06 თებერვალი 2025 წელი
№ას-1535-2024 ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ნ.კ–ი
მოწინააღმდეგე მხარეები - ნ.ხ–ია, ა.ხ–ია, მ.ვ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე - ნოტარიუსი მ.ბ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე - ს.ს.ი.პ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 09 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, რეგისტრაციის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ნ.კ–მა 2019 წლის 8 თებერვალს სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების - ნ.ხ–იას, ა.ხ–იას, მ.ვ–ძის, ნოტარიუს მ.ბ–ძისა და ს.ს.ი.პ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ შემდეგი სასარჩელო მოთხოვნებით:
- ბათილად იქნეს ცნობილი ცნობილი ნოტარიუს მ.ბ–ძის მიერ 2018 წლის 13 ივნისს გაცემული სამკვიდრო მოწმობა (სარეგისტრაციო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი №181563449) ნ.კ–ის საკუთრებად რეგისტრირებული ქონების ½ ნაწილის ნ.ხ–იასთვის, ა.ხ–იასა და მ.ვ–ისთვის მიკუთვნების ნაწილში;
- ბათილად იქნეს ს.ს.ი.პ. სახელმწიფო სერვისების სააგენტოს (საჯარო რეესტრის სამსახური) გადაწყვეტილება №902018135126-08 (22.01.2019წ.) უძრავი ქონების - მისამართი: ქალაქი ქობულეთი, .........., ს/კ N........, - ½ ნაწილის ნ.ხ–იას, ა.ხ–იასა და მ.ვ–ძის საკუთრებაში/თანასაკუთრებაში რეგისტრაციის შესახებ და შესაბამისად აღნიშნული უძრავი ქონება აღირიცხოს ნ.კ–ის საკუთრებად.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ნ.კ–ის სარჩელი მოპასუხეების - ნ.ხ–იას, ა.ხ–იას, მ.ვ–ძის, ნოტარიუს მ.ბ–ძისა და ს.ს.ი.პ. სახელმწიფო სერვისების სააგენტოს (საჯარო რეესტრი) მიმართ დაკმაყოფილდა:
2.1. ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუს მ.ბ–ძის მიერ 2018 წლის 13 ივნისს გაცემული სამკვიდრო მოწმობა (სარეგისტრაციო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი №181563449);
2.2. ბათილად იქნა სსიპ სახელმწიფო სერვისების სააგენტოს (საჯარო რეესტრის სამსახური) გადაწყვეტილება №902018135126-08 (22.01.2019წ.) უძრავი ქონების - მისამართი: ქალაქი ქობულეთი, ......., ს/კ ........, - 1/2 ნაწილის ნ.ხ–იას, ა.ხ–იასა და მ.ვ–ძის საკუთრებაში/თანასაკუთრებაში რეგისტრაციის შესახებ.
3. ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინეს ნ.ხ–იამ, ა.ხ–იამ და მ.ვ–ძემ და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 09 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება და ნ.კ–ის სარჩელი დარჩა განუხილველი. განჩინება დაეფუძნა შემდეგ ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებს:
4.1. დადგენილია, რომ ნ.კ–ი ავთანდილ კვესიეიშვილის მემკვიდრეა, რომელსაც, თავის მხრივ, მიღებული ჰქონდა ქ.კ–ის დანაშთი სამკვიდრო, ხოლო მოპასუხეებმა მ.ვ–ძემ, ა.ხ–იამ და ნ.ხ–იამ მიიღეს მამკვიდრებლის - მ.ხ–ას სამკვიდრო, რომელსაც, თავის მხრივ, მიღებული ჰქონდა კ.მ–ის სამკვიდრო.
4.2. ქ.კ–ის გარდაცვალებით გაიხსნა სამკვიდრო. სამკვიდროს გახსნის ფაქტი დასტურდება ქ.კ–ის გარდაცავალების მოწმობით. სამკვიდროს გახსნის ადგილი - ქობულეთი, .......... (ამჟამინდელი ...........). ქ.კ–ის მემკვიდრეობა გაიხსნა შემდეგ ქონებაზე, მდებარე ქობულეთი, ....... სამკვიდრო ქონება არის ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლი, საერთო ფართით: 225.0 კვ.მ., საცხოვრებელი ფართი: 186.0 კვ.მ. და დამხმარე ფართი: 39.0 კვ.მ..
4.3. დადგენილია, რომ 2019 წლის 22 იანვრის მდგომარეობით, სადავო უძრავი ნივთი, მდებარე ქობულეთში, ......, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის 953.00 კვ.მ. ფართი და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობები ფართებით: №1 შენობა - 18კვ.მ., №2 შენობა -269.25კვ.მ., (სადავო) და №3 შენობა - 75.5კვ.მ. რეგისტრირებულია მოპასუხეების - მ.ვ–ძის, ა.ხ–იას, ნ.ხ–იას (რეგისტრაციის საფუძველია: 26.02.1957 წლის ნასყიდობის ხელშეკრულება და 26.12.2018 წელს - ნოტარიუს მ.ბ–ძის მიერ - გაცემული სამკვიდრო მოწმობა) და მოსარჩელე ნ.კ–ის (რეგისტრაციის საფუძველია: 10.04.1957 წლის ნასყიდობის ხელშეკრულება და 5.10.2012 წელს - ნოტარიუს მ.კ–ძის მიერ - გაცემული სამკვიდრო მოწმობა) თანასაკუთრებად.
4.4. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში დაცული უძრავი ნივთის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ 30.09.2011 წლის, 8.31.2016 წლის, 8.01.2019 წლისა და 9.10.2012 წლის ცნობა-დახასიათებებში ასახული ინფორმაციის თანახმად, ქობულეთში, ......... მდებარე (მიწის ფართი და ლიტერი: „ა“ დასახელება: საცხოვრებელი საერთო ფართი: გაურკვეველი) უძრავი ქონების მესაკუთრეებად/მოსარგებლეებად დაფიქსირებული არიან მენაბდე კლარა (შენიშვნა: ფართი-გაურკვეველია, ნასყიდობის ხელშეკრულება №848 26.02.1957 ნოტარიუსი: გაურკვეველია) და კ.ქ. (შენიშვნა: ფართი გაურკვეველია, ნასყიდობის ხელშეკრულება №1424, 10.04.1957 ნოტარიუსი: კ–ი).
იმავე ცნობა-დახასიათების თანახმად, სააღრიცხვო ბარათის მონაცემების მიხედვით, 1957 წლის აღრიცხვით მიწის ფართი დაფიქსირებული იყო - 5731 კვ.მ., 1984 წლის ტექნიკური პასპორტის მიხედვით, მფლობელად მითითებულია ქ.კ–ი, ხოლო მიწის ფართი 946 კვ.მ..
4.5. საქმეში წარმოდგენილი ტექნიკური აღრიცხვის ბარათის თანახმად, სადავო უძრავ ქონებაზე მესაკუთრეებად რეგისტრირებულნი არიან კ.მ–ე 26.02.1597 წლიდან და ქ.კ–ი 10.04.1957 წლიდან. მითითებული დოკუმენტის თანახმად, შენობის ფართი შეადგენს 297.5 კვ.მ., ხოლო 10.10.1984 წლის მონაცემებით, ტექნიკური აღრიცხვის ბარათში, ქობულეთში, ...... ნომერში, ფიქსირდება ქ.კ–ის საკუთრება „ა“-275 კვ.მ., „ბ“ 18 კვ.მ. და „ვ“ 10 კვ.მ. ფართებზე. ამავე დოკუმენტში მოცემულია „ა“ შენობის ოთახების ფართები. ოთახების ფართები ასევე მოცემულია 1957 წელს შედგენილ ოთახების ექსპლიკაციის გეგმაშიც, რომლის საერთო ფართი 227.80 კვ.მ.-ს შეადგენს
4.6. ქობულეთში, ........ მდებარე 5731 კვ.მ. მიწის ფართზე არსებული სახლთმფლობელობა 1957 წელს ეკუთვნოდა ლ.ი. ასულ ზ–ას.
4.7. ლ.ი. ასულმა ზ–ამ, მის საკუთრებაში არსებული ქონების ერთსართულიანი ქვის შენობიდან, 1/10 ნაწილი - ერთი ოთახი თავისი კარიდორით, 1957 წლის 26 თებერვალს, 4000 მანეთად მიჰყიდა კლარა ივსიხის ასულ მენაბდეს. აღნიშნული ხელშეკრულების ნამდვილობა მოსარჩელის მიერ შედავებული არ არის.
4.8. ლ.ი. ასულმა ზ–ამ კ.ქ. ს–ის ძეს (მცხოვრებს ქობულეთში .........) მიჰყიდა ერთსართულიანი ქვის შენობა შემდგარი ცხრა ოთახისა და ორი დამხმარე კარიდორისგან დახურული თუნუქით, რომლის ფართი უდრის 230 კვ.მ-ს (სადავო) (განლაგებული მიწის ნაკვეთზე 5731 კვ.მ).
ხელშეკრულების თანახმად, აღნიშნული სახლთმფლობელობა პირადი საკუთრების უფლებით ეკუთვნის გამყიდველს (ზ–ას), თანახმად, №087 დასტურისა (გაცემული ქობულეთის ქალაქის საბჭოს აღმასკომის კომგანყოფილების ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს მიერ 1957 წლის 9 აპრილის თარიღით) და გაიყიდა მყიდველზე (ქ.ს. ძე კ–ზე) 35000 მანეთად. ხელშეკრულება დამოწმებულია ნორატიუს ნ. კ–ის მიერ.
4.9. ქობულეთში, ....... (ყოფილი .......) №592 ნომერში არსებული სახლმფლობელობიდან ქ.ს. ძე კ–ის მფლობელობა ვრცელდებოდა №1,2,3,4,5,6,7,8½,9 ოთახებზე, ხოლო კ.ი. ასული მ–ის მფლობელობა ვრცელდებოდა №8½ და №10 ოთახებზე (შენობიდან 1/10 ნაწილი - ერთი ოთახი, თავისი კარიდორით).
