საქმე №ა-3010-შ-79-2025
3 ივლისი, 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – სს „გ–ში“
მოწინააღმდეგე მხარე – შპს D&S G. (დ და ს ჯ.)
განჩინება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – ბელარუსის რესპუბლიკის გომელის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2024 წლის 9 აგვისტოს განჩინება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ბელარუსის რესპუბლიკის გომელის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2024 წლის 9 აგვისტოს განჩინებით დამტკიცდა შეთანხმება მორიგების თაობაზე სს „გ–შსა“ და შპს „D&S G.“-ს შორის, რომლის თანახმად:
- მოპასუხე აღიარებს მოსარჩელის მოთხოვნას 79 155,68 აშშ დოლარის ძირითადი ვალის დაკისრების ნაწილში და ვალდებულებას იღებს გადაიხადოს შემდეგ ვადებში:
39 577,84 აშშ დოლარი 31.12.2024 წლამდე;
39 577,84 აშშ დოლარი 31.05.2025 წლამდე;
- მოსარჩელე უარს ამბობს დარჩენილი ვალის ამოღებაზე;
- საქმის წარმოება 80 007,08 აშშ დოლარის ძირითადი ვალის დაკისრების ნაწილში შეწყდეს;
- შეთანხმება მორიგების თაობაზე ძალაში შევა ეკონომიკური სასამართლოს მიერ მისი დამტკიცების მომენტიდან და შესრულდება მხარეების მიერ ნებაყოფლობით შეთანხმებაში მითითებული ვადებისა და წესების მიხედვით;
- ხელმეორედ მიმართვა ეკონომიკური სასამართლოსათვის იმავე დავაზე, იმავე მხარეებს შორის, იმავე საფუძვლითა და იმავე საკითხზე დაუშვებელია.
2. 2025 წლის 24 ივნისს სს „გ–შმა“ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ბელარუსის რესპუბლიკის გომელის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2024 წლის 9 აგვისტოს განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულება 39 577,84 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში.
3. შუამდგომლობაზე დართული ბელარუსის რესპუბლიკის გომელის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2025 წლის 6 თებერვლის სასამართლოს ცნობით ამავე სასამართლოს 2024 წლის 9 აგვისტოს განჩინება N153EIP23813 საქმეზე არ გასაჩივრებულა და კანონიერ ძალაშია 2024 წლის 31 აგვისტოდან. ამავე სასამართლოს ცნობით მოპასუხე არ მონაწილეობდა პროცესში, თუმცა დროულად და სათანადოდ ეცნობა სასამართლო პროცესის დროისა და ადგილის შესახებ.
4. ბელარუსის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს მთავარი სამმართველოს გომელის ოლქის აღსრულების კომიტეტის იძულებითი აღსრულების სამმართველოს 2025 წლის 5 მარტის ცნობის თანახმად, ბელარუსის რესპუბლიკის გომელის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს N153EIP23813 2025 წლის 12 თებერვლის სასამართლო ბრძანების საფუძველზე, რომელიც თავისთავად გაიცა ბელარუსის რესპუბლიკის გომელის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2024 წლის 9 აგვისტოს განჩინების შესაბამისად N153EIP23813 საქმეზე შპს “D&S G.”-ისთვის „გ–შის“ სასარგებლოდ ძირითადი ვალის 39 577,84 აშშ დოლარის თაობაზე, სააღსრულებო წარმოება არ დაწყებულა.
5. შუამდგომლობაზე დართული მხარეთა შორის გაფორმებული 2022 წლის 16 მარტის ხელშეკრულების 5.2 პუნქტის შესაბამისად, მხარეები შეთანხმებულები იყვნენ დავის წარმოშობის შემთხვევაში ბელარუსის რესპუბლიკის გომელის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს განსჯადობაზე.
6. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მოწინააღმდეგე მხარე წარმოადგენს საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
7. საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული შუამდგომლობა არ აკმაყოფილებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონისა და სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ 1993 წლის მინსკის კონვენციის (შემდეგში მოხსენიებული, როგორც „მინსკის კონვენცია“) მოთხოვნებს, რის გამოც უნდა დარჩეს განუხილველად.
8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ წესებს აქვთ უპირატესი იურიდიული ძალა ამ კანონით განსაზღვრულ წესებთან შედარებით.
9. მინსკის კონვენციის 53-ე მუხლის შესაბამისად, შუამდგომლობა გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვის თაობაზე წარედგინება ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ სასამართლოს, სადაც გადაწყვეტილება აღსრულებას ექვემდებარება. იგი ასევე შეიძლება წარედგინოს სასამართლოში, სადაც გამოტანილ იქნა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. ეს სასამართლო შუამდგომლობას გადასცემს სასამართლოს, რომელიც კომპეტენტურია გამოიტანოს გადაწყვეტილება ამ შუამდგომლობაზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შუამდგომლობას თან ერთვის: а) გადაწყვეტილება ან მისი დამოწმებული ასლი, ასევე ოფიციალური დოკუმენტი იმის შესახებ, რომ გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და ექვემდებარება აღსრულებას ან იმის შესახებ, რომ იგი ექვემდებარება აღსრულებას კანონიერ ძალაში შესვლამდე, თუ ეს არ გამომდინარეობს თავად გადაწყვეტილებიდან; б) დოკუმენტი, საიდანაც გამომდინარეობს, რომ მხარე, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილ იქნა გადაწყვეტილება, და რომელიც არ მონაწილეობდა პროცესში, სათანადო წესრიგში იმყოფებოდა და დროულად იქნა გამოძახებული სასამართლოში, ხოლო მისი პროცესუალური არაქმედუნარიანობის შემთხვევაში სათანადოდ იქნა წარმოდგენილი; в) დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს გადაწყვეტილების ნაწილობრივ აღსრულებას მისი გადაგზავნის მომენტისთვის; г) დოკუმენტი, რომელიც ამტკიცებს მხარეთა შეთანხმებას სახელშეკრულებო განსჯადობის საქმეებზე.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლო დამატებით მიუთითებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარებისათვის ცალკეულ საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელს უნდა დაერთოს წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ სარჩელი სასამართლოში შეაქვს წარმომადგენელს.
12. მოცემულ შემთხვევაში, შუამდგომლობას, რომელიც შედგენილია 2025 წლის 20 მაისს ხელს აწერს ა.ა ნ–ვი, რომელიც მოხსენიებულია, როგორც კომპანიის (შუამდგომლობის ავტორი) გენერალური დირექტორი.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ შუამდგომლობას არ ერთვის დოკუმენტი, რომელიც შუამდგომლობის წარმოდგენის დროისათვის 2025 წლის 24 ივნისისათვის ა.ა ნ–ვის, როგორც მოსარჩელე კომპანიის გენერალური დირექტორის უფლებამოსილების დაადასტურებდა.
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.
15. სსსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს/შუამდგომლობის ავტორს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები.
16. საქართველოს უზენაესი სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ იმ გარემოებათა აღმოფხვრის შემთხვევაში, რომლებიც საფუძვლად დაედო შუამდგომლობის განუხილველად დატოვებას, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს კვლავ მიმართოს სასამართლოს იმავე შუამდგომლობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ კონვენციის 53-ე მუხლით, ასევე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 186-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სს „გ–შის“ შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის გომელის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2024 წლის 9 აგვისტოს განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების შესახებ დარჩეს განუხილველად;
საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.მოსამართლე გიზო უბილავა