ბს-1091-1040(კ-06) 21 მარტი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 18 სექტემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 6 მარტს გ. მ-მა, ი. თ-მა, გ. შ-მა და ნ. ბ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების: საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს კონტროლის პალატის მიმართ სახელფასო დავალიანებისა და სამივლინებო თანხების გადახდის თაობაზე.
მოსარჩელეები სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდნენ, რომ მუშაობდნენ საქართველოს კონტროლის პალატაში სხვადასხვა თანამდებობაზე. მოპასუხეს მათთვის გადასახდელი აქვს: გ. მ-ისათვის ხელფასი – 1292,10 ლარი და სამივლინებო დავალიანება – 1853,50 ლარი, ი. თ-ისათვის ხელფასი – 1282,50 ლარი და სამივლინებო დავალიანება - 907,70 ლარი, გ. შ-ისათვის ხელფასი – 1115,08 ლარი და სამივლინებო დავალიანება – 1094,6 ლარი, ნ. ბ-ისათვის ხელფასი – 1250,00 ლარი და სამივლინებო თანხა – 882,00 ლარი, რაც დასტურდება საქართველოს კონტროლის პალატის მიერ გაცემული ცნობითაც.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები ითხოვდნენ მოპასუხეებს - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს კონტროლის პალატას მათ სასარგებლოდ დაკისრებოდათ ზემოაღნიშნული თანხების გადახდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 22 მარტის საოქმო განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, როგორც მოპასუხე ამოირიცხა საქმიდან და იგი საქმეში ჩაება მესამე პირის სტატუსით.
მოპასუხე – საქართველოს კონტოლის პალატის წარმომადგენელმა სასარჩელო განცხადება არ ცნო და მიუთითა, რომ სასარჩელო განცხადებაში აღნიშნული დავალიანება წარმოშვა 1998-2000 წლებში, რაც განაპირობა ქვეყანაში შექმნილმა მძიმე ეკონომიკურმა მდგომარეობამ და რის გამოც არ მოხდა კონტროლის პალატის შენახვის ხარჯებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული სრული დაფინანსება.
მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელეთა მოთხოვნის დაკმაყოფილება უნდა დაეკისროს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თანხის ანაზღაურება მათ მიერ მოხდება მხოლოდ ბიუჯეტიდან შესაბამისი დაფინანსების გამოყოფის შემთხვევაში.
მესამე პირმა – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა განმარტა, რომ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების საკითხს არეგულირებს ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341-ე მუხლი, რომლის შესაბამისად, მოსამსახურეზე კუთვნილი თანხის გაცემა უნდა განხორციელდეს წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად. რაც შეეხება თანხებს, მესამე პირის მითითებით, ,,2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის თანახმად, სამინისტროებმა და უწყებებმა 2006 წლის 1 აპრილამდე უნდა უზრუნველყონ მათ ბალანსზე რიცხული წინა წლების კრედიტორული დავალიანების დაზუსტებული ინფორმაციის წარდგენა დადგენილი ფორმის მიხედვით საქართველოს ფინანსთა სამინისტროში და მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ უნდა განხორციელდეს საბიუჯეტო დავალიანებათა დაფარვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით გ. მ-ის, ი. თ-ის, გ. შ-ისა და ნ. ბ-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; საქართველოს კონტროლის პალატას დაეკისრა: მ. მ-ის სასარგებლოდ სახელფასო და სამივლინებო დავალიანების – 3145,6 ლარის, ი. თ-ის სასარგებლოდ სახელფასო და სამივლინებო დავალიანების – 2190,20 ლარის, გ. შ-სათვის – 2209,68 ლარის და ნ. ბ-ისათვის – 2132 ლარის ანაზღაურება.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს კონტროლის პალატამ.
აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ მოსარჩელის მიმართ სახელფასო და სამივლინებო დავალიანების წარმოქმნა გამოიწვია 1998-2000 წლებში ქვეყანაში შექმნილმა მძიმე ეკონომიკურმა მდგომარეობამ, რის გამოც არ მოხდა კონტროლის პალატის Eშენახვის ხარჯებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული დაცული მუხლების სრული დაფინანსება. ,,სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონში არც შემდგომ პერიოდში იქნა გათვალისწინებული საქართველოს კონტროლის პალატისათვის თანხის გამოყოფა გაუცემელი ხელფასებისა და სამივლინებო დავალიანებათა დასაფარავად. საქართველოს 2001-2006 წლების “სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონებით, წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის ხარჯებისათვის, მათ შორის, სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად სახელმწიფო სამსახურიდან დათხოვნილ მუშაკთა საბოლოო ანგარიშსწორებისათვის, სახელმწიფოს ბიუჯეტიდან გამოყოფილ იქნა გარკვეული თანხები, საიდანაც საქართველოს კონტროლის პალატას ასიგნება არ მიუღია.
აპელანტის მითითებით, ,,საბიუჯეტო სისტემის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად: ,,ასიგნება არის ფისკალური წლის განმავლობაში საბიუჯეტო კლასიფიკაციით განსაზღვრული მიზნებისათვის დამტკიცებულ მოცულობის ფარგლებში ხარჯის გაწევის უფლებამოსილება, რომელიც გათვალისწინებულია ბიუჯეტით. ასიგნების გარეშე ხარჯის გაწევა და ვალდებულების აღება დაუშვებელია.”
“საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ" საქართველოს კანონის 78-ე მუხლის თანახმად, საქართველოს კონტროლის პალატა წარმოადგენს საბიუჯეტო დაწესებულებას და დაფინანსების სხვა წყარო არ გააჩნია. აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტის განმარტებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, რომელიც გამოდის სახელმწიფოს სახელით, წარმოადგენს სოლიდარულ მოვალეს კონტროლის პალატასთან ერთად და სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის შესაბამისად, სოლიდარული ვალდებულება წარმოეშვა კონტროლის პალატასთან ერთად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეების მოთხოვნის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის დაკისრებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 18 სექტემბრის განჩინებით საქართველოს კონტროლის პალატის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 37-ე მუხლის თანახმად, მოსამსახურეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო - ხელფასი. მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. ამავე კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტით კი, მოსამსახურეს აქვს მისთვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების უფლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად, მუშაკს ან მოსამსახურეს მისი დათხოვნისას, საწარმოსაგან, დაწესებულებისაგან, ორგანიზაციისაგან კუთვნილი მთელი თანხა ეძლევა დათხოვნის დღეს. თუ მუშაკი დათხოვნის დღეს არ მუშაობდა, მაშინ შესაბამისი თანხა უნდა გადაეცეს არა უგვიანეს შემდეგი დღისა, დათხოვნილი მუშაკის მიერ ანგარშისწორების შესახებ მოთხოვნის წარდგენიდან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის მითითებით, უსაფუძვლოა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საქართველოს კონტროლის პალატის მიერ გადასახდელი და აღიარებული ვალი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უნდა დაეკისროს, ვინაიდან მოსარჩელეები შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდნენ საქართველოს კონტროლის პალატასთან და არა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან.
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს კონტროლის პალატამ.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 18 სექტემბრის განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მოთხოვნილი თანხების საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის დაკისრებას.
კასატორი საკასაციო საჩივარს აფუძნებდა იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სააპელაციო საჩივარში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 5 იანვრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 5 იანვრის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.
2007 წლის 18 იანვარს საქართველოს კონტროლის პალატამ მოსაზრებით მომართა საქართველოს უზენეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა, იმ მოტივით, რომ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის მოთხოვნებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. უარი ეთქვას საქართველოს კონტროლის პალატას საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.