Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

ბს-1091-1043(კ-07) 30 იანვარი, 2008 წელი

ქ. თბილისი

მიღების ადგილი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე, მომხსენებელი _ ნათია წკეპლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა სს “....” წარმომადგენლის მ. კ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლოში 2007 წლის 11 დეკემბერს შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე ¹ბს-1091-1043(კ-07) სს “....” მ. კ-ის საკასაციო საჩივრით განსახილველად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 21 დეკემბრის განჩინებით სს “....” მ. კ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე შემდეგი საფუძვლით: საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397.1 მუხლის მოთხოვნას, რადგან საქმის მასალების მიხედვით, სს “....” და მის წარმომადგენელს მ. კ-ეს სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 18 სექტემბრის გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნათ 2007 წლის 10 ოქტომბერს, საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათის თანახმად, მ. კ-ეს გადაწყვეტილების ასლი ჩაჰბარდა 2007 წლის 22 ოქტომბერს, შესაბამისად, საკასაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადა იწურებოდა 2007 წლის 22 ნოემბერს, საკასაციო საჩივარი კი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ იქნა 2007 წლის 26 ნოემბერს, სსსკ-ის 397.1 მუხლით დადგენილი ერთთვიანი ვადის დარღვევით. შესაბამისად, ცდომილების თავიდან აცილების მიზნით, კასატორს დაევალა წერილობითი დადასტურების წარმოდგენა იმის თაობაზე, თუ როდის ჩაჰბარდა კასატორს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი და როდის იქნა წარდგენილი საკასაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოში. გარდა აღნიშნულისა, საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სსსკ-ის 396.1 “ე” ქვეპუნქტის მოთხოვნას, კერძოდ, საკასაციო საჩივარში არ იყო მითითებული თუ რაში მდგომარეობდა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების საკასაციო წესით გასაჩივრების სამართლებრივი საფუძველი. ასევე საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სსსკ 396.3 მუხლის მოთხოვნას, რადგან საკასაციო საჩივარზე სსსკ-ის 38-ე მუხლის “ზ” პუნქტისა და 39.1 მუხლის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი ასევე არ აკმაყოფილებდა სსსკ-ის 396.2 და 440-ე მუხლების მოთხოვნებს, რადგან საკასაციო საჩივარს ხელს აწერდა სს “....” წარმომადგენელი მ. კ-ე, მაგრამ საკასაციო საჩივარს თან არ ერთვოდა ადვოკატთა ტესტირების გავლისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების დამადასტურებელი დოკუმენტი და ასეთი არც საქმეში არ იყო წარმოდგენილი.

შესაბამისად, კასატორს მიეცა ვადა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღე მითითებული ხარვეზის შესავსებად (იხ. ს.ფ. 97-100), მაგრამ ხარვეზი არ იქნა შევსებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ სს “...” წარმომადგენლის მ. კ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

კასატორს საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 21 დეკემბრის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით, განესაზღვრა გონივრული ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1. მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.

კონკრეტულ შემთხვევაში, ხარვეზის მითითების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 21 დეკემბრის განჩინება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2 და სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, კასატორს სს “....” და მის წარმომადგენელს მ. კ-ეს გაეგზავნათ 2007 წლის 26 დეკემბერს. საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების თანახმად, სს “...” საკასაციო სასამართლოს გზავნილი არ ჩაჰბარდა იმის გამო, რომ მითითებულ მისამართზე ფეროს სახელით წერილებს აღარ იბარებდნენ და აღნიშნულ მისამართზე ფუნქციონირებდა საწარმო სახელწოდებით “...”, თუმცა საკასაციო სასამართლოსათვის აღნიშნულის შესახებ კასატორს არ უცნობებია. სს “....” წარმომადგენელს მ. კ-ეს ხარვეზის მითითების შესახებ განჩინების ასლი ჩაჰბარდა 2007 წლის 31 დეკემბერს (იხ. ს.ფ. 103; 105), მაგრამ წინამდებარე განჩინების გამოტანის დროისათვის კასატორმა ხარვეზი არ შეავსო.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. ერთ-ერთი ძირითადი უფლება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა, შეიცავს საპროცესო ვალდებულებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საჩივრის წარდგენისა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სს “....” წარმომადგენლის მ. კ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, სსსკ-ის 396.3. მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რამდენადაც სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინაპირობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელ რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 390-ე, 401-ე, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

სს “...” წარმომადგენლის მ. კ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.