Facebook Twitter

04 დეკემბერი 2024 წელი

№ას-945-2024 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

მოწინააღმდეგე მხარე - შ.პ.ს. „ნ.დ. ნ დ“

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 28 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე შ.პ.ს. „ნ.დ. ნ დ“-ს მიმართ და მოითხოვა მისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს - 13 462.50 ლარის დაკისრება.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 05 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შ.პ.ს. „ნ.დ. ნ დ“-ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა 4173.37 ლარის გადახდა.

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 28 მარტის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, შემდეგ ფაქტობრივსამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით:

5.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და შ.პ.ს. „ნ.დ. ნ დ“-ს შორის 2021 წლის 27 დეკემბერს დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N62 ხელშეკრულება, რომლის საგანსაც წარმოადგენდა 538500 ლარის ღირებულების მშრალი ულუფის შესყიდვა.

5.2. 2021 წლის 27 დეკემბრის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N62 ხელშეკრულების თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ: 2022 წლის 01 იანვრიდან 2022 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნიდან 40 კალენდარული დღის განმავლობაში, არანაკლებ 5 000 მშრალი ულუფის პაკეტის მიწოდების თაობაზე.

5.3. 2021 წლის 27 დეკემბრის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N62 ხელშეკრულების 1.3. ქვეპუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს 538 500 ლარს.

5.4. 2021 წლის 27 დეკემბრის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N62 ხელშეკრულების 8.3. ქვეპუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის, მათ შორის, ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.10%-ის ოდენობით.

5.5. 2022 წლის 24 ოქტომბერს მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, N62 ხელშეკრულების საფუძველზე შ.პ.ს. „ნ.დ. ნ დ“-ს მიერ მიწოდებულ იქნა 10 000 ერთეული საველე მშრალი ულუფა. მიწოდებული საქონლის ღირებულებამ შეადგინა 179 500 ლარი.

5.6. 2022 წლის 26 ოქტომბერს, მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, N62 ხელშეკრულების საფუძველზე შ.პ.ს. „ნ.დ. ნ დ“-ს მიერ მიწოდებულ იქნა 9 000 ერთეული მშრალი ულუფა. მიწოდებული საქონლის ღირებულებამ შეადგინა 161 550 ლარი.

5.7. 2022 წლის 04 ნოემბერს, მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, N62 ხელშეკრულების საფუძველზე შ.პ.ს. „ნ.დ. ნ დ“-ს მიერ მიწოდებულ იქნა 1 000 ერთეული საველე მშრალი ულუფა. მიწოდებული საქონლის ღირებულებამ შეადგინა 17 950 ლარი.

5.8. 2022 წლის 10 ნოემბრის #MIA 9 22 03165951 წერილით შ.პ.ს. „ნ.დ. ნ დ“-ს ეცნობა, რომ 2021 წლის 27 დეკემბრის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N62 ხელშეკრულების საფუძველზე, 2022 წლის 30 აგვისტოს განხორციელებული შეკვეთის ფარგლებში, საქონლის მიწოდება განხორციელდა 2022 წლის 11 ოქტომბრიდან 04 ნოემბრის ჩათვლით, 25 დღის დაგვიანებით, ხოლო, პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა 13 462.50 ლარით.

5.9. მოპასუხემ სარჩელი ცნო 1 033.92 ლარის ნაწილში.

5.10. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა პირგასამტეხლოს არსი და მიზანი და ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაკისრებული პირგასამტეხლო შეამცირა 4173.37 ლარამდე, რაც არარეალური იყო და ვერ იქნებოდა ზიანის კომპენსირების საშუალება ხელშეკრულებასთან მიმართებაში, რომლის საერთო ღირებულებაც 538 500 ლარს წარმოადგენდა.

5.11. პალატამ არ გაიზიარა აღნიშნული და განმარტა, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას. პალატამ ასევე მიუთითა, რომ პირგასამტეხლოს განსაზღვრისას, ყურადღება ექცევა ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია აქვს: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ხოლო მისი მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს.

პალატამ აქვე მიუთითა, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლიდან გამომდინარე სასამართლოს მხრიდან პირგასამტეხლოს შემცირების უფლებამოსილებაზე იმსჯელა, და საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე მითითებით განმარტა შემდეგი: მიუხედავად იმისა რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. ამასთან, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და რაც მთავარია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ.

5.12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. პალატამ მიუთითა სამოქალაქო სამართალში მყარად დადგენილ პრაქტიკაზე და აღნიშნა, რომ ვალდებულების ნაწილის შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან.

5.13. პალატამ მიუთითა 2021 წლის 27 დეკემბრის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N62 ხელშეკრულების 8.3. ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის, მათ შორის, ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.10%-ის ოდენობით.

5.14. საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ 2022 წლის 30 აგვისტოს განხორციელებული შეკვეთის ფარგლებში, საქონლის მიწოდება განხორციელდა 2022 წლის 11 ოქტომბრიდან 04 ნოემბრის ჩათვლით, 25 დღის დაგვიანებით, ხოლო, პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა _ 13 462.50 ლარით. ამასთან, როგორც საქმის მასალებით დგინდება მიმწოდებელს შეტყობინების გაგზავნიდან, ე.ი. 30.08.2022 წლიდან არაუგვიანეს 40 დღისა უნდა მიეწოდებინა ჯამში, 20 000 ცალი მშრალი ულუფა. ერთი ულუფის ღირებულების - 17,95 ლარის გათვალისწინებით მისაწოდებელი საქონლის ღირებულება 359 000 ლარი იყო. შესაბამისად, პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მოსარჩელეს პირგასამტეხლოს სახით უნდა მოეთხოვა არა ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 0,10%, არამედ მისაწოდებელი საქონლის ღირებულებიდან, რაც ჯამში, 8 346.75 ლარი იქნებოდა.

5.15. პალატამ გაითვალისწინა საქმის კონკრეტული გარემოებები, შესრულების ღირებულება, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა დარღვევები და განმარტა, რომ ხელშეკრულებით შეთანხმებული, პირგასამტეხლოს გამოთვლის მექანიზმის გათვალისწინებით (პირგასამტეხლოს დაანგარიშება ხდება ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან), მოთხოვნილი პირგასამტეხლო - 13 462.50 ლარი, ვალდებულების დარღვევის მოცულობასთან, ხასიათთან და ვადაგადაცილების ხანგრძლივობასთან მიმართებით, არაგონივრული და შეუსაბამოდ მაღალი იყო. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირების შედეგად, თითოეულ მონაკვეთზე შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულებისა და შემცირებული პირგასამტეხლოს - 0,05%-ის გათვალისწინებით, მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ მართებულად დაეკისრა 4 173.37 ლარის გადახდა.

5.16. ზემოაღნიშნულის საფუძველზე, პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიდნენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა დაეთანხმა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და დაასკვნა, რომ იგი უცვლელად უნდა ყოფილიყო დატოვებული.

6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, შემდეგი საფუძვლებით:

6.1. სააპელაციო სასამართლომ ისე შეამცირა პირგასამტეხლო, რომ საერთოდ არ გაითვალისწინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინტერესები, თანაც უხეშად ჩაერია ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპში. ის მხოლოდ ზოგადი მსჯელობით შემოიფარგლა და დაუსაბუთებლად შეამცირა პირგასამტეხლო. სასამართლოს განჩინებით გათვალისწინებულია მხოლოდ მოვალის ინტერესი და უგულებელყოფილია კრედიტორის ინტერესი, რომლის ინტერესების უზრუნველსაყოფადაც გამოყენებულ იქნა პირგასამტეხლო. სასამართლომ უგულებელყო პირგასამტეხლოს მიზანი და ფუნქცია, არ შეაფასა პირგასამტეხლოს გონივრულობის განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანი ფაქტორები. კასატორმა სასამართლო პრაქტიკაზე მითითებით იმსჯელა რა დროს არის გონივრული პირგასამტეხლოს შემცირება და განმარტა, რომ თუ მხარე აღჭურვილია ადვოკატით, სამეწარმეო ურთიერთობებში გამოცდილი სუბიექტია, თავად მეწარმეა და ა.შ. ივარაუდება, რომ ასეთ ვითარებაში შეთანხმებული პირგასამტეხლო, თუნდაც შეუსაბამოდ მაღალი, მხარეთა ნამდვილ ნებას შეესაბამება და შემცირებას არ ექვემდებარება. კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლომ მხოლოდ მოპასუხის სასარგებლოდ გაიზიარა ზემოაღნიშნული მოსაზრებები და მიიღო გადაწყვეტილება ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაკისრებული პირგასამტეხლოს მკვეთრ შემცირებაზე. დარღვეულია ვალდებულების დარღვევის თანაზომიერება პირგასამტეხლოს ოდენობასთან. არარეალურია, რომ დაკისრებული პირგასამტეხლო - 4173.37 ლარი რაიმე სახის პრევენციულ, ვალდებულების მასტიმულირებელ ანდა მიყენებული ზიანის მაკომპენსირებელ საშუალებას წარმოადგენდეს იმ ხელშეკრულებასთან მიმართებით, რომლის ღირებულება 538 500 ლარია. კასატორისათვის მნიშვნელოვანი იყო ვალდებულების დროული შესრულება, ასეთ პირობებში კი პირგასამტეხლოს შემცირება აზრს უკარგავს მის ფუნქციას. ზემოაღნიშნული კი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის წინაპირობას წარმოადგენს.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების კანონიერებას სწორედ საკასაციო საჩივარში გამოთქმული პრეტენზიების შესაბამისად შეამოწმებს. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

9. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა დავისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა სამართლებრივად არასწორად შეაფასა, რამაც არასწორი გადაწყვეტილების მიღება განაპირობა. სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტების თანახმად:

9.1. 2021 წლის 27 დეკემბერს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საგანსაც წარმოადგენდა 538 500 ლარის ღირებულების მშრალი ულუფის შესყიდვა. მხარეები შეთანხმდნენ, 2022 წლის 01 იანვრიდან 2022 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნიდან 40 კალენდარული დღის განმავლობაში, არანაკლებ 5 000 მშრალი ულუფის პაკეტის მიწოდების თაობაზე.

9.2. ხელშეკრულების 8.3. ქვეპუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის, მათ შორის, ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.10%.

9.3. 2022 წლის 24 ოქტომბერს მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, მოპასუხის მიერ მიწოდებულ იქნა 10 000 ერთეული საველე მშრალი ულუფა. მიწოდებული საქონლის ღირებულებამ შეადგინა 179 500 ლარი.

9.4. 2022 წლის 26 ოქტომბერს, მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, მოპასუხის მიერ მიწოდებულ იქნა 9 000 ერთეული მშრალი ულუფა. მიწოდებული საქონლის ღირებულებამ შეადგინა 161 550 ლარი.

9.5. 2022 წლის 04 ნოემბერს, მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, მოპასუხის მიერ მიწოდებულ იქნა 1 000 ერთეული საველე მშრალი ულუფა. მიწოდებული საქონლის ღირებულებამ შეადგინა 17 950 ლარი.

9.6. 2022 წლის 10 ნოემბერს შემკვეთმა აცნობა შემსრულებელს, რომ 2021 წლის 27 დეკემბრის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N62 ხელშეკრულების საფუძველზე, 2022 წლის 30 აგვისტოს განხორციელებული შეკვეთის ფარგლებში, საქონლის მიწოდება განხორციელდა 2022 წლის 11 ოქტომბრიდან 04 ნოემბრის ჩათვლით, 25 დღის დაგვიანებით, ხოლო, პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა 13 462.50 ლარით.

9.7. მოპასუხემ სარჩელი ცნო 1 033.92 ლარის ნაწილში.

10. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში ასახული აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველ სამართლებრივ შედეგს.

11. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს, თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში. სადავო ურთიერთობის სამართლებრივი შეფასება სასამართლოს ვალდებულებაა, მიუხედავად იმისა, ედავებიან თუ არა ამ შეფასებას მხარეები. ეს იმას ნიშნავს, რომ სარჩელში, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებში მოცემული სამართლებრივი შეფასებები მბოჭავი არ არის სასამართლოსთვის და მას ყოველთვის შეუძლია, განსხვავებულად შეაფასოს სადავო სამართალურთიერთობა.

12. განსახილველი დავის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია ნასყიდობის ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულების გამო მოპასუხისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს გამოანგარიშებისა და სასამართლოების მიერ მისი შემცირების კანონიერება (დადგენილია, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მოპასუხისთვის დაკისრებული პირგასამტეხლო დაიანგარიშეს ხელშეკრულების შეუსრულებელი ღირებულებიდან, ამასთან, საპროცენტო განაკვეთი შეამცირეს 0.10%-დან 0,05%-მდე). კასატორის პრეტენზია ეხება იმას, რომ სასამართლოებმა არასწორად გამოიანგარიშეს პირგასამტეხლო ხელშეკრულების შეუსრულებელი ღირებულებიდან და, ამავე დროს, არასწორად შეამცირეს მისი ოდენობა.

13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებითსამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურება და რომელთა შერჩევაც მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება - პირგასამტეხლო.

14. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებიდან გამომდინარეობს.

15. საკასაციო საკასაციო სასამართლოს მრავალჯერ განუმარტავს პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები. „ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის მოვალეობის წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...“ (იხ. ს.უ.ს.გ. №ას-1373-2018, 17.01.2019წ.; №ას-848-814-2016, 28.12.2016წ.; №ას-816-767-2015, 19.11.2015წ.; №ას-953-918-2016, 22.11.2016წ.).

16. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა თუ არაჯეროვნად შესრულება (შდრ. იხ. სუსგ №ას-1274-2022, 22 ნოემბერი, 2022 წელი; №ას-1299-2022, 22 ნოემბერი, 2022 წელი; №ას-1451-1371-2017, 13 ნოემბერი, 2018);

17. ამრიგად, ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, მხარეებს შეუძლიათ, გაითვალისწინონ პირგასამტეხლო და განსაზღვრონ მისი ოდენობა, თუმცა თუკი პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, მოპასუხის მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლოს მინიჭებული აქვს მისი შემცირების უფლებამოსილება.

18. როგორც ზემოთ უკვე აღნიშნა, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, მხარეები შეთანხმდნენ, 2022 წლის 01 იანვრიდან 2022 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნიდან 40 კალენდარული დღის განმავლობაში, არანაკლებ 5 000 მშრალი ულუფის პაკეტის მიწოდების თაობაზე. ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, განსაზღვრული იყო პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 0.10%. დადგენილია, რომ შემსრულებელმა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში ვალდებულება ვერ შეასრულა (ხელშეკრულებით განსაზღვრული საქონლის ნაწილი - 179 500 ლარის ღირებულების 10 000 ერთეული საველე მშრალი ულუფა მოპასუხემ მოსარჩელეს მიაწოდა 14 დღის დაგვიანებით - 2022 წლის 24 ოქტომბერს; ხელშეკრულებით განსაზღვრული საქონლის ნაწილი - 161 550 ლარის ღირებულების 9 000 ერთეული საველე მშრალი ულუფა მოპასუხემ მოსარჩელეს მიაწოდა 16 დღის დაგვიანებით - 2022 წლის 26 ოქტომბერს; ხელშეკრულებით განსაზღვრული საქონლის ნაწილი - 17950 ლარის ღირებულების 1 000 ერთეული საველე მშრალი ულუფა მოპასუხემ მოსარჩელეს მიაწოდა 25 დღის დაგვიანებით - 2022 წლის 04 ნოემბერს), რის გამოც საბოლოოდ, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების გამო ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს - 0,10%-ის დაკისრება, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან (538 500 ლარიდან). დადგენილია ასევე, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა შეცვალეს პირგასამტეხლოს დაანგარიშების წესი (და იგი განსაზღვრეს არა ხელშეკრულების საერთო, არამედ შეუსრულებელი ღირებულებიდან), ასევე შეამცირეს დაკისრებული პირგასამტეხლოს საპროცენტო განაკვეთი 0,10%-დან 0.05%-მდე.

19. უპირველესად საკასაციო პალატა იმსჯელებს კასატორის პრეტენზიაზე, რომელიც შეეხება ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ პირგასამტეხლოს არასწორად გამოანგარიშებას.

20. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას პირგასამტეხლოს არაჯეროვნად შესრულებელი ვალდებულებიდან განსაზღვრის შესახებ, რაც შეესაბამება უზენაესი სასამართლოს მიერ მყარად დადგენილ პრაქტიკასაც და მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება, ერთი მხრივ, უსაფუძვლოდ ზრდის მის მოცულობას, ხოლო, მეორე მხრივ, მოვალეს აკისრებს პასუხისმგებლობას უკვე შესრულებული ან მომავალში შესასრულებელი ვალდებულების ნაწილშიც. აღნიშნული მიდგომა არ გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლისა და 418-ე მუხლის პირველი ნაწილის მიზნებიდან. ამასთან, ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (შდრ. სუსგ საქმე №ას-1819-2019; 19 თებერვალი, 2020; საქმე № ას-732-2022 , 24 ნოემბერი, 2022 წელი).

21. ზემოაღნიშნული განმარტებებისა და წინამდებარე საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულების გამო მოპასუხეს პირგასამტეხლო უნდა დაკისრებოდა არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან , არამედ მისი შეუსრულებელი ნაწილიდან (ერთ შემთხვევაში, ეს თანხა იყო 179 500 ლარი (2022 წლის 24 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით), მეორე შემთხვევაში - 161 550 ლარი (2022 წლის 26 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით) ხოლო მესამე შემთხვევაში - 17 950 ლარი (2022 წლის 04 ნოემბრის მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით)). შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება პირგასამტეხლოს დაანგარიშების ნაწილში სწორია და არ არსებობს მისი შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობა.

22. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ პირგასამტეხლოს არაპროპორციულად შემცირების შესახებ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ იგი საფუძვლიანია.

23. პირგასამტეხლოს შემცირების უფლებამოსილება არის იშვიათი გამონაკლისი, როდესაც სასამართლოს უფლება აქვს, ჩაერიოს მხარეთა ნების ავტონომიაში (ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლება) და მხარეთა შეთანხმების მიუხედავად, შეამციროს იგი (იხ. ს. ჯორბენაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 2019 წელი, გვ. 800).

24. კანონის მითითებული დანაწესი განპირობებულია იმითაც, რომ ხელშეკრულების დადებისას შესაძლებელია, უფრო ძლიერმა ხელშემკვრელმა მხარემ ისარგებლოს მეორე მხარის სურვილით, გააფორმოს ხელშეკრულება და უკარნახოს შეთანხმების არახელსაყრელი პირობები, განსაზღვროს გონივრულზე უფრო მაღალი პირგასამტეხლო. ასეთ შემთხვევაში კანონმდებელმა დააწესა დაცვის მექანიზმი, რომელიც სასამართლოს აღჭურვავს უფლებამოსილებით, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე.

25. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა, (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი, პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა (იხ. სუსგ საქმე №ას-186-2021, 25 მარტი, 2021 წელი).

26. განსახილველ დავაში საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მოპასუხის მხრიდან ვალდებულების დარღვევის შინაარსზე, შესასრულებელი ვალდებულების მოცულობაზე, ხარისხსა და ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობაზე (შემსრულებელს ხელშეკრულება უნდა შეესრულებინა მოთხოვნიდან 40 კალენდარული დღის განმავლობაში ხელშეკრულების ნაწილი შეასრულა 14 დღის ვადადარღვევით, ნაწილი - 16 დღის ვადადარღვევით და ნაწილი - 25 დღის დაგვიანებით) და მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების დარღვევისთვის გათვალისწინებული პირგასამტეხლო - 0.10 %, არ წარმოადგენს არაგონივრულ და შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას და არ არსებობს მისი კიდევ უფრო შემცირების წინაპირობა.

27. საკასაციო პალატის მოსაზრებით, დაკისრებული პირგასამტეხლოს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ 0.05%-მდე შემცირება ეწინააღმდეგება საკასაციო სასამართლოს პრაქტიკასაც, რომლის შესაბამისად, როდესაც საკითხი ეხება მეწარმე სუბიექტის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა იყოს მინიმალური ოდენობის. ასეთ შემთხვევებში უმნიშვნელოვანესია დარღვევის პროპორციული პირგასამტეხლოს განსაზღვრა, რაც იქნება გარანტი იმისა, რომ პირგასამტეხლომ არ დაკარგოს თავისი ძირითადი ფუნქცია - ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველყოფის პრევენცია და განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურების შესაძლებლობა (იხ. სუსგ საქმე №ას-189-2022, 16 სექტემბერი, 2022 წელი). ამასთან, უზენაესი სასამართლოს არერთ განჩინებაშია განმარტებული, რომ „სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირება და ამ მიზნით მხარეთა შორის თავისუფალი ნების გამოვლენის ფარგლებში მიღწეულ შეთანხმებაში სასამართლოს ჩარევა, უპირველეს ყოვლისა, ემსახურება იმ სუსტი კონტრაჰენტის ინტერესების დაცვას, რომელიც, ერთი მხრივ, ვალდებულების შესრულების იმედით თანხმდება მისთვის თუნდაც მიუღებელ პირგასამტეხლოს განაკვეთს და, მეორე მხრივ, სრულფასოვნად ვერ აფასებს სახელშეკრულებო რისკებს და ვალდებულების დარღვევის თანამდევად დასაკისრებელი პირგასამტეხლოს მოსალოდნელ სამართლებრივ და ეკონომიკურ ეფექტს. სახელშეკრულებო ურთიერთობაში კონტრაჰირებულ მეწარმე სუბიექტს/იურიდიულ პირს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება ვალდებულების დარღვევის სამართლებრივ შედეგებზე პასუხისგება. ხელშეკრულებაში იურიდიული პირის კონტრაჰირებისას, სასამართლომ პირგასამტეხლო უნდა შეამციროს, მხოლოდ არგუმენტირებული შედავების არსებობის პირობებში“ (იხ. სუსგ საქმე №ას-1417-2018,16 ნოემბერი, 2020 წელი).

28. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა პირგასამტეხლო არაპროპორციულად შეამცირეს. შესაბამისად, მოპასუხის სტატუსის, სამეწარმეო საქმიანობის გამოცდილებისა და დარღვევის ხარისხის, მოსარჩელისა და მოპასუხის მტკიცების ფარგლების, ვალდებულების დარღვევის შინაარსის, ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობის, შეუსრულებელი ვალდებულების მთლიან სახელშეკრულებო ვალდებულების მოცულობასთან თანაფარდობის, მოპასუხის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებებისადმი დამოკიდებულებისა და ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებით გამოწვეული სამართლებრივი შედეგების გათვალისწინებით, გონივრულ, სამართლიან და ადეკვატურ ოდენობად უნდა იქნას მიჩნეული პირგასამტეხლოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპროცენტო განაკვეთი, 0,10% და, შესაბამისად, მოპასუხისთვის დასაკისრებელი თანხა უნდა განისაზღვროს 5546.55 ლარით (შესასრულებელი თითოეული ვალდებულების ღირებულების და ვადაგადაცილებული დღეების გათვალისწინებით – 179500X0.10X14=2513; 161550X0.10X16=2584.8; 17950X0.10X25=448.75; 2513+2584.8+448.75=5546.55).

29. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. ამავე კოდექსის 411-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძვლები.

30. საკასაციო პალატა, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტებისთვის სამართლებრივი შეფასების შეცვლით, საქმის ქვემდგომ სასამართლოში დაბრუნების გარეშე, შესაძლებლად მიიჩნევს თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება ვინაიდან, საქმე არ საჭიროებს ფაქტების ხელახლა დადგენას ან მტკიცებულებათა ხელმეორედ გამოკვლევას. კერძოდ, პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 28 მარტის განჩინება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 5546.55 ლარის გადახდა.

31. ვინაიდან საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი (სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია) ნაწილის თანახმად, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სამივე ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის - 289 ლარის და 97 თეთრის (პირველი ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი _ 166.40 ლარი, სააპელაციო სასამართლოში _ 54.92 ლარი, საკასაციო სასამართლოში _ 68.65 ლარი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 28 მარტის განჩინება და მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება.

3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

4. შ.პ.ს. „ნ.დ. ნ დ“-ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სასარგებლოდ დაეკისროს 5546 ლარისა და 55 თეთრის გადახდა.

5. შ.პ.ს. „ნ.დ. ნ დ“-ს (ს/კ ........) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 289 ლარის და 97 თეთრის გადახდა (პირველი ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი - 166.40 ლარი, სააპელაციო სასამართლოში - 54.92 ლარი, საკასაციო სასამართლოში - 68.65 ლარი).

6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი