Facebook Twitter

30 ივნისი, 2025 წელი,

[№ას-692-2025 კუპრაძე] თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვლადიმერ კაკაბაძე, გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ე.კ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ა–ა“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ე.კ–ძის (შემდგომ – მოსარჩელე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი შპს „ა–ას“ (შემდგომ - მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის 29 719.35 ლარის ანაზღაურება დაეკისრა.

2. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება დაუკმაყოფილებელ ნაწილში მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, მან გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 აპრილის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო საჩივარი შეტანილია კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

4. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ მოსარჩელეს გადაწყვეტილების ასლის ჩასაბარებლად კანონით დადგენილ ვადაში არ მიუმართავს სასამართლოსთვის დაუსაბუთებელია, ვინაიდან მხარემ დასაბუთებული გადაწყვეტილების მოთხოვნით სასამართლოს 2024 წლის 12 ნოემბერს მიმართა, თუმცა ვინაიდან გადაწყვეტილება საპროცესო ვადაში მომზადებული არ იყო, მისი გადაცემა მხარისათვის არ მომხდარა. დასაბუთებული გადაწყვეტილება კი მხარეს მხოლოდ 2024 წლის 30 დეკემბერს ჩაბარდა, საიდანაც დაიწყო სააპელაციო საჩივრის წარდგენისათვის გათვალისწინებული 14-დღიანი ვადის ათვლა. სააპელაციო საჩივარი კი წარდგენილია 2025 წლის 13 იანვარს გასაჩივრების 14-დღიან ვადაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

5. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

6. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატა მსჯელობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების მართლზომიერების საკითხზე, რომლითაც სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა დაარღვია სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.

7. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ უმთავრეს წინაპირობად, სხვა წინაპირობებთან ერთად, რომელთა არსებობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი მიიღება განსახილველად, მიიჩნევს სააპელაციო საჩივრის საპროცესო ვადის დაცვით წარდგენას.

8. სსსკ-ის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა - 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე, 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

9. ამრიგად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონმდებლობით იმპერატიულად არის დადგენილი სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14-დღიანი ვადა და მისი დენა იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. რაიმე გამონაკლისი, მოცემული ვადის გაგრძელებისა და აღდგენის თვალსაზრისით, არ არსებობს.

10. სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით (უდავოა ის ფაქტი, რომ აპელანტი სსსკ-ის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტს არ წარმოადგენს, რაც სასამართლოს წარმოუშობდა ვალდებულებას, მისთვის გადაწყვეტილება სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით გაეგზავნა).

11. მითითებული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ მხარისათვის, რომელიც ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, კანონმდებელი განსაზღვრავს ვალდებულებას, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. აღნიშნული ვალდებულება ფაკულტატურია და, შესაბამისად, ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე. მისი შეუსრულებლობის შემთხვევაში მოქმედებს დანაწესი, რომლის თანახმად: „წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს“ (იხ.: სუსგ №ას-1377-2022, 6 დეკემბერი, 2022 წელი; №ას-1633-2023, 6 თებერვალი, 2024 წელი; №ას-173-2025, 16 აპრილი, 2025 წელი).

12. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადებას დაესწრო და აღნიშნული მომენტიდან მე-20-30-ე დღეებში გამოცხადდა სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად, თუმცა ვერ ჩაიბარა იგი სასამართლოს მხრიდან გადაწყვეტილების ვადაში მოუმზადებლობის გამო, უფლებამოსილია, წერილობითი მოთხოვნით მიმართოს აღნიშნულ სასამართლოს. მას შემდეგ, რაც სასამართლო კანცელარიაში დარეგისტრირდება ამგვარი წერილობითი განაცხადი, სასამართლო მოვალეა, რეაგირება მოახდინოს მხარის მოთხოვნაზე და დააფიქსიროს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილება მზად არ არის. ამ დროს მხარე თავისუფლდება სასამართლოში გამოცხადების ვალდებულებისაგან და მის მიმართ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის დენა დაიწყება დასაბუთებული გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარების მომენტიდან (იხ.: სუსგ №ას-204-194-2016, 30 მარტი, 2016 წელი; №ას-837-2023, 11 დეკემბერი, 2023 წელი; №ას-190-2024, 19 მარტი, 2024 წელი).

13. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა ადასტურებს, რომ სასამართლოს მიერ პროცედურული წესის, განსაკუთრებით კი გასაჩივრების უფლების გამოყენების ვადების განსაკუთრებით მკაცრმა ინტერპრეტაციამ შესაძლოა ხელყოს სასამართლოსადმი წვდომის უფლება.

14. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში „მირაგალ ესკოლანო და სხვები ესპანეთის წინააღმდეგ“ განმარტა, რომ მხარეებს უნდა შეეძლოთ გასაჩივრების უფლების გამოყენება იმ მომენტიდან, როცა მათ ძალუძთ ეფექტურად შეაფასონ ის ტვირთი, რომელსაც აკისრებთ სასამართლო გადაწყვეტილება. აღნიშნულ საქმეში ევროსასამართლომ მიიჩნია, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ პროცედურული წესის განსაკუთრებით მკაცრმა ინტერპრეტაციამ არასწორად ჩამოართვა მომჩივნებს თავიანთი საჩივრების განხილვისათვის სასამართლოსადმი წვდომის უფლება (იხ. Case of Miragall Escolano and Others v. Spain, 38366/97, ECHR; ასევე, დიდი პალატის განჩინება №ას-1161-1106-2014, 30 დეკემბერი, 2014 წელი).

15. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან ირკვევა, რომ წინამდებარე საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა 2024 წლის 15 ოქტომბერს. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი ცნობილი იყო მოსარჩელისათვის, რასაც ეს უკანასკნელიც არც ხდის სადავოდ. კერძო საჩივარზე თანდართული სასამართლოს ბეჭდითა და შტამპით დამოწმებული 2024 წლის 12 ნოემბრის განცხადების ასლით დგინდება (რომელიც ასეველ ელექტრონულად ატვირთულია საქმის მასალებში), რომ მოსარჩელის წარმომადგენელმა, მარიამ ნაკაშიძემ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 28-ე დღეს - 2024 წლის 12 ნოემბერს განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა იმავე სასამართლოს 2024 წლის 15 ოქტომბრიდ დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარება (იხ. ტ. 1, ს.ფ. 495), თუმცა მოსარჩელეს დასაბუთებული გადაწყვეტილება არ ჩაბარებია. როგორც საქმის მასალებით ირკვევა მოსარჩელის წარმომადგენელმა მხოლოდ 2024 წლის 30 დეკემბერს სასამართლოში განცხადების დაწერის შემდგომ შეძლო დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება (იხ. ტ. 1, ს.ფ. 459).

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ დაცულია სსსკ-ის 2591-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარების წესი, კერძოდ, მან (მისმა წარმომადგენელმა) საქალაქო სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით მიმართა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღის ვადაში, შესაბამისად, აღნიშნულის შემდგომ სასამართლოს წარმოეშვა ვალდებულება, უზრუნველეყო მოსარჩელისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემა, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. იმ პირობებში, როცა არ ირკვევა სასამართლოს მიერ მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაუბარებლობის მიზეზები, მიზანშეუწონელია მისი ჩაუბარებლობის მიზეზების მტკიცების ტვირთის მხარისათვის გადაკისრება და არამართებულია გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის მისი გამოცხადებიდან 30-ე დღეს ათვლა. არ დგინდება ფაქტი მასზე, რომ ამ პერიოდისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილება იყო მზად, რის გამოც გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაიწყოს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მომენტიდან (იხ.: სუსგ №ას-837-2023, 11 დეკემბერი, 2023 წელი; №ას-190-2024, 19 მარტი, 2024 წელი; №ას-1327-2024, 28 ნოემბერი, 2024 წელი).

17. საქმეში არსებული მასალებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 ოქტომბრის დასაბუთებული გადაწყვეტილება იმავე წლის 30 დეკემბერს ჩაბარდა, ხოლო მან სააპელაციო საჩივარი წარადგინა 2025 წლის 13 იანვარს კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის დაცვით, რისი გათვალისწინებითაც, პალატა იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას და მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს სსსკ-ის 369-ე მუხლით გათვალისწინებული ვადა არ გაუშვია და სააპელაციო საჩივარი ვადადარღვევით არ წარუდგენია, შესაბამისად, არ არსებობდა მისი განუხილველად დატოვების წინაპირობა.

18. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.

19. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე.კ–ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 აპრილის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე

გიზო უბილავა