22 თებერვალი, 2024 წელი,
საქმე №ა-3577-ა-13-2021 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენით
სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე
განმცხადებელი - გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე/კერძო საჩივრის ავტორი)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „დ..“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივნისის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - განცხადების დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, შპს "დ..." (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი ან მერია) წინააღმდეგ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს - 17160.82 (ძირითადი თანხა - 16990.91 ლარი, პირგასამტეხლო - 169.91 ლარი) ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ; პირგასამტეხლოს - 1268.35 ლარის დაკისრების ნაწილში მოთხოვნა უარყოფილ იქნა.
2. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 26 აპრილის განჩინებით, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
4. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მისი გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივნისის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
5.1. საჩივრის განუხილველად დატოვებას კერძო საჩივრის კანონით დადგენილ ვადაში წარუდგენლობა (სსსკ-ის 416 მუხლი) დაედო საფუძვლად.
6. 2021 წლის 20 ივლისს კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება მოითხოვა, შემდეგი დასაბუთებით:
6.1 კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, საჩივარი 2021 წლის 15 ივნისს ფოსტაში ჩააბარეს, რაც დასტურდება შპს „ს.კ.ს–ის“ მიერ გაცემული საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ ცნობით; აქედან გამომდინარე, არ არსებობდა მისი განუხილველად დატოვების სამართლებრივი საფუძველი.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 23 სექტემბრის განჩინებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ მიღებული იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
8. დადგენილია, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოში გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის კერძო საჩივარზე წარმოება დასრულდა საკასაციო სასამართლოს 2021 წლის 30 ივნისის განჩინებით.
9. სსსკ-ის 421.1 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.
9.1. სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ: ა) აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია; ბ) დადგენილია მოწმის შეგნებულად ცრუ ჩვენება, ექსპერტის შეგნებულად ყალბი დასკვნა, შეგნებულად არასწორი თარგმანი, რასაც მოჰყვა უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება; გ) დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება; დ) სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა; ე) მხარე წარუდგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომელიც გამოტანილია იმავე სარჩელის მიმართ; ვ) მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას; ზ) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან/და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და დადგენილი დარღვევა გადასასინჯი გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს.
9.2. კანონის დასახელებული ნორმის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება დასაშვებია, თუ არსებობს შემდეგი წინაპირობები: ა. მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას; ბ. ამ გარემოებების და მტკიცებულებების შესახებ მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ; გ. მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე (შდრ. სუსგ #ვ-74-ა-5-2016, 17.06.2016 წ.).
10. სასამართლო გადაწყვეტილების „საბოლოობის“, მისი შეუქცევადობის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპი გულისხმობს, რომ ამ გადაწყვეტილების შეცვლა შეუძლებელია და მისი შედეგები შეუქცევადია. ხსენებულ პირნციპს მრავალი მიზანი გააჩნია. მისი საჯაროსამართლებრივი ინტერესი გამოიხატება, მაგალითად: სამართლებრივ განსაზღვრულობაში, სამართლებრივ უსაფრთხოებაში, სტაბილურობასა და მართლმსაჯულობისადმი სანდოობაში. გადაწყვეტილების „საბოლოობის“ პრინციპი კერძო პირის უფლებასა და ინტერესსაც ემსახურება, რადგან ის ამით განმეორებითი სამართალწარმოებისგან დაცული იქნება.
11. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება ყოველთვის ვერ გახდება ხელახალი სამართალწარმოებისათვის სამართლებრივი ბარიერი, რადგან შესაძლოა, რიგ შემთხვევებში, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებაზე უარის თქმით შელახული განმცხადებლის ინტერესი აღემატებოდეს ამ გადაწყვეტილების გაუქმებით შელახულ ინტერესს. ასეთ შემთხვევაში, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებასა და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმა გამართლებული ვერ იქნება.
12. სადავო საკითხის განხილვის ფარგლებში საკასაციო პალატა მხარეთა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის №2/8/765 გადაწყვეტილებაზე, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი სსსკ-ის 430-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების (საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე) ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვას იმ შემთხვევაში, როდესაც ხდება სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით (კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისთვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას) გათვალისწინებული საფუძვლით კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით. გარდა ამისა, ამავე გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი სსსკ-ის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის (თუ გამოირკვევა, რომ საქმის წარმოების განახლების მოთხოვნა საფუძვლიანია, მაშინ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას სასამართლო გააუქმებს თავისი განჩინებით, რაც შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით) ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით (კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისთვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას) გათვალისწინებული საფუძვლით გაუქმების შესაძლებლობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით (ამ განჩინების მიღების დროს საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციით მხედველობაშია 31-ე მუხლის პირველი პუნქტი - ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია).
13. ამავდროულად, პალატას მიაჩნია, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტისას, საყურადღებოა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ზემოხსენებულ გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებული განმარტებები, კერძოდ: საკონსტიტუციო სასამართლოს მოსაზრებით, ახლად აღმოჩენილი გარემოების არსებობისას, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, რიგ შემთხვევებში, სამართლიანი სასამართლოს უფლების მოთხოვნას წარმოადგენს;
სსსკ-ის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის სადავო ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობა განაპირობა კანონმდებლის მიერ გონივრული ბალანსის დაუდგენლობამ იმ შემთხვევებში, როდესაც არ იკვეთება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სრულად (ყველა სამართლებრივი შედეგის) გაუქმების საჭიროება; წესი, რომელიც მოსამართლეს მისცემდა საშუალებას, გადაწყვეტილება მიეღო ინდივიდუალური გარემოებების შეფასების გზით, წარმოადგენს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ნაკლებად მზღუდველ საშუალებას; თუ მოსამართლე მივა დასკვნამდე, რომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილების შედეგების გაუქმებით შელახული ინტერესები აღემატება განმცხადებლის დაცულ ინტერესს, მაშინ მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, არ გააუქმოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება.
14. ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილებით, სსსკ-ის 423.1 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა ეჭვქვეშ არ დამდგარა, არაკონსტიტუციურად სსსკ-ის 430.3 მუხლის ის ნორმატიული შინაარსი ჩაითვალა, რომელიც ამავე კოდექსის 423.1 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების ან მტკიცებულების არსებობისას კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებას იწვევდა, მიუხედავად იმისა, შეიცვლებოდა თუ არა გადაწყვეტილებით დამდგარი სამართლებრივი შედეგი.
ამ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოს მიზანი ისაა, რომ შესაბამისი რეგულაციის პირობებში, შესაძლებელი გახდეს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების მომთხოვნი მხარის ინტერესების იმგვარად დაცვა, რომ არ მოხდეს მეორე მხარის უფლების არაპროპორციულად შელახვა, რადგან ხსენებული გადაწყვეტილების მიხედვით, „აშკარაა, რომ იმ პირობებში, როდესაც არ დგინდება გადაწყვეტილების სამართლებრივი შედეგების სრულად გაუქმების საჭიროება, გადაწყვეტილების გადახედვის საკითხთან მიმართებით, როგორც გადახედვის მომთხოვნ, ასევე მოწინააღმდეგე მხარეს შესაძლოა, ჰქონდეთ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით დაცული ინტერესები“. მოცემული თვალსაზრისით საკითხის შეფასებისას, ასევე, საგულისხმოა საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასების სხვა ნაწილი, კერძოდ: „სადავო ნორმა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შესაძლებლობას იძლევა ისეთ შემთხვევებშიც, როდესაც დადგენილი არ არის გადაწყვეტილების სამართლებრივი შედეგების სრულად შეცვლის საჭიროება. ამ ვითარებაში გადაწყვეტილების გაუქმება თავად სამართლიანი სასამართლოს უფლების მოთხოვნას არ წარმოადგენს. უფრო მეტიც, საქმის თავიდან განხილვის შედეგად, სასამართლომ შესაძლოა, გადაწყვეტილების მნიშვნელოვანი ნაწილის სამართლებრივი შედეგები არც კი შეცვალოს. ამდენად, სადავო ნორმა საბოლოო გადაწყვეტილების გაუქმების შესაძლებლობას იძლევა, მათ შორის იმ შემთხვევებშიც, როდესაც დადგენილი არ არის მისი მთლიანად გაუქმების, მისგან მომდინარე სამართლებრივი შედეგების სრულად შეცვლის საჭიროება. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილი ზღუდავს სამართლიანი სასამართლოს უფლებას“.
15. ზემოთ მოყვანილი განმარტებები ცხადყოფს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2018 წლის 7 დეკემბრის №2/8/765 გადაწყვეტილებაში არ უარყოფს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების გამართლებულობას მაშინ, როდესაც ახლად აღმოჩენილი გარემოება/მტკიცებულება ძირეულ გავლენას ახდენს გადაწყვეტილებაზე და მისი არსებობის შემთხვევაში სრულიად საპირისპირო გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებას საკონსტიტუციო სასამართლო გაუმართლებლად მაშინ მიიჩნევს, როცა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილების შედეგების გაუქმებით შელახული ინტერესები განმცხადებლის დაცულ ინტერესს აღემატება.
16. საკასაციო პალატის ზემომითითებული მსჯელობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკასთან შესაბამისობაშია, კერძოდ, საკასაციო პალატამ თავის ერთ-ერთ განჩინებაში განმარტა, რომ: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის №2/8/765 გადაწყვეტილების საფუძველზე, სსსკ-ის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენებისას, მნიშვნელოვანია, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების არსებითად განხილვისას სასამართლო ხელმძღვანელობდეს ამოსავალი დებულებით - შეაფასოს, თუ რამდენად მოახდენს გავლენას საქმის წარმოების განახლების საფუძვლად მიჩნეული გარემოება თუ მტკიცებულება განსაახლებელი საქმის სამართლებრივ შედეგზე. თუკი სასამართლო დაასკვნის, რომ საქმეზე, რომელზეც წარმოების განახლებაა მოთხოვნილი, სამართლებრივი სურათი არ შეიცვლება, მან უარი უნდა უთხრას განმცხადებელს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და მხოლოდ ფორმალურად არ უნდა გააუქმოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება. საქმის წარმოების განახლებას ფორმალური ხასიათი არ უნდა ჰქონდეს, იგი შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება სასამართლომ იმგვარად უნდა განიხილოს, რომ არსებითად გადაწყიტოს - საქმის წარმოების განახლება შეცვლის თუ არა უკვე მიღებული გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს (შდრ. სუსგ: Nა-5539-ა-7-2020, 21.10.2020წ.).
17. მოცემულ შემთხვევაში, მერიის მიერ წარმოდგენილი, შპს „ს.კ.ს–ის“ მიერ გაცემული საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ ცნობით, კერძო საჩივარი ფოსტას, 2021 წლის 15 ივნისს ჩაბარდა. სსკ-ის 61.3 მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება, შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განცხადებაზე დართული მტკიცებულება ცალსახად ადასტურებს კერძო საჩივრის საპროცესო ვადაში გაგზავნის ფაქტს.
18. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული ცნობა წარმოადგენს სსსკ-ის 423-ე მუხლით გათვალისწინებულ ახალ მტკიცებულებას, რომლითაც დასტურდება რომ კერძო საჩივარი კანონით დადგენილ ვადაში იქნა წარდგენილი, კერძოდ, სსსკ-ის 416-ე მუხლის თანახმად, მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის შეტანის 12-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2021 წლის 5 ივნისს და ამოიწურა 2021 წლის 16 ივნისს, კერძო საჩივარი კი, წარდგენილია კანონით დადგენილ ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე - 2021 წლის 15 ივნისს. ეს მტკიცებულება არსებით გავლენას ახდენს კანონიერ ძალაში შესულ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 30 ივნისის განჩინებაზე და ამ განჩინებით დამდგარი სამართლებრივი შედეგის გაუქმებას იწვევს.
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივნისის განჩინება და განახლდეს საქმის წარმოება;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 430-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივნისის განჩინება და განახლდეს საქმის წარმოება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე