Facebook Twitter

საქმე №ა-1564-ბ-2-2025

2 ივლისი, 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი - მ.დ–ია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - თ.დ–ია (მოსარჩელე)

განმცხადებლის მოთხოვნა - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 სექტემბრის განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი - განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. რუსეთის ფედერაციის, ქ. მოსკოვის ვერნადსკის პროსპექტის #181 რაიონის სასამართლო განყოფილების მომრიგებელი მოსამართლის 2012 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, თ.დ–იას სარჩელი დაკმაყოფილდა; გაუქმდა 2010 წლის 3 ივნისს ქ. მოსკოვის მმაჩის სამმართველოს მმაჩის გაგარინის განყოფილების მიერ #609 სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება თ.ა. ძე დ–იასა (დაბადებული 1987 წლის 12 დეკემბერს, ქ.მოსკოვში) და მ.გ. ასულ დ–იას (ქორწინებამდე ც–ას, დაბადებული 1986 წლის 5 მაისს, აფხაზეთში, სოხუმის რაიონის ქ.აჩადარაში) შორის.

2. თ.დ–იამ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 მაისის განჩინებით შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული განსახილველად.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 სექტემბრის განჩინებით თ.დ–იას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნა რუსეთის ფედერაციის, ქ.მოსკოვის ვერნადსკის პროსპექტის #181 რაიონის სასამართლო განყოფილების მომრიგებელი მოსამართლის 2012 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა 2010 წლის 3 ივნისს, ქ. მოსკოვის მმაჩის სამმართველოს მმაჩის გაგარინის განყოფილების მიერ #609 სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება თ.ა. ძე დ–იასა (დაბადებული 1987 წლის 12 დეკემბერს, ქ. მოსკოვში) და მ.გ. ასულ დ–იას (ქორწინებამდე ც–ას, დაბადებული 1986 წლის 5 მაისს, აფხაზეთში, სოხუმის რაიონის ქ.აჩადარაში) შორის.

5. 2025 წლის 7 აპრილს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა მ.დ–იას წარმომადგენელმა მ.ი–მა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 სექტემბრის განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ, 421, 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი).

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 აპრილის განჩინებით, განმცხადებელს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სსსკ-ის 427-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წესით შედგენილი დაზუსტებული განცხადება, იმ გარემოებებზე მითითებით, რომლებიც მოწმობენ, რომ დაცულია განცხადების შეტანის ვადა, და ამ გარემოებების დამადასტურებელ მტკიცებულებებზე.

7. ზემოაღნიშნული განჩინება გაეგზავნა განმცხადებლის წარმომადგენელს და ჩაბარდა 2025 წლის 30 აპრილს.

8. 2025 წლის 5 მაისს განმცხადებლის წარმომადგენელმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა დაზუსტებული განცხადება, რომელსაც თან დაურთო მტკიცებულება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 სექტემბრის განჩინების) ჩაბარების თაობაზე.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 15 მაისის განჩინებით განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად. მოწინააღმდეგე მხარეს გაეგზავნა განცხადება თანდართული მასალებით.

10. 2025 წლის 10 ივნისს მოწინააღმდეგე მხარემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა მოსაზრება, სადაც მიუთითა, რომ მხარეთა შორის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობდა დავა ქონებასთან დაკავშირებით. ასევე, განმცხადებლისათვის საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 სექტემბრის განჩინების თაობაზე ცნობილი იყო, რის დასადასტურებლადაც განცხადებას ერთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 დეკემბრისა და 2024 წლის 11 სექტემბრის განჩინებები N2/2968-16 საქმეზე. 2024 წლის 11 სექტემბრის განჩინებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადავო განჩინებაზე მ.დ–იამ წარადგინა პოზიცია და მიუთითა, რომ მოცემული გარემოება ვერ შეცვლიდა N2/2968-16 საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 1 მარტის გადაწყვეტილებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

11. საკასაციო პალატა განცხადების საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი განცხადება უნდა დარჩეს განუხილველად.

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში - „სსსკ“) 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წინაპირობები.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის წარმოების განახლების ინსტიტუტი (სსსკ-ის LII თავი) არ წარმოადგენს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გასაჩივრების კიდევ ერთ შესაძლებლობას, არამედ დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას (იხ. სუსგ საქმე №ას-1455-2019, 15 ნოემბერი, 2019 წელი; სუსგ საქმე №ა-4160-ა-14-2021, 30 სექტემბერი, 2021 წელი).

14. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება უნდა განიმარტოს კონვენციის პრეამბულის კონტექსტით, რომლის თანახმადაც, კანონის უზენაესობა უნდა წარმოადგენდეს მაღალ ხელშემკვრელ მხარეთა საერთო მემკვიდრეობას. კანონის უზენაესობის ერთ-ერთი ფუნდამენტური ასპექტი არის სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპი, რომლის თანახმად, სასამართლო თუ გადაწყვეტს საკითხს, მისი განჩინება არ უნდა დადგეს ეჭვქვეშ (იხ. Brumărescu v. Romania [GC], no. 28342/95, § 61, ECHR 1999-VII). ეს პრინციპი ნიშნავს, რომ არცერთ მხარეს არ უნდა ჰქონდეს საბოლოო და ძალაში შესული გადაწყვეტილების გადახედვის მოთხოვნის უფლება მხოლოდ იმიტომ, რომ მიაღწიოს საქმის ხელახლა მოსმენასა და ახალ გადაწყვეტილებას. უმაღლესი ინსტანციის სასამართლოების მიერ საქმის გადახედვა არ უნდა იქცეს შენიღბულ აპელაციად და საკითხზე ორი შეხედულების არსებობა არ წარმოადგენს საქმის გადასინჯვის საფუძველს. ამ პრინციპიდან გადახვევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის აუცილებლობა გამოწვეულია არსებითი და გარდაუვალი ხასიათის გარემოებების წარმოშობით (იხ. Ryabykh v. Russia, no. 52854/99, § 52, ECHR 2003-IX) (სუსგ № ას-342-2019, 25 აპრილი, 2019წ; №ა-3666-ბ-9-2021, 15 სექტემბერი, 2021წ).

15. სსსკ-ის 425-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც LII თავშია დადგენილი. ამავე კოდექსის 429-ე მუხლის მიხედვით, სასამართლომ თავისი ინიციტივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.

16. სსსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოსამართლე სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ გამოიტანს დასაბუთებულ განჩინებას. ამ განჩინებაში უნდა მიეთითოს სარჩელის მიღებაზე უარის თქმის ყველა საფუძველი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). მთავარი სხდომის დანიშვნამდე სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში მოსარჩელეს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი, ხოლო საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს არ დაუბრუნდება.

17. სსსკ-ის 426-ე მუხლის შესაბამისად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა. თუ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადება ამ კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტს ემყარება, განცხადების შეტანის ვადა იწყება იმ დღიდან, როცა გადაწყვეტილება ეცნობა მხარეს, თუ იგი ქმედუუნაროა – მის კანონიერ წარმომადგენელს, ხოლო თუ იგი არის მხარდაჭერის მიმღები, რომელსაც დაუწესდა მხარდაჭერა საპროცესო წარმომადგენლობის განსახორციელებლად, – მას ან მის მხარდამჭერს. აღნიშნული ვადის ათვლა იწყება უფრო გვიან ჩაბარებული გადაწყვეტილების ჩაბარების დღიდან.

18. საქართველოს უზენაესი სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 11 სექტემბრის განჩინებით ირკვევა, რომ მ.დ–ია ინფორმირებული იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 სექტემბრის განჩინების თაობაზე და გამოთქმული აქვს პოზიციაც. შესაბამისად, განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 სექტემბრის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნის თაობაზე წარმოდგენილია სსსკ-ის 426-ე მუხლით გათვალისწინებული ერთთვიანი ვადის დარღვევით, რამდენადაც მხარემ სადავო განჩინების ბათილობასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლოში განცხადება 2025 წლის 4 აპრილს წარმოადგინა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი განცხადება სსსკ-ის 429-ე მუხლის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე-430-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. მ.დ–იას განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 სექტემბრის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გიზო უბილავა

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე