Facebook Twitter

26 სექტემბერი, 2024 წელი,

საქმე №ას- 400-2024 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შ.ა–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა

დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, დამსაქმებელი ან სააგენტო) საკასაციო პრეტენზიით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც მათი სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ, ხოლო შ.ა–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან დასაქმებული) შეგებებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 31 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.2, მე-2 და მე-4 პუნქტები და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელე აღდგენილ იქნა სააგენტოს დუშეთის სერვის ცენტრის უფროსის თანამდებობაზე; მოპასუხეს 2021 წლის 12 თებერვლიდან 2021 წლის 22 დეკემბრამდე მოსარჩელის სასარგებლოდ ყოველთვიური განაცდურის - 950 ლარის ანაზღაურება დაეკისრა, სახელდობრ:

1.1. კასატორის მიერ ვრცლად არის წარდგენილი საკასაციო პრეტენზია როგორც საქმის ფაქტობრივი გარემოებების ნაწილის არასწორად დადგენის, ისე მტკიცების ტვირთის არასწორად გადანაწილების და სამართლებრივი შეფასების უსწორობის თვალსაზრისით. კასატორის მტკიცებით, როდესაც სასამართლო მსჯელობს ზიანის ანაზღაურების მიზნით, მიუღებელ შემოსავალზე, უნდა გათვალისწინდეს რა სახის და რა ოდენობის ზიანი მიადგა მხარეს, რაც შრომითი ურთიერთობის მანძილზე უნდა მიეღო; შესაბამისად, სააგენტოს დაეკისროს განაცდურის ანაზღაურება დღეის მდგომარეობით მოქმედი შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე შრომის ანაზღაურების გათვალისწინებით (დეტალურად იხ. საკასაციო საჩივარი).

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 28 მაისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

4.3. მოსარჩელე 2016 წლის 20 აპრილიდან სააგენტოს დუშეთის რაიონული განყოფილების უფროსის მ/შ თანამდებობაზე, ხოლო იმავე წლის 4 ოქტომბრიდან განყოფილების უფროსის თანამდებობაზე, უვადოდ დაინიშნა და მისი ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება - 950 ლარით განისაზღვრა.

4.4. დამსაქმებლის 2021 წლის 12 თებერვლის ბრძანებით, სამსახურებრივი მოვალეობის უხეში დარღვევის გამო, მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

4.5. დამსაქმებლის 2021 წლის 16 მარტის წერილით, მოსარჩელეს ეცნობა, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ფაქტობრივი საფუძველია - სააგენტოს მიერ 2012 წლის 11 მაისის #04-303/ო ბრძანებით შექმნილი კომისიის 2020 წლის 8 სექტემბრის #2 სხდომისა და 2020 წლის 24 დეკემბრის #3 სხდომის საოქმო გადაწყვეტილებები, ხელშეკრულების შეწყვეტის სამართლებრივ საფუძვლად საქართველოს შრომის კოდექსის 47.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტია მითითებული.

4.6. დუშეთის რაიონული განყოფილება რეორგანიზაციის შედეგად დუშეთის სერვის ცენტრი გახდა და გარდა სახელწოდებისა, ფუნქცია-მოვალეობები არ შეუცვია.

4.7. დუშეთის რაიონული განყოფილების უფროსისა და დუშეთის სერვის ცენტრის უფროსის თანამდებობები იდენტურია და განსხვავება მხოლოდ სახელწოდებაშია. სადავო პოზიციაზე დასაქმებული პირი კი, მოვალეობებს დროებით ასრულებს, სანამ კანონით დადგენილი წესით უფროსის თანამდებობაზე ვინმე არ დაინიშნება.

4.8. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი, შესულია კანონიერ ძალაში (გადაწყვეტილება ამ ნაწილში არ გასაჩივრებულა).

4.9. მოსარჩელე 2021 წლის 22 დეკემბერს სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მცხეთა - მთიანეთის რეგიონული ცენტრის დუშეთის რაიონულ წარმომადგენლობაში სოციალური მუშაკის თანამდებობაზე დასაქმდა.

5. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნა სშკ-ის 48.8 (სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითიხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით), 48.9 (დასაქმებულს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ პირვანდელ ან ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენის ან მის ნაცვლად დაკისრებული კომპენსაციის გადახდის გარდა, მოითხოვოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე. იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ანსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტის შესაბამისად დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისთვის მიცემული კომპენსაცია) და 44-ე (ინდივიდუალური შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით), ასევე, სსკ-ის 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის) 408.1-ე (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლებიდან გამომდინარეობს.

6. დადგენილია, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი, შესულია კანონიერ ძალაში.

7. მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ სადავო ბრძანების უკანონოდ მიჩნევა მოიაზრებს საქართველოს შრომის კოდექსის 48.8 მუხლით გათვალისწინებული იურიდიული შედეგების წარმოქმნასაც - პირვანდელ სამუშაოზე აღდგენის, ან ტოლფასი სამუშაოთი უზრუნველყოფის ან კომპენსაციის გადახდის სახით.

8. დადგენილია, რომ დამსაქმებლის უკანონო ბრძანების საფუძველზე, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგად, დასაქმებულს მიადგა ზიანი, რაც გამოიხატა მის მიერ შრომითი მოვალეობების შესრულების შეუძლებლობასა და კუთვნილი ანაზღაურების (ხელფასის) მიუღებლობაში. თავის მხრივ იძულებითი განაცდური წარმოადგენს სწორედ მიუღებელი შემოსავლის სახით წარმოქმნილ ზიანს, რომელიც ეკუთვნის დასაქმებულს, რათა პირვანდელი მდგომარეობა აღდგეს იმ სახით, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

9. დადგენილია, რომ მოსარჩელე დაკავებული თანამდებობიდან 2021 წლის 12 თებერვალს უკანონოდ გათავისუფლდა, ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელე დუშეთის რაიონულ წარმომადგენლობაში სოციალური მუშაკის თანამდებობაზე 2021 წლის 22 დეკემბერს დასაქმდა (საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეში არ წარდგენილა), შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ 2021 წლის 12 თებერვლიდან მას მოესპო შრომითი მოვალეობების შესრულებისა და კუთვნილი ანაზღაურების მიღების შესაძლებლობა და მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი მიადგა სწორედ იმ პერიოდის მანძილზე, რომელზეც არ დგინდება მისი დასაქმების ფაქტი. ამდენად, სააგენტოს არამართლზომიერი ქმედებით დასაქმებულს მიადგა ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით, რაც გამოიხატა შრომითი უფლებამოსილებების შესრულებისა და ანაზღაურების მიღების შეუძლებლობაში და აქედან გამომდინარე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ მართებულად დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიური ხელფასის - 950 ლარის ოდენობით, თუმცა ზიანის პერიოდი - 2021 წლის 12 თებერვლიდან, 2021 წლის 22 დეკემბრამდე უნდა განსაზღვრულიყო.

10. საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს სშკ-ის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილის დანაწესზე და განმარტავს, რომ დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ (ბათილად) ცნობის შემთხვევაში, ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს დამსაქმებლის ვალდებულებას, რომელიც რამდენიმე შესაძლებლობას მოიცავს, კერძოდ, შრომის კოდექსი დამსაქმებელს ავალდებულებს, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. მითითებული რეგულაციით დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო, თუკი შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება (შდრ. სუსგ №ას-951-901-2015, 29.01.2016). საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობასა და დასკვნებს და აღნიშნავს, რომ დამსაქმებლის მიერ გამოყენებული ღონისძიება - შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა უკანონო იყო, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენისა თაობაზე საფუძვლიანია და მართებულად დაკმაყოფილდა კერძოდ:

10.1. დადგენილია, რომ მოსარჩელე დაკავებული თანამდებობიდან არამართლზომიერად გათავისუფლდა. ასევე დადგენილია, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი, შესულია კანონიერ ძალაში (გადაწყვეტილება ამ ნაწილში არ გასაჩივრებულა).

10.2. დადგენილია, ისიც რომ დუშეთის რაიონული განყოფილების უფროსისა და დუშეთის სერვის ცენტრის უფროსის თანამდებობები იდენტურია და განსხვავება მხოლოდ მათ სახელწოდებაშია.

10.3. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელეს გათავისუფლებამდე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დუშეთის რაიონულ განყოფილებაში უფროსის თანამდებობა ეკავა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დუშეთის სერვის ცენტრშიც, გათვალისწინებულია უფროსის თანამდებობა (იხ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2023 წლის 10 იანვრის ბრძანება), რომელზე დასაქმებული პირი მოვალეობებს დროებით ასრულებს, სანამ კანონით დადგენილი წესით ამ თანამდებობაზე ვინმე არ დაინიშნება.

10.4. მართალია, მოპასუხის განმარტებით, დუშეთის რაიონული განყოფილება სრულიად სხვა ფუნქციის მატარებელ ერთეულია, ვიდრე დუშეთის სერვის ცენტრი, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება, გარდა ზეპირსიტყვიერი განმარტებისა საქმეში არ წარდგენილა.

შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ სტრუქტურული ერთეულისთვის სახელის შეცვლა თავისთავად არ გულისხმობდა მისთვის ფუნქციური დატვირთვის ცვლილებას. ამდენად, იმ შემთხვევაში, როდესაც დამსაქმებელი ახდენდა რეორგანიზაციას, უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის სამსახურში აღდგენის საკითხის განხილვისას, სწორედ მას ეკისრებოდა იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ რეორგანიზაციის შედეგად აღარ არსებობს იმავე ფუნქციების მატარებელი პოზიცია, რაც მოსარჩელეს ეკავა. დამსაქმებელმა/კასატორმა კი, ვერ შეძლო დაკისრებული მტკიცების ტვირთის წარმატებული რეალიზება და საქმეში წარდგენილ არგუმენტებს გამაქარწყლებელი მტკიცებულება ვერ დაუპირისპირა.

10.5. ზემიოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებებიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ მოსარჩელის სამსახურში აღდგენა ამ თანამდებობაზე დროებით მყოფი, მოვალეობის შემსრულებლის შრომითი უფლებების დარღვევას არ გამოიწვევს, ვინაიდან იგი სადავო პოზიციაზე სწორედ აღნიშნული პირობით დაინიშნა. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენის თაობაზე მართებულად დაკმაყოფილდა.

11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81). ამავე მოსაზრების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს დეტალურად გაანალიზოს და შეაფასოს კასატორის მხოლოდ უძირითადესი არგუმენტები.

12. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში დაადგინა, რომ დამსაქმებლისთვის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონით მინიჭებული უფლება (ხელშეკრულებიდან გასვლა) უნდა განხორციელდეს მართლზომიერად (სსკ-ის 115-ე მუხლი).

13. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

15. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. განსახილველ შემთხვევაში, რაკი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადასახადო მოთხოვნა #06499, ბანკში გაგზავნის თარიღი 18.04.2024წ), 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს“ (ს/ნ 20...) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარისა (საგადასახადო მოთხოვნა #06499, ბანკში გაგზავნის თარიღი 18.04.2024წ) და 650 ლარის (საგადასახადო მოთხოვნა #08168, ბანკში გადახდის თარიღი 16.05.2024წ) ჯამურად 950, 70% - 665 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე