Facebook Twitter

16 მაისი 2025 წელი

№ას-426-2025 ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - შ.პ.ს. „ა“-ს პარტნიორი მ.ჯ–ი

მოწინააღმდეგე მხარეები - ბ.ს., შ.პ.ს. „ჯ.ჩ.“, ა.თ–ი, შ.პ.ს. „ა.გ.“

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 10 თებერვლის განჩინება

დავის საგანი - ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, უძრავი ქონებების მესაკუთრედ ცნობა

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით შ.პ.ს. „ა“-ს დამფუძნებელი პარტნიორის მ.ჯ–ის სარჩელი ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობისა და უძრავი ქონებების მესაკუთრედ ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

2. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მ.ჯ–ა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 10 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი. განჩინება დაეფუძნა შემდეგ ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებს:

3.1. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში 2024 წლის 11 დეკემბერს გამართულ სასამართლო სხდომას, რომელზედაც გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, მართალია არ ესწრებოდა მოსარჩელის წარმომადგენელი, თუმცა კანონით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი. შესაბამისად, იგი ვალდებული იყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 (31.12.2024 წ.) და არა უგვიანეს 30 (13.01.2025წ.) დღისა გამოცხადებულიყო სასამართლოში და გადაწყვეტილების ასლი ჩაებარებინა, ვინაიდან „უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 24 დეკემბრის 441-ე დადგენილების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოებში (შემდგომში ადმინისტრაციული ორგანო) დასაქმებულთათვის 2025 წლის 3 იანვარი, 6 იანვარი, 8 იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით დღეები განისაზღვრა უქმე დღეებად.

3.2. სააპელაციო პალატის განსჯით, მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით განცხადებით 2025 წლის 13 იანვარს მიმართა, თუმცა დასაბუთებული გადაწყვეტილება ჩაიბარა ვადის დარღვევით 2025 წლის 21 იანვარს. პალატამ მიიჩნია, რომ მ.ჯ–ისთვის გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო არა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან, არამედ გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამრიგად, სააპელაციო საჩივრის შეტანის პირველი დღე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, 2024 წლის 14 იანვარი იყო, ხოლო ვადის უკანასკნელი დღე - 2024 წლის 27 იანვარი, რომელიც იყო სამუშაო დღე, ორშაბათი.

3.3. სააპელაციო პალატამ შენიშნა, რომ მ.ჯ–ა სააპელაციო საჩივარი დაგვიანებით, 2025 წლის 30 იანვარს, წარადგინა. აღნიშნული გარემოება კი, მ.ჯ–ის სააპელაციო საჩივრის დაუშვებლობის გამო განუხილველად დატოვებას დაედო საფუძვლად.

4. სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 10 თებერვლის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოსარჩელე შპს „ა“-ს პარტნიორმა მ.ჯ–ა და მოითხოვა მისი გაუქმება, შემდეგი საფუძვლებით:

4.1. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მის ჩაბარებამდე მოსარჩელის წარმომადგენელი სატელეფონო გზით მუდმივად ითხოვდა საქმის განმხილველი მოსამართლის აპარატისგან დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებას, რაზედაც იღებდა განმარტებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილება ჯერ მომზადებული არ იყო. აღნიშნულის გათვალისწინებით, სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს, მოსარჩელის წარმომადგენელმა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მიმართა სასამართლოს კანცელარიას და გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნა დააფიქსირა წერილობით. აღნიშნული განცხადების პასუხად, 2025 წლის 20 იანვარს, წარმომადგენელს სატელეფონო გზით დაუკავშირდა სასამართლოს მუშაკი და აცნობა დასაბუთებული გადაწყვეტილების მომზადების შესახებ. მოსარჩელის წარმომადგენელი 2025 წლის 21 იანვარს გამოცხადდა სასამართლოში და ჩაიბარა აღნიშნული გადაწყვეტილება, ხოლო სააპელაციო საჩივარი წარადგინა ამავე გადაწყვეტილების ჩაბარებიდან მე-9 დღეს.

4.2. სააპელაციო სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა ის ფაქტი, რომ 2025 წლის 13 იანვარს განცხადების წარდგენის მიუხედავად, მოსარჩელეს მოთხოვნილი გადაწყვეტილების ასლი გადაეცა 2025 წლის 21 იანვარს, რაც, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სწორედ გადაწყვეტილების მომზადებისა და ჩაბარების ვადის სასამართლოს მხრიდან დარღვევაზე მეტყველებს და არა სასამართლოში მოსარჩელის დაგვიანებით გამოცხადებაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელისათვის სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის დენა დაიწყო დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მეორე დღეს - 2025 წლის 22 იანვრიდან, რომელიც ამოიწურა 14 დღის შემდეგ, 2025 წლის 05 თებერვალს.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ კერძო საჩივარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.

8. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება სააპელაციო საჩივრის ვადის დარღვევით შეტანის გამო.

9. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დარღვეული იყო სააპელაციო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი 14 დღის ვადა, რადგან სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადა ამოიწურა 2025 წლის 27 იანვარს, სააპელაციო საჩივარი კი, სასამართლოს წარედგინა 2025 წლის 30 იანვარს. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო საჩივარი საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადის დაცვით წარდგენილად უნდა ჩაითვალოს, გამომდინარე იქიდან, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების დაგვიანებით ჩაბარება განპირობებული იყო არა მხარის, არამედ სასამართლოს მიზეზით.

10.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე, რომელიც იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად კი ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე - 2591 მუხლით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

10.2. ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი ან, თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელდება და აღდგენა დაუშვებელია.

10.3. აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს (იხ. სუსგ. №ას-873-2018, 31.01.2019წ.). გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების ინსტიტუტი მოიცავს როგორც უშუალოდ დაინტერესებული მხარისათვის (ან მისი წარმომადგენლისათვის) გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებას, ასევე ამ ჩაბარების ფაქტის არსებობის პრეზუმფციასაც, რაზეც ვრცელდება საპროცესო ვადის გამოთვლის ერთიანი საპროცესო წესი - სსსკ მე-60 მუხლი (იხ. სუსგ. №ას-1327-2024 28.11.2024წ.)

10.4. ამდენად, გასაჩივრების მსურველ მხარეს გააჩნია არა უფლება, არამედ ვალდებულება, ჩაიბაროს გასასაჩივრებელი გადაწყვეტილება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე. სსსკ-ის 2591 მუხლის შინაარსი არ შეიძლება გაგებულ იქნეს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების გარეშე. განსახილველი ნორმა აწესრიგებს გასაჩივრების უფლების წარმოშობის წინაპირობებს, გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას კი აწესრიგებს იმავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 30.12.2014 წლის განჩინება, საქმეზე №ას-1161-1106-2014).

10.5. სსსკ-ის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში.

11. საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელის წარმომადგენელმა (იხ. მოქმედი მინდობილობა გასაჩივრების უფლებით, ტ.1, ს.ფ. 84-90) სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს, 2025 წლის 13 იანვარს, მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების თაობაზე განცხადებით (ტ.2, ს.ფ. 271), თუმცა მისთვის აღნიშნულ თარიღში გადაწყვეტილება არ ჩაუბარებიათ.

12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადების მომენტიდან მე-20-30-ე დღეებში გამოცხადდა სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად, თუმცა ვერ ჩაიბარა იგი სასამართლოს მხრიდან გადაწყვეტილების ვადაში მოუმზადებლობის გამო, უფლებამოსილია, წერილობითი მოთხოვნით მიმართოს აღნიშნულ სასამართლოს. მას შემდეგ, რაც სასამართლო კანცელარიაში დარეგისტრირდება ამგვარი წერილობითი განაცხადი, სასამართლო მოვალეა, შესაბამისი მოხელის სახით, რეაგირება მოახდინოს მხარის მოთხოვნაზე და დააფიქსიროს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილება მზად არ არის. ამ დროს მხარე თავისუფლდება სასამართლოში გამოცხადების ვალდებულებისაგან და მის მიმართ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის დენა დაიწყება დასაბუთებული გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარების მომენტიდან. აღნიშნულთან დაკავშირებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა, რომელიც უზრუნველყოფს ამგვარ შემთხვევებში მხარის უფლებების დაცვას (იხ. სუსგ. №ას-204-194-2016, 30.03.2016წ.; №ას-837-2023, 11.12.2023წ.; პ.18; №ას-190-2024, 19.03.2024 წ.).

13. იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარდგენილია მხარის განცხადება სსკ 2591 მუხლის შესაბამისად დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მოთხოვნით, სასამართლოს წარმოეშვება სსკ 259-ე მუხლის შესაბამისად მოქმედების ვალდებულება, რაც იმაში გამოიხატება, რომ განმცხადების წარმდგენ მხარესთან სასამართლოს კომუნიკაცია შესაბამისი მუშაკის მეშვეობით უნდა შედგეს და მას, სულ მცირე, ის მაინც უნდა განემარტოს, რომ გადაწყვეტილების ჩაბარების დამაბრკოლებელი გარემოება არ არსებობს, შესაბამისად, მხარეს შეუძლია გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს დასაბუთებული გადაწყვეტილება, აღნიშნული კომუნიკაციის შესახებ კი უნდა შედგეს შესაბამისი მტკიცებულება წერილობითი მიმართვისა თუ აქტის სახით. წინააღმდეგ შემთხვევაში, გადაწყვეტილების დასაბუთებული ასლის ჩაბარების ურეაგირებოდ დატოვებული მხარის მოთხოვნა მეტყველებს სწორედ იმაზე, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში მომზადებული არ არის.

14. გაუმართლებელია, გადაწყვეტილების არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღის ვადაში ჩაუბარებლობის მიზეზების მტკიცების ტვირთის მხარისათვის გადაკისრება. იმ მოცემულობაში, როდესაც ერთმნიშვნელოვნად არ დგინდება კანონით დადგენილ ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მომზადების ფაქტი, გასაჩივრების ვადის ათვლის დაკავშირება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღისათვის დაუშვებელია, არამედ მისი ათვლა უნდა დაიწყოს მოსარჩელისთვის/წარმომადგენლისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მომენტიდან (იხ. სუსგ. №ას-190-2024, 19.03.2024წ.).

15. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის წარმომადგენლის წერილობითი განცხადებით დადასტურდა ის ფაქტი, რომ მან კანონით დადგენილ ვადაში მიმართა სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით. აღნიშნულის შემდგომ სასამართლოს წარმოეშვა ვალდებულება, უზრუნველეყო მოსარჩელისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემა.

16. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ეფექტური სასამართლო დაცვის უფლება გულისხმობს სამოქალაქო სამართალწარმოების მხარეების შესაძლებლობას, გამოიყენონ გასაჩივრების უფლება იმ მომენტიდან, როცა მათ შეუძლიათ ეფექტურად შეაფასონ სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებმაც შეიძლება დაარღვიოს მათი უფლებები და კანონიერი ინტერესები. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე დაადგინა, „ეროვნულმა სასამართლომ ვადის შემზღუდველი პროცედურული ნორმა ისეთნაირად განმარტა, რომ ხელი შეუშალა მომჩივნის საჩივრის გამოკვლევას, რის შედეგადაც ამ უკანასკნელის სასამართლოს ეფექტური დაცვის უფლება დაირღვა.“ (Georgiy Nikolayevich Mikhayliv v. Russia, 4543/04, §57, 2010, ECHR).

17. საქმეში „მირაგალ ესკოლანო და სხვები ესპანეთის წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლოს მიერ პროცედურული წესის, განსაკუთრებით კი, გასაჩივრების უფლების გამოყენების ვადების განსაკუთრებით მკაცრმა ინტერპრეტაციამ, შესაძლოა ხელყოს სასამართლოსადმი წვდომის უფლება. მხარეებს უნდა შეეძლოთ გასაჩივრების უფლების გამოყენება იმ მომენტიდან, როცა მათ ძალუძთ ეფექტურად შეაფასონ ის ტვირთი, რომელსაც აკისრებთ სასამართლო გადაწყვეტილება. აღნიშნულ საქმეში ევროსასამართლომ მიიჩნია, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ პროცედურული წესის განსაკუთრებით მკაცრმა ინტერპრეტაციამ არასწორად ჩამოართვა მომჩივნებს თავიანთი საჩივრების განხილვისათვის სასამართლოსადმი წვდომის უფლება (იხ. Case of Miragall Escolano and Others v. Spain, 38366/97, ECHR; ასევე, იხ. დიდი პალატის განჩინება საქმეზე №ას-1161-1106-2014, 30.12.2014წ.)

18. მოცემულ შემთხვევაში, ირკვევა, რომ კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელმა გადაწყვეტილება ხელწერილით ჩაიბარა 21.01.2025 წელს (ტ.2, ს.ფ. 272), შესაბამისად, სსსკ-ის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილისა და ამავე კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლის მიხედვით, მოსარჩელისთვის გასაჩივრების 14 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 22.01.2025 წელს და ამოიწურა 04.02.2025 წელს. მოსარჩელის მიერ სააპელაციო საჩივარი წარდგენილია 30.01.2025 წელს. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას და მიიჩნევს, რომ მას სსსკ-ის 369-ე მუხლით გათვალისწინებული ვადა არ გაუშვია, შესაბამისად, არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობა.

19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შ.პ.ს. „ა“-ს პარტნიორ - მ.ჯ–ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 10 თებერვლის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი