Facebook Twitter

29 ნოემბერი 2024 წელი

საქმე №ას-1537-2023 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ა.ბ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ს.ს. „ლ.ბ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, პირგასამტეხლოს და პროცენტის მოთხოვნის ნაწილში სარჩელის უარყოფა

დავის საგანი – საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის, სარგებლისა და პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ს.ს. „ლ.ბ–მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - ა.ბ–ის მიმართ და მოითხოვა:

1.1. ა.ბ–ისათვის, ს.ს. „ლ.ბ–ი"-ს სასარგებლოდ, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდის დაკისრება, რომელიც 2021 წლის 14 დეკემბრის მდგომარეობით შეადგენს 28878.02 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 26000 ლარი, პროცენტი - 2616.62 ლარი და ჯარიმა 261.40 ლარი. 1.2. ა.ბ–ისათვის, ს.ს. „ლ.ბ–ი“-ს სასარგებლოდ, დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან 2021 წლის 14 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ძირი თანხის (26 000 ლარის) 0.043%-ის გადახდის დაკისრება, რომელიც ყოველდღიურად შეადგენს 11.18 ლარს.

2. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ სესხის ძირითადი თანხის ნაწილში, ხოლო სხვა ნაწილში არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ა.ბ–ს ს.ს. „ლ.ბ–ი"-ს სასარგებლოდ დაეკისრა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების, 28 878.02 ლარის, გადახდა (საიდანაც სესხის ძირი თანხა 26000 ლარი, პროცენტი - 2616.62 ლარი და ჯარიმა 261.40 ლარია). ა.ბ–ს ს.ს. „ლ.ბ–ი“-ს სასარგებლოდ, დაეკისრა დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან 2021 წლის 14 დეკემბრიდან 22.04.2025 წლამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ძირი თანხის (26 000 ლარის) ყოველდღიური 0.042%, რომელიც ყოველდღიურად შეადგენს 10.92 ლარს.

5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 მაისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, განჩინება დაეფუძნა შემდეგს:

6.1. უპირველესად სააპელაციო პალატამ იმსჯელა ა.ბ–ის შუამდგომლობაზე მოწინააღმდეგე მხარის მიერ დაგვიანებით შემოტანილი სააპელაციო შესაგებლის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე და განმარტა, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობები, ვინაიდან სააპელაციო ინსტანციაში საქმის განხილვის სტადიაზე შესაგებლის წარუდგენლობით არ განისაზღვრება პირველ ინსტანციაში შესაგებლის წარუდგენლობის მსგავსად მტკიცების საგანი. ამასთან, გასათვალისწინებელი იყო ის ფაქტიც, რომ სააპელაციო საჩივარი ემყარებოდა მხოლოდ კანონის დარღვევას, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების მხოლოდ სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებას მოითხოვდა. ამდენად, ისეთი სპეციფიკის საქმეებზე, სადაც ფაქტობრივი გარემოებები შედავებული არ არის და მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებულობა მოწმდება დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება მიზანშეუწონელი იქნებოდა.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმისათვის მნიშვნელოვანი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

6.2. ს.ს. „ლ.ბ–ი“-სა და ა.ბ–ს შორის, 2011 წლის 21 აპრილს გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. კრედიტით გათვალისწინებული თანხა განისაზღვრა 26 000 ლარით, კრედიტის მოქმედების ვადა - 22.04.2025 წლამდე, წლიური სარგებელი 15.50%-ით.

6.3. მსესხებელს გადაეცა სესხის თანხა, რაც უკან უნდა დაებრუნებინა ნაწილ-ნაწილ ყოველთვიური შენატანების მეშვეობით, სესხის დაფარვის შესაბამისი გრაფიკის მიხედვით. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდის ვადაგადაცილების შემთხვევაში მსესხებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო 0.27% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

მტკიცებულებები: ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები; საბანკო კრედიტის ხელშეკრულება; კრედიტის დაფარვის გრაფიკი; ამონაწერი ანგარიშებიდან; დავალიანების შესახებ ცნობა; შეტყობინებები; მხარეთა ახსნა - განმარტებები (იხ. სხდომის ოქმი საქმეში).

6.4. 22.09.2021 წლიდან მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და აღარც უცდია თანხის გადახდა.

6.5. 2021 წლის 14 დეკემბრის მონაცემებით, ა.ბ–ის დავალიანება ს.ს. „ლ.ბ–ი“-ს მიმართ შეადგენს 28 878.02 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხა 26 000 ლარი, პროცენტი - 2 616.62 ლარი და ჯარიმა 261.40 ლარია.

მტკიცებულებები: ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები; კრედიტის დაფარვის გრაფიკი; დავალიანების შესახებ ცნობა; მხარეთა ახსნა - განმარტებები (იხ. სხდომის ოქმი საქმეში).

6.6. სააპელაციო მოთხოვნის გათვალისწინებით, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების შესახებ მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებად სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლი („საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით“), 868-ე მუხლის პირველი ნაწილი („მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი“), 873-ე მუხლი („კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.“ ) და 417-ე („პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის“ ) მუხლები დაასახელა.

6.7. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მხარეებს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე და მოპასუხის მიერ საბანკო კრედიტის ხელშეკრულების დარღვევა, მის მიმართ ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტისა და პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი იყო.

6.8. პალატამ იმსჯელა ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპზე, ამასთან მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა დარღვევა კი, რომელიც სამართლებრივი ურთიერთობის ვადამდე შეწყვეტისაკენ უბიძგებს კრედიტორს, მოვალისათვის განსაზღვრულ უარყოფით შედეგებთანაა დაკავშირებული, რაც შეიძლება გამოიხატოს მოვალისათვის პირგასამტეხლოს (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე-418-ე მუხლები), პროცენტის (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლი) ან/და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი) დაკისრებით.

6.9. პალატამ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ იხელმძღვანელა მოვალესთან გაფორმებული სესხის ხელშეკრულების პირობებით და მოვალისათვის დავალიანების დაკისრების სახით მოითხოვა როგორც სესხის ძირი თანხის, ასევე სესხის ხელშეკრულებით გათვალსიწინებული სარგებლისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურება.

6.10. გამომდინარე იქიდან, რომ გაფორმებული იყო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რაც სასყიდლიანი ხელშეკრულებაა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლზე მითითებით პალატამ განმარტა, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულება ყოველთვის სარგებლიან სესხს წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც კრედიტორი, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იბრუნებს, როგორც გასესხებული თანხის ძირს, ისე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტს. ამასთან, პალატამ მიუთითა, რომ ბანკს, გაცემული კრედიტის დადგენილ ვადაში დაბრუნების შემთხვევაში, კვლავ შეეძლო, ის მინიმალური სარგებელი მიეღო, რასაც სასესხო ვალუტის დაბრუნებამდე იღებდა.

6.11. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხისათვის/აპელანტისათვის გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკისრებული ოდენობით პროცენტის გამოანგარიშების შემთხვევაში, შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის აშკარა შეუსაბამობა არ იკვეთებოდა და აპელანტს სწორად დაეკისრა სახელშეკრულებო შეთანხმებაში დაფიქსირებული სარგებელი/პროცენტი - 2616.62 ლარი.

6.12. აპელანტი დაკისრებულ პირგასამტეხლოსაც ასაჩივრებდა იმ მიზეზით, რომ მძიმე ფინანსური მდგომარეობისა და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გამო პირგასამტეხლოს გადახდა არ უნდა დაჰკისრებოდა.

6.13. პალატამ იმსჯელა პირგასამტეხლოს არსზე, მიზანზე, სასამართლოს მხრიდან მისი შემცირების შესაძლებლობაზე და განმარტა, რომ პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. ამასთან, აუცილებელია, რომ დარღვევა მოვალის ბრალეულობით იყოს გამოწვეული. განსახილველ შემთხვევაში, პალატამ მიუთითა, რომ აპელანტმა (მოპასუხე მხარემ) სადავო არ გახადა სესხის ხელშეკრულების დარღვევის ფაქტი.

6.14. პალატამ იმსჯელა მტკიცების ტვირთის მნიშვნელობაზე, განმარტა, რომ კვალიფიციური შედავების გარეშე შეუძლებელია დადგინდეს რამდენად არაგონივრული, შეუსაბამოა პირგასამტეხლოს ოდენობა სახელშეკრულებო ინტერესის ხელყოფის მასშტაბთან. ამდენად, როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების განმარტება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამოობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი) არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა.

6.15. პალატამ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ მოპასუხე მხარეს საქმეზე წარმოდგენილი არ ჰქონდა სესხის სარგებლისა თუ პროცენტის დაკისრების უსაფუძვლობის ან/და შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე კვალიფიციური შესაგებელი. პალატის მითითებით, მას შესაგებელშივე უნდა მიეთითებინა, თუ რა ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე დაყრდნობით არ ცნობდა სარჩელს სრულად. პალატამ აღნიშნა, რომ სასამართლო სამართალწარმოების განხორცილების პროცესში შეზღუდულია პროცესის მონაწილე სუბიექტთა ნების გამოვლენის ფარგლებით, სასამართლო სამართალწარმოებას ახორციელებს, ერთი მხრივ, სასარჩელო მოთხოვნის მოცულობის, ხოლო, მეორე მხრივ, სარჩელის წინააღმდეგ წარმოდგენილი მოთხოვნის გამომრიცხველი, დამაბრკოლებელი თუ შემწყვეტი შესაგებლების ურთიერთ შეპირისპირების ფარგლებში. განსახილველ შემთხვევაშიც, მსესხებელს პირგასამტეხლოს შემცირებასა თუ სარგებლის დაკისრების უსაფუძვლობაზე უნდა მიეთითებინა მის ძირითად საპროცესო დოკუმენტში. მოპასუხე/აპელანტი კი, შესაგებელში/სააპელაციო საჩივარში მხოლოდ იმის აღნიშვნით შემოიფარგლა, რომ ფინანსური მდგომარეობის გაუარესების გამო, ვერ შეძლო ვალდებულების ჯეროვანი შესრულება, რის გამოც სესხის სარგებელი და პირგასამტეხლო არ უნდა დაჰკისრებოდა. სესხის ვალდებულების საპატიო მიზეზით (გადახდისუუნარობა) შეუსრულებლობის თაობაზე მოპასუხის მტკიცებასთან დაკავშირებით პალატამ განმარტა, რომ სესხის მოვალემ თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში შეიბოჭა თავი სახელშეკრულებო ვალდებულებით და მასვე ევალებოდა სესხის გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული ვალდებულების ჯეროვანი შესრულება. მსესხებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა მისი მატერიალური მდგომარეობის გაუარესების გამო, სახელშეკრულებო ვალდებულების (სესხის თანხისა და მასზე დარიცხული სარგებლის გადახდის) შესრულებისგან მოვალის გათავისუფლების სამართლებრივ საფუძველს არ ქმნიდა. ამდენად, სესხის ხელშეკრულების (შეწყვეტამდე პერიოდის) სარგებლისა და პირგასამტეხლოს დარიცხვის არამართლზომიერების თაობაზე აპელანტის მტკიცება სამართლებრივადაც დაუსაბუთებელი იყო.

6.16. სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე მითითებით იმსჯელა სასამართლოს დისკრეციულ უფლებამოსილებაზე, პირგასამტეხლოს შემცირებასთან დაკავშირებით, თუმცა, საბოლოოდ, დაასკვნა, ვინაიდან აპელანტმა მხარემ დაარღვია ორმხრივი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, მას მართებულად დაეკისრა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო. პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხისთვის დაკისრებული პირგასამტეხლო გონივრული იყო და სრულად შეესაბამებოდა მოვალის მიერ ხელშეკრულების დარღვევის ხასიათს, იგი შესასრულებელ ვალდებულებასთან მიმართებით შეუსაბამოდ მაღალი არ იყო და, შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით განმტკიცებული დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებს არ ქმნიდა.

6.17. მიუღებელი შემოსავლის ნაწილშიც პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის მსჯელობა და მიუთითა, რომ ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანმა შესრულებამ წარმოშვა ზიანის ანაზღაურების ვალდებულება. პალატის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ ს.ს. „ლ.ბ–ი“-ს მიერ მიუღებელი შემოსავლისათვის მოთხოვნილი ზიანის ანაზღაურების ოდენობა სცდებოდა სახელშეკრულებო შეთანხმებით განსაზღვრულ ზღვარს, რის გამოც ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა მხოლოდ ხელშეკრულების ფარგლებით და ოდენობით დააკმაყოფილა.

6.19. ამდენად პალატამ მიიჩნია, რომ ა.ბ–ის სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელი იყო და არ არსებობდა მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

7. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის უარყოფა, შემდეგი საფუძვლებით:

7.1. მოწინააღმდეგე მხარის მიერ სააპელაციო შესაგებლის დაგვიანებით წარდგენის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე აპელანტის შუამდგომლობის მიუხედავად, სააპელაციო სასამართლომ არ მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება. სასამართლომ არ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 2321 მუხლით და ამავე კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილით და ვერ დაასაბუთა რატომ ვერ მიიღებდა დაუსწრებელ გადაწყვეტილებას. ყოველივე ამით სასამართლომ აპელანტს შეუზღუდა კანონიერი უფლებები.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, მიღებული იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

12. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას ან აღიარებას, არამედ მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან) თავის დაცვის დროსაც.

13. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64; შეად. სუსგ-ებს N ას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019,07.02.2020წ; N ას-1027-2020, 27.11.2020წ; N ას-634-2021, 4.11.2021წ; N ას-1363-2021, 5.04.2022წ; N ას-1183-2022, 23.12.2022წ; N ას-1572-2022, 5.05.2023წ; N ას-754-2023, 20.10.2023წ; N ას-667-2023, 16.11.2023წ; N ას-1082-2023, 17.11.2023წ.).

14. კასატორის პრეტენზიიდან გამომდინარე, რომელიც შეეხება სააპელაციო შესაგებლის დაგვიანებით წარდგენის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას, უპირველესად საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ როგორც აღინიშნა, მტკიცების ტვირთის კუთვნილი წილის რეალიზება დავის მონაწილე თითოეული მხარის ვალდებულებაა. აღნიშნული საპროცესო უფლების ეფექტურად გამოყენება კი სასარჩელო მოთხოვნისა და მის პასუხად წარდგენილი შესაგებლის წარმატებულობის განმაპირობებელია.

15. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას დაუსაბუთებლობის გამო და განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოში სააპელაციო შესაგებლის წარდგენა განსხვავდება პირველი ინსტანციის სასამართლოში შესაგებლის წარუდგენლობისა და მისი სამართლებრივი შედეგებისაგან. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ 2016 წლის 17 მარტის განჩინებაში (საქმეზე N ას-121-117-2016) განმარტა: „განასხვავებენ აპელაციის ორ ძირითად სახეს, როგორიცაა, სრული (შეუზღუდავი) აპელაცია და არასრული (შეზღუდული) აპელაცია. სრული (შეუზღუდავი) აპელაციის შემთხვევაში, მხარეებს შეუზღუდავად შეუძლიათ მიუთითონ ახალ ფაქტობრივ გარემოებებზე და წარმოადგინონ ახალი მტკიცებულებები, რომლებიც არ ჰქონიათ წარმოდგენილი საქმის განხილვისას პირველი ინსტანციის სასამართლოში. სრული აპელაციის დროს სააპელაციო სასამართლო ხელმეორედ იხილავს საქმეს და, როგორც წესი, არასდროს არ აბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოში. სრული აპელაცია უარყოფით გავლენას ახდენს პირველი ინსტანციიის სასამართლოზე, რომელმაც არ იცის რას მოიმოქმედებენ მხარეები სააპელაციო სასამართლოში, რომელ ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს წარუდგენენ სააპელაციო სასამართლოს და რა სამართლებრივი ბედი ეწევა პირველი ინსატანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას. ამ სახის აპელაცია მართალია, უზრუნველყოფს მხარეთა აქტიურობას სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ ვერ უზრუნველყოფს ამას პირველი ინსტანციიის სასამართლოში საქმის განხილვისას, რადგან სრული (შეუზღუდავი) აპელაციის დროს მხარეები მთელ თავის იმედებს ამყარებენ სააპელაციო სასამართლოზე. ამიტომ, ხშირად, ტაქტიკური თუ სხვა მოსაზრებებით არ უთითებენ საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვან ფაქტებზე, არ წარუდგენენ პირველი ინსტანციიის სასამართლოს მათ ხელთ არსებულ მტკიცებულებებს და ა.შ. ასეთი ვითარება, საბოლოოო ჯამში, იწვევს როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოს ფუნქციის შესუსტებას, ასევე, საქმის გადაწყვეტის უზომოდ გაჭიანურებას. შესაბამისად, სრული (შეუზღუდავი) აპელაცია - ესაა პირველი ინსტანციიის სასამართლოს გამეორება და არა გაგრძელება. არასრული (შეზღუდული) აპელაციიის შემთხვევაში კი, ახალი ფაქტებისა და მტკიცებულებების წარდგენა დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებული პირობების არსებობისას (პატივსადები მიზეზები)- (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განჩინება - პუნქტი 33-ე); „დიდი პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლო საქართველოში სასამართლო სისტემის მნიშვნელოვანი რგოლია, რომელიც განიხილავს მხარეთა მიერ სადავოდ მიჩნეული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებასა და დასაბუთებულობას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს სააპელაციო წარმოების წესსა და ფარგლებს, ამავე დროს იმპერატიულად ადგენს, რომ სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, სააპელაციო საჩივრის დასაბუთება შეამოწმოს მხოლოდ იმ ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით და იმ მტკიცებულებებით, რომლებიც წარდგენილი იყო და შემოწმდა პირველი ინსტანციის სასამართლოში. ახალი ფაქტებისა და მტკიცებულებების წარდგენა სააპელაციო სასამართლოში მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევებშია დასაშვები. ამდენად, ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ მხარეთა აქტიურობა უფლებებისა და ინტერესების დასაცავად უზრუნველყოფილი და ეფექტურია საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვის დროს, ხოლო სააპელაციო სასამართლოში მხარეთა აქტიურობა შეზღუდულია თვით სააპელაციო სამართალწარმოების შეზღუდვის გამო. ამ მოსაზრების ნათელ დადასტურებას წარმოადგენს სსსკ-ის 377-ე, 380-ე, 381-ე, 382-ე, 384-ე მუხლები, რომლებიც ფაქტობრივად გამორიცხავს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელმეორედ განხილვის შესაძლებლობას და ადგენს სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის მკაცრად შეზღუდულ ფარგლებს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საყურადღებოა სსსკ-ის 372-ე მუხლი, რომლის თანახმად საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, სააპელაციო სასამართლოს საქმის წარმოების თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამდენად, ამ ნორმაში გათვალისწინებული ტერმინები „ცვლილებებითა” და „დამატებებით” მიუთითებენ სააპელაციო სასამართლოს ინსტანციისათვის დამახასიათებელ თავისებურებებზე, რომელთა შეცვლა დაუშვებელია და მხოლოდ ამ თავისებურებების გათვალისწინებით (და არა მათი უგულებელყოფით) არის შესაძლებელი პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის დადგენილი წესების დაცვა... სააპელაციო საჩივარზე შესაგებლის წარუდგენლობა ხელს არ უშლის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოში მხარეები სარგებლობენ ფართო საპროცესო უფლებებით და წარადგენენ საქმისთვის საჭირო ყველა იმ მტკიცებულებას, რომელსაც მიიჩნევენ მნიშვნელოვნად თავიანთი მოთხოვნისა თუ შესაგებლის დასაცავად, შესაბამისად, სარჩელსა თუ შესაგებელში, ასევე კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებული მოსაზრებებით ნათლად გამოხატავენ თავიანთ პოზიციას, რაც სრულად მოცემულია საქმის მასალებში” (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განჩინება Nას-121-117-2016, 17.03.2016, პუნქტი 37-ე-38-ე, 43-ე).

16. განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე იქნა გამოკვლეული სარჩელის დასაბუთებულობა. აღსანიშნავია, რომ სააპელაციო საჩივარი ემყარებოდა კანონის დარღვევას და აპელანტი მოითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მხოლოდ სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებას, ამასთან, ვინაიდან დავის არსიდან გამომდინარე, საკითხი დაკავშირებულია საქართველოს საბანკო დაწესებულების მიერ დადებული სესხის (კრედიტის) გაცემის შესახებ ხელშეკრულებასთან, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ასეთ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო, საქმე განეხილა და გადაწყვეტილება მიეღო ზეპირი მოსმენის გარეშე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3761 მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო საჩივარი უკავშირდება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, აგრეთვე - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას და საქართველოს საბანკო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების − კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების მიერ დადებული (მათ შორის, ელექტრონული ფორმით დადებული) სესხის (კრედიტის) გაცემის შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავებს, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა ეცნობოს მხარეებს. ზემოთ აღნიშნული გარემოებების არსებობის შემთხვევაშიც მოსამართლეს უფლება აქვს, საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენით.

ამდენად, კასატორის პრეტენზია, რომ სააპელაციო შესაგებლის დაგვიანებით წარდგენის პირობებში, სააპელაციო სასამართლომ არასრულფასოვნად გამოიკვლია და შეისწავლა სააპელაციო საჩივრის პრეტენზიები და მხარეთა მიერ წარდგენილი გარემოებების/მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების გარეშე მიიღო გადაწყვეტილება, დაუსაბუთებელია და საკასაციო სასამართლო არ გაიზიარებს.

17. რაც შეეხება დავის მატერიალურ მხარეს, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქვემდგომი ინსტანციების მსჯელობას, რომ მოპასუხის მიერ საბანკო კრედიტის ხელშეკრულების დარღვევა მის მიმართ ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტისა და პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი იყო.

18. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ მხარეთა შორის არსებობდა საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებები, რომლებიც მსესხებლის მიერ დაირღვა. მოპასუხემ დაარღვია ბანკის წინაშე არსებული საკრედიტო ვალდებულებები. შესაბამისად, ის ვალდებულია, დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტი.

19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, ყოველთვის სარგებლიან სესხს წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც კრედიტორი, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იბრუნებს როგორც - სესხად გაცემული თანხის ძირითად ნაწილს, ისე - ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტს. საკრედიტო და სესხის ხელშეკრულებები იმით განსხვავდება ერთმანეთისაგან, რომ კრედიტის გამცემი ყოველთვის საკრედიტო დაწესებულებაა - ბანკი, რომლის საქმიანობა რეგულირდება კანონით (ს.უ.ს.გ. №ას-647-67-2018, 21 ოქტომბერი, 2019 წ; იხ. რომან შენგელია, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი“, წიგნი მეოთხე, ტ. II, მუხლი 867, გვ.194, თბილისი, 2001 წ; ზვიად გაბისონია, საბანკო სამართალი, თბილისი, 2017წ., გვ.198-224). „ბანკის, როგორც საბანკო საქმიანობის სფეროში მოღვაწე სუბიექტის კომერციული ინტერესია, კრედიტის გაცემით მიიღოს გარკვეული მოგება. სწორედ ამიტომ, ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, რომელიც შეიძლება იყოს სასყიდლიანი ან უსასყიდლო, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება მხოლოდ სასყიდლიანი ფორმით არსებობს (სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლი), (შდრ: ს.უ.ს.გ: №ას-1385-1307-2012, 07 თებერვალი, 2013წ.; №ას-131-2021, 02 ივლისი, 2021 წ.). საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის მსჯელობას, რომ დაკისრებული ოდენობით პროცენტის გამოანგარიშების შემთხვევაში, შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის აშკარა შეუსაბამობა არ იკვეთებოდა, შესაბამისად, აპელანტს სწორად დაეკისრა სახელშეკრულებო შეთანხმებაში დაფიქსირებული სარგებელი/პროცენტი - 2616.62 ლარი.

20. საგულისხმოა, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნით აპელანტის მიერ ორმხრივი ხელშეკულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევისათვის მას მართებულად დაეკისრა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო. საკასაციო პალატაც იზიარებს აღნიშნულ მსჯელობას, რომ დაკისრებული პირგასამტეხლო გონივრული იყო და არ არსებობდა სასამართლოს მიერ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა ვალდებულების დარღვევის ხასიათისა და მოცულობის გათვალისწინებით, გონივრული და სამართლიანია.

21. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს.

22. ამრიგად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

23. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 1837.02 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1837.02 ლარის 70% - 1285.91 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა.ბ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. ა.ბ–ს (პ/ნ ......) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 1837.02 ლარის (საგადასახადო დავალება №1642, გადახდის თარიღი: 02.02.2024წ, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „თიბისი ბანკი“) 70% – 1285 ლარი და 91 თეთრი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი