საქმე №ას-178-2025 23 ივნისი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ი.თ–ძე (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)
მოწინააღმდეგე მხარეები – დ.ბ.დ–ი, დ.თ–ძე (მოსარჩელეები, შეგებებული სარჩელის მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფის გზით, შეგებებული სარჩელით უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ აღიარება და მოპასუხეების საკუთრების უფლების შეწყვეტა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით დ.თ–ძისა და დ.ბ.დ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა: გაუქმდა დ.თ–ძეს, დ.ბ.დ–სა და ი.თ–ძეს შორის საზიარო უფლება უძრავ ნივთზე, მდებარე: ამბროლაურის რაიონი, სოფელი ......, ს/კ N......., 1800 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთზე, დ.თ–ძეს გამოეყო მიწის ნაკვეთიდან მისი კუთვნილი იდეალური წილის 1/3 ნაწილის შესაბამისად 600 კვ.მ, დ.ბ.დ–ს მისი კუთვნილი იდეალური წილის შესაბამისი ფართი 600 კვ.მ. და ი.თ–ძეს მისი კუთვნილი იდეალური წილის შესაბამისი ფართი 600 კვ.მ. სსიპ „ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ №004444422 ექსპერტიზის დასკვნის დანართი №1-ის შესაბამისად; გაუქმდა დ.თ–ძეს, დ.ბ.დ–სა და ი.თ–ძეს შორის საზიარო უფლება უძრავ ნივთზე, მდებარე: ამბროლაურის რაიონი, სოფელი ......, ს/კ N........., 1200 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთზე, დ.თ–ძეს გამოეყო მიწის ნაკვეთიდან მისი კუთვნილი იდეალური წილის 1/3 ნაწილის შესაბამისად 400 კვ.მ, დ.ბ.დ–ს მისი კუთვნილი იდეალური წილის შესაბამისი ფართი 400 კვ.მ. და ი.თ–ძეს მისი კუთვნილი იდეალური წილის შესაბამისი ფართი 400 კვ.მ. სსიპ „ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ №004434422 ექსპერტიზის დასკვნის დანართი №1-ის შესაბამისად; გაუქმდა დ.თ–ძეს, დ.ბ.დ–სა და ი.თ–ძეს შორის საზიარო უფლება უძრავ ნივთზე, მდებარე: ამბროლაურის რაიონი, სოფელი ......, ს/კ N......., 500 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთზე, დ.თ–ძეს გამოეყო მიწის ნაკვეთის 1/3 ნაწილი 166 კვ.მ, დ.ბ.დ–ს მისი კუთვნილი იდეალური წილის შესაბამისი ფართი 166 კვ.მ. და ი.თ–ძეს მისი კუთვნილი იდეალური წილის შესაბამისი ფართი 166 კვ.მ. სსიპ „ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ №004444322 ექსპერტიზის დასკვნის დანართი №1-ის შესაბამისად; ი.თ–ძის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრა მოპასუხემ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 დეკემბრის განჩინებით ი.თ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 21 თებერვლის განჩინებით ი.თ–ძეს დაევალა საკასაციო საჩივრის ხარვეზის შევსება, კერძოდ: აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1 050 ლარის ქვითრის დედანი. ამავე პალატის 2025 წლის 2 აპრილის განჩინებით, კასატორს გაუგრძელდა საპროცესო ვადა და დაევალა 10 (ათი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 1050 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.
ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება კასატორის წარმომადგენელს ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით 2025 წლის 30 მაისს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი მასალების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 21 თებერვლის განჩინებით ი.თ–ძის საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1 050 ლარის ქვითრის დედანი. ამავე პალატის 2025 წლის 2 აპრილის განჩინებით, კასატორს გაუგრძელდა საპროცესო ვადა და დაევალა 10 (ათი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 1050 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.
საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინების, კასატორის წარმომადგენელისათვის, ფოსტით ჩაბარება ვერ მოხერხდა (იხ.უკუგზავნილი), რის გამოც ლ.ს–ს (იხ.რწმუნებულება ტ.1, ს.ფ.100-101) განჩინების თაობაზე ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით 2025 წლის 30 მაისს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად კი, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესახებ შეტყობინება მხარეებს (მათ წარმომადგენლებს) აცნობოს ტელეფონით, თუ ხარვეზი შეეხება ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ − „გ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით, ასევე მე-2-მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ სააპელაციო საჩივრის ფორმალურ (და არა შინაარსობრივ) მხარეს, ან თუ სააპელაციო საჩივარს არ ერთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. ასეთი წესით ინფორმირების შემთხვევაში ხარვეზის შესახებ განჩინება სატელეფონო შეტყობინების განხორციელების დღეს ჩაბარებულად ითვლება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია სასამართლო შეტყობინება მხარეს ჩააბაროს აგრეთვე ტელეფონის საშუალებით. აღნიშნული ტიპის შეტყობინების ნამდვილობისათვის კანონმდებელი მოითხოვს, რომ საქმეში წარმოდგენილი იყოს სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი აქტი სატელეფონო შეტყობინების მხარისათვის ჩაბარების თაობაზე (სსსკ-ის 73.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი). ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ სასამართლო დამოუკიდებლად წყვეტს ადრესატს შეტყობინება რა ფორმით ჩააბაროს.
იმ ვითარების გათვალისწინებით, რომ საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის განჩინება შეეხებოდა სახელმწიფო ბაჟს, შეტყობინების ტექნიკური საშუალებით (ტელეფონით) ჩაბარება, კანონის დანაწესებთან შესაბამის საპროცესო მოქმედებას წარმოადგენს და ეს შეტყობინება, კანონის ძალით, მისი განხორციელების დღეს - 2025 წლის 30 მაისს ითვლება მხარისათვის ჩაბარებულად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული ათდღიანი ვადის დენა, დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2025 წლის 31 მაისს და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ამოიწურა 2025 წლის 9 ივნისს - ორშაბათს.
დადგენილ ვადაში, მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 284-ე, 396-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი.თ–ძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 დეკემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე : მირანდა ერემაძე