სარგებელის შესაბამისი ოდენობით ზიანი, კერძოდ ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისათვის, მოვალისათვის დარიცხული სარგებლის ოდენობა შეადგენდა 2016 წლის 06 აპრილის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 1309.57 ლარს, 2015 წლის 02 ნოემბრის საბანკო კრედიტის №2555187-8132069 ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 75.35 ლარს, 2016 წლის 03 თებრვლის საბანკო კრედიტის №2555187-8251130 ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 477.27 ლარს და 2015 წლის 24 აპრილის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 2189.61 ლარს. ამდენად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სამოქალაქო კოდექსის 403-ე და 411-ე მუხლებიდან გამომდინარე, სწორად დაეკისრა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის დავალიანება მოთხოვნილი ოდენობით.

6.13. ვინაიდან სესხის ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისათვის სესხის ძირითადი თანხის დავალიანება შეადგენდა 2016 წლის 06 აპრილის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 1364.2 ლარს, 2015 წლის 02 ნოემბრის საბანკო კრედიტის №2555187-8132069 ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 463.93 ლარს, 2016 წლის 03 თებერვლის საბანკო კრედიტის №2555187-8251130 ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 855.06 ლარს და 2015 წლის 24 აპრილის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2472.50 ლარს, შემცირებული პირგასამტეხლო 2016 წლის 06 აპრილის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 454 ლარის, 2015 წლის 02 ნოემბერის საბანკო კრედიტის №2555187-81320 ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 155 ლარის, 2016 წლის 03 თებერვალის საბანკო კრედიტის №255518 8251130 ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 375 ლარის და 2015 წლის 24 აპრილს საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 825 ლარის ოდენობით გონივრულ თანაფარდობაში იყო სესხის (ყველა სესხის შემთხვევაში) ძირითად თანხასთან, რაც გამორიცხავდა ამ ნაწილში აპელანტის მსჯელობის გაზიარების შესაძლებლობას.

6.14. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, აპელანტი შემოიფარგლა მხოლოდ იმაზე მითითებით, რომ ზიანისა და პირგასამტეხლოს დაკისრებას არ გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი, თუმცა რაიმე სახის მტკიცებულება, რაც ზიანისა და პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობასა და მის არგუმენტს დაადასტურებდა სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია. შესაბამისად, აპელანტმა (მოპასუხემ) ვერ უზრუნველყო, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლისა და ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დაკისრებული მტკიცების ტვირთის იმგვარად რეალიზება, რომ გაექარწყლებინა სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებული გარემოებების ნამდვილობა და, დაედასტურებინა, ზიანისა და პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილების უსწორობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება მართებული იყო და არ ვლინდებოდა მისი გაუქმების ფაქტობრივსამართლებრივი წინაპირობა.

7. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება პირგასამტეხლოს, პროცენტისა და მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში. კასატორის პრეტენზია ისაა, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად შეაფასეს საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, არ გაითვალისწინეს მისი ფინანსური მდგომარეობა და ფაქტი, რომ არასდროს უთქვამს უარი ვალდებულების შესრულებაზე. საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით პირგასამტეხლო გონივრულ ოდენობამდე უნდა შემცირებულიყო, რაც სრულად იქნა უგულებელყოფილი სასამართლოების მიერ.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებული იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნის ფაქტობრივი შემადგენლობა (აღწერილობა) განაპირობებს მის სამართლებრივ მოწესრიგებას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე (საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით), 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი), 868.1 (მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი), 873-ე (კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა), 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) და 411-ე (ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო) მუხლების საფუძველზე.

13. წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში კასატორი აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ საკრედიტო ვალდებულებების დარღვევა გამოწვეული იყო, მისი მძიმე ფინანსური მდგომარეობით. კასატორი არ ეთანხმება პროცენტისა და მიუღებელი შემოსავლის დაკისრებას, ამასთან, მიიჩნევს, რომ დაკისრებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე.

14. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, პროცენტისა და მიუღებელი შემოსავლის დაკისრების შესახებ, სახელდობრ:

14.1. პირველ რიგში, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ვალდებულებითი სამართალი ეყრდნობა უზოგადეს წესს _ „pacta sunt servanda“ („ხელშეკრულება უნდა შესრულდეს“), რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება, პირველ რიგში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შედეგს გულისხმობს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (იხ. ს.უ.ს.გ. №ას-925-2022, 30.09.2022წ). ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, სწორედ თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით გათვალისწინებულ ჩარჩოშია მოქცეული ხელშემკვრელ მხარეთა პასუხისმგებლობის ფარგლებიც (გარდა კანონის იმპერატიული დანაწესისა). ვალდებულებითი სამართლის ეს უზოგადესი პრინციპი თანაბრად ვრცელდება ყველა სახელშეკრულებო ურთიერთობაზე, რომელთა შორისაც არის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაც.

14.2. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, ყოველთვის სარგებლიან სესხს წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც კრედიტორი, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იბრუნებს როგორც სესხად გაცემული თანხის ძირითად ნაწილს, ისე - ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტს. საბანკო კრედიტს უკავშირდება დაბრუნების, ფასიანობის, უზრუნველყოფისა და ვადიანობის საწყისებზე ფულადი თანხების გაცემასთან დაკავშირებული ვალდებულებები.

14.3. საკრედიტო და სესხის ხელშეკრულებები იმით განსხვავდება ერთმანეთისაგან, რომ კრედიტის გამცემი ყოველთვის საკრედიტო დაწესებულებაა - ბანკი, რომლის საქმიანობა რეგულირდება კანონით (ს.უ.ს.გ. №ას-647-67-2018, 21 ოქტომბერი, 2019 წ; იხ. რომან შენგელია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მეოთხე, ტ. II, მუხლი 867, გვ.194, თბილისი, 2001 წ; ზვიად გაბისონია, საბანკო სამართალი, თბილისი, 2017წ., გვ. 198-224). „ბანკის, როგორც საბანკო საქმიანობის სფეროში მოღვაწე სუბიექტის კომერციული ინტერესია, კრედიტის გაცემით მიიღოს გარკვეული მოგება. სწორედ ამიტომ, ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, რომელიც შეიძლება იყოს სასყიდლიანი ან უსასყიდლო, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება მხოლოდ სასყიდლიანი ფორმით არსებობს (სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლი) (შდრ: ს.უ.ს.გ: №ას-1385-1307-2012, 07 თებერვალი, 2013წ.; №ას-131-2021, 02 ივლისი, 2021 წ.).

14.4. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ კასატორთან დადებული სესხის ხელშეკრულებები იყო სარგებლიანი. დადგენილია, რომ კასატორს მოსარჩელის მიმართ ერიცხება პროცენტის დავალიანება: 2016 წლის 06 აპრილის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 1309.57 ლარი; 2015 წლის 02 ნოემბრის საბანკო კრედიტის №2555187-8132069 ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 75.35 ლარი; 2016 წლის 3 თებრვლის საბანკო კრედიტის №2555187-8251130 ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 477.27ლარი, 2015 წლის 24 აპრილის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 2189.61 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მხრიდან კასატორს მართებულად დაეკისრა მოსარჩელის მიმართ სესხების პროცენტების გადახდა მოთხოვნილი ოდენობით.

14.5. საკასაციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს. მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით, ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება“ (იხ. ს.უ.ს.გ-ები: N ას-945-895-2015, 14. 03. 2016წ; N ას-307-291-2011, 24.10.2011 წ; N ას-899-845-2012, 22.11.2012 წელი).

სამოქალაქო კოდექსის 408.1, 411-ე და 412-ე მუხლების ამოსავალი დებულება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ განაცდური მოგება. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება (იხ. ს.უ.ს.გ. Nას-243-2021, 04.06.2021წ.). სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემული ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება (იხ. ს.უ.ს.გ. Nას-459-438-2015, 07.10.2015წ.).

14.6. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოპასუხემ დაარღვია ბანკის წინაშე არსებული საკრედიტო ვალდებულებები, რის გამოც კრედიტორმა შეწყვიტა მასთან ხელშეკრულებები. ვინაიდან მოპასუხის სახელზე გაცემული კრედიტები იყო სარგებლიანი, მოსარჩელის ინტერესს ხელშეკრულებების მოქმედების ვადის ფარგლებში სარგებლის მიღება წარმოადგენდა. რაკი მოვალის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის გამო საკრედიტო ხელშეკრულებები შეწყდა, მოსარჩელემ ვერ მიიღო შემოსავალი, რომელსაც კასატორის მიერ ვალდებულების ჯეროვნად შესრულებისას მიიღებდა. საკასაციო პალატის შეფასებით, მოვალისათვის წინასწარი სავარაუდო ზიანი ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტის ოდენობით სახეზეა, რაც ამ ნაწილში სარჩელის სრულად დაკმაყოფილების ფაქტობრივსამართლებრივი საფუძველია, ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის 403-ე და 411-ე მუხლებიდან გამომდინარე, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ მართებულად დაეკისრა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტის დავალიანება მოთხოვნილი ოდენობით.

15. რაც შეეხება პირგასამტეხლოს შემცირების შესახებ კასატორის პრეტენზიას, როგორც უკვე აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ დაარღვია ბანკის მიმართ ნაკისრი ვალდებულებები, რაც ხელშეკრულებების თანახმად, პირგასამტეხლოს დარიცხვის საფუძველია. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა (2016 წლის 06 აპრილის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 454 ლარი; 2015 წლის 02 ნოემბერის საბანკო კრედიტის N 2555187-81320 ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 155 ლარი; 2016 წლის 03 თებერვლის საბანკო კრედიტის N 255518 8251130 ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 375 ლარი; 2015 წლის 24 აპრილის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 825 ლარი) ვალდებულების დარღვევის ხასიათისა და მოცულობის გათვალისწინებით, გონივრულია, სამართლიანია და მისი კიდევ მეტად შემცირების საფუძველი არ ვლინდება.

16. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ იურიდიულ ლიტერატურაში არსებობს პოზიცია, რომლის თანახმად, ფულადი ვალდებულებისა და შესრულების შეუძლებლობის ურთიერთმიმართება შემდეგია - „როგორც ყველაზე მკაცრი გვაროვნული ვალდებულება, ფულადი ვალდებულება ყოველთვის უნდა შესრულდეს“ (იხ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილი, თბილისი, 2019, გვ. 639). ფულის არქონის ფაქტი მოვალეს არ ათავისუფლებს ფულადი ვალდებულების შესრულებისგან, მიუხედავად მისი არქონის წარმომშობი მიზეზისა. გამონაკლისი დაიშვება ვალუტის კონვერტაციასა და მიმოქცევასთან დაკავშირებული შეზღუდვების არსებობისას ან სახელმწიფოს მიერ დაწესებული საქმიანობის აკრძალვისას. ული, როგორც ღირებულებათა საყოველთაო ეკვივალენტი, შესაძლოა, მოვალეს არ გააჩნდეს, თუმცა ნებისმიერი უძრავ-მოძრავი ქონების, მოთხოვნისა და უფლების მის საკუთრებაში არსებობა ქმნის ვარაუდს, რომ ამგვარი აქტივი შესაძლოა ტრანსფორმირდეს ფულად _ ვალდებულების შესრულების საგნად. მაშინაც კი, როდესაც მოვალე ქონებრივ სიკეთეთა არმქონე სუბიექტია, ივარაუდება, რომ არსებობს ფულის გამომუშავების შესაძლებლობაც.

17. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 282.03 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ.მ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. თ.მ–ძეს (პ/ნ ......) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 402.90 ლარის (საგადახდო დავალება № 25072839395, გადახდის თარიღი: 16.12.2024წ, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „საქართველოს ბანკი“) 70% – 282.03 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი