საქმე №ა-1558-გან-1-2025 30 ივნისი, 2025 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვლადიმერ კაკაბაძე, გიზო უბილავა
საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 იანვრის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორებისა და არსებული ბუნდოვანი დებულების განმარტების საკითხები
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 იანვრის განჩინებით მ.ხ–ძის შუამდგომლობა კერძო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ არ დაკმაყოფილდა, მ.ხ–ძეს უარი ეთქვა კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 სექტემბრის განჩინება დარჩა უცვლელად.
2. მ.ხ–ძის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა ზემოაღნიშნული განჩინების შესავალ, აღწერილობით და სამოტივაციო ნაწილებში დაშვებული უსწორობის გასწორება, ასევე, სამოტივაციო ნაწილის ერთ-ერთი პუნქტის განმარტება.
3. განმცხადებლის მოსაზრებით, საკასაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა მოწინააღმდეგე მხარე - სს „ე. ჰ–ი“ - მ. ი–ის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო, სს „ვ–ი“ - მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო, რომელთაც დამოუკიდებელი საიდენტიფიკაციო კოდები არ გააჩნიათ. დასახელებული უსწორობა უნდა გასწორდეს იმგვარად, რომ მოწინააღმდეგე მხარედ მიეთითოს სს „ს. კ–ი“ და სს „ვ–ი“.
4. განჩინების აღწერილობით ნაწილში საკასაციო სასამართლომ შეცდომით მიუთითა, რომ მოსარჩელე ითხოვდა სს „ე.ჰ–ი“ - მ.ი–ის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში კლინიკური ონკოლოგის პოზიციაზე მის აღდგენასა და მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას ყოველთვიურად 3125 ლარის (გადასახადების ჩათვლით) ოდენობით 2020 წლის 14 მარტიდან, გადაწყვეტილების აღსრულებამდე. აღნიშნულით საკასაციო სასამართლომ დაარღვია დისპოზიციურობის პრინციპი, რადგან მოსარჩელეს არ დაუზუსტებია, რომ იგი აღდგენილი უნდა ყოფილიყო კონკრეტულად მ. ი–ის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში. ამდენად, სასამართლოს უნდა მიეთითებინა სს „ე. ჰ–ბი“.
5. საკასაციო სასამართლოს განჩინების 4.1 და 4.2 პუნქტებში შეცდომით მიეთითა, რომ მოწინააღმდეგე მხარის - სს „ე.ჰ–ბი“ - მ. ი–ის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს წარმომადგენელმა მოითხოვა განსახილველ საქმეში სს „ე.ჰ–ბი“ - მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს უფლებამონაცვლედ სს „ვ–ის“ ცნობა. შემდეგ პუნქტშიც მითითებულია სს „ე.ჰ–ბი“ - მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს წარმომადგენლის შესახებ.
6. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადებულა სს „ე.ჰ–ბის“, ანუ რეორგანიზაციის შემდეგ სახელშეცვლილი სს „ს.კ–ის“ წარმომადგენელი და არც ამ ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდის ფარგლებში წარდგენილა მინდობილობა. პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ სს „ე.ჰ–ბის“ სახელით გაცემულ მინდობილობას კი ვადა ამოეწურა. გაუგებარია, საკასაციო პალატის მსჯელობა მტკიცებით ფორმაში, რომ შუამდგომლობა წარდგენილ იქნა სს „ე.ჰ–ბი“ - მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს წარმომადგენლის მიერ. განმცხადებლის განმარტებით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას იმიტომაც ითხოვდა, რომ რეორგანიზაციამდე არსებულ საწარმოს კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა შესაგებელი და სასამართლო უწყება, თუმცა საქმის განხილვაზე არ გამოცხადებულა.
7. განმცხადებელმა მიიჩნია, რომ საკასაციო სასამართლოს უსწორობას წარმოადგენს განჩინების 16. პუნქტში ასახული მითითება, რომ „..აღნიშნულს პალატა ვერ გაიზიარებს, რამეთუ, წინააღმდეგობაში მოდის მოსარჩელისვე სასარჩელო მოთხოვნასთან, რადგან განსახილველი დავის ფარგლებში სასარჩელო მოთხოვნა მიმართული იყო სწორედ სს „ე.ჰ–ბი“ - მ.ი–ის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში კლინიკური ონკოლოგის პოზიციაზე მოსარჩელის აღდგენისაკენ და არა სს „ე.ჰ–ბში“ შემავალ სხვა დაწესებულებაში სამუშაოზე აღდგენისაკენ“. მხარემ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) მე-3 მუხლის შესაბამისად, განსაზღვრა მოპასუხე - სს „ე.ჰ–ბი“ და სასარჩელო მოთხოვნა, სადაც მიუთითა მოპასუხისათვის კონკრეტული ღონისძიებების განხორციელების დავალდებულებაზე და არსად არ დაფიქსირებულა, რომ მოსარჩელე უნდა აღდგენილიყო სამუშაოზე მაინცდამაინც მ. ი–ის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოში. ამდენად, ზემოხსენებული უსწორობა უნდა გასწორდეს და, ასევე, განიმარტოს, თუ რა მტკიცებულებაზე დაყრდნობით დაასკვნა საკასაციო სასამართლომ, რომ მოსარჩელე სს „ე.ჰ–ბი“ - მ.ი–ის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში კლინიკური ონკოლოგის პოზიციაზე აღდგენას ითხოვდა. მოსარჩელე დასაქმებული იყო იმუნოფენოტიპირების ექიმის პოზიციაზე და ითხოვდა პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენას ან ტოლფასი სამუშაოთი უზრუნველყოფას, ხოლო ასეთის შეუძლებლობისას, კომპენსაციის - 75 000 ლარის ანაზღაურებას.
8. განმცხადებლის განმარტებით, საკასაციო სასამართლომ განჩინების 17. პუნქტში შეცდომით მიუთითა თბილისის სააპელაციო სასამართლოს „ადმინისტრაციულ საქმეთა“ პალატის 2024 წლის 16 სექტემბრის განჩინებაზე, რაც უნდა გასწორდეს „სამოქალაქო საქმეთა“ პალატით.
9. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადება და მიაჩნია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 იანვრის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების წინაპირობა არ არსებობს.
10. სსსკ 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.
11. საკასაციო სასამართლოს მოცემული განცხადების სასამართლო სხდომაზე განხილვა მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
12. დასახელებული ნორმის მიზანია, სასამართლოს მიერ მიღებულ საპროცესო დოკუმენტებში დაშვებული ისეთი შეცდომების აღმოფხვრა, რომელიც არსებითად არ ცვლის გადაწყვეტილებას. მითითებული კანონის დანაწესით გათვალისწინებული შეცდომის გასწორების შესაძლებლობა ემსახურება სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სწორად აღსრულებას. ასეთ შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია, თავისი განჩინებით გაასწოროს მის მიერ დაშვებული შეცდომა, რის შესახებაც საკითხს, თავისი შეხედულებისამებრ, განიხილავს სასამართლო სხდომაზე ან ზეპირი მოსმენის გარეშე (საქმე №ას-316-316-2018, 7 მაისი, 2018 წელი).
13. მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელი ითხოვს საკასაციო სასამართლოს განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორებას, რომლითაც მოსარჩელის კერძო საჩივარს ეთქვა უარი, ხოლო სააპელაციო პალატის განჩინება მოპასუხე მხარის უფლებამონაცვლის დადგენის შესახებ დარჩა უცვლელად. განმცხადებლის პრეტენზიები შეეხება განჩინების შესავალ, აღწერილობით და სამოტივაციო ნაწილებს. სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწოროების შესახებ კი, მხარის მოთხოვნა წარმოდგენილი არ არის.
14. განმცხადებლის მოსაზრებით, საკასაციო სასამართლომ შეცდომით მიუთითა მოპასუხე მხარე.
15. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 იანვრის განჩინებაში იმგვარი შეცდომის არსებობა, რაც შესაძლებელია სსსკ-ის 260-ე მუხლით დადგენილი წესით გასწორდეს, განმცხადებელმა ვერ დაასაბუთა.
16. რაც შეეხება მხარის არგუმენტებს, წინამდებარე დავაში მოპასუხის უფლებამონაცვლეებად ჩაბმულ პირებთან და აღნიშნული უფლებამონაცვლეობის დადგენისას კანონდარღვევების არსებობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლოს მოცემული განცხადების განხილვის ფარგლებში დასახელებული პრეტენზიების არსებითად შეფასების უფლებამოსილება არ გააჩნია. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 იანვრის განჩინება საბოლოოა და მისი გადასინჯვა უსწორობის გასწორებისათვის კანონით განსაზღვრული საპროცესო მექანიზმის გამოყენებით დაუშვებელია.
17. ანალოგიურად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს განმცხადებლის მოთხოვნას საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 იანვრის განჩინების სამოტივაციო ნაწილის ბუნდოვანი დებულების განმარტების თაობაზე.
18. სსსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს.
19. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია, მხარეებსა და აღმასრულებელს, მათი მოთხოვნისამებრ, განუმარტოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანი დებულებები, რაც მიმართული უნდა იყოს გადაწყვეტილების აღსრულების გამარტივებისაკენ, უნდა ემსახურებოდეს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მიერ გათვალისწინებული დავის სამართლებრივი შედეგის ზუსტად და ზედმიწევნით შესრულებას, თუმცა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება არ უნდა ცვლიდეს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსს. გადაწყვეტილების განმარტების საჭიროება არსებობს, როცა მისი სარეზოლუციო ნაწილის ესა თუ ის დებულება ორაზროვანი, გაუგებარია და არსებული სახით გადაწყვეტილების სწორად აღსრულებას დაბრკოლება ექმნება (სუსგ №ას-267-255-2017, 31 მარტი, 2017 წელი). გადაწყვეტილება უკვე ჩამოყალიბებული სარეზოლუციო ნაწილის ფარგლებში უნდა განიმარტოს, იმ შედეგის შეუცვლელად, რაც ამ გადაწყვეტილებით მიიღება. საკითხი იმაზე, ბუნდოვანია თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, უნდა გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მისი დებულებების ფორმულირების გათვალისწინებით.
20. განსახილველ საქმეზე განმცხადებელი ითხოვს განჩინების სამოტივაციო ნაწილში ასახული მსჯელობის განმარტებას, რომელსაც არ ეთანხმება, რაც ზემოთ დასახელებული ნორმით გათვალისწინებულ საპროცესო-სამართლებრივ შესაძლებლობას სცდება და საკასაციო სასამართლოს განჩინების არსებითად გასაჩივრების მცდელობას წარმოადგენს.
21. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით განმარტავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებასა თუ განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორება, ისევე, როგორც ბუნდოვანი დებულების განმარტება სასამართლოს მიერ მიღებული ამ საპროცესო დოკუმენტის გასაჩივრების კიდევ ერთი მექანიზმი არ არის. კანონით განსაზღვრული წინაპირობების არარსებობისას მხარის განცხადება უსწორობის გასწორებისა თუ ბუნდოვანი დებულებების განმარტების შესახებ ვერ დაკმაყოფილდება.
22. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებელმა სარწმუნოდ ვერ დაამტკიცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 იანვრის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორებისა და ბუნდოვანი დებულების განმარტების საფუძვლის არსებობა, რაც აღნიშნულ საქმეზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების/განჩინების აღსრულებისათვის ხელშემშლელი იქნებოდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 იანვრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი არ შეიცავს უსწორობას, რის გამოც აღსრულების მიზნებისათვის არ არსებობს მისი გასწორების წინაპირობა. შესაბამისად, განცხადებას უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 260-ე, 262-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ.ხ–ძის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 იანვრის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორებისა და არსებული ბუნდოვანი დებულების განმარტების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე
გიზო უბილავა