4.10. ნოტარიუს მ.კ–ძის მიერ 2012 წლის 5 ოქტომბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობით (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი №121083549) დადგენილია, რომ ნ.კ–ი არის მამკვიდრებელ ქ.კ–ის პირველი რიგის მემკვიდრე, თანახმად ქორწინების მოწმობისა. მემკვიდრეობა გაიხსნა შემდეგ ქონებაზე: საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი, მდებარე: ქობულეთი, ......., რაც ეკუთვნოდა გარდაცვლილ ქ.კ–ს, რომლის პირველი რიგის მემკვიდრე იყო 05.06.2001წ. გარდაცვლილი ა.კ–ი, რაც დასტურდება 19.10.2011 წლის სასამართლო გადაწყვეტილებით, რომელმაც მიიღო მემკვიდრეობა და არ გაიფორმა თავისი სამემკვიდრეო უფლებები. სამკვიდრო ქონება საკუთრების უფლებით ეკუთვნის მამკვიდრებელს, რაც დასტურდება შემდეგი დოკუმენტებით: ცნობა-დახასიათება: სამკვიდრო ქონება არის ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლი, საერთო ფართით: 225.0 კვ.მ. (სადავო). მიწის ნაკვეთის საერთო ფართობი: 960 კვ.მ.. უფლების დამადასტურებელი საბუთით მემკვიდრემ სამკვიდრო მიიღო საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით, ქობულეთის რაიონის სანოტარო ბიუროში განცხადების შეტანით 2011 წლის 09 აგვისტოს, და დამატებითი განცხადების შეტანით 2012 წლის 5 ოქტომბერს. მამკვიდრებლის სხვა მემკვიდრეებს მემკვიდრეობის მიღების შესახებ განცხადება სანოტარო ბიუროში არ შეუტანიათ.
4.11. 2012 წლის 5 ოქტომბრის სამკვიდრო მოწმობით წარმოშობილი ნ.კ–ის (მოსარჩელის) უფლება შედავებული არ ყოფილა/არ გასაჩივრებულა. 2012 წლის 5 ოქტომბრის საკვიდრო მოწმობა, რომლითაც ნ.კ–ის მემკვიდრეობის უფლება დადგენილია 225.0 კვ.მ. საცხოვრებელ ფართზე, ძალაშია და არ გაუქმებულა.
4.12. საჯარო რეესტრის 13.05.2015 წლის ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონება, მდებარე ქობულეთი, .........., ს/კ ........, დაზუსტებული ფართობი: 953.00 კვ.მ. (შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1-18კვ.მ., №2-269.25 კვ.მ. და №3-75.5 კვ.მ.,) საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით, 5.10.2012 წლის სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, აღირიცხა ნ.კ–ის სახელზე (ნ.კ–ის მიერ მემკვიდრეობით მიღებულია 225 კვ.მ, ხოლო ქ.კ–ის მიერ ლ. ზ–ასთან გაფორმებულ 10.04.1957წ. ხელშეკრულებაში, 230 კვ.მ ფართის ერთსართულიანი ქვის შენობაა მითითებული, საჯარო რეესტრის ამონაწერით აღნიშნული შენობის ფართია 269.25 კვ.მ) .
4.13. 2018 წლის 26 დეკემბერს ნოტარიუს მ.ბ–ძის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობით (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი №181536449) დადგენილია, რომ მამკვიდრებელ კ.მ–ის მემკვიდრეებმა - მ.ვ–ძემ, ნ.ხ–იამ და ა.ხ–იამ მთლიანად (სრულად) მიიღეს სამკვიდრო მასაში შემავალი ქონების 3/4 თანაბარწილად.
4.14. კ.მ–ის სამკვიდრო გაიხსნა 13.05.2001 წელს და 10.03.2008 წლის მდგომარეობით, მის მემკვიდრეს (შვილს) - მ.ხ–ას - მიღებული აქვს სამკვიდრო სსკ 1421-ე მუხლის თანახმად.
4.15. 2008 წლის 10 მარტს ნოტარიუსს მ.ბ–ძის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობით (№2-100) დადგენილია, რომ აწ გარდაცვლილმა მ.ხ–ამ - კ.მ–ის პირველი რიგის მემკვიდრემ (შვილმა), საკუთრებაში მიიღო სამკვიდრო ქონება, რომელიც წარმოადგენს 0.06 ჰექტარს (დაუზუსტებელი), მდებარე მისამართზე დუშეთი, ........, „კ“.
4.16. დადგენილია, რომ ს.ს.ი.პ. სახელმწიფო სერვისების სააგენტოს (საჯარო რეესტრის სამსახური) №902018135126-08 (22.01.2019წ.) გადაწყვეტილებით, 2018 წლის 26 დეკემბრის სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, სადავო უძრავი ქონების - მისამართი: ქალაქი ქობულეთი, ......., ს/კ ........, - ½ ნაწილი აღირიცხა ნ.ხ–იას, ა.ხ–იასა და მ.ვ–ძის საკუთრებად/თანასაკუთრებად.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2018 წლის 26 დეკემბრის სამკვიდრო მოწმობა გაცემული იქნა არა მხოლოდ მამკვიდრებელ კ.მ–ის სამკვიდრო ქონებაზე, არამედ სხვის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზეც, კერძოდ მოსარჩელის ნ.კ–ის საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონების - მისამართი: ქალაქი ქობულეთი, .........., ს/კ ........, ½ ნაწილზე.
4.17. საქმეში წარმოდგენილი, შ.პ.ს. „საშუამავლო-საკონსულტაციო ჯგუფი - მენტორის“ დირექტორის დ.ვ–ის მიერ, ნ.კ–ის დაკვეთით, 3.10.2011 წელს შედგენილი და ხელმოწერილი აზომვითი ნახაზის თანახმად, №2 შენობა ნაგებობის ფართი 269.25 კვ.მ.-ს შეადგენს.
დადგენილია, რომ ნ.კ–ს 5.10.2012 წლის სამკვიდრო მოწმობის მიხედვით, მემკვიდრეობით მიღებული აქვს ქ.კ–ის (მამკვიდრებლის) კუთვნილი ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლი, საერთო ფართი 225.0 კვ.მ. და არა 269.25 კვ.მ ფართის №2 შენობის სრული ფართი.
4.18. სააპელაციო სასამართლოს განსჯით, 5.10.2012 წლის სამკვიდრო მოწმობის თანახმად, ნ.კ–ს უფლება წარმოეშვა სადავო ქონების - №2 შენობა-ნაგებობის მხოლოდ სამკვიდრო მოწმობაში მითითებულ ნაწილზე - 225.0 კვ.მ საცხოვრებელ ფართზე (186 კვ.მ და დამხმარე 39 კვ.მ), ხოლო საჯარო რეესტრში, №2 შენობის რეგისტრირებული ფართის დანარჩენ ნაწილზე (44.25 (269.25-225) კვ.მ) ნ.კ–ის საკუთრების უფლება დადასტურებული არ არის.
4.19. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, სასარჩელო მოთხოვნის გრაფაში მითითებულ, სადავო ქონების მოსარჩელის საკუთრებად აღრიცხვის თაობაზე დაუზუსტებელ მითითებაზე (სავარაუდოდ, მიკუთვნებით მოთხოვნაზე) პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უმსჯელია, შესაბამისად, ამ საკითხთან დაკავშირებით არც გადაწყვეტილებაა გამოტანილი. გადაწყვეტილების ეს ნაწილი მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია. უდავოა, მოსარჩელის საბოლოო მიზანს წარმოადგენდა მიკუთვნებითი მოთხოვნის დაკმაყოფილება. ამ მოთხოვნის გარეშე კი პირველი ორი აღიარებითი მოთხოვნა იურიდიულ ინტერესს მოკლებულია და ამ შინაარსის მოთხოვნების დაკმაყოფილება (კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაშიც კი) მოსარჩელის მიზნის მიღწევის საშუალებად ვერ გამოდგება, ვინაიდან სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით მოსარჩელე ვერ დაიბრუნებს სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლებას.
4.20. სააპელაციო სასამართლოს განსჯით, ვინაიდან მოსარჩელის მიერ წარდგენილი არ არის პრეტენზია საკუთრების უფლებით სადავო ფართის აღრიცხვასთან დაკავშირებით, სასამართლო არ არის უფლებამოსილი იმსჯელოს ამ საკითხზე. ამ მოცემულობით კი, სარჩელი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, ვინაიდან მოსარჩელეს სათანადო წესით არ დაუზუსტებია აღიარებითი სარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესი, რაც იმაში გამოიხატა, რომ არ გაუსაჩივრებია სადავო ქონების მოსარჩელის საკუთრებად აღრიცხვის შესახებ სავარაუდო მოთხოვნის ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიუღებლობა.
4.21. სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, სარჩელის არსებითად გადაწყვეტის შემთხვევაშიც კი, სააპელაციო პალატას გადაწყვეტილების კანონიერებისა და დასაბუთებულობის გადასინჯვის უფლებამოსილება მხოლოდ სადავო სანოტარო აქტებისა და საჯარო რეესტრის მიერ განხორციელებული ქმედების მიმართ დაყენებული აღიარებითი მოთხოვნების ფარგლებში გააჩნია, ასეთ შემთხვევაში, მოსარჩელის სავარაუდო მიკუთვნებითი მოთხოვნის დაუკმაყოფილებელ ნაწილში გადაწყვეტილება პირველი ინსტანციის სასამართლოს არ მიუღია. თუ ამ ნაწილში გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესულად ჩაითვლება, აღიარებითი სასარჩელო მოთხოვნების მიმართ მოსარჩელეს აღარ ექნება იურიდიული ინტერესი, რადგან იგი ვერ განახორციელებს სადავო ქონების თავის საკუთრებად აღრიცხვას. სავარაუდოდ, საჭირო გახდება ახალი დავის წამოწყება იმავე მხარეებს შორის ქონების მიკუთვნების მოთხოვნით.
4.22. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სასარჩელო მოთხოვნების გრაფაში დაფიქსირებული ბოლო წინადადება მართლაც შეიძლება განხილული იქნეს სადავო ქონების საკუთრებად აღრიცხვის შესახებ მოთხოვნად, თუმცა, ამ მოთხოვნის (ბოლო წინადადების) დაზუსტების, ნათლად მითითებისა და დაკონკრეტების გარეშე, დავის საგნის კონკრეტული საზღვრების მითითების გარეშე, (რაც სამართალწარმოებისას არ განხორციელებულა), წარმოდგენილ სარჩელს იურიდიული ინტერესი გამოცლილი აქვს. ქონების მოსარჩელის საკუთრებად აღრიცხვის საკითხი პირველი ინსტანციის სასამართლოში არც განხილულა და არც გადაწყვეტილა, მოსარჩელე კი დაეთანხმა ამ მოცემულობას და გადაწყვეტილების ამ შინაარსთან დაკავშირებით სააპელაციო საჩივარი არ წარუდგენია. მოსარჩელის მხრიდან პრეტენზიის წარუდგენლობის გამო მიკუთვნებითი მოთხოვნა ამოირიცხა სააპელაციო სასამართლოს მიერ განსახილველი საკითხების წრიდან, ამ მდგომარეობამ კი სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი (მხოლოდ აქტების ბათილობა), იურიდიული ინტერესის გარეშე დატოვა.
4.23. მიუხედავად სააპელაციო პალატის მცდელობისა, აპელანტმა არ დააზუსტა, მოსარჩელის საკუთრების უფლებას სადავო ქონების რა ნაწილზე ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები და რეალურად, მოსარჩელეს ქონების რა ნაწილზე გააჩნია მოთხოვნა. მოცემული პროცესუალური პრობლემა, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სარჩელის განუხილველად დატოვებითა და მოსარჩელისთვის დაზუსტებული სარჩელის განმეორებით წარდგენის შესაძლებლობის მიცემით უნდა აღმოფხვრილიყო.
5. სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 09 ოქტომბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოსარჩელე ნ.კ–მა და მოითხოვა მისი გაუქმება, შემდეგი საფუძვლებით:
5.1. მოწინააღმდეგე მხარის მამკვიდრებელმა კ.მ–ემ ქ. ქობულეთში, ........ №592-ში მდებარე უძრავი ნივთიდან №8 ოთახის ½ და №10 ოთახი (ერთი ოთახი თავისი კარიდორით), ანუ შენობიდან 1/10 ნაწილი, შეიძინა მხოლოდ მფლობელობის უფლებით. მოსარჩელის მიერ სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე სადავო ქონების მთლიანად თავის სახელზე რეგისტრაციის შემდეგ მოპასუხეთა სასარგებლოდ გაცემული სამკვიდრო მოწმობა და რეგისტრაცია არის უკანონო, მით უმეტეს, რომ სადავოდ ქცეული სამკვიდრო მოწმობით მემკვიდრეობად მიჩნეულია არა კ.მ–ის მიერ მფლობელობის უფლებით მიღებული ერთი ოთახი და კორიდორი, არამედ მთელი ქონების ½ ნაწილი, რითაც მოპასუხეები მოსარჩელის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდნენ.
5.2. მოპასუხეების სასარგებლოდ გაცემული უკანონო სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის მოთხოვნას გააჩნია ნამდვილი იურიდიული ინტერესი, რადგანაც ნ.კ–ის სასარგებლოდ გაცემული სამკვიდრო მოწმობა, რომლითაც მოსარჩელემ მოიპოვა საკუთრება სადავო ნივთზე, ნამდვილი და შეუდავებელია. ამავდროულად, საკუთრების პირველადი ჩანაწერი ქონების ერთპიროვნულ მესაკუთრედ მოსარჩელის რეგისტრაციის შესახებ, არ გასაჩივრებულა. აღნიშნულ გარემოებათა გამო, სადავო სამკვიდრო მოწმობის ბათილობის შედეგად, სადავო უძრავ ნივთზე აღდგენას ექვემდებარება ნ.კ–ის ინდივიდუალური საკუთრების უფლება.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ კერძო საჩივარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.
9. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია სააპელაციო სასამართლოს მხრიდან მხოლოდ სარჩელის განუხილველად დატოვების მართლზომიერება, რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის სხვა პრეტენზიებს, ისინი წარმოადგენს საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, რასაც საკასაციო პალატა კერძო საჩივრის ფარგლებში ვერ განიხილავს.
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.
11.1. იურიდიული ინტერესი არის ის ფაქტობრივი და სამართლებრივი შედეგი, რომლის მიღწევასაც ცდილობს მხარე აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით. აღიარებითი სარჩელის მიმართ ნამდვილი იურიდიული ინტერესის არარსებობა არათუ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, არამედ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველსაც კი წარმოადგენს. დავის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობის შემოწმება განეკუთვნება სამართლის საკითხს, შესაბამისად, ვიდრე საქმის განმხილველი სასამართლო სარჩელის საფუძვლიანობას შეამოწმებს, მნიშვნელოვანია, შეფასდეს აქვს თუ არა მოსარჩელეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ და უზრუნველყოფს თუ არა მოსარჩელის მოთხოვნა ამ ინტერესის დაკმაყოფილებას. აღიარებითი სარჩელის შემთხვევაში იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის ინტერესით, არამედ მატერიალურსამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. აღიარებითი სარჩელი უნდა ემსახურებოდეს მატერიალურსამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმე №ას-121-117-2016, 17 მარტი, 2016 წელი).
11.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესი კოდექსის 180-ე მუხლი ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს, კერძოდ: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა. აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების აღიარებასთან. სხვა საკითხია იურიდიული შედეგის არსებობის ან არარსებობის დადგენის სურვილი. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისთვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმე №ას-121-117-2016, 17 მარტი, 2016 წელი).
12.1. პალატა შენიშნავს, რომ სადავოდ ქცეულ ნაწილში მოპასუხეთა სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობისა და მის საფუძველზე უძრავ ნივთზე განხორციელებული რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის იურიდიულ ინტერესს წარმოადგენდა მთლიან ქონებაზე საკუთრების უფლების აღდგენა (იხ. სარჩელი, დავის საგნის გრაფა). მეტიც, მოსარჩელეს სადავო სამკვიდრო მოწმობისა და რეგისტრაციის ბათილობის თანმდევ შედეგად სასარჩელო მოთხოვნაშიც გაცხადებული ჰქონდა თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის ნება (იხ. სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის გრაფა).
საგულისხმოა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელის მიერ სარჩელში წერილობით ჩამოყალიბებულ მოთხოვნებს ცვლილება არ განუცდია. პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად, ნ.კ–ის სარჩელი არა ნაწილობრივ, არამედ მთლიანად დაკმაყოფილდა. დასახელებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.1-1.2 პუნქტებში აისახა, რომ ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუს მ.ბ–ძის მიერ 2018 წლის 13 ივნისს გაცემული სამკვიდრო მოწმობა (სარეგისტრაციო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი №181563449) და ბათილად იქნა ცნობილი ს.ს.ი.პ. სახელმწიფო სერვისების სააგენტოს (საჯარო რეესტრის სამსახური) №902018135126-08 (22.01.2019წ.) გადაწყვეტილება უძრავი ქონების - მისამართი: ქალაქი ქობულეთი, .......... გადაწყვეტილება 592, ს/კ .........., - 1/2 ნაწილის ნ.ხ–იას, ა.ხ–იასა და მ.ვ–ძის საკუთრებაში/თანასაკუთრებაში რეგისტრაციის შესახებ. რაც შეეხება სამკვიდრო მოწმობისა ნაწილობრივ ბათილობისა და მის საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაციის ბათილობის თანმდევ შედეგს - თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენას - გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი მასზე მითითებას არ შეიცავს.
12.2. საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ხსენებული ნაკლი არსობრივად წარმოადგენს მიკუთვნებითი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას, რაც მოსარჩელის მხრიდან სააპელაციო საჩივრის წარდგენის მიზეზად უნდა ქცეულიყო. აღნიშნული დასკვნის საფუძელს არ იძლევა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 მაისის გადაეწყვეტილების 3.2.5. პუნქტში განვითარებული შემდეგი მსჯელობა:
„ ...სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოპასუხეების მოსაზრებაზე, რომ 2012 წლის 5 ოქტომბის სამკვიდროს მოწმობაში, გაცემულ მოსარჩელის ნ.კ–ის სახელზე, ქონების შესახებ მონაცემები შეტანილი იქნა 27.07.2011წ. ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაცემული ცნობა-დახასიათების საფუძველზე, რომელიც არ შეესაბამება ტექ-ბიუროს არქივში დაცულ რეალურ მონაცემებს, სადავო ქონება ჯერ კიდევ 1957 წლის მდგომარეობით წარმოადგენდა ზ. ლ–ას საკუთრებას, რომელმაც 26.02.1957წ. ქონების ნაწილი მიყიდა კ.მ–ეს, ხოლო 10.04.1957წ. კი ქ.კ–ს. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეები არ ეთანხმებიან 27.07.2011 წლის ცნობა-დახასიათებას და 2012 წლის 5 ოქტომბრის 8 სამკვიდრო მოწმობას, მაგრამ მხარეთა ახსნა-განმარტებით და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა, რომ 2012 წლის 5 ოქტომბრის სამკვიდრო მოწმობა შედავებული არ ყოფილა/არ გასაჩივრებულა, შესაბამისად 2012 წლის 5 ოქტომბრის საკვიდრო მოწმობა ძალაშია და ითვლება კანონის შესაბამისად მიღებულად.
ამდენად სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მტკიცებას და დადგენილად მიიჩნევს, რომ რომ ნ.კ–ს, როგორც მემკვიდრეს, საკუთრების უფლებით ეკუთვნის სამკვიდრო ქონება, მდებარე ქობულეთი, ........, საერთო ფართით: 225.0 კვ.მ, საცხოვრებელი ფართი:186.0 კვ.მ. და დამხმარე ფართი: 39.0 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საერთო ფართი: 946 კვ.მ., უფლების დამადასტურებელი საბუთით არსებული ფართი: 946კვ.მ. ასევე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ნ.კ–ის საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, წილობრივი მონაცემებით ეკუთვნის მთლიანად“ (იხ. გადაწყვეტილების მე-7 მე-8 გვერდები).
12.3. ციტირებული მსჯელობიდან საკასაციო სასამართლოსთვის ცხადია, რომ ნოტარიუს მ.ბ–ძის მიერ 2018 წლის 13 ივნისს გაცემული სამკვიდრო მოწმობის (სარეგისტრაციო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი №181563449) ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და მარეგისტრირებელი ორგანოს №902018135126-08 გადაწყვეტილების ბათილად მიჩნევის პირობებში, პირველი ინსტანციის სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელეს საკუთრების უფლება სადავო ქონებაზე არ დაუკარგავს, შესაბამისად, იგი საქმის განხილვის დროსაც მესაკუთრედ რჩებოდა. სწორედ ამ მოტივის გათვალისწინებით, საქმის განმხილველმა სასამართლომ საჭიროდ აღარ მიიჩნია, დამატებით ემსჯელა ბათილობის თანმდევ შედეგეგზე, ესე იგი, თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენაზე.
13. საკასაციო პალატა ხაზგასმით მიუთითებს, რომ პირველი და ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ იურიდიული ინტერესის მიღწევადობის სხვადასხვაგვარად განმარტება მაშინ, როდესაც მოსარჩელეს თავიდანვე ჰქონდა აღძრული მიკუთვნებითი მოთხოვნაც, არ შეიძლება გახდეს დაკმაყოფილებული აღიარებითი მოთხოვნის (სარჩელის) იურიდიული ინტერესის არარსებობის საფუძვლით სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში განუხილველად დატოვების საფუძველი.
14. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას იმის შესახებ, რომ მარტოოდენ სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა არ წარმოადგენს საკუთრების აღდგენის თვითკმარ საფუძველს, რადგან გარიგების ბათილად ცნობით, რეესტრის უტყუარობის შედეგად წარმოშობილი უფლებები ეჭვქვეშ ვერ დადგება (იხ. სუსგ. №ას-811-778-2016, 21.03.2018წ.). საკასაციო პალატის სტაბილური პრაქტიკის თანახმად, გარიგების ბათილობა მხოლოდ იმ შემთხვევაში მოახდენს გავლენას რეესტრის ჩანაწერის ნამდვილობაზე, თუ ჩანაწერის უსწორობა სასამართლო გადაწყვეტილებით პირდაპირ დადგინდება (იხ. სუს.გ №ას-664-635-2016, 02.03.2017წ.; №ას-323-308-2016, 03.06.2016წ.; №ას-838-802-2014, 19.03.2015წ.).
15. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნას არ წარმოადგენდა მარტოოდენ გარიგების (სამკვიდრო მოწმობის) ნაწილობრივ ბათილად ცნობა, არამედ, მოსარჩელე მოითხოვდა რეესტრის ჩანაწერის (№902018135126-08 გადაწყვეტილების) ბათილად ცნობასაც, ესე იგი, ჩანაწერის უსწორობის სასამართლო გადაწყვეტილების ძალით პირდაპირ დადგენასაც, ამ მოცემულობაში კი სადავო რეგისტრაციას რეესტრის უტყუარობისა და სისწორის პრეზუმფცია ვეღარ დაიცავდა.
16. პალატა შენიშნავს, რომ ნ.კ–ის საკუთრების უფლებას სადავო უძრავ ნივთზე აფუძნებს მის სასარგებლოდ 05.10.2012 წელს გაცემული, შეუდავებელი, ძალაში მყოფი, სამკვიდრო მოწმობა. უფლების დამდგენი დოკუმენტის არსებობის პირობებში კი, საკუთრების უფლების სასამართლო წესით დადგენის საფუძვლები არ ვლინდება. აღნიშნული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე უძრავი ნივთის სადავო ½ ნაწილის ნ.კ–ის საკუთრებად რეგისტრაციას აბრკოლებს წინამდებარე დავაში სადავოდ ქცეული, მოპასუხეთა სასარგებლოდ 26.12.2018 წელს გაცემული, სამკვიდრო მოწმობა და მის საფუძველზე საჯარო რეესტრის მონაცემებში განხორციელებული ჩანაწერი, რომელთა ბათილად მიჩნევის შედეგად, პირვანდელი მდგომარეობის აღსადგენისათვის საკმარისია 05.10.2012 წლის სამკვიდრო მოწმობაზე მითითებაც. ამრიგად, საკასაციო პალატის განსჯით, აღიარებით სარჩელთან ერთად მიკუთვნებითი მოთხოვნის სასამართლოს წინაშე გაცხადების აუცილებლობა წინამდებარე დავაში არ ვლინდება.
17.1. საკასაციო პალატა აქვე მიუთითებს სტაბილურად დადგენილ პრაქტიკაზე, რომლის თანახმადაც, მაშინაც კი, როდესაც მოსარჩელეს მხოლოდ აღიარებითი მოთხოვნა აქვს აღძრული მიკუთვნებითი ხასიათის მოთხოვნის გარეშე და მცდარად ვარაუდობს მისი დაკმაყოფილებით იურიდიული შედეგის მიღწევას, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ეკონომიის პრინციპიდან გამომდინარე უნდა შეამოწმოს, რამდენად არის შესაძლებელი მიკუთვნებითი მოთხოვნის დაყენება (სარჩელის დაზუსტება) იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს პირის დარღვეული უფლების დაცვა და აღდგენა, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების გზით (იხ. სუსგ. №ას-1288-2021 10.02.2022წ.)
17.2. საქართველოს უზენაესი სასამართლო თავის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში განმარტავს, რომ „სააპელაციო სასამართლომ დაადგინა საქმის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება, თუმცა, მოსარჩელის მოთხოვნიდან გამომდინარე არ შეამოწმა სარჩელის გამართულობა (დასაბუთებულობა), რა დროსაც სასამართლოს უნდა შეემოწმებინა, თუ რა სურდა მოსარჩელეს. მართლმსაჯულების ეფექტიანობა მის საპროცესო ეკონომიაშიც გამოიხატება და სწორედ ამ პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლოს მოსარჩელისათვის შეკითხვების მეშვეობით უნდა მიეცა სასარჩელო მოთხოვნის დაკონკრეტების (დაზუსტების) შესაძლებლობა (სსსკ-ის 83-ე მუხლის მეოთხე ნაწილი), რადგანაც ამ შემთხვევაში, მოთხოვნილი აქტების ბათილობა, სავარაუდოდ იმის წინაპირობას წარმოადგენს, რისი მიღწევაც სურს მოსარჩელეს, ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ სარჩელის დაზუსტება, მოთხოვნის გამართულად ჩამოყალიბება არ წარმოადგენს იმ შემთხვევას, რომელიც დადგენილია სსსკ-ის 381-ე მუხლით და დაუშვებლად მიიჩნევს სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე დავის საგნის შეცვლას ან გადიდებას“ (იხ. სუსგ. №ას-595-554-2017, 15.12.2017 წ., აბზაცი 16.1).
17.3. ამრიგად, თუკი სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ფორმულირება ბადებს აღუსრულებლობის რისკს, სააპელაციო სამართალწარმოების ფარგლებში პალატას გააჩნია საპროცესო ინსტრუმენტები, მოსარჩელეს გამოაკვეთინოს წინამდებარე დავის საბოლოო მიზანი და მისცეს სასარჩელო მოთხოვნის ამ მიზნის შესაბამისად დაზუსტების შესაძლებლობა. აღნიშნული მექანიზმების გამოყენებას არ ზღუდავს ის გარემოება, რომ სააპელაციო სასამართლოს წინაშე აპელანტის საპროცესო სტატუსით წარდგენილია არა მოსარჩელე, არამედ მოპასუხე მხარე, მით უმეტეს, იმ პირობებში, რომ მიკუთვნებითი მოთხოვნა მოსარჩელეს წარდგენილ სარჩელში გაცხადებული აქვს.
17.4. სადავო განჩინების თანახმად, სარჩელის განუხილველად დატოვების დამატებით არგუმენტად დასახელებულია ის გარემოება, რომ აპელანტმა არ დააზუსტა, მოსარჩელის საკუთრების უფლებას სადავო ქონების რა ნაწილზე ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები და რეალურად, მოსარჩელეს ქონების რა ნაწილზე გააჩნია მოთხოვნა.
17.5. საკასაციო პალატა შენიშნავს, რომ წინამდებარე საქმეში შეგებებული სარჩელის აღძვრის გზით მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ გაცემული სამკვიდრო მოწმობა სადავოდ არ უქცევიათ. იმ პირობებში, როდესაც სადავოა არა მოსარჩელის, არამედ მოპასუხის საკუთრების უფლების დამდგენი საბუთი, მოსარჩელეს თავისი საკუთრების უფლების საფუძლებზე მითითების ვალდებულება აქვს იმ დოზით, რაც საჭიროა პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისათვის. ამრიგად, სააპელაციო სასამართლოს შეთავაზება მოსარჩელის მიმართ, რათა მას დაეზუსტებინა, თუ სადავო ქონების რა ნაწილზე ადასტურებდა საქმეში წარმოდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები მოსარჩელის საკუთრებას, ვერ განიხილება სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების მიზნით სასამართლოს მხრიდან გასაწევ იმ ძალისხმევად, რომელზეც საკასაციო პალატამ უკვე მიუთითა წინამდებარე განჩინების 17.1.-17.3. პუნქტებში.
18. საკასაციო პალატა დამატებით იმასაც მიუთითებს, რომ ზოგჯერ გარიგების (მოცემულ შემთხვევაში, სამკვიდრო მოწმობის) ბათილობა არა დამოუკიდებელ მოთხოვნას, არამედ მიკუთვნებითი მოთხოვნის წინაპირობას წარმოადგენს (იხ. სუსგ. №ას-1219-1139-2017, 12.01.2018წ., პუნ.28). ამდენად, იურიდიული ინტერესის არარსებობის მოტივით სარჩელის განუხილველად დატოვებამდე სასამართლოს შესაფასებელია, გარიგების ბათილად ცნობა წარმოადგენს დამოუკიდებელ მოთხოვნას (რომელსაც აქვს მოთხოვნის დამოუკიდებელი საფუძველი), თუ - მიკუთვნებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობას, ანუ აღიარებითი მოთხოვნა თავადაც ხომ არ მოიაზრებს მიკუთვნებით მოთხოვნას. აღნიშნულის გარკვევის გარეშე დაუშვებელია საუბარი იურიდიული ინტერესის არსებობა-არარსებობის საკითხზე (იხ. სუსგ. №ას-273-2021 09.11.2021წ.)
19. ამრიგად, საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ განსახილველი სარჩელის მიმართ მოსარჩელეს არ გააჩნია ნამდვილი იურიდიული ინტერესი. აღნიშნული კი განაპირობებს დასკვნას, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძველი არ არსებობდა.
20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის ხელახლა განხილვის მიზნით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ.კ–ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 09 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი