საქმე №ას-745-2025 7 ივლისი, 2025 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - გ.ლ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - მ.გ–ია (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მარტის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით მ.გ–იას სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე გ.ლ–ძის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ........., ს/კ №.......... და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრე მ.გ–იას.
აღნიშნული გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა გ.ლ–ძემ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 5 ივნისის განჩინებით, წარმოდგენილ საკსაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 10 (ათი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნისა და უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი, დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა.
ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება კასატორს გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე და 2025 წლის 17 ივნისს ჩაბარდა პირადად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი მასალების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 5 ივნისის განჩინებით, წარმოდგენილ საკსაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 10 (ათი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნისა და უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი, დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა.
ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება კასატორს გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე და 2025 წლის 17 ივნისს ჩაბარდა პირადად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული ათდღიანი ვადის დენა, დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2025 წლის 18 ივნისს და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ამოიწურა 2025 წლის 27 ივნისს - პარასკევს.
დადგენილ ვადაში, მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 284-ე, 396-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ.ლ–ძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მარტის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე : მირანდა ერემაძე