ბს-1090-1052(2კ-08) 4 დეკემბერი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე
ნინო ქადაგიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ. ი.-ისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 27 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2008 წლის 11 იანვარს ნ. ი.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2005 წლის 4 სექტემბრიდან დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან. “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბირს ¹493 ბრძანებულების 33-ე პუნქტისა და 2005 წლის 24 იანვრის ¹47 ბრძანებულების პირველი პუნქტის შესაბამისად, შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეებს ეძლეოდათ ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება წელთა ნამსახურებითა და ამ ბრძანებულებით დადგენილი ფულადი სარგოების მიხედვით. მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ, რადგან შეიარაღებულ ძალებში 20 წელზე მეტი იმსახურა, ფულადი სარგოების თორმეტმაგი ოდენობით ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება ეკუთვნოდა, რაც 9960 ლარს შეადგენდა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მან რამდენჯერმე მიმართა სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობას ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების მიღების მოთხოვნით, მაგრამ მათგან მხოლოდ დაპირებებს იღებდა, რის გამოც იძულებული გახდა იგივე მოთხოვნით 2007 წლის 10 დეკემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მიემართა, მაგრამ 2007 წლის 12 დეკემბრის ¹9/4164 წერილით საქართველოს თავდაცვის სამინისტორსგან ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების მიღებაზე უარი მიიღო. უარის საფუძვლად მითითებული იყო ის გარემოება, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 31 დეკემბრის ¹ 640 ბრძანებულების 611-ე პუნქტის თანახმად, ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების გაცემის ნორმის მოქმედება 2006 წლის 1 იანვრამდე შეჩერებული იყო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაკისრებოდა მის სასარგებლოდ ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების სახით _ 9960 ლარისა და საადვოკატო მომსახურების ხარჯის _ 500 ლარის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით ნ. ი.-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნ. ი.-ის სასარგებლოდ ერთჯერადი (გასასვლელი) დახმარების _ 3480 ლარის ოდენობით ანაზღაურება დაეკისრა; საადვოკატო მომსახურების ხარჯის _ 500 ლარის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში სარჩელზე უარი ეთქვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ი.-მ იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სარჩელი და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ამ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომაც, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ამ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 27 ივნისის განჩინებით ნ. ი.-ისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დააკისრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნ. ი.-ის სასარგებლოდ ერთჯერადი (გასასვლელი) დახმარების ანაზღაურება 3480 ლარის ოდენობით და დამატებით აღნიშნა შემდეგი: საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 7 ნოემბრის ¹2956 ბრძანებით შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნილ იქნა საქართველოს თვდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის ... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის განკარგულებაში მყოფი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ... ქვეითი ბრიგადის ...-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ყოფილი მეთაური, პოლკოვნიკი ნ. ი.-ე საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში 2005 წლის 4 სექტემბრიდან, “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 თავის 21-ე მუხლის მეორე პუნქტის “გ” ქვეპუნქტის (რეორგანიზაცია და შტატების შემცირება) თანახმად.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 331-ე პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც დათხოვნილი იყვნენ შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, ნამსახურების წლების მიხედვით ეძლეოდათ ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება ფულადი სარგოების ამ დებულების 33-ე პუნქტით გათვალისწინებული ოდენობით, ხოლო ამ ბრძანებულების 33-ე პუნქტის “ე” ქვეპუნქტით 20 წელი და მეტი ნამსახურეობის წლებისთვის გაიცემოდა ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება ფულადი სარგოს თორმეტმაგი ოდენობით. 2004 წლის 31 დეკემბრის ¹ 640 კანონით ამ ბრძანებულებაში დამატებული 611-ე პუნქტის მიხედვით, ამ ბრძანებულების 331-ე პუნქტის მოქმედება შეჩერებული იქნა 2006 წლის 1 იანვრამდე.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ნ. ი.-ის მოსაზრება, რომ საქალაქო სასამართლომ უსაფუძვლოდ ამორიცხა “დანამატების კატეგორია” და გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 33-ე და 331-ე პუნქტის შესაბამისად, განისაზღვრა ერთჯერადი დახმარების სახით ფულადი სარგოს წელთა ნამსახურების მიხედვით გაცემის წესი. ამავე ბრძანებულების მე-9 პუნქტით დადგინდა სამხედრო მოსამსახურისათვის ფულადი სარგოების ¹1 დანართის შასაბამისად, დაწესების პირობები და ამავე პუნქტით განისაზღვრა ფულადი სარგოს შემადგენლობა, რომელმაც მოიცვა თანამდებობრივი და ფულადი სარგოები. მიუხედავად საქრთველოს პრეზიდენტის 2004 წლის 15 იანვრის ¹17 და 2004 წლის 24 იანვრის ¹47 ბრძანებულებით განხორციელებული ცვილებებისა, ბრძანებულების მე-9 პუნქტი დარჩა უცვლელად, რომლითაც ფულადი სარგო წარმოდგელინილი იყო მხოლოდ ორი კომპონენტით თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოთი. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია ასევე იმ გარემოებაზე, რომ მართალია, “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულებით დამტკიცებულ ¹1 დანართში საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 24 იანვრის ¹47 ბრძანებულებით განხორციელებული ცვლიებებით ფულადი სარგოს ნუსხას დაემატა მე-3 კომპონენტი, სამხედრო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოსა და დანამატების კატეგორიების განსაზღვრის უფლებამოსილება მიენიჭა საქართველოს თავდაცვის მინისტრს. საქმის მასალებში არ იყო წარმოდგენილი ნ. ი.-თვის საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ განსაზღვრული დანამატების დანიშვნის შესახებ მტკიცებულება.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი იმის დამადასტურებელი მტკიცება, რომ მის მიერ გადახდილი იქნა საადვოკატო მომსახურების ხარჯები, რის გათვალისწინებითაც სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს მოთხოვნის ამ ნაწილში დაკმაყოფილებაზეც საფუძვლიანად ეთქვა უარი.
საპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსაზრება, რომ ერთჯერადი დახმარების მიღების უფლება ვრცელდებოდა 2006 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე და რადგან ნ. ი.-ე შეიარაღებული ძალების რიგებიდან გათავისუფლებულ იქნა 2005 წელს, აღნიშნული მასზე ვერ გავრცელდებოდა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 611-ე პუნქტის საფუძველზე შეჩერებულ იქნა ამ ბრძანებულების 331-ე პუნქტით გათვალისწინებული ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების გაცემის პირობა და წესი. შესაბამისად, ამოქმედების მომენტიდან მისი მოქმედება უნდა გავრცელებულიყო 2005 წლის განმავლობაში წარმოშობილ ურთიერთობებზე.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსაზრება იმის თაობაზეც, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს ჯამის თორმეტმაგი ოდენობა იქნებოდა არა 3480 ლარი, არამედ 3240 ლარი, რადგან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ... ქვეითი ბრიგადის ...-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მიერ 2007 წლის 15 მაისის ¹347 და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ... ქვეითი ბრიგადის 2007 წლის 1 თებერვლის ¹475 ცნობებით დადგენილი იყო, რომ ნ. ი.-ე ნამდვილად მსახურობდა ს/ნ ...-ში და მისი ფულადი სარგო გათავისუფლებამდე შეადგენდა წოდებრივი სარგო _ 60 ლარს, რაც დასტურდებოდა “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულებით, რომელიც ემთხვეოდა ნ. ი.-ის მიმართ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ ¹347 და ¹457 ცნობებში მითითებული წოდებრივი სარგოს ოდენობას, რასაც ეწინააღმდეგებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ საქალაქო სასამართლოში წარმოდგენილ 2008 წლის 7 თებერვლის ¹592 ცნობაში წოდებრივ სარგოდ მითითებულ 40 ლარს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 27 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ი.-მ იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი სარჩელი და გასაჩივრებული განჩინების ამ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 27 ივნისის განჩინება თანხის დაკისრების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომაც, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 20 ოქტომბრის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. ი.-ისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრები; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 20 ოქტომბრის განჩინებების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივრები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2008 წლის 4 დეკემბრამდე; დადგინდა მოცემული საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შუამდგომლობის განხილვა მისი საკასაციო საჩივრის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით დასაშვებად ცნობის შემთხვევაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნოდარ ბერიძისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. ი.-ისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 27 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.